ვაჟა
ფშაველა: ეშმაკი |
და
სწუხდა საშინლად, თვალები სისხლით ევსებოდა, მთელის ტანით, ბოროტ-მღელვარებისა
გამო, თრთოდა... მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო
განკარგულება ღვთისა? - ამბობდა იგი დაჟინებით, ეკითხებოდა თავის
თავს, კბილებს აღჭენდა. იროდის მიერ გაგზავნილ ჯალათებს გადააჭარბა,
ვიდრე ისინი მოასწრობდნენ ახლად დაბადებულის თავის მოკვეთას.
ის უკვე ასრულებდა საზიზღარ განაჩენს, უმსგავსს განკარგულებას
ურიასტანის მბრძანებლისას. უჩინრად შედიოდა სახლებში და არჩობდა
ახლად დაბადებულთ აკვანში, დედის კალთაში; საზიზღარმა რამდენს
მოუსპო სიცოცხლე მშობლის გულ-მკერდზე მიხუტულ ყმასა!.. დედანი
სტიროდნენ, თმებს იგლეჯავდნენ, სახეს იკაწრიდნენ, გულ-მკერდს
იღადრიდნენ... ისმოდა ურიასტანში გოდება საშინელი, გამოუთქმელი.
საბრალო მშობლები! შთანთქა დროთა სვლამ იმათი ცრემლი და ტანჯვა-ვაება
ისე, როგორც ბევრი რამ სხვა შთაუნთქავს ადამიანთა ცხოვრების
ისტორიას.
თუ იროდის ჯალათებმა არ იცოდნენ, ვინ იყო იესო და ამიტომ ჰჟლეტდნენ,
ჰსრავდნენ ყველას განურჩევლად, იმ განზრახვით, ახლად დაბადებულთა
შორის იქნება მაცხოვარიც მოჰყვესო, ამან, ამ ბოროტმა სულმა,
ყველაფრის მცოდნემ, ხოლო ბოროტის მენდომემ, ხომ იცოდა კარგად,
ვინც იქნებოდა მაცხოვარი, მაშ ის რადღა სჩადიოდა ამდენს ბოროტებას?!
დიაღაც იცოდა, კარგად ესმოდა, რომ არ ერივა მაცხოვარი მათ შორის,
ვისაც იმან სიცოცხლე მოუსპო, მაგრამ ჰჟლეტდა მაინც უსუსურთა:
გაიზრდებიან და მაცხოვარს დაემოწაფებიანო, ფიქრობდა იგი, გაიზრდება
სიმართლე, რომელიც მას სძულს, ეჯავრება საშინლად.
მოიჯერა ქალაქ-სოფლებში ბავშვების ჟლეტით გული
და მიაშურა იქ, სადაც ეგულებოდა მაცხოვარი... რა კარგი იქნებოდა,
რომ შაიძლებოდეს იმის მოკვლა, მაგრამ მოჯადოვებულია, არ ძალუძს.
უნდა უთხრას ჯალათებს, ასწავლოს ის ადგილი, გამოქვაბული მივარდნილ
უდაბურ ტყეში, საცა იწვა მაცხოვარი, მაგრამ ენა უდუნდება: ვერ
ამბობს ვერაფერს, ენა ებმევა, გონება ებნევა. |
ფოტოზე: აღდგომა
– ჯოჯოხეთში შთასვლა, ბიზანტიური ხატი, ფრაგმენტი
|
გარბის მარტოკა ბეთლემის განაპირა უდაბურ
ადგილას. როგორც ქარიშხალი, მიიჭრა იგი გამოქვაბულთან და აიტუზა
შესავალ კარებთან. ყველაფერს ჰხედავს და უფრო ბრაზით და ნაღვლით
ევსება გული და გონება. ყმა იესო ჩვრებში გახვეული სწევს ბაგაში,
ეხლავე მისი თვალები და გონება რბის ცისაკენ, მისი თვალები,
აღსავსე მადლით და სასოებით, ხოლო ბოროტ სულს გადმოსდის თვალებიდან
ძმარი. მოსულან მწყემსნი, მოგვნი და დიდის იმედით შესცქერიან
თავის მხსნელს, იყრიან მუხლს წინაშე მისსა, იხრიან ქედსა სიხარულით
აღვსილნი; აუსრულა ღმერთმა აღთქმა და მოუვლინა ტანჯულ ერს
მხსნელი; იცის ეშმაკმა, რომ ერს იმედი არ გაუცრუვდება, იესო
ჩაუდგამს ქვეყანას ცხოველს სულს თავისი მოძღვრებით, ხალხი
გაჰყვება მას უკან; მის ფეხის დანაბიჯებს ემთხვევა ყველა,
გზაში დაუფენს თავის ტანსაცმელს, დაარქმევს მას მაცხოვარს,
ეს ჩააგონებს ხალხს: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა
თავი თვისიო!" ღმერთმა დაიფაროს! მართლა რომ დაიჯეროს
ეს მოძღვრება ქვეყანამ და ამ გზას დაადგეს, ხომ დავიღუპე მე,
მე - ეშმაკი. არა არ შეიძლება, ეგ სიტყვები დაეკეროს ადამიანს
ენაზე, ხოლო გულამდე არ ჩასწვდეს, ასე უნდა მოხდეს! ასე სჯობია...
სიყვარული მოყვასისა?! ეს ხომ შხამი და ბალღამია,
ეს ხომ წაწყმედაა სიცოცხლისა?! ამიტომ მე ამ თავითვე ვწყევლი
ამ მოძღვრებას და ვამბობ: არ იქმნას აღსრულება შენი კაცთა
შორის არაოდეს, არამედ იტანტალოს დედამიწაზე ისე, როგორც ქარმა,
რომელიც დაჰქროლებს, შეარხევს ხეებს, ბალახს, თმასა და წვერს
ადამიანისას, კალთას მის ტანსაცმელისას და გაივლის, გაჰქრება,
არ დასტოვებს არსად კვალს. იესო ნაზარეველო, მეუფევ ურიათა!
მე მუდამ მზად ვიქნები გადავეღობო წინ შენს მოძღვრებას, ვაკვეცო
მას ფრთები; უწყიდე, რომ ჩემი ცალი ბრჯღალი მუდამ იქნება ჩაჭიდული
ადამიანის გულზე, რათა ჩამოვფხიკო ის ჭუჭყი, რომელიც მიეკვრის
მას შენის მოძღვრების წყალობით, უწყიდე ეს, უწყიდე კარგად!
- ბუტბუტებდა ეშმაკი თავისთვის.
- აახ! ნეტავ შემეძლოს მოვუსპო მას სიცოცხლე! ყველაფრის მცოდნეს,
ყველაფრის შემძლებელს მხოლოდ ეს არ ძალმიძს. მიდუნდება მკლავი,
მებოჭვის ხელ-ფეხი. რა საჭირო იყო მოვლინება მაცხოვრისა? სულ
მეტია, მეტი! დაკარგა საბრალო ცამ ჭკუა-გონება, ეს ნაყოფია
ცის უგუნურებისა. რა წახდა ქვეყანაზე უქრისტეოდ? არაფერი,
სრულიად არაფერი!
უდგია ეშმაკს იესო უკვე დავაჟკაცებული, შემორტყმია გარშემო
აუარებელი ხალხი, რომელიც სულგანაბული შესჩერებია მას თვალ-წარბში
და მზად არის დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, არც ერთი მისი
სიტყვა არ დაუშონ დაბლა. ესწრაფებიან, როგორც ქათმები საკენკს.
და ესეც ასწავებს ერს, ეუბნება ეშმაკის გულისა და სულის მოსაკლავ
სიტყვებს, არ იღლება ენა იესოსი, არ იშრიტება მისი გონება.
მას უკვე ესმის მძლავრი ხმა ქრისტესი: "ნეტარ იყვნენ,
რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი
განსძღენ!" - სიმართლე და სიმართლე! სულ სიმართლე აკერია
ენაზე! - ბრაზობს ეშმაკი.
- ნაზარეველო, მოვკლავ მე შენს სიმართლეს! რათა არ ძალმიძს
შეგახო შენ ხელი, მოგისპო სრულიად სიცოცხლე! ვინ დამიშლის
შევცვალო სიმართლე უსამართლობით?დავამკვიდრო იქ ტაცება და
ჩაგვრა, შეუბრალებლობა, სასტიკობა, საცა შენ გინდა დარგო რაღაც
სიმართლე, სათაყვანებელი მხოლოდ ბრიყვთა, უბირთა გონებით?!
არ მწამს მე და ვეცდები, არ ვაწამებინო იგი კაცობრიობას!
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა!
- სიცრუვეა, მტკნარი სიცრუვეა!.. ვინ არის მშვიდი? სად ჰნახავთ
იმას? არსად. არ დავამშვიდებ არავის. ნუ გგონია, ნაზარეველო,
ნუ! შევქმნი ცხოვრების ისეთს პირობებს, არ იყოს არსად სიმშვიდე,
სტაცებდეს, ართმევდეს ერთი მეორეს, იყვნენ გლახაკნი და მდიდარნი,
მაძღარნი და მშიერნი ხორციელად და სად იქნება მაშინ სიმშვიდე?
არსად. ვინ დაიმკვიდრებს მაშინ ქვეყანას? არავინ. მხოლოდ მე,
მაშინ დამკვიდრდება ქვეყანაზე ჩემი მეუფება.
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ!"
- ჰქუხს კვალად ხმა იესოსი.
- არა, არა! როგორ სწადიან, რომ დამყარდეს სიმშვიდე, მოწყალებამ
დაამშვიდოს უკმაყოფილო და ჩამოვარდეს სიყვარული! ტყუილია,
არ იქნება, მაშ მე სადღა ვარ? ჩავუდებ ადამიანს გულს ქვისას,
არ იცოდეს მან შეწყალება, არ მიეკაროს გრძნობა სიბრალულისა,
გავამხეცებ მის ბუნებას, რომ არც იწყალებდნენ კაცნი ერთმანეთს,
ძლიერი თავის ძალას მეტის ნაყოფიერებით ავარჯიშებდეს უძლურთა
ქედსა და ზურგზე, განმტკიცდეს მეუფება ჩემი! - ამბობს ბოროტი
სული.
"ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი
არს სასუფეველი ცათა...”
ჰყურობთ? ხომ გესმით სიმართლე და კვალად სიმართლე? არა, მე
შევამცირებ რიცხვს დევნულთა სიმართლისათვის, რათა დაკარგონ
მათ სასუფეველი ცათა, ჩაირიცხნენ ჩემს ლაშქარში და ემსახურონ
უსამართლობას, რომელსაც უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ სასუფეველი
ცისა და ქვეყნისა. მივცემ დიდ პალატთა საცხოვრებლად, შევმოსავ
ძვირფასი სამოსლით, მივუჩენ კეკლუცთა ბანოვანთა, დავატკბობ
ყოვლის ქვეყნიურის სიკეთით და ვნახოთ მაშინ. იქნებიანღა ისინი
დევნულნი სიმართლისათვის?! ჰნახეთ მაშინ, უკმევდნენ რა გუნდრუკს
უსამართლობას, სცემდნენ მას თაყვანს... ეძიე, ნაზარეველო,
მაშინ დევნული სიმართლისათვის და უკეთუ ჰპოვო, დაუთმე სასუფეველი
ცათა! - იძახოდა იმედიანად ბოროტი სული...
"ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ
და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მიმართ სიცრუით ჩემთვის.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად
არს ცათა!"- ისმის კვალად ხმა ნაზარეველისა.
- სტყუვდები, იესო! ვერ შესძლებ განახორციელო ვერც ერთი მუხლი
შენის მოძღვრებისა. ვამბობ ამას მე, რადგანაც ვუწყი და ვიმედოვნებ,
მთელი შენი მოძღვრება დავამხო ძირს; მოვმართავ ქვეყნის გონების
ჩარხს ისე, რომ ყველა ამბობდეს: "რაც სთქვა იესომ, სათქმელია
ადვილად, ხოლო საქმნელად ძნელიო." ვათქმევინებ და ვაფიქრებინებ
ამას ადამიანთა, ურწმუნოებით, იმ ფიქრით, რომ ყოველი შენი
რჩევა მიუწდომელია ადამიანისაგან, გავჟღენთავ მთელს ქვეყანას.
იქნება მხოლოდ სახელი შენი, რჩევანი და საქმეები კი იქნებიან
მკვდარნი. ასე უნდა იქმნას, ამას ვეცდები მე და მივაღწევ კიდევაც
ჩემს მიზანს.
აქამდის მდუმარე ყმა იესოს ეუბნებოდა ბოროტი
სული და ეს სიტყვები ესმოდა მხოლოდ მას და ეკალივით ესობოდა
გულში. მისი სიტყვები ვერ გაიგონეს ვერც მწყემსებმა და მოგვთა,
რომელთაც ძღვნად შესწირეს მას ოქრო, გუნდრუკი და მური.
- განვედ, მაცდურო სატანავ, ჩემგან! წყეული ხარ შენ ღვთისაგან
და წყეული იქნები მუდამ ადამიანთა მიერ! საბრალოვ, საწყალო
არსებავ! მუდამ თავისთავის მტანჯველო, მუდამ მქნელო ცოდვის,
სიბნელევ! ბნელეთის ქურუმო, განვედ!
სიცოცხლე ჩემი არს დაუსრულებელი, ხოლო შენი წუთიერი. რის იმედი
გაქვს, რისა საცოდავო? ნუთუ არ იცი, რომ სახლს, რომელსაც აშენებს
ღმერთი, შენ ვერ დაანგრევ?იცი, კარგად იცი, მაგრამ სჯიუტობ,
რეგვენო! სიკერპე გონებისა და სირეგვნე გიშლის, შეიგნო სიმართლე,
მიჰხვდე, რომ პირველად ყოვლისა ხარ თავისთავის მტერი! მტრობა
შენი ადამიანთადმი მოგიძღვნის მხოლოდ წყევლას და შეჩვენებას,
თვით იმათგანაც კი, ვინც შენს გზაზე დადის, ვინც შენს რჩევას
უგდებს ყურს, ვისაც მოეწამლა ფიქრი და გრძნობა შენის გესლით,
თვით ისინიც კი მოგაფურთხებენ, როდესაც დაუკვირდებიან თავიანთ
საქმეთა და ხმა ჩემი, შთანათესი იმათ გულში, დაუდგებათ თვალწინ...
ამ დროს ეშმაკი თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა ბრაზმორეული,
უნდოდა მოესპო იესოსათვისაც სიცოცხლე, როგორც სხვა ყრმათა,
მაგრამ წინ წადგმული ფეხი უკანვე უვარდებოდა, გაშლილი ფრთა
უდუნდებოდა, აწეული ხელი თავში ჰხვდებოდა. იქ დგომა, ცქერა
ქრისტესი აღარ შეეძლო. გაჰქრა იქიდან. იწყევლებოდა, ემუდარებოდა
იმ ძალას, რომელიც უბორკავდა ხელფეხს ბოროტ განზრახვის ასასრულებლად.
აფრინდა ცის სივრცეში, დასტრიალებდა თავზე საბრალო წუთისოფელს
და ამბობდა თავისთვის: მე ვარ მეუფე ამა სოფლისა! უტატანებდა
ბეთლემის ვარსკვლავს, საუცხოვოდ ცაზე მოკაშკაშეს, რათა ჩამქრალიყო
იგი და ჩაექრო ადამიანთა გულში სასოება ქრისტეს დაბადებისა.
უხმობდა ღრუბელთა, რათა დაეფარათ იგი, უჩინარეყოთ,
მაგრამ ამაოდ. ვარსკვლავი ბრწყინავდა და ტანჯული ურიასტანის
ერი იყრიდა მუხლს წინაშე მისსა. შეძრწუნებული, შეწუხებული
ამ სანახავით ბოროტი სული ჩაიჭრა უფსკრულში, საცა მას ელოდენ
მისი თანამოაზრენი, თანამოძმენი და მეუფე ბოროტებისა - ბელზებული.
და გაისმა ჯოჯოხეთის ბჭეთა რაკუნი...
- ვერ გახდი ვერაფერს? - ჰკითხავდნენ მას ძენი სიბნელისა,
ბოროტებისა, შხამისა.
- ვერა! - უპასუხებდა იგი: წყეულიმცაა სიმართლე ქვეყანათა
ზედა და გაუმარჯოს ბოროტებას!
- ამინ, ამინ! გრიალებდა მთელი ჯოჯოხეთი ისეთი საზარელი ხმით,
რომ ამ ხმამ შეძრა მთელი დედამიწა, იძროდენ მთანი, იზნიქებოდენ
ხეები, ირყეოდნენ ზღვანი...
განვედ, სატანავ, ჩვენგან!
1908 წელი
|
|
|
|
|