1986
წლის ივლისში, ლატვიაში ჰელსინკის ჯგუფი – "ჰელსინკი-86"
შეიქმნა. ამ ჯგუფმა, პირველივე დოკუმენტებით გორბაჩოვს მიმართა
და მას ლატვიის თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება
სთხოვა ("ვესტი იზ სსსრ", 1987 წლის ნომერი 1/2). ანალოგიური
თხოვნით სომხეთის თვითგამორკვევის შესახებ, გორბაჩოვს პარუირ აირიკიანმაც
მიმართა (Newsweek, 1987 წლის 25 მაისი). უეჭველია, რომ ასეთი
მიმართვები შემდეგშიც იქნება, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
გამოყოფის საკითხს ყველა აქტივისტი ვერ დასვამს: ეროვნულ რესპუბლიკებში
მრავალი პრობლემა დაგროვდა, რუსიფიკაციის, ეროვნულ კულტურათა შენარჩუნების,
ბუნების დაცვის და სხვ.
თუ კი გლასნოსტის მცდელობა გაგრძელდება, ეროვნული პრობლემები სეპარატისტების
მოწოდებების ჩათვლით, ამ პოლიტიკისათვის მტკივნეული გამოცდა იქნება.
იმაზე, თუ როგორ გაუძლებს საბჭოთა პროპაგანდა ამ გამოცდებს, შეიძლება
იმ პუბლიკაცაციათა სერიით ვიმსჯელოთ, რომელიც 1987 წლის აგვისტოს
ბოლოს ბალტიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოჩნდა. საბჭოთა-გერმანული
პაქტის (ამ პაქტის თანახმად საბჭოთა ჯარები ბალტიის ქვეყნებში
შევიდნენ) წლისთავთან დაკავშირებით, რიგაში, ვილნიუსში და ტალინში
ეროვნული ლოზუნგებით არაოფიციალური დემონსტრაციები ჩატარდა. რამდენიმე
წლის წინ, ასეთ დემონსტრაციებს უხეშად დაარბევდნენ და დაშლიდნენ,
საბჭოთა პრესა კი თითქოს არაფერი მომხდარა, გაჩუმდებოდა. ახლა
ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ტელევიზიამ და პრესამ ამ დემონსტრაციების
შესახებ ცნობები გაავრცელა. ისაუბრეს საკმაოდ თამამად, თქვეს ისიც,
რომ ჯგუფი "ჰელსინკი-86" ლატვიის 1939 წლის სტატუსის
აღდგენისაკენ მოუწოდებს (საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე ლაპარაკი
ჟურნალისტებმა მაინც ვერ გაბედეს. იხ. 1987 წლის პირველი სექტემბრის
გაზეთი "პრავდა").
მაგრამ ფაქტიური ინფორმაციის ცალკეული სტრიქონები გადაჭარბებათა
მთელი აბზაცებით იყო გაზავებული. ბალტიისპირელთა დემონსტრაციები
დასავლური რადიოსადგურების პროვოკაციული მოქმედებების შედეგად
იყო გამოცხადებული, "ჰელსინკი-86"-ის წევრები კი სისხლის
სამართლის დამნაშავეებად და პროვოკატორებად. ბევრი ისაუბრეს 1939
წელს ბალტიისპირეთში მომხდარ მოვლენებზე, მაგრამ არაფერი უთქვამთ
იმაზე, რომ საბჭოთა ჯარები იქ ჰიტლერთან შეთანხმებით შევიდნენ
(შეგახსენებთ, რომ საბჭოთა-გერმანული მეგობრობისა და საზღვრებზე
შეთანხმების შესაბამისი პროტოკოლი საბჭოთა კავშირში არ გამოქვეყნებულა
და რამდენადაც ვიცი საბჭოთა პრესა ამ პროტოკოლის არსებობას არ
აღიარებს). ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ვლადიმირ ფრენკელის წერილი
საბჭოთა პრესის მიერ 23 აგვისტოს დემონსტრაციების შესახებ არასწორი
ინფორმაციის გავრცელების შესახებ, მხოლოდ „სამიზდატში“ ვრცელდება
და საბჭოთა პრესის მიერ გამოქვეყნებული არ იქნა.
ეროვნული კულტურის რუსიფიკაცია
"ეროვნულ-რუსული ორენოვნების მიზანმიმართული ჩამოყალიბება
იყო და რჩება ეროვნული ურთიერთობების სფეროში მუშაობის მთავარ
ნაწილად". საქართველოში გამოსვლისას წარმოთქმული ამ ფრაზით,
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს
წევრმა ლიგაჩოვმა იმათი იმედები დაამსხვრია, ვინც ფიქრობდა, რომ
პერესტროიკა ეროვნულ ურთიერთობათა ლიბერალიზაციას და ეროვნული
ოლქების რუსიფიკაციის პოლიტიკის შეზღუდვას გამოიწვევდა.
ეროვნული ოლქების რუსიფიკაციაში როგორც წესი იგულისხმება სოციალურ
ღონისძიებათა ძალიან ფართო სპექტრი. ესაა სკოლებში და უმაღლეს
სკოლებში, სახელმწიფო და ყოფით დაწესებულებებში ეროვნული ენის
დაზარალების ხარჯზე რუსული ენის დანერგვა, ამა თუ იმ ერის რუსეთთან
შეერთების სიკეთის თუ ნებაყოფლობითობის ჩვენების მიზნით ეროვნული
ისტორიის ფალსიფიკაცია. რუსეთისაგან დამოუკიდებლობის მომხრე მოღვაწეთა
თხზულებების და ამ მოღვაწეთა სახელების ხსენების აკრძალვა და ა.შ.
ბოლო ათწლეულებში, ეროვნული ოლქების რუსიფიკაციის შესახებ, "სამიზდატმა"
უამრავი მოწმობა და განზოგადოება დააგროვა. მხოლოდ რამოდენიმე
მაგალითი:
პაველ კლიჩკოვი უჟგოროდიდან იუწყება საბჭოთა კავშირის უმაღლეს
საბჭოს პრეზიდიუმში გაგზავნილი თავისი მიმართვის შესახებ ("სამიზდატის
არქივი", რადიო "თავისუფლება", გამოშვება 8/87):
"რუსიფიკაციით გაჟღენთილია ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო.
ჩვენს ბავშვებს 4 წლიდან რუსულ ენას ასწავლიან. ზაკარპატიეს ქალაქებში
სკოლათა ნახევარზე მეტი რუსულია. ბავშვები არ იცნობენ ზაკარპატიეს
ლიტერატურას. ქალაქებისა და სოფლების ქუჩებს სახელები გადაარქვეს
და დაარქვეს სახელები იმ რუსი მოღვაწეებისა, რომლებსაც ზაკარპატიესთან
არაფერი აკავშირებთ".
ლინარდს გრანტინში ლატვიიდან წერილით მიმართავს
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს (იქვე):
"1986 წლის 30 აპრილს, როდესაც ლიეპაიაში ვიტოლას ქუჩის
ორ ნომერში მდებარე სამეურნეო საქონლის მაღაზიაში ვიყავი, მოხუცმა
ქალმა მთხოვა ამეხსნა, რა ეწერა შესაბამის პრეისკურანტში. ეწერა
მარტო რუსულად. ატირებულმა ქალმა მითხრა, რომ მას უკვე აღარ
შეუძლია საყიდლებზე მარტო სიარული, რადგან ყველგან რუსული წარწერებია
და რუსულად ლაპარაკობენ. გამყიდველებს ადგილობრივ ენაზე საუბარი
და ლატვიური ენის სწავლა საჭიროდ არ მიაჩნიათ. ამას იმით ხსნიან,
რომ რუსული ენა თითქოს მთავარი ენაა, ხოლო სხვები საჭირო არაა,
აქ საბჭოთა კავშირია".
სამიზდატიდან შეიძლება ასობით ასეთი საჩივარი მოვიყვანოთ. ბოლო
დრომდე ამ საკითხებზე მხოლოდ სხვაგვარად მოაზროვნენი მსჯელობდნენ,
თუმცა ზოგჯერ ხმას ეროვნულ კულტურათა გამოჩენილი მოღვაწეებიც
იღებდნენ, მაგ. უკრაინელი მწერალი ივან ძიუბა (იხ. მისი წიგნი
"ინტერნაციონალიზმი თუ რუსიფიკაცია", 1973) ან ქართველი
ენათმეცნიერი შანიძე, რომლებიც ეროვნული ენების დასაცავად გამოვიდნენ.
ცნობილია რუსიფიკაციის საწინააღმდეგოდ მიმართული მასობრივი დემონსტრაციებიც,
ალბათ ყველაზე ცნობილია 1978 წლის 14 აპრილის წარმატებული დემონსტრაცია
თბილისში, რომელიც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებას
ითხოვდა.
საბჭოთა კავშირში გლასნოსტის ხანის დაწყებასთან ერთად, რუსიფიკაციის
პრობლემა საბჭოთა პრესის ფურცლებზე აისახა და ეს მიუხედავად
იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ეროვნული ურთიერთობები ისევ დელიკატური
თემაა და პრესა ძალიან ფრთხილობს. ასე მაგალითად, საბჭოთა კავშირის
მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმზე გამოსულები არაერთხელ
შეეხნენ ეროვნულ ოლქებში მშობლიური ენის შესწავლის პრობლემებს
("ლიტერატურნაია გაზეტა",1987 წლის 6 მაისი).
უკრაინელი მწერალი იური მუშკეტიკი ჩიოდა, რომ მის ქალაქში, ჩერნიგოვში
უკრაინული სკოლა თითქმის აღარ დარჩა. მწერალმა ნილ გილევიჩმა
განაცხადა, რომ ბელორუსიაში ფაქტიურად არაა სკოლები, სადაც მოწაფეებს
ბელორუსულ ენაზე ასწავლიან. სერგეი მიხალკოვის ცნობით, ცუდი
მდგომარეობაა მარისა და ბაშკირეთის ავტონომიურ რესპუბლიკებშიც
- იქ მშობლიური ენის არმცოდნე ადამიანთა თაობები იზრდება.
გასაგებია, რომ თუ კი ეროვნული ავტონომიის მქონე ხალხები ასეთ
მდგომარეობაში არიან, სხვა ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობა
უფრო უარესია. ებრაელმა აქტივისტებმა უკვე დიდი ხანია გამოაქვეყნეს
ებრაული ენის სწავლებისათვის ხელის შეშლისა და ეროვნულ სკოლათა
არარსებობის ფაქტები.
ს. მაკსუდოვს (ს. მაკსუდოვი, საბჭოთა კავშირის ეროვნული განვითარების
პერსპექტივები, "სსსრ, ვნუტრენნიე პროტივორეჩია",
ნომერი 18, 1987) სხვა ფაქტები მოჰყავს: "მცირე ხალხთა
უმრავლესობამ (იჟორლებმა, ვეპსებმა, საამებმა, იტელმენებმა,
უდეგეელებმა, შორელებმა და ა.შ.) დაკარგეს ცოტა ხნის წინ შეძენილი
დამწერლობა. მანსის ენების ანბანები ბიბლიოთეკების არქივებში
მოხვდა. გაგაუზებმა, მოლდავეთის დაახლოებით 170 000-მა მცხოვრებმა,
რომელთა 90 პროცენტიც მშობლიურ ენად თავისი ეროვნების ენას თვლის,
ამას წინ მთავრობას მიმართეს და სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლების
შეწყვეტა სთხოვეს.
საკითხავია, თუ რამდენად ნებაყოფლობითი იყო მშობლების ასეთი
მიმართვა - თავისი გადაწყვეტილებებების დასასაბუთებლად ადგილობრივ
ხელისუფლებას ასეთი მიმართვის ორგანიზება იოლად შეუძლია
(მეორეს მხრივ, როდესაც კრემლს რუმინელებისაგან ხელოვნურად მოწყვეტილი
მოლდაველების ეროვნული მოძრაობის დათრგუნვა დასჭირდა, მან გაგაუზებში
დიდი გართულების გარეშე შექმნა რუსეთთან შეერთების მსურველი
მოძრაობა და ისინი მოლდაველებს დაუპირისპირა, მთარგმნელი).
მაგრამ ვითარება ისეთია, რომ მთავრობა რუსიფიკატორული პოლიტიკის
სრული გამარჯვებით ვერ გაიხარებს. მიუხედავად რუსიფიკაციის მიზნით
გატარებული ყველა ღონისძიებისა, შუა აზიაში და ამიერკავკასიაში
ხალხის უმრავლესობა ისევ ეროვნულ ენებზე ლაპარაკობს.
ამის გამო აკადემიკოსი ბრომლეი შფოთავს: "...პირველ რიგში,
არარუსული ეროვნების ყოველი მესამე ადამიანი რუსულ ენას თავისუფლად
არ ფლობს, მეორეც, მოკავშირე რესპუბლიკების მკვიდრ ეროვნებებში
რუსული ენის გავრცელება არათანაბრად ხდებოდა. ამიტომ რუსული
ენის ცოდნის ხარისხობრივად გაუმჯობესების ამოცანა ისევ აქტუალურია
განსაკუთრებით შუა აზიის, ამიერკავკასიის და ბალტიისპირეთის
სოფლების რეგიონებში"(" პრავდა",1987 წლის 13
თებერვალი).
აქ შემდეგი შენიშნვა უნდა გავაკეთოთ: როგორც კავშირის ძირითადი
ენა, რუსული ენა რა თქმა უნდა სასარგებლოა ერთაშორისი ურთიერთობისთვის,
სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობასთან
საზიარებლად. რუსულ ენაზე იბეჭდება მეცნიერებისა და კულტურის
თანამედროვე მიღწევების ამსახველი დიდძალი ლიტერატურა. ამ თვალსაზრისით,
რუსული ენის სწავლა ნამდვილად სასარგებლოა და მრავალი ადამიანი
მას ზეწოლის გარეშეც ისწავლიდა, მით უფრო, რომ თანამედროვე მეცნიერების
ტერმინოლოგია მცირე ერების მრავალ ენაზე არ დამუშავებულა და
ალბათ აღარც დამუშავდება. მაგრამ დიდი განსხვავებაა ენის ნებაყოფლობით
თუ მშობლების გადაწყვეტილებით სწავლასა და და სახელმწიფო ხელისუფლების
მიერ ენის სპეციალური იძულებით დამკვიდრებას შორის.
ჯერ-ჯერობით არ სჩანს, რომ პერესტროიკას რუსული ენის ამ ხელოვნური
დანერგვის პოლიტიკაში რაიმე ცვლილება მოეხდინა, მაგრამ გარკვეული
ნიშნები მაფიქრებინებს, რომ კულტურის ადგილობრივ მოღვაწეებს
ეროვნული კულტურის დასაცავად გამოსვლა უფრო თავისუფლად შეუძლიათ.
ეროვნულ პრესაში ახლა უკვე ჩნდება მასალები, რომლებიც მოწმობენ,
რომ ადგილობრივი მოღვაწეები რუსიფიკაციის შეტევისთვის წინააღმდეგობის
გასაწევად მზად არიან.
ასე მაგალითად, 1987 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში, უკრაინის მწერალთა
კავშირთან სკოლებში უკრაინული ენის სწავლების საკითხის შემსწავლელი
კომისია შეიქმნა ("ლიტერატურნა უკრაინა ", აპრილი
9, 87). ამ კომისიის წყალობით ცნობილი გახდა ზოგი სტატისტიკური
მონაცემი. მაგალითად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, 274 სკოლიდან
მხოლოდ 34-ია უკრაინული, დანარჩენი ორენოვანი (88) და რუსულია
(152). უკვე ამ კომისიის შექმნის ფაქტი და ის, რომ უკრაინის
განათლების სამინისტრო მასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, ამ
სფეროში პოლიტიკის ერთგვარ ლიბერალიზაციას მოწმობს, მაგრამ საეჭვოა,
რომ პერესტროიკა რუსიფიკაციის პრობლემას ღრმად შეეხოს. ეროვნული
ენების სწავლების გაუმჯობესება კი არ ნიშნავს სახელმწიფო დაწესებულებებში
რუსული ენის დამკვიდრების და კულტურის რუსიფიკაციის სხვა ზომების
უარყოფას.
(მე მინდოდა ბელორუსიაში ბელორუსულად ლაპარაკი და ვერაფრით
გამეგო, რატომ არ სცემენ პატივს ბელორუსიაში ბელორუსულ ენას
და კულტურასო. მე ვეძებდი ჩემნაირად მოაზროვნეებს, ისინი "ახალგაზრდა
ფრონტში" ვნახე და 14 წლისა ვიყავი, როდესაც გავხდი მისი
წევრიო. უთხრა Deutsche Welle-ს 2012 წლის 7 ივლისს ამ ფრონტის
თავმჯდომარის მოადგილე ანასტასია პოლოჟანკომ. ამდენი ხანი გავიდა
პერესტროიკის შემდეგ და ბელორუსებს ბელორუსიაში ისევ არ აძლევენ
ბელორუსულად ლაპარაკის საშუალებას., მთარგმნელი)
ეროვნული კულტურების ხელოვნური
მხარდაჭერა
ეროვნულ რესპუბლიკებში კულტურული ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა,
ხელისუფლება რომ რუსიფიკაციის ზომებით შემოფარგლულიყო. სინამდვილეში
კი, რუსიფიკაციის პოლიტიკის პარალელურად, ეროვნული კულტურისა
და განათლების ხელოვნური მხარდაჭერის პოლიტიკაც ტარდება. ხელისუფლება
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტატისტიკური მონაცემებით იმის დადასტურებას,
რომ ამა თუ იმ ეროვნულმა კულტურამ, საბჭოთა ხანაში მისი განვითარების
პირობები მიიღო. და მართლაც, სტატისტიკური მონაცემები ამ თეზისს
იმდენად თვალსაჩინოდ ადასტურებენ, რომ მათი აქ მოყვანა უაზრობა
იქნებოდა. რომელი ეროვნებაც არ უნდა აიღოთ, ყველგან სჩანს უმაღლესი
განათლების მქონე პირთა, კულტურის დაწესებულებათა, მწერალთა
მოცემულ ენაზე გამოცემულ წიგნთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.
მაგრამ ამ ციფრებს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. პირველ რიგში, უნდა
ითქვას, რომ მე-20 საუკუნე საერთოდ, განათლებულ ადამიანთა რაოდენობის
ზრდითა და ინფორმაციის ნაკადების გამრავლებით ხასიათდება, ასე
რომ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, მათ შორის მოცემული ერის
დამოუკიდებლობის შემთხვევაშიც, სტატისტიკა ამ ტენდენციას აჩვენებდა.
მეორეც, უნდა გავიგოთ რა დგას ამ მშვენიერი ციფრების უკან, რა
ფასი აქვს ამდენ წიგნს, ამდენ გამოცემას ეროვნულ ენაზე. რამდენად
განათლებულები არიან ისინი, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომები
აქვთ? რისი გაკეთება შეუძლიათ და რა ესმით იმათ, ვინც ეროვნული
მეცნიერული კადრების სტატისტიკა შეავსო? სტატისტიკა ამ კითხვებზე
პასუხს არ იძლევა, მაგრამ მრავალი ნიშანი გვიჩვენებს, რომ განათლებისა
და კულტურის ხელოვნურმა დანერგვამ, ზოგ, განსაკუთრებით აზიურ
(შუა აზია, ამიერკავკასია, ციმბირი) ოლქებში საკმაოდ უხარისხო
ნაყოფი გამოიღო.
მაგალითად საქართველოს, განათლების გასავრცელებლად არავითარი
ხელოვნური ზომა არ სჭირდებოდა. ესაა უძველესი კულტურული ტრადიციის
და განათლების ისტორიულად ჩამოყალიბებული მაღალი პრესტიჟის ქვეყანა.
მაგრამ ლამაზი სტატისტიკისაკენ მისწრაფებამ და კორუფციამ, დიპლომირებულთა
რაოდენობის არაჩვეულებრივი ზრდა გამოიწვია. შეიძლება ითქვას,
რომ განათლებული წრის განათლებამ იკლო. თუმცა ამაზე უარესი ის
იყო, რომ უსწავლელი დიპლომირებულები, მეცნიერებისა და კულტურის
სფეროში თანამდებობების მოპოვებას ცდილობდნენ და კორუფციის წყალობით,
ამ თანამდებობებს იღებდნენ. ეროვნული კულტურის განვითარებას
ეს პირები ამუხრუჭებენ. ნიჭიერი ადამიანების საქმიანობას ისინი
უშლიან ხელს. როგორც მოსალოდნელი იყო, კორუმპირებულ საზოგადოებაში
განათლების ხელოვნური გავრცელება ხელს კი არ უწყობს, პირიქით,
ხელს უშლის ეროვნული კულტურის განვითარებას.
კორუფციასთან დღევანდელი ბრძოლის მსვლელობისას, ცნობილი ხდება
ზოგიერთ ეროვნულ ოლქში ბოროტმოქმედებათა თუ განათლების დაბალი
დონის შემზარავი ფაქტები.
ასე მაგალითად, საბჭოთა კავშირის სახალხო კონტროლის და უმაღლესი
განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ,
წამოყენებული იქნა აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის
დახურვის წინადადება ("პრავდა" ,1987 წლის 15 ივლისი,
გვ. 6).
შემოწმებამ მომავალ სპეციალისტთა გასაოცარი უწიგნურობა აღმოაჩინა.
60 სტუდენტიანი ჯგუფის 80-მა პროცენტმა ვერ შესძლო მეცხრე-მეათე
კლასების დონის მათემატიკის მაგალითების ამოხსნა. 24-მა სტუდენტმა
ვერ ამოხსნა მეოთხე-მეხუთე კლასების დონის მიმატებისა და გაყოფის
ამოცანები. გამოვლინდა ამ ინსტიტუტში მიღების დროს არსებული
კორუფციის ფაქტები. "ასობით აბიტურიენტს შეგნებულად უმაღლებდნენ
ნიშნებს". ამასთან, იმათ, ვისაც პროტექტორი არ ჰყავდა,
არ იღებდნენ. ასე მაგალითად, 1986 წელს, 35 მედალოსნიდან კონკურსში
მხოლოდ 9 გავიდა. ამ ინსტიტუტის მრავალი პროფესორი თავად ან
უწიგნური იყო, ან დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.
სამეცნიერო ხარისხის მქონე ერთმა პროფესორმა, კითხვას, რა პროგრამირების
რა ენები გამოიყენებოდა კომპიუტერში, უპასუხა: "რუსული
და აზერბაიჯანული".
ინსტიტუტის პროფესორმა ბ. მუსაევმა, ინსტიტუტში შექმნილი მდგომარეობის
შესახებ, სხვადასხვა ინსტანციას 40 წერილი მისწერა. ამ წერილებს
რესპუბლიკის ხელისუფლება სერიოზულად არ უყურებდა, ხოლო პროფესორს
აღარ უშვებდნენ შვებულებაში, რომ ის საჩივლელად მოსკოვში არ
წასულიყო. რესპუბლიკის ხელისუფლებამ ინსტიტუტში შექმნილი მდგომარეობა
მხოლოდ 1985 წელს გააკრიტიკა, აღიარა მექრთამეობის ფაქტები,
მოხსნეს რექტორი. "პრავდას" თქმით, ინსტიტუტის ათეულობით
თანამშრომელი ერთმანეთის ნათესავები და ძმა-ბიჭები იყვნენ. ატმოსფეროს
გაჯანსაღება ვეღარ მოხერხდა. "პრავდაში" ამ სტატიის
გამოქვეყნება შემთხვევითი არაა. როგორც სჩანს, ეროვნულ ოლქებში
განათლების სფეროში ჩადენილ უკანონობებს ახლა მეტ ყურადღებას
მიაქცევენ.
მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია. მრავალი ათასი უწიგნური"
სპეციალისტი" თანამდებობებს იკავებს მეურნეობაში, კულტურისა
და სასწავლო დაწესებულებებში და ამით მათ ზიანი მოაქვთ როგორც
ეკონომიკისთვის, ისე საერთოდ ეროვნული კულტურებისათვის. რამდენადმე
აქტიური წმენდის ლოდინი შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ნიშნები
იმისა, რომ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილება უვიცებს ვეღარ
დაიცავს. ამ დელიკატურ თემაზე წერილი დაიბეჭდა "იზვესტიაში"
(1987 წლის 22 ივლისი). საუბარი იყო ორ იაკუტ მასწავლებელ ქალზე.
სტატიის ავტორი ო. ბოროდინის თანახმად, იაკუტიის განათლების
სამინისტრომ წინააღმდეგობა გაუწია ამ ორი სრულიად უწიგნური მასწავლებლის
სამსახურიდან დათხოვნას. ავტორი ფრთხილობს, მას არ შეუძლია საბჭოთა
პრესაში ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევა, მაგრამ მისი
წერილი გარკვეული მოწოდებაა სტატისტიკაზე მეტად წიგნიერი პროფესიონალების
დაფასებისა.
საბჭოთა კავშირს ეროვნულ ოლქებში მეცნიერთა კადრების ლამაზი
სტატისტიკით არაერთხელ დაუკვეხნია. საზოგადოებამ იცოდა, რომ
ეს მიღწევები ხელოვნურადაა გაბერილი. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების
მიერ მეცნიერებაში მოპოვებული ნამდვილი მიღწევების გვერდით,
მრავალი სამეცნიერო ხარისხს იღებდა სხვების მიერ დაწერილი დისერტაციების
თუ ეროვნული კადრებისადმი უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიმტევებლობის
წყალობით.
წარმატებულ ბიუროკრატებს შორის, განსაკუთრებით შუა აზიაში, საკუთარი
თავის დასაზღვევად, მოდური გახდა სამეცნიერო ხარისხის მიღება.
ანგარიში მარტივი იყო, ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნის
შემთხვევაში, შეიძლებოდა სამეცნიერო თანამდებობაზე გადასვლა.
ამ მანკიერი მოვლენების გამო, აზიური რესპუბლიკების მეცნიერთა
საზოგადოება დაბინძურებულია უმეცრებით და გამსჭვალულია კორუფციით.
გორბაჩოვის მიერ კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლის ამ პერიოდში,
რა თქმა უნდა, მრავალ მათგანს დაითხოვენ ან დააქვეითებენ. პრესაში
ამის თაობაზე გამოსვლები უკვე იყო. სასტიკად გააკრიტიკეს ყაზახი
აკადემიკოსი ნადიროვი, მოხსნეს ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტი იმანალიევი. რა თქმა უნდა, ყველას არ დაარბევენ და
არ დააქვეითებენ. დაწინაურებული უმეცრები ნიჭიერი ადამიანების
წინსვლას კიდევ შეუშლიან ხელს და ამით ზიანს მიაყენებენ ეროვნულ
კულტურებს. მე აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ სიმახინჯის
მიზეზი არაა მარტო ეროვნულ ოლქებში კულტურის მიღწევების ხელოვნური
დანერგვის სამთავრობო პროგრამა და ადგილობრივი კორუფცია.
გონიერი რუსი მეცნიერები, ძალიან ხშირად მხარს უჭერენ და იწონებენ
სამეცნიერო ხარისხებისა და თანამდებობების მქონე უვიცებს. მე
ვფიქრობ, რომ ამას 2 მიზეზი აქვს.
პირველ რიგში რასიზმი, ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს არ შეიძლება წავუყენოთ
სერიოზული მოთხოვნები, რომ ეროვნულ ოლქებში თამაშობენ მეცნიერებას
და არ ატარებენ სერიოზულ გამოკვლევებს (შეხედულება არასწორია
უკვე იმიტომ, რომ მეცნიერების ზოგი დარგი სერიოზულად ვითარდება
სწორედ ცალკეულ ეროვნულ რესპუბლიკებში). მეორე მიზეზია ფულის
სიყვარული და პატივმოყვარეობა. იმ რუს მეცნიერებს, რომელთაც
სთხოვენ დასკვნას რაღაცა უგუნური პროექტის თუ ვითომ მეცნიერული
ნაშრომის შესახებ, როგორც წესი, გაშლილი სუფრით ხვდებიან, საუკეთესო
სასტუმროებში აბინავებენ და კონსულტაციებში დიდ ფულს უხდიან.
ასეთი ფუფუნება რუსეთში მოკრძალებულად მცხოვრებ ადამიანებზე
მოქმედებს.
საინტერესო იქნება დაკვირვება იმაზე, პერესტროიკასთან დაკავშირებით
შეიცვლება თუ არა მთავრობის პოზიცია ეროვნულ ოლქებში კულტურის
განვითარების კარგი სტატისტიკური მაჩვენებლების ხელოვნური ზრდის
მიმართ. ზოგი ნიშნის მიხედვით, ამ კითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ.
როგორც სჩანს, მთავრობა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რაოდენობრივი
მაჩვენებლების ზრდის პროცესი მეტისმეტად შორს წავიდა. ასე მაგალითად,
ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ბრომლეის წერილში
(1987 წლის 13 თებერვლის "პრავდა") აღნიშნულია, რომ
უკვე 1979 წელს საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის,
ლიტვის და სხვა რესპუბლიკების ძირეულ ეროვნებათა ახალგაზრდობის
წარმომადგენლობა სტუდენტებს შორის აჭარბებდა ამ ეროვნებათა წილს
მოსახლეობის შემადგენლობაში (ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ სტუდენტებში
მათი წარმომადგენლობის პროცენტის თვალსაზრისით, ეროვნულ რესპუბლიკებში
უარეს პირობებში ხვდებიან როგორც რუსები, ისევე რესპუბლიკური
სტატუსის არმქონე ეროვნული უმცირესობებიც). ბრომლეის თანახმად,
1985-1986 წლებში, იაკუტურ უნივერსიტეტში, დღის განყოფილებაზე
იაკუტები შეადგენდნენ 79,5 პროცენტს, მაშინ, როდესაც იაკუტიის
ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იაკუტები შეადგენენ
მოსახლეობის 31,1 პროცენტს. ბრომლეი არ აფასებს ამ მოვლენებს,
მაგრამ მკითხველი ხვდება იმას, რომ ის ამ ვითარებას ცუდად უყურებს.
არაა გამორიცხული პროპორციების გამასწორებელი ზომების მიღება,
რამაც კორუფციასთან ბრძოლასთან ერთად შეიძლება ეროვნულ კადრთა
განათლების გაუმჯობესება გამოიწვიოს.
ჩემის აზრით, სამართლებრივ თანასწორობას ეწინააღმდეგება უმაღლეს
სასწავლებლებში მიღების ეროვნების შესაბამისად დადგენილი კვოტები.
ეს ზიანს აყენებს სახალხო განათლების ხარისხს, მაგრამ არარეალურია
იმის ფიქრი, რომ საბჭოთა კავშირში ამ მიდგომაზე უარს მალე იტყვიან.
რელიგია და ნაციონალიზმი
რელიგია იყო და რჩება საბჭოთა სისტემის მტკივნეულ ნაწილად. ოქტომბრის
რევოლუციის შემდეგ მთავრობის მიერ რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ
გამოცხადებული ომი, დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ
საბჭოთა ისტორიის 70 წლის მანძილზე სხვადასხვა ეკლესიის და რელიგიური
ჯგუფის პოზიციები შეირყა, ქვეყანაში ისევ ბევრი მორწმუნეა და
ეს ათეისტურ ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის.
ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა ზოგ ეროვნულ ოლქში, სადაც
წინაპართა რწმენას მოსახლეობა გარკვეულწილად უყურებს როგორც
რუსული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ეროვნული კულტურისა
და ეროვნული სულის შენარჩუნების სიმბოლოს.
საბჭოთა კავშირში მორწმუნეთა აქტიურობა და მათი დევნა, მრავალი
გამოკვლევის საგანია და ამიტომ მე აქ პრობლემის სრული სურათის
დახატვას არ ვცდილობ. ეროვნულ ოლქებში რელიგიური უფლებების დასაცავად
აქტივისტთა გამოსვლებით დაინტერესებული მკითხველი დიდ მასალას
ნახავს ალექსეევას წიგნში (ლ. ალექსეევა, "ისტორია ინაკომისლია
ვ სსსრ").
გორბაჩოვის რეფორმები ჯერ-ჯერობით არსებითად არ შეხებია სახელმწიფოს
პოზიციას რელიგიის მიმართ, თუმცა ცხადია, რომ ამ სფეროში დაგროვილი
წინააღმდეგობები ადრე თუ გვიან ხელისუფალთა ყურადღებას მიიპყრობს.
ჯერ-ჯერობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია გარკვეული
ლიბერალიზაცია მორწმუნეთა უფლებების მიმართ, მაგრამ ამას ალბათ
თან ანტირელიგიური პროპაგანდის გაძლიერება მოჰყვება.
ეს რაც შეეხება საბჭოთა კავშირში რელიგიურ პრობლემას საზოგადოდ.
რაც შეეხება რელიგიის ეროვნულ საკითხთან დაკავშირებულ ასპექტებს,
აქ შესაძლებელია შევიწროების გაძლიერება. ამაზე მაჰმადიანობის
მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტი მოწმობს. ყურადღებას
იპყრობს ის ფაქტი, რომ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ყოფნისას,
გორბაჩოვმა საკმაოდ კატეგორიულად მოითხოვა ათეისტური პროპაგანდის
გაძლიერება და ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიას სრულებით დაუშვებლად
მიაჩნია კომუნისტებისა და ხელმძღვანელი მუშაკების რელიგიურ რიტუალებში
მონაწილეობა (რადიო "თავისუფლება", 201/ 86). პრესაში
მრავალი ცნობაა იმის შესახებ, რომ შუა აზიის ხელმძღვანელობამ
საკმარისი ყურადღება არ მიაქცია კომუნისტებისა და კომკავშირლების
მონაწილეობას რელიგიურ რიტუალებში, რომ საწარმოთა ხელმძღვანელები
რელიგიური ცერემონიების ადგილამდე ხალხის მისაყვანად, ხანდახან
ტრანსპორტს გამოჰყოფენ ხოლმე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს
რიტორიკა შუა აზიის რესპუბლიკებზე მეტი კონტროლის დაწესებისაკენ
მიმართული ზოგადი კამპანიის ნაწილი არის.
"ლიტერატურნაია გაზეტამ" (1987 წლის 20 მაისი) გამოაქვეყნა
იგორ ბელიაევის ვრცელი წერილი, რომელშიც ავტორი, მე ვიტყოდი,
რუს მკითხველს პირდაპირ აშინებს ისლამის ძალით და გავრცელებით.
ის ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის მაჰმადიანურ ოლქებში განვითარებული
მაჰმადიანური ინფრასტრუქტურა არსებობს, საკმაოდ განვითარებული
იმისთვის, რომ საზღვარგარეთული ანტისაბჭოთა ძალები მას დაეყრდნონ.
უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, ბელიაევი მკითხველს აქტიური ანტიკომუნისტური
ძალის, სუფია ძმების სიმრავლით აშინებს.
არაა გამორიცხული, რომ ისლამის მიმართ საბჭოთა პრესის ყურადღება
განპირობებული იყოს ირანში ფუნდამენტალისტების წარმატებით და
გარკვეული თანაგრძნობით, რომელსაც შუა აზიის მოსახლეობის ნაწილი
შეიძლება ავღანელ მებრძოლთა მიმართ განიცდიდეს. ყოველ შემთხვევაში,
ცხადია, რომ ეს არაა წმინდა ათეისტური პროპაგანდა. რუსულ ხელისუფლებას
შუა აზიის ხალხების ეროვნულ-კულტურული განკერძოებულობა აშფოთებს.
საინტერესოა, რომ ისლამის უზბეკმა სპეციალისტმა ტალიბ საიდბაევმა
ბელიაევს უპასუხა ("ლიტერატურნაია გაზეტა", 1987 წლის
10 ივნისი). მან ეჭვქვეშ დააყენა მტკიცება ისლამური ინფრასტრუქტურის
არსებობის შესახებ. საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული წერილისათვის
განსაკუთრებით საინტერესო და უჩვეულოა ის, რომ საიდბაევის თქმით,
ოფიციალურად აღრიცხულ მიზგითთა რაოდენობა მორწმუნეთა რაოდენობას
არ შეესაბამება. მისი თქმით, ესაა რევოლუციამდე არსებულ მიზგითთა
რაოდენობის ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი. ბელიაევიც და საიდბაევიც
თანახმანი არიან, რომ ახლა არალეგალურად მოქმედი მიზგითების
ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.
ყურადღებას იმსახურებს უზბეკი მეცნიერის აღიარება: "მეცნიერებამ
დღემდე ვერ გაარკვია, საბჭოთა პირობებში რატომ მიმართავენ მაჰმადიანურ
წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რა აინტერესებთ მათში ურწმუნოებს,
რატომ იგივდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში რელიგიური და ეროვნული.
ამ მოვლენების ახსნა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო
პირების საქმიანობით, ეწინააღმდეგება რელიგიის მარქსისტულ გაგებას,
რომელიც მოითხოვს სოციალური და ისტორიული განპირობებულობის ყოველმხრივ
გათვალისწინებას".
საინგილოს შესახებ (ფრაგმენტი)
სისხლის სამართლის დანაშაულებები
უკვე დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, მაჰმადიანთა
რელიგიურ ხელმძღვანელობასთან ერთად, ანტიქართული პოლიტიკის გატარებისას,
ქრისტიანულ საკულტო შენობათა (შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების)
მოსპობას ყველანაირად ცდილობს, ანგრევს მათ სხვადასხვა საბაბით,
სახელმწიფო დაცვის გარეშე სტოვებს და ა.შ., თუმცა როგორც «კულტურის
ძეგლებს» ისტორიული ღირებულების არმქონე XVIII-XIX საუკუნეების
მიზგითებს მკაცრად იცავენ. მაგრამ, ანტიქართული ელემენტი ახლა
პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის გზას დაადგა.
1971 წლის აგვისტოში, კვალიფიცირებულად და ორგანიზებულად ააფეთქეს
ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით
არსებული ღვთისმშობლის ქართული ეკლესია - შუა საუკუნეების ქართული
ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. დამნაშავეთა «ხელწერა» იდენტურია
ბოლო წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი
რაიონების ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლების აფეთქებისა. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ორივე შემთხვევაში
მაღალკვაკიფიცირებული დამნაშავე ხელი მოქმედებს.
ზაქათალის, ბალაქანისა და კახის რაიონებში ბანდიტიზმი და ტერორი
მეფობს. რაიონების ხელმძღვანელობისა და როგორც სჩანს, მასთან
დაკავშირებული დამნაშავე ელემენტების მსხვერპლად, აზერბაიჯანის
ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის ყველაზე აქტიურად მოწინააღმდეგე
ქართველები ხდებიან.
1969 წლის თებერვალში, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის კოლმეურნეებს
კონფლიქტი მოუვიდათ რაიონის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველ
მდივანთან - ახმედოვთან (კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაჯაბოვის
უკანონობათა გამო. რაჯაბომა ქართული სკოლების დახურვა მოისურვა).
კოლმეურნეთა კრებაზე ახმედოვმა გლეხებს სულ ცხვრები და ოხრები
უძახა. ამის შემდეგ მრავალი გლეხი დაიჭირეს და სხვადასხვა ვადის
პატიმრობა მიუსაჯეს), ხოლო სოფელში ნამდვილი ტერორი დაიწყო.
მხოლოდ ერთი წლის მანძილზე, გლეხთა 44 შენობა დაწვეს, მას შემდეგ
კი, 130-ზე მეტი. მოიპარეს ან მოკლეს მრავალი პირუტყვი.
აღნიშნული მეთოდებით სოფელ ალიაბადში სდევნიან არა მხოლოდ იმათ,
ვინც ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალურ ბოროტმოქმედებათა
წინააღმდეგ გამოდის, არამედ იმათაც, ვისი შვილები საშუალო სკოლის
ქართულ განყოფილებაზე სწავლობენ. დევნის მეთოდებია აგრეთვე ჩხრეკვები,
ვითომ «დამზადებისთვის» პროდუქტების ამოსაღებად, ბაზარზე ვაჭრობის
აკრძალვა და ეკონომიკური რიგის სხვა წვრილი სანქციები...
ჯერ კიდევ 1958 წელს, სოფელ ალიაბადში იდუმალ გარემოებებში მხეცურად
მოჰკლეს ფ. მახმუდოვი, 1964 წელს კი ასევე მხეცურად და ასევე
იდუმალ ვითარებაში – ი. დედეევი, რომელიც თბილისის სკოლა-ინტერნატში
ნასწავლი ახალგაზრდა ინგილოებისაგან შემდგარი ფეხბურთელთა გუნდის
- «ჰერეთის» წამყვანი მოთამაშე გახლდათ და რომელმაც ამ გუნდის
მიერ ზაქათალის რაიონში პირველი ადგილის აღებას დიდად შეუწყო
ხელი. ორივე ახალგაზრდა ახმედოვის და რაჯაბოვის ასიმილატორული
პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1970 წელს, ასევე იდუმალ ვითარებაში
დაიღუპა ხანში შესული კოლმეურნე ქალი ხ. მამედოვა (მოსაშვილი),
რომელიც ასევე ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ
გამოდიოდა და როგორც კოლმეურნეთა დელეგაციის წევრი საჩივლებლად
იყო წასული. არც ერთი მკვლელობა არ იქნა გამოძიებული... კახის
რაიონში ანალოგიურად მოჰკლეს ა. ბაირამაშვილი, შ. ტარტარაშვილი,
ა. დუკაშვილი, გ. თამაზაშვილი (აზერბაიჯანული გვარები მაჰმადიანი
ინგილოებისაა, მათ ქართული ფორმის გვარების ტარების უფლებას
არ აძლევდნენ. მთარგმნელი).
უზბეკეთი - ავტონომია კორუფციაში
"თქვენ თქვენი წვლილი შეიტანეთ ჩვენი დროის ყველაზე მოწინავე
იდეალების განხორციელებაში, ბრძოლაში სამყაროს მომავლისთვის.
თქვენ შეასრულეთ თქვენი დიდი ნიჭისა და წმინდა სულის ღირსი როლი
მხატვრული კულტურისა და საბჭოთა ხალხის კულტურის განვითარებაში.
თქვენ ისე განასახიერეთ თქვენი ხალხის ყველა საუკეთესო და მშვენიერი
თვისება, რომ თქვენი პირადი ადამიანური თვისებები შურის ღირსია...
და, დაე, გვქონდეს თქვენი შემოქმედების ბაღნარიდან ულამაზესი
ყვავილების დაკრეფვის და მათგან მშვენიერი თაიგულების გაკეთების
ბედნიერება". ეს არაა ციტატა შუა საუკუნეების ხალიფას კარზე
გამართული მლიქვნელების შეჯიბრიდან. ესაა ციტატა მილოცვიდან,
რომლითაც უზბეკეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს – რაშიდოვს
მიმართეს.ეს ტექსტი 1967 წელს დაწერა უზბეკეთის კულტურის მინისტრმა
ზახიდოვმა (კამალ იკრამოვი, და დადგა ჟამი ...И пробыл час,"ლიტერატურნაია
გაზეტა", 1987 წლის 10 ივნისი).
მხატვრული ლიტერატურის ხსენება? ეს იმიტომ, რომ უზბეკთა ბელადი
ამავე დროს სახელგანთქმული მწერალიც იყო, რომელსაც იკრამოვის
სიტყვით, "კლასიკოსთა შესაშურად გამოსცემდნენ და ისევ გამოსცემდნენ".
არავინ იცის, მის მაგივრად მის ნაწარმოებებს ვინ სწერდა. რაშიდოვი
პერესტროიკამდე რამოდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და უზბეკეთში
კორუფციის, მეორე ეკონომიკის, კანონიერების მასობრივი დარღვევების
და ორგანიზებული დამნაშავეობის საქმეების გამოძიებას ვერ მოესწრო.
ეხლა კი ცხადია, რომ რაშიდოვმა უზბეკეთში კორუმპირებული მმართველობის
ხისტი სტრუქტურა შექმნა, რაღაც საშუალო ორგანიზებული დამნაშავეობის
სინდიკატსა და შუა საუკუნეების საფაშოს შორის.
მეტისმეტად მიმნდობი ან მექრთამე მოსკოვის მთავრობის უმოქმედობის
და უზბეკეთის მონოკულტურის, ბამბის წარმოებაში მოპოვებული წარმატებების
წყალობით, რაშიდოვმა როგორც ჩანს, სხვა რესპუბლიკებთან (კორუმპირებულებთანაც
კი) შედარებით, გაცილებით მეტი ავტონომია მოუპოვა უზბეკეთს.
თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, რესპუბლიკის წარმატებები ბამბის
მოყვანისას (6 მლნ ტონა), სულ მცირე, ერთი მილიონით გადაჭარბებული
იყო.
მთარგმნელის ჩანართი
უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი
მდივანი შარაფ რაშიდის ძე რაშიდოვი გარდაიცვალა 1983 წლის 31
ოქტომბერს, მისი უდროო სიკვდილის შესახებ დღემდე კამათობენ -
თვითონ მოკვდა, თავი მოიკლა თუ მოკლეს. კამათის მიზეზი ისაა,
რომ პერესტროიკის მოსამზადებელ პერიოდში, ამ პერესტროიკის მამა
ანდროპოვმა, უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ბრეჟნევის
მეგობარი რაშიდოვის მამული კარგა დაარბია.
შარაფ რაშიდოვი დაიბადა გლეხების ოჯახში ოქტომბრის რევოლუციის
წინა დღეს. ის ყველაფრითაა დავალებული საბჭოთა ხელისუფლებისაგან.
გვარიც კი ამ ხელისუფლებამ მისცა, როდესაც 1930-ან წლებში უზბეკეთის
სსრ-ში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა და რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს
პასპორტები მისცეს. ამ საზეიმო მომენტში, შარაფის სანათესაომ
ოჯახის უფროსი რაშიდის სახელისაგან გვარი რაშიდოვი მიიღო. ეს
სახელი შუა აზიაში ძალზედ გავრცელებულია და ხელმძღვანელს ნიშნავს.
რაშიდოვი 1941-42 წლებში ომობდა. 1949-50 წლებში იყო უზბეკეთის
მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. ორჯერ გახდა სოციალისტური
შრომის გმირი, იყო ლენინის პრემიიის ლაურეატი, დაჯილდოებული
იყო ლენინის 6 ორდენით და სხვა ორდენებით და მედლებით.
სოფლის მეურნეობის განუვითარებელი პროვინცია უზბეკეთი, რაშიდოვის
დროს შუა აზიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე განათლებულ, ძლიერ
სამრეწველო რესპუბლიკად გადაიქცა. მაგრამ მის ეკონომიკაში მთავარი
მაინც სოფლის მეურნეობა იყო, თეთრ ოქროდ წოდებული ბამბა, რომლის
მოყვანასაც მთელი ძალა ხმარდებოდა.
ბრეჟნევი ბამბის მოყვანის ზრდის შესახებ გაუთავებლად გამოსცემდა
ბრძანებებს. საპასუხოდ, უზბეკური ელიტა მიწერებს აკეთებდა (სტყუოდა)
და ბამბის მოყვანის გაზრდით ტრაბახობდა. უზბეკი დიდმოხელები
უფროსებს ატყუებდნენ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ მიწას რწყავდნენ
და სულ უფრო და უფრო მეტი ბამბა მოჰყავდათ. ეს საამური ტყუილი,
უზბეკეთის ხელმძღვანელობას კრემლისგან სულ უფრო და უფრო მეტი
ფულის მიღების საშუალებას აძლევდა.
პერესტროიკის მამებმა რაშიდოვის გვამის გაციებას არ დაუცადეს
და უზბეკეთს გდლიანი და ივანოვი მიუსიეს. უზბეკეთი გადახნეს,
მაგრამ როდესაც გდლიანი და ივანოვი აყვირდნენ, რომ ეს უზბეკური
კი არა, კრემლის საქმეაო, მათ პანღურები უთავაზეს. ამასობაში
უზბეკეთის ზედაფენა ჩააყუდეს.
კორუმპირებული რესპუბლიკის სტრუქტურა გამარტივებული სახით შემდეგნაირად
შეიძლება აღიწეროს: ყველა თანამდებობა ყველა დონეზე იყიდება
ან მათ გარკვეული სამსახურის გამწევ პირებს თუ ნათესავებს ურიგებენ.
თანამდებობრივი დაქვემდებარება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე
ჩვეულებრივ მმართველ აპარატში. ხელქვეითებმა არა მხოლოდ და არა
იმდენად უნდა შეასრულონ მმართველის ჩვეულებრივი ფუნქციები, რამდენადაც
მონაწილეობა უნდა მიიღონ დამნაშავე ინფრასტრუქტურაში და უზრუნველყონ
ფულის - ქრთამით და მეორე ეკონომიკით მიღებული შემოსავლის ზევით
დინება. ყველა თანამდებობის პირმა მიუხედავად შემოწმებებისა
და დაბეზღებებისა, ამ სტრუქტურის საიდუმლო უნდა დაიცვას. ე.ი.
ყველა, სისხლის დამნაშავეთა მსგავსად, ერთმანეთთანაა შეკრული.
ერთგულების უზრუნველსაყოფად, ყოველმა მონაწილემ ნდობის მისაღებად
დანაშაული უნდა ჩაიდინოს. კრიმინალური სამყაროდან აღებული ხერხი.
ცხადია, რომ ასეთი საიდუმლო ინფრასტრუქტურა დამსჯელ ორგანოთა
გარეშე ვერ იარსებებს. უზბეკეთში მათი ხელახლა შექმნა არ გახდა
საჭირო - მილიციის აპარატი გამოიყენეს. ჟურნალისტი იკრამოვი
სწერს: "ახლა გამომძიებლები დაკავებულები არიან ჩვენი მეორე
ლიტერატორით, პოეტი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯალათი
და სადისტი ხაიდარ იახიაევით." ჟურნალმა "სტრანა ი
მირ" გამოაქვეყნა დმიტრი ლიხანოვის განმაცვიფრებელი მამხილებელი
ძალის წერილი "კლანი". ეს წერილი განკუთვნილი იყო
ჟურნალისათვის "ოგონიოკი", მაგრამ გლასნოსტის თანამედროვე
პოლიტიკის მიუხედავად ის ამ ჟურნალში არ გამოუქვეყნებიათ.
წერილი ეძღვნებოდა ორგანიზებულ დამნაშავეობას უზბეკეთში, სახელდობრ,
მის განსაკუთრებულ სეგმენტს - თანამდებობის პირთა, მაგ. მაღაზიების,
რესტორნების და ა.შ. დირექტორთა, ე.ი. იატაკქვეშა მეორე ეკონომიკის
მძარცველი ბანდების საქმიანობას. აი, რა არის ნათქვამი ამ წერილში
მილიციაში და სამართალდაცვით ორგანოებში არსებული კორუფციის
შესახებ: "1984 წელს, უზბეკეთის სსრ -ს პროკურატურაში შევიდა
მოქალაქეების 13557 განცხადება კანონიერების დარღვევის, მილიციის
თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შესახებ. ამავე წელს პროკურატურაში
გახლდათ მილიციის 283 თანამშრომლის 267 საქმე. ყველა ეს მრავალრიცხოვანი
საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე იყო რესპუბლიკის შინაგან
საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი, მისი აპოლიტიკურობის
შედეგი. ახლა დაჭერილები არიან უზბეკეთის ყოფილი მინისტრი იახიაევი,
რესპუბლიკის უბხსს-ის უფროსი იულდაშევი და სამინისტროს თითქმის
მთელი კოლეგია. იახიაევის შემდეგ მისული ერგაშევი ცუდ მდგომარეობაში
ჩავარდა და მან თავი მოიკლა. ციხეში აღმოჩნდა შინაგან საქმეთა
საოლქო სამმართველოების ხელმძღვანელთა 98 პროცენტი. მილიციის
გარდა, მექრთამეობა გავრცელებული იყო პროკურატურის ორგანოებშიც,
სასამართლოებშიც, ადვოკატურაშიც, ციხეებშიც და გაძლიერებული
რეჟიმის კოლონიებშიც კი.
დიდი ფული იძლეოდა ნებისმიერი საქმის, მათ შორის მკვლელობის
საქმის აღძვრის ან მიჩუმათების, ციხიდან იოლად გაქცევის და კოლონიაში
ნარკოტიკის პარტიის შეგზავნის საშუალებას. ფული ყველაფერს სწყვეტდა.
მართლმსაჯულება კორუფციაში ჩაეფლო და მოქალაქეთა უფლებებისა
და კანონიერი ინტერესების დაცვის მაგივრად, ის კრიმინალური სამყაროს
სამსახურში დგებოდა".
ამ სტრუქტურის ეკონომიკური აზრია მეორე ეკონომიკა, ის, რასაც
საბჭოთა ენით "სახელმწიფო ფორმების კერძო-საწარმოო საქმიანობისთვის
გამოყენება" ჰქვია. იდეა მარტივია: ამ მაფიის ხელში მოხვედრილ
საწარმოებში ორმაგი ბუღალტერიის დანერგვა - საწარმოს ნაწილი
მუშაობს სახელმწიფოსათვის და შედეგებს ანგარიშებში აჩვენებენ
და მეორე ნაწილი მუშაობს კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
ამ ნაწილის მუშაობის შედეგები არაა ნაჩვენები ანგარიშებში. ის
მოგებას მთელ ინფრასტრუქტურას აძლევს.
როგორც ჩანს, იყო იდეოლოგიური ასპექტიც - ნაციონალიზმი. თანამდებობებზე
დანიშვნისას, აშკარა უპირატესობა ეძლეოდათ უზბეკებს, რუსები
და სხვა ეროვნული უმცირესობები არასასურველი ელემენტი გახლდათ.
ასე მაგალითად, იკრამოვი იუწყება, რომ ტაშკენტის სახალხო მეურნეობის
ინსტიტუტში კათედრების 39 გამგიდან, 34 უზბეკი და მხოლოდ ერთი
იყო რუსი (სამოქალაქო თავდაცვის კათედრა).
საბჭოთა პრესა, ასეთი საკითხების განხილვას რა თქმა უნდა თავს
არიდებს, მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამ მაფიის წევრი
უზბეკებისათვის ნაციონალიზმს გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა.
მათთვის მნიშვნელოვანი იყო განცდა იმისა, რომ რუსული ხელისუფლების
ნების საწინააღმდეგოდ თავის რესპუბლიკას ისინი, უზბეკები მართავენ
და რუსული ხელისუფლებისათვის არასასურველი არაოფიციალური ეკონომიკის
განვითარებას ხელს უწყობენ.
მაგრამ ამის შეფასება არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი იყოს. ამ
კორუმპირებული ავტონომიის მიღწევაში, ფარული ეროვნული პროტესტი
უეჭველად არის. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთი კორუმპირებული
რესპუბლიკების მეორე ეკონომიკის აქტივობა ამ რესპუბლიკების ხალხებისთვის
სასარგებლოა.
გავრცელებული აზრის თანახმად, ცხოვრების დონე აზიურ რესპუბლიკებში
უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში. როგორც სჩანს, ეს ასეცაა. როგორც
ჩემთვისაა ცნობილი, 1972 წელს, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარემ - სოლომენცევმა ხელმძღვანელობას მიაწოდა
ბარათი, რომლის მტკიცებითაც, ცხოვრების დონე რუსეთში უფრო დაბალი
იყო, ვიდრე დანარჩენ რესპუბლიკებში. ცხოვრების უფრო მაღალი დონის
მიღწევას ხელი ალბათ ამ მეორე ეკონომიკამ შეუწყო, მაგრამ უეჭველია,
რომ ამ კორუმპირებული რესპუბლიკების მოსახლეობებს კორუმპირებულ
უფროსთა ფუფუნება ძვირად უჯდებათ.
ხალხი თუ უფრო მძიმედ არ მუშაობს, ის მეტ შევიწროებას განიცდის,
ვინაიდან საბჭოთა კავშირისათვის ჩვეულებრივ შეზღუდვებს კორუმპირებული
რესპუბლიკების ეროვნული მაფიისთვის სასარგებლო შეზღუდვებიც ემატება.
უზბეკეთში ხალხი დამატებით სამუშაოებსაც ასრულებდა. ასე რომ,
ჩემის აზრით, ეროვნულ ოლქებში კორუმპირებული ავტონომიის შექმნაში,
ძნელია ეროვნული განთავისუფლების ელემენტების ამოცნობა. ეს გარკვეულწილად
ანთავისუფლებს მმართველ ფენას, რომლისგანაც მაფია შესდგება,
მაგრამ ეს უფრო ამ რესპუბლიკის ხალხის ყმად გახდომაა.
საბჭოთა კავშირში თანამდებობის პირთა თვითნებობისაგან პიროვნების
დაცვა საკმაოდ სუსტია. და რა უნდა ითქვას სიტუაციებზე, როდესაც
თანამდებობის პირები დაუსჯელად გრძნობენ თავს იმიტომ, რომ მათ
თანამდებობაში დიდი ფული გადაიხადეს. ცხადია, რომ ასეთი "ეროვნული
ხელისუფლება" სინამდვილეში ხელისუფლების სრული აღვირახსნილობა
არის.
მე დავიწყე კულტურის მინისტრის უზბეკეთის მთავარი ბოსის მიმართ
პირფერობით. მკითხველმა შეიძლება წარმოიდგინოს, საკუთარი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად რა დამცირების გადატანა უწევს უბრალო ხალხს.
კორუმპირებული რესპუბლიკის წარმოშობის გამო პასუხისმგებლობა
ყველაზე იოლად შეიძლება ადგილობრივ ხელმძღვანელობას დაეკისროს.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხელმძღვანელობა მმართველობის
საერთო საკავშირო სისტემის ნაწილი არის. პარტიული კონტროლის
გარდა, ეს სისტემა სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ სრულყოფილ ფორმებს
გულისხმობს საპროკურორო მეთვალყურეობისა და სასამართლოების კონტროლის
ჩათვლით. ცხადია, რომ კორუმპირებული რესპუბლიკის წარმატებულ
ფუნქციონირებას კონტროლის სისტემის კორუფცია ან მოშლა სჭირდება.
დღეს, როდესაც უზბეკური მაფიის საქმეს იძიებენ, თანამდებობებიდან
ასობით ადამიანის განთავისუფლებისა და პარტიიდან გარიცხვის,
ადგილობრივ მოღვაწეთა გასამართლების და დასჯის შესახებ იტყობინებიან.
დაჭერილი იყო უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმდომარე ხუდაიბერდიევიც
კი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის მოსკოველი უმაღლესი მოხელეების
დასჯაზე, არადა, კანონიერების დაცვა მათ ევალებოდათ.
უზბეკეთი კორუფციული ავტონომიის ყველაზე ნათელი და არა ერთადერთი
მაგალითია. ახლა ყირგიზული და თურქმენული კორუფციის გამოძიება
მიმდინარეობს. კორუფციას აზერბაიჯანში ალიევი და საქართველოში
შევარდნაძე ებრძოდნენ. მსგავსი მოვლენები იყო ყაზახეთშიც, სადაც
კომპარტიის პირველი მდივანის - კუნაევის მოხსნამ და მის ადგილზე
რუსი კოლბინის დანიშვნამ, საზოგადოებრივი მღელვარებები გამოიწვია.
საბჭოთა კავშირის ყველა ან თითქმის ყველა აზიურ რესპუბლიკას
თითქოს ერთი და იგივე ინფექცია აქვს შეყრილი. ამ რესპუბლიკების
მართვის ორგანიზაციაში თითქოს ერთი და იგივე შეცდომებია დაშვებული.
ჩემის აზრით, ამ რესპუბლიკებს შემდეგი საერთო ნიშნები აქვთ:
1. ხალხის მიერ ისტორიულად მიღებული ფეოდალური პოლიტიკური კულტურა.
2. შელახული ეროვნული გრძნობა.
3. ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისათვის აშკარა
უპირატესობის მინიჭება.
ამ რესპუბლიკების მართვის ხასიათის ნებისმიერმა გარდაქმნამ,
ანგარიში უნდა გაუწიოს საერთო ნიშნებს, რომლებმაც გააადვილეს
ჩემს მიერ ფეოდალურ წყობისა და კრიმინალური სინდიკატის შუალედურ
ფორმად განსაზღვრული კორუმპირებული რეჟიმის დამყარება. სსრკ-ს
აზიურ რესპუბლიკებში არსებულ კორუფციულ ავტონომიაზე საუბრისას,
მე ვგრძნობ ტრაგიზმს ვითარებისა, როდესაც მეტი ეროვნული დამოუკიდებლობის
მოპოვების მცდელობები ისეთ არასიმპატიურ ფორმას იღებს, როგორიცაა
საბჭოთა სტრუქტურის შიგნით ფეოდალურის მსგავსი წყობის დამყარება.
მაგრამ ეს შეიძლება ბუნებრივიცაა. ეს ტერიტორიები ხომ იქ საბჭოთა
წყობის დამყარებამდე ფეოდალური იყო. ასე რომ, ამ რესპუბლიკების
მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის პოლიტიკური კულტურა ფეოდალურ
ტრადიციას არ სცდება.
ისე ხდება, რომ ჩვეულებრივი საბჭოთა თვითნებობის პირობებში და
საჯარო კონტროლის გარეშე, ხელმძღვანელობის ჩვეულების თესლი საკმაოდ
ნოყიერ ფეოდალურ ნიადაგზე ეცემა.
უზბეკური ბამბა და ხალხის ტანჯვა
უზბეკეთის ბამბის მოყვანაში ფართოდ რეკლემირებული
წარმატებები, როგორც ჩანს, ფარი იყო, რომლის უკანაც უზბეკეთის
კომპარტიის ხელმძღვანელ რაშიდოვს თავისი ფეოდალურ-მაფიური სტრუქტურის
შექმნა შეეძლო. ამ წარმატებების დღევანდელ მხილებათა ფონზე,
მე მინდა ვაჩვენო, რა ძვირად უჯდება რესპუბლიკის ხალხს "ავტონომია
კორუფციაში". ამ თემაზე მრავალი რამ დაიბეჭდა, მაგრამ განსაკუთრებულ
რეკომენდაციას ვუწევ კ. კოლესნიკოვისა და ვ. სოკოლოვის სტატიას
("ლიტერატურნაია გაზეტა", 1987 წლის 11 თებერვალი).
საკითხის ისტორია ასეთია. უზბეკეთში 1940 წლიდან ბამბის წარმოებას
თანმიმდევრულად ზრდიდნენ. 1975 წლისათვის ნედლი ბამბის წარმოება
ორჯერ გაიზარდა და ხუთ მილიონ ტონას მიაღწია. ბამბა მაშინ უკვე
უზბეკეთის მონოკულტურად გადაიქცა და ის ხილისა და ბოსტნეულის
წარმოებას განზე სწევდა. ნიადაგის გაუმჯობესებისათვის თესლბრუნვის
ელემენტარულ მოთხოვნებს უკვე უგულვებელყოფდნენ და სკოლის მოწაფეებს
მინდვრებში ბამბის მოსაკრეფად მიერეკებოდნენ. მაგრამ ბამბის
წარმოების გეგმა იზრდებოდა და ხელმძღვანელებს ძალიან სურდათ,
მოსკოვისათვის გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ ეპატაკათ.
1980 წელს წელიწადში 6 მილიონი ტონა ნედლი ბამბის დამზადების
შესახებ გამოცხადდა. ეს ტყუილი იყო და ასობით ხელმძღვანელს,
ბამბისგამწმენდი მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის ჩათვლით,
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა.
მე აქ მიწერათა ტექნოლოგია არ მაინტერესებს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ დაძაბულობას უზბეკი ხალხი და უზბეკური
მიწა როგორ უძლებდა. დასახელებული ჟურნალისტები აი რას სწერენ:
"შეუბრალებლად იცვლებოდა მიწის სახეც. ქრებოდნენ ბაღები
და ტყეები, მდელოები და მობალახე საქონელი. მინდვრებს მარილის
ფენა აჭაღარავებდა (გვალვიანი მიწების მორწყვა დელიკატური საკითხია,
ირიგატორთა შეცდომები მარილის დამღუპველ სიჭარბეს იწვევს. ვ.
ჭ.). ნიადაგების ნაყოფიერება ეცემოდა". უზბეკი აკადემიკოსი
მირზა-ალი მუხამეჯანოვი ამბობს: "ჩვენში, მრავალ ადგილას,
ბამბა ერთსა და იმავე ადგილზე 50 წლის მანძილზე განუწყვეტლად
მოჰყავთ. ის ნიადაგს აუძლურებს, მის ყველა წვენს იწოვს. მიწას
ფრთხილად უნდა მოექცე, ჩვენში მასზე ტრაქტორები წელიწადში დაახლოებით
30-ჯერ გაივლიან ხოლმე. ბამბის ტექნიკა მიწას დაუნდობლად წნეხავს,
რომელშიც ბამბის საშინელი დაავადების ვილტის ვირუსის გარდა,
მიკროორგანიზმებიც იღუპებიან. მცენარეთა იმუნიტეტი დაბალია.
ამიტომ მოსავლიანობაც დაბალია. ცოტა ორგანიკას იყენებენ, სამაგიეროდ
ხმარობენ ბევრ შქამქიმიაქტს. შქამქიმიკატი კი ველზე ყოველგვარ
ცოცხალს სპობს".
ასეთია უზბეკური მიწის სურათი. ეხლა ვნახოთ, როგორ იყვნენ ბამბის
მომყვანნი მაშინ, როდესაც მათი უფროსობა ფულში და პატივში ცურავდა.
ჟურნალისტები წერენ: "ბამბა გარიჟრაჟიდან გარიჟრაჟამდე
შრომას ითხოვს. და ინსტანციაში კიდევ ისმის ბღავილი: -"დავაი,
დავაი" ("მაიტა, მაიტა") და ეს ღრიალი მიწაზე
მიჯაჭვულ გლეხკაცს აყრუებდა. ვიღაცა ძღებოდა, ვიღაცა იტყუებოდა
და გლეხკაცი კი სულ შრომობდა".
სამიზდატის დოკუმენტი - 1987 წლის თებერვალში უზბეკი მწერალის
- ირაზიზ აგზამის გამოსვლა უზბეკეთის მწერალთა კავშირის პლენუმზე
დეტალებს იტყობინება: "სოფლის მშრომელები თავისი შრომის
საფასურის დაახლოებით 5 პროცენტს იღებენ. ისინი გაჭირვებულად
ცხოვრობენ, უაღრესად რთულ პირობებში... მათ არაფერი აქვთ ჩაისა
და შაქრიანი პურის მეტი. ისინი უხორცო წვნიანებს მიეჩვივნენ.
უმრავლეს შემთხვევაში, კოლმეურნეთა ხელფასი თვეში 35 მანეთს
შეადგენს (უმაღლესი ხელფასი 70 მანეთია)". ეს მწერალი საშინელ
ამბებს იტყობინებოდა ბამბის მინდვრებში და სოფლის მეურნეობის
სხვა სამუშაოებზე სკოლის მოწაფეთა ექსპლუატაციის შესახებ: "მათ
აუცილებლად ამუშავებენ: მარტში მიწის მოსწორებაზე, აპრილში -
თუთის ფოთლების შეგროვებაზე, თუთის ჭიების მოვლაზე. მაისში -
თუთის ფოთლების შეგროვებაზე, ბამბის ნათესების სარეველასაგან
განთავისუფლებაზე.., ოქტომბერ-ნოემბერში ბამბის კრეფაზე. ჩვენი
ბავშვები მინდორში თითქმის 7-8 თვე მუშაობენ".
უზბეკეთისთვის უზარმაზარი ტრაგედია იყო 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე
ბამბის ველებზე ბუტიფოსის დეფოლიანტის გამოყენება. უკვე 1974
წელს, ა. სახაროვი პროტესტს გამოსთქვამდა უზბეკეთის მინდვრებში
მომუშავე ბავშვების მიერ მომწამლავი შხამიანი ჰერბიციდების გამოყენების
გამო. მოგვიანებით ცნობილი გახდა ბუტიფოსით მოსახლეობის მოწამლვის
შედეგების დეტალები - ცენტრალური ნერვული სისტემის ავადმყოფობები,
ჰეპატიტით დაავადების გახშირება, შინაგან ორგანოთა ავადმყოფობები,
ალერგიული რეაქციები. ამასთან, ბუტიფოსი ნიადაგში და წყალში
გროვდება, რაც მის შემადგენლობას ზოგ საკვებ პროდუქტში ზრდის.
სამიზდატის დოკუმენტში უზბეკი მწერალი შემდეგს იტყობინება: "ჩვენს
ბავშვთა 5 პროცენტი გონებრივად არასრულფასოვნად იბადება. რესპუბლიკის
ყმაწვილთა 30 პროცენტი სამხედრო სამსახურისათვის უვარგისია...
სოფლის მოსახლეობის მესამედი ავადმყოფობდა ან ავადაა ყვითელით".
საბჭოთა ჯანდაცვის სამინისტრომ, ბუტიფოსის წარმოება და გამოყენება
მხოლოდ 1987 წლის გაზაფხულზე აკრძალა,"ლიტერატურნაია გაზეტას
"1986 წლის 30 ივლისისა და 1987 წლის 7 იანვრის ნომრებში
ჟურნალისტი სოკოლოვის მამხილებელი წერილების გამოქვეყნების შემდეგ.
ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რა მოაქვს კორუფციულ ავტონომიას
ეროვნული ოლქების ხალხისათვის.
ჯანყი ყაზახეთში
ზოგის აზრით, ეს იყო პირველი სახალხო გამოსვლა საბჭოთა კავშირის
კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დიქტატის წინააღმდეგ.
ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში უწესრიგობები გორბაჩოვის გლასნოსტის
პოლიტიკის ერთგვარი გამოცდა იყო. საბჭოთა პრესა ამ მასობრივი
მღელვარებებისა და მსხვერპლის შესახებ მთელი მსოფლიოს გასაკვირად
აქვეყნებდა მასალებს. პრესის შეტყობინებები არასრული, ტენდენციური,
მაგრამ მაინც ინფორმაცია იყო. ოფიციალური თუ არაოფიციალური შეტყობინებებიდან
ცხადი ხდება, თუ რამდენად ფეთქებადსაშიში შეიძლება იყოს თითქმის
ყველა რესპუბლიკაში მდგომარეობა, თუ კი ხელისუფალნი ეროვნულ
წინააღმდეგობათა პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. უკანასკნელ
ათწლეულებში სწორედ ეს მოხდა. ხელისუფალნი ეროვნულ წინააღმდეგობებს
არ იკვლევდნენ, არ იმჩნევდნენ და ეს პრობლემების დაგროვებას
და ვითარების გამწვავებას ხელს უწყობდა.
გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ყაზახეთის მდგომარეობა
შეიძლება დახასიათდეს როგორც "ავტონომია კორუფციაში",
უზბეკეთის მსგავსად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყაზახეთში მკვიდრი
მოსახლეობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის მცოლოდ 36 პროცენტს
შეადგენს და ეს ფაქტი ყაზახეთის მდგომარეობას განსაკუთრებულ
სიმძაფრეს ანიჭებდა. რესპუბლიკაში ამდენი რუსისა და სხვა ეროვნებათა
წარმომადგენლების ცხოვრების პირობებში, ყაზახური ნაციონალიზმი
რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში, მაღალ თანამდებობებზე დანიშნვისას
და უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობისას ყაზახებისათვის უპირატესობის
მინიჭება, მდგომარეობას ამწვავებდა.
აი როგორ ახასიათებს ყაზახურ "ავტონომიას კორუფციაში"
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
დადგენილება "ყაზახეთში რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაციის
მუშაობაზე მშრომელთა ინტერნაციონალური და პატრიოტული აღზრდის
სფეროში" ("პრავდა", 1987 წლის 16 ივლისი): "სოციალ-კულტურული
მუშაობის გეგმები მუდამ იშლებოდა. მოსახლეობის სურსათით მომარაგება
გაუარესდა. ირღვეოდა სოციალური სამართლიანობის პრინციპები. დიდი
გაქანება მიიღო სოციალისტური საკუთრების დატაცებამ, მიწერებმა,
მექრთამეობამ. ვრცელდებოდა ლოთობა და ნარკომანია. ყველაფერი
ეს აჩენდა არაჯანსაღ მორალურ-ზნეობრივ ატმოსფეროს, არასასურველ
მოვლენებს ერთაშორის ურთიერთობებში, აშფოთებდა, აბნევდა კომუნისტებს
და პატიოსან მშრომელებს.
უმაღლეს სასწავლებლებში შესვლისას, უპირატესობას ყაზახ ახალგაზრდობას
ანიჭებდნენ, ჰყვაოდა პროტექციონიზმი, ირღვეოდა მიღების მოქმედი
წესები. უმატებდნენ ნიშნებს. მშრომელთა ინტერნაციონალურ აღზრდას
დიდი ზიანი მიაყენა უხეშმა შეცდომებმა საკადრო პოლიტიკაში. ხელმძღვანელ
თანამდებობებზე შერჩევისას და წარდგენისას, გადამწყვეტი ფაქტორები
ხშირად ეროვნება, ნათესაური კავშირები, პირადი ერთგულება იყო
და არა პოლიტიკური, საქმიანი და მორალური თვისებები. მაამებლობისა
და ურთიერთვალდებულებების პირობებში, ბევრი საკვანძო თანამდებობა
პარტიულ, სახელმწიფო და სამეურნეო, სამეცნიერო დაწესებულებებში
და სასწავლებლებში ეკავათ კარიერისტებს, შემგუებლებს, მლიქვნელებს.
კადრთა ნაწილი მორალურად გაიხრწნა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური
სტრუქტურის ყველა რგოლში, არ იყო უზრუნველყოფილი რესპუბლიკაში
მცხოვრები ერებისა და ეროვნებების წარმომადგენლობა. პარტიული
და სახელმწიფო აპარატი, სამართალდაცვითი ორგანოები, მეცნიერებისა
და კულტურის დაწესებულებები ეროვნული გადახრებით ყალიბდებოდა.
ასევე ივსებოდა შემოქმედებითი კავშირები, ასევე იღებდნენ პარტიაში
და წარადგენდნენ ჯილდოებზე. ზოგი ეროვნული ჯგუფის მოთხოვნილებებისა
და საჭიროებათა მიმართ აღნიშნულმა დარღვევებმა და უყურადღებობამ,
გამოიწვია ამ მოსახლეობის ნაწილის წასვლა რესპუბლიკიდან, განსაკუთრებით
გურიევის, ჯეზკაზგანის, ყიზილ-ორდის, სემიპალატინსკის, ცელინოგრადის
ოლქებიდან".
ვიცი ეროვნული კორუფციის განვითარების ძირითადი ნიშნები და მიუხედავად
სიფრთხილისა, რასაც მსგავსი დადგენილებების მიმართ ვიჩენ, ყაზახეთის
ხელმძღვანელებისადმი წაყენებულ პრეტენზიებში განსაკუთრებულ გადაჭარბებებს
ვერ ვხედავ. მაგრამ ძნელი არაა იმის დანახვა, რომ რუსულ ხელისუფლებას
განსაკუთრებით არაყაზახთა ყაზახეთიდან წასვლა აშფოთებს.
ბევრი რამ იყო გაკეთებული იმისათვის, რომ ყაზახეთში ეროვნებათა
შერევა მოხერხებულიყო და საპირისპირო პროცესის დაწყება საგანგაშოა.
ყაზახების თვალსაზრისით კი, პირიქით, ეს კარგია, შეიძლება ეს
ყაზახეთის ყაზახებისთვის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არის.
მთელი ეს პრეტენზიები ყაზახებისთვის სამსახურებში და სასწავლებლებში
მიღებისას შექმნილი უპირატესობების გამო, ყაზახების თვალში ხელოვნური
პრეტენზიებია.
ყაზახები ათწლეულების მანძილზე უყურებდნენ როგორ ასახლებდნენ
ყაზახეთში არაყაზახებს და ისინი თავისთვის რაღაცის დატოვებას
ცდილობდნენ. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ 1986 წლის დეკემბერში
ყაზახეთის კომპარტიის პირველ მდივნად რუსი კოლბინის დანიშნვამ,
აღშფოთება და ნაციონალისტური დემონსტრაცია გამოიწვია. დემონსტრაციის
და უწესრიგობების მთავარი მონაწილეები სტუდენტები და ახალგაზრდა
მუშები იყვნენ, რამაც საბჭოთა პრესას არეულობაზე ჩრდილში მდგომი
ვიღაც ხელმძღვანელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალება
მისცა (ანაურ ალიმჟანოვი, რა მოხდა ალმა ატაში, "ლიტერატურნაია
გაზეტა", 1987 წლის პირველი იანვარი). მაგრამ უეჭველია,
რომ ახალგაზრდობას შესაძლებელია საკუთარი აზრი ჰქონდეს და კუნაევის
მოხსნა და რუსის დანიშნვა გახლდათ მხოლოდ საბაბი, რომელმაც დაგროვილ
მრისხანებას გზა გაუხსნა.
მთავარი დემოგრაფიული პრობლემა
დიდი ხანია რაც ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის მაჰმადიანური
რესპუბლიკების მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება და მისმა რაოდენობამ
შეიძლება სლავთა რაოდენობას გადააჭარბოს...
გლასტნოსმა დუმილი დაარღვია. მაჰმადიანებს, მაგალითად ტაჯიკებს
(საბჭოთა კავშირში მათში ყველაზე მაღალი შობადობაა), ნაკლები
შვილის ყოლისაკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ ბევრი შვილის ყოლა
მავნებელია ჯანმრთელობისათვის და ხელს უშლის ბავშვების სწორ
აღზრდას (1 Soviet Nationality Survey, vol : IV, 1987 წლის
მარტი). საუბარია იმაზეც, რომ მრავალშვილიანობა ქალს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში და მწარმოებლურ შრომაში მონაწილეობის საშუალებას
არ აძლევს. საეჭვოა, რომ ამ პროპაგანდამ შუა აზიის მაჰმადიან,
საბჭოთა კავშირში ყველაზე ნაკლებად ასიმილირებულ მოსახლეობაში
გასჭრას. არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებას, შუა აზიაში, დედობის
წამახალისებელი ზომების ნაწილობრივი გაუქმება და ამავე დროს,
საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში ზომების შენარჩუნება და გაძლიერებაც
კი მოუხდება.
პაქტები ადამიანის უფლებების შესახებ (პირველი მუხლი) კერძოდ
აცხადებს: "თავისი მიზნების მისაღწევად, საკუთარი ბუნებრივი
სიმდიდრეებით სარგებლობა ყველა ხალხს შეუძლია. რომელიმე ხალხისათვის
მისი საარსებო საშუალებების წართმევა დაუშვებელია".
გაეროს მიერ მიღებული და საბჭოთა კავშირის მიერ რატიფიცირებული
საერთაშორისო საბჭოთა კავშირში, სადაც ეკონომიკა გეგმიანი და
ცენტრალიზებულია, ეროვნულ ოლქებში საწარმოო პროცესებთან დაკავშირებით
ბუნების მოსპობა, ციტირებული ნორმებისა და პაქტების დარღვევად
უნდა ჩაითვალოს. მრავალი ცნობის თანახმად, ასეთი დარღვევები
იშვიათი არაა. დროებითი სამეურნეო მოგების სანახავად და მოსკოვის
მიერ ნაკარნახევი გეგმის ინტერესებში, ბუნებას ექსპლუატაციას
უმოწყალოდ და შეუბრალებლად უწევენ. ირღვევა ლანდშაფტის ბუნებრივი
ბალანსი, რის შედეგადაც მომდევნო თაობებს არსებობის ნაკლები
ბუნებრივი საშუალება რჩება. ეს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიას
შეეხება, რუსული მთავრობა არ ცდილობდა განსაკუთრებული ზიანი
მიეყენებინა ეროვნული ოლქების ბუნებისთვის, მაგრამ გადაჭარბებული
არ იქნება იმის თქმა, რომ რუსულ მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა
ეკისრება სწორედ ეროვნული ოლქების ბუნების დაცვაზე, ვინაიდან
ამ ოლქების ხალხებს არა აქვთ თავისი ეკონომიკის დამოუკიდებლად
აგებისა და დაგეგმვის უფლება.
ამ პრობლემის საილუსტრაციოდ მომყავს სამი მაგალითი - არალის
ზღვის კლება, ბუნებრივი გარემოს კატასტროფიული მდგომარეობა სომხეთში
და პესტიციდური მოწამლვა მოლდავეთში.
არალის ზღვა
აი, ამას წინ მიღებული სამიზდატის ანონიმური დოკუმენტი: „არალის
ტრაგედია უზბეკი ხალხის ტრაგედიაა“:
რამოდენიმე წელია რუსული საზოგადოება ბაიკალის დაბინძურების
წინააღმდეგ იბრძვის და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ხოლო შუა
აზიაში არალის ზღვა კვდება. 10-15 წლის მანძილზე ზღვა სანახევროდ
დაშრა. მისი ნახევარი მარილიან უდაბნოდ გადაიქცა. ქარი ზაფხულობით
ამ მარილს კარაკალპაკიის ავტონომიური რესპუბლიკის დასახლებებს
აყრის. ცა მარილიანი ფარდით იფარება, მზე წითლდება და მარილიან
ღრუბელში ქრება. ამ ოლქში, მიწაზე არც ერთი ხე არ ხარობს, ცხოველები
იხოცებიან, ავადდებიან და ადამიანები კვდებიან. უზბეკეთის კომპარტიის
ცენტრალურ კომიტეტში დევს პროექტი "კარაკალპაკიის დარჩენილი
ხალხის გადასახლების შესახებ", მაგრამ გადასახლების ადგილი
ჯერ-ჯერობით უცნობია, იმიტომ, რომ მეზობელი ოლქების (ხორეზმი,
ბუხარა) მიწა ისეთივე უნაყოფო ხდება, როგორიც კარაკალპაკიაშია.
არალის ზღვა შრება იმიტომ, რომ ამუდარია ზღვაში არ ჩაედინება,
იმიტომ, რომ მასში წყალი არაა. წყალს კი ალერსით თეთრ ოქროდ
წოდებული ბამბა ნთქავს.
არალის ზღვის გადასარჩენად ერთადერთი გზა არსებობს - სარწყავი
მიწები ორჯერ უნდა შემცირდეს, უარი უნდა ითქვას მილიონობით ტონა
ბამბაზე და შეწყდეს ყამირის გაუთავებელი ათვისება, იმიტომ, რომ
არჩევანი უნდა გაკეთდეს - ბამბა ან ადამიანები. მაგრამ ჯერ-ჯერობით
ყველაზე მეტად ბამბას აფასებენ. არალის ზღვის ტრაგედია მალე
არა მხოლოდ შუა აზიის, არამედ ყაზახეთის ტრაგედიაც იქნება.
გლასნოსტის პოლიტიკის წყალობით, არალის ზღვის პრობლემაზე საბჭოთა
პრესაც ალაპარაკდა. უზბეკი მწერალი სარვარ აზიმოვი სწერს: "არალის
ზღვის კვდომა დიდი ხნის წინ დაიწყო, მისი მკვებავი სირდარიისა
და ამუდარიის აუზში ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გაფართოვებასთან
ერთად. ის განსაკუთრებით მკვეთრად 1960-ან წლებში დაჩქარდა.
შუა აზიის რესპუბლიკებში აქტიურად ვითარდებოდა სარწყავი მიწათმოქმედება.
ადრე არალის ზღვის შემავსებელი წყალი, ახლა ათასობით კილომეტრ
არხში, მილიონობით ჰექტარ მინდვრებზე დაიღვარა, რაც სამი რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის ზრდის საშუალებას იძლეოდა. უპირველეს ყოვლისა,
ბამბის პლანტაციების ნაყოფიერება იზრდებოდა. მოსავლის ზრდა საყოველთაოდაა
ცნობილი.
გაცილებით უფრო ნაკლებადაა ცნობილი, რომ 1960 წლიდან დღემდე,
არალი საშუალო სიღრმით თითქმის ორჯერ შემცირდა, მესამედით შემცირდა
აკვატორიუმის ფართობით და ორჯერ და მეტად შემცირდა წყლის მოცულობით.
არალი, რომელიც ცოტა ხნის წინ მატერიკის სიდიდით მესამე შიდა
ტბას წარმოადგენდა (კასპიის ზღვისა და ჩრდილო-ამერიკული ტბა
ზემო-ს შემდეგ), კატასტროფიული ტემპებით შრება. ბოლო ხანებში,
ის წელიწადში საშუალოდ 38,3 სანტიმეტრით დაბლდება. მთელი ზღვის
გაქრობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური შედეგების წინასწარ
წარმოდგენა შეუძლებელია. თუმცა დაახლოებითი წარმოდგენა შეიძლება
მოიხაზოს.
არალმა ფაქტიურად თავისი სატრანსპორტო და სარეწი მნიშვნელობა
დაკარგა. ყოფილი პორტი და კურორტი ქალაქი ბუინაკი, წყლისგან
მრავალი ათეული კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა. ამ ქალაქის წარსულს
მხოლოდ მარილის გროვებზე მიყრილი გემების დამპალი კარკასები
მოგვაგონებენ. ბუინაკსკის ოდესღაც ზღვის პირას მდგარ თევზის
კომბინატში, თევზი ახლა ატლანტიკიდან მიაქვთ...
ახლა ნაყოფიერი უზარმაზარი ტერიტორია პირველ რიგში, გაუდაბურდება.
ზღვის გაშიშვლებული ფსკერის მეტრანახევარი სისქის გრუნტში ასობით
მილიონი ტონა მარილია. ქარის ეროზიის დიდი კერები ჯერ განვითარებული
არაა, მაგრამ არალის შემდგომი დაშრობისას, პროცესი უთუოდ გაძლიერდება.
ქარით გადატანილი მარილი, პირველ რიგში არალისპირეთს ედება და
ამარილებს, უნაყოფოს ხდის ნიადაგს. მარილიანი ნიადაგი ,მარილიანი
ჰაერი და ამასთან ერთად სარწყავი წყლების მინერალიზაცია, არალისპირეთის
უდაბნოდ გადაქცევის პირობებს შექმნის".
საუკუნეების მანძილზე, შუა აზიაში მცხოვრები ხალხები თავისი
მეურნეობისათვის ამუდარიისა და სირდარიის წყლებს იყენებდნენ.
ეს ბუნებასთან ჰარმონიაში კეთდებოდა, სარწყავი მიწების გაუმართლებლად
ზრდისა და არალის ზღვის მოსპობის საფრთხის გარეშე. ზღვის ირგვლივ
მცხოვრებ ხალხთა გამრავლება, სათესი ფართობების ზრდა და ყოველივე
ამის შედეგად ამ მდინარეთა წყლების მოხმარების ზრდა, ამ ტრაგიკულ
უბედურებებს ვერ გამოიწვევდა, რომ არა დაუდევრობა და ბუნებრივ
სიმდიდრეთა დაუნდობელი ექსპლუატაცია სულ უფრო და უფრო მეტი ბამბის
მიღების მიზნით. ბამბა ხომ მოსკოვის მთავრობისთვის ვალუტის ერთ-ერთი
წყაროა.
ახლა ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეთიოპიაში, არაბულ ქვეყნებში
ბამბის სიჭარბე გაჩნდა და საბჭოთა კავშირის მეგობრები და პარტნიორები
ბამბის ყიდვას სხვაგანაც შესძლებენ. იქნებ შესაძლებელი გახდეს
შუა აზიაში ბამბის ნათესების შემცირება ("ლიტერატურნაია
გაზეტა", 1987 წლის 28 იანვარი).
მაგრამ ბამბის ნათესების შემცირებამაც და მორწყვის მეთოდიკის
შეცვლამაც შეიძლება არალის ზღვა ვეღარ გადაარჩინოს და ვერ შეაჩეროს
უდაბნო, რომელიც ოდესღაც ყაზახების, უზბეკების, კარაკალპაკების
და სხვა ხალხების მარჩენალ მიწებს უტევს.
რას უშვრებოდნენ
სომხებს
1986 წლის მარტში სომხეთის კულტურის მოღვაწეებმა და მუშებმა
(350 ხელმოწერა) წერილით მიმართეს გორბაჩოვს. ამ წერილს ერევანის
ქიმიური მრეწველობის მიერ ბუნებრივი გარემოს, მოსახლეობისა და
ბუნების მოსპობის საშინელი ფაქტები დაურთეს.
აი ამ წერილის ნაწილი: "29,8 ათასი კვადრატული კილომეტრის
ფართობის სომხეთის 3,5 მილიონიანი მოსახლეობის მესამედი ერევანში
ცხოვრობს, სადაც გამოყენებული საჰაერო აუზის 80 პროცენტი მოწამლულია.
წელიწადში 165 დღის განმავლობაში, დედაქალაქის თავზე სმოგი ჰკიდია.
გარემოს დაბინძურების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ერევანის,
განსაკუთრებით მისი სამხრეთი და დასავლეთი ნაწილების მცხოვრებნი
(დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი), უკვე დიდი ხნის წინ
უნდა ყოფილიყვნენ ევაკუირებულნი.
რესპუბლიკის მწვანე ქამრების დაახლოვებით 35 პროცენტი მომსპარია
და დაახლოვებით 45 პროცენტი სახიფათო მდგომარეობაშია. სომხეთის
ზოგიერთი მდინარე (დებედა, ვოხჩი, გეტარი) ბიოლოგიურად მკვდარია.
სხვა მდინარეები კი (რაზდანი, ვოროტანი), ეკოლოგიურად მთლიანად
გამოუსადეგარია.
საბჭოთა კავშირის 7 ყველაზე მოწამლული (ტოქსიკური ნივთიერებების
ტიპისა და საშიშროების მიხედვით) ქალაქიდან, 5 სომხეთშია.
ერევანის, ალავერდის, კიროვაკანის, კაფანის, კაჯარანის და სხვა
ქალაქების ქიმიურმა ქარხნებმა და აგრეთვე რაზდანის ცემენტის
კომბინატმა, ახლომდებარე ტყეები, მცენარეულობა და ცხოველური
სამყარო მოსპეს. გამონაბოლქვები ამ ქალაქებში (მაგ. აზოტის მჟავები,
ნახშირბადის ოქსიდი, გოგირდოვანი ანჰიდრიდი, ცემენტი, ვერცხლისწყალი,
ტყვია, ქლოროპრენი და სხვ.) დასაშვებ ნორმებს ათეულობით, ასეულობით
და ზოგჯერ ათასობით აჭარბებენ.
დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე, იქ მდებარე ქიმიური ქარხნები
შხამიანი ნარჩენების ასობით ნაირსახეობას ჰყრიან. მარტო ერევანის
ქიმრეაქტივების ქარხანა, სიმძლავრით მეორე საბჭოთა კავშირში,
ძლიერი შხამქიმიკატების 135 სახეობას აწარმოებს.
ყოველივე ეს, განსაკუთრებით ერევანში და არარატის ველზე, სადაც
სომხეთის მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს, ათეულობით ავადმყოფობის
გაძლიერებულ გავრცელებას იწვევს. ვრცელდება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა,
სასუნთქი გზების, ფილტვების ავადმყოფობები, ხშირდება არანორმალური
მშობიარობა და უნაყოფობა. რაც შეეხება ფილტვების, საყლაპავის
და კუჭის კიბოს, ისევე როგორც სხვა ავთვისებიან სიმსივნეებს,
მათმა გავრცელებამ უპრეცენდენტო თავზარდამცემ მასშტაბებს მიაღწია,
თანაც უკვე ავადდებიან ახალგაზრდები, რასაც სომხეთი ამ მაჩვენებლით
საბჭოთა კავშირში პირველ ადგილზე გაჰყავს.
სულ მცირე 5-ჯერ შემცირებული ოფიციალური მონაცემების თანახმად,
1965-1985 წლებში კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 10 000 მოსახლეზე
ოთხჯერ გაიზარდა. ბოლო 15 წლის მანძილზე 5-ჯერ გაიზარდა გონებრივად
ჩამორჩენილ ბავშვთა რაოდენობა, ოთხჯერ გაიზარდა სისხლის გათეთრებით
დაავადებულთა რაოდენობა, 7-ჯერ გაიზარდა არანორმალურ და ნაადრევ
მშობიარობათა რაოდენობა, 8-ჯერ გაიზარდა გულის ინფარკტთა რაოდენობა.
ერევანის სამრეწველო რაიონებსა და ატომური სადგურის მიმდებარე
რაიონებში 10 ბავშვიდან 5 ან მკვდარი ან მახინჯი იბადება. 10
ბავშვიდან 3 მკვდარი ან მახინჯი იბადება სევანზე და გუგარქში.
თანდაყოლილი ავადმყოფობებით, მანკებით ბავშვების გაჩენაც ხშირია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მათი სიცოცხლის პირველი
40 დღის მანძილზე იხოცებიან ან აგრძელებენ ცხოვრებას როგორც
სხვადასხვა ავადმყოფობის მატარებლები.
ოქტემბერიანის, ეჩმიაძინის, ბაგრამიანის, აშტარაკის რაიონებში
და ერევანში, 1-5 წლის ბავშვთა ორი მესამედი ყოველ 2-3 თვეში
ავადდება ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებრივი წინააღმდეგობის
უკმარობის გამო მათ 2-3 თვეში ერთხელ სხვადასხვა ავადმყოფობა
სტანჯავს. არარატის ველის (ერევანის ჩათვლით) მკვიდრთა თითქმის
ნახევარი დაავადებულია სხვადასხვა ავადმყოფობით (კიბოს ყველანაირი
ფორმა, სისხლის გათეთრება, შაქრის ავადმყოფობა, ფილტვების, ყელის,
საყლაპავის ანთება, კუჭის წყლული და სხვ).
ესაა ერის ბიოლოგიური გაწყვეტა ამ გამოთქმის სრული მნიშვნელობით.
ამიტომა, რომ არარატის ველზე ცხოვრების საშინელების თავიდან
ასაცილებლად, იქიდან 1980-1985 წლებში ჩრდილო კავკასიასა და
სამხრეთ რუსეთში გადასახლდა ადამიანი 20 000." ამასთან
ერთად, სომხეთის ატომური სადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების
გაჟონვის პრობლემები განიხილება. კერძოდ, იტყობინებიან, რომ
სომხეთის ზოგ რაიონში, ხელისუფლება მოსახლეობას სოფლის მეურნეობის
ზოგიერთი პროდუქტის ჭამაზე (რადიოაქტიური დაბინძურების გამო)
უარის თქმას ურჩევს.
დოკუმენტი იმდენად შემაშფოთებელია, რომ ზოგ კრიტიკოსს ის ტემპერამენტიან
სამხრეთელთა გადაჭარბებად მიაჩნია. ყველა დეტალის შემოწმება
შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი სურათი რომ ნამდვილად ასეთია, ამას
რა თქმა უნდა უფრო ფრთხილი გამოთქმებით, უკვე საბჭოთა პრესაც
ადასტურებს.
აი, რას წერდა მაგალითად, "ლიტერატურნაია გაზეტას"
სომეხი კორესპონდენტი ზორი ბალაიანი (1987 წლის 24 ივნისი):
"1970-ანი წლების ბოლოს მემილიონე ერევნელი დაიბადა. სიხარული,
რა თქმა უნდა, დიდია. მაგრამ მას აფერმკრთალებდა ცოდნა იმისა,
რომ ჩვენში მემილიონე ერევნელი შეიძლებოდა არ გაჩენილიყო. ყველა
ახალშობილი არ ცოცხლობს.
ტრაგედიას თავისი ლოგიკა აქვს. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს
ცნობის თანახმად, გაერთიანება "ნაირიტის" საწარმოთა
მილებიდან გამონაბოლქვ შხამიან ქიმიურ ნივთიერებებს ძლიერი ზოგადტოქსიკური
მოქმედების ფართო სპექტრი აქვთ. განა მართლაც მოულოდნელია ტრაგიკული
შემთხვევები ამქვეყნად გაჩენისას? ეს ცნობა საიდუმლო არაა. ის
უბრალოდ ჩინოვნიკების მაგიდების უჯრებში დევს. მართლაც რატომ
უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ ეს შხამიანი ნივთიერებები, რომლებიც
დღე და ღამე ქალაქის ატმოსფეროში ხვდებიან, განვითარებად ემბრიონზე
მოქმედებენ და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობასთან შეუთავსებელ
ძვრებს იწვევენ?ფეხმძიმობისა და მშობიარობის გართულებები, უშვილობა..."
საბედნიეროდ, ბალაიანის სტატიამ როგორც იქნა ხელისუფალთა რეაქცია
გამოიწვია. 29 ივლისს უკვე გავრცელდა ცნობა, რომ საბჭოთა კავშირის
ჯანდაცვის სამინისტრომ ერევანის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური
საწარმოს პირველი სექტემბრიდან დახურვისა და ვითარების გაჯანსაღების
სხვა ზომების შესახებ წინადადებები წამოაყენა. (1987 წლის 29
ივლისის "ლიტერატურნაია გაზეტა").
მაგრამ დღემდე უცნობია, რამდენად შორს აპირებს ხელისუფლება წასვლას
და რა ზომებს მიიღებს ის სომხეთის ქიმიური მრეწველობის შესამცირებლად
თუ გასაუმჯობესებლად და ბუნების აღსადგენად. ყოველ შემთხვევაში,
ცნობილია, რომ 1987 წლის პირველ ოქტომბერს ყველაფერი ძველებურად
რჩებოდა საჩქარო ზომების მიღების დაპირების მიუხედავად (1987
წლის პირველი ოქტომბრის "ლიტერატურნაია გაზეტა").
უბედურებები მოლდავეთში
ითვლებოდა, რომ მოლდავეთს ბედმა იმიტომ გაუღიმა, რომ ბრეჟნევი
ოდესღაც მოლდავეთის კომპარტიის ლიდერი იყო და საბჭოთა კავშირის
კომპარტიის გენერალურ მდივნად გახდომის შემდეგ, მას დიდ ყურადღებას
აქცევდა. მაგრამ ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას. რომ ლიდერის მკერდთან
გამთბარი ნაჩალნიკები, თავის გამოჩენას და სოფლის მეურნეობაში
მოლდავეთის განსაკუთრებული მიღწევების ჩვენებას ცდილობდნენ.
როგორც მოლდაველი მწერალი იონ დრუცე იტყობინება, უზომო გამარჯვებისაკენ
სწრაფვამ, პესტიციდების უკონტროლო გამოყენება გამოიწვია (1987
წლის 29 ივლისის "ლიტერატურნაია გაზეტა"): "მეოთხედი
საუკუნეა, რაც მოლდავეთის მინდვრების თავზე ქიმიური ქარიშხლები
ჰქრიან. თითქმის მთელი წელი, დილიდან ღამემდე ჰაერში პესტიციდიანი
თვითმფრინავები ლივლივებენ. იმას, რაც თვითმფრინავში ვერ ეტევა,
თესლს ურევენ, დამატებით კვებას აწყობენ, წყალში ხსნიან და უზარმაზარ
ფართობებს რწყავენ.
ბოლოს და ბოლოს, მოლდავეთში შხამქიმიკატების გამოყენება კონტროლიდან
გამოვიდა. კოლმეურნეობებს სრული თავისუფლება მიეცათ - "ყარე
და ყარე" და ისინიც დაუზარებლად ჰყრიან საშუალოდ 22,5 კილოგრამს
ჰექტარზე, ე.ი. ათჯერ უფრო მეტს ვიდრე მთელს ქვეყანაში. მშრალ
ზაფხულში, ქარები მტვერთან ერთად პესტიციდებს აყრიან სოფლებს,
ბაღებს, ადამიანებს სახეში... დიდი წვიმების დროს, ნიაღვრები
სახნავიდან შხამქიმიკატებს რეცხავენ და მათ ველებზე ჰყრიან,
პირუტყვს საძოვრის გარეშე სტოვებენ. დღეს, ბორცვებს შორის მდებარე
ყოველი ველი, მცენარეულობისათვის მკვდარი ზონებია.
მაგრამ ყველაზე საშინელია კარგი ამინდი, თბილი და ზომიერი წვიმებით,
როდესაც ქიმიკატები იქ აღწევენ, სადაც უნდა შეაღწიონ და თავის
შავ საქმეს აკეთებენ. არაა ძნელი მისახვედრი, რომ ისინი სარეველაზე
არ ჩერდებიან. ერევიან რა საკვებ ნივთიერებებთან, ქიმიკატები
თავთავში, კენკრაში და ბოსტნეულში აღწევენ.
ყველაზე საშიშია ნიტრატები. ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ,
ისინი იმუნურ სისტემას და მემკვიდრეობით აპარატს უტევენ. რაც
შეეხება მემკვიდრეებს... აღარაა საიდუმლო, რომ პესტიციდებით
გატაცების შემდეგ, მოლდავეთში გონებრივად არასრულყოფილი ბავშვები
ჩნდებიან. დღეს, მოლდავეთში, ავადმყოფი ბავშვებისთვის დაახლოებით
50 სკოლა მოქმედებს. მეტიც. ისევე, როგორც უზბეკეთში, მოლდავეთის
ბავშვებს იძულებით ამუშავებენ მინდვრებში და სწამლავენ. აი,
რას სწერს ციტირებული მოლდაველი მწერალი:
"ქიმიზაციის შემდეგ მოლდავეთის მეორე უბედურება არის თამბაქოს
ყოვლად უხამსი მოყვანა. თამბაქოს პლანტაციების ფართობი, ჩვენი
ვენახების, ჩვენი ბაღების ფართობს უახლოვდება და ვიღაც ოხუნჯობდა,
რომ რესპუბლიკის ღერბში თავთავების და ყურძნის მტევნების გვერდით
აბოლებული სიგარის ჩართვის დრო დადგა.
ამბობენ, რომ რომელიღაც ხელმძღვანელი თამბაქოს მოყვანას კატეგორიულად
იმიტომ მოითხოვს, რომ თამბაქოს ვალუტა მოაქვს. ვალუტა მართლაც
კარგი რამეა, მაგრამ არა ნებისმიერი რამის ფასად! ყველამ იცის,
რომ თამბაქოს პლანტაციებზე მეტწილად ბავშვები მუშაობენ და ეს
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა შრომა თამბაქოს მოყვანისას კანონით
უმკაცრესადაა აკრძალული. პედაგოგები ყველაფერ ამას ხედავენ,
მაგრამ ბავშვების მინდორში სამუშაოდ გაშვების გამო, არც ერთი
სკოლის არც ერთ დირექტორს ზეპირი შენიშვნაც კი არ მიუღია და
ბავშვები ნიკოტინის ჯოჯოხეთურ ზღვაში იმყოფებიან.
მოლდაველი ახალგაზრდების კიდევ ერთი გამოცდაა ბოსტნეულის და
ხილის კრეფვა. ეს შრომატევადი პროცესი, მთლიანად აწვება სკოლის
მოწაფეებისა და სტუდენტების სუსტ მხრებს. ზაფხულის განმავლობაში,
ეს ვაშლები, ატმები და ყურძენი დამწიფებამდე ქიმიური ნივთიერებებით
მრავალჯერ დაამუშავეს. და ახალგაზრდებს რა წაიმუშავეს, თავი
მოიწონეს, იცინეს და თითო მარცვალიც გადაყლაპეს. მოლდავეთს კი
წყლის ქრონიკული უკმარობა სტანჯავს. იქ, მინდორში, ყელს ვერ
ჩაისველებ, ხილსაც ვერ გარეცხავ და ასე წლობით გრძელდება. სკოლის
მოწაფეთა და სტუდენტთა არმია ჩვენს თვალწინ ამ საშინელ შხამთან
მარტოდმარტო რჩება...
ამონარიდი წიგნიდან: „ეროვნული პრობლემები
და პერესტროიკა“, აშშ, 1988 წ., ქვეყნდება მცირედი შემოკლებით
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა |