მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ზღვა მათი ისტორიის დასაწყისია. იტალიის ისტორიაში ეტრუსკები მეზღვაურ ხალხად შევიდნენ. ტოსკანა მათი საყრდენი ბაზა გახლდათ, აპენინის ნახევარკუნძულის ირგვლივ საზღვაო გზების დასაპყრობად და გასაკონტროლებლად ექსპედიციებს აქედან აწყობდნენ. ეტრუსკებს ვაჭრობის უზრუნველსაყოფად სავაჭრო ფლოტის აგება ძალიან ადრე დასჭირდათ და პორტების, სანაპიროს და კომერციული იმპერიის დასაცავად უკვე ძლიერი საბრძოლო ფლოტი გააჩნდათ.

ტირენიელებზე და მათ ზღვაზე ბატონობაზე საუბრისას მკვლევარები ხშირად ხმარობენ ცნებას - «თალასოკრატია». «ეტრუსკთა ძლიერება ისეთი დიდი იყო», წერს ტიტუს ლივიუსი, «რომ მათი დიდება იტალიის მთელ სიგრძეზე ალპებიდან მესინის სრუტემდე არა მარტო ხმელეთს, არამედ ზღვასაც სწვდებოდა». ტყუილად არ უწოდეს «სარდინიის ზღვას» ახალი მკვიდრების სახელი. «ასევე ძლიერნი იყვნენ როგორც ზღვის მპყრობელნი» - აღნიშნავს დიოდორე სიცილიელი - «ისინი ზღვებზე დიდი ხნის მანძილზე ბატონობდნენ, ისე, რომ იტალიის გარემომცველმა ზღვამ მათგან სახელი - «ტირენიის ზღვა» მიიღო».

ეტრურიის მეზღვაურებს გულად და საშიშ ზღვაოსნებად ხატავდნენ ანტიკური ხანის მწერლები. მათ ლეგენდების, ეპიზოდების და ამბების მთელი კონა უკავშირდება. 

ბერძნული მითები მათ პირატებად წარმოსახავენ, რომელთა გაბედული თარეში და ძარცვა მთელს ხემლთაშუაზღვისპირეთს შიშის ზარს სცემდნენ. მათ შესახებ მოგვითხრობს ჰომეროსის დიონისეს ჰიმნი. ის მოგვითხრობს იმის შესახებ, ერთ მშვენიერ დღეს ტირენელებმა როგორ მოიტაცეს თავად ღმერთი (დიონისე), რომელმაც მათგან თავი მხოლოდ მათი დელფინთა გუნდად გადაქცევით დაიხსნა.

ფოტოზე: ეტრუსკული სავაჭრო გემი, ძვ. წ. V ს., სამარხის ფრესკა, ტარქვინია / იტალია

სწორედ ტირენიელებმა მოიტაცეს კუნძულ სამოსიდან ჰერას სახელგანთქმული ქანდაკება და ატიკიდან გაიტაცეს ბრაურონის ქალები. მათ ათენის დაპყრობასა და გაძარცვასაც აბრალებდნენ! ისინი მუდმივ საშიშროებას წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ტირენიულ, იონიურ თუ სიცილიის ყურის წყლებში. დიოდორე სიცილიელი ახსენებს ტირენიელთა მიერ კორსიკის დაპყრობას, სტრაბონი კი სარდინიაში მათი დამკვიდრების შესახებ მოგვითხრობს. სხვა ავტორები მათ მიერ ბალეარებზე და ესპანეთის სანაპიროზე ეტრუსკული კოლონიების დაარსებაზე ჰყვებიან. დიოდორემ შემოინახა ცნობა იმის შესახებ, რომ შორეულ ატლანტურ ოკეანეში მდებარე კუნძულოს გამო, კართაგენსა და ეტრუსკებს შორის დავა არსებობდა. იქნებ აქ მადერაზეა საუბარი? 

დიონისე ეტრუსკთა გემთმშენებლობაზეც საუბრობს. თეოფრასტე ჰყვება, რომ ისინი ტყეებში იმდენად მაღალ ხეებს სჭრიდნენ, რომ ერთი ხე საკმარისი იყო დიდი გემების ხერხემლის დასამზადებლად. პლინიუსი იმეორებს ერთი ბერძნული წყაროს ცნობას, რომლის თანახმადაც გემის ესოდენ საშიში, ტარანად წაგრძელებული ნისკარტი, ერთი პიზელი ეტრუსკის გამოგონებაა. როდოსის პორტში შეიძლებოდა გამარჯვების ნიშნად დადგმული დაპყრობილი ტირენული გემების როსტრას ნახვა. ამბობენ, რომ ღუზაც ეტრუსკული წარმოშობისაა.


ფოტოზე: ეტრუსკული გემი, რეკონსტრუქცია, ბარათისა და პოპულონიას არქეოლოგიური პარკის ექსპონატი / იტალია


ფოტოზე: ეტრუსკული დრაკონისთავიანი ხომალდი, ბრინჯაოს ხანა - ლიბანური კედარის ტრანსპორტი, ძვ.წ. 713-716 წწ.
ხელთ გვაქვს მეტისმეტად მრავალი მოწმობა და მეტად განსხვავებული წყაროები იმისათვის, რომ ვამტკიცოთ, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის ფანტაზიაა, როგორც ამისკენ ადრე იხრებოდნენ. მაგრამ ისინი ისტორიულ სიმართლეს შეიცავენ. ნავიგაციისა და გემთმშენებლობის სფეროში ეტრუსკთა ცოდნას მრავალი აღმოჩენა მოწმობს.

ფოტოზე: როსტრა – ძველი რომის ფორუმში ორატორის ტრიბუნა. როსტრა მრავლობითი რიცხვია ლათინური სიტყვისა როსტრუმ – ხომალდის ცხვირი. ტრიბუნამ ეს სახელი მიიღო იმიტომ, რომ ის მტერთა ხომალდების ცხვირებით იყო შემკული.
ცერეში ნაპოვნი თიხის ლარნაკი ძვ. წ. VI საუკუნეში მომხდარ გააფთრებულ საზღვაო ბრძოლას აღბეჭდავს. ერთი გრძელი გემი, რომელსაც წინ თვალი ახატია და რომლის კორპუსსაც ნისკარტი აგრძელებს, მეორეს უტევს. მეორე გემის ეკიპაჟი საბრძოლველად მზადაა. ორივე გემის მეომრები ერთნაირად არიან შეიარაღებულნი: მათ აქვთ მაღალთხემიანი ჩაფხუტები, შუბები და მრგვალი ფარები. ფარები განსხვავებულადაა შემკული. შემტევი მხარის ფარები გეომეტრიული მოტივებითაა შემკული, როგორც ეს ადრეული ხანის პრიმიტიულ ეტრუსკულ ორნამენტაციაში სჩანს, მაშინ როდესაც მეორე გემის ეკიპაჟის ფარებს ხარის თავის, ვარსკვლავების და კიბორჩხალას გამოსახულებები ამკობს. საუბარია ეტრუსკთა და ბერძენთა ბრძოლაზე? უცნობია. იმ დროს, ტირენიის ზღვას ორივე ტიპის გემები სერავდნენ და ეტრუსკებს ორივე უნდა გამოეყენებინათ... 

ძველ ავტორთა ყველა ნაწერს ერთი რამ აქვს საერთო: ისინი გამოხატავენ აღფრთოვანებას და პატივისცემას, შეიძლება შიშსაც, რომელსაც ეტრუსკი ზღვაოსნები ბერძნებს ჰგვრიდნენ. ეს მსგავსება შეიძლება მხოლოდ პირადი მოგონებებით, პირადი გამოცდილებით და კონკრეტული მონაცემებისაგან ნაქსოვი რეალობით აიხსნას. 

ფოტოზე: ეტრუსკული ღუზა, ფერნანდო კორეიას რეკონსტრუქცია
ეტრუსკთა წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებები - მათ ხშირად პირატებად წარმოადგენდნენ - ეკონომიკური პროპაგანდის ვრცელ კამპანიაში ეწერება, რომელშიც მოწინააღმდეგის შესახებ შეგნებულად გავრცელებული ცრუ ბრალდებები ბაზრებისა და ნედლეულის დასაპყრობად გამართული დაუნდობელი ბრძოლის მხოლოდ ერთ ასპექტს წარმოადგენდნენ. 

არქაულ ხანაში, ზღვაზეც და ხმელეთზეც ანარქია მეფობდა. ზღვაზე ყაჩაღობა, საქონლის ქურდობაზე თუ ქალაქთა ძარცვაზე მეტად სამარცხვინო არ ყოფილა. იმხანად ჩვეულებითი სამართალი არსებობდა. ამიტომ ბერძნებს ეტრუსკთა შედავება არ ძალუძდათ. პირატების წინააღმდეგ ზომების მიღებაზე ჯერ კიდევ ბრძენმა კანონმდებელმა სოლონმა თქვა უარი. პოლიკრატე სამოსელის მოთხოვნით უცხოურ გემებს ატყვევებდნენ და ნადავლის მეათედს ტაძრებს სწირავდნენ. თვით თუკიდიდემ დაადასტურა, რომ ძვ. წ. 400 წლისათვის, ელადის ზოგ რეგიონში პირატობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 
პირატობას მცირე აზიელი ბერძნებიც მისდევდნენ... 

უცნობია რა ბრძოლები გაიმართა ბერძნებსა და ეტრუსკებს შორის სიცილიასა და ტოსკანას შორის ზღვებზე გაბატონებისა ან ტიბროსის ჩრდილოეთით არსებული ლითონის საბადოების დაუფლებისათვის. ძველი ავტორების იშვიათი ცნობები დაპირისპირებათა შორეულ ექოს - წიაღისეულის, ბაზრების, მონოპოლიებისათვის შორეულ წარსულში გამართული შეუპოვარი და მივიწყებული ეკონომიკური ომის ერთ თავს წარმოადგენენ.

ეტრუსკებმა ბერძნებს სიცილიის აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ასევე ჩექმის ქვეშ - სამხრეთ იტალიაში დასახლებაში ხელი ვერ შეუშალეს.  მაგრამ დიდი კუნძულის ჩრდილოეთით, მესინის სრუტის მხარეში ბატონებად დარჩნენ. მხოლოდ ეგეოსიდან მოსულებმა შესძლეს ძვ. წ. დაახლოვებით 750 წლისათვის ქალაქ იშიადან ქალაქი კუმას დაარსება. ეს იყო ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე, დანარჩენი სამხრეთი კოლონიებისაგან სრულებით იზოლირებული ქალაქი. ბერძნები ამ მიდამოებს ვერ გასცდნენ. ამით ტირენიის ზღვაში გავლენის ზონები დადგინდა. 

VII საუკუნეში შეიარაღებული დაპირისპირება მშვიდობიანმა ვაჭრობამ შესცვალა. კართაგენელებთან ერთად ეტრუსკთა საუკეთესო სავაჭრო პარტნიორებად ბერძნები ითვლებოდნენ. ყველაზე მჭიდრო კავშირი ეტრუსკებს ქალაქ სირაკუზთან ჰქონდათ. აქ მოედინებოდა იმპორტი კორინთოდან - იონიის ქალაქების ყველაზე დიდი პორტიდან. ეტრუსკულ ქალაქებში დამკვიდრებულ ბერძენ მხატვრებსა და ხელოსნებს ვაჭრები უერთდებოდნენ. საპორტო ქალაქი პირჯში მათი მთელ კოლონია არსებობდა.

მაგრამ ამ ორი ხალხის კონფლიქტი მხოლოდ გადადებული გახლდათ. VI საუკუნის ბოლოს ბერძნებსა და ეტრუსკებს შორის ბრძოლა კიდევ უფრო დიდი ძალით ხელახლა გაჩაღდა...

ძლიერი ფლოტისა და ციხესიმაგრის დარად მდებარე შეიარაღებული ძალებით გამაგრებული ქალაქების გარეშე, ეტრურიის ბედი სხვაგვარად წარიმართებოდა - ის გახდებოდა სხვა ვაჭრობით დასაქმებული ხალხების მსხვერპლი და თავად კოლონიად გადაგვარდებოდა.


წინასიტყვაობა წიგნისა «ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა

გაგრძელება იხილეთ:

ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen