საზოგადო
და პოლიტიკური მოღვაწე, უკრაინული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი
ლიდერი, უკრაინის და რუსეთის ისტორიკოსი მიხაილო
სერგეის ძე გრუშევსკი (1866-1934) დაიბადა 1866 წლის 17
(29) სექტემბერს ლუბლინის გუბერნიის პატარა ქალაქ ჰოლმში (ახლანდელი
ჰელმი, პოლონეთი). მალე ოჯახი კავკასიაში გადავიდა, სადაც გრუშევსკიმ
ბავშვობა გაატარა. ისინი ცხოვრობდნენ სტავროპოლში, ვლადიკავკაზში
და ტფილისში. გრუშევსკი ტფილისის გიმნაზიაში სწავლობდა. 1885 წელს,
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ
ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ
კი ავსტრია-უნგრეთში - ლვოვში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტში
ზოგადი ისტორიის კათედრა დაიკავა და რომელიც ფაქტიურად უკრაინის
ისტორიის კათედრად გადააქცია. 1897 წელს, ლვოვში სათავეში ჩაუდგა
"ტარას შევჩენკოს სახელობის საზოგადოებას", რომელიც
მან ერთგვარ უკრაინულ მეცნიერების აკადემიად გადააქცია. (საზოგადოებას
ჰქონდა ისტორიული, ფილოლოგიური და ბუნებრივ-მათემატიკური სექციები,
მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ტიპოგრაფია, წიგნის მაღაზია). გრუშევსკი
უკრაინული ინტელიგენციის საყვირის, ტარას შევჩენკოს სახელობის
სამეცნიერო საზოგადოების "ჩანაწერების" რედაქტორი გახდა. |
ლვოვის უნივერსიტეტში ყოველწლიური ლექციების
კურსის კითხვისას, ახალგაზრდა მეცნიერმა ხელი მოჰკიდა უკრაინულ
ენაზე უკრაინა - რუსეთის განმაზოგადებელი ისტორიის დაწერას (დაწერა
1-10 ტომი 13 წიგნად გამოსაცემი კრებულისათვის, 1896-1936 წწ.).
თავიდან გრუშევსკი სამტომიანი ნაშრომის გამოცემას აპირებდა,
მაგრამ კვლევის პროცესში ნაშრომი თანდათან გაიზარდა და ბოლოს
ის დაუმთავრებელი ათტომეული გამოვიდა (ავტორი თხრობის დასრულებას
მე-18 საუკუნის დასასრულით აპირებდა, მაგრამ ის მხოლოდ 1658
წლამდე მიიყვანა). ამ ნაშრომში გრუშევსკიმ განაზოგადა წინამორბედთა
გამოკვლევები, გამოიყენა არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფილოოგიის
მონაცემები, დიდი საარქივო მასალა. იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინელთა
წინაპრები იყვნენ ანტთა ძველი ტომები, რომ პირველი დამოუკიდებელი
უკრაინული სახელმწიფო კიევის რუსეთი გახლდათ. რუსული მეცნიერების
წარმომადგენელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, გრუშევსკი კიევის
რუსეთის მემკვიდრედ გალიცია-ვოლინის მიწას თვლიდა და არა ვლადიმირ-სუზდალის
ქვეყანას. გალიცია-ვოლინის მიწა თანდათან კარგავდა დამოუკიდებლობას
და შთანთქმული იყო მეზობელი სახელმწიფოებით - ლიტვის, პოლონეთის,
უნგრეთის მიერ. გრუშევსკის აზრით, ლიტვის დიდი სამთავრო ძველი
რუსული მიწების გაერთიანების ისეთივე ცენტრი გახლდათ, როგორც
მოსკოვი. თუმცა სამთავროს გაკათოლიკების და გაპოლონელების პროცესის
დროს ლიტველებსა და მართლმადიდებელ აღმოსავლეთის სლავებს (ბელორუსებს
და უკრაინელებს) შორის წინააღმდეგობები გაძლიერდ და ამის გამო
ამ უკანასკნელთ მოსკოვის რუსეთს მიმართეს. გრუშევსკის თქმით,
დამოუკიდებლობის დამკარგველი და რეჩი პოსპოლიტას და მოსკოვის
რუსეთის შემადგენლობაში მყოფი უკრაინელები უბრალოდ ან მართვის
პასიურ ობიექტს წარმოადგენდნენ, ან ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ.
მათი ისტორიის ერთადერთ შინაარსად კულტურული და ეკონომიკური
პროცესები რჩებოდა. უკრაინელების ანტირუსულ და ანტიპოლონურ გამოსვლებს
გრუშევსკი თანაგრძნობით აღწერდა, თუმცა ამ გამოსვლების ბელადებს
არ აიდეალებდა.
გრუშევსკიმ თავისი კონცეფცია ყველაზე მოკლედ 1904 წელს დაბეჭდილ
და ცნობილ სტატიაში ""რუსული" ისტორიის ჩვეულებრივი
სქემა და აღმოსავლეთ სლავთა ისტორიის რაციონალურად გადმოცემის
საქმე" გადმოსცა. იშვიათი გამონაკლისის გარდა (ა. ა. შახმატოვი,
ა. ე. პრესნიაკოვი), ამ წერილს უკრაინელი ნაციონალისტები მიესალმნენ,
მაგრამ ის რუსულმა ისტორიოგრაფიამ დაგმო. გრუშევსკი ლვოვში გალიციის
ეროვნულ-დემოკრატების მიმხრობით პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო.
რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, სწავლული პეტერბურგში ჩადიოდა
და მონაწილეობას იღებდა პირველი სახელმწიფო სათათბიროს უკრაინული
ფრაქციის მუშაობაში. მრავალრიცხოვან პუბლიცისტურ წერილებში ის
ფედერატიული რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ავტონომიის იდეას
ემხრობოდა და მთავრობას ეროვნული უმცირესობების ენების და კულტურების
წახალისების პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებდა.
პირველი მსოფლიო ომის წინ გრუშევსკი ლვოვის უნივერსიტეტის კათედრის
დატოვებას და კიევში გადასვლას აპირებდა. ამას ხელს უწყობდა
გალიციიის უკრაინულ ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობაში არსებული
წინააღმდეგობები. მოძრაობის მონაწილეთა ნაწილმა პოლონელებთან
თანამშრომლობა დაიწყო, რასაც სწავლული ეწინააღმდეგებოდა.
1913 წელს, "ტარას" შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო
საზოგადოების ახალი ხელმძღვანელობის არჩევნებში გრუშევსკის მომხრეები
დამარცხდნენ და თავად ის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. მაგრამ
ომმა გეგმის განხორციელება შეუძლებელი გახადა. სწავლული ჯერ
უნგრეთში და შემდეგ კი ავსტრიაში გაემგზავრა. პოლიცია მასში
რუსების ჯაშუშს ხედავდა და ის ჯერ იტალიაში და შემდეგ რუსმინეთის
გავლით რუსეთში გადავიდა. კიევში კი მას ავსტრიელებთან თანამშრომლობა
დააბრალეს და ციხეში ჩააგდეს. ხელისუფლებას მისი გაციმბირება
სურდა, მაგრამ ზოგიერთი ცნობილი რუსი ისტორიკოსის შუამდგომლობით
სასჯელი შეარბილეს. გრუშევსკი გადაასახლეს სიმბირსკში, მოგვიანებით
კი ყაზანში და მოსკოვში გადასვლის უფლება მისცეს.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ გრუშევსკი კიევში დაბრუნდა, უკრაინელი
სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) პარტიას მიემხრო და მის
მემარცხენე ფრთას ჩაუდგა სათავეში. ის აირჩიეს უკრაინის ცენტრალური
რადას (ცენტრალური საბჭოს) ხელმძღვანელად. როგორც წინათ, გრუშევსკი
რუსეთის ფედერატულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკრაინის ავტონომიის
მომხრედ ისევ გამოდიოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მისი პოლიტიკური
შეხედულებები რამდენადმე შეიცვალა. ბოლშევიკების შემოსევის საშიშროების
გამო გრუშევსკი ცენტრალური რადას სხვა წევრებთან ერთად კიევიდან
გაიქცა და ქალაქში უკვე გერმანულ ჯარებთან ერთად დაბრუნდა. გრუშევსკის
მიერ შედგენილმა ცენტრალური რადას მეოთხე უნივერსალმა 1918 წლის
11 იანვარს უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1918 წლის აპრილში გეტმან პ. პ. სკოროპადსკის მიერ ძალაუფლების
ხელში ჩაგდების შემდეგ, გრუშევსკი იატაკქვეშეთში გადავიდა. თანამედროვეთა
მოწმობით, მისი სამყოფელი ცნობილი იყო, მაგრამ მას საშიშად არ
სთვლიდნენ და ამის გამო არ იჭერდნენ. 1918 წლის ბოლოს, მაშინ,
როცა უკრაინულმა დირექტორიამ გეტმანატი შეცვალა, იატაკვეშეთიდან
გამოსულმა გრუშევსკიმ ცენტრალური რადას იდეების რეანიმაცია სცადა,
მაგრამ ახალი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა და
კიევი დატოვა. ცოტა ხანს იცხოვრა კამენეც-პოდოლსკში, შემდეგ
გალიციაში, გაემგზავრა ვენაში, გადავიდა პრაღაში და პოლიტიკას
თანდათან ჩამოშორდა. 1922 წელს დატოვა უკრაინელი სოციალისტ-რევოლუციონერების
პარტია, რომლის მმართველობაში საბჭოთა ხელისუფლებასთან შეიარაღებული
ბრძოლის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ის მეცნიერებაზე კონცენტრირდა
და უკრაინული სულიერებისადმი მიძღვნილი მრავალტომიანი "უკრაინული
ლიტერატურის ისტორია" დაწერა, რომლის ხუთი ტომი მის სიცოცხლეში
გამოვიდა, 6-ე ტომი მხოლოდ 1995 წელსღა გამოიცა.
გრუშევსკი თანაგრძნობით შეხვდა საბჭოთა კავშირის შექმნას. ბოლშევიკებისგან
უმაღლეს დონეზე ნებართვის მიღების შემდეგ, 1924 წლის მარტში
კიევში დაბრუნდა; არჩეულ იქნა სრულიად უკრაინის მეცნიერებათა
აკადენიის აკადემიკოსად, ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილების
ხელმძღვანელად. განახლდა მისი ნაშრომების გამოცემა. გრუშევსკის
უახლოესი თანაშემწე გახლდათ მისი ერთადერთი ქალიშვილი - ეკატერინე,
ნიჭიერი ისტორიკოსი და სოციოლოგი (შემდგომში რეპრესირებული,
გარდაიცვალა ციხეში).
1920-1930-ანი წლების მიჯნაზე ბოლშევიკებმა რევოლუციამდელ პროფესურას
და რა თქმა უნდა გრუშევსკისაც შეუტიეს. მისი ნაშრომები გააქრეს,
მეცნიერებათა აკადემიიდან გააგდეს და 1931 წლის 43 მარტს საბჭოთა
კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სესიაზე მიმავალი მოსკოვში
დაიჭირეს. იმ დროისათვის, ოგპუ-მ (Объединённое государственное
политическое управление при Сове́т Наро́дных Комисса́ров СССР)
"უკრაინული ეროვნული ცენტრის" წინააღმდეგ საქმე შეთითხნა,
რომლის მეთაურიც ვითომ მოხუცი აკადემიკოსი გახლდათ. "ცენტრს"
უკრაინის საბჭოთა კავშირისგან მოწყვეტა და იქ ბურჟუაზიული წყობის
აღდგენა დასდეს ბრალად. მოსკოვის და ხარკოვის ციხეებში გრუშევსკის
ინტენსიური დაკითხვა ნახევარი წელი გაგრძელდა. იგი გაანთავისუფლეს
მისი ბიძაშვილის, საბჭოთა კავშირის "გოსპლანის" თავმჯდომარის
გ. ი. ლომოვ-ოპპოკოვის შუამდგომლობით. თუმცა განთავისუფლებას
გრუშევსკისათვის შვება არ მოუტანია - მას ისევ ძველებურად სდევნიდნენ,
ცხოვრობდა ოგპუ-ს განუწყვეტელი კონტროლის ქვეშ მოსკოვში, სამშობლოში
დაბრუნების უფლების გარეშე.
გრუშევსკი გარდაიცვალა 1934 წლის 25 ნოემბერს კისლავოდსკში (სადაც
სამკურნალოდ იმყოფებოდა) ოპერაციის დროს, დაკრძალულია კიევის
ბაიკის სასაფლაოზე.
გიორგი მარჯანიშვილი
|