მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (A/RES/217, UN-Doc. 217/A-(III)), იგივე ადამიანის უფლებათა დეკლარაცია ან გაეროს ადამიანის უფლებათა ქარტია მიღებული და გამოცხადებული იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ პარიზის შაიოს სასახლეში გამართულ სხდომაზე. იგი თავდაპირველად შესდგებოდა 30 მუხლისაგან, რომელთაც 2010 წლის 28 ივლისს დაემატა გაეროს გენერალურმა ასამბლეის მიერ ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებული სუფთა წყალის ქონის უფლება იგივე უფლება წყალზე, როგორც წინაპირობა ადამიანის სიცოცხლის, ადეკვატური კვების და სამედიცინო დახმარების უფლებებისა.


ფოტოზე: ადამიანის უფლებების სიმბოლო, ავტორი სერბი გრაფიკოს-დიზაინერი პრედრაგ სტაკიჩი, მიღებული და დამტკიცებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2011 წელს

პრეამბულა

ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს;

ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება;

ვინაიდან აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა გარანტირებულ იქნეს კანონის უზენაესობის პრინციპით, იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ;

ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის;

ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი, გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში;

ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულებების მთლიანად შესრულებისათვის,

გენერალური ასამბლეა

აცხადებს

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას

როგორც ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვარს, რათა ყველა ადამიანი და საზოგადოების ყოველი ნაწილი, მუდამ ექნებათ რა მხედველობაში წინამდებარე დეკლარაცია, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით, როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.

მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 2
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, იურისდიქციასთან დაკავშირებული, ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.

მუხლი 3
ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4
არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.

მუხლი 5
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან დასჯას.

მუხლი 6
ყველას, სადაც უნდა იმყოფებოდეს, აქვს უფლება სცნონ მისი სამართალსუბიექტობა.

მუხლი 7
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

მუხლი 8
ყველას, ვისაც დაერღვა კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისაგან.

მუხლი 9
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას.

მუხლი 10
უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

მუხლი 11
1.
ყველა, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად საქვეყნო სასამართლო პროცესზე, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.
2.
არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.

მუხლი 12
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და მიმოწერაში თვითნებურ ჩარევას, ისევე როგორც მისი პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.

მუხლი 13
1.
ყველა ადამიანს აქვს ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლისა და ცხოვრების უფლება.
2.
ყველა ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

მუხლი 14
1.
ყველას აქვს უფლება ეძიოს დევნისგან თავშესაფარი სხვა ქვეყანაში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით.
2.
ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს წარმოადგენს არაპოლიტიკური დანაშაულის, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელი ქმედებაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 15
1.
ყველას აქვს მოქალაქეობის უფლება.
2.
არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.

მუხლი 16
1.
ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, აქვს უფლება დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ისინი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
2.
დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში.
3.
ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

მუხლი 17
1.
ყველას აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად.
2.
არავის შეიძლება ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.

მუხლი 18
ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების
უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა სწავლებით, წესების დაცვით, აღმსარებლობითა და რიტუალების აღსრულებით.

მუხლი 19
ყველას აქვს აზრის თავისუფლების და და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.

მუხლი 20
1.
ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების
უფლება
.
2.
არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე გაერთიანებაში.

მუხლი 21
1.
ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.
2.
ყველას აქვს თანაბარი უფლება თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურში ჩადგომისა.
3.
სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით.

მუხლი 22
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.

მუხლი 23
1.
ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
2.
ყველას აქვს უფლება შესაბამისი ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
3.
ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რაც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისათვის და რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაემატოს სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4.
ყველას აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 24
ყველას აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებადი პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

მუხლი 25
1.
ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
2.
დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.

მუხლი 26
1.
ყველას აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის უნარის შესაბამისად.
2.
განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
3.
მშობლებს აქვთ უპირატესი უფლება აირჩიონ, თუ რა სახის განათლება სურთ თავიანთი შვილებისათვის.

მუხლი 27
1.
ყველას აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
2.
ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორსაც იგი წარმოადგენს.

მუხლი 28
ყველას აქვს უფლება ისეთ სოციალურ და საერთაშორისო წესრიგზე, რომლის პირობებში შესაძლებელია წინამდებარე დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა სრული განხორციელება.

მუხლი 29
1.
ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2.
უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებებისას შეზღუდვის ქვეშ მოიაზრება ის საზღვრები, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3.
დაუშვებელია, რომ ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30
ამ დეკლარაციაში არაფერი შეიძლება განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალკეული პირებისათვის უფლების მინიჭება, რაც მათი საქმიანობის ან გარკვეული ქმედებების შედეგად გამოიწვევს წინამდებარე დეკლარაციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."