მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვერნერ კელერი: ეტრუსკები
ევროპის არცერთ ხალხს ისე ცუდად არ მოჰქცევიან, როგორც ეტრუსკებს მოექცნენ, არცერთი სხვა ხალხის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა არ დაუნგრევიათ ესოდენ სისტემატურად. ისე, თითქოს შთამომავლებმა იმ ერის ხსოვნის ყოველგვარი კვალის წასაშლელად შეჰკრეს პირი, რომლის პიონერულმა აქტივობამ ოდესღაც დასავლეთის ისტორიის პირველი დიდი თავი შეადგინა. ამაში არსებითად არაფერი შეუცვლია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე არქეოლოგიურ აღმოჩენების წყალობით მიკვლეულ საოცარი რაოდენობის სიმდიდრეს. ჰკითხეთ ვინმეს რომის დაარსების თარიღი, პასუხად იმ თარიღს მიიღებთ, რომელიც ყველა ლექსიკონსა და სასკოლო სახელმძღვანელოშია მითითებული და რომელიც მცდარი და კარგა ხნის მოძველებულია – სახელდობრ ესაა ძვ. წ. 753 წელი. დღესაც ასევე მცდარია და 2000 წლის წინანდელი რომაელი მოწაფის პასუხისაგან არაფრითაა განსხვავებული პასუხი ქალაქის დამაარსებლის შეკითხვაზე – დამაარსებელი რომულუსია.

ფოტოზე: გერმანელი სწავლული, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, მანქანათმშენებელი, ექიმი, იურისტი, ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ვერნერ კელერი (1909-1980)

არადა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მარადიული ქალაქი, ძვ. წ. 575 წელს ეტრუსკმა მეფე ტარკვინიუს პრისკუსმა, ე.ი. ტარკვინიუს უხუცესმა დააარსა. ეს ისტორიული ფაქტი დღემდე სპილოს ძვლის კოშკშია გამომწყვდეული და ფართო საზოგადოებისთვის სავსებით უცნობია. და არა მხოლოდ ის. სინამდვილე ისაა, რომ დაარსება და განვითარება რომისა, რომელიც რომაული მხოლოდ მოგვიანებით გახდა, მხოლოდ ერთი ფაქტია იმ მრავალ საოცარ და განუმეორებელ ქმედებათაგან, რომლითაც ეტრუსკებს შეუძლიათ იამაყონ. რომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ხალხმა შესძლო იტალიის ტერიტორიაზე დაეარსებინა პირველი იმპერია თავისი დიდი ქალაქებით, ინდუსტრიით, ხელოსნობით და მსოფლიო მასშტაბით გაშლილი კომერციით. თუმცა, ყოველივე ამის შესახებ, ფართო საზოგადოებას სიტყვაც არ სმენია. იმედგაცრუება ელის იმასაც, ვისაც უფრო დიდი ინფორმაციის მოპოვება სურს. ამის გადამოწმება მარტივია.

ამისათვის, საკმარისია წახვიდეთ ევროპის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში და ეტრუსკთა ისტორიაზე წიგნი მოითხოვოთ! ან ისტორიის წიგნებში ან სხვა ისტორიულ ცნობარებში მოძებნა სცადეთ! ეს უქმად დახარჯული დრო იქნება! რა თქმა უნდა, შეხვდებით ნაშრომებს ეტრუსკთა წარმოშობის და ენის საიდუმლოზე, მათი რელიგიის იდუმალებაზე ან არქეოლოგიურ გათხრებზე, განსაკუთრებით ამ უკანასკნელი წლების არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, დასურათებული წიგნების გროვებს ეტრუსკული ხელოვნების შესახებ, მაგრამ ვერაფერს ნახავთ ეტრუსკთა ისტორიის შესახებ, ვერაფერს!

ევროპა თავის წარსულზე საუბრისას ელადასა და რომს იხსენებს. მხოლოდ ბერძნები და რომაელები ითვლებიან ანტიკური ხანის დიდ ხალხებად, მოძღვრებად, რომელთა ღვაწლმაც საფუძველი მომავალ დასავლეთს ჩაუყარა. მხოლოდ ისინი იწვევენ აღფრთოვანებას, მხოლოდ მათ განადიდებენ, სცემენ თაყვანს და იკვლევენ. ისტორიული თხზულებები და სპეციალური სახელმძღვანელოები სავსეა მათი ხოტბით. განათლებული ადამიანი სიამაყით საუბრობს პერიკლეს თუ ავგუსტუსის ეპოქაზე. ეტრუსკები კი ამ პანორამის მიღმა რჩებიან, თითქოს ამ ხალხს, რომელმაც სამი მეოთხედი ათასწლეულის მანძილზე ევროპაში იცხოვრა, ისტორიულად არასოდეს უარსებია. როგორც ერთხელ ამერიკელმა ისტორიკოსმა ვილი დურანტმა აღნიშნა, «ტრადიციული ისტორიოგრაფიის პროვინციალიზმი ევროპას საბერძნეთიდან იწყებს».

შუა საუკუნეებიდან სულ უკანასკნელ დრომდე ასე ჩამოყალიბდა სურათი, რომელიც არასრული, მიკერძოებული და ამდენად ცრუ არის, რადგან ის უზარმაზარ ნაპრალს შეიცავს, ვინაიდან ევროპის ისტორიის ვრცელი, უძველესი და ყველაზე ამაღელვებელი თავი ცარიელ, დაუწერელ ფურცელად დარჩა - ესაა ეტრუსკების ისტორია.

მრავალი საუკუნის მანძილზე, ამ სიცარიელეს თავისი მიზეზი ჰქონდა, ესაა ნამდვილი და დეტალური ინფორმაციის ხელთ არ ქონა. თავად ეტრუსკებს საკუთარი ისტორიის შესახებ, არაფერი დაუტოვებიათ, «Tuscae historiae» განადგურდა, მოგვიანებით დაიკარგა იმპერატორ კლავდიუსის მიერ დაწერილი ეტრუსკული ქრონიკების - «Tyrrhenica» -ს 20 ტომიც. ერთადერთი წყარო გახლდათ ბერძენი ან რომაელი ავტორების ანტიკურ თხზულებებში აღმოჩენილი ძალიან მოკლე შენიშვნები. მეფეთა და პიროვნებათა სახელები, მათი მოქმედებებისა და საქმიანობის აღწერა, მოთხრობები და ქრონიკები, მოკლედ ყველაფერი, რაც ხალხის სრული და ცოცხალი სურათის დახატვის საშუალებას იძლევა, შემორჩენილი არ გახლდათ. თითქმის მთელი ორი ათასწლეულის მანძილზე სისტემატურად ინგრეოდა ეტრურიის წარსული დიდების მოწმე ძეგლებიც; დაწყებული რომაელებით და იტალიის დიდგვაროვანი მიწათმფლობელებით და დამთავრებული XIX საუკუნის და მიწისქვეშა საგანძურების მაძიებლებით, რომელთაც გიგანტური ნეკროპოლები ზღაპრული საუნჯისაგან მეთოდურად დასცალეს. მხოლოდ სწრაფი მოგებით დაინტერესებული ბარბაროსები, ანგრევდნენ ათასობით მიწისქვეშა აკლდამებს, იტაცებდნენ ძვირფასეულობას, ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელს, ფუფუნების საგნებსა და ნატიფ კერამიკას. ამსხვრევდნენ იმას, რაც უმნიშვნელოდ ეჩვენებოდათ, შემდეგ კი აკლდამებს ქოლავდნენ, ისე რომ დღეს მათი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.

და ბოლოს და ბოლოს, როცა გასულ საუკუნეში სამეცნიერო ინტერესმა უკვე გაიღვიძა, ხელუხლებელი აკლდამის აღმოჩენა დიდი იშვიათობა გახდა. მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავი შრომის წყალობით, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არქეოლოგებმა მრავალი საოცარი ნივთისა და სენსაციური აღმოჩენის გაკეთება შესძლეს.

ნაბიჯ-ნაბიჯ, ძველი აღმოსავლეთის, წინა აზიის და ეგვიპტის სამეცნიერო კვლევების შესწავლასთან ერთად, დავიწყების ბნელეთიდან პირველად გამოიკვეთა ძველი ეტრურიის სახე. დაუთვლელი დოკუმენტებისა და მონუმენტების მოზაიკისაგან დაიწყო მრავალი გამოცანითა და საიდუმლოებით მოცული ხალხის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი საერთო სურათის შექმნა. თუმცა თვით ეტრუსკული ქალაქების სისტემატური შესწავლა ჯერაც არ დაწყებულა.

რომამდე კარგა ხნით ადრე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, სწორედ ეტრუსკებმა დააფუძნეს იტალიის გულში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას. მათ საკუთარი მოწინავე ცივილიზაციით ევროპას ძველი აღმოსავლეთის მემკვიდრეობა გადასცეს და იგი კონტინენტის დასავლეთ ნაწილში დაამკვიდრეს.

წინასიტყვაობა წიგნისა «ეტრუსკები», პარიზი, 1976
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


გაგრძელება იხილეთ:
ვერნერ კელერი: როცა დასავლეთს ჯერ კიდევ ეძინა
ვერნერ კელერი: იტალია – «ხბოთა ქვეყანა»
ვერნერ კელერი: როცა ეტრუსკები მოვიდნენ
ვერნერ კელერი: პრინცესა ლართის მდიდრული სამარხი
ვერნერ კელერი: პირველი ეკონომიკური საოცრება დასავლეთში
ვერნერ კელერი: ეტრუსკების მძლავრი მრეწველობა
ვერნერ კელერი: რადგან ისინი ზღვაზე ბატონობდნენ
ვერნერ კელერი: «დოქტრინა ეტრუსკა»
«ეტრუსკები»: მთარგმნელის დასკვნა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen