ვერნერ
კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი |
უცნაური
მიწის ბორცვები, რომელნიც შორიდან კარგად მოსჩანან, განძის მაძიებლებს
და საფლავთა მძარცველებს ოდითგანვე მუდამ იზიდავდნენ. ძალზედ
თვალშისაცემი და თანაბარი ფორმისანი, ბუნების ნახელავს არ ჰგვანან.
ვინც მათ ნახულობდა, ხვდებოდა, რომ ადამიანის ხელს უნდა შეექმნა
და მათ შიგნით ძვირფასი განძი უნდა ყოფილიყო. ისინი საუკუნეების
განმავლობაში უთვალავჯერ გადათხარეს და რა გასაკვირია, რომ როდესაც
მეცნიერებამ მათით სერიოზული დაინტერესება დაიწყო, მკვლევარებს
ისინი დიდი ხნის წინ გაძარცვული და განძისაგან დაცლილი დახვდათ.
თუმცა ჩვენს საუკუნეში ბედმა მოულოდნელად გაიღიმა. ჭეშმარიტი
სენსაცია მოხდა - რამოდენიმე ხელუხლებელი აკლდამა იქნა აღმოჩენილი...
მოპოვებული მასალა საინტერესო იყო როგორც სპეციალისტებისათვის,
ისე ფართო საზოგადოებისთვისაც. 1836 წელს, სიძველეთა გათხრებით
დაინტერესებულმა ორმა იტალიელმა - მღვდელმა ალექსანდრე რეგოლინიმ
და გენერალმა ვინჩენცო გალასიმ გადაწყვიტეს ჩერვეტერის სამხრეთ-დასავლეთით
მდებარე სორბოს ნეკროპოლისათვის ყურადღება მიექციათ; აქ მათ
არჩევანი ვენახებით მოფენილ ბორცვზე შეაჩერეს. თავიდან მოლოდინი
გაუცრუვდათ, აღმოჩენილი 5 სამარხი უკვე დიდი ხნის დაცარიელებული
იყო. თუმცა იმედი არ დაუკარგავთ, წყნარად განაგრძეს მუშაობა
და მიაგნეს იმას, რისი წარმოდგენაც ოცნებითაც კი გაუჭირდებოდათ.
ჭამ, რომელიც მათ ბორცვის შუაგულამდე გათხარეს, აკლდამამდე მიიყვანა,
რომელიც ხელუხლებელი აღმოჩნდა. შესასვლელის გაწმენდის შემდეგ,
შიგნით შესული რეგოლინი და გალასი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ.
ჩირაღდნების მკრთალ სინათლეზე ლეგენდარული სამყარო აკიაფდა.
მაგარი ქვისგან ნაგები უძველესი აკლდამის დერეფნის ფორმის მთავარი
ოთახი სავსე იყო უძვირფასესი ნივთებითა და საოცარი სამკაულებით.
ის გაოგონარი სიმდიდრის და ფუფუნების საგანძურს ინახავდა. ორივენი
გაოგნებულნი იდგნენ იმ დიდებულების შუაგულში, რომელიც მათ აღმოსავლეთის
მეფე-მთავართა დაკრძალვის წეს-ჩვეულებას აგონებდა.
|
ფოტოზე: რეგოლინისა და გალასის მიერ 1836 წელს აღმოჩენილი
სამარხი, ე.წ. რეგოლინი-გალასის სამარხი |
ფოტოზე: რეგოლინი-გალასის სამარხის შესასვლელი |
ორქანობიანი
სახურავით დახურულ ოთახში, ქვის კატაფალკზე სამკაულებით დაფარული
ქალის ჩონჩხი ესვენა. სამკაულთა ღირებულების მიხედვით, ეს ქალი
პრინცესა ან ქურუმი უნდა ყოფილიყო. აკლდამის შიგნით, მისგან განცალკევებით
კიდევ ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. ერთ ნიშაში მეომრის ფერფლის
შემცველი ურნა იდგა, რომელსაც ირგვლივ იარაღი ჰქონდა შემოწყობილი.
დერეფანში, ბრინჯაოს საწოლზე მეორე მამაკაცის ჩონჩხი ესვენა...
ღმერთების ხატებასავით მოკაზმულ დიდგვაროვან გარდაცვლილს ოქროთი
შემკული სამოსი ეცვა. მკერდზე დიდი ოვალური ფირფიტა – ოქროს მცენარეების
და ცხოველების ნაზი ორნამენტებით შემკული პექტორალი ესვენა, რომელიც
უნატიფესი და უძვირფასესი ნაქარგობის შთაბეჭდილებას სტოვებდა.
|
ფოტოზე: ეტრუსკული პექტორალი რეგოლინი-გალასის სამარხიდან,
ძვ.წ. VII ს., ნახევარი, ოქრო, 42
x 38,1, ვატიკანის მუზეუმი/რომი |
ფოტოზე: ეტრუსკული ფიბულა (მშვილდსაკინძი) რეგოლინი-გალასის
სამარხიდან, ძვ.წ. VII ს. ნახევარი, ოქრო, ვატიკანის მუზეუმი/რომი |
აღნიშნული
სამკაული მაღალი რანგის მაჩვენებელი ნიშანი იყო. მისი ხმარება
და საჯაროდ ტარება მხოლოდ მაღალი რანგის დიდებულთ შეეძლოთ. წარმოშობა
ეჭვს არ იწვევდა. ეს უძველესი დიდებულების სიმბოლო ძველი აღმოსავლეთიდან
მოდიოდა. მსგავსი პექტორალი ამშვენებს ტიგროსის ნაპირზე მდებარე
ასირიული ქალაქის – ნიმრუდის ბრინჯაოს თასზე გამოსახულ ფრთოსან
სფინქსს. მასვე ვხედავთ ქანდაკებაზე, რომელიც ასურეთის მეფეს -
ასურნარსიპალ II ქურუმად გამოსახავს. ის ასევე ძველ აღთქმაშია
მოხსენებული.
პექტორალი - ებრაულად «ხოშენ», დიდი ქურუმის საზეიმო სამოსის ნაწილი
იყო. «და გააკეთა სამკერდული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი,
ძოწეული და გრეხილი თეთრი სელისგან», ასეა აღწერილი გამოსვლაში
39, 8 მოსეს მიერ იაჰვეს მითითების შესაბამისად აარონისთვის წმინდა
სამოსის დამზადა.
ძველი ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ნაკეთობა, ოქროს
დისკებიანი ფიბულა, პრინცესას მანტიას ჰკრავდა. ოვალურ, ნახევარმთვარის
ფორმის ფირფიტაზე გამოსახულია 5 ლომი, მათ ირგვლივ დალაგებულია
წნული გვირგვინები, რომლებიც ლოტოსის ყვავილების სტილიზებული გამოსახულებებისაგან
შესდგება. ორი ნახევრად ცილინდრული სარჭი ოდნავ ამობერილ ოქროს
ფირფიტას ატარებს, რომლის ზედაპირზეც ჩამწკრივებული 50 პაწაწინა
იხვი იკვეთება. მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეიძლება ამ შედევრის
უაღრესი სინატიფის დანახვა: შესანიშნავი მეტალოპლასტიკა მტვერსავით
ნამცეცთა შეუიარაღებელი თვალისათვის ძლივს შესამჩნევი ოქროს ციცქნა
ბურთულების გრძელი მწკრივებითაა შემკული. ისინი ცხოველთა და ყვავილთა
კონტურებს შემოუყვებიან და ერთანეთზე ისე ოსტატურად არიან დამაგრებულნი,
რომ ერთი შეხედვით თითქოს ერთმანეთს და ფონს არც კი ეხებიან. მარტო
ამ პაწაწინა ბურთულების ჩამოსასხმელად იყო საჭირო მეტალურგიის
ხელოვნების საუცხოო ცოდნა, დიდი ოსტატობა და უსასრულო მოთმინება.
შემდეგ კი ამ ბურთულების ერთმანეთთან ისე შედუღაბება, რომ აუცილებელი
გახურებისას მათ არც ფორმა დაეკარგათ და არც ერთმანეთს დასცილებოდნენ
- ეს კი უკვე საოცრებას უტოლდება.
გრანულაციის ხელოვნება, როგორც ამას ოქროს დამუშავების ამ დახვეწილ
ხერხს უწოდებენ, წინა აზიიდან მოდის, სადაც მას დიდი ხნის ისტორია
აქვს. ცოდნა მისი ტექნიკის შესახებ დაკარგულია. დასავლური ოქრომჭედლობის
უდიდესი ოსტატები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ამ ტექნიკის
საიდუმლოს ამოხსნას. ეს XVI საუკუნის დიდმა ფლორენტინელმა ხელოვანმა
თვით ბენვენუტო ჩელინიმაც კი ვერ შესძლო. მხოლოდ ჩვენს დროში შექმნა
კიოლნელმა ოქრომჭედელმა ე. ტრესკოვმა მსგავსად ნატიფი და მსგავსი
სიზუსტის ნამუშევრები.
პრინცესას ხელებზე ნაპოვნი მანჟეტივით ბრტყელი ორი სამაჯური ორნამენტაციის
იგივე ტიპს წარმოადგენს; მასზე გრანულირებული ოქროთი პალმათა ჯგუფის
წინ ორ ლომს შორის მდგომი «ცხოველთა დედოფალია» გამოსახულია, რომელსაც
თმები ეგვიპტური ქალღმერთი ჰათორივით კულულებად აყრია. ღვთაების
ირგვლივ სამი ქალია გამოსახული, რომლებიც ტაშს უკრავენ. |
ფოტოზე: ეტრუსკული სამაჯური რეგოლინი-გალასის სამარხიდან,
ძვ.წ. VII ს ნახევარი. ოქრო, ვატიკანის მუზეუმი/რომი |
მომხიბლავი
ყელსაბამები, საყურეები, სპირალების ფორმად დაწნული ბეჭდები,
შესაკრავები და ქინძისთავები შეუდარებელ საგანძურს შეადგენენ.
ყოველი ეს ნაკეთობა ბუმბულის წონისაა, იმდენად ფაქიზად ამუშავებდნენ
ეტრუსკი ოქრომჭედლები ძვირფას ლითონს. როგორც მათი მეფური სამკაული,
ისეთივე გახლდათ დიდგვაროვან მიცვალებულთა დანარჩენი ნივთებიც
- ძვირფასი, დიდებული და იმავე დროს უცხო, თითქოს შორეული აღმოსავლეთის
სუნთქვით გარემოცული. ყველაფერი ზღაპრულად დიდებულია. იტალიურ
მიწაზე არცერთ სამარხში მსგავსი რამ არ აღმოჩენილა. რამდენად
ბარბაროსულად, რა პრიმიტიულად გამოიყურება მის გვერდით ვილანოვას
სამარხთა შემცველობა!
სამარხში პრინცესას მფლობელობაში იდგა ბრინჯაოს საწოლი, თავსაყუდელითა
და ექვსი ფეხით. კედელზე მიყუდებული იყო მრგვალი საბრძოლო ფარები
პირდაღებული პანტერის თავებით, რომლებიც მინანქრის თვალებით
შემაძრწუნებლად იმზირებოდნენ. მაღალ სადგამებზე ნახევარსფეროს
ფორმის ბრინჯაოს საოცრად ნაკეთი ქვაბები იდგა, საიდანაც მოჩვენებასავით
უცნაური ცხოველები - კისერწაგრძელებული გრიფონთები და დრაკონები
იზრდებოდნენ. მათ ირგვლივ იყო უამრავი მუქი შავი ბრჭყვიალა ჭურჭლი
- სახელგანთქმული ბუკერო - ცხოველთა უცნაური გამოსახულებებით
შემკული თასები, თუნგები, ფიალები, ქოთნები. იქვე სუფთა ვერცხლისგან
დამზადებული სასმისები, სასმელი ჭურჭელი და მოოქროვილი თხელკედლიანი
ბრინჯაოს ჯამები იდგა. ფრთოსანი ხარები და ლომები ამკობდნენ
ბრინჯაოს გობების კედლებს, ფრინველთა თავები იმზირებიან ცეცხლსადგამის
მოკიდებული ჟანგიდან, ლოტოსის ყვავილები აქვს შემოვლებული ოთხთვალა
ურიკებს.
|
ფოტოზე: ეტრუსკული
დასაკრძალი საწოლი რეგოლინი-გალასის სამარხიდან, ძვ.წ. VII ს.,
ბრინჯაო, 187 x 73 x 38, ვატიკანის მუზეუმი/რომი |
აკლდამაში
ორი ეტლიცაა. ერთი მათგანი ოთხთვალაა და მიცვალებულის დასაკრძალია,
მასზე დასვენებული მიცვალებული უკანასკნელ გზაზე, სამარხამდე მიჰყავდათ.
მისი მაღალი, ვიწრო დისკები განიერი ლურსმნების თავებითგაა დაფარული,
ორივე მხარეს კი პალმეტები ამკობენ. მეორე ეტლი – «ბიგაა», მსუბუქი
კონსტრუქციის ორთვალა გამოიყენებოდა აღლუმზე, ომში და რელიგიურ
დღესასწაულზე. მასში ორი ცხენი იყო შებმული. მის გვერდით ძალისა
და ხელისუფლების სიმბოლო - ბრინჯაოთი მოჭედილი ტახტი დგას, რომელიც
ასევე მდიდრულადაა შემკული მოარული ლომებით, მოხტუნავე ირმებით
და მცენარეული ორნამენტით. |
ფოტოზე: ეტრუსკული
ბრინჯაოს დასაკრძალი საწოლი და ეტლი რეგოლინი-გალასის სამარხიდან,
ძვ. წ. დაახლ. 650 წ., ვატიკანის მუზეუმი/რომი |
ფოტოზე: ეტრუსკული
ბიგა რეგოლინი-გალასის სამარხიდან, რეკონსტრუქცია სამარხის მარჯვენა
ნიშში შემორჩენილი ნაშთიდან |
არაფერი
აკლდა ფუფუნების ამ საგნებს, არანაირი ძვირფასი მოწყობილობა, რომელიც
სამეფო კარს უაღრესად დახვეწილი ცხოვრებისათვის ესაჭიროებოდა.
დავიწყებული არ იყო დროსტარების და გასართობი საგნები – ლიდიელთა
მიერ გამოგონილი კოტაბოდ წოდებული მბრუნავი დისკებით და კამათლებით
სათამაშოდ საჭირო უცნაური საყრდენები, რაზეც ჰეროდოტე მოგვითხრობს.
თვით საკვებზეც ეზრუნათ. თიხის დიდი ჭურჭლები სავსე იყო ხორბლით,
ზეთით, თაფლით და კვერცხებითაც კი.
ამ აკლდამაში აღმოჩენილი ნივთების გადასატანად მრავალი ეტლი იქნებოდა
საჭირო. მხოლოდ მისი ნელ-ნელა შესწავლის შემდეგ გამოჩნდა მორიგი
სიურპრიზი. პრინცესას ფერხთით 11 ფიალისაგან შემდგარი ვერცხლის
სერვიზი აღმოჩნდა. ყოველ ფიალაზე ამოკვეთილი გახლდათ კეთილშობილი
მიცვალებულის სახელი – «ლართი». |
ფოტოზე: ეტრუსკული ტახტი რეგოლინი-გალასის
სამარხიდან, ძვ.წ. VII ს., ვატიკანის მუზეუმი/რომი |
ვილანოვას არც ერთ სამარხში წარწერა არაა აღმოჩენილი.
ამ ქვეყანაში მცხოვრები ინდო-გერმანები წერა-კითხვის უცოდინარები
იყვნენ. ლართის სამყაროში კი პირიქით, წერა-კითხვის ცოდნა ჩვეულებრივი
მოვლენა იყო. როგორც გამოკვლევებმა დაადასტურეს, მისი აკლდამა
ძვ.წ. VII საუკუნეს ეკუთვნის.
ის რაც რეგოლინი-გალასის სამარხის ბნელ დერეფნებში აღმოჩნდა,
ანალებში განუმეორებელ სენსაციად დარჩა. არცერთ სხვა სამარხში
არ აღმოჩენილა ძვირფასი ნივთების ასეთი რაოდენობა. და მიუხედავად
ამისა, ჩერვეტერის აღმოჩენა ერთადერთ შემთხვევას არ წარმოადგენს.
იმავე VII საუკუნეს ეკუთვნის იტალიის გულშივე, სხვა ადგილებში
აღმოჩენილი მსგავსი საგნები – სამკაული, ავეჯი და ჭურჭელი, რომლებიც
ცივილიზაციის გასაკვირ პროგრესს და არანაკლებად გასაკვირ სიმდიდრეს
მოწმობენ, რამაც ძუნწი სიმარტივით გამორჩეული სამიწათმოქმედო
ცივილიზაცია შესცვალა.
1985 წელს, ტარქვინიესის ახლოს, არქეოლოგებმა განძის მაძიებელთა
მიერ უკვე გაძარცვული სამარხი აღმოაჩინეს. მძარცველებს განძის
ნაწილი გატანილი ჰქონდათ, ნაწილი კი იატაკზე იყო მიმობნეული.
ის, რაც მძარცველებს გადაურჩა, ნათელ წარმოდგენას ქმნიდა იმ
ბრწყინვალებაზე, რომლითაც სამარხი უნდა ყოფილიყო მოწყობილი.
მასშიც დიდგვაროვანი ქალი იყო დასვენებული, რომელსაც ოქროს პექტორალი
ამკობდა. მისი დიდი ხნის წინ დაშლილი სამოსი, როგორც ჩანს, ოქროს
წრიული და კვადრატული ფირფიტებით უნდა ყოფილიყო მოქარგული. მის
სამკაულთა ნაშთები იატაკზე ჯერ კიდევ იყო მოფენილი - პაწაწინა
ცხენებზე ამხედრებული მაიმუნებით მორთულები ფიბულები, ბრინჯაოს
ამფორის ფრაგმენტები ლოტოსის ყვავილის ფორმის სახელურებით და
უცნაური ფორმის დოქები.
ადგილობრივი წარმოების საგნების გვერდით ნაპოვნი იქნა აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და აზიიდან შემოტანილი საქონელიც: სამკაული,
ჭურჭელი თუ ფუფუნების საგნები. იმპორტი შემოჰქონდათ ეგვიპტიდან
და სირიიდან, კვიპროსიდან, როდოსიდან და საბერძნეთიდან. ზოგ
ობიექტს უფრო გრძელი გზა ჰქონდა გამოვლილი. ისინი შუამდინარეთიდან
და ურარტუდან შემოჰქონდათ...
|
ფოტოზე: ეტრუსკული
სურა რეგოლინი-გალასის სამარხიდან, ვერცხლი, ვატიკანის მუზეუმი/რომი
|
ფოტოზე: ექვსთავიანი ლებესი რეგოლინი-გალასის სამარხიდან,
ბრინჯაო, ვატიკანის მუზეუმი/რომი |
აღმოსავლური
ტიპის პროგრესული ცივილიზაცია იტალიის გულში ცხოვრების ყველა სფეროს
დაეუფლა და მთელი ქვეყანა თავისი წარმოდგენების შესაბამისად გარდაჰქმნა.
მან ფესვები ძალიან ღრმად გაიდგა, რასაც დასავლურ ცივილიზაციაზე
წარუხოცელი კვალი უნდა დაემჩნია.
მაშ, ვისი იყო ამ მოულოდნელი ძვრის ინიციატივა? ვინ მიუძღოდა
წინ ამ აღმავლობას? როგორები იყვნენ ამ მძლავრი აკლდამების მშენებლები?
ვინ იყვნენ ეს უცნობი მიცვალებულნი, რომელნიც ესოდენი ბრწყინვალებით
დაკრძალეს? ნუთუ ქვეყანა მახლობელი აღმოსავლეთიდან მოსულმა უცხოელთა
ტალღამ დაიპყრო, რათა იგი თავისი კანონისთვის დაემორჩილებინა?
დღესაც არაა ახდილი ფარდა, რომელიც იმ მოვლენებს ჰფარავს, რაც
VIII საუკუნიდან იტალიის ამ ნაწილში ხდებოდა. ცხადი მხოლოდ ერთია:
ხალხი, რომელმაც ეს გიგანტური აკლდამები ააგო, რომ იქ თავისი პრინცები
და პრინცესები ზღაპრული სიმდიდრით დაემარხა და რომელმაც მთელ იტალიაში,
სადაც აღმოსავლური გავლენები სჭარბობდა, თავისი ცივილიზაცია განავრცო,
ვილანოვას ცივილიზაციის მკვიდრთაგან განსხვავებით ინდო-გერმანულად
არ ლაპარაკობდა.
ისინი იტალიური ტომებისაგან – ლათინებისგან, ოსკებისა
და ომბრიელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ინდოევროპულ იდიომებს
იყენებდნენ, იყენებდნენ ენას და იმავე ენის დამწერლობას, რომელსაც
არც ერთი ენა არ ენათესავება და შეესატყვისება, და რომელიც დღემდე
უცნობი დარჩა. ესენი იყვნენ ტირენელები (Tyrrhenoi-კოშკთა მშენებლები)
- როგორც მათ ბერძნები უწოდებდნენ, ეტრუსკები ან ტუსკები – როგორც
მათ რომაელები ეძახდნენ და Rasena – როგორც ისინი თავის თავს მოიხსენიებდნენ.
ამ ხალხმა და არა ბერძნებმა, იტალიის მიწის ცივილიზატორთა მისია
იტვირთა, მან მაღალგანვითარებული ცივილიზაცია აღმოსავლეთიდან დასავლეთში
გადაიტანა. მსოფლიო უნივერსალური იმპერიისაკენ მიმავალ გზაზე,
იგი იყო რომაელთა აღმზრდელი და მათი იმპერიის წინამორბედი. მან
მისცა ბიძგი დასავლეთის წინსვლას, მან გაანათა «Ereb» - «წყვდიადით
მოცული ქვეყანა»!
«ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ
კელერი: ეტრუსკები
ვერნერ
კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ
კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ
კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ
კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ
კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ
კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ
კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»:
მთარგმნელის დასკვნა |
|
|
|
|