ალექსანდრე
მანველიშვილი |
...ალექსანდრე მანველიშვილი
დაბადებულა 1904 წელს, სამცხეში, სოფელ ვალეში, შეძლებული
კათოლიკე გლეხკაცის ოჯახში. რადგან ამ მხარეში ადრევე თურქების
ბატონობა დამყარდა,
აქ ბატონყმობას ადგილი არ ჰქონია. გლეხობა იყო თავისუფალი
და მემამულე ბეგები თითქმის ისევე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ,
როგორც გლეხები, ოღონდ ის განსხვავება ჰქონიათ შერჩენილი,
რომ თავის თავს ბეგობით იხსენიებდნენ და გლეხებისგანაც ასეთ
მიმართვას ითხოვდნენ.
მანველიშვილების გვარს, ბ-ნი ალექსანდრეს გადმოცემით, თურმე,
გარკვეული როლი უთამაშია ოსმალეთის იმპერიაში. ისტორიული წყაროების
მიხედვით, ერთი მანველიშვილი გამხდარა ერაყის გუბერნატორი,
ხოლო ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი ყოფილა ეგვიპტის მამელუქების
მთავრობაშიც... მანველიშვილთა ერთი ნაწილი დღესაც ცხოვრობს
თურქეთში.
ალექსანდრე მანველიშვილის დედ-მამას 13 შვილი ჰყოლია: რვა
ვაჟი და ხუთი ქალი. ამათგან უმცროსი ქალ-ვაჟი ბავშვობაშივე
დახოცილან, ხოლო უფროსი ძმებიდან ერთი პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ ეპიდემიით გარდაცვლილა, მომდევნო – რუსის ჯარის ოფიცერი
1916 წელს გერმანიის ფრონტზე მოუკლავთ. მეორე მსოფლიო ომში
გაწვეული ოთხი ძმიდან ორი უკან აღარ დაბრუნებულა, ხოლო ცოცხლად
გადარჩენილებიდან ერთი მალე დაღუპულა, მეორე კი ოჯახით დღესაც
მამაპაპეულ ადგილზე სახლობს.
ბ-ნი ალექსანდრეს მამა – სტეფანე მანველიშვილი, როგორც ვთქვი,
იყო შეძლებული გლეხი და ამავე დროს ვაჭარი, საქონელი მიჰწონდ-მოჰქონდა
ქუთაისიდან და თურქეთიდან. სოფელში და ახლო-მახლო მხარეში
იგი პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობდა. მას თურმე სტეფან-აღას
ეძახდნენ... |
ფოტოზე:
ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» ერთ-ერთი
ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკისა თვალსაჩინო
წარმომადგენელი, ემიგრაციული გამოცემების - «მომავალი», «ერის
დიდება», «ნასიონ ჟოეჟიენ» დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი,
პუბლიცისტი ალექსანდრე მანველიშვილი (1904 - )
|
1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დაამთავრა
სოფ. ვალეს სამწლიანი სახელმწიფო სკოლა და იმავე წელს მიიღეს
ქ. ახალციხის ე.წ. უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მისამზადებელ
კლასში. ამ დროს უკვე მსოფლიო ომი იყო გახურებული და ახალციხის
მხარე რუსებისა და თურქების ბრძოლის ველად იყო გადაქცეული.
პატარა ალექსანდრეს თვალწინ გაიარა მათმა სასტიკმა იერიშებმა...
საქართველოს ეს უღველესი კუთხე ხან თურქების და ხან რუსების
ხელიდან ხელში გადადიოდა... შემდეგ რუსეთის 1917 წლის რევოლუციები,
რომელსაც მოჰყვა ბოლშევიკების მიერ დადებული ბრესტ-ლიტოვსკის
ზავი, თურქეთმა კვლავ მიიტაცა უძველესი ქართული მიწები, 1918
წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება,
შემდეგ დრამატული 1921 წელი – საქართველოს კვლავ დამონება,
რომელსაც მოჰყვა 1924 წლის გმირული ამბოხება... სულ რაღაც
8-9 წლის მანძილზე კალეიდოსკოპივით დატრიალებული ასეთი ურთიერთგამომრიცხავი
დიდი ისტორიული მოვლენები ახალციხეში მოსწავლე ალექსანდრე
მანველიშვილის ჭაბუკობის ხანას და მის სულიერ ფორმირებას დაემთხვა.
1924 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა წარჩინებით დაამთავრა
ახალციხის საშუალო სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ
(შემდეგში იურიდიულ) ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას,
მაგრამ ამ დროს ახალციხეს გამოეყოერთი სტიპენდია, ოღონდ, არა
სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამდედ თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ
ინსტიტუტში და ალექსანდრე მანველიშვილსაც გამოუცხადეს: თუ
შენ იქ შესვლას მოისურვებ, სტიპენდია შენ გერგება, რადგან
სხვა კანდიდატი არ არსებობსო...
არჩევანის დრო არ იყო: თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მანველიშვილი
ჩაირიცხა მარიამ ორახელაშვილის სახელობის სამწლიან უმაღლეს
პედაგოგიურ ინსტიტუტში სოციალ-ლიტერატურული განხრით. აქ მას
ასწავლიდნენ დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი,
სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია...
1928 წელს აღნიშნული ინსტიტუტი დახურეს და ალექსანდრე მანველიშვილი
გადარიცხეს უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზეენისა და ლიტერატურის
სპეციალობით, ხოლო როგორც ახალციხის სტიპენდიანტი სამუშაოდ
მშობლიურ სკოლაში დააბრუნეს: სულ მალე იგი მოწაფეთა საყვარელი
პედაგოგი გახდა! როგორც ვიცით, ეს მხარე თურქეთის პატონობის
დროს ისე იყო დაცემული, რომ მისი ფეხზე დადგომა დიდ დროს მოითხოვდა.
ის ყველაზე ჩამორჩემილი იყო საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით.
ამიტომ ალექსანდრე მანველიშვილის თაობით იწყებოდა აქ გამოღვიძება
და ძველი მესხეთის განახლება. ამას გრძნობდა ახალი ხელისუფლება
და ახალბედა მასწავლებელი ბევრ უსიამოვნებასა და შევიწროვებას
განიცდიდა მისი მხრიდან. როდესაც წმენდაში მოყოლა დაუპირეს,
ალექსანდრე მანველიშვილი ერთხანს თბილისში დაბრუნდა, აქ უნივერსიტეტის
დოცენტმა თამარ ლომოურმა მისი მეცნიერული მუშაობისათვის დატოვება
მოინდომა, მაგრამ ახალგაზრდა პატრიოტის თავზე უკვე შავი ღრუბლები
იკრიბებოდა და იძულებული გახდა სამშობლოს დატოვებაზე ეფიქრა.
მარტო ის არ ყოფილა ამ მდგომარეობაში. და აი, 1929 წლის ოქტომბერში
შეიკრიბა მთელი ჯგუფი იძულებით გადახვეწილებისა (ნიკო და სერგო
ინასარიძეები მეუღლეებით, ალექსანდრე გელოვანი და სხვ.), რომლებიც
მალე თურქეთსი აღმოჩნდნენ: ყარსი, არზრუმი, ტრაპიზონი, სტამბოლი,
- აი, არასრული სია გეოგრაფიული პუნქტებისა, სადაც მათ თურქეთში
დაჰყვეს 1929 წლის ნოემბრიდან 1930 წლის 1 მაისამდე.
ტრაპიზონში ყოფნისას, 1930 წლის იანვარში
ალექსანდრე მანველიშვილს უნახავს სოლომონ მეორის საფლავი.
აი, როგორ აღწერს ამ ფაქტს თავის მოგონებებში:
«7 იანვარს ვინახულე სოლომონ ნეფის საფლავი. მოთავსებულია
ბერძნული ეკლესიის ეზოში. ამ ეკლესიას იცავს ერთი თურქი. საფლავის
ქვა იყო ცოტა გადმოვარდნილი, გვინდოდა საგანგებოდ მივსულიყავით
და ის გაგვესწორებინა, მაგრამ ვეღარ მოვასწარით. აქვე გადმოვიღებ
საფლავის მაღალი შუბლის წარწერას. თუმცა ის მრავალჯერ იყო
გადმოწერილი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გადმოვწერ:
«განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება
და მდებარე ვარ შიშველ და გდებული საფლავსა ამას შიგან ტომისაგან
დავითისა შთამოსული ბაგრატიონი ძე არჩილისა სრულიად იმერთა
მეფე სოლომონ, რომლისთვისაც ვთხოვ ყოველთა მიერ შენდობას.
თებერვლის ზ. ქ-კს ქ-ეს აქეთ ჩყიე» (7 თებ. 1815 წ.)»
...1930 წლის ინავარ-აპრილი ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლში
გაატარა. მან თავის მოგონებებში მოგვცა ფასდაუდებელი ცნობები
იქაურ ქართველ კათოლიკეთა (როგორც ქალთა, ისე მამათა) მონასტრის
და მის მოღვაწეთა გარშემო, კერძოდ, მამა შალვა ვარდიძის შესახებ,
რომელიც მას ახლო ნათესავად ერგებოდა. შალვა ვარდიძე ძლიერ
საინტერესო ფიგურაა ემიგრაციის ისტორიაში. მისი საინტერესო
მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ძირითადად შექმნილია სტამბოლსა
და ბეირუთში, გაფანტულია საზღვარგარეთულ ჟურნალ-გაზეთებში
და მათ დიდ ნაწილს უკვე თავი მოვუყარე. გარდა ამისა, შ. ვარდიძეს
უთარგმნია იტალიელი ავტორის ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი
«ქართველები კონსტანტინეპოლში», რომელიც ამ რამდენიმე თვის
წინ თბილისში გამოვეცით, ხოლო ამჟამად ხელთ ჩამივარდა მის
მიერ თარგმნილი მეორე წიგნი: რ. ჟანენი, «ქართველები იერუსალიმში»,
სტამბოლი, 1921 წ. (ალექსანდრე მანველიშვილისეული ეგზემპლარი
აღმოჩნდა გ. კობახიძის არქივში, ვაშინგტონში). ავტორი გახლავთ
ფრანგი მღვდელი, რომელიც შ. ვარდიძის სიტყვით, «დაინტერესებულა
ქართული ეკლესიის წარსულით, კარგა ხანს დაჰყო პალესტინაში,
ადგილობრივ ინახულა ქართველების ყველა ძველი სავანეები, კრიტიკულად
გამოიკვლია მათი ისტორია და 1913 წელს გამოსცა სათაურით «ქართველები
იერუსალიმში». აი, სწორედ ეს შრომა უთარგმნია ფრანგულიდან
და სათანადო კომენტარები დაურთავს შალვა ვარდიძეს, რომლის
წინასიტყვაობას რ. ჟანენი ასე ამთავრებს:
«ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს
ზეციური განგებით თავიანთი სვე-ბედის პატრონებს – რატა დაიბრუნონ
ის საპატიო ადგილი, რომელიც მათ ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ
დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში; მხოლოდ ამ ეკლესიას
შეუძლია ჯეროვანათ დააფასოს იგინი და იესო მოეპყას მათ, როგორც
თავის საკუთარ შვილებს».
საგულისხმოა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე საუბრის დროს
რ. ჟანენიც იმეორებს ტრადიციულ ცნობას: «ტამარ მეფემ იერუსალიმში
გააგზავნა სახელგანთქმული პოეტი რუსთაველი და გაატანა ძვირფასი
ძღვენი წმინდა-ჯვრის ეკლესიის გასამშვენიერებლად».
დარწმუნებული ვართ, რომ რ. ჟანენის შრომის «ქართველები იერუსალიმში»
შალვა ვარდიძესეული თარგმანი და კომენტარები ღირსეულ ადგილს
დაიჭერს ქართულ პალესტინისმცოდნეობაში.
კონსტანტინეპოლის (სტამბოლის) ქართველ კათოლიკეთა მონასტრის
ბიბლიოთეკის შესახებ ალექსანდრე მანველიშვილი გვაწვდის ასეთ
ცნობას: «ბიბლიოთეკაში ბევრი საინტერესო წიგნი ჰქონდათ. მათ
შორის ხელნაწერებიც. მაგალითად, მათ ჰქონდათ სულხან-საბა ორბელიანის
«ლექსიკონის» რამდენიმე ხელნაწერი, მისი «ევროპაში მოგზაურობა»
და სხვ. აქვე გავიცან პირველად ვახტანგის გამოცემული «ვეფხისტყაოსანი»
(1712 წ.)».
1930 წლის 1 მაისს ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლი დატოვა
და ფრანგული გემით «ანგკორ» საფრანგეთს გაემგზავრა და უკვე
10 მაისს მარსელში ჩავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბინავდა ვალენტინე-ბოლიოში
და დაიწყო მუშაობა პეჟოს ქარხანაში. აქვე გაეცნო «თეთრი გიორგის»
მოძრაობას და მის ლიდერს ლეო კერესელიძეს.
|
ფოტოზე: მოძრაობა «თეთრი გიორგის» ემბლემა |
«თეთრი გიორგი»
საყურადღებო მოვლენაა ჩვენს ისტორიაში, რომელსაც, სამწუხაროდ,
აკლია სათანდო სიღრმით გაშუქება...
...ემიგრაციაში მოხვედრილ ქართველ ახალგაზრდობას არ აკმაყოფილებდა
უფროსი თაობის (კერძოდ, სოციალისტების) პოლიტიკური მოღვაწეობა
და საქართველოში მომხდარ ყველა უბედურებას მას აბრალებდა; ამიტომაც
ბრძოლის ახალი გზების ძიებას შეუდგა, რის ნაყოფიც გახლდათ 1920
-იანი წლების შუა ხანებში, პარიზში, «თეთრი გიორგის» ორგნიზაციის
შექმნა. ამის ტაობაზე პირველ ცნობებს გვაწვდის უცხოეთში მოღვაწე
ქართველი მეცნიერი «ვეფხისტყაოსნის» იტალიურ ენაზე მთარგმნელი,
«თეთრი გიორგის» დამაარსებელთა პირველი ჯგუფის წევრი, პროფესორი
შალვა ბერიძე:
«1924. სექტემბერი. Rue Mosienur le Prince ერთ-ერთ სახლში შევდება
ერთმანეთს 5 ქართველი, სადაც დაისვა საკითხი «ქართველ პატრიოტთა
ლიგის» დაარსების შესახებ. შეხვედრა არ არის შემთხვევითი და აქვს
ფარული ხასიათი; გამოწვეულია ის საქართველოში გართულებული მდგომარეობით
და საქართველოს სოციალისტურ ე.წ. «მთავრობის» უმოქმედობა-უკუღმართობის
განსასჯელად. აზრთა შეტაკების შემდეგ დაადგენენ: დაარსდეს წმინდა
პოლიტიკური ორგანიზაცია ქართველ არა-სოციალისტურ ახალგაზრდობისა
და მას სახელად დაერქვას «მომავალი». მისი ლოზუნგია ამ დროს: «ყველა
ერთისათვის დ ერთი ყველასათვის საქართველოს აღდგენაში». მისი სტრუქტურა
ანტი-სოციალისტურია და «წესდებას», ათი მუხლისაგან შემდგარს, საფუძვლად
ედება მუსოლინის «10 მცნება»...
დადგენილია წევრთა გადიდება ათამდე.
1924 წლის ბოლოს პარიზში ჩამოდის ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თავისი 40-ოდე
შეფიცულით. მას იწვევენ «მომავლის» ერთ-ერთ კრებაზედ დასასწრებლად
«Institut Catholique»-ში, მაგრამ უქეიფობის გამო კრებას ვერ ესწრება
და ანდობს ერთ თავის წარმომადგენელს, გადასცეს სრული თანაგრძნობა
ქართველ არა-სოციალისტთა ახალ ორგანიზაციას, მაგრამ სახელად მას
ეწოდოს «მომავლის» მაგიერ «თეთრი გიორგი». კრება დასტურს სცემს
მის ამ წინადადებას და უთვლის მადლობას. ამის შემდეგ «მომავლი»
გადაიქცევა «თეთრ გიორგად» და ეს სახელი შერჩება სამუდამოდ.
1924 წლის 1 ნოემბერს «თეთრი გიორგის» შემადგენლობა ასეთია:
1. ა. გრიგოლია, 2. ბ. ხუნწარია, 3. შ. ბერიძე, 4. ნ. დგებუაძე,
5. მ. კედია, 6. ბ. მღებრიშვილი, 7. კ. სალია, 8. ე. პატარიძე,
9. კ. კობახიძე, 10. დავ. მხეიძე.
...ახალი ორგანიზაცია გრძნობს თავის სიმცირეს, დადგენილია
მისი შემადგენლობის მიყვანა ოც წევრამდე, მისი კრებები რეგულარულია,
კვირაში ერთხელ, თავმჯდომარეობენ მორიგეობით წევრნი-დამაარსებელნი;
უსახსრობა აბრკოლებს გაზეთის გამოცემას და გეგმის გადიდებას.
1925 წლის დასაწყისში გ. ვეშაპელი დაასწრებს სხვებს და ბეჭდავს
პირველ ქართულ გაზეთს «ახალი საქართველო»-ს. მისი გამოსვლა ახდენს
სენსაციას და იწვევს აღშფოთებას. ბატონი რედაქტორი, თუმცა «არა-ბოლშევიკი»,
ქადაგებს საქართველოში დაბრუნებას და «შერიგებას უკვე დამყარებულ
რეჟიმთან...» გ. ვეშაპელი მიმართავს «თეთრი გიორგის» ორ წევრ დამაარსებელს
«თანამშრომლობისათვის», მაგრამ ეს უკანასკნელნი უპასუხებენ კატეგორიულის
უარით.
პირველ ნომერს თან სდევს მეორე და მისი რჩევის თანახმად მართლა
ბრუნდება საქართველოში ერთი ჯგუფი ქართველ ემიგრანტთა (ვლადიმერ
გუდიაშვილი, ივანე ალიხანაშვილი, დავით კაკაბაძე და სხვ.). «თეთრი
გიორგი» ვერ ურიგდება ასეთს მდგომარეობას და კიდევ უფრო აღშფოთებული
პოეტი მიწიშვილის ახალი პროპაგანდით საბჭითა სასარგებლოდ, თავს
დაესხმის გ. ვეშაპელის ერთ კრებას (აგვისტო, 1925) კაფე «Voltaire»-ში
და სასტიკი ბრძოლის შემდეგ უკარნახებს მეტს სიფრთხილეს. გ. ვეშაპელის
დაბეზღების შედეგად ასამართლებენ «თეთრი გიორგის» წევრთ. ვეშაპელის
ინტერესებს იცავს ცნობილი ბოლშევიკი ვექილი ჰ. ტორრესი, ტავდამსხმელთ
იცავს ფრანგი დეპუტატი ვ. ბატაი და მრავალ მოწმეთა დაკითხვის შემდეგ
ყველა ბრალდებულთ გაამართლებენ, როგორც პატრიოტული აქტის ავტორებს,
ხოლო თვით ვეშაპელი, სასამართლოთგან გამოსვლისას ხდება მსხვერპლად
ერთ ქართველ პატრიოტის პირადი ნაბიჯისა და ამ უკანასკნელს გაასამართლებენ
ეგრეთვე 7-ოდე თვე ციხეში ჯდომის შემდეგ. პოეტ მიწიშვილს დაატუსაღებს
საფრანგეთის მმართველობა, როგორც პოლიტიკურ პროვოკატორს და აგენტს
კომუნისტთა. მას აიძულებენ დაბრუნდეს თბილისში და ეკრძალება სამუდამოდ
საფრანგეთში ჩამოსვლა...
1925 წლის ნოემბერში ჩამოდის სპარსეთ-სირიიტგან ღენ. ლეო კერესელიძე,
რომელსაც «თეთრი გიორგი» ირჩევს ერთხმად თავის მდივნად, რაც უდრის
ბელადობა-თავმჯდომარეობას და ანდობს მასვე «დირექტორიის» შედგენას.
ეს უკანასკნელი უკარნახებს ორგანიზაციას რკინის დისციპლინას და
ჩაუდგამს სულს მის არსებობას გაზეთ «თეთრი გიორგის» დაარსებით.
ამ დროს მის წევრტა რიცხვი აღწევს 40-ს» (იხ. შოთა ბერიძე, მოგონება,
გაზეთი «თეთრი გიორგი», პარიზი, 1933, N. 69-70-71, გვ. 8).
თვით იდეა «თეთრი გიორგის» მოძრაობისა თბილისში, მეტეხის ციხეში
ჩასახულა (შდრ. კ. სალია, «თეთრი გიორგის» წარმოშობა, მისი მიზანი
და ტაქტიკა, გაზეთი «თეთრი გიორგი», პარიზი, 1936, N. 98, გვ.
3). ამას მოწმობს ლექსი, რომელსაც მღეროდნენ მეტეხის ციხეში დამწყვდეული
მამულიშვილნი 1922 წელს (იხ. გაზეთი «თეთრი გიორგი», პარიზი, 1934,
N. 72-73, გვ. 1): «თეთრი გიორგი ქართველ
ერს
მიუძღვის აბჯრის ჟღრიალით,
ჩვენც შევუერთდეთ მამაცებს,
სამფერი დროშის ფრიალით.
ერთად წავიდეთ ბრძოლაში,
ჩავლეწოთ ციხის კარები;
საქარტველოდან ავღგავოთ
ცივ ჩრდილოეთის ჯარები».
ალექსანდრე მანველიშვილმა შემოგვინახა შალვა ბერიძის
მიერ მოწოდებული «თეთრი გიორგის» პირვანდელი სახელწოდებით გაფორმებული
მოძრაობის - «მომავლის» წესდება, შედგენილი ჯერ კიდევ 1925 წლის
10 იანვარს, რომელიც 10 მცნებისაგან შედგება, აქამდე არ გამოქვეყნებულა
და დღემდე არ დაუკარგავს თავისი პატრიოტული და ისტორიული ღირებულება:
«1. საქართველო არის ერი და მისი ტერიტორია. მას აქვს
მოპოვებული საუკუნოებით დამოუკიდებლობის უფლება და მის დამოუკიდებლობას
«მომავალი» ეცდება ყოველივე გზით. 2.
საქართველო არის სახელმწიფო ქართველებისაგან შემდგარი და მათ
შორის სიძულვილის თესვას, სამოქალაქო ომს, რასაც ხელს უწყობენ
სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიები, «მომავალი» გაუწევს ყოველგვარ
წინააღმდეგობას ყოველივე სახსრით.
3. «მომავალი» უარყოფს ყოველგვარი პოლიტიკური პარტიების დამღუპველი
ცდების შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე და ყოველთვის
შეებრძოლება ასეთი ცდების გატარებას საქართველოში.
4. «მომავალი» ეცდება დაუმკვიდროს
საქართველოს მისი ისტორიული ტრადიციები, განმტკიცოს წესრიგი
და ამნაირად შეადუღოს მისი წარსული თავის ბრწყინვალე მომავალთან.
5. «მომავალი» ეცდება განამტკიცოს
ერში სიმდიდრე, გააძლიეროს ერის არსებობისათვის აუცილებელი დარგები,
რომ ერმა შესძლოს საქართველოს განთავისუფლება და ტერიტორიის
დაცვა საკუთარი ძალღონით. «მომავალი» ყოველთვის დაჰგმობს «კუჭის»
მსახურებას, რაც ასუსტებს ერის განვითარებას.
6. «მომავალი» სდგას ყოველივე პარტიის
გარეშე და მისი დევიზია: შრომა, დისციპლინა, პროგრესი, თავდაცვა.
7. «მომავალს» განზრხული აქვს ეროვნული ინტერესების დაცვა, ის
განწირულია მისთვის და ჰგმობს სამუდამოდ პირად ანგარიშს.
8. «მომავალი» ეცდება დაიცვას საქართველო, როგორც გარეშე ისე
შინაგან მტრებისაგან.
9. საქართველო რელიგიაა «მომავლისათვის» და სამშობლოსათვის თავგანწირვა
სავალდებულოა ყოველივე მისი წევრისათვის.
10. «მომავალი» არის თავისუფალი, უწმინდესი
შეფიცვა, უტყუარის პატრიოტიზმით აღჭურვილი და საქართველო სამლოცველო
დიდებაა მისთვის».
...1930 წელს საფრანგეთში ჩასული ალექსანდრე მანველიშვილი შეუერთდა
წმინდა ეროვნული იდეის გარშემო შემოკრებილ ამ ახლგაზრდულ მოძრაობას
და სულ მალე მისი უფროსი თაობის წარმომადგენლებთან – ლეო კერესელიძესა
და მიხაკო წერეთელთან ერთად მისის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი
და მეთაური გახდა.
|
ფოტოზე: გენერალი ლეო კერესელიძე
(1885 - 1944) |
ფოტოზე: : მიხეილ (მიხაკო) წერეთელი
(1878-1965) |
ალექსანდრე მანველიშვილის
განმარტებით, მოძრაობა «თეთრი გიორგის» აზროვნება ქართულ სინამდვილეში
არის ახალი სიტყვა. ეროვნული აზროვნება საქართველოში წინათაც არსებობდა,
მაგრამ ეს უფრო იყო ფრაგმენტალური და ლიტერატურული. მას აკლია
მთლიანობა, ყველა ეროვნულ ღირებულებათა ერთ სისტემაში მოქცევა,
რასაც ფრანგებმა «ინტეგრალური ნაციონალიზმი» უწოდეს და რაც მოიცავს
ეროვნული ცხოვრების ყოველ სფეროს, ერთ მთლიან სისტემაში და ორგანიზაციაში
ჩამოყალიბებულს. ამგვარად, ჩვენი ნაციონალიზმის ხასიათიც გარკვეულია:
«თეთრი გიორგისათვის» ერი წმინდათა წმინდაა. ყველა დანარჩენი მას
უნდა ეწირებოდეს. ერი მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.
დროული უნდა ეწირებოდეს მარადიულს... პიროვნებანი გარდამავალი
და დროული სტუმრები არიან ერის არსებობის პროცესში... ასევე წარმავალნი
არიან საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფორმები, რომლებიც იქმნებიან
ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სამი ათასი წლის მანძილზე ქართველ
ერს მრავალი წყობა და პოლიტიკური ფორმა გამოუვლია. ესა თუ ის ფორმა
იმდენად იყო ხანგრძლივი, რამდენადაც ის დადებითად უპასუხებდა ერის
წარმატებასა და დღეგრძელობას. ჩვენ გვინდა ყოველივე შევწიროთ ერის
კეთილდღეობას. ჩვენ გვინდა დავიხოცოთ ყველა, თუ ეს იქნება თავდები
ერის დღეგრძელობისა, ყველა აზრები, იდეები, სისტემები, ყველაფერი
ერის წარმატებას უნდა ემსახურებოდეს... ერი თუ ბედნიერია, მისი
ყოველი შვილიც ბედნიერია!» (ალექსანდრე მანველიშვილი, თეთრიგიორგული
მოძრაობა და მონარქია, წიგნში: ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო,
1990, გვ. 168 შმდ.).
ალექსანდრე მანველიშვილი განაგრძობს: «ჩვენ გვინდა ჯერ ჩვენი ქვეყნის
თავისუფლება მოვიპოვოთ... თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითა
და თავგანწირვით შეიძლება. მაგონდება ლეგენდა: ინდოეთის ელჩი ირანში,
ისპაანის სასახლეს ემშვიდოებებოდა სასახლეში შენიშნა თუთუყუში
ოქროს გალიაში და მას მიმართა: შენც ხომ არაფერს დამაბარებ ინდოეთის
სასახლის თუთიყუშთანო. თუთიყუშმა უთხრა: გადაეცი, რომ მე ტყვედ
ვარ გამომწყვდეული ოქროს გალიაშიო. ელჩი დაბრუნდა და ინდოეთის
სასახლის თუთიყუშს მოახსენა დაბარეული. თუთიყუშს დრდისაგან გული
გაუსკდა და იქვე ფეხები გაშალა. გალიიდან გამოიღეს და მინდვრად
გადააგდეს. ამ დროს თუთიყუში აფრინდა და მიაძახა: თავისუფლება
ისეთი საქონელია, რომლის მოპოვება მხოლოდ სიკვდილით შეიძლებაო!...»
(იქვე. გვ. 179).
სახელმწიფო მართვის ფორმად «თეთრი გიორგი» თავისუფლების მოპოვების
პირველ ხანბეში, ასე ვთქვათ, გარდამავალ პერიოდში, ვარაუდობდა
«ეროვნულ დიქტატურას, ნაცვლად პარტიული დიქტატურისა, რომელი მხრიდანაც
არ უნდა მოდიოდეს ის. ხოლო დამყარდება რა ნორმალური მდგომარეობა,
ე.ი. შეიქმნება ობიექტური პირობები ნორმალური რეჟიმის არსებობისა,
ჩვენ ვიღებთ ამ რეჟიმის საფუძვლად პარლამენტს თავის განახლებულ
ფორმებში (იხ. «თეთრი გიორგი», პარიზი, 1926, N. N. 1-2).
თავის მთლიანად თეთრ, შავ შინდისფერ ალმით გარშემოვლებულ დროშაზე
«თეთრი გიორგის» მოძრაობას ოქროსფერი ასოებით წარწერილი ჰქონდა
დევიზი: «საქართველო უპირველეს ყოვლისა!». მას ჰქონდა საკუთარი
ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი «თეთრი გიორგი», რომლის პირველი ნომერი
პარიზში გამოვიდა 1926 წლის 25 აგვისტოს. «თეთრი გიორგის» გამოცემა
გაგრძელდა 1939 წლის ივლისამდე (სულ 106 ნომერი დაიბეჭდა).
ერთ ხანს ალექსანდრე მანველიშვილი «თეთრი გიორგის» ფაქტიური რედაქტორი
და მისი აქტიური ავროტი იყო. ამ გაზეთში მან გამოაქვეყნა 30-მდე
წერილი და გამოკვლევა, მათ შორის: პ. ინგოროყვას Rustveliana და
ვეფხისტყაოსნის პრობლემა, N.N. 32, 33, 35; დეცენტრალიზაციის პრინციპი
ძველი საქართველოს წეს-წყობილებაში, N.N. 39, 40; ქართული სოციალ-დემოკრატია
და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ეროვნულ-ისტორიული თვალსაზრისით,
N.N. 50, 51; 1832 წლის შეთქმულება, N.N. 53, 54; ჟორდანიას მთავრობა
და ემიგრაცია, N. 61; დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის,
N.N. 64, 65 და სხვ. ამ უკანასკნელის მხოლოდ დასაწყისი ნაწილი
დაიბეჭდა, მთლიანად კი ცალკე წიგნად უნდა გამოსულიყო პარიზში 1933
წელს, ის აუწყვიათ და ყდაში ჩაუსვამთ კიდეც, მაგრამ რატომღაც მისი
გამოცემა შეფერხებულა.
პარიზში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილი დიდ მატერიალურ
სიდუხჭირეს განიცდიდა, მაგრამ სულით არასდროს დაცემულა და დღედაღამ
წიგნზე მუშაობით ტავის გონებრივ ჰორიზონტს იფართოვებდა. ამაში
მას დიდად ეხმარებოდა პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა, რომლის
მუდმივი სტუმარი იყო იგი თითქმის 25 წლის განმავლობაში. 30-იან
წლებში იქ მუშაობდნენ პროფესორები ზურაბ ავალიშვილი და შალვა ბერიძე,
რომლებმაც მას გააცნეს ბიბლიოთეკის ყველა საიდუმლოება, რათა მასალისთვის
ადვილად მიეგნო. მათ ამაგს ალექსანდრე მანველიშვილი დღემდე დიდი
მადლიერების გრძნობით იგონებს... ამას გარდა, ალექსანდრე მანველიშვილი
ჩაეწერა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა
გამოჩენილ ფრანგ მეცნიერთა ლექციებს...
ამასობაში «თეთრი გიორგის» ორგანიზაციაში განხეთქილებამ იჩინა
თავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხაკო წერეთელი პარიზიდან
ლექციების წასაკითხად ჯერ ბრიუსელში და მერე ბერლინში მიიწვიეს.
მართალია «თეთრი გიორგის» რედაქტორად კვლავ მიხაკო წერეთლის გვარი
ეწერა, მაგრამ გაზეთის გაძღოლა მთლიანად ალექსანდრე მანველიშვილს
დააწვა მხრებზე, ამავე დროსი, იგი ლეო კერესელიძის მოადგილედ ითვლებოდა
(კ. დადიანის შემდეგ). მიხაკო წერეთელი ბერლინიდან დაჟინებით ითხოვდა
მისი გვარის მოხსნას გაზეთიდან, მაგრამ ალექსანდრე მანველიშვილი
არ ეთანხმებოდა, რადგან სურდა მიხაკო წერეთლის დიდი ავტორიტეტის
წყალობით გადაერჩინა გაძეთიც და «თეთრი გიორგის» მოძრაობის მთლიანობა.
მაგრამ ზავი მაინც დამყარდა, გათიშვა გარდაუვალი გახდა: უთანხმოების
ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ის, ზოგიერთმა თავადური წარმოშობის თეთრგიორგელმა
უღალატა ინტეგრალური ნაციონალიზმის იდეას და წოდებრივი ფაქტორის
წინ წამოწევა მოინდომა (კერძოდ, იყო ცდა პარიზში თავად-აზნაურთა
საზოგადოების დაარსებისა). ამას ზედ დაერთო უფროსი თაობის თეთრგიორგელი
ხელმძღვანელის ამბიციები, უსაფუძვლო ინტრიგები და მითქმა-მოთქმა,
რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ 1933 წლის ბოლოს ალექსანდრე მანველიშვილი
რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ორგანიზაციულად გამოეყო მათ (ხოლო
იდეოლოგიურად ისინი ფაქტობრივად ერთად დარჩნენ) და დაარსა ახალი
ორგანო – გაზეთი «მომავალი», რომლის პირველი ნომერი გამოიცა პარიზში
1934 წლის თებერვალში, ხოლო უკანასკნელი N. 13-14 კი 1938 წლის
ნოემბერში.
გაზეთ «მომავალში» გამოქვეყნებული ალექსანდრე მანველიშვილის 22
წერილიდან (ზოგიერთი ხელმოწერილია ანდრო დოლიძის და ყარამანის
ფსევდონიმებით) დავასახელებთ მხოლოდ ზოგიერთს: «ჩვენი თაობის ამოცანები»
N.N. 1,2; «პარტიები და სინამდვილე», N. 2; «საქართველო და ჯვაროსნობა»,
N. 4; «საქართველოს ეროვნული დროშა», N. 7; «თეთრგიორგელი მოძრაობა»,
N. 9, 10-11, 12; «მცირე შენიშვნა ლაზებზედ», N. 10-11; «ორიოდე
სიმართლე ილია ჭავჭავაძეზედ» N.N. 10-11, 12, 13-14; «კართაგენი
უნდა დაინგრეს», N. 13-14; «ვეფხისტყაოსნის ეროვნული ხასიათი»,
N. 10-11.
მეორე მსოფლიო ომის წინ ქართული ემიგრაცია დაქსაქსული იყო რამდენიმე
პოლიტიკურ პარტიად თუ ორგანიზაციად. ესენი იყვნენ:
1. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა (ნ. ჟორდანია – ი. წერეთლის ოპოზიციით);
2. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (პირველი სეპარატისტი იყო გრიგოლ
ვეშაპელი, რომელიც დამპყრობელ ბოლშევიკებთან შერიგების ქადაგებას
ემსხვერპლა; გიორგი გვაზავა - ივანე ზურაბიშვილის ჯგუფი მენშევიკებთან
თანამშრომლობდა; ერთ მხარეს იდგა სპირიდონ კედია თავისი დაჯგუფებით,
მეორე მხარეს კი - ალექსანდრე ასათიანი, რევახ გაბაშვილი, შალვა
ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, ელისე პატარიძე და სხვ. (მეტ-ნაკლები
თანხმობით), ხოლო მთლად განზე – შალვა ქარუმიძე;
3. სოციალისტ-ფედერალისთთა პარტია (სამსონ ფირცხალავა, ფილიპე
შარაძე, ნიკო ურუშაძე...), რომელიც ასევე მენშევიკებთან მხარში
დგომას ამჯობინებდა;
4. ესერების პარტია (ილ. ნუცუბიძე, ი. გობეჩია) / ისინის მენშევიკების
წრეში მოექცნენ;
5. იუნკერთა კავშირი (ვ. ნანუაშვილი და სხვ.);
6. თეთრი გიორგი (ლ. კერესელიძე, ალ. მანველიშვილი და სხვ.);
7. ე.წ. ბამატის ჯგუფი (ზ. ავალიშვილი, გ. კვინიტაძე, შ. ამირეჯიბი
და სხვ.).
თავის «მოგონებებში» ალექსანდრე მანველიშვილი ასე აფასებს შექმნილ
მდგომარეობას: «აღნიშნული სახის დაშლილობის პირობებში, როდესაც
მტელი მოწინავე წრეების ენერგია ურთიერთ ქიშპობას ელეოდა, თავიდანვე
ცხადი უნდა ყოფილიყო ჩვენი საქმის უნაყოფობა. ხშირად ბრძოლა იყო
სულ არაფერზე, ისე როგორც ორი ქაჩალი წაიჩხუბნენ სავარცხელის გარშემო.
ყველა, ცოტა ბევრად წამოწეულ პირს თავი ყარამანად წარმოედგინა,
ხოლო თავისი ჯგუფი ერთადერთ მხსნელად საქართველოსი. და რაც ყველაზე
მეტად კომიკურ-ტრაღიკული იყო, ყველას უნდოდა, რომ საქართველო მარტო
მისი ხელით განთავისუფლებულიყო. მას არ უნდოდა დიდებისა და დამსახურების
გაყოფა სხვისთვის. ხოლო ამნაირად განთავისუფლებული საქართველოს
ბატონიც ის იქნებოდა. საბრალო საქართველოვ!».
1939 წელს დაბადებულმა ჰიტლერ-სტალინის თავდაუსხმელობის პაქტმა
ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას ზურგი შეაქცევინა გერმანიისადმი,
როგორც რუსეთის დამანგრეველი ძალისადმი. ამიტომ მათ იმედიანი მზერა
ინგლის-საფრანგეთზე გადაიტანე, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისს დაწყებულმა
ომმა ქართველი ემიგრანტები კვლავ შემოატრიალა გერმანიისკენ. ალექსანდრე
მანველიშვილის სიტყვებით, «გვეგონა, რომ გერმანიის მთავრობა ახლავე
გადმოისვრის იდეას საბჭოთა ერების დამოუკიდებლობის შესახებ. მაგრამ
ჰიტლერს რომ ასეთი ჭკუა გამოეჩინა, ის ჰიტლერი აღარ იქნებოდა!»
ყოველ შემთხვევაში, ომის პირველ ეტაპზე იმედის ნაპერწკალი მაინც
ბჟუტავდა. ალექსანდრე მანველიშვილი განაგრძობს: «ამ დროს ბერლინში
თავმოყრილი იყო ერთი ჯგუფი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეებისა,
მოწვეული გერმანიის მთავრობის მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ესენი
იყვნენ: ზ. ავალიშვილი, ლ. კერესელიძე, დ. ვაჩნაძე, შ. ამირეჯიბი,
სპ. კედია, შ. მაღლაკელიძე (იგი მთავრობის მიერ არ იყო მოწვეული,
ის ირაკლი ბაგრატიონის გზით თუ სხვა ჩემთვის უცნობი გზით აქ იყო),
ირაკლი ბაგრატიონი და მ. წერეთელი; აქვე იყვნენ მოწვეული კავკასიელი
მოღვაწენი, მათ შორის, კავკასიელი რასულ-ზადე და შამილი, დიდი
შამილის შვილის შვილი, რომელიც ამ დროს სცხოვრობდა სტამბოლში.
შამილი აქ გავიცან პირველად, ხოლო აზერბაიჯანის მუსავატის პარტიის
მეთაურს მე უკვე 1930 წლიდან ვიცნობდი.
გერმანელბს მიზნად ჰქონდათ მოეწყოთ საქართველოს და საერთოდ, კავკასიის
კომიტეტები; ქართველ მოღვაწეთა შორის ახალი თაობიდან მხოლოდ ირაკლი
ბაგრატიონი იყო. რაკი მე მათ ყველას კარგად ვიცნობდი, ყველა ვინახულე
და მერეც მუდამ დღე ვხვდებოდი მათ.
ამ საქმეს მეთაურობდა გრაფი შულენგურგი. ის იყო გერმანიის წარმომადგენელი
საქართველოში 1918 წელს და გულწრფელად გვმეგობრობდა. ომის წინ
იყო ელჩად რუსეთში და ომის დროს რუსეთის საკითხის უმაღლეს კომისრად
საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერე გამოირკვა, რომ ის ყოფილა
შეთქმულ მხედართა ორგანიზაციის წევრი და თუ ჰიტლერს მოჰკლავდნენ
და გადატრიალებას მოაწყობდნენ, ის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა
მინისტრად ყოფილა დასახელებული. და როდესაც 1944 წელს ჰიტლერი
თავდასხმას გადაურჩა, სხვებთან ერთად შულენბურგიც დახვრიტა. |
ფოტოზე:
ბაგრატიონთა მუხრანბატონების
შტოს შთამომავალი,
ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ევროპაში
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1909-1977) |
ფოტოზე: გერმანელი დიპლომატი,
გერმანიის კონსული თბილისში (1911-1914), 1918 წელს საქართველოში
მივლინებული გერმანიის დელეგაციის წევრი, საქართველო-გერმანიას
შორის 1918 წელს დადებული ხელშეკრულების (რომლითაც გარანტირებული
იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა) მნიშვნელოვანი
მონაწილე, 1918 წელს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში,
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, გერმანიის
წარგზავნილი თეირანში და ბუქარესტში, გერმანიის ელჩი ბეირუთში,
დამასკოში და სსრკ-ში (1934-1941), და ჰიტლერის წინააღმდეგ 1944
წლის 20 ივლისის შეთქმულების მონაწილე ფრიდრიჰ-ვერნერ გრაფი
ფონ დერ შულენბურგი (1875-1944)
|
როგორ დაიწყო
ამ კომიტეტობიას ამბავი, ამაზე მხოლოდ ლეგენდაა: ინიციატივა მოვიდა
რომიდან: იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩიანო, სიძე მუსოლინისა.
ჩიანოს მეუღლე, ქალიშვილი მუსოლინისა, ყოფილა ახლო მეგობარი ირაკლი
ბაგრატიონის მეუღლისა, რომელიც იყო იტალიელი ქალი. ამ გზით დაუინტერესებიათ
ჩიანო, რომელმაც თითქოს თავის მხრივ ეს იდეა მიაღებინა გერმანიის
საგარეო საქმეთა მინისტრს რიბენტროპს. ირაკლი ბაგრატიონი ნაგულისხმები
ყოფილა ქართული კომიტეტის თავმჯდომარედ...»
გერმანიაში ყოფნის დროს ალექსანდრე მანველიშვილი განაგრძობდა ლიტერატურულ
მოღვაწეობას პარიზსა და ბერლინში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ
პრესაში (ზოგიერთი მათგანი გამოქვეყნებულია ალი-ბაბას, ბაბას,
ყარამანის და ლეგიონერ ალავერდელის ფსევდონიმებით). აი, ზოგიერთი
მათგანი: პრომეთეოსი (პატარა ლეგენდა), გაზეთი «საქართველო», N.
5, 1942, ბერლინი; დამოუკიდებლობის დღე, გაზეთი «ლეგიონერი», N.
39, 1944, პარიზი; დავითის გმირობა (ისტორიული ამბავი), გაზეთი
«ლეგიონერი», N. 56; საქართველოს გაერთიანების ისტორია (შვიდ ფელეტონად),
გაზეთი «ლეგიონერი», N. 52, 53, 54, 55, 57, 58, 61,1944; ვაჟა-ფშაველა
და ქართული კულტურა, ჟურნალი «ქართველი ერი», N. 6/7, ბერლინი,
1944... ამას გარდა, პარიზში, 1944 წელს ცალკე წიგნაკად გამოიცა
ალექსანდრე მანველიშვილის «სოციალური საკითხები», რომელშიც შევიდა
გაზეთ «ლეგიონერში» დაბეჭდილი პატარა წერილები: «სამშობლო», «პატრიოტიზმი»,
«ოჯახი», «საზოგადოება და პიროვნება», «ერი», «სახელმწიფო» და
სხვ.
1944 წლიდან ალექსანდრე მანველიშვილი კვლავ პარიზში დაბრუნდა.
აქ იგი მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა გერმანიიდან საფრანგეთში
მოხვედრილ ქართველ ტყვეებს. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოდ
წიგნაკი «ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი» და როგორც ავტორი
წერს: «ის მალეც დაიბეჭდა პარიზში, 1944 წელს, სულ შვილი ათასი
ცალი, მაგრამ მდგომარეობა ისე ვითარდებოდა, რომ ამ წიგნაკს აკინძვაც
აღარ ეღირსა. ინგლის-ამერიკელები უკვე პარიზში იყვნენ. კარგა ხანი
გავიდა და ომის შემდეგ სტამბის დირექტორმა, რომელთანაც მეგობრულა
ვიყავი, მითხრა: ამდენი ხანია თქვენს ხელნაწერს ვინახავთ, ან აკინძეტ
და წაიღეთ, ანდა გადავყაროთო და გადასახადიც მეტად მცირე დამისახელა
შექმნილი მდგომარეობის გამო. ეს ფული გადავუხადე, ასი ცალი ავაკინძინე
და სხვები გადავყარე». ამ ასი ცალიდან გადარჩენილი ერთი უნიკალური
ეგზემპლარი ბატონმა ალექსანდრემ მე მისახსოვრა.
ფაშისტური გერმანიის უკანასკნელი ძალები იწურებოდა... პარიზის
კომენდანტმა გენერალმა შოლტიცმა ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა
და ასაფეთქებლად მომზადებული პარიზი არ ააფეთქა. ამისთვის ფაშისტ
გენერალს დახვრეტა მოელოდა, მაგრამ მას დროზე უშველეს საფრანგეთის
დედაქალაქში შემოსულმა გენერალ დე გოლის და გენერალ ეიზენჰაუერის
ჯარებმა.
ამნაირად, პარიზი გადარჩა დანგრევას. ეს უზარმაზარი ძეგლი, ნიმუში
მსოფლიო სილამაზისა და ფრანგი ხალხის შრომითა და ოფლით ნაშენი
მთელი ათას ხუთასი წლის განმავლობაში. ასე გადარჩა ცოფიანი ადამიანის
შურისძიებას ეს ულამაზესი ქალაქი მსოფლიოსი...».
ფრანგები განთავისუფლდნენ, მაგრამ რა ბედი მოელოდა ქართულ ემიგრაციას,
არავინ იცოდა, რადგან გერმანელები დამარცხდნენ, ხოლო რუსი კომუნისტების
მდგომარეობა განმტკიცდა.
საბედნიეროდ, ქართველებს მშველელად მოევლინა გენერალი კოენიგი,
რომელიც ითვლებოდა საიდუმლო შეიარაღებული ძალების უფროსად და გენერალმა
დე გოლმა სამხედრო მინისტრად დანიშნა. ეს იყო მეგობარი პოლკოვნიკ
ამილახვრისა, რომელიც გმირულად დაეცა აფრიკაში ფრანგების მხარეს
და მას დიდად აფასებდა გენერალი დე გოლი. აი, ამ გენერლის დახმარებით
ქართულ ემიგრაციას არაფერი ავნეს, მით უმეტეს, რომ კომუნისტებმაც
შემრიგებლური გზა აირჩიეს და ემიგრანტებს ისიც გაუხსენეს, რომ
ომის დროს ეხმარებოდნენ საბჭოთა ტყვეებს (ამის თაობაზე საბჭოთა
ელჩს მადლობის ნიშნად პარიზში საგანგებო საჯარო მოხსენებაც კი
წაუკითხავს ემიგრაციისათვის).
როგორც მალე გაირკვა, საბჭოთა დიპლომატიას თურმე საკუთარი ანგარიშები
ჰქონდა, როცა ქართული ემიგრაციის გულის მოგებას და მასთან დაკავშირებული
ხიდის გადებას ცდილობდა: ეს იყო, პირველ რიგში, 1921 წელს საქართველოდან
მთავრობის მიერ წაღებული ეროვნული განძის დაბრუნება და მეორე,
რაც არანაკლებ აღელვებდა კრემლს, - ქართული პოლიტიკური ემიგრაციის
უკან ჩამოყვანა, რათა შემდეგ მათ სათითაოდ გასწორებოდა (ამ მიზნით
პარიზის საბჭოთა საელჩოში მიავლინეს პროფესორი ილია თავაძე).
მართლაც, მოსკოვმა სულ მთლად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მიაღწია
საწადელს: 1945 წლის გაზაფხულზე საფრაგეთიდან მომავალი ეროვნული
განძით დატვირთული თვითმფრინავი მოხუცი ექვთიმე თაყაიშვილის თანხლებით
თბილისის აეროპორტში დაფრინდა (ამაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი
ითამაშა ემიგრანტული მთავრობის თანხმობამ!), ხოლო სტალინ-ბერიას
უხვი დაპირებებით შემცდარი ზოგი ქართველი ემიგრანტი (მაგალითად,
სამსონ ფირცხალავა, გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, მწერალი ნიკოლოზ
ინასარიძე და სხვ.) სამშობლოში კი დაბრუნდა, მაგრამ მალე ციმბირისა
და შუა აზიის ტრამალებისკენ უქნეს პირი და იქ ამოხდათ ტანჯული
სული...
ალექსანდრე მანველიშვილი არ წამოეგო ამ ანკესს. იგი ვერ შეაცდინა
თვით ნოე ჟორდანიას დეკლარაციამაც, რომელიც 1946 წლის 5 ოქტომბერს
დაიწერა პარიზში და იყო ერთგვარი მოწოდება სამშობლოში დაბრუნებისაკენ,
მაგრამ ქართული ემიგრაციის უმრავლესობამ იგი არ მიიღო. ნოე ჟორდანიას
ეს დეკლარაცია განსაკუთრებით მკაცრად გააკრიტიკეს გამოჩენილმა
პოლიტიკურმა მოღვაწეებმა დავით ვაჩნაძემ და დავით საღირაშვილმა.
ასე იყო თუ ისე, ამ ამბების შემდეგ ქართული ემიგრაცია ნელ-ნელა
დაწყნარდა, ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშებას შეუდგა, დამსხვრეული
იმედებისა და ილუზიების ტყვეობიდან დაიწყო განთავისუფლება, თეორიულად
ეროვნულ საკითხსა და პატრიოტიზმში ყველა გაერთიანდა, მოხერხდა
ჟურნალ «ამირანის» ერთი ნომრის გამოცემა, მაგრამ ასე დიდხანს არ
გაგრძელებულა. იდეურ-პოლიტიკურმა ინტერესებმა კვლავ წამოყო თავი
და ომამდელი პარტიული ქიშპი კვლავ განახლდა: ცალკე იდგა მენშევიკური
ფრთა – ფაქტობრივად ყოფილი ეროვნული მოძრაობა და მისი ერთგული
ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) პარტია, თითქმის
ყველა დანარჩენი ნაწილი ემიგრაციისა წარმოადგენდა ოპოზიციას.
გაერთიანება ისევ ნოე ჟორდანიამ სცადა, მაგრამ ვერც მთლად წარმატებით:
ნაციონალისტების გარეშე სხვადასხვა პარტიული ჯგუფებიდან შეადგინეს
«ეროვნული საბჭო», ხოლო ნაციონალისტებმა - «ეროვნული ცენტრი» დაარსეს,
რომლის საპატიო თავმჯდომარედ მოიწვიეს დამოუკიდებელი საქართველოს
ყოფილი მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, ფაქტიურ თავმჯდომარედ
– რ. გაბაშვილი, ხოლო პასუხისმგებელ მდივნად - ალექსანდრე მანველიშვილი.
«ეროვნული საბჭომ» თავის ორგანოდ პარიზში 1952 წელს გამოსცა ჟურნალი
«მებრძოლი საქართველო», ხოლო «ეროვნული ცენტრმა» გაზეთი «საქართველოს
დამოუკიდებლობა». ამ უკანასკნელში ალექსანდრე მანველიშვილმა გამოაქვეყნა
რამდენიმე წერილი: ორი ისტორიული თარიღი (ჟამთა-აღმწერლის ფსევდონიმით),
N. 1; ეროვნული ერთობის პრინციპი, N. 1; სამარცხვინო აქტი N. 2;
ჩვენ და რუსეთი N. 2; ზოგი რამ ისტორიიდან N. 3.
კვლავ მალე დაიწყო რღვევა: ფაქტობრივად დაშალა როგორც «ეროვნული
საბჭო», ისე «ეროვნული ცენტრი», ყოველ შემთხვევაში ალექსანდრე
მანველიშვილმა პარიტეტული ნიადაგის მოშლის გამო მიატოვა «ეროვნული
ცენტრი», ხოლო «თეთრი გიორგის» ორგანიზაციას ნელ-ნელა აკლდებოდა
მისი წამყვანი წევრები.
1953 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა «ეროვნული ცენტრი» დატოვა,
მან პარიზში გამოსცა ჟურნალი «ერის დიდება». სულ 1953 წლის აპრილიდან
1958 წლის მაისამდე გამოვიდა შვიდი ნომერი. «ერის დიდება» არ იყო
პარტიული ორგანო, იგი პოლიტიკასთან ერთად ქართული მეცნიერების,
მწერლობის და ხელოვნების საკითხებს ემსახურებოდა: «განსაკუთრებით
მინდოდა საქართველოს ლიტერატურას ფართოდ გამოვხმაურებოდი. ამ მხრივ
ემიგრაციაში სრული სიცარიელე იყო და სწორედ ამ დროს დაიწყო ცოტაოდენი
წიგნების მოსვლა საქართველოდან პარიზში; ეს მით უფრო საჭირო იყო,
რომ მთელ რიგ საკითხებს საქართველოში მიუდგომლად ვერ შეაფასებდნენ
შექმნილი პირობების გამო. უცხოეთიდან უნდა გვეთქვა ის, რის თქმაც
იქ არ შეეძლოთ. ჩვენ თავისუფალი ვიყავით ყოველგვარი ცენზურისგან
და უფრო მიუდგომლად შეგვეძლო ყველაფრის შეფასება» - წერს ალექსანდრე
მანველიშვილი.
«ერის დიდებაში» თანამშრომლობდნენ ელ. მაყაშვილი, ს. იანთელი,
ილ. ჯაბადარი, ექ. ი. ხოჭოლავა, ბ. დგებუაძე, ი. სენაკელი, ვახ.
ციციშვილი, რ. გაბაშვილი, გ. ნოზაძე, ვახ. ღამბაშიძე, შ. კალანდაძე,
ვიქ. ნოზაძე... მაგრამ მთავარი ავტორი ჟურნალისა მაინც ალექსანდრე
მანველიშვილი გახლდათ. აქ გამოქვეყნდა ისტორიულ-ლიტერატურული და
პოლიტიკური ხასიათის მისი შემდეგი წერილები: ერის დიდება, N. 1,
2, 3; კოსმიური ჰარმონია, N. 1; სიცოცხლის ევოლუცია და ადამიანი,
N. 2; სოციალური ფენომენი, N. 3; ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
ლიგა, N. 3; საქართველო და ირან-ოსმალეთი, N. 4; პიროვნება და
საზოგადოება, N. 4 და 5; ილია ჭავჭავაძის ეროვნული მოძღვრება,
N. 5; 26 მაისი (როგორ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება),
ენა როგორც სოციალური ფაქტორი, N. 6; ამათ გარდა, «ერის დიდების»
მეხუთე-მეექვსე ნომრებში დაბეჭდილია ალექსანდრე მანველიშვილის
მიერ დაწერილი ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები ვ. ბერიძის, ც. გაბაშვილის,
პ. გუგუშვილის, შ. რადიანის, ვ. ჯაფარიძის, მიქ. თარხნიშვილის,
დ. ვაჩნაძის, კ. გამსახურდიას, აბ. კიკვიძის, დ. გვრიტიშვილის,
დ. კაპანაძის და რ. ორბელის წიგნებზე.
1954 წელს ვახტანგ ციციშვილთან ერთად ალექსანდრე მანველიშვილმა
პარიზში დაარსა ფრანგული ჟურნალი «L' Action Georgienne» («აქსიონ
ჟორჟიენ»)< როგორც ორგანო «საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
ლიგისა», გამოვიდა სულ 22 ნომერი და ნივთიერი ხელმოკლეობის გამო
მისი გამოცემა 1956 წლის იანვარში შეწყდა. «აქსიონ ჟორჟიენს» დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა უცხო ენაზე ქართული საკითხის პროპაგანდისა
და ფართო გავრცელებისათვის. ამიტომაც იყო, რომ მასში ფრანგულ ენაზე
გამოქვეყნებულ ალექსანდრე მანველიშვილის წერილებს პოლიტიკური და
საპროპაგანდო ხასიათი ჰქონდათ. ესენია: საქართველოს დამოუკიდებლობა,
N. 1; საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ლიგა, N. 1; ევგენი
გეგეჭკორი, N. 2; ხალხის ციხე და დატყვევებული ხალხი, N. 3; ერის
განთავისუფლებისაკენ, N. 4-5; ირანი, თურქეთი, საქართველო, N.
6; ევროპის გაერთიანება, N. 7; საფრანგეთი და საქართველო, N.N.
9, 10, 11; საქართველოს დაპყრობის 34 წლისთავი, N. 12; ისტორიის
მოსაბრუნი N. 14-15.
უცხოურად, გარდა ამ ფრანგული წერილებისა, ალექსანდრე მანველიშვილს
გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები იტალიურ და ინგლისურ ენებზე: რუსულ-ქართული
ურთიერთობანი, ჯურნალი «Fronte Unio», რომი 1938; ქართული კულტურის
სული, ჟურნალი «The Voice of free Georgia», ნიუ-იორკი, 1953,
N. 2.
გარდა საკუთარი პერიოდული ორგანოებისა, 50-იან წლებში ალექსანდრე
მანველიშვილი სხვა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებშიც იბეჭდებოდა,
კერძოდ, იხილეთ მისი წერილები: ძელი ცხოვრებისა, ჟურნალი «ბედი
ქართლისა», (რედ. კ. სალია, პარიზი, 1955, N. 20; გიორგი მერჩულე
(რეცენზია პ. ინგოროყვას წიგნისა), «კრებული» (რედაქტორი გ. კობახიძე),
ნიუ-იორკი, 1957; დიდი ილიას ხსოვნას, გაზეთი « ქართული აზრი»,
N. 15; 1921 წელი, თებერვალი (სერგო ქავთარაძის წერილის გამო),
«ქართული აზრი», N. 22-23.
1958 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დატოვა ევროპა და ამერიკაში
გადასახლდა. 26 აგვისტოს იგი უკვე ვაშინგტონში იყო. აქ დაიწყო
მისი ახალი ცხოვრება: ჯერ იყო და 54 წლის ასაკში დაოჯახდა, შეირთო
სტამბოლელი ქალი, რომლისგანაც ორი ვაჟი – პეტრე და პავლე შეეძინა...
ალექსანდრე მანველიშვილმა თავისი ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
და სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობა: ამერიკაში მან გამოქვეყნა
რემდენიმე სქელტანიანი წიგნი, ხოლო წერილებს კვლავ ევროპაში გზავნიდა
და პარიზში გამომავალ ჟურნალებში «კავკასიონსა» (რედაქტორი ვიქტორ
ნოზაძე, მისი სიკვდილის შემდეგ – გ. ყიფიანი) და «ივერიაში» (რედაქტორი
მიხეილ ქავთარაძე) ბეჭდავდა. |
ფოტოზე: ალექსანდრე მანველიშვილი ვაჟიშვილებთან, ვაშინგტონი,
1964 წ. |
ჯერ ჩამოვთვლით
«კავკასიონში» გამოქვეყნებულ ალექსანდრე მანველიშვილის წერილებს
«ლაშარელა» გრიგოლ აბაშიძისა, N. 9, 1964; «ვეფხისტყაოსნის»
სერგო წულაძის ფრანგული თარგმანის შესახებ, N. 11, 1966; «რუსთაველიანას
ეპილოგი» (რამდენიმე შენიშვნა პავლე ინგოროყვას გამოკვლევის
შესახებ), N. 11, 1966; გამოხმაურება გიორგი ყიფიანის ლექსებზე,
N. 12, 1967; რუსთაველის სოციალური და პოლიტიკური დოქტრინა,
N. 12, 1967; მიხეილ თამარაშვილი (შ. ლომსაძის მონოგრაფია),
N. 12, 1967; დიდი წარსულის მემკვიდრეობა (თბილისის უნივერსიტეტის
შესახებ), N. 13, 1968; ილია ჭავჭავაძე (პ. რატიანის წიგნზე),
N. 14, 1970; ეროვნული საკთხი საბჭოთა კავშირში, N. 14, 1970;
ქართული ფილოსოფიის ისტორია შალვა ნუცუბიძისა, N. 15, 1971;
წიგნები და ადამიანები, (ვ. ნოზაძის ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველების
გამო), N. 18, 1976; ვეფხისტყაოსნის დიალექტი, N. 20, 1981;
რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულება, N. 21, 1986; პოლონეთის
მწარე ბედი, N. 21, 1986.
ახლა ჟურნალ ივერიაში ჩავიხედოთ: რუსეთი ორიენტაცია, N. 27,
1984; სოლჟენიცინის მთავარი გაკვეთილი, N. 27, 1984; აფხაზეთის
გარშემო, N. 28, 1985; ბრძოლა თავისუფლებისათვის, N. 29, 1986;
საქართველოს დიდი მკვლევარი (პროფესორი დევიდ მარშალ ლანგი),
N. 31, 1987; ჩემი მოგონებიდან N. 34, 1990.
ერთი წერილი «მასალები ძველი საქართველოს სამხედრო ორგანიზაციის
შესახებ» ალექსანდრე მანველიშვილს პარიზში გამომავალ ჟურნალ
«მხედარში» ჰქონდა დაბეჭდილი.
წერილთა მხოლოდ სათაურების ასეთი უბრალო ჩამონათვალიდანაც აშკარაა,
თუ რაოდენ ვრცელი და ღრმაა ალექსანდრე მანველიშვილის ინტერესთა
სფერო, რა მასშტაბურია მისი ცოდნისა და კულტურის თვალსაწიერი...
ამას დაუმატეთ წლების განმავლობაში მისი მოღვაწეობა რადიოსადგურებში
- «კავკასიონი», «თავისუფლება» და «ამერიკის ხმა», გაეცანით
მათთვის დაწერილ და გადაცემულ ალექსანდრე მანველიშვილის ხელნაწერებს
(სულ 217 სკრიპტი, რომელიც ერთ სქელტანიან ტომად აკინძული ავტორმა
მისახსოვრა) და ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ ამ ადამიანის
ტიტანურ შრომასა და ენერგიაზე (ალექსანდრე მანველიშვილის რადიოგადაცემებიდან
დავასახელებთ ზოგიერთს: იაკობ გოგებაშვილი; სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა
ამერიკასა და საქართველოში; ამერიკელი მეცნიერები საქართველოზე;
ქართველები ამერიკაში; გალაქტიონ ტაბიძე; კომპარტიის დირექტივები
ქართული მწერლობისადმი; როგორ ასწავლიან ისტორიას საქართველოში;
მოსკოვის კოლონიალისტური პოლიტიკა საქართველოში; საქართველოს
განმანთავისუფლებელი მოძრაობა; პასტერნაკის გარშემო; მოსკოვის
თავდასხმა საქართველოზე 1921 წელს; ოთარ მხეიძის მოთხრობა «მეჩეჩი»...)
მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი, რასაც ალექსანდრე მანველიშვილი
უტოვებს მშობელ ერს, ეს მისი წიგნებია, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული
სტამბოლში, პარიზსა და სან-ფრანცისკოში:
1. ვეფხისტყასანი და რუსთაველის ზნეობრივი იდეოლოგია, სტამბოლი,
1933;
2. დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, პარიზი, 1933;
3. საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938;
4. სოციალური საკითხები, პარიზი, 1944;
5. ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი, პარიზი, 1944;
6. რუსეთი და საქართველო, პარიზი, 1951;
7. Histoire de la Géorgie, Paris, 1951;
8. ქრისტიანობა საქართველოში, პარიზი, 1954;
9. საკუთრება. მიწის საკითხი საქართველოში, პარიზი, 1956;
10. ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია, პარიზი, 1955;
11. რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984;
12. ძველი ქართული მწრლობა, სან-ფრანცისკო, 1987;
13. ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა, სან-ფრანცისკო, 1989;
14. ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო, 1990;
15. კორპორატიზმი, სან-ფრანცისკო, 1990;
16. შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, 1937, (იტალიურ
ენაზე, ხელნაწერი)
პირველი და ფრიად სერიოზული მეცნიერული ნარკვევი ალექსანდრე
მანველიშვილისა «ვეფხისტყაოსანი და რუსთაველის ზნეობრივი იდეოლოგია»,
რომელიც მას მოხსენების სახით წაუკითხავს პარიზის ქართველ საზოგადოებაში
10 აპრილს 1932 წელს, ცალკე წიგნად დაიბეჭდა სტამბოლში 1933
წელს, მღვდელ შალვა ვარდიძის მცდელობით.
ალექსანდრე მანველიშვილის სიტყვებით, ვეფხისტყაოსანი წარმოადგენს
«აკლდამას სანჯეთა: იქ ინახება ჩვენი ეროვნული სული ამაყი; სიყვარულის,
მიჯნურობის, სიმართლის, მეგობრობის, სიმამაცის, ძლიერი ნებისყოფის
– უმაღლესი ფორმების შემეცნება; ქართველთა მრავალსაუკუნოვანი
კულტურისა და ცივილიზაციის დაწმენდილი და განსპეტაკებული სახე:
ქართველი ერის ოპტიმისტური სული; მისი ესთეტიკა მის მიერ ამქვეყნიური
არსებობის და დანინიშნულების უმშვენიერესი გაგება...».
ავტორი აკრიტიკებს კულტურაზე უცხო გავლენების თეორიას, რომელიც
მაშინ ძლიერ იყო ფეხმოკიდებული: «ჩვენ მეცნიერებაში აქამდე გაბატონებული
იყო ის აზრი, რომ მთელი ჩვენი კულტურა არის შედეგი რაღაც «გავლენებისა»:
ხან სპარსეთის, ხან არაბეთის, ბიზანტიის, ევროპის და სხვა, ხოლო
ფიქრად არავის მოსდიოდა ჩაეხედა საკუთარ სულში, გადაეთვალიერებინა
ეროვნულ-კულტურული შემოქმედება, და ნახავდა, რომ ქართველმა ერმა
ყოველ სფეროში თავისი საკუთარი კულტურაც შექმნა. უცხო ელემენტები
კი ისე გარდაქმნა, რომ ის სავსებით ეროვნულ გზებს და მიმართულებას
დაუმორჩილა».
ასეთი სწორი მეთოდოლოგიური მიდგომის საფუძველზე ალექსანდრე მანველიშვილი
დაასკვნის: «რომელი დროის ნაშთებსაც კი გადავავლებთ თვალს, ერთი
რამ ცხადია: აროდეს უცხო კულტურასა და ხელოვნებას , მორალსა
და ზნე-ჩვეულებებს ძლიერი კვალი არ დაუტოვებიათ ჩვენს ცხოვრებაზედ.
იგინი ვერ ჩასწვდებიან ეროვნული შემოქმედების სულის სიღრმეს».
ყოველივე ამის მიზეზს ავტორი ხედავს იმაში, რომ «ქრისტეს წინ
X საუკუნის აქეთ აროდეს არ გვქონია საქმე ისეთ ერთან, არ განგვიცდია
გავლენა ისეთი ერის, რომელიც თავისი თანამედროვე კულტურით ჩვენზე
მაღლა მდგარიყოს, რომელსაც ჩვენზედ დიდი წარსული ქონებოდეს საკუთარი
კულტურითა და ცივილიზაციით, ნივთიერ თუ გონებრივი კულტურით,
შემოქმედებითი ნიჭითა და პოტენციით. ის კი, რასაც ფიზიკურად
ძლიერი მტერი ძალად თავს გვახვევდა, მის მოცილებასთან ერთად
ქრებოდა ხოლმე».
ამ დებულებას ალექსანდრე მანველიშვილი თავისებურად ასაბუთებს
(წიგნის მომდევნო გვერდზე) გაშლილი მსჯელობით ჰელადასთან, ბიზანტიასთან,
არაბეთთან, სპარსეთ-ინდოეთთან, ჩინეთ-მონღოლეთთან საქართველოს
ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა შეპირისპირებით.
ქართული კულტურის ორიგინალობის და თავისთავადობის კლასიკურ ნიმუშად
ალექსანდრე მანველიშვილი მიიჩნევს შოთა რუსთაველის უკვდავ «ვეფხისტყაოსანს»
(საინტერესოა, ამ მხრივ, წიგნის მე-7 და მე-9 ქვეთავები: «ვეფხისტყეოსანი,
გილგამეში, ფაუსტი და ჰომეროსი, რუსთველი, დანტე და შექსპირი»),
და მცდარად მიიჩნევს პროფ. ზ. ავალიშვილის კონცეფციას არაბული
კვალის შესახებ ვეფხისტყაოსანში (შდრ. ზ. ავალიშვილი, ვეფხისტყაოსნის
საკითხები, პარიზი, 1931). ალექსანდრე მანველიშვილის საკუთარი
რუსთველოლოგიური დაკვირვებანი გამჟღავნებულია აგრეთვე ცალკე
წერილში «ვეფხისტყაოსანის ეროვნული ხასიათი» (იხ. გაზეთი «მომავალი»,
პარიზი, 1938, N. 10-11).
193 წელს პარიზში გამოქვეყნდა ალექსანდრე მანველიშვილის ახალი
ნაშრომი «საქართველოს საზღვრები», რომელსაც ჩვენში არ იცნობენ,
არადა, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში მისი გადმობეჭდვის
შემდეგ ალექსანდრე მანველიშვილის ეს ნაშრომი თავის საპატიო ადგილს
დაიმკვიდრებს ამავე ხასიათის ივანე ჯავახიშვილისა და პავლე ინგოროყვას
ფუძემდებლურ ნაშრომთა გვერდით. ამას ადასტურებს, თუნდაც, რევაზ
გაბაშვილის რედაქტორობით გამოცემულ გაზეთ «საქართველოს დამოუკიდებლობაში»
დასტამბული ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის დ. საღირაშვილის შემდეგი
სიტყვები: «ეს შრომა, მიუხედავად იმისა, რომ პოლემიკურ ხასიათს
ატარებს, ევროპის ყოველ უნივერსიტეტში საუკეთესო სადოქტორო დისერტაციად
იქნებოდა მიჩნეული. ამ პატარა წიგნაკში ბ-ნი ალექსანდრე მანველიშვილი,
დიდი ნიჭით და საგნის ცოდნით, მკითხველის წინაშე სულ მარტივად
და დამაჯერებელი ფაქტებით ცხადჰყოფს საქართველოს ბუნებრივ საზღვრებს,
რომლებიც დიდების ხანაშიც იგივე დარჩენილა, იმდენად ბუნებრივად
ყოფილა მიჩნეული».
საინტერესოდ აქვს აგებული ალექსანდრე მანველიშვილს «ქართულ-ფრანგული
საუბრის თანამგზავრი» (პარიზი, 1944). ფრანგული ტექსტის წაკითხვისათვის
ავტორი ქართველ მკითხველს აცნობს ფრანგულ ანბანს და მისი წაკითხვის
გასაადვილებელ შენიშვნებს, რომელსაც მოსდევს რიცხვების, ნაწილაკების,
კვირის დღეების, თვეების, წელიწადის დროთა, უქმეების და ფრანგული
საუბრისთვის სხვა აუცილებელ კომპონენტთა ქართულ-ფრანგული შესატყვისები
თავისი ტრანკრიპციით.
ალექსანდრე მანველიშვილის 480-გვერდიან «საქართველოს ისტორიას»
ფრანგულ ენაზე, გამოქვეყნებულს პარიზში 1951 წელს, წამძღვარებული
აქვს სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ჟ. კარსტის წინასიტყვაობა.
მრავალ ისტორიულ სურათთან ერთად წიგნში მოთავსებულია რუკები
და ქართული სამეფო დინასტიის გენეალოგიური სქემები. წიგნი მოიცავს
პერიოდს უძველესი დროიდან საბჭოთა ოკუპაციამდე. ცნობილი მეცნიერი,
პროფ. კარსტი, თავის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ მართალია
ფრანგულ ენაზე საქართველოს შესახებ აქამდე არაერთი მნიშვნელოვანი
შრომა გამოსულა, მაგრამ ისინი უფრო წმინდა ისტორიული ხასიათისანი
იყო და, ამდენად, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის განკუთვნილი. რაც
შეეხება ფრანგულად «საქართველოს ისტორიის» სახელმძღვანელოს,
- განაგრძობს პროფ. ჟ. კარსტი, - იგი აქამდე არ გვქონია და,
ამდენად, ალექსანდრე მანველიშვილის შრომა შეავსებს ამ ხარვეზებს,
ფრანგულ ისტორიოგრაფიაში რომ არსებობს ახლო აღმოსავლეთის შესწავლის
საქმეში»-ო და დაასვნის: «ალექსანდრე მანველიშვილის წიგნი წარმოადგენს
შრომას მართლაც ღირსეულს. მისი გამოცემა მეტად დროულია, უპასუხებს
მოთხოვნას და ამას მიესალმება არა მარტო ყველა მეცნიერი და მცოდნე,
არამედ საერთოდ ყველა წრე, ვისაც კი სურვილი აქვს მიმართოს და
ჩახედოს ისტორიის ხანას, აქამდის ნაკლებ ცნობილს და ბუნდოვანბს
პონტოანატოლიურ აზიისა». როგორც სპეციალისტები დაასკვნიან, «წიგნი
დაწერილია იშვიათი ფრანგული მსუბუქი სტილით, რაც აადვილებს მის
ხალისიან კითხვას» (შდრ. «ერის დიდება. პარიზი, 1953, N. 1,
გვ. 10-11).
ალექსანდრე მანველიშვილის «საქართველოს ისტორიის» კითხვით მიღებულ
შთაბეჭდილებას ასე გადმოგვცემს ემიგრაციაში მოხვედრილი ერთი
ქართველი (ს. იანეთელის ფსევდონიმით): «და აი, კითხულობთ საკუთარ
ქვეყნის ისტორიას უცხო ენაზე, უცხო მხარეში და რამდენიმე წუთით
გავიწყდებათ აწმყო. მამაც წინაპრებთან ერთად, თქვენი გულიც მიიწევს
იმ უთანასწორო ბრძოლებისაკენ, გაუთავებლად რომ უწარმოებიათ ჩვენს
სახელოვან მამა-პაპებს საუკუნეთა მანძილზე.
თითქოს მელოდიურ ფრანგულ ენაზე ახალი ელფერი და მეტი ინტერესი
მოემატა ამ ამბების თხრობას. ერთი წუთითაც არ გავიწყდებათ ქართულ
ბარაქიან მიწის სიყვარულით გაკაჟებული რაინდების დაუსრულებელი
ბრძოლის სურათები. სიამაყით იღვსება თქვენი გული, რომ შვილი
ხართ იმ ქვეყნის, რომლის დღეგრძელობისათვის ყოველი ნაკვეთი ამ
რაინდთა წმინდა სისხლითაა მორწყული და ეკუთვნის იმ უძველეს ტომს,
რომელსაც ბრძოლით მოუტანია თავისი სული დღევანდლამდე, მაშინ,
როდესაც მეზობელი ტომები, ლამის ლანდებივით გამქრალანისტორიულ
სარბიელზე» (იქვე).
«ქართველობის ახალ განძად» და «ქართული ისტორიოგრაფიისათვის
გაწეულ უდაო სამსახურად» (შდრ. გაზეთი «საქართველოს დამოუკიდებლობა»,
პარიზი, 1952, მარტი, N. 3) იქნა აღიარებული ალექსანდრე მანველიშვილის
448-გვერდიანი შრომა «რუსეთი და საქართველო», რომელიც 1951 წელს
ქართულ ენაზე გამოიცა პარიზში.
აღნიშნული შრომა ავტორს ახალგაზრდული გატაცებით ჯერ კიდევ 1931-34
წლებში დაუწერია. წინამდებარე წიგნი ჩაფიქრებული შრომის მხოლოდ
პირველ ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც თხრობა მოყვანილია 1878
წლამდე და იძლევა შედარებით მთლიან სურათს რუსეთ-საქართველოს
დამოკიდებულებისა მეთექვსმეტე საუკუნიდან. ალექსანდრე მანველიშვილს
მაშინ გამოუქვეყნებელი დარჩა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის
ისტორიის მომდევნო ნაწილი, რომელშიც თხრობა წყდება 1934 წლით,
რადგან ამ დროს მოხდა სსრკ-ის მოღება ერთა ლიგაში და შვეიცარიის
პრეზიდენტის მიერ იქ წარმოთქმული სიტყვებით ამთავრებდა მას.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ შემოკლებული ვარიანტი შრომისა, რომელიც
მოიცავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის ზოგად მიმოხილვას,
წინა საუკუნეებიდან დაწყებული 1934 წლამდე, ალექსანდრე მანველიშვილმა
გამოსცა 1984 წელს, სან-ფრანცისკოში, სათაურით: «რუსეთი და საქართველოს
დამოუკიდებლობა» (390 გვ.). სწორედ ამ წიგნმა ათქმევინა ერთ
რეცენზენტს მის ავტორზე შემდეგი სიტყვები: ალექსანდრე მანველიშვილი
ის უკანასკნელი, ცოცხალთა შორის დარჩენილი, მაღალი რანგის მწერალია
იმ ემიგრანტ ავტორთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა სახელები ერთი
ხელის თითებზე ჩამოითვლება და რომელთა უმისოდაც ჩვენს ემიგრაციას
ძლიერ საბრალო სახე ექნებოდა. ეს წიგნიც ავტორის რეპუტაციის
შესაფერია» (მიხეილ ქავთარაძე, რეცენზიის მაგიერ, «ივერია»,
პარიზი, 1985, N. 28, გვ. 8).
სულ 32 გვერს შეიცავს «ქრისტიანობა საქართველოში» (პარიზი, 1954),
რომლის ხუთი ქვეთავია: 1. წყაროები საქართველოს გაქრისტიანების
შესახებ; 2. ქრისტიანობის დასაწყისი და საქართველოს პოლიტიკური
მდგომარეობა მისი შემოჭრის შემდეგ; 3. საქართველოს მიერ ქრისტიანობის
მიღება და მისი სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება; 4. ქრისტიანობის
განმტკიცება და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 5. ქრისტიანობის
კულტურული და პოლიტიკური როლი ქართველი ერის ცხოვრებაში.
ეს შრომა მოხსენების სახით არის წაკითხული წმ. ნინოს დღესასწაულზე
1954 წლის 16 იანვარს პარიზის ქართულ სათვისტომოში: «მასში მოკლედ,
სხარტად და ნათლად არის გამოთქმული ყოველი მთავარი მომენტი საკითხისა.
მისი ერთი ღირსება გამოიხატება კიდევ იმაში, რომ ავტორი ბატონობს
საგანზედ, ის არ იკარგება დეტალებში, ზოგადად, მაგრამ იშვიათის
ზედმიწევნილობით გადმოგვცემს ყველაფერს» - ვკითხულობთ «ერის
დიდებაში» (პარიზი, 1954, N. 4, გვ. 10-11).
აი როგორ აფასებს ალექსანდრე მანველიშვილი
ქრისტიანობის როლს საქართველოს ისტორიაში: «ქრისტიანობა განმტკიცდა
საქართველოში; ის იქცა ეროვნულ სარწმუნოებად და დაედვა ქვაკუთხედად
მთელი ერის ისტორიას. ის გახდა მთავარი ბერკეტი საქართველოს
კულტურული განვითარებისა, სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისა,
სოციალური გაჯანსაღებისა და ეროვნული იდეის განმტკიცებისა. შეიძლება
ითქვას, რომ არც ერთი ერის ისტორიაში სარწმუნოებას და კერძოდ,
ქრისტიანობას ისეთი დადებითი როლი არ უთამაშია, როგორც ეს მოხდა
საქართველოში. საქართველოს თხუთმეტი საუკუნის ისტორიიდან რომ
ქრისტიანობა გამოვრიცხოთ, დარჩება ისეთი სიცარიელე, რომლის ამოვსებას
ჩვენ ვერ ვახერხებთ... ქრისტიანობა იქცა ერის ცხოვრების კანვად,
რომელზეც ამოიქარგა მისი კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება.
ქართველ მკითხველს და, განსაკუთრებით, სპეციალისტებს, უთუოდ
დააინტერესებს ალექსანდრე მანველიშვილის შრომები «ქართული მოდგმის
ეროვნული ფორმაცია» (პარიზი, 1955), და 1956 წელს, ერთ წიგნში
მოქცეული ორი გამოკვლევა: I. საკუთრება (დაწერილია 1942 წელს,
პარიზში), II. მიწის საკითხი საქართველოში (დაწერილია 1934 წელს,
პარიზში).
უკანასკნელ ხანს, 90 წელს მოღწეულმა მკვლევარმა ზედიზედ ორი
ახალი წიგნით გაგვახარა: 1987 წელს სან-ფრანცისკოში გამოვიდა
ალექსანდრე მანველიშვილის «ძველი ქართული მწერლობა» (399 გვ.),
ხოლო სულ ახლახან, 1989 წელს, იმავე ქალაქში მან გამოსცა «ოქროს
ხანა ქართველი ერის ისტორიისა» (412 გვ.).
პირველი წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: «ძველ მწერლობაზე
საქართველოში ბევრი იწერება, მრავალ ტომებად, და ისიც გამოჩენილი
სპეციალისტების მიერ, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, უცხოეთიდანაც
ოდნავ მაინც გამოვეხმაუროთ.
გარდა ამისა, არის პრაქტიკული მოთხოვნილებაც, უცხოეთში უხვად
არის გაბნეული ქართველობა, განსაკუთრებით მუსულმანურ ქვეყნებში,
და ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის საქართველოში მუშაობის
შედეგები. ეს პრაქტიკული მოსაზრება დაედო საფუძვლად რომ გადავწყვიტე,
მოკლედ, სქემატიურად მაინც, მოგვეწოდებინა უცხოეთში მყოფ ქართველთათვის
ჩვენი ძველი და მდიდარი მწერლობის შინაარსი. მოკლედ, რადგან
წერა ვრცლად თუ შეიძლება, გამოცემა ძნელია. ზოგადი წარმოდგენის
მისაღებად კი ასეთი შრომა საკმარისია.
ვფიქრობ, ამგვარი შრომის გამოცემას უცხოეთში ისტორიული მნიშვნელობა
აქვს.
ამ პატარა ნაშრომში, უმთავრესად, ძირითად წყაროებს ვემყარები.
მეთორმეტე საუკუნემდე ყველაფერი ხელთა მქონდა, ცოტა ღარიბად
– ახალი ხანის ძეგლები.
ყველაფერს უმთავრესად საკუთარი გზით განვიხილავ, ხოლო სხვა ავტორთაგან
უმთავრესად ვსარგებლობ კორნელი კეკელიძის, ალექსანდრე ბარამიძის
და პავლე ინგოროყვას გამოკვლევებით.
...უცხოეთში მყოფი ქართველი მკითხველი ალბათ, მაპატიებს ყველა
იმ შეცოდებათ, რასაც ამ წიგნში შენიშნავს, რადგან, მან კარგად
იცის, სადაც ჩვენ გვიხდება ცხოვრება და მოღვაწეობა, ვარდ-ყვავილებით
არ არის მოფენილი და ეს ჩვენზე ადრე განიცადა ჩვენმა წინაპარმა
ემიგრანტმა არჩილ მეფემ, როდესაც წერდა:
«თუ კაცსა მიხვდეს გრძლად ყოფნა
უცხო თემსა და მიწასა,
შარბათიც ჰქონდეს სასმელად
ნაღველად ამოიწებსა!»
წიგნი შედგება 14 თავისაგან. პირველ თავში განხილულია ქართული
მწერლობის დასაწყისი, საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრები
და ქართული მწერლობის ხასიათი. მეორე-მეოთხე თავები ეძღვნება
ძცელ ქართულ სასულიერო მწერლობას (ქართული მარტვილობა, ცხოვრებანი,
სასულიერო პოეზია), მეხუთე თავი კი – ძველ ქართულ საისტორიო
მწერლობას (სუმბათ დავითის ძე, ლეონტი მროველი, ჯუანშერის ისტორია,
დავით აღმაშენებელის ისტორია, თამარის პირველი ისტორია, თამარის
მეორე ისტორია), ხოლო ფილოსოფიური მწერლობა განხილულია მეექვსე
თავში (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი). «აღორძინების
წინ» - ასეა დასათაურებული მეშვიდე თავი (საქართველოს საერთო
მდგომარეობა, ურთიერთობა ბიზანტიასთან, ურთიერთობა აღმოსავლეთთან,
ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან); რუსთველამდელი პროზა-პოეზია
(ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი, აბდულმესია, თამარიანი), მოქცეულია
მერვე თავში, ხოლო საგანგებო მეცხრე თავი ეთმობა შოთა რუსთაველს.
კერძოდ, აქ განხილულია რუსთაველის ვინაობა, ლეგენდები. პოემის
სტრუქტურა, ვეფხისტყაოსნის მთავარი მოტივები, რუსთაველის ენა,
სიყვარული, ქალის კულტი, მეგობრობა, რუსთაველის სარწმუნოება,
რუსთაველის სოციალური და პოლიტიკური შეხედულებანი, ვეფხისტყაოსნის
ეროვნული და საკაცობრიო ხასიათი. ძველი ქართული მწერლობის მომდევნო
პერიოდს (თავი მეათე) ავტორი უწოდებს «გარდატეხის ხანას» (დახასიათებულია
საერთო მდგომარეობა, ვეფხისტყაოსნის დამატება-გაგრძელებანი,
ხვარაზმელთა ამბავი, გმირთა სიკვდილის ამბავი, ომანიანი, როსტომიანი).
ცალკე მეთერთმეტე თავი ეთმობა «მეჩვიდმეტე საუკუნეს» (თეიმურაზ
პირველი, მეფე არჩილი), მეთორმეტე და მეცამეტე თავებში კი წარმოდგენიალია
სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ მეექვსე, თეიმურაზ მეორე, დავით
გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, წიგნი იხურება უკანასკნელი
მეთოთხმეტე თავის, რომელშიც მიმოხილულია აშუღური პოეზია, დრამატურგია,
მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელი პლეადა, სამეცნიერო და ფილოსოფიური
მწერლობა (შდრ. ჟურნალი «ივერია», პარიზი, 1988, N. 32, გვ.
94-95).
ასევე კულტურულ-ისტორიული და მეცნიერული ღირებულება აქვს ამერიკის
კონტინენტზე გამოცემულ ალექსანდრე მანველიშვილის წიგნს «ოქროს
ხანა ქართველი ერის ისტორიისა» (სან-ფრანცისკო, 1989).
საქართველოს აღორძინების (რენესანსის) ხანას ალექსანდრე მანველიშვილი
პირველად შეეხო 1951 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემულ «საქართველოს
ისტორიაში» (იხ. VI-VIII თავები: საქართველოს რენესანსი, დავით
აღმაშენებელი, ტამარი, საქართველო XII საუკუნეში, გვ. 163-215).
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ფრანგულად შეკვეცილი სახით გამოცემულ
ე. წ. ოქროს ხანის ისტორიის გაფართოებულ ვარიანტს ქართულ ენაზე,
რომლის წინასიტყვაობას ავტორი მოკრძალებით ასე ამთავრებს:
«საერთოდ, ქართველს, რომელიც საქართველოს წარსულს სუსტად იცნობს,
ამ წიგნის წაკითხვა არ აწყენს, ხოლო მეტად მცოდნეს არ მოაწყენს,
რადგან ყველა ცნობილი გამოკვლევა, რაც კი ჩვენს განკარგულებაში
იყო, გამიყენე, რომ მკითხველისათვის ეპოქის სრული წარმოდგენა
მიმეცა. აქ მოცემულია ჩვენი ერის ცხოვრების ყველა ასპექტი: პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული. და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ
ჩვენი აღორძინების, მეთორმეტე საუკუნის ისტორიის საფუძვლიანი
საუკუთესო პირობაა მთელი ჩვენი წარსულის შესაფასებლად და მომავლის
გასათვალისწინებლად.
...ვფიქრობ, უკვე დადგა დრო ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საუკუნეს
მიტანებული თავისი ერთი საუკეთესო შვილის სახელი, მისი მეცნიერული
მემკვიდრეობა და თუ ავტორის ნებართვა იქნება, გამოვცეთ იგი საქართველოში,
რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასათვის...
გურამ შარაძე
«ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით», თბილისი,
1992
|
|
|
|
|