მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ზაურ ქობალია: ლირიკა

ნაპირი

«ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში»
გალაქტიონი


დაუშვით აფრები!
ჩაუშვით ღუზა!
აჰა, მოვედი აღთქმულ ნაპირთან,
დასრულდა წრფელი მარათონი ცხელი მიზნების,
გამოჩნდა თეთრი ლოდინის ფერი -
ჩემი ლტოლვის თეთრი სიმყარე.
ამ ნაპირზეა გაფენილი ჩემი არსის ყველა ხაზები,
გადმოიტანეთ ღმერთის კურთხევა,
გადმოიტანეთ წყევლაც და დარდიც,
ო, გადმოტვირთეთ ნისლები ვრცელი,
და გადააცვით ამ ველურ ფერდობს,
გადმოტვირთეთ ჩემი ფიქრები
და აქ დამარხეთ, ამ სიჩუმეში.
გადმოასვენეთ მშვენიერების ლურჯი ხატი,
მთელი სიცოცხლე თაყვანს რომ ვცემდი,
გადმოქაჩეთ ჩემი სისხლი - წრფელი ლოცვები.
შემომეგებე თეთრო ნაპირო,
ეს მე მოვედი, შენი სუნთქვის ერთი ნაწილი,
ო, გამისწორე თვალი, წარსულო,
იმედი მაქვს, არ შეგრცხვება ჩემთან ნავარდი.
გაჭიმეთ თოკი ნაპირამდე,
გაჭიმეთ თოკი!
ამ ბეწვის ხიდზეც შემოვდგა ფეხი,
ფიანდაზებად მოაფრქვიეთ ხალიჩების მზერა,
მე დინჯად უნდა შევაბიჯო გრაალის კოშკში
და ჩემი ძმების სულთმოფენას გავანდო დარდი.


ყვითელი განაჩენი

დღეს ამ საკანმა რაც განიცადა,
ფერთა გლოვაა, სევდა კი არა;
ეს დედამიწა ბორბლად იქცა და
ზედ სიყვარულზე გადამიარა.
გული მიძვრება ცხოვრების ბაღში
და მკერდში ტოვებს მწვავე იარას,
სიცოცხლეს ხელში უჭირავს ვაშლი,
მამონას – ცოდვით სავსე ფიალა.
და ყოფნის ზღვიდან უბერავს ქარი,
სიყვარულის ხე ვაშლის ხეს არხევს
და მიუწვდომელ ოცნებით მკვდარი
გასკდა გული და იქვე დამარხეს.
და როცა სიზმარს სული გაჰყვება,
თან მოისურვებ საუბარს მესთან,
შენ ჩემი გული ისევ დაგხვდება
სიყვარულის და სიცოცხლის ხესთან.
ცრემლით შენამე ეს ბედისწერა,
ცივ მარმარილოს ზეს დადებული,
გულით კედელზე ნახე წარწერა:
«სიყვარულისთვის მსჯავრდადებული».

ახალი ფრესკა

გუშინ სანთელი სულ მთლად დაიწვა,
შენ რომ დამინთე და დაიღვენთა;
და მეც ერთბაშად გადამავიწყდა,
რაც დამაბარე, უფალთან მეთქვა.
იმ «ვიწრო კართან» ისე შევჩერდი,
ვერ მოვასწარი დარდის შენახვა,
ვფიქრობ: შენა ხარ, ვისაც ვეძებდი
და თეთრი ლტოლვაც, მგონი, შენა ხარ.
ვდგავარ, ვიხსენებ შენს მკრთალ სილუეტს
და მსურს, ხატივით სუნთქვით დაგნისლო,
თითქოს სამყარო უპყრია დუეტს
და დაიქცევა ნაღდად უმისოდ.
ჩვენ ვეჭიდებით უსუსურ ხავსებს,
რაც გადაურჩა ძლიერთა ბორგვას
და თითქოს ჩვენი სიცოცხლით ვავსებთ
ამ დაბერებულ ადამის მოდგმას.
ვხედავ, განსაცდელს მიზანი ხეხავს
და ჰორიზონტზე ბადე მაჩერებს,
და ჩემი სული ჩხირებით ქექავს
ჩვენი წარსულის ფერფლის ნარჩენებს.
და სიყვარულის დაუმწვარ მუხტებს
კვლავ იცვამს სული ახალ ხატებად;
ჩემი თბილისი კვლავ ჩამიხუტებს
და სულ სხვა ფრესკა დაიხატება.



* * *

მიცურავს მზერა ვარდისფერ ზღვაში
და ეფერება ზღაპრისფერ ლანდებს,
უცნაურობის ბურუსის ზღვაში
ღვთიურ მავთულზე ფენს სულის ფარდებს.
ისე გაიხსნა ზე საფარველი,
რომ ავიწყდება მზერას გადახრა
და ანგელოსი, ჩემი მფარველი
მისტიურ შობის ჭინთვებს გადაჰყვა.
ზემავთულების ღვთიური ჰანგი
არხევს სიმივით, ზეცას გახეულს
და ჩემი სულის უმწეო ლანდი
დაეძებს ზღვაზე რაღაც სხვა სხეულს.
უსასრულობის ცეცხლის ქვიშაზე
იწვის უფორმო გონის ნაღვენთი;
გზაჯვარედინის წითელ ნიშანზე
გაძვრა სული და იხილა ღმერთი.
უკან მიხედვაც აღარ მინდება;
კვლავ მწუხარება მესმის ყოფიდან,
ახლა ისეთი დგას გარინდება,
თითქოს მიწაზე აღარ ვყოფილვარ.
დასაბამიდან თითქოს იქ იდგა
ჩემი სახლი და ჩემი კარავი,
სამშობლოს ცეცხლი თრთოდა იქიდან
და სიყვარული დაუფარავი.



 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen