მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ფრანკ შირმახერი: ეგო – სიცოცხლის თამაში
ბიბლიოფილებისათვის და არა მარტო მათთვის

ახლახანს, გერმანულმა გამომცემლობა «ბლესინგმა» ფრანკ შირმახერის კიდევ ერთი წიგნი - «ეგო – სიცოცხლის თამაში» («Ego - Das Spiel des Lebens», Blessing, 2013) გამოსცა, რომელიც გერმანიის პრესაში და ტელევიზიაში აქტიურად განიხილება. 1959 წელს დაბადებული ფრანკ შირმახერი პროფესიით ჟურნალისტია. იგი 1994 წლიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი გაზეთის - «ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის» ერთ-ერთი გამომცემელია. 2004 წელს, წიგნისათვის - «მათუსალას შეთქმულება» გერმანიაში მიღებული აქვს 2004 წლის საუკეთესო ჟურნალისტის» პრიზი, 2007 წელს კი «იაკობ-გრიმის გერმანული ენის» და «ლუდვიგ-ბორნეს» პრიზები. იგი ავტორია გამომცემლობა «ბლესინგის» მიერ 2009 წელს გამოცემული წიგნისა «Payback» (2009).


* * *
ჩვენ წარმოუდგენლად მარტივნი გავხდით. სამწუხაროდ, ამას თავად ვერ ვამჩნევთ. რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? კითხვები იმდენად კომპლექსურია, რომ მათზე პასუხის გაცემა თითქმის არავის ძალუძს. გაცნობიერებული არ გვაქვს, რომ მათზე პასუხს ჩვენს მაგივრად დიდი ხანია სხვები სცემენ.

მცირე ხნით დაივიწყეთ რა იცით საკუთარი არსებობის გამოცანის შესახებ ფსიქოლოგიიდან, ნევროლოგიიდან ან ასევე მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან. ისე, რომ არ შეგვიმჩნევია, თანამედროვე ადამიანის სულის ბიუჯეტს ეკონომისტები განაგებენ.

ზედმეტად რთული სამყაროს გასამარტივებლად და ვაჭრობის დასაჩქარებლად, ჩვენი ცხოვრების კულისებს მიღმა გაჩნდა მოდელი, რომელიც ჩვენს ყოფას მტკიცედ სცვლის. ეს მოდელი გვასწავლის, რომ შესაძლებელია ყოფის გაცილებით გაადვილება და მომგებიანად გადაქცევა, თუკი ყოველ ადამიანს დავაბრალებთ, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ უპირატესობაზე ფიქრობს. ჩემი წიგნი მოგვითხრობს იმაზე, როგორ გადაიქცა თავდაპირველად უვნებელი მოდელი მახედ.

ყოველი ხაფანგის დამგები თავის მიერ დაგებულ მახეს ნიღბავს. ტყეში ეს ფოთლებით და მიწით დაფარული ხაფანგის რკინები შეიძლება იყოს, არტეფაქტები, რომელიც ისე მოქმედებენ, თითქოს ისინი ბუნების ნაწილნი არიან. ადამიანების შემთხვევაში, მახეს ბუნების კანონებად ნიღბავენ. ისევე როგორც მტკიცებულებას: «ადამიანი ეგოისტია» - და ეს გენებიდან დაწყებული, მორალით დამთავრებული. ბუნების ახალ კანონად მოვლენილი ეს თეზისი, რომლის შეგრძნებასაც ვიწყებთ, თანამედროვე გამოსათვლელი მანქანებით აღჭურვილ ეკონომიკურ თეორიას აქვს.


დღევანდელ სამყაროში ბევრს სჯერა, რომ მათი თავისუფლებანი და არჩევანის შესაძლებლობანი როგორც არასდროს, დაუთვლელია. და რომ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თეორიების უარყოფა ან აღიარება. სინამდვილეში კი, თქვენ ისინი არა მხოლოდ ქვეცნობიერად აღიარეთ, არამედ დიდი ხანია მათით ცხოვრობთ და ირჯებით. ჩვენ მოწმენი ვართ ინფორმატიული კაპიტალიზმის ახალი ეპოქისა, რომელიც იმით დაიწყო, რომ მან სამყარო გონებრივად გარდაჰქმნა. ის დიდ რამეებს ჰქმნის და გეგმავს. მას ფიქრის წაკითხვა, კონტროლი და გაყიდვა, რისკის წინასწარმეტყველება, შეფასება და აღმოფხვრა სურს. მისი ტვინი გაუჩერებლად იმითაა დაკავებული, რომ შეიტყოს რას აკეთებენ, ამბობენ, ყიდულობენ და შემდეგ ნაბიჯად რას გეგმავენ ადამიანები. სადაც კი მას ხვდებით, აწყდებით სისტემას, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი უკეთესად იცის. ის ადამიანებს ართმევს უფლებას, გარემოს წარუდგნენ სხვაგვარად, ვიდრე სინამდვილეში არიან. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ის ამტკიცებს, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარი გამორჩენის გამო ირჯებიან.

ფოტოზე: გერმანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და გამომცემელი ფრანკ შირმახერი (1959-2014)

ქმედებას, რომლისთვისაც «მიზეზი არ არსებობს», ინფორმაციის კაპიტალიზმი არ სცნობს. მის თვალში, ცალკეულის ეგოისტურ ინტერესებში შემავალი რაციონალური მიზეზები, ასევე მეგობრობას, ლოიალობას და სიყვარულსაც აქვს. ამიტომაა ყველგან სტიმულის, მოტივაციის ინფლაცია გამეფებული, რომელიც უოლ სტიტის (ნიუ იორკის აქციების ბირჟა) ბონუსებიდან დაწყებული ვირტუალურ ორდენამდე და სიმბოლოებამდე, და ყველაზე პირადულისთვისაც კი - «მომწონს»-ის ხმის მიცემამდე, ყველაფერს სწვდება.

არსებობს ღია თამაშები, როგორც ჭადრაკი და ფარული თამაშები, როგორც ჯოკერი, რომლის თამაშისას სხვის კარტებში ჩახედვა არავის შეუძლია. ინფორმაციის ეკონომიკა ჯოკერის თამაშის ჰაერით სუნთქავს. მისი სამყარო არის სამყარო, რომელშიც სინამდვილეში არავინ ამბობს და აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, მაგრამ ყველაფერი გამჭირვალე გახდება, თუ მათ ეგოისტურ ზრახვებში დაადანაშაულებენ. ამიტომ არის ინფორმაციაზე მოთხოვნა მძლავრი. ამიტომაა ეს მოჩვენების, ბლეფის და მცდარი მანევრების იძულება. ფინანსური ალგორითმები, მოზღვავებული მტაცებლური ალგორითმების შეცდომაში შეყვანის მიზნით, აქციების ბიზნესს ნიღბავენ; ანდა, ფასების მაღლა ასაწევად, მტაცებლური ალგორითმები სხვა ფინანსურ აგენტებს მცდარი ინფორმაციით სინათლის სიჩქარით კვებავენ.

ადამიანები მოჩვენებით იდენტურობას ირგებენ, შეფის ან ბანკისათვის Facebook-ის პროფილებს ჰქმნიან. ბაზრების შეცდომაში შესაყვანად, მცდარ სიგნალებს მთელი სახელმწიფოები აგზავნიან. ეს არის საზოგადოება, რომელშიც მავანი არა მხოლოდ სხვაა, არამედ თავის თავსაც არ ენდობა. ვინც უკვე აქამდეა მისული, ის იღებს, რომ მისი განათლება, გამოცდილება, ცხოვრების გზა იმას არ ნიშნავს, რაც სწამდა რომ ნიშნავდა.

იმ კითხვებზე პასუხის პოვნის დაპირება, რომლებიც მავანს თავისი თავისთვის ჯერ საერთოდ არ დაუსვამს, მტკიცებულება ადამიანების შესახებ უფრო მეტის ცოდნისა, ვიდრე მათ საკუთარი თავის შესახებ იციან, პროგნოზირება იმისა, რაც მავანს სურს, მაშინ, როდესაც მან ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის, შეთავაზება, ვინ უნდა გახდეს მეგობარი - სტრუქტურულად იდენტურნი არიან უშიშროებისეული თვალთვალის ალგორითმებისა, რომლებიც იმ დანაშაულთა შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ, რომელთა შესახებ შესაძლებელია თავად დამნაშავეებმა ჯერ არაფერი იციან. ახალი ეკონომიკა ემსახურება მანქანებს და მათემატიკის დახმარებით ადამიანურ ურთიერთობებს მოიცავს. მას «პატიმრის დილემა» უყვარს, თამაშის თეორიის საწყისი სცენა ორი ადამიანის მონაწილეობით, რომელნიც თანაბარ ბედს კი იზიარებენ, მაგრამ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ შეუძლიათ და რომელთაც ერთიმეორის ხარჯზე უპირატესობის მიღებას სთავაზობენ. თამაშში სხვისი გაცემა არა მხოლოდ გათვალისწინებული არაა, არამედ «ის გონივრული ქცევის მიღებული ნორმაა» (ს. მ. ამადეი: «კაპიტალისტური დემოკრატიის რაციონალიზირება»).

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ამგვარ აზროვნებასთან შეხება უხდებათ, საკუთარ ქცევას სცვლიან. სამყაროს სურათი, რომელიც ყოველი ადამიანური ქმედების უკან ანგარების გარდაუვალ ლოგიკას ხედავს, კონვეიერზე ეგოიზმის წარმოებასავითაა. ბოლო დროს, მასთან შეხება ყველას გამუდმებით უხდება. გარემოცულნი ისეთი სამყაროთი, სადაც ინფორმაცია არა მარტო ბირჟაზე, არამედ სამუშაო ადგილზე, კომუნიკაციაში და მეგობრობაშიც კი, ლოგიკურად მომუშავე გამოთვლითი მანქანების მიერაა ორგანიზებული, რომლებიც ადამიანურ ბუნებას პირადი მოგების მაქსიმირების კანონების მიხედვით სთვლიან და საზოგადოების წარმოდგენებს ფასეულობების შესახებ გასაოცარი სიჩქარით სცვლიან.

ინფორმაციის კაპიტალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითოეული ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებულ ბიოგრაფიებს და ვინაობას, საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ეკონომიკის რეალურ სექტორს და ახლა კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის შეცვლას აპირებს.

რადგან საკუთარ სუვერენობას მხოლოდ ცალკეული ინდივიდი არ ჰკარგავს. მიმდინარე ევროს კრიზისის პერიოდში, ევროპის ქვეყნებისა და პარლამენტების შეკვეცილი სუვერენობის უფლებები, ბოროტად გამოყენებული ნდობა კი არა, მისი ოპერატიული ლოგიკის ნაწილია. მან ადამიანური აზროვნება გვირაბებისა და შახტების ლაბირინთით დაასამარა და ექსპლუატირებულ ნედლეულს ამუშავებს მანქანებში, რომლებიც იმისდა მიხედვით, რომელ მაგიდაზე დგანან, აწარმოებენ ომებს, იწვევენ რევოლუციებს, ჰქმნიან ფულს, აკონტროლებენ ადამიანებს ან აგზავნიან უკანასკნელი შვებულების ფოტოებს. როგორც სჩანს, ამასობაში, მას ერთ ღამეში მთელი ერების გათიშვა ან გარკვეულ შემთხვევებში, ცალკეულის სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვა ხელეწიფება. ამიტომ აპირებენ ადამიანები მისით მიწისქვეშ სიარულს, დახურულ სივრცეში ხელოვნური განათებით, ასევე გვირაბში, რომელიც მან მათი აზროვნების სამართავად გათხარა.

მახის შენიღბვამ შეცდომაში უნდა შეიყვანოს ყველა გრძნობა. დიდრო თავის ენციკლოპედიაში რკინის სუნის შენიღბვას გვირჩევს, რადგან გამოცდილი მხეცები მისით საკუთარ განადგურებას ასოცირებენ. ცხოველთა დაჭერის შესახებ დაწერილი ერთი თანამედროვე სტანდარტული ნაშრომი, სავსებით უმანკოდ აღწერს რა უნდა გაკეთდეს: «ცხოველი მანქანაში შეტყუებული უნდა იქნას სატყუარათი ან ცხოველისავე ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით». შემთხვევითი არაა, რომ ოტო მაირის მიხედვით, ინგლისურ სიტყვებს - engine (ძრავა)-ს და machine (მანქანა)-ს პარალელური ნეგატიური დატვირთვაც ჰქონდათ ცბიერების, ფანდის, შეთქმულების და ინტრიგის მნიშვნელობით. ინფორმაციული კაპიტალიზმის მანქანა კომპიუტერია, მაგრამ თავად მოწყობილობა უდანაშაულოა. იმაზეა დამოკიდებული, ვის ხელშია და რა მიზნით გამოიყენებს. თუ დღეს ადამიანური ეგოიზმი ფორმულით უკვე გამოსახეს, მისით უკვე მთელი საზოგადოების გამოთვლაა შესაძლებელი.

ეს დიდროა, რომელიც მეცნიერებას «ხაფანგის დაგებას» და არა თვით ხაფანგს უწოდებს. გამოწვევა მდგომარეობს იმ არსებების დაჭერაში, რომელიც გამოცდილების მიხედვით, უნდობნი არიან. მათი გამოჭერა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვდებით და გაყალბებითაა შესაძლებელი. ხაფანგმა სატყუარა იოლ მონაპოვრად უნდა წარადგინოს. დათვმა, მელიამ ან მგელმა უნდა იფიქრონ, რომ მოულოდნელ მოგებას გადაეყარნენ. იმისათვის, რომ ამან იმოქმედოს, საჭიროა «დიდი რუდუნებით იმ ადგილების შესწავლა, სადაც ცხოველები დღისით იმყოფებიან, ღამეს ატარებენ და იმ გზების ცოდნა, რომლებზეც ჩვეულებისამებრ დადიან».

ხაფანგის დამგების სტრატეგიის გარეშე, ასევე არც ხაფანგის კონსტრუქციას არა აქვს ფასი. წარმატებული ხაფანგის დამგები ისაა, ვინც ისე ფიქრობს, როგორც არსება, რომელიც დაჭერილი უნდა იქნას; წარმატებული ხაფანგის გვერდის ამქცევნი ისინი არიან, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ხაფანგის დამგები, რომელსაც მათი დაჭერა სურს. ესაა «მეცნიერება», რომელიც სუფთა მათემატიკაა და რომელიც კომპიუტერებში დაპროგრამირების შესაძლებლობას იძლევა. ცივი ომის დროს, როდესაც ის გამოიგონეს, მას «რაციონალური მოქმედების თეორია» და უწყინარი სახელი - «თამაშის თეორია» უწოდეს.

მაგრამ ეს, როგორც ახლა ირკვევა, არა დასასრული, არამედ ჯერ დასაწყისი გახლდათ. სუპერსახელმწიფოების თამაში დამთავრდა და საკუთარი საზოგადოებით თამაშით დაწყება შესაძლებელი გახდა. დიდი მახის ერთ-ერთმა არქიტექტორმა მოგვიანებით აღიარა, რომ თამაშის წესები, რომლითაც სიცოცხლის ახალი თამაში უნდა ვითამაშოთ, შეგუებას საჭიროებს. მოსაგებად საჭიროა იმის მიღება, რომ «მთელი სამყაროს მიერ პირად მტრად ვართ ამორჩეული» (კენ ბაინმორი: «თამაშის თეორია»).

კიდევ ერთი სიტყვა წიგნის მიზანის შესახებ. ის კრიზისმა შექმნა, მაგრამ არა მისმა ეკონომიკურმა გამოვლინებებმა, არამედ საზოგადოებრივმა. კრიზისი მხოლოდ სიმპტომია. ის არა მხოლოდ ბაზრის არასტაბილურობას აჩვენებს, არამედ საზოგადოებებისასაც, რომლებშიც საზოგადოებები როგორც ბაზრები, და ადამიანები როგორც «ჰომო ეკონომიკუსები» არიან ორგანიზებულნი. ჩემს თვალში ესაა ინფორმაციის ეკონომიკის სისტემის მარცხის პირველი შემთხვევა.

კრიზისი, რომელთანაც დღეს შეხება გვაქვს, არაა ის, რომელიც მხოლოდ ფულს, მოგებას, ლემანის (იგულისხმება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკი Lehman Brothers, რომელიც 2008 წელს გაკოტრდა, მთარგმნელი.) გაკოტრებას ან ევროპის კრიზისს ეხება. ესაა, თუ მავანს ასე სურს, საქმის იოლი მხარე, რომელიც ანალიზისათვის ყველაზე ხელმისაწვდომია. ვინ იცის, იქნებ ის გადაწყდეს და ხალხი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

ინფორმაციის ეკონომიკა ისევე აფასებს გრძნობებს, ნდობას, სოციალურ კონტაქტებს, როგორც აქციებს და საქონელს და ამის გამუდმებით სრულყოფისათვის, მას პირველად ისტორიაში ტექნიკური საშუალება გააჩნია. მცირეოდენი განსხვავებაა საქმიანი გარიგების ან აუქციონის მიმდინარეობისას ბუნებრივ ვარაუდში, რომ სხვისთვის რაციონალური მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და სხვისი მოტყუებაა, და თავად სოციალური ცხოვრების სულ უფრო და უფრო მეტ საქმიან გარიგებად და აუქციონად, «მე»-ს-მარკეტინგის სამყაროდ გადაქცევას შორის, რომელიც მინასავით გამჭირვალე ეკონომიკურ წესებს ექვემდებარება. უნდობლობა, დაბრალება, ბლეფი, ყურადღების გადატანის მანევრი აღნიშნულ სამყაროში ნორმატიულია, იმ შემთხვევაშიც, როგორც ამას ხშირად გაგონილი გამოთქმა გამოხატავს, რომ «ბაზრები დამშვიდნენ». მაგრამ ისინი მხოლოდ სახელმწიფოებს კი არ ეხებიან, არამედ თითქმის უფრო მძლავრად ცალკეულ ადამიანსაც.

ეს წესები ყველა სადღაცაა ჩაწერიალი. ისინი ვარაუდებია, დამხმარე კონსტრუქციებია, მოდელებია, რომლებიც ადამიანებს ფსიქიურის მაგივრად, მათემათიკური თვისებებით აღჭურვავენ. «ეკონიმიკური მოდელების ხორცისა და სისხლისაგან შემდგარი ადამიანებით დასახლება, ეკონომისტების მიზანი არასოდეს ყოფილა» - ეს არის ლოზუნგი წიგნისა, რომელიც ზუსტად საწინააღმდეგოს ამტკიცებს (იგულისხმება დიმიტრი მილონაკისის და ბენ ფაირის წიგნი: «ეკონომიკური იმპერიალიზმიდან ფრიკონომიკსამდე», მთარგმნელი). რადგან მოდელები გაცოცხლდნენ, ისინი არა მარტო მოქმედების დირექტივებად იქცნენ, რომლებსაც ნავიგაციის სისტემასავით ქვეცნობიერად მივყვებით, არამედ მათ უფრო მეტის გაკეთება ხელეწიფებათ: საერთოდ, ისინი ადამიანებს იმად ქმნიან, ვიდრე მათ აღწერენ. და ისინი მათ ყველა თვითშეზღუდვების მიუხედავად, ეგოისტებად აღწერენ.

ეს წიგნი ერთადერთ თეზისს ეყრდნობა, რომელიც ეკონომისტთა შორის არსებული რენეგატების მიერ, «ეკონომიკური იმპერიალიზმის» სათაურის ქვეშ ბოლო დროს სულ უფრო მეტად და მეტად განიხილება. რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აზროვნების მოდელებმა პრაქტიკულად ყველა სხვა სოციალური მეცნიერებანი დაიპყრეს და მათზე ბატონობენ (როგორც ცნობილია, ყველაზე იმპერიალისტური თეორია მარქსიზმი იყო).

ჩვენს სამყაროში, ამ იმპერიალიზმს როგორც ყველაფრის და ყოველის ეკონომიზირებას განვიცდით. შემთხვევითი არაა, რომ ბესტსელერები, როგორიცაა «Freakonomics» (ან ქცევითი ეკონომიკის Nudge-ს თეორიები) ასე წარმატებულნი არიან. ეს წიგნები მოგვითხრობენ ყოველდღიურობაზე, რომელიც ყველაფერს ეგოისტის ანეგდოტებით ანაწევრებს (უნდა დაისაჯონ თუ არა მშობლები, შვილის საბავშვო ბაღიდან ან სკოლიდან გვიან გამოყვანისათვის, და თუ უნდა დაისაჯონ, როგორია ეფექტი? ეფექტი ისაა, რომ ისინი უფრო უყურადღებონი გახდებიან, თუ ფულადი ჯარიმა დაბალია, ერთი მხრივ, რადგან დაგვიანება მათ ამ თანხად უღირთ და მეორე – რადგან ის ნორმის დარღვევის მორალური ზარალისათვის მცდარ სიგნალს წარმოადგენს.). რამდენადაც ისინი გასართობნი არიან და სადავოა მათი თეზები, მათი წარმატება აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ისეთი სამყაროს თავდაცვით თეორიებთან, რომელიც ბოლო დეტალის ჩათვლით ეკონომიზებულია და რომელშიც ანგარება რაციონალური ქცევის ძირითადი საყრდენია. მაგრამ ამ თავდაცვის ფასი მაღალია: როგორც ეს გერდ გიგერენცერის და ნათან ბერგის ქცევითი ეკონომიკის ცნობილმა გამოკვლევამ აჩვენა, ბევრ მხიარულ რჩევაში დაფარულია ნეოკლასიკური, ან თუ მავანს ასე სურს, ნეოლიბერალური იდეოლოგია. ეს ეხება არა მხოლოდ ქცევით ეკონომიკას, არამედ ყველა ავტომატიზირებულ ბაზარს, ფინანსური ბაზრიდან დაწყებული სოციალური კომუნიკაციის ახალი ბაზრებით დამთავრებული.

ეკონომიკური იმპერიალიზმი გვაიძულებს ასევე – და ფინანსური კრიზისის შემდეგ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე – არეალის არ დათმობას აქამდე გაბატონებული სკოლისათვის – პირველ რიგში კი, ანგლო-საქსი ეკონომისტებისათვის. ბოლო წლებში, მთელ სამყაროს შეუძლია ზოგიერთი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჭეშმარიტებად პოსტულირებული მოდელების სისუსტეებში დარწმუნება. თუ აქ ინფორმაციული ეკონომიკის ყველაზე ქმედით ინტელექტუალურ შენობაში შექმნილი ორი თეორიის - «რაციონალური არჩევანის თეორიის» და «თამაშის თეორიის» ინსპექცია მოხდება, მაშინ გასაგები მიზეზების გამო, არა იმისათვის, რომ დამტკიცდეს, რომ მხოლოდ ისინი არსებობდნენ და სხვა არაფერი. მაგრამ მათ იმ ისტორიისთვის, რომელსაც ეს წიგნი მოგვითხრობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ: ესაა როგორ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ მთელმა სამყარომ მათ წინააღმდეგ შეჰკრა პირი, და როგორ დაიწყო ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩვენი საზოგადოების გულებში ახალი ცივი ომი.


წინასიტყვაობა წიგნისა: «ეგო – სიცოცხლის თამაში», გერმანული გამომცემლობა «ბლესინგი», 2013
თარგმანი ხატია ღუდუშაურისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen