მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
პორტო ბარათი ჰქვია ტირენიის ზღვაში კუნძულ ელბეს პირდაპირ მდებარე ყურეს, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე კლომეტრითაა დაშორებული პიომბინოდან, ადგილიდან, საიდანაც კუნძულის დასალაშქრად ტურისტთა ნაკადი მიედინება. ბორცვი, რომლის სილუეტიც ზღვაში მხატვრულად ირეკლება, იფარავს სოფელს, რომელშიც რამოდენიმე ოჯახიღა ცხოვრობს. ეს სოფელი ცნობილ სახელს - პოპულონიას ატარებს. აქ იყო აღმართული ანტიკური ავტორების მიერ ხშირად ნახსენები ერთადერთი უშუალოდ ზღვის სანაპიროზე ნაგები ეტრუსკული ქალაქი პუპლუნა. მისი სახელი მონეტებზე აღბეჭდილი იპოვნეს, სიმბოლურად მარწუხითა და ჩაქუჩით შემკული. მან თავად, დანარჩენი ეტრუსკული ქალაქების ბედი გაიზიარა - პირისაგან მიწისა სამუდამოდ აღიგავა. მის შესახებ მხოლოდ ახლომდებარე დიდი სამარხის საფლავები მიგვანიშნებენ.

მხოლოდ უკანასკნელ ხანს, ორნახევარი ათასწლეულის შემდეგ, მართლაც უჩვეულოდ ხელახლა აღმოჩნდა ის დიდი როლი, რომელსაც პოპულონია ოდესღაც ასრულებდა. ამავდროულად გაცოცხლდა მოგონებები ეტრუსკთა დიდი ხნის წინ მივიწყებული ეკონომიკური ძლიერების შესახებ.

ცნობილი იყო, რომ რომაელების დროიდან პოპულონიაში რკინას ამუშავებდნენ. ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც იქ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჩავიდა, წერდა: «ქალაქის ზედა ნაწილიდან, სადაც სპეციალურად ავედი, კორსიკასა და სარდინიას შორიდან ვხედავდი, კუნძულ ელბას კი ახლოდან. ვხედავდი ასევე სახელოსნოებს, რომლებშიც ამ კუნძულებიდან მოტანილ რკინას ამუშავებდნენ».

სიღრმეში გაბურღულმა ნიმუშებმა გამაოგნებელი შედეგი მოიტანეს: შლაკის ფენები სიღრმეში სახლისსიმაღლე სართულებად ეწყო. შლაკი, როგორც ამას კერამიკის ნაპოვნი ფრაგმენტები მეტყველებენ, რომაულ ხანაზე ადრეული იყო. ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ეტრუსკული პერიოდის ნაკვალევს წააწყდნენ, რამოდენიმე წლის შემდეგ უნიკალური აღმოჩენებით დადასტურდა.

ფოტოზე: პოპულონია
/ იტალია

1914 წელს, როცა პირველი მსოფლიო ომი გამოცხადდა, იტალიის მთავრობა დელიკატური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: მას რკინა აკლდა. ერთმა მოხერხებულმა თავმა გამოსავალი იპოვნა, რომელიც უცნაური, მაგრამ საბოლოო ანგარიშით სასარგებლო აღმოჩნდა. ეს გახლდათ პოპულონიასთან არსებული წიდის მინდვრების გამოყენება. წამოწყება წარმოუდგენელი წარმატებით დაგვირგვინდა. რადგან მხოლოდ წიდას მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა ეტრუსკული ქალაქების გორაკების მიდამოებში არსებული რკინის რაოდენობის სრული მოცულობა. ძველი წიდას 30-40% -ს რკინა შეადგენდა.

ადრეულ ისტორიაში მრეწველთა მიერ დატოვებული მონარჩენი პროდუქტები თანამედროვე მრეწველობისათვის სასარგებლო გამოდგა – ეს ალბათ უნიკალური შემთხვევაა. ისინი მძიმე პერიოდში ესოდენ საჭირო შეიარაღებას წაადგნენ. მაგრამ ჟრჟოლამ შეიძლება აგიტანოთ იმის გაფიქრებისას, რომ იზონცოზე, 1917 წლის შემოდგომის მძიმე ბრძოლებისას, იტალიური ჯარის იარაღი – ყუმბარები და ტყვიები, რომლებიც ავსტრიელ ჯარისკაცებს მუსრს ავლებდნენ, ეტრუსკი მაღაროელების მიერ 2500 წლის წინ მთებიდან ამოღებული რკინისაგან იყო ჩამოსხმული.

ამ წიდის გამოყენება 1918 წლის შემდეგაც გაგრძელდა. ათწლეულების მანძილზე თხრიდნენ მძლავრი ექსკავატორებეთ ფართო ტრანშეებს. რაც დღემდე გრძელდება, დასასრული კი ისევ არ სჩანს.

არქეოლოგებისათვის ეს გათხრები უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ზოგიერთ ადგილას ექსკავატორები წიდას ქვედა ნიადაგს, ძირს შეეხნენ: აქ გიგანტურ სამარხთა ნაშთები აღმოჩნდა. წიდას დიდი სიმძიმის გამო, სამარხები უხსოვარ წარსულში უნდა ჩანგრეულიყვნენ. როგორ მოხდა ეს? დიდი ხნის მანძილზე გამოცანა ამოუხსნელი გახლდათ.

მხოლოდ შემდგომმა ძიებებმა მოგვცეს პასუხი. შესაძლებელი გახდა შემდგომის რეკონსტრუქცია : დაახლოვებით ძვ. წ. 400-ან წლებში პოპულონიაში რკინის დამუშავება დიდ სამჭედლოებში დაიწყო, რაც მანამდე მხოლოდ მეზობელ კუნძულ ელბაზე ხდებოდა.

ქალაქი მალე ანტიკური ხანის პიტსბურგად გადაიქცა! ჩამოსასხმელი საამქროების მიერ დაგროვილი მონარჩენი წიდის მასები საუკუნეთა მანძილზე იზრდებოდა და იზრდებოდა, სანამ ერთ დღეს პოპულონიას ძირში მდებარე უძველეს ნეკროპოლის სან ცებრონეს არ მიაღწიეს და ის მთლად არ გადაფარეს. მათ თავის ძირში დამარხეს ეტრუსკთა ისტორიის უძველესი თავის ნაწილი.

სამარხებში ნაპოვნი ნივთების: ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და სამოსის, სპირალების, საკიდების, ქინძისთავების გვერდით არსებულმა იმპორტულმა ნაწარმმა ცხადყო, რომ ეს ნაგებობები ჯერ კიდევ ძვ. წ. VII საუკუნეშია აგებული. და სხვა აღმოჩენთა სიმრავლე კი ადასტურებს, რომ პოპულონია ჯერ კიდევ მაშინ სპილენძისა და ბრინჯაოს მაღალგანვითარებული წარმოების ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი სახელოსნოები აწარმოებდნენ დიდი რაოდენობის ნაწარმს, პირველ რიგში შესამკობად და განსაახლებლად საჭირო შესანიშნავ ფირფიტებს. კუნძულ ელბასა და კამპილიას სპილენძის მადანის მფლობელობაზე და მოპოვებაზე იყო პოპულონიას ეკონომიკური განვითარება და სიმდიდრე დაფუძნებული. სპილენძის მადანმა და მისმა დამუშავებამ ის ერთ-ერთ მდიდარ სამრეწველო ქალაქად აქცია.

მსგავსი საკვირველი პროგრესი დაახლოვებით ორი საუკუნით ადრე აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთშიც არსებობდა. ეს გახლდათ ებრაულ სამეფოში მეფე სოლომონის მეფობის პერიოდში სპილენძის საბადოსა და ჩამოსასხმელი საამქროების ექსპლუატაციის შემდეგ არსებული ეკონომიკური აღმავლობა. დავით მეფის დროინდელი ჯერ კიდევ უპირატესად გლეხური სახელმწიფო ერთი თაობის განმავლობაში პირველი რანგის სამრეწველო ქვეყნად გადაიქცა.

სპილენძის წარმოებასთან ერთად ეტრურიაში რკინის წარმოებაც დაიწყო. რკინა აღმოჩნდა პოპულონიაში ძვ. წ. VII საუკუნის დასაწყისის სამარხების ნივთებს შორის. იგი იპოვნეს «კარის გორასამარხის» საბრძოლო ეტლის შემამკობელ ბრინჯაოს ფირფიტებზე. ცხოველები და რკინის ნადირობის სცენები, რომლითაც მათ ამკობდნენ, რკინის ინტარსიითაა შესრულებული. რაც დასტურია იმისა, რამდენად ძვირფასი იყო თავდაპირველად იტალიაში ეს ლითონი, ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ ახლო აღმოსავლეთში.


ფოტოზე: სასანთლე, დეტალი, ძვ. წ. V ს., ბრინჯაო, ეტრუსკული ხელოვნება
დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებული ლითონების წარმოშობა დროის წიაღში გვაბრუნებს და მისი ისტორია ბოლომდე ჯერაც არაა გარკვეული. ერთი რამეა ცნობილი – თავდაპირველად მათი გამოყენება საბრძოლო იარაღისა და სამუშაო იარაღის კი არა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამკაულის დასამზადებლად დაიწყეს. ცნობილი გახდა ტუტანხამონის სახელგანთქმული ხანჯალი, რომელიც ძვ. წ. 1360 წლით თარიღდება. სუვერენი მას იმდენად აფასებდა, რომ მან სხვა იშვიათ საგნებთან ერთად მისი ოქროს სარკოფაგში ჩაყოლება ბრძანა. რუხი ლითონი იმდენად იშვიათი გახლდათ, რომ დიდი მონარქები მასზე ერთმანეთს ზედმიწევნით დაწვრილებით სწერდნენ.

ასე მაგალითად, ხათთა მეფე ხათთუსილ III მიერ ასურეთის მეფისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: «ახლა კარგ რკინაზე, რომლის თაობაზეც მწერ; კარგი რკინა არ მოიპოვება ჩემს საგანძურში, კილიკიაში. რკინის წარმოებისთვის ეხლა ცუდი დროა. მისი წარმოება ვბრძანე, თუმცა დღემდე ეს მიღწეული არაა. როდესაც ჩემი ხალხი ამას შესძლებს, მცირეოდენს გამოგიგზავნი. ამჯერად რკინის ხანჯლის პირს გიგზავნი».

გადამწყვეტი ტექნიკური სიახლე შესაძლებელი მხოლოდ ათასწლეულის მიჯნაზე ხდება. მოხერხდა ტემპერატურის, ყოველგვარი მეტალურგიის ბაზის 1000°-დან 1500°-მდე ამაღლება. 1500°-ით მიღწეულ იქნა რკინის თხევად მასად ქცევის წერტილი. გადასადნობად იყენებდნენ ხის ნახშირს. რუხი მადანის დამუშავება ახლა უკვე შესაძლებელი იყო. ახალი ეპოქა დაიწყო.

როგორც ჰესიოდე ძვ. წ. 700 წელს მღერის, ბრინჯაოს ხანა «რკინის ხანით» იცვლებოდა. სანამ ახალი გამოგონება ყველასათვის სასარგებლო გახდებოდა, მანამდე მისი გავრცელება ეგეოსური მიგრაციის დამანგრეველმა ტალღამ შეწყვიტა.

«ზღვის ხალხთა» დარტყმების შედეგად მცირე აზიაში ხეთთა სამეფო ეცემოდა. ამასთან დამპყრობლები რკინის დამზადების საიდუმლოს დაეუფლნენ, ამ ისტორიას ბიბლია გადმოგვცემს. შემდგომში პალესტინად წოდებული რეგიონის სანაპირო ველზე დამკვიდრებულმა ფილისტიმელებმა, იუდეის მთის ძირში, პირველი რკინის გადასამუშავებელი საამქროები ააგეს. ისინი გაზას სამხრეთით მდებარეობდნენ. ახალი ლითონით გაძლიერებულებმა იუდეის დიდი ნაწილი დაპყრეს. თუმცა დავით მეფემ არ დაახანა და მათ რკინის მონოპოლიაში შეედავა. მან მოახერხა და ფილისტიმელებს ლითონის გადადნობის მკაცრად გასაიდუმლოებული ფორმულა მოჰპარა. შედეგებმაც არ დააყოვნეს. რკინის იარაღის მფლობელმა ისრაელმა თავდამსხმელები ზღვამდე უკან გადარეკა.

რკინა ყველაზე ძვირ ლითონად, ოქროზე უფრო ძვირ ლითონად ითვლებოდა! ასე კიდეც ერთხანს უნდა გაგრძელებულიყო. ძვ. წ. 800 წლისთვის ძველი აღმოსავლეთისთვის პოლიტიკურ ძვრათა და საომარ საშინელებათა პერიოდი ისევ უნდა დაწყებულიყო: ასურეთის ზესახელმწიფოდ აღმავლობა იწყებოდა. ტიგლატ-ფილასარ III აღმოსავლეთის სამეფოთა დასაპყრობად ლაშქრობები წამოიწყო, აიღო დამასკო, დაიპყრო სირია და აღმოსავლეთ იორდანია. ძვ. წ. 721 წელს დაეცა ისრაელის დედაქალაქი სამარია. ანატოლიაში სარგონ II ფრიგიის უკანასკნელი მეფე მიდასი თავის ვასალად აქცია. დაახლოებით იმავე ხანაში, ურარტუს სამეფო და კავკასიაში მისი წიაღისეულით მდიდარი რეგიონები ასურეთის კონტროლს ქვეშ მოექცა. (ამის შემდეგ კი, ფრიგიიდან მოსული პროტოსომხების გამანადგურებელმა შემოსევამ საბოლოოდ მოსპო და პირისაგან მიწისა აღგავა ურარტუ, მთარგმნელი). ასარგადონის მეფობის დროს ფინიკია ასურეთის პროვინციად იქცა, ხოლო ქვემო ეგვიპტე დაპყრობილი იქნა. 663 წელს, ასურბანიპალი თავისი დაუმარცხებელი ჯარებით თებეში შევიდა, 10 წლის შემდეგ კი მისმა მეომრებმა მცირე აზიაში ლიდიის სამეფო ააოხრეს.

ძვ. წ. 650 წლისათვის ახლო აღმოსავლეთი - მცირე აზიიდან ეგვიპტემდე ნანგრევების გროვას ჰგავს. ძველი ქვეყნები დამხობილია, გაბატონებული მხოლოდ ასურეთია. ნინევი გამოსცემს უზარმაზარი ასურული იმპერიის მკვიდრთა ბედისა და ცხოვრების მომწესრიგებელ კანონებს.

ამით ერთი დარტყმით შეწყვეტილი იქნა აღმოსავლეთთან ოდესღაც ესოდენ აქტიური ვაჭრობა და გემების მოძრაობა და საქონლის ნაკადი. გადაიკეტა რკინის მიმწოდებელი ანატოლიის საბადოების გზა.

ფოტოზე: ლუპა კაპიტოლინა, ძვ. წ. V ს., ბრინჯაო, ეტრუსკული ხელოვნება, კონსერვატორების სასახლის ახალი მუზეუმი, რომი / იტალია

იწყება ახალ ბაზრებზე, ესოდენ საჭირო ახალი ლითონის ახალ საბადოებზე ნადირობა. ეტრურიის ზარმა შემოჰკრა. უკეთესი შესაძლებლობები წარმოუდგენელი იყო. სიცილიას აკლდა ლითონები, ხოლო ტიბროსსა და არნოს შორის აღმართული მასივების წიაღები კი ესოდენ სასურველ ნედლეულს შეიცავდნენ. ამ ქვეყნის მაღაროები სარდინიელთა მაღაროების გამოკლებით, ცენტრალური ხმელთაშუაზღვსპირეთის ყველაზე მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენდნენ! მათ ყველას საზღვაო გადაზიდვისათვის ხელსაყრელი მდებარეობა გააჩნდათ, რადგან სანაპირო ზოლში მდებარეობდნენ.

სამხრეთიდან მიმავალი მოგზაური, მათ უკვე შორიდან ხედავს. ლაციუმის სანაპიროს გასწვრივ, მონოტონური გზის ბოლოს, ტიბროსის შესართავის სიახლოვეს, ტოლფას მთების ესოდენ სახასიათო პროფილი მოსჩანს. მათზე მონტე ლე გრაცის მთის ველური მწვერვალები ბატონობს. აქედან ქვეყნის სიღრმეში საბადოების სხვა ზონა ვრცელდება, ეტრურიის მადნეულის საბადოების ჯაჭვის ყველაზე სამხრეთით მდებარე. ის შეიცავს პირიტს, ტყვიას, კალკოპირიტს, ცინკს, ანტიმონს და შეზღუდული რაოდენობით ასევე ვერცხლისწყალს.

რამოდენიმე საათის შემდეგ, მონტე არჯენტარიოს მაღალი და ციცაბოფერდებიანი გრძელი ნახევარკუნძულის გარს შემოვლის შემდეგ, კუნძული ელბა მოსჩანს
. იგი შეიცავს სპილენძს და როგორც მისი მთავარი პორტის სახელი პორტოფერაიო მიუთითებს - რკინას. როგორც ვერგილიუსი ენეიდაში ამბობს, «ამ კუნძულზე დიდი რაოდენობის რკინა მოიპოვებოდა». მის პირისპირ, მონტე ამიატას მთელს ქვეყანაზე გაბატონებული ვულკანური კონუსის ირგვლივ, სპილენძის, რკინის, ტყვიის და ვერცხლის შემცველი მთებია დაჯგუფებული. ისინი ეკუთვნიან პოპულონიას, ვეტულონიას და სესინას ხეობაში უფრო ჩრდილოეთით არსებული ვოლტერას მმართველებს.

სწორედ ამ მადნეულის მთებში ჩამოყალიბდა ძვ. წ. VII საუკუნეში მძიმე მრეწველობა – პირველი იტალიის მიწაზე და დასავლეთში საერთოდ! მან საფუძველი ჩაუყარა ეტრურიის განვითარებასა და ზღაპრულ სიმდიდრეს.

ამ ეპოქის დაუჯერებელი ინდუსტრიული განვითარების ძველ მოწმეებს დღესაც შეხვდებით: მთელს ქვეყანაში შემონახულია მადნეულის ინტენსიური მოპოვებისა და გადამუშავების კვალი. პორტო ბარათის მსგავსად ლითონის წიდების ნამდვილი გორები კუნძულ ელბაზეცაა. მათ პოულობენ მონტე ფორტინოს მახლობელ ლუნიში და ძველი სახელგანთქმული ცერეს პორტის მიწის ზედა ფენებში. «წიაღისეულის ამოღების ტირენიული მეთოდი», წერს სიბილ ფონ კლეს-რედენი, «მართალია დღევანდელი წარმოდგენით ირაციონალური იყო. მაშინდელი ტექნიკის დონე იძლეოდა წიაღსეულის მხოლოდ ზედაპირული შრეებიდან ამოღების შესაძლებლობას. სადაც წერაქვი ვეღარაფერს ხდებოდა, იქ ცეცხლს ანთებდნენ, გახურებულ ქანს ცივ წყალს ასხამდნენ და ისე ხეთქავდნენ. ეტრუსკულ სამთო მრეწველობას მაინც საოცარი მასშტაბი ჰქონდა...»

მეფე სოლომონის სპილენძის საბადოების აღმოჩენამ ისრაელში ნამდვილი სენსაცია მოახდინა. ისინი წლებია ტურისტთა კოჰორტებს აოცებენ. არანაკლებ ღირსშესანიშნავი ეტრუსკული მაღაროები, რომლებიც ევროპის უძველეს და უმნიშვნელოვანეს მაღაროებს წარმოადგენენ, დღემდე უყურადღებოდ რჩებიან. მათი არსებობის შესახებ არავინ იცის. მათ არავინ ნახულობს, არცერთი თანამედროვე გზამკვლევი მათზე არ საუბრობს.

სწავლული ფილიპო მაგი ასკვნის: «მათმა ინდუსტრიამ ეტრუსკები უეცრად გაამდიდრა. მათი სიმდიდრისა და ძლიერების მწვერვალი ბრინჯაოს დიდად გავრცელების პერიოდსა და რკინით ვაჭრობის დაწყების ხანას ემთხვევა. ეტრუსკები მთელ ევროპას ბრინჯაოთი და რკინით ამარაგებდნენ.»

ეტრუსკების დიდება მშვიდობიან აღმშენებლობას ეფუძნება. მათ თავის ესოდენ ბრწყინვალე კულტურულ განვითარებას ყველა ტექნიკური საშუალებისა და საინჟინრო ხელოვნების გამოყენებით ჩაუყარეს საფუძველი.

იტალიის მიწაზე პირველი გამოჩენიდან მათ აინტერესებდათ ეკონომიკა, წარმოება და ვაჭრობა და არა ომი და დაპყრობა, სხვა ხალხების დამონება და გაძარცვა. ისტორიაში ეს მათთვის დამახასიათებელ ნიშნად დარჩა. სადაც მათ შეაღწიეს, ყველგან საოცარი წინსვლა მიიტანეს. მათგან უზარმაზარი აღფრთოვანება უნდა წამოსულიყო, რადგან ისინი მკვიდრ, ჯერ კიდევ პრიმიტიულ ბინადართ არა მხოლოდ საკუთარი წეს-ჩვეულებისა და კულტურის მიღებაში არწმუნებდნენ, არამედ მათ საკუთარი მრავალმხრივი ცივილიზაციის შექმნაში სიხარულით აღებინებდნენ მონაწილეობას, რომელსაც მცირერიცხოვანი ეტრუსკები ვერასდროს მარტონი ვერ შეჰქმნიდნენ.


წინასიტყვაობა წიგნისა «ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში

გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen