მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მერაბ კოსტავა: პატიმრის ჩანაწერიდან
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა საბჭოთა ხელისუფლებამ მეორედ 1977 წელს დააპატიმრა. იგი სასჯელს გადასახლებაში, ციმბირის გულაგში (Главное управление исправительно-трудовых лагерей и колоний СССР ) იხდიდა. პატიმრობის პერიოდში მან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შიმშილობის საპროტესტო აქციას მიმართა და წელიწადზე მეტ ხანს(!) იშიმშილა. საპყრობილეს ადმინისტრაცია მას ძალდატანებით ხელოვნური საკვებით კვებავდა. ამ პერიოდშია დაწერილი მისი წინამდებარე ნაწარმოები. პატიმრობიდან მერაბ კოსტავა 10 წლის შემდეგ, 1987 წელს განთავისუფლდა.

ფოტოზე: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა (1939-1989)

თუკი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს, კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა,
შესძელ ალაგმო შენში გურმანი, გაავებული როგორც სატანა.
შიმშილის განცდა მწვავეა ფრიად, ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის,
გვამში გეღვრება ვით ცხელი ტყვია, თავს დაგტრიალებს სიკვდილის ცელი.
ქარქაშში ხმალს ნუ ჩაგაგებინებს დრო სიმუხთლის და უხამსობის,
მხოლოდ შიმშილი შეგაგნებინებს რა არის პური ჩვენი არსობის.
რაა შიმშილი, მეტადრე ჩვენმა გამოცდილებამ უწყის პირადმა,
უწყოდა განდიმ, ლიკურგემ ბრძენმა, ნიდერლანდებმა და ლენინგრადმა.
მხოლოდ ძლიერთა ძალუძთ ალაგმონ სულმდაბლობა და ძაბუნი შიში,
გარემოცვისას ბევრმა ქალაქმა მონის ბორკილი არჩია შიმშილს.
რადგან ქალაქი, ვით პიროვნება, თვითაა თავის ბედის მჭედელი,
საკუთარ ხალხის და ეროვნების სინდისისაგან მოუკვეთელი.
თუ გამოირჩა უფლის წინაშე და მოიხადა საქვეყნოდ ვალი,
უკვდავყოს ხსოვნა ხალხის წიაღში, წარუხოცელი დასტოვოს კვალი.
სულეთისაკენ ვინ იჩქაროდა, სპარტის დიდებად დელფოსს მისული
და მიდიოდა ამ სამყაროდან მისნების დასით გარემოცული.
ძალას არ ჰქონდა მისას სასრული, გასძლო, რამდენიც სულს გაეძლება,
შიშილით სხეულს გაჰყარა სული, რამეთუ ჰქონდა ამის შეძლება.
ერის მსახური, ხალხის მხილება, ბერძენთა დიდი კანონმდებელი,
პირნათლად დადგა სამარის კართან, ძლევის მახვილი შეაბა სპარტას.
იგი სიკეთით გახლავთ საცნობი, თემიდას სვეტი, მეკვლე დამდეგის,
პიროვნულ ეგოს სულმთლად დამთმობი და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები.
სიმდაბლით თვისით გასაოცარი და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.
რომ ვერ იხილონ სპარტა ძლეული, შორს ფუფუნება, განცხრომა, ფული,
მხოლოდ ჯანსაღი სწამდა სხეული დასავანებლად ჯანსაღი სულის.
უხვად მიაგებს ცერერა სართავს და აკარგვინებს ანგარიშს უცებ,
ვინც ლეკულუსის ნადიმებს მართავს, დაუცხრომელად ახარებს მუცელს,
ვისაც თან დააქვს მსოფლიო ხვავი, გადაჟანგებულს მიაგავს ძრავას,
და ესე ცხოვრობს, რაც ახსოვს თავი, უიდეალოდ, დუნედ, უძრავად.
მუდამ დამუხტავ, თუ გსურს ძალიან ცხოვრების შენის პირქუშ პოემას,
იქ სახუმაროდ სადღა გცალიან, როცა სიკვდილთან ნიშნავ პაემანს.
სიკვდილზე ფიქრებს, სიბრძნის ამ დედას, თუ სამარცხვინოდ არ გაექცევი,
ჯანგალეული სხეული ჭვრეტა, შემაზრზენ შიშად თუ არ გექცევა,
გარეშემოთა და შენდა ბედად, მაღალი აზრი უფსკრულთა ზედა
კვლავაც აღგმართავს ხელთუქმნელ სვეტად, ჭეშმარიტების შენისა ჭვრეტად,
მშობლიურ ცასთან კვლავ შეგაერთებს, რომ შიმშილობა ბოლომდე განდობს
საიდუმლოთა დიდთა სიკეთეს, იგრძნობ ტოლსტოიმ, შამილმა, განდიმ,
ხორცის მიღება რად აღიკვეთეს.
რად არ ემსგავსნენ ცოცხალ სამარეს მარადის ხრწნადი გვამის სათავსოს,
ირჩიეს გეზი მხოლოდ მთავარი, დაჰგმეს წვრილმანი ათი ათასი.
როს შეგრძნებების აღორძინება ისევ და ისევ წარმოშობს ახალს,
მიხვდები, ეგზომ გულმოდგინებით რად ინახავდნენ ძველები მარხვას.
შიმშილმა ისე უნდა დაგცადოს და შეგირყიოს სიცოცხლის ღერძი
დაუნაყრებლად რომ განიცადო გემოც, ხარისხიც ყოველი კერძის.
როცა შიმშილი დაძრწის წელებში და ცხედარივით ნარზე დაგდებენ,
მიხვდები მიზეზს ჩვენთა ქელეხში, ხორცეულს რატომ არ ამზადებენ.
სწორედ ის არის გასაკვირველი, როს ახარისხებ კერძების წყებას,
იგრძნობ, რომ შენში თავდაპირველად უხეშ საკვების სურვილი ქრება.
და ზეციური ნესტრით ვნებული, კერძთა სურვილის იგრძნობ ხელყოფას,
იგი ჰგავს განცდას მიცვალებულის რომ ემიჯნება მიწიურ ყოფას.
და გინელდება მაშინ წყურვილი, ეს თვითდინება აღარას გკითხავს,
ანაზდად ქრება ხორცის სურვილი, სურვილი პურის არ ცხრება დიდხანს.
ხე მსხმოიარე მზისკენ მიქცევით, თუკი ნაყოფის იმკის დიდებას,
არასდროს შეშად მას არ აქცევენ, ცეცხლზე არასდროს არ დაიდება.
ნთქავს მატერიის ჭია და ჩრჩილი, არავინაა აქ დაზღვეული,
ძმარდება ღვინო, ფუჭდება ხილი, ბაღჩეულობა და ბოსტნეული.
მიზეზი იგი მიწის ბარაქის, ძნელღა იხილონ ჟანგმირეული,
ფორმადმქმნელ ძალთა სრული მარაგით, ერთობ ხანგრძლივად სძლებს თესლეული,
სიქველეს ფრიად ვერ ჰგუობს შური, რძისმიერ ნაწარმს სიმჟავე მძაფრი,
იხრწნება ხორცი, ობდება პური, არვის უხილავს ხრწნადობა თაფლის.
ნაყოფში წვენი არ დგება სწრაფად, რაც დიდი ხარჯვის შესატვისია,
ყვავილის წვენი რომ იქცეს თაფლად, ამისთვის წუთიც საკმარისია.
მთელი ზაფხული მზე იღწვის ასე, უანგაროდ და დაუყვედრებლად,
ამადაც გარჯა ფუტკართა დასის, მის კოლოსალურ ძალას ედრება.
განიბნევიან როგორც ფანტელი და გარჯა მათი საკვირველია,
სადაც პეპლების კორიანტელი, მინდვრის ყვავილებს ცით დაჰფენია.
ტაძრებს მოჰმადლეს წმინდა სანთელი, წმინდაა, რაიც ყვავილ მტვერია,
რადგან უფლისად ხამს მისარქმელად, რაც მხოლოდ უფლის შესაფერია.
მოუსხამს ლურჯი ცას კრეტსაბმელი, გაავდარება არ უწერია,
სამყარო ელავს როგორც კანკელი და ენა მისი ერთობ მჭევრია.
არ დაიმცრობის მისი სახელი, რაიც აშკარად უფლის მწერია,
რამაც შთაღვარა თაფლში ნათელი, მზის სასწაულად და მისტერიად.
მადლი იმისა ხამს გაიაზრო და დაადგინო თუ რა განძია,
მთელის არსებით რათა განსაზღვრო მისი ბუნება და სუბსტანცია.
ვგრძნობ, როგორც სიზმარს, თითქო მითიდან, ვით ნამსხვრევები ძვირფას ზოდების
ხსოვნაში მშვიდად ამოტივტივდნენ, ცხოვრების ჩემის ეპიზოდები.
როს რელიგიის ვსვამდი ზედაშეს, ვგრძნობდი სურვილებს ათასგზის ნაკლებს,
არ ვაწუხებდი დიდად დედაჩემს, თუ მცენარეულს ვითხოვდი საკვებს.
როს ოკულტიზმის ნესტრით ვეწამე, ფილოსოფიის ვეწიე სიბრძნეს,
მეც შევიცვალე და რძის ნაწარმის მოთხოვნილება ანაზდად ვიგრძენ.
როდესაც შევრგე თავი ხიფათში და უჩინარი გავხდი საჩინო,
ოდეს შევები პოლიტიკაში, კვლავ ვეზიარე ხორცსა და ღვინოს,
თუმც ურთიერთში არ ავურიე, საპირისპირო ორი საწყისი,
სჩანს ნებისმიერ სწრაფვას სულიერს, ამსოფლიური აქვს შესატყვისი.
წუხხარ, რატომღაც არ მოდის რული, წევხარ გამხდარი და გალეული,
აქეთ ნახევრად ამოხდილ სულით, იქით ერთთავად ჩონჩხად ქცეული.
სამშვინველი კი თუ დარჩა ვალში, როს მთელი ზეცა აირეკლება,
მოგვხედე მაღლით ღმერთო, შენი აღთქმით და დანაპირებით.
არასრულქმნილნი თუ ვჩანვართ ერთობ, იმათ თვალებში რომ ვიმზირებით,
ისევ წვალება, ისევ წუხილი, გამოსაცდელად ჩემდა წვეული,
სიკვდილის პირას ვიყავ წუხელის, მაგრამ დაბრუნდა, მომწყდა ძლეული,
ბუნების წესებს არ მოხედავენ, ეგზომ უშუალოდ ჩვენში რომ იშვის,
და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, შეუნელებელს განიცდის შიმშილს.
ტანჯვაში ვერვინ შეეცილება ამგვარი ხვედრი ვისაც არ ასცდა,
ებრძვის შიმშილის გამოცდილება, უკმარისობის შემზარავ განცდას.
ამგვარი ზრუნვა გინდაც შეაქეთ, წვას გვიხანგრძლივებს, ადრევე გვითქვამს,
ფეხი არც იქით და აღარც აქეთ, სულს ვეღარც ვღაფავ და ვეღარც ვითქვამ.
ფიქრობ, აღსრულდი სანამ დრო არის, საგზურს მიწისას რა თავში იხლი,
სიცოცხლე განა უვალო არის, ამაოებით თავს რატომ იღლი.
შეუპოვრობის განცდა ჯიუტი, დე, ნაადრევად სიკვდილს განეღოს,
ოღონდ კი ტანჯვის ყოველი წუთი, ცნობიერების არეს შეეხოს,
მაგრამ ჩვენ ვიცით ცხოვრების ფასიც, გვაქვს წამიერი ვალის შეგრძნება,
განვლილ დღეთათვის ვაგებთ ჩვენ პასუხს, სხვისგან ნუ ელით პასუხისგებას,
როცა არ ვჩქარობთ, თვალში არ მოგვდის, თითქო განცდაა ჩვეულებრივი,
სიკვდილი როცა თავისით მოდის, არის დროული და ბუნებრივი.
მის მოლოდინში დარდს ნუ ვიახლებთ, აწ მოსახდენის ვერ შევცვლით შედეგს,
მოვიდეს, წყლულებს ნუ გავიახლებთ, თუნდაც დღეს, თუნდაც ასი წლის შემდეგ.
არ დაგჭირდება ჩვენ ახსნა ვრცელი და განმარტება იმისთვის რათა,
მივხვდეთ ჩონჩხი და ელვარე ცელი, რად მიიჩნიეს სიკვდილის ხატად.
შესახლებულა სიკვდილი ძვლებში, დაათრევს ნეკნებს და თავის ქალას,
ჩაუკირია სიმყიფე წლებში, სულს გამოსწოვა ფორმადქმნის ძალა.
და ამ ხრწნადობის ნებით მძლეველი, ვინც შეუპოვრად მიაპობს ტალღებს,
მიხვდება, ცათა სასუფეველი რატომ ამსგავსა იესომ ბალღებს.
ცხოვრების წყარო რადაა ბალღი, წამის ყოფითაც რომ არ ყუჩდება?
იმის წინაშე მორჩილის სახით, ბრძენიც, ყარიბიც რატომ მუნჯდება?
ნაჭდევი რატომ არ უმწვავდება, ანაზდად ფეხი თუ მოუცდება,
ბოლოს მოხუცი თუ დაშავდება, ტრამვები რატომ არ უხორცდება?
ეგ ოდითგანვე კარგად იციან, ცნობილი განა ახლახანს გახდა,
თუ ძველი სიბრძნე და ტრადიცია რად აიგივებს ანგელოზს ბალღთან.
იქ კვლავაც ვხედავთ მბრუნავი ქცევის, ვით უძღებობის ჩვენისა მიზეზს,
ხელახლა ბალღად თუ არ ვიქცევით, სასუფეველში ვერ მივალთ ისე.
ვინაც ირეკდა, გენეღო კარი, მაღალთა შორის მოიხსენებენ,
ის სანუკვარი საცაა მხარე, სადაც მართალნი განისვენებენ.
ეგეც ვიკითხოთ, განა ღირსი ვარ შევერთო წმინდა განსასვენებელს,
ეგება ცოდვის მორევში ვზივარ, ღირსი არა ვარ მათი ხსენების.
ჩემგან ნათქვამი აქ ძევს უკლებლად, სიტყვა ბილწი და არგასამხელი,
და ამის შემდეგ კი მაქვს უფლება, ვახსენო უფლის წმინდა სახელი?
უფალო, ღირს მყავ ჩემი ერისთვის არ შევეპუო ხვედრის სიმძიმეს,
აქ გამოვლილი სატანჯველისთვის, იქაურ ტანჯვას ნუ შემიმცირებ.
გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად, გარდასახდენი არ განმარიდო,
ღირსად მყო ძისად შენისა ჭვრეტად, ჩემი ცხოვრების სამაგალითოდ.
განმისპეტაკე მაღალო ცაო, გველისა ტრედთან შეხმატკბილება,
ბალღურ სიწმინდეს რომ შევუზავო ცხოვრების ჩემის გამოცდილება.
ედემის ბაღი სხვა არა არის, თუ არა წყარო ფორმადმქმნელ ძალთა,
სადაც მუსიკობს სფეროთა ქნარი, გამომძერწავი სახეთა, გვართა.
გამოუთქმელმან აგვასხა ფარი, გადაგვაფარა წყალობის კალთა,
ძე მოგვივლინა ვით გზა და კარი, ვდგავართ ახალი ცხოვრების კართან.
გადმოგვასხურა ციური ცვარი, გადაგვეფარა სიწმინდის კვართად.
კაცობის ჩვენის იქცა მდინარედ, წყაროდ რწმენის და წყაროდ ცხოვრების,
დაუფარავად გვამცნო ვინ არის, პურიც, სახსარიც ჩვენი ცხოვრების.
ფიქრთა ნაკადი იმედებს გისევს, კვლავაც იქუხებ, თუ ისევ მორჩი,
თუ ვეღირსები ნეტავი ისევ, იმ ჰარმონიას სულის და ხორცის.
გაშლილი გულით, ღიმილით პირზე, ისე, ქართველ კაცს რომ ეკადრება,
თუ მეღირსება ნეტა გამზირზე, ამაყად დგომა ნაცნობ ჭადრებთან.
კოლხეთით ტკბობა რიონის პირზე, მუხლის მოდრეკა ქართულ ტაძრებთან,
ეს თუ არ მოხდა არარ ვინაღვლი, ცხოვრება ჩემი განვლიე სწორად.
მუდამ მთლიანი ვიჯექ ინახად, არ გავთიშულვარ აროდეს ორად,
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო.
გინდა მომკალ და გინდ დამარჩინე, მასზე მეტი ვარ, ვიყავი რაცა,
გმადლობ უფალო, რომ გამაჩინე, აუხდენელი ოცნების კაცად.
რომ შემაყვარე იდეალური სავსება გარეშეუწერელის,
მიზანი მუდამ მაქსიმალური, სურვილი მხოლოდ შეუძლებელის.
შენგან მივიღე მძლავრი სხეული, ჯანმრთელი, მკვრივი, არცთუ სნეული,
ახლა, რომელიც ჩონჩხად ქცეული, ჰგია, გამხდარი და გალეული.
ნაყოფი უნდა დამწიფდეს დროზე, რადგან კანონი რვალზე მტკიცეა,
სატარტაროზოც, საანგელოზოც, ეს სული შენთვის გადმომიცია.
რა უნდა მქონდეს აქ დასარჩენი, თუ მიმელიან და იქ მნატრობენ,
აღურაცხელნი მოყვასნი ჩემნი, საიქიოში თუ ბინადრობენ.
მაგრამ ჭაპანი თუ გსურს გასწიო, საფუძვლად საქმე დაუდო სიტყვას,
სერიოზულ შედეგს აქ მიაღწიო, მიწაზე უნდა იცხოვრო დიდხანს.
რადგან შენს მიზნებს ვეღარ ვიაზრებ, აღუწერელო კაცთაგან ენით,
სავალნი დღენი ხამს განმისაზღვრო, ამადაც იყავ ნებაი შენი.
ვინც გამაჩინა, მან განმიჩინოს, განზრახვა მისი დე იყოს წმინდა,
ადგილი ჩემი მან მიმიჩინოს, ზედმეტი ბარგი არაფრად მინდა.
რამეთუ მწადის, დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,
სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი – ჩემად ვაქციო.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."