მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვაჟა-ფშაველა: ენა

(მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო, თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც წერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისთვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა, რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძიოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ. რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველე სყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენი მწერლისაგან სამდურავი და ძველებური, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო, რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არამგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს...


დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ–ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში სადაც მღვრივე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის... ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყენი? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კიდე სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გახლახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."