მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ქედუხრელი საქართველო: ზაურ ქობალია

ზაურ დავითის ძე ქობალია დაიბადა 1940 წლის 27 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში. 1958 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1961 წელს ჩამოაყალიბა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის მიზანი საქართველოს და კავკასიის ხალხთა სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა გახლდათ. მასთან ერთად ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ: ედემ კვირტია, ანრიდი (ბუჭა) სანაია, ინდიკო ქობალია, ვალტერ შურღაია, კუკური სორდია, რუსლან ქირია, ჰამლეტ სანაია, გურამ მაკალათია... 1961-63 წლებში, ორგანიზაციის წევრები, კორცხელის მღვიმის გამოქვაბულში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით პროკლამაციებს ბეჭდავდნენ, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით ავრცელებდნენ.

1963 წელს, ზაურ ქობალია ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი სასჯელს მორდვეთის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში («გულაგში») იხდიდა. იგივე კოლონიაში სასჯელს მასთან ერთად იხდიდა ასევე ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის გასამართლებული ინგუშეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი – ისა კაძოევი.

პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა «ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატში». ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო, რადგან საბჭოთა საქართველოს ჟურნალ-გაზეთები «სხვაგვარად მოაზროვნეებისა და პოლიტიკურად არასაიმედოთა» ნაწარმოებებს, მათ შორის ზაურ ქობალიას ლირიკას, არ ბეჭდავდნენ.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ზაურ ქობალია, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით გაშლილი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრია. იყო «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების», შემდეგ კი «ჰელსინკის კავშირის» წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მიერ ჩატარებულ ყველა საპროტესტო მიტინგსა და აქციაში. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩრდილო-კავკასიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების ერთმანეთთან დაკავშირებაში.

ფოტოზე: ზაურ ქობალია (1940-2012)
1989 წლის ივლისის ცნობილი მოვლენების დროს, ზაურ ქობალია აფხაზი სეპარატისტების მიერ მოწყობილი პროვოკაციის აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას, თანამოაზრეებთან ერთად აფხაზეთისაკენ გაემართა, მაგრამ საბჭოთა ნაწილებმა იგი მდინარე ღალიძგასთან შეაჩერეს. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ კი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღსძრა, რის გამოც ზაურ ქობალია იძულებული გახდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმალვაში ყოფილიყო.

1990 წლის 28 ოქტომბერს ოქტომბერს, ზაურ ქობალია, როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საარჩევნო ბლოკის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» მიერ მაჟორიტარული სიით წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი, არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1990 წლის 9 აპრილს, მან კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა «საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს». ის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და უზენაესი საბჭოს «ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის» თავმჯდომარე. 1991-92 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალბის შემდეგ, ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ეროვნული-დაუმორჩილებლობის კომიტეტს, პოლიტიკური მეთოდებით იბრძოდა საქართველოს სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ.

1993 წლის ბოლოს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების მეორედ განდევნისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ, ზაურ ქობალია კვლავ დააპატიმრეს, ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის აპრილში მიღებული დადგენილების საფუძველზე, იგი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

2002-03 წლებში ზაურ ქობალია იყო «ეროვნული თანხმობის კავშირის» პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2000 წელს გამოიცა მისი რომანი «სტუმარი», ასევე ლექსებისა და პოემების კრებული. ფრიად საცოდნელია, რომ «ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის» შესასვლელი კარი მის მიერაა ხეში ამოკვეთილი. იგი ამავე ტაძრის სტიქაროსანი გახლდათ.

ზაურ ქობალია გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, 2012 წლის დეკემბერში; დასვენებულ იქნა ზუგდიდის დადიანის სასახლის კარის ეკლესიიაში, გამოასვენეს იმ კარიდან, რომელიც თავისი ხელით მოაჩუქურთმა. ფრიად სამწუხაროა, რომ მას არა მარტო უფროსი თაობის წარმომადგენელნი, არამედ თანამედროვენიც სათანადოდ არ იცნობენ...

ნათელა ჭედია
2013 წელი
ფოტოზე: ედემ კვირტია და ზაურ ქობალია ზაურ ქობალიას მიერ შექმნილი «ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის» შესასვლელი კარის წინ; კარის დეტალები

ინგუშეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ისა კაძოევის სამძიმარი ზაურ ქობალიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით


2012 წლის 8 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გამოეშვიდობნენ საქართველოს და კავკასიის დიდ პატრიოტს - დიდ ზაურ ქობალიას.

ძვირფასო მეგობრებო და სულიერო ძმებო: ინდიკო, ანრი სანაია, ედემ კვირტია, ნათესავებო და ახლობლებო, რომლებსაც ვიცნობდი და რომლებსაც არ ვიცნობდი!
შენ მოგმართავ კავკასიის მიწავ და შენ დედა-საქართველოვ!
და თქვენ კავკასიის ხალხო საერთოდ!

ჩვენ ყველას მოგვიკვდა ერთ-ერთი საუკეთესო შვილი – სამართლიან განმსჯელთან წავიდა ზაურ ქობალია – პირველი ჩვენთაგანი და პირველი ჩვენს შორის.

ზაური სამართლიანი!
ზაური კეთილი და ნაზი!
ზაური პატიოსანი და გაუტეხელი!
ზაური – ოქროს გული!

შორეულ 60-იან წლებში გასული საუკუნისა, ჩვენ პირველებმა ავიმაღლეთ ხმა კომუნისტების ტოტალიტალური რეჟიმის წინააღმდეგ. პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ გვძულდა ტირანია და მას ჩვენი პროტესტი სახეში უშიშრად შევაფურთხეთ. «ეკლის გვირგვინის» მსურველნი ძალზედ ცოტანი იყვნენ. ზაურმა ერთ-ერთმა პირველმა დაიდგა ეკლის «გვირგვინი» და ის როგორც რაინდმა ღირსეულად ატარა. მაშინ ის ახალგაზრდა, ძლიერი, მამაცი და შეუპოვარი იყო. ჩვენ, ფაქტიურად ბეტონის კედელს დავეჯახეთ. მხოლოდ ტიტანთა სულის მფლობელებმა შესძლეს ამ რეჟიმის შერყევა და დამხობა. ისეთებით, როგორც ზაური იყო, ეს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში დაიწყო, თუმცა მე ვთვლი, რომ საქმე დღემდე ლოგიკურ დასასრულამდე არაა მიყვანილი.

ზაურის სიკვდილთან მიმართებში სიტყვა «მწუხარება» უადგილოა. არსებობს გრძნობა, რომელსაც ადამიანური სიტყვებით ვერ გამოსთქვამ: სამყარო გაცივდა და დაბნელდა, გული კი ყინულით დაიფარა.

ჭეშმარიტად, ჩვენგან წავიდა კავკასიის დიდებული შვილი!

უფალი იყოს მისი მოწყალე!

მშვიდობით ძვირფასო! შენ ჩვენ გაგვისწარი. და ღმერთმა ქნას, რომ შენმა შთამომავლობამ გაამართლოს შენი დიდებული სახელი!

ისა კაძოევი
შენი მეგობარი და ძმა ინგუშეთიდან


28.12.2012
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen