მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ევროპული სულიერება: კარლ გუსტავ იუნგი
"თანამედროვე ცხოვრება ჩვენი ზმანებათა შემეცნებით, მითოლოგიის და საიდუმლოს აზრის ცოდნით უნდა გამდიდრეს".

"ჩვენ სულაც არ მოგვისპია შუა საუკუნეები, ანტიკური ხანა და არ გაგვიცია პასუხი ჩვენი სულის მიერ მათ შესახებ დასმულ კითხვებზე... ვინაიდან კულტურა სწორედ წარსულთან ურთიერთობის გაწყვეტის, ფესვებიდან მოგლეჯის, უფესვოდ დარჩენის გამოა ასე ცუდად".

"სამწუხაროდ, დღეს ადამიანის მითიურ მხარეს ყურადღებას არ აქცევენ და ადამიანს ზღაპრების წერა აღარ შეუძლია. ამის შედეგად ადამიანი ბევრ რამეს ვერ ამჩნევს, გაუგებარ რამეებზე საუბარი ხომ სასარგებლო და მხსნელია."

"რაც უფრო ძლიერი და კრიტიკულია გონება, მით უფრო ღარიბდება ცხოვრება. მაგრამ რაც უფრო გავაცნობიერებთ არაცნობიერის და მითის ელემენტებს, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება სიცოცხლის შესაძლებლობები".

"რამოდენიმე სიტყვით: - თანამედროვე ცხოვრება ზმანებათა შემეცნებით, მითოლოგიის და საიდუმლოს აზრის ცოდნით უნდა გამდიდრეს."

* * *

ავტობიოგრაფიების უმეტესობა მათი ავტორების ცხოვრების თვალშისაცემ ფაქტებს გადმოსცემს და მათ შინაგან ცხოვრებას მხოლოდ გაკვრით თუ ეხება. სამაგიეროდ, კარლ იუნგის ბიოგრაფია "ჩემი ცხოვრება": მოგონებები, ზმანებები, აზრები" სწორედ სახელგანთქმული ფსიქიატრის სულიერ და ინტელექტუალურ კრიზისებს ეხება. წიგნი სავსეა იუნგის ხილვების, ზმანებების და აკვიატებული იდეების აღწერით. ყველაფერ ამას იუნგი სასიკეთოდ თვლიდა იმიტომ, რომ მისი აზრით, ეს გახლდათ პრიზმა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობის კოლექტიური სულის დანახვაა შესაძლებელი. ამ წიგნმა, მკითხველ საზოგადოებაზე და ფსიქოანალიტიკოსებზე დიდი გავლენა მოახდინა.

ფოტოზე: კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961), შვეიცარელი ფსიქიატრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი

დაიბადა 1875 წელს კესვილში, შვეიცარიაში. მამამისი პროტესტანტი პარსტორი გახლდათ. 1895 წელს ჩაეწერა ბაზელის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. მამამისის სიკვდილის შემდეგ, იძულებული გახდა სწავლის გასაგრძელებლად ფული ესესხა. მისი სპეციალიზაცია ფსიქიატრია იყო. 1900 წლიდან ფსიქიატრიის პიონერის ოიგენ ბლოილერის Eugen Bleuler-ის ხელმძღვანელობით ციურიხის ბურჰოლზლის კლინიკაში მუშაობდა. 1903 წელს დაქორწინდა მდიდარ შვეიცარელ ემა რაუშენბახზე. მათ კიუსნახტში დიდი სახლი აიშენეს.
1905 წელს იუნგი ციურიხის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი გახდა. იგი ნაყოფიერი მწერალი იყო. მის ნაშრომებს შორის აღვნიშნავთ: "ფსიქოლოგია და არაცნობიერი", "ფსიქოლოგია და რელიგია", "დღევანდელობა და მომავალი", "ფსიქოლოგია და ალქიმია". იუნგის მრავალი ნაშრომი ითარგმნა ინგლისურად და გამოიცა: "The Collected Works of C. G. Jung. გარდაიცვალა 1961 წელს.


იუნგი და ღმერთი

იუნგის სხვა ნაშრომები გადმოსცემენ მის მოსაზრებებს მითოლოგიური და ფსიქოლოგიური კონცეფციების შესახებ. ის საუბრობდა ღმერთზეც. მაგრამ ანიელა ჯაფეს თანახმად, იუნგის მიერ დატოვებული "რელიგიური ანდერძი" ესაა მისი წიგნი "ჩემი ცხოვრება: მოგონებები,ზმანებები და აზრები".

იუნგის წინაპრებს შორის, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან, იყვნენ პასტორებიც და თეოლოგებიც. მამამისი კი საკმაოდ დოგმატი პასტორი გახლდათ. ამდენად იუნგი გაიზარდა ატმოსფეროში, სადაც რელიგიურ საკითხებს ცენტრალური ადგილი ეკავა. თუმცა თავად იუნგის მიერ წარმოდგენილი ღმერთი არც პერსონალური ღმერთი ყოფილა და არც განათლების წყარო. იუნგისთვის ღმერთი წარმოადგენდა სამყაროს ძალას მთელს მის სინათლეში, მაგრამ ასევე მთელ მის წყვდიადში, მთელ მის პოტენციურობაში და უსასრულობაში. ზოგმა ზმანებამ იუნგს აფიქრებინა, რომ ღმერთი შეგნებულად გვკარნახობს "ცუდ აზრებს", მორალის საწინააღმდეგოდ მიმავალ აზრებს იმიტომ, რომ მას ჩვენ თვითონ დავუბრუნდეთ. იუნგის აზრით, ნამდვილად სულიერი არის ის, ვისაც სურს ღმერთის განცდა და შეგრძნება და არა უბრალოდ რწმენა.

აზრმა, რომ ღმერთი არაა მარტო სითბო და სინათლე (სხვათაშორის, იუნგი ფიქრობდა, რომ ქრისტიანობამ ეშმაკის საკითხი დამაკმაყოფილებლად ვერ გადაჭრა), იუნგი ეკლესიას ჩამოაშორა. მაგრამ ის თავის თავს ქრისტიანად თვლიდა. 1952 წელს მან ერთ მღვდელს მისწერა: "მე ვასკვნი, რომ ყველა ჩემი აზრი ღმერთის ირგვლივ ბრუნავს ისე, როგორც პლანეტები ბრუნავენ მზის ირგვლივ და ღმერთი მათ იზიდავს". იუნგის თანახმად, ყველას აქვს რელიგიური იდეები, განცდები უსასრულოს პირისპირ ან ინტუიტიური მიხვედრები სიცოცხლის უმაღლესი მნიშვნელობის შესახებ. მან შეამჩნია, რომ თავის თავში ჩაკეტილ ადამიანებს, ხშირად ნევროზები სტანჯავს და რომ ისინი თავს უკეთესად იგრძნობდნენ, ადრეულ ხანაში რომ ეცხოვრათ, როცა მათი ცხოვრება მითებთან, რიტუალებთან და ბუნებასთან მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული.

იუნგი წერდა, რომ თანამედროვე ხანაში ადამიანები მეტისმეტად ობიექტურები არიან და მათი სულიერი ჰორიზონტი მეტისმეტად ვიწროა. მრავალი ადამიანი თითქმის მთელ ცხოვრებას მხოლოდ ცნობიერ და რაციონალურ დონეზე ატარებს. იუნგის თქმით, ადამიანები სულიერ ჯანმრთელობას დაიბრუნებენ , თუ კი ისინი მათ ეგოსა და არაცნობიერს შორის გათხრილი უფსკრულის ამოვსებას მოახერხებენ.


ფოტოზე: ქრისტე, ბაზელის//შვეიცარია კათედრალური ტაძრის (მიუნსტერის) სარკმელი, ვიტრაჟი

მეს ინტეგრაცია

ციურიხის უნივერსიტეტში სწავლისას, იუნგმა იმ დროს ახალი და ჯერ კიდევ სათანადო აღიარების არმქონე პროფესიის დაუფლება, ფსიქიატრად გახდომა არჩია. 1900 წელს მან ციურიხის ბურჰოზლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში, ფსიქიატრები უმთავრეს ყურადღებას აქცევდნენ სიმპტომებს და დიაგნოზს, და უცნაურია, მაგრამ არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ იმას, რა ხდებოდა პაციენტის სულში. იუნგის თქმით, პაციენტის ადამიანურ პიროვნებას, მის ინდივიდუალობას არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.


ფროიდი და იუნგი მათი ხანის სამედიცინო აზრს დაუპირისპირდნენ და დაინტერესდნენ მთლიანად პიროვნებით და არა მარტო მისი სამედიცინო მონაცემებით. იუნგის პირველი წიგნი, რომელიც შიზოფრენიის ფსიქოლოგიას ეხება, აჩვენებს იმას, რომ ციებ-ცხელებები და ჰალუცინაციები ავადმყოფობის უბრალო სიმპტომები არ გახლდათ და რომ ისინი პაციენტის პიროვნებასთან კავშირში არიან.

მიზანი იმისა, რასაც იუნგი ინდივიდუაციას უწოდებს, არის შინაგან დაპირისპირებათა გაერთიანება ან ჩვენს შიგნით არსებული მრავალი წინააღმდეგობის აღიარება. იუნგის თანახმად, საკუთარი თავის ეს ცოდნა, ჩვენი სიცოცხლის მნიშვნელობის და პიროვნების მიმართ ერთიანობის გრძნობის გაჩენას იწვევს. იუნგი ჰყვება, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეამჩნია, რომ პიროვნების არსებობაში ორი მთავარი ასპექტია. ერთ ასპექტს, რომელსაც როგორც წესი როგორც მეს აღვიქვამდა, მან პიროვნება ნომერი ერთი უწოდა. მეორეს კი, "სხვას" პიროვნება ნომერი ორი უწოდა. თვით იუნგის პიროვნება ნომერი ერთი საკუთარ დავალებათა შემსრულებელი და ხანდახან მაჩხუბარი ბიჭი იყო, რომელიც პიროვნება ნომერი ორის არსებობას ყოველთვის გრძნობდა. ეს უკანასკნელი კი "სიბრძნის ურღვევ და მარადიულ კლდეზე" გახლდათ. იუნგი, ამ მისი აზრით ყველაზე უფრო ძვირფას პიროვნება ნომერ ორს, ყურადღებით უსმენდა.

იუნგის გამოკვლევების წყალობით, ჩვენ დღეს უფრო უშიშად ვსაუბრობთ ამ პიროვნება ნომერ ორზე, რომელსაც ხან ჩრდილს, ხან უმაღლეს მეს და ხან ჭეშმარიტ მეს ვუწოდებთ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მისი ინტეგრაცია ფსიქიური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამ ინტეგრაციის გარეშე სხვა პიროვნებებზე ან სხვა ობიექტებზე გადავიტანთ იმას, რასაც თვითონ ჩვენს შიგნით ვერ ვცნობთ და ამას ხშირად დამღუპველი შედეგები აქვს.

ფროიდი და ფროიდის იქით

ფროიდის და იუნგის პირველი შეხვედრა და საუბარი 13 საათი გაგრძელდა. იუნგის თქმით, ზმანებებში არაცნობიერ პროცესებზე ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს დანახვით, ფროიდმა კაცობრიობას თითქოს უიმედოდ დაკარგული იარაღი დაუბრუნა. მაგრამ იუნგი ფროიდს არ დაეთანხმა და მას ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხის გამო წაეჩხუბა. ფროიდის მტკიცებით, ადამიანის ქცევათა უმრავლესობა და ხელოვნებაში თუ ადამიანში სულიერების ყოველი გამოვლინება, დათრგუნული სექსუალობის შედეგი იყო. სწორედ ფროიდის ეს ფუძემდებლური დებულება უარყო იუნგმა კატეგორიულად. მისი თქმით, რელიგიური მისწრაფების მოძულე ფროიდს, თავისი მეცნიერული კონცეფციების ნამდვილ რელიგიად გადაქცევა სურდა. სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა და ჩამოშორდა ფროიდს კარლ გუსტავ იუნგი. ფროიდისგან ჩამოშორების შემდეგ, იუნგმა თავისი მრავალი, დღეს სახელგანთქმული კონცეფცია შექმნა. მან შემოიღო კომპლექსის, ინტროვერსიის და ექსტრავერსიის ფსიქოლოგიური ცნებები, მაგრამ მისი ყველაზე თამამი კონცეფცია კოლექტიური არაცნობიერის კონცეფციაა. ყოველ ადამიანი ეკუთვნის ადამიანის სულის იმ დიდ სფეროს, რომელიც გამოიხატება ხატებით, ზმანებებით, მითებით, რომლებიც თითქოს ყველა კულტურისთვის საერთოა.

იუნგმა აგრეთვე არქეტიპის კონცეფცია შექმნა. ეს ცნება აღნიშნავს ქცევის და არსებობის ისეთ ფორმებს, რომლებსაც ადამიანები დიდი დაფიქრების გარეშე მისდევენ და რომლებიც ასევე ამ დიდი კოლექტიური სულიდან (ფსიქედან) გამოსული მოდელებია არის.

იუნგის მიერ შექმნილი სხვა სახელგანთქმული ცნებაა სინქრონულობა, ე. ი. გარეგნულად უმნიშვნელო დამთხვევები, რომლებიც ნორმალური ალბათობის სფეროს სცდება. ეს ცნება მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს სამყარო, სადაც გარკვეულ პირობებში ადამიანის მიერ ჩვეულებრივად აღქმული საზღვარი მატერიასა და სულს შორის იშლება. სინქრონიულობა ახლა არის მოძრაობა, ახალი ხანის მთავარი ცნება. ამ თვალსაზრისს იზიარებს ვოლფგანგ პაული - ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში და იუნგის მეგობარი.

იუნგს ასევე აინტერესებდა ნუმეროლოგია, განსაკუთრებით ციფრი ოთხის მნიშვნელობა ხელოვნებაში და მითოლოგიაში. ის ალქიმიის, გნოზისის და ბიბლიის დიდ მცოდნედ გადაიქცა. კარლ იუნგის თანახმად, ალქიმიის ჭეშმარიტი მიზანია სულიერი გარდაქმნა და ცნობიერების გაღვიძება, და არა უბრალო ლითონების ოქროდ გადაქცევა.

1913 წელს კარლ იუნგს ხილვა ჰქონდა. მან იხილა, რომ ჩრდილოეთის ზღვასა და ალპებს შორის მოქცეული მიწები სისხლმა წალეკა. ამ სისხლის ზღვაში მილიონობით გვამი ტივტივებდა. თავიდან იუნგმა რევოლუციაზე იფიქრა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს მსოფლიო ომის მომასწავებელი ნიშანი იყო.

წინასწარგანჭვრეტის ნიჭმა იუნგს პარაფსიქოლოგიის კვლევისკენ უბიძგა. მას როგორც მეცნიერს, სჯეროდა არაფიზიკური მიზეზობრიობისა, რაც ფროიდმა მასხრად აიგდო. მხოლოდ დრო გვეტყვის ვინ იყო სწორი მეცნიერების ამ არატრადიციულ სფეროებში, მაგრამ ფაქტია, რომ იუნგის შეხედულებების პოპულარობა ბოლო ათწლეულებში დიდად გაიზარდა, მაშინ, როდესაც ფროიდის შეხედულებები გადასინჯეს.

ბოლო კომენტარები

ინტელექტს ზმანებებით და არაცნობიერით დაინტერესება შეიძლება მოეჩვენოს დროის უქმად კარგვად, მაგრამ ეს ჩვენს ემოციურ ცხოვრებას ამდიდრებს და ჩვენს გაგლეჯილ სულს კურნავს. ჩვენი არსებობის მხოლოდ რაციონალურობის სფეროში ჩაკეტვით და იქიდან ხელოვნების, ზმანებების თუ ხილვების გაყვანით, ცალგანზომილებიანი არსებები ვხდებით.

თუ კი გამუდმებით სრულყოფილ ახსნას ვეძებთ, არასოდეს არ გვაქვს კავშირი "გაუგებარ რამეებთან", როგორც იუნგი დროის და სივრცის საიდუმლოებებს უწოდებდა. არადა ჩვენს ცხოვრებას აზრს იდუმალი მოვლენებიც აძლევენ. თუ კი თქვენ მოგბეზრდათ და ყელში ამოგივიდათ მატერიალიზმის და მოხმარების კულტურის ზედაპირულობა, იუნგის ნაშრომები შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის, რაც გჭირდებათ.

მომხიბლავია იუნგის აფრიკაში, ამერიკაში, ინდოეთში და იტალიაში მოგზაურობათა აღწერები. მომხიბლავია აღწერა კოშკისებრი სახლისა, რომელიც იუნგმა სამყაროსაგან გასაქცევად ციურიხის ტბის სანაპიროზე, ბოლინგენში ააგო.


ფოტოზე:კარლ გუსტავ იუნგის მიერ ციურიხის ტბის ნაპირზე, მდინარე ობერზეეს შესართავთან აგებული ბოლინგენის კოშკი, რომლის შესახებაც იგი თავის მემუარებში წერდა, რომ მისთვის ამ კოშკის მშენებლობა ფსიქიკის სტრუქტურის კვლევის ქვაში განხორციელება გახლდათ. კოშკის დასავლეთით იუნგმა 1950 წელს კუბის ფორმის ქვა დადგა, რომლის სამ მხარესაც წარწერები ამოკვეთა. ერთ მხარეს ეწერა ციტატა Rosarium philosophorum-დან: hic lapis exilis extat, pretio quoque vilis, spernitur a stultis, amatur plus ab edoctis - აი დევს შეუმჩნეველი, სასაცილოდ იაფი ქვა, მაგრამ ბრძენი აფასებს იმას, რასაც ვერ ამჩნევენ და უგულვებელყოფენ ტუტუცები.
იუნგის მიერ აღწერილი ხილვებით და ზმანებებით ალბათ ყოველი მკითხველი არ დაინტერესდება, მაგრამ მრავალს ისინი დააინტერესებენ არაცნობიერი სულით, როგორც მეგზურით და სიბრძნის წყაროთი.

ტომ ბათლერ-ბაუდონი, "სულიერების 50 კლასიკოსი, აღმოაჩინეთ მარადიული სიბრძნეები"

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."