მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
«აზია ეტრუსკებს თავისიანად თვლის.»
მ. პორციუს კატო ძვ. წ. II ს.

«ჩვენ ვერ გავიაზრებთ რომის ისტორიას და მასთან ერთად დასავლური ცივილიზაციის განვითარებას, თუ არ ვიცნობთ იმ ცივილიზაციას, რომელიც ეტრუსკებმა აღმოსავლეთისგან შეითვისეს და რაც შემდგომში მათ საკუთარ ტრადიციებსა და მათ გენიას შეუთანხმეს.»
შვედი არქეოლოგი აქსელ ბოეთიუსი, 1958 წ.


Ex Oriente Lux

როდესაც მსოფლიო საათის ისარი ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელს გადასცდა და X საუკუნის დასაწყებად მოემზადა, სამყარო კაცობრიობის ისტორიის ახალი ეპოქის ზღურბლზე იდგა. ახლოვდებოდა დრო, როდესაც «Ereb» («ერები»), ეს «წყვდიადის ქვეყანა», როგორც მას ფინიკიელები უწოდებდნენ, ძველი აღმოსავლეთის მიერ განაყოფიერებული ევროპა მრავალათასწლოვან ძილს ებრძოდა და გამოსაღვიძებლად ემზადებოდა. ჩამოჰკრა ახალი სამყაროს დაბადების ზარმა, სამყაროსი, რომელიც დღემდე, ორნახევარი ათასი წლის მანძილზე, კაცობრიობის ბედზე და მის ევოლუციაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. დაიბადება დასავლეთი!

ვრცელი ხმელთაშუა ზღვა და ამ ზღვის ურიცხვი ყურეების სანაპიროები იმ დიდი მოძრაობის სცენად იქცევა, რომელიც ქარიშხლის მოულოდნელობით ამოვარდება და თანდათან გაძლიერდება. მზით გაჩახჩახებულ ამ სივრცეებში, ტომები და ხალხები ამოძრავებისთვის ნიშანს ელოდებიან. მომავალი მზადდება.


ამ ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი წერტილიდან, ჰელესპონტიდან, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთისგან რამოდენიმე მეტრითაა დაშორებული, მოვა იმპულსი, რომელიც ისტორიას მოკლებულ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ახალ ცხოვრებას ააჩქეფებს.

მცირე აზიისა და საბერძნეთის პორტებში და მათი გამყოფი კუნძულების კრიალოსნის განედზე, აფრიანმა თუ ნიჩბიანმა გემებმა ღუზა ასწიეს. მათ ეკიპაჟებს, განზრახული ჰქონდათ გაბედულ ექსპედიციებში შორეული და უცნობი ქვეყნებისაკენ წასულიყვნენ. ცალ-ცალკე თუ ფლოტილიებად გაერთიანებულებმა, პირი დასავლეთისაკენ იბრუნეს და აპენინის ნახევარკუნძულამდე და აფრიკისაკენ მიმართულ მის ავანპოსტამდე - კუნძულ სიცილიამდე მიაღწიეს. მათმა ჩასვლამ ყველაფერი შესცვალა. დასავლეთის ამ მიწაზე დიდი ხნის წინ დასახლებული ადგილობრივი ტომები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ უცნაური, უცხო, მაღალი ცივილიზაციის ორბიტაში, დაემორჩილნენ მის რიტმს. აღმოსავლეთიდან მომდინარე გავლენით, დასავლეთის არცერთ სხვა რეგიონში არ უჩქეფია ასეთი ძალით ცივილიზაციას და ახალ კულტურას, არსად არ განუცდია ასეთი ძალის და სიმძაფრის აღმავლობა, როგორც იტალიის შუაგულში. მდინარეებს ტიბრსა და არნოს შორის სინათლემ ხანგრძლივი წინაისტორიის წყვდიადი დაარღვია. იმხანად, როდესაც დასავლეთში მომავალი მხოლოდ იწყებოდა, აღმოსავლეთს უკვე გრძელი, მღელვარე და ბრწყინვალე ისტორია გააჩნდა.

ევფრატისა და ტიგროსის მონაპირე ქვეყნები, უკვე ათასი წლის მანძილზე ძლიერი სახელმწიფოს გაჩენასა და დაცემას შესცქერდნენ. შუმერთა ძველ ხალხს, გილგამეშის ეპოპეის შემოქმედსა და პირველი მრავალსართულიანი კოშკების მშენებელს, სემიტთა დამპყრობელი, ძალაუფლებას დახარბებული იმპერიები, ბაბილონი და ასურეთი შეენაცვლა. უფრო შორს, დასავლეთით, ხათთა იმპერია გაჩნდა. კიდევ უფრო ადრეულ ხანას ეკუთვნის ნილოსის სანაპიროებზე, პირამიდების მშენებელთა ქვეყანაში პირველი სახელმწიფოს შექმნა. უკვე ძვ. წ. 3 000 წლის მახლობლად, პირველმა დინასტიამ ფარაონთა ხელისუფლება დაამყარა.


სამყაროს ამ ნაწილში იხარა თესლმა, რომელიც დედამიწის ყველა ხალხისათვის სასარგებლო აღმოჩნდა. ძველი აღმოსავლეთის განუზომელი საგნაძურიდან ხანგრძლივი პერიოდების მანძილზე, ქვის ხანიდან დაწყებული, პირველ რიგში ევროპელები იღებდნენ განუწყვეტლივ წილს. აღმოსავლეთი სტიმულს აძლევდა, ანაყოფიერებდა მათ და ნაბიჯ-ნაბიჯ გამოჰყავდა პრიმიტიული არსებობიდან, რომელიც დიდად ჩამორჩებოდა აღმოსავლური ცხოვრების წესს. ძნელი უნდა იყოს თვალის მოვლება იმ მონაპოვართათვის, გამოგონებების და სიახლეებისათვის, რომლებიც კაცობრიობას «ნაყოფიერმა ნახევარმთვარემ» ამ ეპოქიდან უძღვნა. იქ მოხდა ყველა პიონერული აქტი, ყველა პირველი აღმოჩენა, ადამიანის ქმედების ყველა სფეროში ყველა პირველი გაბედული წამოწყება. 
ცოცხალი საქალაქო ცხოვრება ძალიან ადრე განვითარდა. გიგანტურმა, დიდმა დედაქალაქებმა პირველად იქ იხილეს მზის სინათლე. შენდებოდა ზღაპრული სასახლეები, სვეტნარიანი ტაძრები, რომლებიც ბარელიეფებითა და ფრესკებით იმკობოდა. არქიტექტურა პირველ დღესასწაულებს მართავდა. სინაის საბადოებში იღებდნენ ძვირფას ლითონებს, ვერცხლს კი ტავროსის მთებში. ვითარდებოდა ოქრომჭედლობა და ქანდაკება ძვალზე, ჩამოსხმული ბრინჯაოს, ხის მხატვრული დამუშავება და საფეიქრო წარმოება, რაც საქონლის გაცვლასა და შორეული ვაჭრობის აღმავლობას იწვევდა.

ფოტოზე: იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსის ტაძარი იგივე იუპიტერ კაპიტოლინუსის ძვ. წ. 200 წელს აგებული ეტრუსკული ტაძარი კაპიტოლიუმის ბორცვზე ძველ რომში, რომელსაც ლუციუს ტარქვინიუსმა ჩაუყარა საფუძველი, XIX-ე საუკუნის რეკონსტრუქცია, წინხედი
კალენდარი და საათი, წლის დაყოფა 360 დღედ და დღის დაყოფა 24 საათად, ბეჭდით დადასტურებული კრედიტები და კონტრაქტები უკვე დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. პირველი სრული წერილობითი კანონმდებლობა ბაბილონის მეფე ჰამურაბმა შექმნა. ნილოსის, ტიგროსისა და ევფრატის ხეობებში ხელოვნური სარწყავი სისტემები ააგეს. ეს ხორბლეულის, ყველანაირი ბოსტნეულის და მაღალხარისხოვანი ხილის უხვი მოსავლის აღების საშუალებას იძლეოდა. ჰყვაოდა ხელოვნება – ქანდაკება, მხატვრობა, პოეზია, მუსიკა-ემპირიული მეცნიერებები - ასტრონომია, პრაქტკული მედიცინა, გეომეტრია, მათემატიკა, ენათმეცნიერებები ძალზედ მაღალ დონეს აღწევდნენ. იეროგლიფების და ლურსმული დამწერლობის არსებობა, ისევე როგორც პაპირუსისა და მელანის გამოყენება, უკვე დიდი ხნის მანძილზე უწყობდა ხელს წერა-კითხვის ხელოვნებას და წიგნების, ბიბლიოთეკების, სკოლების არსებობას. 

ძველი წელთაღრიცხვის 1 000 წლისათვის შედგენილი ძველი აღმოსავლეთის ენციკლოპედია, მრავალ ტომს გაავსებდა მაშინაც კი, თუ ის მხოლოდ ტიგროსის და ევფრატის, ნილოსის და ორონტის სანაპირო ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვრების და სასწაულების მხოლოდ ჩამოთვლის ამოცანით შემოიფარგლებოდა. დასავლეთისათვის, ევროპისათვის კი საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ფურცელი შემდეგი შენიშვნით: ეკონომიკურად ჯერ-ჯერობით განუვითარებელი ტერიტორია, დაფარული ხშირი ტყეებით, სადაც მთების მაღალი ქედების იქით უცნობი ბარბაროსი ტომები ცხოვრობენ, რომელთაც არ იციან არც ქალაქები, არც ტაძრები, არც ქვის ნაგებობები, რომელთაც არა აქვთ არც ხელოვნება და არც დამწერლობა, არა აქვთ სამეთუნეო წრე და წისქვილის მბრუნავი ქვა.

შემოქმედებით ძალას მოკლებული არიან იმ ჩრდილოური ზონის მცხოვრებნი, სადაც მოგვიანებით აგრერიგად ნაქები დასავლეთი უნდა გაჩნდეს, რომლის მკვიდრთა წვლილი კაცობრიობის პროგრესში თითქმის ნოლს უდრის. ყველა გადამწყვეტ იდეას და სიახლეს, რომელსაც უკვე ფლობენ - ბრინჯაოს თუ ლითონის დამუშავებას, ცხენის, როგორც შინაური ცხოველის თუ ბორბლისა და ეტლის გამოყენებას სხვა ხალხებს უმადლიან. ისინი ჩამოიტანეს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან თუ მცირე აზიიდან მოსულმა უცხოელებმა, რომლებიც დიდი მდინარეების გასწვრივ გაკვალულ სავაჭრო გზებს მოუყვებოდნენ.

ფოტოზე: ევროპა და ხარი (ზევსი), I საუკუნე - დაახლოვებით ოვიდიუსის ხანა, ფრესკა პომპეიდან
ძველი წელთაღრცხვის მეორე ათასწეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან პირველი ნაპერწკალი გამოკრთა და კუნძულებით მოფენილ ზღვის სანაპიროზე, ეგეოსში გაჩენილ უნიკალურ კულტურას აზიამ ნათლიობა გაუწია. ამ მოვლენის შესახებ ხსოვნა შორეული ხანის ლეგენდებმა შემოინახეს. პირველად მათ ახსენეს დასავლეთის კონტინენტის სახელი: ფინიკიის სანაპიროზე, უმშვენიერესი, თეთრკანიანი პრინცესა ცხოვრობდა, ევროპად წოდებულიო, რომელიც მეფე აგენორის ასული გახლდათ. ზევსმა, ბერძენთა უზენაესმა ღვთაებამ, ერთ მშვენიერ დღეს დაინახა იგი და მისი სიყვარულით აალდა. თოვლივით თეთრ ხარად ქცეული ზევსი მიუახლოვდა ქალწულს, რომელიც სანაპიროზე ამხანაგებთან ერთად თამაშობდა. ზევსმა ქალწულის ნდობის მოპოვება მოახერხა. ევროპა ხარის ზურგზე უზრუნველად მოეწყო, ზევსი ზღვაში გადაეშვა და კრეტას შორეული კუნძულისკენ გაიტაცა ასული. იქ ზევსი არწივად გადაიქცა. ზევსთან კავშირის შედეგად ევროპას ოთხი შვილი ეყოლა. პირველს მინოსი უწოდეს. დიდი კუნძული, რომელიც იფარავდა ღვთაებრივი ხარის და გატაცებული ქალწულის სიყვარულს, შემდეგში დასავლეთის გამანაყოფიერებელ პირველ თესლად უნდა გადაქცეულიყო.

აღმოსავლეთიდან, ეგვიპტიდან, ჩრდილოეთი შუამდინარეთიდან და სირიიდან მოსული გავლენების გზაჯვარედინმა კრეტამ, ახალი კუტურა და ცივილიზაცია განავითარა. მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟზე იქ კნოსოსის სამეფო გაჩნდა, რომლის ლეგენდარულმა მეფეებმა დედაქალაქ კნოსოსში, ისევე როგორც ფაისტოსში, მალიაში და ზაქროში დიდებული და მოხატული სასახლეები ააგეს და ისტორიაში ცნობილი პირველი თალასოკრატია (ზღვაზე გაბატონებული სახელმწიფო) დააარსეს. მათი ფლოტი მალე ეგეოსის ზღვაზე გაბატონდა და საზღვაო ვაჭრობა ბოსფორიდან ნილოსამდე განივრცო. კრეტელებმა იალქნიანი ნავებით პირველებმა გადასცურეს იონიის ზღვა. კლასიკური ეპოქის ბერძნებს ჯერ კიდევ ახსოვდათ მეორე მინოსი, იმპერიის ფუძემდებლის შვილიშვილი, რომელიც სიცილიაზე გამართული ერთი ექსპედიციის დროს დაიღუპა. კრეტას სამეფოს კულტურის და ეკონომიკის ზუსტი სახის დანახვა XIX-ე საუკუნის ბოლო წლებში ინგლისელი მკვლევარის, არტურ ევანსის გათხრების შედეგად გახდა შესაძლებელი. მისი სოფლის მეურნეობა, უბრალო სასანოვაგო მეურნეობიდან ზეთისხილის პლანტაციების უხვმოსავლიან ექსპლუატაციაზე იყო გადასული. მცირე ინდუსტრიაში და ხელოსნობაში, განსაკუთრებით ლითონთა დამუშავებასა და მეთუნეობაში, მუშაობის ძალიან რთული მეთოდები იქნა შემუშავებული. ინსტრუმენტების, იარაღის და სამკაუულების ჩამოსასხმელად ფორმები და გადასადნობი ქურები არსებობდა. პირველი დიდი საწარმოები შიდა ნაწარმისათვის და ექსპორტისათვის მუშაობდნენ. ვაჭრობა მოწესრიგებული იყო ფიქსირებული ღირებულების საწონების და ოქროსა და სპილენძის ზოდებზე დაფუძნებული მონეტის მეშვეობით. არსებობდა ათობითი (დეციმალური) სისტემა და თიხაზე ამოკაწრული თუ მელნით შესრულებული მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა.

აყვავებულმა ეკონომიკამ და ძალიან აქტიური კომერციით მიღებულმა დიდმა მოგებამ, ყოველდღიური ცხოვრების უკიდურესი დახვეწა გამოიწვია. სასახლეებში აუზები, წყალსადენი და კანალიზაცია არსებობდა. ისეთი სპორტული თამაშობები, როგორებიცაა კრივი თუ ხარზე ხტომა, კრეტელებს ვარჯიშისა და გართობის საშუალებას აძლევდა. მაგიური და რელიგიური ხასიათის ცერემონიები, რომლებშიც ქალებიც მონაწილეობდნენ, კრეტას კულტს განსაზღვრავდნენ. ორმაგ ცულს წმინდა სიმბოლოს მნიშვნელობა ჰქონდა. იმ დროს უკვე არსებობდა დიდი თოლოსის სამარხები - გუმბათოვანი მონუმენტური ნაგებობები, რომლებშიც მიცვალებულებს კრძალავდნენ. ეგვიპტელების მსგავსად, მძიმე ქვების გადაადგილების ტექნიკას კრეტელებიც ფლობდნენ.

კრეტა, ეგეოსში მდებარე ძველი აღმოსავლეთის ნაწარმი და ავანპოსტი, აზიასა და ევროპას შორის დიდ შუამავლად იქცა.

ფოტოზე: მიკენური ლომის თოლოსი

ფოტოზე: მიკენის ლომების კარიბჭე
ძვ. წ. 1700 წლიდან, ახალი ბაზრების მოსურნე კრეტელები, ახლო მდებარე ელადის სანაპიროებს სულ უფრო და უფრო ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე. ისინი იქ აქაელებს, ინდოევროპელთა პირველი ტალღის შთამომავლებს ხვდებოდნენ. ამ ჩრდილოეთიდან მოსულმა ტალღამ, ქვეყანა ძვ. წ. 1900 წლისთვის დაიპყრო. აქაელები ჯერ კიდევ ბარბაროსები, უხეში ზნე-ჩვეულებების მეომრები იყვნენ. ისინი, როგორც სხვათაშორის ევროპის დანარჩენი ნაწილის სხვა ტომები, პრიმიტიულ ცხოვრებას ეწეოდნენ. მიუხედავად ამისა, ესოდენ განვითარებულ მინოსურ თალასოკრატიასთან კონტაქტისას, აქაელებმა თავი გამოიჩინეს როგორც საკვირველად ნიჭიერმა მოწაფეებმა. მიბაძეს რა კრეტელებს, მათ ენერგიულად წამოიწყეს გემთმშენებლობა და ერთდროულად მეზღვაურებად და ვაჭრებად გადაიქცნენ. დიდ კუნძულზე აყვავდა მრავალმხრივი მაგალითებით შთაგონებული და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირველი განვითარებული ინდოევროპული კულტურა. მიკენი, აქაელთა დედაქალაქი, იღებდა რა დიდ შემოსავალს კომერციისაგან, განვითარდა და ისეთ ქალაქად იქცა, რომელსაც საგანძურის სიმდიდრისათვის უკვე ჰომეროსი ასხამდა ხოტბას. მინოსური მოდელის მიხედვით, პირველი ევროპული სასახლეები აიგო. დიდი ქვებით ნაგებ მძლავრ კამარებიან დიდ აკლდამებში, რომლებიც სამხრეთ კრეტის თოლოსებს ჰგავს, მიკენელები თავის მიცვალებულებს მარხავდნენ. მიკენელები იყვნენ პირველი ინდო-გერმანელები, ვინც წერა-კითხვა ისწავლა. მათ კრეტელებისაგან მარცვლოვანი დამწერლობა გადაიღეს.

ვერ ხედავდნენ რა საფრთხეს, კრეტელებმა საშიში ალი დაანთეს, რომელშიც თავადვე უნდა დამწვარიყვნენ. დასავლეთიდან, ბერძნული კონტინენტიდან უკან ბრუნდებოდა ტალღა, რომელმაც იქ აღმოსავლეთიდან, ეგეოსიდან მიაღწია. დაიწყო მიკენის პირველი, სიმტკიცით განმაცვიფრებელი ექსპანსია. 

დიდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით და თავისი ბატონობის არეალის განსავრცობად, აქაელებმა მალევე, ძვ. წ. 1500 წლის შემდეგ, ახალი ლაშქრობები წამოიწყეს. მიწისძვრებისა და კრეტას ამაოხრებელი ზღვის მოქცევის შემდეგ, მათი ჯარები კნოსოსის ნაპირებზე აღმოჩნდნენ და კუნძული დაიპყრეს. მინოსურ იმპერიას ბოლო უეცრად ეღებოდა. 

მიკენელები, ზღვაოსნობის და კომერციის სფეროებში კრეტელთა მემკვიდრეებად იქცნენ, რისი წყალობითაც მათ ძლიერი ეკონომიკური იმპერია შექმნეს. მათი ფლოტები კვეთავდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა კუნძულს და სანაპიროს, თესალიიდან ჰელესპონტამდე. მიკენელი ვაჭრები ფილიალებს აარსებენ მილეთში და ფოკეაში, საწყობებს ხსნიან ფინიკიურ საპორტო ქალაქ უგარიტში. დასავლეთში, მათ პირველებმა გადასერეს იონიის ზღვა. არქეოლოგებმა მათ ნაკვალევს მიაკვლიეს. მიკენური კერამიკა ნაპოვნი იქნა იშიასა და ლიპარის კუნძულებზე, სიცილიაში და სამხრეთ იტალიაში, განსაკუთრებით ტარენტოს მახლობლად, სადაც კერამიკა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახეს. 

მიკენელებმა ფეხი მოიკიდეს ზღვის მოშორებითაც. კომერციის ნაკვალევი კვეთს მთელ კონტინენტს, მიდის შოტლანდიამდე და ბალტიკამდე, სკანდინავიაში და დასავლეთის უკიდურეს განაპირა მხარეებში. ამას ორმოსამარხებში და თოლოსებში ნაპოვნი ქარვის ნაწილები ისევე მოწმობენ როგორც დანიური ხმლების ტართა შემამკობელი სპირალის მოტივები და საალის ნაპირების ბელადთა სამარხებში ნაპოვნი ორმაგი ცულები. ცენტრალური ევროპის ოქრო და ბრიტანეთის შორეული კუნძულების კალა სამხრეთში სახმელეთო გზით აღმოჩნდა.

მიაღწია რა პირველობას ეკონომიკური ექსპანსიის სფეროში, მიკენს წვლილი შეჰქონდა დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნების მოსახლეობის განვითარებაში. მათ მიერ განვითარებული სავაჭრო გზებით, «ერებ»-ში (ფინიკიურად წყვდიადის ქვეყანაში - ევროპაში, მთარგმნელი) ეგეოსის აუზის სახელოსნოებში დამზადებულმა ყოველდღიური მოხმარების საგნებმა და ფუფუნების ნივთებმა შეაღწიეს. მათთან ერთად იქნა შეტანილი ლითონის მხატვრულად დამუშავების ტექნიკა. ჩრდილოეთ გერმანიაში ბრინჯაოს ხანა დაიწყო!

თუმცა იმედიანად დაიწყო, ჯერ კიდევ ათასწლეულის დასასრულამდე ისევ განადგურდა.

დაახლოვებით 1200 წლისათვის, «ზღვის ხალხთა» შემოსევის დასაწყისმა ეგეოსის აუზში მღელვარებისა და ძვრების პერიოდი მოიტანა. დაძრულმა ხალხებმა თავის გზაზე ყველაფერი ქარიშხლის მსგავსად დალეწეს და ყველა ქვეყანა, მცირე აზიიდან პალესტინამდე, სირიის გავლით, მიწისაგან პირისა აღგავეს. მათმა დარტყმებმა დაამხეს ხეთური იმპერია, დააქციეს ეფესო, უგარითი და მილეთი, აქციეს კვიპროსი ნანგრევებად. მხოლოდ ეგვიპტის კარიბჭესთან შესძლეს ფარაონთა ჯარებმა ორი ბრძოლით - ზღვაზე და ხმელეთზე, დამპყრობელთა შემდგომი გადაადგილების შეჩერება.

რამოდენიმე თაობის შემდეგ, მსგავსი აოხრება საბერძნეთმაც განიცადა. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან დაძრულმა ჯერ კიდევ ბარბაროსულმა ინდო-გერმანულმა ტომებმა, დორიელებმა, ისევე, როგორც როგორც ძველად აქაელებმა მთელი ქვეყანა ააოხრეს. ამ კატასტროფის შემდეგ, აღარაფერი დარჩა იმისგან, რაც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით მანამდე ჰყვაოდა. დორიელთა მიერ მიკენის იმპერიის დამხობამ, მისი ეკონომიკის დაქცევამ და საზღვაო ვაჭრობის მოსპობამ ბოლო მოუღო ზღვებზე ბერძენთა განუყოფელ ბატონობას.  და მაინც, მიკენის ადგილი ცარიელი არ დარჩენილა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა სანაპიროდან, აღმოსავლეთიდან დაძრულმა კომერციულმა ზღვაოსნობამ მნიშვნელოვანი აღმავლობა განიცადა. ლიბანში, აქეელების მიერ დატოვებული საზღვაო მემკვიდრეობა ფინიკიელებმა მიიღეს.

სახელგანთქმული ტიროსის პორტმა არაჩვეულებრივი აღმავლობა განიცადა. ეს ქალაქი, «მდებარეობს ზღვის ნაპირას და მრავალ კუნძულთა ხალხთან ვაჭრობს», როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი, ნავიგაციის ისტორიაში ახალ და მეტად საინტერესო თავს იწყებს.
ორ ათასზე მეტი წლის განმავლობაში, ყველაფერი მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში ხდებოდა. იონიის ზღვის იქით ცნობილი სამყარო თავდებოდა, იგი თითქოს თავდებოდა საზღვრით, რომლის გადალახვასაც ვერავინ ბედავდა. ტიროსი იყო პირველი, ვინც ეს საზღვარი გადალახა, ის გახდა პირველი აღმომჩენი. მან აღჭურვა გემები, რათა «შიდა ზღვის» იქით მიმართული ექსპედიციები წამოეწყო და ისინი დასავლეთისაკენ მიმართა.

ბერძენი ისტორიკოსის, თუკიდიდეს მოთხრობით, მათ შორის, ვინც სიცილიას გარს შემოუარა, პირველნი ქანაანელნი იყვნენ. თავისი მსოფლიო ბაზრისათვის საჭირო ახალი საგანძურისა და ნივთების მოსაძიებლად ფინიკიელები სიცილიის მიდამოებს შორს გასცდნენ. ისინი გაჰყვნენ აფრიკის ნაპირებს მანამდე, სანამ მათმა ფლოტმა ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს საზღვარს არ მიაღწია.

ატლანტიური ოკეანის კარიბჭესთან, ანდალუზიაში მათ ტარტესოსის ლეგენდარული სამეფო (დასავლეთი იბერია, მთარგმნელი) აღმოაჩინეს. ეს გახლდათ ანტიკის ელდორადო, მდიდარი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებით, წიაღისეული სიმდიდრეებით და უპირველეს ყოვლისა, ესპანეთში მოპოვებული ვერცხლითა და კალით, რომელიც ძველი სავაჭრო გზებით ჩრდილოეთის ზღვის იდუმალი «კასიტერის კუნძულებიდან» მოჰქონდათ.

გადესში, დღევანდელ ქალაქ კადირში, ფინიკიელები ქვეყნის ძალზედ სტუმართმოყვარე მეფეთა თანხმობით დამკვიდრდნენ. საპირისპირო მხარეს, აფრიკის სანაპიროზე ტირენელებმა საყრდენი პუნქტი ლიქსუსი დაარსეს. ფინიკიელებმა თავისი ღმერთი მელკარტი აქციეს მფარველად სრუტისა, რომელსაც ისინი მკაცრ მეთვალყურეობას უწევდნენ. არც ერთ უცხოურ გემს «ჰერაკლეს სვეტებთან» გამავალი საზვაო გზით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა.


ფოტოზე: ლიქსუსის ნანგრევები, თანამედროვე მაროკოს ტერიტორია
თავდაცვით ნაგებობათა, საწყობთა და ნავსადგურთა მთელი სერია, რომლებიც აფრიკის სანაპიროზე მდებარეობდნენ, წარმოადგენდნენ გემების დაცვისა და მარშრუტისათვის საჭირო მომარაგების შუალედურ ბაზებს. ატლასის მთის ძირში, დღევანდელ ტუნისში, იქ, სადაც მდინარე მეჯერთა ზღვას უერთდება, გაჩნდა ქალაქი უტიკა, რომელსაც დაცული პორტი გააჩნდა. მის დაარსებას არისტოტელე ძვ. წ. 1100 წლით ათარიღებს. 

საუკუნეთა მანძილზე, დასავლეთის ზღვას მხოლოდ ფინიკიელნი სერავდნენ. მათ ხელში გახლდათ ვაჭრობის მონოპოლია ტარტესოსთან, «ვერცხლის ქვეყანასთან». კონკურენტები არ ჰყავდათ, ვინაიდან ამ დროისთვის ბერძენთა ამბიციები ეგეოსის ზღვით იფარგლებოდა. მათი უპირატესობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ტიროსის მცხოვრებნი, ასურელ დამპყრობელთა ზეწოლის გამოისობით გადასახლდნენ, რათა ჩრდილოეთ აფრიკაში ახალი ქალაქი დაეარსებინათ. დედა სამშობლო მათ პრინცესა დიდონას მეთაურობით დატოვეს და ძვ. წ. 814 წელს, უტიკის მახლობლად, სამოცი მეტრის სიმაღლის მთის ქანების ძირში, ბირსას ციხე-სიმაგრის მშენებლობით ქალაქ კართაგენს ჩაუყარეს საფუძველი.

დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვითარება გადამწყვეტად თითქმის ერთი საუკუნის შემდეგღა შეიცვალა, როდესაც ფინიკიელებისა და კართაგენელების სავაჭრო ზონის მიღმა, იონიის ზღვის მეორე მხარეს მოულოდნელად საშიში მოწინააღმდეგე გაჩნდა. რა მოხდა? 

ტირუსის მიერ კართაგენის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული, როცა ზღვა ახალმა ძლიერმა ემიგრაციამ გადასერა. იგი ამჯერად ელადიდან დაიწყო!

ოთხი საუკუნის მანძილზე, ბერძნები თითქოს გონებამიხდილნი იყვნენ. ჩრდილოეთიდან მოსული ბარბაროსების შეტევამ ისინი პრიმიტიულ მდგომარეობაში დააბრუნა. ესოდენ განვითარებული მიკენის ცივილიზაციისაგან არაფერი გადარჩა და შემოინახა. აღარც ატიკაში, სადაც იონელები დორიელების ინვერსიას გადაუჩნენ. სასახლეებს და ქვის მონუმენტებს აღარ აშენებდნენ, მათ ხელახლა დაიწყეს თიხის სახლებში ცხოვრება. წარსულის კუთვნილებად იქცა ხელოსნობის დიდი წარმოება. დავიწყებას მიეცა დამწერლობაც კი. როგორც წინა პერიოდში, ახლაც მარტივ ნატურალურ ეკონომიკას დაუბრუნდნენ. ცხოვრობდნენ სოფლის მეურნეობის შემოსავლით, მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით. როგორც ცხოვრების სტრილი მარტივი და მოკრძალებული გახდა ხელოვნება. კერამიკის დეკორად გავრცელდა უბრალო, მკაცრად გეომეტრიული სტილი.

არა ბერძნულ დედა-სამშობლოში - ეგეოსის ზღვის მეორე ნაპირზე, მცირე აზიაში ახალი დასაწყისის იმედი გაჩნდა. ახლაც ისევე, როგორც თითქმის ათასი წლის წინ მიკენური ცივილზაციის გავლენით, კვლავაც ძველი აღმოსავლეთის სამყაროს, ანატოლიის და ფინიკიის მრავალმხრივ შეთავაზებებთან და გავლენებთან მჭიდრო კავშირს უნდა გამოეღვიძებინა ელადა.

ისეთი დანგრეული ქალაქების ადგილას, როგორებიც ეფესო, მილეთი და სხვა მრავალი იყო, სადაც ბერძნებს ჯერ კიდევ მიკენურ პერიოდში სავაჭრო დაწესებულებები ჰქონდათ, თანდათანობით ისევ დასახლებები, ქალაქები და პორტები გაჩნდა. დამფუძნებლები გახლდნენ უმეტესად იონურად მოლაპარაკე ემიგრანტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სამშობლო დორიელთა შემოსევის შემდეგ დატოვა.

სმირნიდან ჰალიკარნასამდე აყვავებულ კოლონიათა სერიამ IX საუკუნიდან სანაპიროზე უწყვეტი ჯაჭვი შექმნა. იონელები ქიოსზე და სამოსზეც დამკვიდრდნენ. კომერციამ განმაცვიფრებელი აღმავლობა მოიტანა. დიდი საქარავნო გზები მცირე აზიასა და ახლომდებარე სირიაში სრულდებოდა. ამ გზებით შემოდიოდა პროდუქტები და საქონელი წინა აზიიდან და განსაკუთრებით მესოპოტამიიდან. მილეთიდან და ფოკეადან, ნახევარკუნძულის ორივე დიდი მდინარის - მეანდერის და ჰერმოსის შესართავებთან მდებარე ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ეგეოსის ზღვიდან ანატოლიის მაღალ პლატომდე მიდიოდა.

მაშინ, როდესაც ბერძნულ დედა-სამშობლოში დრო თითქოს გაჩერებული იყო და ათენის არსებობაც მოჩვენებითი არსებობა გახლდათ, იონია იღებდა ინიციატივას, რომელზეც მომავალს ამზადებდა.

მისი ქალაქები გაიზარდა და გამდიდრდა. პორტებიდან გასული სავაჭრო გემები ეგეოსის ზღვას კვლავ სერავდნენ. სწრაფად განვითარდა მცირე ინდუსტრია და ხელოსნობა, განსაკუთრებით ლითონთა დამუშავება და კერამიკა. დაიწყო საექსპორტო წარმოება.

ძვ. წ. 750 წლისათვის სწორედ იონიიდან გაისმა ჰომეროსის ხმა. მისი დაუვიწყარი ეპოსები სწორედ აზიის მიწაზე შეიქმნა. «ილიადამ» შემოინახა ტროას ასაღებად გამართული ბრძოლები, მოგონებები გმირული წარსულისა, რაინდთა სამყაროსი, ვისთვისაც ბრძოლა და ომი ყველაფერს ნიშნავდა. «ოდისეამ» კი სრულებით განსხვავებული, თანამედროვე მოტივი განავითარა. იგი უმღერის გამბედაობას მეზღვაურისა, რომელიც ყველაზე არაჩვეულებრივ დაბრკოლებებს სძლევს, თითქოს მას თანამემამულეებში ახალი საზღვაო თავგადასავლების გაბედვის სურვილის გამოღვიძება სურს. 

ფოტოზე: გემებით ბრძოლა ტროას მისადგომებთან, III საუკუნის II მეოთხედი, ატიკური სარკოფაგი, სალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი / საბერძნეთი
საუკუნე, როცა დიდი პოეტი თავის სიმღერებს თხზავს, მძლავრი ექსპანსიის პერიოდს ხსნის.

თითქოს მთელი ელადა უცბად მოუსვენრობამ მოიცვა, ცვლილებების და გარდატეხის განწყობამ შეიპყრო.

მცირე აზიის კოლონიებიდან, ცენტრიდან და კუნძულებიდან, გემები სათითაოდ თუ ჯგუფურად ღუზას დაიძრნენ. ვაჭრები ახალი მოგების საძებრად გაემართნენ, სხვები როგორც სხვისი დამპყრობლები ახალი მიწების - ახალი სამშობლოსი. ჭარბი მოსახლეობა, სოციალური კრიზისები და ბაზართა გაფართოების სურვილი გახლდათ ახალი მიგრაციის მოტივები.

ეგეოსის ზღვის აუზში ასათვისებელი მიწა აღარ დარჩა, ასურელებსა და ფინიკიელებს სირიაში და ლიბანში გზები ჩახერგილი ჰქონდათ. მცირერიცხოვანი მოსახლეობით დასახლებული ზონები მხოლოდ დასავლეთით, იონიის ზღვის იქით, აპენინის ნახევარკუნძულზე რჩებოდა. ისინი ემიგრანტთა მიზნად იქცნენ.

სამხრეთ იტალიისა და სიცილიის სანაპიროებთან მიწასმოწყურებულ ბერძენთა გემები თავიდან სათითაოდ, მზვერავებად, შემდეგ კი, მთელ ფლოტებად ჩერდებოდნენ. ერთ-ერთმა პირველმა ფლოტილიამ, მესინის სრუტის გადალახვა მოახერხა, მიაღწია იშიას და იქ დასახლება შექმნა. ოცი წლის შემდეგ, ძვ. წ. 750 წლისთვის, ახალმოსულებმა კუნძულის პირისპირ, ვეზუვის ჩრდილოეთით კიმე დააარსეს, ლათინურად Cumae-დ წოდებული. სამხრეთ იტალიამ და სიცილიამ რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტალღებად მიიღეს ყველა ელინური ტომის ემიგრანტი: იონიელები, დორიელები, აქაელები. კოლონიზაციაში მონაწილეობას ყველა იღებდა.

ძვ. წ. 735 წელს, ევბეოსის ხალკისიდან მომავალმა იონიელებმა, ეტნაზე, სიცილიაზე დადგეს ფეხი. შემდეგ წელს, დორიელი კორინთელები ორტიგიას კუნძულზე დამკვიდრდნენ და საფუძველი ჩაუყარეს ქალაქს, რომელმაც ტირანთა მმართველობის ხანაში სახელი დიდად გაითქვა, ეს გახლავთ ქალაქი სირაკუზი. ძვ. წ. 729 წელს, სიცილიაში ლეონტინი და კატანე, დღევენდელი კატანია დაარსდა. კუნძულის სამხრეთ კიდეზე, აპულიაში და კალაბრიაში ქალაქი ქალაქზე არსდება: 720 წლის მიჯნაზე არსდება აქეელთა დასახლება სიბარისი, 710 წელს – კროტონი, 708 წლისთვის - სპარტელთა კოლონია ტარენტი.


ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, იონიის ზღვის სანაპიროებიდან ტარენტის ყურიდან სრუტემდე და მის იქით, სიცილიის აღმოსავლეთი და სამხრეთი სანაპირო, პელოროს კონცხიდან ლილიბაიონის კონცხამდე ბერძნულ კოლონიათა გვირგვინით დაიფარა. ისინი დაეუფლნენ ტერიტორიას, რომელიც სივრცით თერმოპილის სამხრეთით მდებარე მეტროპოლიას არ ჩამოუვარდებოდა. Magna Graecia - დიდი საბერძნეთი დაიბადა!
კართაგენს დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ წარმოედგინა, რა საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გამართულ მის კომერციულ იმპერიას ბერძენთა კომერციული კონკურენცია და კოლონიზაცია. როდესაც მან გადაწყვიტა გადაერჩინა ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა, მისი პოზიციები სანახევროდ უკვე დაკარგული იყო. მიუხედავად ამისა, კართაგენმა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე, თარსისკენ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბატონობის განმტკიცება სცადა: დაიპყრო სარდინია, ჯარები ჩააყენა ბალეარებზე, ესპანეთის ექსპანსიის გზაზე მდებარე მნიშვნელოვან კუნძულებზე. მან კონტრშეტევა მოამზადა სიცილიის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე, იქ სადაც ბერძნებმა ფეხი უკვე მოიკიდეს. კონტრშეტევა კართაგენმა კუნძულის დასავლეთ სანაპიროდან დაიწყო, ის დაეყრდნო მოტიეს, ლიბიაიონის, პანორმოსის და სოლოეისის საკუთარ ბაზებს. 

კართაგენელებმა და ბერძნებმა, დასახლების ზონების, ნედლეულის წყაროების, კოლონიზაციისთვის ვარგისი ტერიტორიების დასაუფლებლად ბრძოლა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გამართეს. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის I ნახევრის ევროპისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მთელი კონტინენტის მომავალზე და რომლის მომავალი განვითარების შედეგების დავიწყება შეუძლებელია, გახლდათ უძველესი დროიდან იდუმალებით მოსილი ხალხის გამოჩენა, ხალხისა, რომლითაც ოდესღაც ისევე აღფრთოვანებულნი იყვნენ, როგორც ეშინოდათ და უარყოფდნენ. ეტრუსკთა სახელგანთქმული ხალხის ისტორია დაიწყო.

«ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


დასაწყისი იხილეთ:
ვერნერ კელერი: ეტრუსკები


გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen