მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

საქართველოს ერთ-ერთი დიდი შვილი, ცნობილი მეწარმე, სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე, ევროპულად ნასწავლი და ქართულად აღზრდილი დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილი დაიბადა ტფილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს.

მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ. დავითის პაპა - დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845) ცნობილი შეძლებული მოქალაქე გახლდათ. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით, რომ მან პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან ვაჭრობას. ის და მისი ძმა მიხეილი, საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს სანოვაგით ამარაგებდნენ.

დავითის მამა - ზაქარია სარაჯიშვილი (1807-1880) იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა. დავითის დედა - ელისაბედ სოლომონის-ასული სავანელი, ლამაზი, ბრძენი, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესაბამისად აღზრდილი ქალბატონი იყო. იგი მუდამ მეუღლის და მთელი ოჯახის საიმედო საყრდენი გახლდათ. მან დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, რასაც დავითი დიდად აფასებდა და სიამაყით აღნიშნავდა.

თანამედროვეთა აღწერით, დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე ყმაწვილი იყო. მაშინდელი წესის თანახმად, დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, პატარა დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.


ფოტოს წყარო ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, მრეწველი და ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი (1848-1911), 1905 წელი

მშობლებმა გადაწყვიტეს დავითისათვის უმაღლესი ევროპული განათლება მიეცათ. 1866 წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგაზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა. 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა. მან 1878-1880 წლებში საფრანგეთში ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 14 წლის შემდეგ, 1880 წელს დაბრუნდა და იმავე წელს მომხიბლავ ეკატერინე ივანეს-ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა.


ფოტოზე: დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილი
ფორაქიშვილის ოჯახი, ისევე როგორც სარაჯიშვილებისა, თავისი ტრადიციებით და შეძლებულობით ტფილისში ცნობილი იყო. ეკატერინეს მამა, წესიერებითა და განათლებით ცნობილი მდიდარი ვაჭარი და არენდატორი გახლდათ.

დედა, რბილი ხასიათის მქონე განათლებული არისტოკრატი ნატო იოსების-ასული სავანელი, ოჯახში სითბოს და მყუდროებას ქმნიდა. მან თავისი ქალიშვილი ამავე სულისკვეთებით აღზარდა. თავად ეკატერინე განათლებულ, რამოდენიმე ევროპული ენის მცოდნე სათნო, საზრიან, ოჯახური ტრადიციების დამცველ მზეთუნახავად ჩამოყალიბდა.

დავითმა და ეკატერინემ ქორწილი 1880 წლის 10 სექტემბერს მაშინ უკვე საკურორტო ქალაქ ბორჯომში გადაიხადეს.

სამშობლოში დაბრუნებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ, ახალგაზრდა დავითმა მამამისის და ბიძის ქონების (ეს ქონება მას მემკვიდრეობით ერგო) მოწესრიგება დაიწყო. ახალგაზრდა, განათლებულმა ბიზნესმენმა ამ დიდი სიმდიდრის სწორ კალაპოტშო წარმართვა მოახერხა. გარემოებათა გამო, მან ალკოჰოლის დარგს მოჰკიდა ხელი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. მისი ამ სფეროში მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი გახლდათ. ის მალე იქცა ამიერკავკასიის ერთ-ერთ უდიდეს მეწარმედ. მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს სპირტის სასმელთა წარმოების და რეალიზაციის დიდი ნაწილი. სარაჯიშვილის საქმიანობის სპექტრი მოიცავდა სპირტის მრეწველობის თითქმის ყველა სახეობას (მარცვლეული კულტურებიდან და ყურძნიდან ამზადებსა არაყს, წმენდდა სპირტს, ამაგრებდა ღვინოებს, ამზადებდა ლიქიორის და არაყის სხვადასხვა ნაკეთობებს: რომს, აბსენტს, ტკბილ და მწარე არყებს, სხვადასხვა მაგარ სასმელს. ღვინისგან იღებდა სპირტს, რომლის მუხის კასრებში დიდი ხნის შენახვის შემდეგ კლასიკურ კონიაკს იღებდა).

დავით სარაჯიშვილმა ვლადიკავკაზთან არყის ქარხანა იყიდა და იმავე დროს ტფილისში სპირტიან სასმელთა წარმოება ააწყო. ტფილისში მან ასევე საბითუმო საწყობი და მრავალი სავაჭრო გახსნა. დავით სარაჯიშვილის ვლადიკავკაზის ქარხნის ბალანსზე სოლიდური სამედიცინო პუნქტი და საკვირაო სკოლა არსებობდა, სადაც წერა-კითხვას და სამეურნეო საქმეს ასწავლიდნენ. ამ ოლქში სიმინდის კულტურის დანერგვაში და მის სავაჭრო პროდუქტად გადაქცევაში დავით სარაჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. რამოდენიმე წლის მანძილზე, ქარხანა ადგილობრივ გლეხებს სიმინდის მარცვალს უფასოდ ურიგებდა, სჩუქნიდა, რითიც სიმინდი მთიელთა შემოსავლის ძირითად პროდუქტად გადაიქცა. ამ რაიონებში მოყვანილი სიმინდი ყუბანის, როსტოვის, ვორონეჟის გუბერნიებში, რველში და სხვა პუნქტებში იყიდებოდა.

1887 წელს, დავით სარაჯიშვილი ერევნის გუბერნიაში, ქალაქ ერევანთან სარექტიფიკაციო ქარხანას ხსნის და შემდეგ ის ერევანში გადააქვს. ეს ქარხანა ერევნის გუბერნიის პირველ სარექტიფიკაციო ქარხანად ითვლებოდა. მისთვის მაზუთი მეზობელი აზერბაიჯანიდან ჩაჰქონდათ. ქარხნის ნაწარმის ნაწილი სარაჯიშვილის ტფილისისა და ბაქოს საწყობებში გადაჰქონდათ, ნაწილი ადგილზე რჩებოდა, დიდი ნაწილი კი მიჰქონდათ მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში და სხვა ქალაქებში ისეთ დიდ მეწარმეებთან, როგორებიც იყვნენ სმირნოვი, ვოლბრუკი, არაბაჟი და სხვები...

დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია, მისი წარმოების ფრანგული წესები და ნორმები. სარაჯიშვილის ფირმის ნაწარმი მალე გაიცნეს და აღიარეს პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში. სარაჯიშვილის ნაწარმზე განსაკუთრებული მოთხოვნილება რატომღაც ვარშავაში იყო. ვარშაველმა ვაჭრებმა, 1889 წელს, მთავრობას მხოლოდ სარაჯიშვილის ქარხნების ნაწარმის შესყიდვის უფლება სთხოვეს. 1902 წელს, ალკოჰოლურ სასმელთა წარმოების განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დავით სარაჯიშვილს რუსეთის იმპერიის კომერციის მრჩევლის წოდება მიანიჭეს, 1913 წელს კი "მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებელის" საპატიო წოდება.

თუმცა მთავარი დავით სარაჯიშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობა იყო. იგი სოლიდურ სახსრებს იღებდა საქართველოს მოსახლეობის უწიგნურობასთან ბრძოლისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და დრამატული საზოგადოებების შექმნა-განვითარებისათვის, ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და ახალთა მშენებლობისათვის. თითქმის მთლიანად მისი სახსრებით აიგო რამოდენიმე სკოლა და სასწავლებელი, მათ შორის სამუსიკო სასწავლებელი. მისი სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და სხვა არაერთი ეროვნული წამოწყების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

დავით სარაჯიშვილმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში, მოგვიანებით კი მას თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უანდერძა. მან შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალაგაზრდების გამოვლენა და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა, თანადგომა ევალებოდა, რათა ასეთთ რუსეთში და ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება შესძლებოდათ. დავით სარაჯიშვილის სტიპენდიატები იყვნენ: დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე ჯანაშვილი, მომავალი პატრიაქრი კალისტრატე ცინცაძე და სხვ. იგი მატერიალურად ეხმარებოდა მეცნიერებს, კულტურის სხვადასხვა სფეროების მოღვაწეებს.

მისი სახლი, ქართველი ინტელიგენციის საყვარელი ადგილი იყო. იქ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ სახელგანთქმული მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მხატვრები. ამ სახლში ხშირი სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, პეტრე უმიკაშვილი, არტურ ლაისტი, იაკობ ნიკოლაძე და მრავალი სხვა. აქ მუდამ საინტერესო დისკუსიები იმართებოდა სხვადასხვა თემაზე და იმ დროის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა.

დავით სარაჯიშვილმა თავისი ქველმოქმედებით და სამართლიანობით თავისი ხალხის უზომო სიყვარული დაიმსახურა. მას უყურებდნენ დიდი იმედით იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ის არასოდეს გადგებოდა განზე მაშინ, როდესაც მის ქვეყანას და ხალხს დახმარება სჭირდებოდა. დავით სარაჯიშვილმა ეს თავისი საქმით არაერთხელ დაამტკიცა. აკაკი წერეთელმა მასზე დაწერა: "სიყვარულის გულუხვად გაღებით მან დაიმსახურა თავისი ხალხის სიყვარული".

1911 წელს პოლონური გაზეთი "ოზის ახალი გაზეთი" (№32) სწერდა: "ის ყველგან და ყოველთვის აკეთებდა რაღაცას სხვებისთვის - აკეთებდა ჩუმად, საგაზეთო რეკლამის გარეშე, გულის განუმეორებელი სინაზითა და უბრალოებით. ყოველი კეთილი, კეთილშობილი საქმე მასში გუმხურვალე დამცველსა და გულუხვ მფარველს პოულობდა. დავით სარაჯიშვილი სიკვდილის შემდეგაც თავისი თავის ერთგული დარჩა. მან საზოგადოებრივი საქველმოქმედო მიზნებისთვის 500 000 რუბლი დატოვა."

დავით სარაჯიშვილი ყმაწვილური ჟინით განიხილავდა ყოველი ადამიანური გონების წარმატებას და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა. პირველ რიგში, ის რა თქმა უნდა, თავის ქვეყანაზე ზრუნავდა.., მაგრამ კეთილშობილი გული და ღრმა გონება, მას მხოლოდ ქართული კულტურის მხარდაჭერით შემოფარგვლის საშუალებას არ აძლევდა. ყველგან, სადაც ჩნდებოდა, სადაც ჰქონდა თავისი საწარმოს კანტორები თუ განყოფილებები (მათ შორის ვარშავაშიც), ის ადგილობრივ საჭიროებათა და მიზნების გულწრფელი მცველი და დიდსულოვანი ქველმოქმედი იყო.

დავით სარაჯიშვილი მეგობრობდა გამოჩენილ მეღვინესთან და საზოგადო მოღვაწესთან - თავად ლევ სერგეევიჩ გოლიცინთან.

"პეტერბურგსკაია გაზეტა" (№178) 1911 წლის სწერდა: "გერმანული კულტურის და მეცნიერების დიდი მეგობარი დავით სარაჯიშვილი გამოჩენილ მეცნიერებთან მეგობრობდა. სახელგანთქმული ეკონომისტი პროფესორი ადოლფ ვაგნერი იმდენად აფასებდა დავით სარაჯიშვილის ცოდნას, რომ მას თავისი პოლიტიკური ეკონომიის ისტორიის ახალი გამოცემა მიუძღვნა".

1911 წლის 20 ივნისს, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რუსული გაზეთი წერდა: "გუშინ, 20 ივნისს, ტფილისში გარდაიცვალა ქართველი საზოგადო მოღვაწე და ცნობილი ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი. ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, მისი ანდერძით მთელი მისი საგვარეულო ქონება უახლოეს ნათესავებს რჩება, ყველაფერი შეძენილი (სახლები, ქარხნები, კაპიტალი და ა.შ.) დანიშნულია საქველმოქმედო მიზნებისთვის".

გამოსამშვიდობებელ წერილში თავადი დავით გურამიშვილი მწუხარებით სწერდა: "...შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს“...

რუსულმა გაზეთმა "ზაკავკაზსკაია რეჩ"(№140, 25.06.1911) დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კავკასიის მთიელთა გამოხმაურება გამოაქვეყნა: "ჩვენ, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წარმომადგენელი ინგუშები და ოსები, ვუმსამძიმრებთ გარდაცვლილი დავით ზაქარიას-ძის ოჯახს. დაუვიწყარი დავით ზაქარიას-ძე გახლდათ კულტურისა და მრეწველობის პიონერი ინგუშებში და ოსებში. მან აამაღლა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა და უზარმაზარი ბიძგი მისცა მას უკეთესი მომავლისაკენ. ამ დიდსულოვანი ადამიანის, დამცირებულთა და ღარიბთა ამ დამცველის ქველმოქმედება იმდენად დიდია, რომ ყოველი მთიელი უფლის კურთხევით წარმოსთქვამს გარდაცვლილის სახელს. მისი სახელი ჩვენს გულებში მუდამ წარუშლელი დარჩება. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ათასი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოდიოდა ჩვენში ყველგან დავით სარაჯიშვილი და როგორ ეხმარებოდა გაჭირვებულებს... სულეიმან ბულატოვი, ბანუხო ბატაევი, ისაი ბაჩალოვი, მუხტარ კატაევი, მაგომედ მუტალიევი".

დავით სარაჯიშვილი უკურნებელი სენით გარდაიცვალა; დაკრძალეს ტფილისის ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 1911 წლის 26 ივნისს. სიკვდილის წინ მამულიშვილს მწუხარებით აღუნიშნავს: „რა დამშვიდებით მოვკდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდესო“...

გვახსოვდეს უღირს და საცოდავ თანამედროვეთა მიერ წალეკილი საქართველოს ეს დიდი და ღირსეული შვილი. იქნებ ამ ხსოვნამ ერის მიძინებული ძალები გამოაღვიძოს...

გიორგი მარჯანიშვილი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."