მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

დედაენას, რაკი დედა ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება, თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი – ენა დედაა შენი და მუდამ უნდა გახსოვდეს, უნდა უკვდავყო იგი, როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია. ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი – რელიკვია ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის დედაენა გახლდათ, დედაენა, რომლითაც ჩემი დედა სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ დედაენის გაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა, იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ–ფურცელ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათუთ და სათნო მოპყრობას.

სწორედ ეს დედაენა წავიღე თან, 1968 წელს ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე. ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.

- გურჯი ვარ! – მითხრა, თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.
- ქართული რატომ არ იცი? – ვუსაყვედურე.
- ნენეი მომიკვდა! – იმართლა თავი.
ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.
სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი ოჯახის რელიკვია დედაენა ვაჩუქე.
- შენია, წაიღე, ოღონდ ისწავლე, ვთხოვე.

თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო. წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და ის მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე. ალალი იყოს, კი არ ვამადლი, უბრალოდ გავიხსენე. მე ისეთი კარგი დედა მყავდა, მთელ გათურქებულ ქართველებს ეყოფოდა დედად. და განა იმიტომ, რომ დედაჩემზე უკეთესი დედა სხვას არ ჰყავდა? არა, იმიტომ, რომ მან ქართული ენის ფასი იცოდა.


ფოტოზე: დედაენა
ჩვენი საუნჯე

ენა, რაც უნდა მდიდარი იყოს, პატრონი თუ არ ეყოლა, შეიძლება მოკვდეს და გაქრეს.

ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბავშვებო!
დედაენაში შედედებულია, კონცენტრირებულია, განივთებულია და გამჟღავნებულია ჩვენი ერის სამათასწლიანი კულტურა. დედაენა სახარებაა ბავშვებისა, საქართველოს უწმინდეს მამათა მიერ დაწერილი, შექმნილი და შედგენილი, ამიტომ ერი და დედაენა ჩვენთვის ერთი და იგივეა.

რაოდენ დიდი ბედნიერებაა, ბავშვებო, რომ თქვენ, დედაქალაქში გაგაჩნიათ სვეტი, სადაც შეგეძლებათ მიხვიდეთ და დადოთ ფიცი ერთგულებისა ერისა და დედაენის წინაშე. დადოთ ფიცი მსგავსად ჯარისკაცებისა, რომლებიც ბრძოლის წინ ეამბორებიან ხოლმე ერის დროშის ფარჩას.

მაგრამ თქვენ, ბავშვებო, არავინ არ დაგიჯერებთ ამ ფიცს და სიყვარულს, თუ მსგავსი მოკრძალებით, სათნოებითა და სიყვარულით არ მოეპყარით სხვა ერებსა და ენებს, რადგან მზის ქვეშ არ არსებობს ხალხი და ენა, რომელიც ღირსი არ იყოს სხვათაგან მოკრძალებისა და პატივისცემისა. და ვიცი, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ მცნების შეთვისება, რადგან იგი თქვენი კეთილშობილი წინაპრების სისხლითა და საქმით გაქვთ ნაკარნახევი და გადმოცემული.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."