მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნოე ჟორდანია: 26 მაისი

ეს მეცამეტეჯერ ვდღესასწაულობთ 26 მაისს საზღვარგარეთ.

ეს მეცამეტე წელია ქართველი ერი ამ თავის აღდგომის დღეს ვერ დღესასწაულობს, მას შესაფერათ ვერ ეგებება და უფლებააყრილი, ტყვედქმნილი, მას მხოლოდ თავის გულში ატარებს. ამ დღეს აქ და იქ, გადმოხვეწილი ქართველი და სამშობლოში მყოფნი ფიქრობენ ერთნაირათ, უცემთ გული ერთხმიანათ, შედუღებულნი ერთი იდეალით. ეს იდეალი იყო, არის და იქნება ერის ტყვეობისაგან განთავისუფლება, წართმეული თავისუფლების დაბრუნება.

ამ დროშის გამარჯვების თავდებია ერთი პირობა – ქართველი ხალხის მტკიცე ნებისყოფა, მისი მორალური ძალა, დაუშრეტელი ენერგია, თავის თავის ერთგულება და მტერმოყვარის გარჩევა. ყველა ეს თვისება ქართველობის სამკაულია, მას ის თან ახლავს მუდამ, ამით მოდის ის ისტორიის ეკლიან გზაზე და გადმოცურა არა ერთი და ორი აბობოქრებული ტალღები. რამდენი ძველი ხალხი ჩაიხრჩო ამ ტალღებში, რამდენი მისი თანამგზავრნი დაეცნენ შუა გზაზე; ფეხზე, თავის მიწა–წყალზე დარჩა ჩვენი პატარა ერი და ძველებურათ, იმედიანად გაყურებს მომავალს.


ფოტოზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა (1918-1921) და საქართველოს რესპუბლიკის (1990-2004) დროშა

ერი მორალური პიროვნებაა, მას აქვს თავისი ეთიკა, თავისი დისციპლინა, თავისი კალაპოტი, რომლისაგან ამოვარდნა მას ღუპავს. ის იძულებულია ამოვარდნილ ისტორიულ გრიგალს პირდაპირ დახვდეს, გული მიუშვიროს და შეებრძოლოს. მას არ შეუძლია დამალვა, გაქცევა, გადახვეწა. ამ ნიადაგზე მაგრათ მდგომი, ის აძლევს სავალ კალაპოტს, სამუშაო ხაზს მოწინავე მებრძოლთ, მედროშეთ და წინამძღვართ. მისი მეთურია მხოლოდ ის, ვინც ამ კალაპოტში რჩება, მისი დროშაა მხოლოდ ის, რომელიც მის ტანჯვა–ვაებას აღბეჭდავს. ხალხი თავის თავს ვერ გადუხვევს, ეს მისი ბუნებაა. კერძო პირი კი მოკლებულია ამ სტიქიას, მისი გზაკვალი განუსაზღვრელია, უსწორმასწოროა. მისი გადახვევა-გადმოხვევა, ბუდიდან ამოვარდნა, კერძო ინტერესის საზოგადოებაზე მაღლა დაყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც უბედურობა თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას წარსულში და დღეს, სწორეთ ამ მიზეზით აიხსნება. მუდამ ხალხს მოსწყდებოდა მთელი წყება წყალწაყებული ადამიანების და მათ მოევლინებოდა ბატონათ და მტანჯველათ უცხო ძალასთან დაკავშირებით. ესენი მირბოდნენ წინეთ ჯერ სპარსეთში, შემდეგ რუსეთში, თავიანთი ეგოისტური ინტერესების გასამარჯვებლათ ქართველი ერის ხარჯზე, ასე მირბიან მოსკოვის კარზე დღესაც, ამ დაბეჩავებული ერის ნაძირალები.

და ასე სწუწნიან ხალხს მისი შინაური და გარეშე მტერი შეერთებული ძალებით. რით უძლებს ამ სვავებს ერი? მხოლოდ ერთი თვისებით – მორალური ძლიერებით, ერთათ დგომით, საერთი შინაური ფრონტით, მაგარი სულით და გაუტეხელი ნებისყოფით. მტერი მას არ შეუყვარდება. მტერმა ეს კარგად იცის და ცდილობს მას შემოუაროს მისი მორალის გატეხით, მის მებრძოლთა შორის შუღლის გაჩაღებით, ფრონტში ფრონტის შექმნით და ხალხისთვის ამ გზით ზურგიდან მახვილის ჩაცემით. გაყავი და იბატონე, გზა ძველი, გაცვეთილი, მაგრამ მუდამ ახლათ ამუშავებული. ამ ხაფანგს მუდამ გასავალი აქვს დაბნეულთა და მერყევ ელემენტთა შორის.

პოლიტიკა ბრძოლაა; ამ ბრძოლას ესაჭიროება შესაფერი აპარატი, ურყევი ორგანიზაციები; დაცვა ამ აპარატის გარეშე მტრისაგან ადვილია თუ მას ზურგზე მაგარი აქვს, თუ შინაური მტრისაგან დაცულია. გაყოფილ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ვისაც ეს ესე არ ესმის – მებრძოლი არ არის, პოლიტიკაში შემთხვევით შემოხიზნულია, მარტო ღმერთო, ღმერთოს ძახილით სამოთხეში ვერავინ შევა. 26 მაისს ესაჭიროება შესაფერი საქმე, გზა მისკენ მიმავალი. ის ითხოვს ბრძოლის მეთაურთა ისეთსავე მორალურ ძალას და ერთობას, როგორიც არის თვით ხალხში. დაადევით ყური დედამიწას და გაიგონებთ საქართველოს მიწის გამოძახილს, გაიგონებთ ქართველი ერის სულისთქმას, მაჯისცემას და მიაგნებთ ნამდვილ გზას. საქართველოს აქვს პოლიტიკური ხერხემალი, ის მტერმა ვერ გასტეხა და ვერც გასტეხს. ამ ხერხემლის რგოლებია იქ, სამშობლოში, სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციები და მასთან დაკავშირებული სხვა ანტისაბჭოთა პარტიები, აქ ნაციონალური მთავრობა და მის ირგვლივ დაწყობილი პარტიული ორგანოები. ამათი არსებობა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, პასუხს აგებენ მათ წინაშე და არავითარ გარეშე ძალას არ ძალუძს მათი გაუქმება და გზიდან გადაგდება.

ნაციონალურმა მთავრობამ მიიღო მანდატი დამფუძნებელ კრებისგან, მას შეყურებს ტანჯული ერი და ის დარჩება თავის პოსტზე ბოლომდე, გამარჯვებამდე. 26 მაისი მისი დროშაა; ის მისი უმაღლესი გამომხატველი და დამცველია და მას ვერ დასწევს, ძირს ვერ დაუშვებს ვერავითარი საგარეო მომენტების წინაშე. საქართველოს ოფიციალური ლეგაცია იქნება თუ არა საფრანგეთში – ეს არ ვიცით, ვიცით მხოლოდ რომ ნაციონალური მთავრობა იქნება, მისი გამაუქმებელი ძალა უცხოეთში არ არის; მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ მის შემქმნელს, მის დედას – ქართველ ერს.

საქართველოს მისი ორი ათასი წლის ისტორიის მანძილზე, დღეს პირველათ ყავს თავისი საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენელი ევროპაში, პირველათ ყავს აქ პოლიტიკური ემიგრაცია. ყველა წინანდელი ემიგრაცია არ გაშორებია სპარსეთს, ოსმალეთს და რუსეთს. ევროპის ფართე წრეებმა პირველათ ახლა გაიგო ჩვენი ერის სულისკვეთება, მისი წარსული, აწმყო და მომავალი ლტოლვილება. თუ წინეთ ის გადაბმული იყო დასავლეთთან კულტურულათ, ახლა ის გადაება პოლიტიკურათ, ადამიანების საშუალებით. ეს დიდი მისიაა, ეს დიდი როლი, რაიცა წილათ ხვდა გადმოხვეწილ ქართველობას, უნდა იქნას შესრულებული ღირსეულათ, მოვალეობის შეგნებით და ერთგულებით. დაქსაქსულობა, დანაწილება, ერთიმეორის წინააღმდეგ დარაზმვა მიუტევებელი დანაშაულობაა ერის და ისტორიის წინაშე. საქართველოს პირველ პოლიტიკურ ემიგრაციამ უნდა აჩვენოს მაგალითი და იყოს ღირსეული წარმომადგენელი მებრძოლი ერის გაუტეხლობის, სულის სიმაგრის, ერთობის და მთლიანობის.

26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია, ჩვენი მთლიანობის სიმბოლოა, ჩვენი საერთო დროშაა. დღეს საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს შინაგანი განხეთქილების არც ერთი მომენტი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული და საზოგადოებრივი. ჩვენ ყველა ვიბრძვით არსებობის ძირეულ უდაო და მოუცილებელ საფუძვლისათვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც პიროვნება. ყველა ეს უფლება წართმეული გვაქვს და ეს საერთო უბედურება აერთებს ყველას, განურჩევლათ რწმენისა, პროგრამული სხვადასხვაობისა და სოციალური მდგომარეობისა.

ჩვენ და ისინი, საქართველო და მისი მტარვალები, შუაში უფსკრულია, ხიდეები წაღებული. 26 მაისი ჩვენი ხარტია, მათი სახრჩობელაა...


1933 წელი, ემიგრაცია, საფრანგეთი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."