მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ალექსეი ლოსევი - ბერი ანდრონიკე
2012 წლის 18 სექტემბერს დონის სასულიერო სემინარიაში/როსტოვი დონზე ჩატარდა დიდი რუსი ფილოსოსის და სწავლულის, ბოლშევიკებისაგან ფარული ბერი ა. თ. ლოსევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გამოჩენილი რელიგიური მოაზროვნე ა. თ. ლოსევის (ბერი ანდრონიკეს) ცხოვრება და შემოქმედება".

1893 წლის 23 სექტემბერს (ძველი სტილით 10 სექტემბერს) ქალაქ ნოვოჩერკასკში, წარმოშობით კაზაკურ ოჯახში დაიბადა ალექსეი თევდორეს ძე ლოსევი. დედამისი ნატალია ალექსეის ასული ლოსევა (პოლიაკოვა) ნოვოჩერკასკის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მღვდლის ქალიშვილი გახლდათ. იგი ღრმად რელიგიური ადამიანი იყო და წესებს მკაცრად იცავდა. შვილს მარტო ზრდიდა, ვინაიდან მისი მეუღლე, სწავლულის მამა, თევდორე პეტრეს ძე, ბოჰემური ცხოვრებისაკენ მიდრეკილი ნიჭიერი მევიოლინე გახლდათ, რომელმაც მეუღლე ადრევე, მომავალი ფილოსოფოსის ბავშვობაშივე მიატოვა. მისი საკუთარი მამა, დეკანოზი ალექსანდრე პოლიაკოვი, შვილიშვილის გაჩენის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, თუმცა მან მას და თავის ქალიშვილს ანდერძით რაღაც სახსრები დაუტოვა. ლოსევი ნოვოჩერკასკის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. იგი მეოთხე კლასიდან მეცნიერებებისაკენ აშკარა მიდრეკილებებს ავლენდა. გიმნაზიაში მის მასწავლებლებს შორის შეიძლება გამოიყოს თ. თ. ზელინსკის მეგობარი, ანტიკური ხანის ცნობილი მკვლევარი იოსებ ანტონის ძე მიკშა, რომელმაც ლოსევს ძველი ენები და ანტიკური კულტურა შეაყვარა. ლოსევი მასწავლებლებს ნიჭით, შრომისმოყვარეობით და დამოუკიდებლი მეცნიერული მუშაობისადმი ადრეული მიდრეკილებით აოცებდა. მან ჯერ კიდევ გიმნაზიაში დაწერა ნაშრომი რუსოზე, გატაცებით კითხულობდა პლატონს და სოლოვიოვს, დაინტერესებული იყო ასტრონომიით, თეატრით და მუსიკით, თავად სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას. მეცნიერების და კულტურის სიყვარული უკვე იმ დროს დაუკავშირა ლოსევმა ღრმა რელიგიურობას. თანამედროვეებისგან და თანატოლებისგან განსხვავებით, მას არ განუცდია ღმერთის უარყოფის, მატერიალიზმით და ათეიზმით გატაცების პერიოდი, ცდილობდა, რომ ყველაფრისთვის, მათ შორის მეცნიერული საკითხებისთვისაც, მართლმადიდებლობის პოზიციიდან შეეხედა. ეს საოცარი თვისება მან ბოლომდე შეინარჩუნა. უკვე სიბერეში ამბობდა, რომ სხვები ჩივიან, რომ გულით სწამთ და გონებით ეჭვი ეპარებათ, მას კი პირიქით - გონებით მტკიცედ სწამს ღმერთის არსებობისა და ხედავს, რომ ამას გონების ყველა არგუმენტი, ნებისმიერი ღრმა ფილოსოფია და მეცნიერული დოქტრინა მოწმობს, მაგრამ გული კი თრთის.

ფოტოზე:
რუსი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსული მართმადიდებლური ეკლესიის ფარული ბერი ალექსანდრე ლოსევი (1893-1943)
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ლოსევმა სწავლა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ძველბერძნული კულტურის ძლიერი სიყვარული დასაწყისშივე გამოავლინა. სწავლობდა ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილების ორ განყოფილებაზე - ფილოსოფიურზე და კლასიკურ ფილოლოგიაზე. ამას გარდა, ახალგაზრდა ლოსევი გაიტაცა ფსიქოლოგიამაც, მუშაობდა გ. ჩელპანოვის ინსტიტუტში, იკვლევდა პიროვნების ფსიქოლოგიას.

ჩელპანოვის რეკომენდაციით ლოსევი ვლადიმერ სოლოვიოვის სახელობის რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების შეკრებებზე მოხვდა, სადაც მოისმინა და გაიცნო ვერცხლის საუკუნის სახელგანთქმული ფილოსოფოსები – ს. ნ. ბულგაკოვი, ს. ლ. ფრანკი, ი. ა. ილინი, პ. ა. ფლორენსკი, ე. ნ. ტრუბეცკოი, ნ. ა. ბერდიაევი, ვ. ივანოვი. რევოლუციურ ქარიშხალს დიდად არ შეუცვლია მისი ცხოვრება. სამოქალაქო ომი ქუხდა, მძვინვარებდა ჭირი და შიმშილი, ურთულესი ყოფისა და სიღატაკის მიუხედავად, ლოსევი თავის ფილოსოფიურ ნაშრომებზე მუშაობდა, თარგმნიდა ძველ ავტორებს. მოგვიანებით ამაყად იტყვის, რომ ის მეცნიერების ერთგული დარჩა მაშინაც კი, როდესაც სხვა მეცნიერები შიმშილით სიკვდილის შიშით მეტომრეებად და გადამყიდველებად იქცნენ. თავის გატანაში ლოსევს პროვინციულ უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა და საბჭოთა "შრომით სკოლაში" მუშაობა ეხმარებოდა. ბოლოს და ბოლოს, პროფესორის წოდება მიიღო და თავისი წიგნით - "მუსიკა როგორც ლოგიკის საგანი" მუსიკათმცოდნეობაში სახელი მოიპოვა, სტაბილური სამუშაო მონახა მოსკოვის კონსერვატორიაში და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წევრი გახდა. ლოსევი სხვადასხვა ფილოსოფიურ წრეებში და საზოგადოებებში კითხულობდა ძირითადად პლატონისადმი და პლატონიზმისადმი მიძღვნილ ლექციებს, საკუთარი ხარჯით ზედიზედ გამოსცემდა წიგნებს, რომლებმაც მას სახელი გაუთქვეს როგორც საბჭოთა რუსეთის ყველაზე ორიგინალურ ფილოსოფოსს. მისმა სახელმა ევროპამდეც მიაღწია. ლოსევის მიერ საკუთარი ხარჯით გამოცემული წიგნები ეძღვნება მის საყვარელ ანტიკურ ხანას, რიცხვისა და სახელის ფილოსოფიას, მუსიკას და მითს - ესაა "ანტიკური კოსმოსი და თანამედროვე მეცნიერება", "რიცხვის დიალექტიკა პლოტინთან", "სახელის ფილოსოფია", "პლატონიზმის კრიტიკა არისტოტელესთან", "მითის დიალექტიკა" და სხვ. მეტიც, წიგნით"საგანი და სახელი" ის ცდილობს საბჭოთა მარქსისტი ფილოსოფოსების დისკუსიებშიც ჩაერთოს. იმჟამად მიმდინარეობდა დისკუსია ე.წ. მექანისტებსა და დიალექტიკოსებს შორის; ლოსევი უკანასკნელთა პოზიციას მტკიცედ იცავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისთვის უცხო სკოლის წარმომადგენლების დისკუსიაში ჩარევის მიზანი რუსულ ფილოსოფიაზე ზრუნვა გახლდათ, თუნდაც მის საბჭოთა ეტაპზე; პოეტი ხოდასევიჩის თქმით, ლოსევი ცდილობდა "კლასიკური ვარდის დამყნობას საბჭოთა ველურ ბუჩქზე".

მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა – ჯერ კიდევ 1917 წელს შეხვდა და შეიყვარა ვალენტინა მიხეილის ასული სოკოლოვა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მისი მეუღლე, თანამებრძოლი და თანამოაზრე გახდა. ვალენტინა მიხაილოვნა, ისევე როგორც ლოსევი, მეცნიერია – ასტრონომი და მათემატიკოსი და ღრმად მორწმუნე მართმადიდებელი ქრისტიანია. 1922 წელს მათ ჯვარი სერგიევის პოსადში მამა პავლე ფლორენსკიმ დასწერა.

ეს გახლდათ ლოსევის ასე ვთქვათ გარეგნული ცოვრება 1920-ან წლებში. საიდუმლოდაა დარჩენილი ლოსევების სახლის შეკრებები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა მრავალი გამოჩენილი იმიასლაველი
* ათონიელი ბერების ჩათვლით - მამა დავითი, მამა მანასე, მამა ირინეა, მღვდელი პავლე ფლორენსკი და იმიასლავიის და იმიასლაველელების თანამგრძნობი საერო პირები. შეკრებებზე კითხულობდნენ მოხსენებებს ღმერთის სახელის, წმინდა სოფიას, ღვთიური ენერგიების შესახებ და წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრებას. მამა დავითი ლოსევთა მოძღვარი გახდა, სწორედ მან დაულოცა ლოსევს გზა მეცნიერებაში, რომელსაც თავიდან სოფლისგან განდგომა, მონასტერში წასვლა და მეცნიერებისთვის თავის დანებება სურდა. მამა დავითმა მას ბრძნულად ურჩია: "შენ შენს ვნებებს შეეშვი და მეცნიერებისთვის თავის განებება არაა საჭირო". ლოსევი დაჯერებულ მონარქისტად და სლავიანოფილად დარჩა. ამას მისი ბოლო შრომები (დამატებები ნაშრომისთვის "მითის დიალექტიკა") მოწმობენ. ამასობაში ხელისუფლებასთან კონფლიქტი მწიფდებოდა და ის 1930 წელს ატყდა კიდეც.

მანამდე ლოსევების ცხოვრებაში მკვეთრი გარდატეხა მოხდა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მათ საიდუმლო ბერ-მონაზვნობის მიღება გადაწყვიტეს. ეს მოხდა 1929 წელს, ბერად კურთხევა აღასრულა მათმა მოძღვარმა - არქიმანდრიტმა დავითმა. ალექსეი თევდორეს ძემ სახელი ანდრონიკე, ხოლო ვალენტინა მიხეილის ასულმა სახელი აფანასია მიიღო.

1930 წლის 18 აპრილს ლოსევი დააპატიმრეს მის ნაშრომში "მითის დიალექტიკა" ცენზურაგაუვლელი თვითნებური ჩანართების გამო, რომლებშიც კომუნიზმი, როგორც თანამედროვე მითოლოგიის სახეობა, მწარედ იყო მასხარად აგდებული. 2 თვის შემდეგ დააპატიმრეს მისი მეუღლეც. შემდეგ იყო ბუტირკა. ალექსეი ლოსევს მიუსაჯეს 10 წლით შრომის ბანაკები, მის მეუღლეს 5 წლით ბელომორ-ბალტიის არხზე იძულებით მუშაობა.

1931 წელს გაწეული დამკვრელური შრომის გამო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების (მან ცალი თვალით დაბრმავება დაიწყო) გამოისობით ალექსეი ლოსევი ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს. ის უკვე როგორც მებაყოფლობითი თანამშრომელი ბელომორის არხის დამპროექტებლად მოეწყო. წლის ბოლოს ცოლ-ქმარ ლოსევებს მედვეჟიაა გორაზე (არონოლდის დასახლება) ერთად ცხოვრების უფლება მისცეს.

1933 წელს ლოსევებს ნასამართლეობა მოუხსნეს და ისინი მოსკოვში დაბრუნდნენ. ალექსეი თევდორეს ძე ფილოსოფიური ნაშრომების წერას აგრძელებს და იწყებს რელიგიურ-ფილოსოფიური ფანტასმაგორიის ჟანრის პროზის წერას (მოთხრობები "თეატრალი", "შეხვედრა", "ჩაიკოვსკის ტრიო", "საუბრები ბელომორკანალზე"), თხზავს ლექსებს. მის ფილოსოფიურ მოთხრობებში და ნოველებში შეიმჩნევა საბჭოთა წყობილების შეფასების და გააზრების საინტერესო მცდელობა, თავისი ყველა ბუნდოვანებით და მრავალფეროვნებით, რაც მარტივ მარქსისტულ დოგმებში არ თავსდება. ცხადია მეცნიერს წიგნების დაბეჭდვის და გამოქვეყნების შესაძლებლობა არ გააჩნია, ოცი წლის მანძილზე წერას ჯიუტად განაგრძობს და ნაწერებს მხოლოდ უახლოეს ნაცნობებს აჩვენებს, თუმცა ჯერ პროვინციულ უმაღლესებში (ჩებოკსარი, კუიბიშევი, პოლტავა) და შემდეგ მოსკოვში მასწავლებლობის უფლებას აძლევენ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელსვე ლოსევს პუბლიკაციის უფლებას აძლევენ და მაშინვე გამოდის მისი ახალი, მოცულობითი, ძველი საბერძნეთის მითოლოგიისადმი მიძღვნილი ნაშრომები ("ოლიმპიური მითოლოგია"). ლოსევს არ ესაჭიროებოდა გარდაქმნა და მეცნიერების განვითარების თანამედროვე სტადიის დაწევა, ის მთელი ამ ათწლეულების მანძილზე ბეჯითად შრომობდა, იცნობდა უახლეს, მათ შორის უცხოურ გამოკვლევებს, არ მისდევდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და "არ მერყეობდა პარტიის ხაზთან ერთად".

1954 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე, მეგობარი და საიდუმლო ბერ-მონაზვნობაში მისი მოკავშირე ანასტასია – ვალენტინა სოკოლოვა-ლოსევა. ლოსევი მძიმედ დაავადდა, აღსარებაც კი თქვა და ეზიარა, ეგონა რომ ისიც კვდებოდა. მაგრამ მას ხანგრძლივი სიცოცხლე ეწერა, რათა ვერცხლის საუკუნის ფილოსოფიის და თანამედროვე ფილოსფიის დამაკავშირებელ რგოლად გადაქცეულიყო, რომ სახელმწიფო ათეიზმის პირობებში აღზრდილი თაობისთვის მართლმადიდებელი აზრის სიმაღლეები ეჩვენებინა.

იმავე 1954 წელს ალექსეი ლოსევის ახალი თანაშემწე და მეგობარი ხდება მისი ასპირანტი - აზა ალიბეკის ასული ტახო-გოდი. ვალენტინა მიხაილის ასულმა სიკვდილის წინ მას სთხოვა არ დაეტოვებინა სულით და გონებით ძლიერი, მაგრამ ფიზიკურად სრულიად უმწეო ბრმა ინვალიდი ლოსევი, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირდა (მთლად დაბრმავებული ვეღარც წიგნებს წერდა, წიგნებს და სტატიებს კარნახობდა). აზა ალიბეკის ასული, რომელმაც ნათლობით ლოსევის დედის სახელი ნატალია მიიღო, ფილოსოფოსთან მის გარდაცვალებამდე დარჩა. ის დღესაც ერთგულია ლოსევის საქმისა.

ლოსევი მასწავლებლობას და შრომების წერას გარდაცვალებამდე აგრძელებდა. მას გაუჩნდნენ მოწაფეები, მიმდევრები, მასზე ბევრად ახალგაზრდები, უკვე საბჭოთა ხანაში აღზრდილები (ს. ავერინცევი, ს. პოლოვინკინი, ვ. ბიჩკოვი, ვ. ტროიცკი, ს. ხორუჟი, ლ. გოგოტიშვილი და სხვები). იმ ოთხი ათწლეულის მანძილზე, რომელიც მას სიკვდილამდე დარჩა, ლოსევმა კიდევ ერთი მეცნიერული გმირობა ჩაიდინა - დაწერა უზარმაზარი 8-ტომიანი ფუნდამენტური ნაშრომი "ანტიკური ესთეტიკის ისტორია", ურომლისოდაც დღეს უკვე წარმოუდგენელია ანტიკური ფილოსოფიის ისტორია. ამ ნაშრომში ლოსევმა გაშალა ანტიკური კულტურის შთამბეჭდავი კონცეფცია, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ანტიკური სულის სხვადასხვა გამოვლინებას - ეკონომიკასაც, მითოლოგიასაც, ხელოვნებასაც, ფილოსოფიასაც. ის მიუთითებდა მარქსზე, ენგელსზე და ლენინზე არა იმიტომ, რომ მისი ნაშრომები ნებისმიერ ფასად დაებეჭდათ (ის მრავალი წელი წერდა ისე, რომ არ იბეჭდებოდა), არამედ იმიტომ, რომ ოპონენტებთან მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრა და მისთვის უცხო მოძღვრებების რაციონალური მარცვალი მაქსიმალურად გამოეყენებინა...

ლოსევი გარდაიცვალა 1988 წელს, სლავთა განმანათლებელი მოციქულთასწორების კირილეს და მეთოდეს (სწორედ მათ მიუძღვნა ლოსევმა თავისი ბოლო ნაშრომი "საერთოს რეალობა") დღეს. ალბათ ეს შემთხვევითი არ იყო, ლოსევიც ხომ თავისებური განმანათლებელი გახლდათ, მისით - მასთან საუბრების და მისი წიგნების მეშვეობით რწმენამდე მბევრი მივიდა. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვის სასაფლაოზე.

საინფორმაციო სააგენტო «პოკროვ»
2012 წლის 19 სექტემბერი

* იმიასლავიე, იმიაბოჟიე, იგივე ონომატოდოქსია გახლდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1910-1912 წლებში ათონის წმინდა მთაზე მყოფ რუს ბერთა შორის გაჩენილი და გავრცელებული რელიგიურ-დოგმატური და მისტიკური მოძრაობა, რომლის მთავარი საღვთისმეტყველო დებულება ღვთაებრივ სახელებში ღმერთის უხილავი ყოფნა იყო. იმიასლავიის მიმდევრების თქმით, ღმერთის სახელი არის თავად ღმერთი, მაგრამ ღმერთი სახელი არაა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თავისი ცოდვილობის გამო, ადამიანს ლოცვით მხოლოდ ღმერთის სახელის, და არა თვით ღმერთის განდიდება შეუძლია. იმიასლავიეს მოძრაობის აღიარებული ლიდერი იყო იეროსქიმბერი ანტონი ბულატოვიჩი (ერისკაცობაში ალექსანდრ ქსავერის ძე ბულატოვიჩი).

1913 წელს, რუსული ეკლესიის მმართველმა სინოდმა, იმიასლაველთა სწავლება როგორც ერეტიკული დაგმო, მწვალებლობად გამოაცხადა, მისი მქადაგებლები ეკლესიიდან განკვეთა და რუსეთის სხვადასხვა მონასტრებში გადაასახლა. ათონის რუსულ მონასტრებში ამ მოძღვრების ირგვლივ კამათის გამო ამტყდარი მღელვარება კი შეიარაღებული ძალების გამოყენებით ჩახშობილი იქნა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, იმიასლაველებმა მონასტრები დატოვეს. ისინი უმთავრესად ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლდნენ, სადაც არალეგალური მონასტრების ქსელი გაშალეს. ისინი გამოდიოდნენ პატრიარქის ეკლესიის წინააღმდეგ და კულაკებზე და კაზაკობის შეძლებულ ფენებზე დაყრდნობით საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ. ბოლშევიზმის წარმატებამ ეს მოძრაობა დაშალა. ამჟამად იმიასლაველთა მომხრეების რაოდენობა უმნიშვნელოა.

აქვე აღსანიშნავია, რომ იმიასლაველების სწავლების ირგვლივ გამართულმა პოლემიკამ, რუსეთში გრიგოლ პალამას და ისიხასტების მემკვიდრეობით დაინტერესება გააღვიძა, რამაც რუსული რელიგიურ-ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen