მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
მიტოვებულია ეტრურიის სამარხები - წითელი მიწის ბორცვთა ქვეყანაში გაფანტული მიცვალებულთა ქალაქები. გამქრალია ქალაქები და ადგილები, რომელთა მკვიდრთაც იქ უკანასკნელი განსასვენებელი აქვთ. წარსულის უტყვ მოწმეებად მხოლოდ სამარხებია დარჩენილი. ათასობით სამარხი მოიცავს ვრცელ სივრცეებს, მარტოსულ ზეგანთა სიმაღლეებს და ხეობებს. მაგრამ თვით ისინი მხოლოდ უბადრუკი ნაშთია იმისა, რაც ადამიანმა და ბუნებამ კარგა ხანია გაანადგურა. საპროცესიო გზებით დასერილ უზარმაზარ ტერიტორიაზე გარდაცვლილნი სახლობენ, მათი სამარხები ცოცხალთა საცხოვრებლიდან მოსჩანს. როგორც საშინელი ტყუპი დები, ისე იშლებიან სამარხის ველები, სადამდეც თვალი სწვდება, ქალაქის სიმაგრეებს ირგვლივ.

ისინი თობიდან თაობამდე იზრდებოდნენ. დიდი ხნის მანძილძე სამარხები თავის თავში ჩაკეტილ ხელშეუხებელ სამყაროს წარმოადგენდნენ, რომელაც ევროპაში სწორი არ გააჩნია. ისინი იმ წმინდა ადგილად ითვლებოდნენ, რომლის სიმშვიდეს ვერავინ არღვევდა. მხოლოდ ეტრუსკთა გაქრობისა და მათი ისტორიის წარსულის კუთვნილებად ქცევის შემდეგ დაიწყო მათი წაბილწვა. იქ დამარხული უზარმაზარი სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის ჭურჭელი, არაჩვეულებრივი ლარნაკები, ანტიკური შავფიგურიანი თუ წითელფიგურიანი კერამიკა, განძის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მაძიელებთა და სასაფლაოს მძარცველთა შურს აღვივებდა. 

ეტრუსკების საიუველირო ნაკეთობის გატაცებით შეგროვება ჯერ კიდევ იმპერიული ეპოქის რომაელებმა დაიწყეს. ისინი მხოლოდ ეტრუსკულ ბრინჯაოს არ ეტანებოდნენ. მათ მიერ დაწყებული საქმე შთამომავლობამ - გერმანელმა დამპყრობლებმა დაუფიქრებლად გააგრძელეს. ძარცვის ბრძანება თეოდერიჰ დიდმა არ გასცა?

იმას, რაც აღმოსავლეთ გოთების მეფემ ბრძანა, შემონახული დოკუმენტი ადასტურებს: «ეს შეესაბამება ჩვეულებრივ და გამოცდილ წესს, რომ მიწის ქვეშ დამალული საგანძური ადამიანებს მოხმარებისათვის დაუბრუნდეთ და არ დარჩეთ მიცვალებულებს ის, რაც ცოცხლებს შეიძლება გამოადგეთ. რადგან დამარხულს მოგების მოტანა არანაირად არ შეუძლია. ამიტომ ვბრძანებ, რომ შენ, ყველგან, სადაც ჩვენი ბრძანება შესაბამისად საჯარო გახდება, ოქრო-ვერცხლის ძიებას შეუდგე და ის დაუყოვნებლივ გამოამზეურო. შენ პატივი უნდა მიაგო იმას, რაც მიცვალებულებს ემსახურება: ფერფლს, რომელსაც მავზოლეუმები იცავენ, სვეტებს და მარმარილოს, რომლებიც მათ საფლავებს ამკობენ. თუმცა იქ დაცული განძი ცოცხალთა მთავრობას ეკუთვნის. იმ სამარხების განძის ამოღება, რომელშიც მიცვალებული აღარაა, მიზანშეწონილია». 

ფოტოზე: ეტრუსკული სარკოფაგი ვოლტერადან / იტალია
ცარიელნი, სანახევროდ დანგრეულები, გაჩხრეკილები და დიდი ხნის გაძარცვულები - ასეთია ეტრუსკულ საფლავთა დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენამდე მხოლოდ მათში დამარხულის უმნიშვნელო ნაწილმა მოაღწია. დამტვრეული ან ცუდად შეკეთებული ნადავლი, მთელს მსოფლიოშია გაფანტული და მუზეუმებს ან კერძო კოლექციებს ავსებს. არქეოლოგთა მიერ ხელუხლებელი სამარხის აღმოჩენა, ახლა უკვე იშვიათია. სამარხის ვრცელ ველებზე კვლავ წევს უცხო, უცნაური სამყაროს სუნთქვა, ბნელი სამარხები და მათი ოთახები შორეული არქაული დროის მისტერიას ინახავენ.

სხვა არც ერთ ადგილას არ ვლინდება ეტრუსკი ხალხის უცნაური და იდუმალი ხასიათი ისეთი სიმძაფრით, როგორც მის სამარხებში. ამ ხალხის აზრებთან, მის განცდებთან, მის სულთან, ყველაზე ახლოს აქ ვართ. ჩვენს წინაშეა უკანასკნელი მოწმე იმ მაგიური სამყაროსი, რომელიც იდუმალი ძაფებით ამ ხალხს ჰკრავდა და აჯადოებდა.

«ეს ხალხი», წერს ტიტუს ლივიუსი, «რელიგიური რიტუალებისაკენ სხვებზე მეტად მიდრეკილია და მათი დაცვით გამოირჩევა». ანტიკური ხანის ავტორები ეტრუსკებს ღრმად მორწმუნე ხალხად აღწერენ. არქეოლოგიური აღმოჩენებით დღის სინათლეზე გამოტანილი ეტრუსკთა დანატოვარი, ამას მოწმობს. უთვალავი აღმოჩენილი ნივთი გვახვედრებს კულტი და რიტუალი მათ ყოველდღიურობაში რამდენად იყო ფესვგადგმული.

ამას ბრინჯაოს სარკეებზე გამოსახული სცენები მოწმობენ, ასევე თიხისა და ქვის ბარელიეფები, სამარხები, საბეჭდავები და გემები, რომლებიც ღმერთებით და ნახევარღმერთებით, დემონებითა და კეთილი სულებით, ანგელოზთა მსგავსი ფრთოსანი ფიგურებით და ეშმაკთა მსგავსი ზღაპრული არსებებით ან ეგზოტიკური ფაუნით არიან დასახლებული. ყველა ეს არსება ყველგან მსუფევია, როგორც ბუნებაში, ისე სახლში, როგორც შრომისას, ისე ზეიმისას და თამაშის დროს - როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილში. რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ეკეთებინათ, ეტრუსკები თავისი რწმენის რიტმში ცხოვრობდნენ. ეს მიცვალებულთა საპატივცემულო ცეკვაშიც ირეკლებოდა. 


«წვეულების მონაწილეთა ნაწილები, კიდურები, რომელნიც მოცეკვავეთა გარეშე ცეკვავენ, ფრინველები, რომლებიც არსაით მიფრინავენ, ლომები, რომელთა გაუმაძღარი თავები ისევ ძღებიან!» - ასე აღწერს დ. ჰ. ლოურენსი ტარქვინიის აკლდამის ნახევრად დანგრეულ ფრესკებს. «ოდესღაც ყველაფერი ნათელი და მოცეკვავე იყო: მიწისქვეშა სამყაროს ნეტარება. მიცვალებულს პატივს ღვინით მიაგებდნენ, ფლეიტის ხმა მოცეკვავეთ საცეკვავოდ უხმობდა... როგორც ანტიკური ხანის ერთი წარმართი ავტორი სწერს, «რადგან სხეულის არც ერთი ნაწილი რელიგიით აღუვსებელი არ უნდა დარჩეს: რომ სულს სიმღერა და გულსა და მუხლებს ნავარდი და ხტუნაობა არ უნდა მოაკლდეს, ვინაიდან ისინი ყველა ღმერთს სცნობენ». ეტრუსკულ ცეკვებში ეს ყველაფერი გაცხადებულია. ისინი ღმერთებს ფრჩხილის წვერამდე იცნობენ. ღმერთებს ისევ სცნობენ განადგურების ველზე მოცეკვავე კიდურებისა და სხეულების ეს საუცხოო მოცეკვავე ფრაგმენტები და მათ შესახებ ჩვენც გვაცნობენ.»

პროფ. მ. პალლოტინო აღნიშნავს, რომ «ეტრურიამ დასაწყისიდანვე არა მარტო იტალიური რელიგია განსაზღვრა, რომლისაგანაც შემდგომში რომაული რელიგია განვითარდა, არამედ ეტრუსკული კულტურის ისტორიული მემკვიდრეობა არის ასევე ყველა იმ რელიგიის ნაწილი, რომელიც რომმა გაცილებით ნაკლები დოზით მიიღო და რომელმაც ყველაფრის დამპყრობ ბერძნული კულტურის გავლენას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია.» სიბილ ფონ კლეს-რედენი კი ამ მოსაზრებას ავსებს: «ეტრუსკული რელიგიის მნიშვნელობა რომაული სახელმწიფოს განვითარებაში და რომაული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და ასევე მისი მნიშვნელობა მთელი იტალიისათვის, რომელიც გვიან შუასაუკუნეების სწვდება, აქამდე ძალზე ცუდადაა შესწავლილი. თუმცა უეჭველია, რომ ტარქვინია, როგორც ეტრუსკთა ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრი, ამომავალი წერტილი იყო იმ ინტელექტუალური ძალებისა, რომლებმაც იტალიის და ამით დასავლური სამყაროს განვითარება გადამწყვეტად განსაზღვრეს». 

ფოტოზე: 1840 წელს აღმოჩენილი ტეტნის ოჯახის სარკოფაგები ვულჩიდან, ბოსტონის ათენაუმის კოლექცია / აშშ
ეტრუსკების რელიგია

მწირია წყარო, საიდანაც ცოდნის მიღება შეგვიძლია. ეტრუსკთა რელიგიურ ნაწერებს ჯერ კიდევ რომაულ ხანაში იცნობდნენ. არსებობდა მათი ლათინური თარგმანებიც. როდესაც ძვ. წ. 63 წელს «ლუპას» - ეტრუსკი ჩამომსხმელის ქმნილებას, რომლის ნახვა კაპიტოლიუმზე ეხლაც შეიძლება, ელვა დაეცა, ციცერონმა დაწერა: «ვინ მიაქცია იმათგან, ვინც ამ შემთხვევის შემდეგ ეტრუსკ ექსპერტთა დოკუმენტები და ნაშრომები გადაფურცლა, ყურადღება ეტრუსკთა ავისმომასწავებელ წინასწარმეტყველებას?»

იმპერატორი კლავდიუსი, რომელიც ავტორია ეტრუსკების ისტორიის ოცტომიანი ნაშრომისა, პირადად იღწვოდა იმისათვის, რომ «იტალიის უძველესი დოქტრინა» არ დაკარგულიყო. ჩვ. წ. 47 წელს წარმოთქმულ სიტყვაში, რომლიც ფრაგმენტებადაა შემორჩენილი, იგი ამ მოთხოვნას ასაბუთებს. ის იხსენებს დროს, როდესაც «ეტრურიის დიდებულნი, საკუთარი ნებითა თუ სენატის დავალებით, ამ წმინდა მეცნიერებას საკუთარ ოჯახებში ინახავდნენ და იცავდნენ.»

რაც ჯერ კიდევ იმპერიულ ხანაში არსებობდა, ყველაფერი გაქრა. ჩვენამდე არც ერთ ეტრუსკულ დოკუმენტს ან მის ლათინურ თარგმანს არ მოუღწევია. რაც შემთხვევითია თუ ეს სახიფათოდ ჩათვლილი წარმართული ხანის მემკვიდრეობის შეგნებულ და სისტემატურ მოსპობას უნდა მივაწეროთ? არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტიანობის აღმავლობას თან სდევდა შეუბრალებელი ბრძოლა ძველ რელიგიებთან და კულტურებთან, რომელთაც ხალხები ჯერ კიდევ მისდევდნენ და რომ გაცილებით უფრო ადრე, იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, არნობიუსის მიერ 295 წლისთვის გამოქვეყნებულ «ქრისტიანობის აპოლოგიაში» ეტრურია მოხსენებული იყო როგორც «ყოველგვარი ცრურწმენის შემოქმედი და მშობელი».

ეტრუსკთა რელიგიის შესახებ ჩვენი ცოდნა დამსხვრეულ მოზაიკას ჰგავს. ებრაული და ქრისტიანული რელიგიების მსგავსად, ეტრუსკული რელიგიაც გამოცხადების რელიგიაა. მითის თანახმად, ერთ მშვენიერ დღეს, მდინარე მარტას ნაპირზე არაჩვეულებრივი მოვლენა მოხდა. ახლად გავლებული ხნულიდან გაჩნდა ღვთაებრივი ქმნილება, ბავშვი, რომელიც სიბრძნით მოხუცს მიაგავდა. შეძრწუნებული მხვნელის ყვრილზე ლუკუმონები – ეტრუსკთა მეფე-ქურუმები მოვიდნენ. რომელთაც მოხუცისდარმა ბავშვმა წმინდა სწავლება უმღერა. ლუკუმონებმა ის მოწიწებით და თაყვანისცემით მოისმინეს და ჩაიწერეს, რომ შთამომავლობისთვის როგორც ძვირფასი განძი გადაეცათ.

წმინდა სწავლების განცხადების შემდეგ, ეს საოცარი არსება, სახელად ტაგესი, შვილი გენიუსისა და შვილიშვილი უზენაესი ღვთაების - თინიასი (ეტრუსკული ზევსი), დამუშავებული მიწის ხნულში მკვდარი ჩაიძირა. 


მაშინ გლეხმა, რომელსაც გენიუსის მიერ ჩასახული მიწა-ბავშვი გამოეცხადა, გუთანით გაავლო კვალი, რომელზეც პირველი ეტრუსკული ქალაქი აშენდა. ამ გლეხს ტარხონი უნდა რქმეოდა. მის სახელს ქალაქი ტარქვინიას დამფუძნებელად ჯერ კიდევ ანტკურ ხანაში მოიხსენიებდნენ. ამავე დროს, იგი ითვლებოდა ყველა იმ ეტრუსკული ქალაქი-სახელმწიფოს დამფუძნებლად, რომელნიც მოგვიანებით თორმეტთა ლიგაში გაერთიანებულნი, ტაგესის მიერ განცხადებულ წმინდა სწავლებას - «დისციპლინა ეტრუსკას» მკაცრად მისდევდნენ. ეს გახლდათ წმინდა ტექსტთა კრებული, როგორსაც აღმოსავლეთის ძველი ხალხები ჰფლობდნენ. საბერძნეთს მსგავსი რამ არასოდეს ჰქონია.

გასულ საუკუნეში ტარქვინიაში წარმოებული გათხრების დროს სამარხებში ნაპოვნ მრავალ ნივთს შორის არქეოლოგებმა იპოვნეს გათლილი ქვები – ე.წ. გემები, რომლებიც უძველეს ტრადიციას კონკრეტულ სინათლეს ჰფენენ. ისინი ტაგესის მითის სცენებითაა შემკული. ცხადად ჩანს მიწიდან ამოსული ადამიანის თავი, რომელსაც გარს გლეხთა და ქურუმთა ჯგუფი აკრავს, ამ უკანასკნელთ საწერი დაფები აქვთ ხელში. ზოგიერთი ეს გემა, ბეჭედში ჩასმული იმ ქურუმებს უნდა ეტარებინათ, რომლებიც მოგვიანებით შექმნილ 60 მისანის (ჰარუსპიკების) ტაქვინიულ ორდენს ეკუთვნოდნენ.

ამ მითიური მოვლენის სიცხოველეზე, ეტრუსკებისთვის მის არსებით მნიშვნელობაზე, სხვა მონაპოვარიც მეტყველებს. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, მდინარე მარტას მიდამოებში, ტარქვინიასთან ახლოს, პატარა იტალიური ქალაქი ტუსკანიას მახლობლად, რომელიც ოდესღაც ეტრუსკული ქალაქი იყო, ბრინჯაოს დიდებული სარკე აღმოჩნდა. ორიათასზე მეტი წლის წინ დატანილი გამოსახულება, ეტრუსკთა ერთ-ერთი საიდუმლო რიტუალს - ჰეპატოსკოპიას აღბეჭდავს.

ოდნავ დახრილი ყმაწვილი, მსხვერპლად შეწირული ცხვრის ღვიძლს დასცქერის. ღვიძლი მას მარცხენა ხელში უჭირავს და სინჯავს. მისი სამოსი ცხადყოფს, რომ ის ქურუმია, ღვიძლის წამკითხველი, რომელსაც ლათინურად ჰარუსპიკი ეწოდებოდა. მას მუხლებამდე ნაკეცებად ჩამოშვებული მოსასხამის ქვეშ, მოკლესახელოებიანი კაბა აცვია, თავზე ეტრუსკი ქურუმებისათვის სახასიათო კონუსური ქუდი ახურავს. მის გვერდით, ასევე ქურუმის სამოსში გამოწყობილი წვერიანი მოხუცი დგას, რომელიც ჯოხს ეყრდნობა. მას ყელზე შეკრული წვეტიანი ქუდი უკან კეფაზე აქვს გადაგდებული. მარჯვნივ მდგარი, გრძელ შუბს დაყრდნობილი მამაკაცი, რომლის მაღალი სილუეტი ყველაზე ბატონობს, ამ პროცედურას თვალს ყურადღებით ადევნებს. აღნიშნული ბრინჯაოს სარკის ნაპირებზე ეტრუსკული წარწერებია დატანილი. მათი ამოკითხვის შემდეგ, სწავლულებს სურპრიზი დახვდათ: ახალგაზრდა მისანის თავზე სწერია «Pava Tarchies» - ტაგესის ერთ-ერთი ეტრუსკული ფორმა. მის მარცხნივ მდგარ ქურუმ კოლეგას აწერია Tarchunus-ი, ე.ი. Tarchon-ი. მის გვერდით მდგომი შუბოსანი განასხეულებს Velthune-ს, როგორც თინია, ეტრუსკთა უმაღლესი ღმერთი ვოლსინის რეგიონის კულტში. მას იგივე სახელით სცემდნენ თაყვანს როგორც თორმეტთა კავშირის მფარველს Fanum Voltumnae-ში ყოველწლიურად გამართულ საკრალურ დღესასწაულზე.

ფოტოზე: ეტრუსკული სარკე, უკანა მხარე, ჩვ.წ. III ს., ბრინჯაო, ტუსკანია / იტალია
ძვ. წ. III საუკუნის ქმნილების, ტუსკანიას ბრინჯაოს სარკის ტექსტი და მისი ილუსტრაცია ნათლად აჩვენებს ტარქვინიას ლეგენდარული ფუძემდებელის - ტარხონის მჭიდრო კავშირს ფედერალური ტაძრის ღმერთთან და ტარქვინიაში დამკვიდრებული ტაგეტური სწავლების ცენტრალურ მნიშვნელობას ეტრუსკი ხალხის ცხოვრებაში.

სხვათა შორის, ტარხონის ლეგენდას იმის თაობაზე, რომ ტარქვინია უხსოვარ დროს დაარსდა, და რომ ქალაქის ქრონოლოგიური პირველობა რეალური გახლდათ, არქეოლოგია ადასტურებს. იტალიელი ეტრუსკოლოგის – პროფ. ლუიზა ბანტის თქმით, «ტარქვინია ეტრურიის ერთ-ერთი უძველესი ადგილია, შეიძლება უძველესიც კი. ძვ. წ. VII საუკუნის პირველ ნახევრამდე მასში ყველაზე დიდი სიმდიდრეა თავმოყრილი. აქ ლითონს ყველაზე ოსტატურად ამუშავებდნენ.» ამასთან, მეზობლად აღმართული ტოლფას მთები ეტრურიის საბადოს ყველაზე ძველ კვალს ინახავენ.

ტაგესის მიერ გამხელილი სწავლების დაწვრილებით გადმოცემა აღარავის შეუძლია. მისი წინასწარმეტყველებები წმინდა წიგნთა დიდ ნაწილს ავსებდნენ. ბერძენი და რომაელი ავტორების მინიშნებებიდან და განცხადებებიდან მხოლოდ შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება: წმინდა სწავლება, რომაელთა მიერ «დისციპლინა ეტრუსკად» წოდებული, მოიცავდა საკრალურ კანონებს, ნორმებს და წესებს, რომლებზედაც, როგორც იშვიათად სხვა რომელიმე ერის, ეტრუსკთა მთელი ცხოვრება იყო დაფუძნებული. ამასთანავე ისინი შეიცავდნენ ეტრუსკების, როგორც ერის ბედს მიწაზე, განსაზღვრავდნენ და განაპირობებდნენ მას.

«დისციპლინა ეტრუსკა» კოსმოსთან ღრმა და მჭიდრო კავშირის განცდას ირეკლავს. ეტრუსკებს სწამდათ ცისა და დედამიწის ყველა ელემენტის, მიწისქვეშა რეგიონების მისტიკური ერთობისა, რომ დედამიწაზე ყველაფერი - როგორც პიროვნების, ისე ერის არსებობა, შესაქმის შეუბრალებელ და უცვლელ რიტმშია ჩაწერილი. შემთხვევითი არაფერია. ყოველი მოვლენა თითქოს წინასწარაა დაფიქსირებული. ადამიანს, ისევე როგორც ხალხებს გასაჩივრების უფლება არ აქვთ, ისინი ღმერთების მიუწვდომელ ნებას ემონებიან.

მსგავსი მიმართება ბერძნებისთვის უცნობი იყო, მოირას - განგების შემზარავი ქალღმერთის წინაშეც კი. ისე სჩანს, თითქოს ადამიანმა საკუთარ მეზე უარი სთქვა, ღვთაებრივს დაჰმორჩილდა და თავის ერთადერთ იმედს მაგიური რიტუალის მოქმედების რწმენაში ჰხედავს.

წესებისა და მცნებების მჭიდრო ქსელი სიცოცხლის ყოველ აქტს უმცირეს დეტალამდე აწესრიგებს და ყოველგვარ კერძო თუ საზოგადო საქმიანობას მკაცრად განსაზღვრავს. ადამიანებს თითქოს ერთადერთი საზრუნავი ჰქონდათ - ღმერთების ნებისა და მათი ნიშნების შეცნობა, რათა მათი კეთილგანწყობა დაემსახურებინათ და ამით ყოველგვარი სიავე, ხიფათი და მუქარა უკუეგდოთ. ეტრუსკებში მოქმედების და გადაწყვეტილების თავისუფლებას არასოდეს უარსებია, მათ წინაშე ყოველ ნაბიჯზე წმინდა კანონი იდგა. მუდმივად ყველგან არსებული წმინდა კანონი, სულზე და სულისკვეთებაზე მუდმივ ზეწოლას ახდენდა. პალლოტინოს აზრით, «ეტრუსკთა ყველა ეს შეხედულება და პრაქტიკა შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ ადამიანი ღვთაებას მთლიანადაა მინდობილი და მის პირისპირ ყოველგვარ ინტელექტუალურ აქტივობაზე უარი აქვს ნათქვამი». 

«ეტრუსკული დისცპლინა სამი სახის ბედის წიგნებისაგან შესდგებოდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო « libri haruspicini» - მსხვერპლად შეწირული ცხვრების ღვიძლზე მკითხაობისათვის მიძღვნილი, შემდეგ « libri fulgurales» - ეძღვნებოდა ელვის ინტერპრეტაციას და ბოლოს «libri rituales». ეს უკანასნელნი ძალიან მრავალფეროვან და ვრცელ სფეროს მოცავდნენ. ისინი შეიცავდნენ კულტის კანონებს, რომელთა შორისაც გახლდათ «ქალაქთა დაარსების, საკურთხეველთა და ტაძართა კურთხევის, სიმაგრეთა ხელშეუხებლობის, ტომებად, კურიებად და ცენტურიებად დაყოფის, ჯარების შედგენისა და ორგანიზაციის და ყველა სხვა საკითხის, რომელიც ომსა და მშვიდობას ეხებოდა, წესები».

რიტუალის წიგნებს ეკუთვნოდა კიდევ სამი სახის ნაშრომი: «libri fatales», რომელიც დროთა განაწილებას და ადამიანების და ხალხების ცხოვრების ხანგრძლივობას ეხება, «libri acherontici» (აქერონტის წიგნები) - აღწერს საიქიოს და ხსნის რიტუალის წესებს და ბოლოს წესები, რომლებიც სასწაულების და ნიშნების მნიშვნელობას ხსნის - «ostentaria», რომელიც განსაზღვრავს უბედურების თავიდან აცილება და ღმერთთა კეთილგანწყობის მოპოვება რომელი გამოსასყიდით შეიძლება.

ფოტოზე: ეტრუსკული მზის ღმერთი უსილი, ბრინჯაო, ძვ.წ. V ს., ერმიტაჟი / რუსეთი
ესოდენ უნივერსალური დოქტრინის შეთვისება, ხანგრძლივ და რთულ სწავლებას მოითხოვდა. სპეციალურ სკოლებს, მათ შორის ტარქვინიას სკოლას, დიდი ავტორიტეტი ჯერ კიდევ ძალიან ადრე ჰქონდა მოპოვებული. ისინი, ჩვენი გაგებით უფრო მეტს წარმოადგენდნენ, ვიდრე ქურუმთა სკოლები. საქმიანობის სფეროს მიხედვით, ისინი მრავალი ფაკულტეტისგან შემდგარი პირველი უნივერსიტეტები გახლავთ. რადგან რელიგიურ კანონთა, თეოლოგიის გარდა, ქურუმთათვის აუცილებელი უზარმაზარი ცოდნა გადაიცემოდა. ეს გულისხმობდა ასტრონომიის, მეტეოროლოგიის, გეოლოგიის, ჰიდრავლიკის, ზოოლოგიის და ბოტანიკის სწავლებას. ჰიდრავლიკაში დახელოვნებულებს aquiilices-ები ეწოდებოდათ და ისინი ქალაქ-სახელმწიფოებში წყალთან დაკავშირებულ ყოველგვარ პროექტს სწყვეტდნენ. მათ ფუნქციებში შედიოდა წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ჭების გაბურღვა თუ არხთა და წყალსადენი მილების გაყვანა, ქალაქთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სოფლად სადრენაჟო თუ სარწყავი მოწყობილობების გამართვა, წყალსაცავების, ზოგჯერ მიწისქვეშა წყალსაცავების მოწყობა, ან პირიქით, ბუნებრივ ტბათა დაშრობა. ამ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ქურუმებიც, რომელნიც მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის თუ მთებში გვირაბთა გაყვანის სპეციალისტები იყვნენ.

ეტრურიაში, ისევე როგორც ძველ აღმოსავლეთში, თეოლოგიური და პროფანული, საერო ცოდნა ერთმანეთისგან გამიჯნული არ ყოფილა, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ზეციური და მიწიერი სამყაროები, ბუნებრივი და ზებუნებრივი, ზეცა და დედამიწა ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი.

ადამიანის ყოველი ქმედება თუ ყოველი წამოწყება, კოსმოსთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო. ამიტომ იყო ზეცისკენ ქურუმთა მთელი ძალისხმევა მიმართული, როდესაც წმინდა სწავლების თანახმად ღმერთთა ნების წვდომაზე გახლდათ საუბარი. სივრცის ორიენტაცია და დანაწევრება უდიდეს მნიშვნელობას იძენდა მაშინაც, როდესაც ლაპარაკი იყო ცხოველის ღვიძლზე დაკვირვების შედეგად მიღებულ წინასწარმეტყველებაზე თუ ტაძრის საძირკვლის ჩაყრაზე, ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ინტერპრეტაციაზე თუ ველთა და ბაღთა გამიჯნვა-დელიმიტაციაზე.

ფოტოზე: ეტრუსკული ცა
1. ჩრდილო-აღმოსავლეთი – პოზიტიური ზონა (Nascita del Sole Estivo)
4. ჩრდილო-დასავლეთი – ნეგატიური ზონა (Morte del Sole Estivo)
2. სამხრეთ-აღმოსავლეთი – ზომიერად პოზიტიური ზონა (Nascita del Sole Invernale)
3. სამხრეთ-დასავლეთი – ზომიერად ნეგატიური ზონა (Morte del Sole Invernale)

ითვლებოდა, რომ მიწა და ზეცა დიდი ჯვრული და უხილავი ფიგურით ოთხად იყო გაყოფილი. ამ ფიგურის ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძს ერქვა კარდო, დასავლეთ-აღმოსავლეთ - მზის ამოსვლითა და ჩასვლით განსაზღვრულ ღერძს კი დეკუმანუსი, ორივე ცნება ლათინურია. ამგვარად ორგანიზებული და დანაწევრებული სივრცის ირგვლივ ტრიალებდა ყველა რიტუალი და საკულტო ქმედება. მხოლოდ ის აძლევდა ქურუმებს ღმერთების მიერ გამოგზავნილი ნიშნების გაგების საშუალებას. მასზე ორიენტირებული იყო მიწაზე ყველა წმინდა და პროფანული წამოწყება. ეტრუსკთა წარმოდგენით, ბედნიერების და უბედურების ძალა შეუცვლელად და მარადის განსაზღვრული იყო ღმერთთა კოსმიური საცხოვრისის - იმ ოთხი მხარის მიხედვით.

კარგ ნიშნად ითვლებოდა აღმოსავლეთი ნაწილი - სადაც ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ღმერთები ცხოვრობდნენ, და განსაკუთრებით კი მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი. მას ბედნიერება მოჰქონდა. სამხრეთით მიწის და ბუნების ღვთაებები მეფობდნენ. ქვესკნელის ქმნილებები,  ბედის საშინელი და ულმობელი ძალები კი დასავლეთის მწუხარე, სევდიან მხარეებში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის მოქცეულ მის ყველაზე დამღუპველ ნაწილში ცხოვრობდნენ.

შემთხვევით, დაუგეგმავ საცხოვრებელთა შემთხვევით გროვად არც ერთი ეტრუსკული ქალაქი არ იზრდებოდა. მათმა დამფუძნებლებმა იტალიკებს, რომლებიც მანამდე აგლომერაციებში ცხოვრობდნენ, კულტზე მტკიცედ დაფუძნებული ურბანიზაცია ასწავლეს. რადგან წმინდა წესებით გაშენებული ქალაქი ეტრურიაში მთელი სამყაროს უჯრედად ითვლებოდა, რომელიც ღმერთების მიერ მართულ და განსაზღვრულ ყოვლისმომცველ წესრიგში ჰარმონიულად იყო ჩაწერილი. 

სამყაროს მხარეების დადგენის შემდეგ, პირით სამხრეთით მდგარი ქურუმი შემდეგ სიტყვებს წარმოსთქვამდა: «ეს ჩემი წინა მხარეა, ეს უკანა, ეს მარცხენა და ეს მარჯვენა.» შემდეგ კი თავისი ლიტუუსით - გადაღუნული კვერთხით, რომელიც ეტრურიამ რომს მემკვიდრეობით გადასცა და რომელსაც კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები, ასევე შვედი ლუთერანები დღემდე ატარებენ, საზეიმოდ კარდოს და დეკუმანუსს ავლებდა. 

ფოტოზე: ლიტუუსი ჩერვეტერის სამარხიდან, ბრინჯაო
იქ, სადაც ახალი ქალაქის ცენტრი უნდა აღმართულიყო, ღრმა ორმოს სთხრიდნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა ჭას. მას ცოცხალთა სამყარო, მიცვალებულთა სამყაროსთან უნდა დაეკავშირებინა. ეს საიქიოს ძალებისაკენ მიმავალი გზა გახლდათ, რომელსაც დიდი ბრტყელი ქვებით გადახურავდნენ ხოლმე. იგი ცის კამარას იმეორებდა და მას «მუნდუს»-ს უწოდებდნენ. ვარონის თქმით, ის საიქიოს ღმერთთა კარიბჭედ ითვლებოდა. და ბოლოს, საზეიმო ცერემონიის დროს, მის ირგვლივ მომავალი ქალაქის საზღვრების აღმნიშვნელ დიდ წრეს ხაზავდნენ. ეს ოპერაცია კატონისა და ვარონის მიერ შემდეგნაირად აღწერილი რიტუალის თანახმად სრულდებოდა: «ერთ მშვენიერ, ხელსაყრელი ნიშნებით დადგენილ დღეს, ტოგაში გამოწყობილი ქალაქის ფუძემდებელი გუთანში მარჯვნივ თეთრ ხარს, მარცხნივ კი თეთრ ძროხას შეაბამდა. სახნისის პირი წმინდა სპილენძისა უნდა ყოფილიყო. კვალის გავლებისას, გუთანი თხრიდა ისე, რომ მიწის ბელტები შიგნით სცვიოდნენ. ასე მოგროვილი მიწა, ქალაქის მომავალ გალავანს წარმოადგენდა. გუთნის კვალი თხრილს გამოსახავდა. კარიბჭეთა ადგილას სახნისს მიწიდან იღებდნენ, რადგან კარიბჭეები პროფანულია, მაშინ როდესაც გალავანი წმინდაა ისევე, როგორც კვალით მოხაზული სივრცე - «ქალაქის ტემპლუმი.»

როგორც მუნდუსის მიერ დადგენილი კარდოსა და დეკუმანუსის წმინდა წესრიგის ჯვრულ მდებარეობას, ასევე კარიბჭეების და ქუჩების მდებარეობას, საკურთხეველთა აღსამართავ ადგილს, ტაძართა და ციხე-სიმაგრეების ტერიტორიებს წმინდა ჯვარი განსაზღვრავს. «აკროპოლზე», წერს რაიმონ ბლოში, «ტაძრები ორიენტირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ-სამხრეთისაკენ, რათა ღმერთებს თავისი საკულტო ნიშებიდან კარგად დაენახათ ქალაქი, რომელსაც მფარველობდნენ და რომლის ბედსაც განაგებდნენ.» კანონის თანახმად, ქალაქი დაარსებულად ითვლებოდა სამი ტაძრის, სამი საკურთხევლისა და სამი ქუჩის კურთხევის შემდეგ.

ეტრუსკებისგან ქალაქების დაფუძნების რიტუალები შეისწავლეს და შეითვისეს რომაელებმა. «მორე-ეტრუსკო» - ეტრუსკული წესით ქალაქთა მოწყობა რომაულ ლეგენდებშიც აირეკლა. პლუტარქე ჰყვება, რომ რომულუსმა რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან კაცები მოიწვია, რომელთაც მას, როგორც მისტერიებში, ცოდნა უწილადეს და ყველაფერი წმინდა წესების შესაბამისად მოაწყვეს. როგორც ლეგენდებით მოცული, ვითომ პალატინის მიერ აგებული ქალაქი «urbs quadrata», რომელიც ეტრუსკული წესებით იყო აშენებული, ასევე რომაული ბანაკიც ეტრუსკთა მიერ შემუშავებულ მოდელს ირეკლავს.

ფოტოზე:
ურუმი, საზღვრების გავლების რიტუალური, საკრალური დადგენის დროს, ძვ.წ. IV ს., ბრინჯაოს ქანდაკება არეცოდან / იტალია
სამხედროთა ბანაკის აღწერისას, რომელთაც რომაელი ლეგიონერები ომის პერიოდში ყოველ ღამე დიდი რუდუნებით აწყობდნენ, პოლიბიუსი აღნიშნავს, რომ «რომაულ ბანაკში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი ზუსტად დაცული გეგმის მიხედვითაა მოწყობილი». ვარგისი ტერიტორიის მონახვის შემდეგ, ტრიბუნი მიწაში არჭობდა ორიენტირს - თეთრ დროშას, რომლის მიხედვითაც მთელი ბანაკი უნდა გაშლილიყო. ამ ადგილზე ჯარის მეთაურის კარავი იმართებოდა და ლეგიონის ემბლემები აღიმართებოდა; ამის შემდეგ აწყობდნენ ორ სწორ ქუჩას, რომლებიც ჯარის მეთაურის კარავს სწორკუთხედად კვეთავდნენ. ცენტრალური ქუჩა, ლათინურად «via principalis», ზუსტად ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადიოდა და ქალაქების კარდოს შეესატყისებოდა. ის ორივე მთავარ კარიბჭესთან მიდიოდა. მეორე ქუჩა დეკუმანუსის მსგავსად დასავლეთიდან აღმოსავლეთით იყო გადაჭიმული. 

ეტრუსკული რიტუალების და კოსმიური წარმოდგენების გავლენა რომაული ბანაკის კარიბჭეებისათვის მინიჭებულ მნიშვნელობაში სჩანს. აღმოსავლეთში მზის ამოსვლისაკენ – საიდანაც სასიკეთო ნიშნები მოდიოდნენ, მიმართულ კარიბჭეს - «porta praetoria»-ს, ბედნიერების მომტანი კარიბჭის რეპუტაცია ჰქონდა. ბრძოლის ველიდან მომავალი ლეგიონები იქიდან შემოდიოდნენ. დასავლეთი კარიბჭე - «porta documana» პირიქით, უბედურების მომტანად ითვლებოდა. იქიდან მზის ჩასვლისას სიკვდილმისჯილნი გაჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად.

ბანაკის სანგრებს «mos etruscos» მიხედვით სთხრიდნენ. მათი გათხრისას მიწას მიწაყრილის - «agger»-ის გასაკეთებლად შიგნითკენ აგროვებდნენ, ასეთ მიწაყრილს ფილისადი - «vallum» ასრულებდა. რომის იმპერიის მრავალი სასაზღვრო ქალაქი ამ ტიპის ბანაკებიდან ამოიზარდა. მიწაყრილები მალე ქვის ან აგურის კედლებით შესცვალეს. 


ფოტოზე: რომაული სამხედრო ბანაკის გეგმა
წმინდა კანონებს ექვემდებარებოდა ეტრურიის მთელი ტერიტორია, მამულები, დამუშავებული მიწები თუ პლანტაციები. ორი ლეგენდა ინახავს მოგონებას იმ დღის შესახებ, როცა ისინი განცხადებულნი იქნენ. ტარქვინიაში ჰყვებოდნენ, რომ მიწათა მოზომვა - «limitatio», როგორც ამას რომაელები უწოდებდნენ, ტარხონს თავად ტაგესმა ასწავლა. ეს წესები ჩაწერილი იყო ეტრურიის მიწის კოდექსში, რომლის ლათინური სახელწოდებაა «liber qui inscribitur terrae iuris Etruriae».

ქალაქ კიუზიდან წარმოსდგება ლეგენდის სხვა ვერსია. მის თანახმად, ერთ მშვენიერ დღეს, წესები იქ ერთ ეტრუსკ ნათელმხილველს უნდა გამოეცხადებინა: ნიმფა ვეგოიას ვინმე არუნსისთვის უნდა გადაეცა «იუპიტერისა და სამართლის გადაწყვეტილებები». ამ ვერსიაზე უფრო ვრცელი ინფორმაცია გვაქვს, რადგან ვეგოიას წიგნები, რომლებიც პალატინზე, აპოლონის ტაძარში იყო დაცული, ციცერონის სიცოცხლეში ეტრუსკმა ტარქვინიუს პრისკუსმა ლათინურად თარგმნა.


იქიდან ჩვენამდე გვიანდელი ხანის ერთმა ფრაგმენტმა მოაღწია სახელწოდებით: «ნაწყვეტი ვეგოიას წიგნებიდან არუნს ვერტუმნუსისათვის». სამყაროს შექმნის შესახებ ერთი წინადადების შემდეგ, რომელიც ძველი აღთქმის შესაქმეს ტექსტს გვაგონებს, ვიგებთ, რომ ეტრურია ღმერთ იუპიტერში საკუთრების შემოქმედს და მისი საზღვრების მცველს ხედავდა. ტექსტი მოგვითხრობს: «იცოდე, რომ ზღვა ზეცისაგან იქნა განცალკევებული. და რადგან იუპიტერმა ეტრურიის მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადა, დაადგინა და ბრძანა, რომ მიწები გაზომილიყო და მინდორთა საზღვრები დადგენილიყო. უწყოდა რა დედამიწაზე ადამიანის სიხარბისა და მიწათა დაუფლების წყურვილის შესახებ, იუპიტერს სურდა, რომ ყველაფერი საზღვართა დაწესებით დადგენილიყო... ის, ვინც მათ საკუთარ სამფლობელოთა გასაზრდელად და სხვისი საკუთრების შესამცირებლად ხელს შეახებდა ან შესცვლიდა, ღმერთების მიერ დაიწყევლებოდა. თუ ამას მონები ჩაიდენენ, უარეს მონობაში ჩავარდებიან, მაგრამ თუ დამნაშავე ბატონი აღმოჩნდება, მაშინ მისი ოჯახი მალე ზღავს და მთელი მისი ჯიში გადაშენდება». 


თინიად წოდებული ეტრუსკული იუპიტერისთვის საზღვრები წმინდა იყო, ის მათ იცავდა და მათ ურღვევობას უზრუნველყოფდა. ჟაკ ერგონის აზრით, «ეტრუსკული ცივილიზაცია აქ თავს ავლენდა ყველა სხვა იტალიურ ცივილიზაციებისაგან განსხვავებით როგორც ეტრურიის მიწის კანონთან - «ius terrae Etruriae» ყველაზე მჭიდრო კავშირში მყოფი ცივილიზაცია. საზღვრების სიწმინდის მკაცრად დაცვა სათავეს იღებდა უშორეს წარსულში, როდესაც იუპიტერმა თავისი მეფობა დაიწყო.

ფოტოზე: ეტრუსკული ღმერთი თინია, ჩვ.წ. 480 წ., ბრინჯაო, პოპულონია, ჯ. გეტის მუზეუმი, ლოს ანჯელესი / აშშ
მაშ ასე, მთელი მსოფლიოს აღმაფრთოვანებელი და სახელგანთქმული რომაული სამართლის, რომელიც დღემდე სამართლის ყველა ფაკულტეტზე ისწავლება და ევროპის საკანონმდებლო ნაშრომებში მტკიცედაა დამკვიდრებული, არქეტიპი და მოდელი წინარომაულ ხანაშია. ხელშეუხებელი საკუთრების სამართალის «dominiums“-ის პრინციპი ეტრუსკთა მიწის წმინდა სამართლიდან იღებს სათავეს. რომელ უნივერსიტეტში, სამართლის რომელ ფაკულტეტზე მოისმინეს ოდესმე სტუდენტებმა თუნდაც ერთი სიტყვა ამის შესახებ?

ეტრუსკ ქურუმებს მიწის გაზომვის ხელოვნებაში რომაელთა შორის მოგვიანებით ბეჯითი მოწაფეები ჰყავდათ, რადგან ის რომაელთა პრაქტიკულ და პრაგმატულ აზროვნებას შეესატყვიდებოდა. რომაელებს ამ ხელობის გამოყენების საშუალება ათასწლეულის მანძილზე არ დაჰკლებიათ, რადგან შეუსვენებელ დაპყრობებს მისაწყობად ახალ-ახალი მიწები მოჰქონდათ.

სამაგიეროდ, ეტრუსკების სხვა ბევრი რელიგიური პრაქტიკა რომაელებისათვის სრულებით შეუცნობი დარჩა. ეს განსაკუთრებით ითქმის ღვთიური ნების გამოკვლევასა და შეცნობაზე, რასაც რომაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დიოდორე სიცილიელმა გულწრფელად განაცხადა, რომ ეტრუსკებმა «ღმერთთა შემეცნება გააამდიდრეს, ამასთან ელვის დაკვირვებაში სხვებისათვის მიუწვდომელ სიმაღლეს მიაღწიეს». 

მხოლოდ შეცდომა იყო იყო ისტორიკოსის მხრიდან დავიწყება სხვა რელიგიური პრაქტიკისა, რომელსაც რომი იმპერიულ ეპოქამდე მიმართავდა – საუბარია ჰარუსპიკების მიერ ღვიძლის დათვალიერებაზე? მსხვერპლად შეწირულ ცხოველთა ღვიძლზე დაკვირვების მეშვეობით მისნობა ძალიან რთული ამოცანა გახლდათ. სწორი ინტერპრეტაცია, ასტრონომიის სფეროში დიდი ცოდნის გარდა, ანატომიისა და პათოლოგიის კარგ ცოდნასაც ითხოვდა.

1877 წელს, პიაჩენცასთან ახლოს ღვიძლის ბრინჯაოს რეპროდუქცია იქნა ნაპოვნი. როგორც სჩანს, ეს გახლავთ მოგვიანო ხანის ქურუმთა სკოლისთვის განკუთვნილი სასწავლო ნიმუში. მისი ზედაპირი, რომელზეც ორმოცი ღვთაების სახელია დატანილი, 16 ნაწილადაა დაყოფილი. ყოველი მათგანი ცის კამარის თითო ნაწილს შეესაბამება. 

ფოტოზე: ეტრუსკული ღვიძლის სასწავლო მოდელი სეტიმადან / პიაჩენცადან, ჩვ.წ. დაახლ. 100 წ., ბრინჯაო
რადგან ღვიძლი, რომელიც ბაბილონში სულის სადგურად მიაჩნდათ, ეტრუსკებისთვის კოსმოსის სიმბოლო იყო. ის მთელს სამყაროს შეესატყვისებოდა, მაკროკოსმის შესაბამისი პატარა სამყარო – მიკროკოსმი იყო. ეტრუსკებს სწამდათ, რომ ღვიძლში წმინდა კანონების მიხედვით შექმნილი და სხვადასხვა ღმერთისადმი დამორჩილებული ზეციური კამარის ზუსტი ანარეკლის დანახვა შეიძლებოდა. ღვიძლის ნიმუში ერთხელ ჯვრულად და თითოეული ნაწილი თავის მხრივ კიდევ ორჯერ, 16 პატარა ნაწილად იყო გაყოფილი.

თუ ღვიძლი მსხვერპლად შეწირული ცხოველის - უმთავრესად ცხვრისა იყო, მასზე წინასწარმეტყველური ნიშნების ამოკითხვა და ინტერპრეტირება იყო საჭირო. ორგანოს მდგომარეობა მისანს – ჰარუსპიკს საშუალებას აძლევდა მიმხვდარიყო, რომელი ღმერთი საუბრობდა მისი მეშვეობით. ავადმყოფი ორგანო უბედურებაზე, ხოლო ჯანმრთელი კი, სიკეთეზე და ბედნიერებაზე მიუთითებდა.

წინასწარმეტყველების ეს ოპერაცია ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან მომდინარეობდა. მას შუამდინარეთში და მცირე აზიაში ყოველთვის მიმართავდნენ. თავიდან ბაბილონში იყო გავრცელებული, შემდეგ ის ხეთებმა გადაიღეს. ამ ქვეყნებში წარმოებული არქეოლოგური გათხრების დროს, მრავალჯერ იქნა აღმოჩენილი წარწერებით დაფარული ღვიძლის გამომწვარი თიხის მოდელები. ისინი ადასტურებენ ცნობებს, რომელთა ამოკითხვაც ძველ აღთქმაში შეიძლება. ასე, იეზეკიელში 21,26 შემდეგს ვკითხულობთ: «რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს».

ეს მისნობა პირველად ევროპაში ეტრუსკებმა მოიტანეს, იტალიაში ის მტკიცედ დამკვიდრდა. რომაელები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მისნებს დიდ პატივს მიაგებდნენ. ამაზე მრავალი ისტორია მოგვითხრობს. იმპერიული ხანის ბოლომდე ეტრუსკ მისან ესქსპერტებზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო. სენატი ეტრუსკ მისნებს რჩევას ეკითხებოდა, ისინი რომაული არმიების გენშტაბთა წევრები იყვნენ და ომების დროს რომაელ სარდლებს თან ახლდნენ.

ღვიძლზე წინასწარმეტყველებას ელვაზე და ჭექა-ქუხილზე, ასევე უცნაურ ციურ და მიწიურ გამოვლინებებზე წინასწარმეტყველებები ემატებოდა. წინასწარმეტყველებდნენ არაჩვეულებრივი მიწიური თუ ზეციური ფენომენებითაც. ძველი აღმოსავლეთიდან მოსულმა მაგიამ და ცრურწმენებმა ქვეყანა წალეკეს. 
შუამდინარეთის ქალდეველთა მსგავსად, ელვათა ეტრუსკული დოქტრინაც ელვათა თერთმეტ სახეობას განასხვავებდა. წინასწარმეტყველება დამოკიდებული იყო იმაზე, ცის რომელი ნაწილიდან მოდიოდა ელვა, წელიწადის რომელი დრო, თვე და დღე იდგა. თავისი მნიშვნელობა ჰქონდა ელვის ფორმას, შეფერილობას და გამოვლინებას. აღმოჩენილი ძველი ბაბილონური ტექსტები აჩვენებენ განსაცვიფრებელ მსგავსებას, მცირე დეტალამდე ზუსტად განსაზღვრულ ნიშნების ინტერპრეტაციის წესებს.

ყოველი ელვის გამოსყიდვა იყო საჭირო. ელვის დაცემის ადგილის განწმენდა ევალებოდა ქურუმს, რომელსაც «fulgurator» ერქვა. იგი აგროვებდა ნაშთებს, დამსხვრეულ ობიექტებს, დახოცილ ადამიანებს, ცხოველებს და მათ მარხავდა. «ელვის საფლავი» წმინდად რჩებოდა, არავის ჰქონდა ამ ადგილას ფეხის დადგმის უფლება. ეს რიტუალი ასევე გადაიღო რომმა, რომელიც დაკრძალვისა და განწმენდის რიტუალების ჩატარებას მხოლოდ ეტრუსკ ექსპერტებს ანდობდა. 

ფოტოზე: ჰარუსპიკი, მდინარე ტიბროსის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნი ქანდაკება, ჩვ.წ. IV ს., ბრინჯაო, სიმაღლე 17,7 სმ.

ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრული იყო, როგორც კოსმოსში, ისე მიწიერი არსებობისას. ეტრუსკებს სწამდათ, რომ მიწაზე ყოველი სიცოცხლე და ყოველგვარი მომავალი წინასწარ განსაზღვრულ გზას მისდევს და უცვლელი დროითი საზღვრებით იფარგლება. მხოლოდ ოდნავი გადანაცვლება იყო ლოცვებისა თუ ძღვენის მეშვეობით შესაძლებელი, დასასრული კი ურყევად იყო გადაწყვეტილი. 

რიტუალურ წიგნთა მიხედვით, ადამიანს შვიდჯერ თორმეტი წლისგან შემდგარი ციკლი ეძლეოდა. ადამიანი 84 წლით მიცემული სიცოცხლის ციკლს ასრულებდა. უფრო ასაკოვანს, ღმერთთა ნიშნების აღქმა აღარ შეეძლო.

მსგავსი ბედისწერის რწმენას პარალელი ეტრუსკი ერის ისტორიის მათეულ კონცეფციაში აქვს: როგორც ადამიანს, რომელიც საკუთარ სიკვდილს თანდათანობით, განუხრელად უახლოვდება, ერსაც აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, მისი ცხოვრების ხანგრძლივობა ღვთაებრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

საერო სწავლების მიხედვით, «nomen Etruscum»-ს – ეტრუსკულ სახელს ათი სეკულა ჰქონდა მიცემული. ყოველ მათგანს თავისი განსაკუთრებული ხანგრძლივობა ჰქონდა, რომელიც როგორც დღეს იანგარიშება წელთა უბრალო მიმატებით წინასწარ არ იანგარიშებოდა. მათ დასადგენად ღმერთთა მიერ გამოგზავნილი ნიშნების აღქმა და გააზრება იყო საჭირო. მიწისძვრის მსგავსი კატასტროფები და სხვა გამორჩეული მოვლენები, ეპიდემიები თუ მეტისმეტად მახინჯ ბავშვთა გაჩენა, ელვა, მეტეორიტთა წვიმა თუ კომეტის გამოჩენა, შეიძლება ერთი სეკულას დასასრულის და შემდგომის დაწყების ნიშანი ყოფილიყო.

ჩვენამდე მოღწეული მოწმობების ზოგი ფრაგმენტის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ეტრუსკთა ამ უცნაური ქრონოლოგიის ისტორიულ რეალობაში აღქმა. ეს მოხდა ცენსორინუსის მიერ ა. წ. 238 წელს დაწერილი ტრაქტატის « De die natali»-ს ზოგიერთი პასაჟის საშუალებით.

«აქედან გამომდინარე დაწერილია», ასე ამბობს ის რომაელი, რომელიც გრამატიკოსი ვერონის «ტუსკურ ჟამთააღმწერელს» ხაზგასმით ეყრდნობა, პირველი 4 სეკულა 100-100 წელი გრძელდებოდა, მეხუთე სეკულა 123 წელს, მეექვსე 119 წელს, მეშვიდეც ამდენსვე, მერვე აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების მომენტში მიმდინარეობდა, მეცხრე და მეათე ჯერ არ დამდგარიყვნენ და სანამ ისინი დამთავრდებოდნენ, ეტრუსკთა სახელის დასასრულიც დადგებოდა.» 

ისტორიკოსებმა, რომელთაც ეს ტექსტი აღმოაჩინეს, იოლად დაათარიღეს ცენსორინუსის მიერ ნახსენები, იმ დროს «ჯერაც მიმდინარე» მერვე სეკულას ბოლო წელი – ეს გახლდათ ძვ. წ. 88 წელი. ცნობილი იყო, რომ ეტრურიიდან მოხმობილმა მისნებმა, იმ წელს რომის შესახებ ახალი ეპოქის დასაწყისი იწინასწარმეტყველეს.

მაგრამ, როდესაც მითითებულის მიხედვით ეტრუსკთა «დაბადების» წელი გამოიანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ ეს არც თუ შორეულ ხანაში - ძვ. წ. 907 წელს იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეტრუსკთა მეხსიერება, საკუთარი ისტორიის დასაწყისს რომის ისტორიაზე ბევრად უფრო ადრე, რომის დაარსებამდე - ძვ. წ. 753 წლამდე, იწყებდა.


ფოტოზე: ფრთიანი ცხენები, ფრონტონის მორთულობის დეტალი ტარქვინიიდან, ტერაკოტა, ტარქვინიის ეროვნული მუზეუმი / იტალია
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სეკულების ციფრები საწრმუნო სჩანს, მათი დაჯამება ძვ. წ. 507 წელს იძლევა, საუკუნეს, როდესაც ეტრურია მისი ძლიერების ზენიტში იყო. ისინი აშკარად ძალიან ზუსტ მითითებებს ეფუძნებიან, რომლებიც შეიძლება ვოლსინის ნორტიას ტაძრიდან წარმოსდგებოდნენ, სადაც ყოველ წელს თითო წლის ლურსმანს აჭედებდნენ. სამაგიეროდ, პირველი ოთხი სეკულასათვის მითითებული 100 წელი მეტისმეტად თანაბარ ხანგრძლივობად სჩანს. ალბათ ისინი გვიან დაამატეს, როდესაც უძველესი წარსულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაკარგული იყო. მათ სარწმუნოობას ეწინააღმდეგება IX და X საუკუნეებში იტალიაში ეტრუსკთა არსებობის შესახებ ყოველგვარი არქეოლოგიური მონაცემების არსებობა. ისინი იქ ერთმნიშვნელოვნად პირველად VIII საუკუნიდან სჩანან.

შესაძლებელია, ეტრუსკთა ისტორიის დასაწყისი, როგორც ამას შემორჩენილი ათი სეკულა წარმოგვიდგენს, ჩვენთვის ბურუსითაა მოცული და ის სამუდამოდ გამოუკვლეველი დარჩეს, მაგრამ სხვა რამ, რაც ასე აუხსნელი, წარმოუდგენელი და უცნაურია და რაც ისტორიულ დროში მოხდა, დამტკიცებულია და რისი შემოწმებაც შესაძლებელია - ესაა მიწიერი სცენიდან გაქრობა ეტრუსკებისა, იმ ხალხისა, რომლის მთელი ცხოვრება და არსებობა ტაგესის მიერ ოდესღაც გამხელილი სწავლებით იყო მოწესრიგებული, გაქრობა იმავე სწავლებით განცხადებული ბედისწერის ნიშნების მიხედვით. ისინი, როგორც ხალხი ისევე უცნაურად გაქრნენ, როგორც ერთ მშვენიერ დღეს მათი წინაპრები გამოჩნდნენ.

სინამდვილეა: ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობის შემდეგ, როდესაც ჰალეას კომეტამ ღამით ცა გადასერა და თავისი მანათობელი კუდით მოსახლეობა შეაძრწუნა, ეტრუსკმა ნათელმხილველმა ვულკატიუსმა განაცხადა, რომ მეცხრე სეკულა დასრულდა და ეტრუსკთა ისტორიაში მეათე და უკანასკნელი  სეკულა დაიწყო.

ა. წ. 54 წელს, როდესაც ეტრუსკთა ისტორიის მკვლევარი და მათი ენის მცოდნე ბოლო რომაელი, რომის იმპერატორი კლავდიუსი კვდებოდა, ის აღსრულდა, რაც ვულკატიუსმა იწინასწარმეტყველა - ზეციურმა ნიშნებმა მისან-ჰარუსპიკებს გაუმხილეს - ეტრუსკმა ერმა არსებობა შეწყვიტა!

დაუჯერებელი ისტორია, ლეგენდაა?
ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა ხანებიდან არქეოლოგიური დასკვნები ეტრუსკთა ცხოვრების ვერცერთ კვალს ვეღარ ნახულობენ!


წინასიტყვაობა წიგნისა «ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ

გაგრძელება იხილეთ:

«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler
Besucherzähler für die Homepage