მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის ექვსი თვის თავისადმი მიძღვნილ ეროვნული საბჭოს საზეიმო სხდომაზე


1918 წლის 1 დეკემბერი


მოქალაქენო! ამ ასი წლის წინათ საქართველომ ხელი აიღო თავის დამოუკიდებლობაზე.

ამ ექვსი თვის წინად იმავე საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა (ვლასა მგელაძე: გაუმარჯოს ამ დამოუკიდებლობას!). ასეთი ორი, ერთი მეორის მოპირდაპირე, ერთი მეორის მოწინააღმდეგე აქტი არის იმავე დროს აქტი ჩვენი ცხოვრების ძირითადი პრობლემისა. ამ ორ აქტს შორის არის ერთი დიდი რამ საერთო, ის რომ ორივე აქტი იყო გამოწვეული ერთი და იგივე მიზეზით. და ამ ორმა აქტმა მიაღწია ერთსა და იმავე შედეგს.

ამ ორი აქტის საერთო მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ, საქართველოს ხალხს, თავი დაეხსნა აზიურ ბარბაროსობისაგან. და შედეგი ორივე აქტისა იყო ის, რომ საქართველო ამ ორმა აქტმა იხსნა იმ აზიურ ბარბაროსობისაგან და შემოსევისაგან.

აქედან თქვენ ხედავთ, რომ 26 მაისის აქტი არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, მოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის, ან პარტიის მიერ. არა, ბატონებო, ეს აქტი იყო ისტორიული აუცილებლობისა და ხალხის გულიდან ამოხეთქილი. ამ აქტით საქართველო გადაურჩა განადგურებას, ამ აქტის საშუალებით საქართველოში არ შემოსულა შეიარაღებული ძალა ჩვენს სამტროდ.


ფოტოზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა (1918-1921) და საქართველოს რესპუბლიკის (1990-2004) გერბი

ამ აქტით შემოვიდა, მართალია, შეიარაღებული ძალა ჩვენში, მაგრამ შემოვიდა ჩვენს საშველად და იმედი გვაქვს, და ვართ დარწმუნებული, რომ, თუ კიდევ შემოვიდა შეიარაღებული ძალა ჩვენში, ძალა ევროპიული - ეს ევროპიული შეიარაღებული ძალა იქნება ჩვენს სამოყვროდ და სამეგობროდ. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სულისკვეთება და ლტოლვილება, დაწყებული მეთერთმეტე საუკუნიდან იყო ის, რომ რამენაირად მოვშორებულიყავით აზიურ კულტურას და შევსულიყავით ევროპიულ კულტურაში. და ამიტომ ჩვენ არ გვქონია და არც გვექნება მტრული განწყობილება ევროპასთან და არც ევროპას ექნება ჩვენთან.

თუ კი გერმანიის ძველი რეჟიმის ჯარები აქ მოგვეპყრნენ სათუთად და ოდნავად არ შელახეს ჩვენი ერის სუვერენობა, მით უფრო ჩვენ მოველით ასეთ მოპყრობას ახალ გერმანიისაგან და იმ ქვეყნებისაგან, რომლის წარმომადგენელნი დღეს მოდიან ჩვენსკენ და რომლებმაც უკვე გუშინ ფეხი დაადგეს ჩვენს ტერიტორიაზე.

ასე რომ ჩვენ არ გვმართებს ცრემლთა ფრქვევა და არც უიმედობა მხოლოდ ერთი პირობით: ჩვენ უნდა ვიდგეთ მაგრად ჩვენ ისტორიულ გზაზე და უნდა ვთქვათ გადაჭრით და ხმამაღლა, რომ არ გვინდა არც ქაოსი, არც ბარბაროსობა, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი - სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან.

ჩვენ დღეს შეგვიძლიან შევიდეთ ევროპიულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ, სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ჩვენის ნებით არ გადავუხვევთ. მაგრამ გვეტყვიან ეს თქვენი მშვენიერი სურვილია და სურვილებით არავინ შესულა სამოთხეშიო. დიახ, ეს ჩვენი სურვილია, მაგრამ არა სურვილი უნიადაგო, არა ისეთი, რომელსაც არა ჰქონდეს თავისი საპატიო საბუთები. თუ ვინმე იფიქრებს, რომ ამ ჩვენი სურვილით, ასეთი მსუბუქის ბარგით ვაპირებთ ხალხთა შორის თანასწორობის მოპოვებას, ის უეჭველად შემცდარია.

არა, ჩვენ შეგვიძლიან თვით უსასტიკესი არეოპაგის წინაშეც წარვსდგეთ იმ საბუთებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ საბუთად ჩვენ გვაქვს 6 თვის ისტორია. მოხდა ერთი დიდი ფაქტი, ის ფაქტი, რომელსაც ვერ უარყოფს ვერავინ. ეს ფაქტი გახლავთ ის, რომ რუსეთის დიდი რევოლუცია, რევოლუცია თებერვლისა, მთელ რუსეთის უზარმაზარ სივრცეზე მხოლოდ აქ, საქართველოში განმტკიცდა, აქ შეისხა სისხლი და ხორცი.

თებერვლის მოპოვებულმა თავისუფლებამ ააფორიაქა მთელი რუსეთი, ააფორიაქა ყველა ხალხი. იქ გამოიწვია განაწილება იმ გვარად, რომ ერთი მხრივ, აამუშავა ანარქია და მეორე მხრივ, აამუშავა რეაქცია.

მარტო აქ, საქართველოში ამ თავისუფლებამ იპოვა თავისი ღირსეული პატრონი და გონიერი მოყვარენი, მან ვერ გააქანა ჩვენი ხალხი ვერც ანარქიისა და ვერც რეაქციისაკენ. დემოკრატია მხოლოდ აქ იშვა და აქ დაეპატრონა ქვეყანას. ერთი წლის რევოლუციის ქარტეხილმა აქ გამოსჭედა ხალხი თავისთავის პატრონი და თავისთავის მმართველი. აქ, მხოლოდ აქ აღმოჩნდა დემოკრატია ისეთი ძლიერი, რომ არ გადასცდა თავის ისტორიულ გზას და არ აჰყვა არც ერთ იმ გზებს, რომელნიც გამოჩნდნენ შემდეგ თვეებში, და რომელთაც გამოიწვიეს რუსეთის აფორიაქება. თავისუფლება მხოლოდ ჩვენში არ აღმოჩნდა მტერი წესიერებისა. წესიერებამ მხოლოდ ჩვენში ჰპოვა ფესვები თავისუფლებისა. მოსპეთ ეს თავისუფლება და გაჩაღდება დიდი არევ-დარევა. მოსპეთ წესრიგი და მოისპობა თავისუფლება. და საქართველოში აი ამ ორ ელემენტების შედუღება, თავისუფლება და მოქალაქეობრივი წესრიგი, ამ ორი ელემენტის შედუღება ქმნის ჩვენს ხალხისაგან პოლიტიკურ დემოკრატიას. და აი სწორედ ამ სუბუთით ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უკვე ხალხი ევროპიული და დემოკრატიული. აქედან თქვენ ხედავთ, და ეს უნდა დაინახოს ჩვენმა მტერმა და მოყვარემაც, რომ ჩვენ არა მარტო გვინდა ვიყვეთ დამოუკიდებელნი, არამედ ჩვენ შეგვიძლიან ვიყვნეთ დამოუკიდებელნი!

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მივმართეთ ყოველივე ზომებს, რომ ამ ჩვენს დამოუკიდებლობას მისცემოდა იურიდიული და კონსტიტუციური ნორმები. ჩვენი პარლამენტი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი უწყებანი ამ საქმიან მუშაობაში არიან. თქვენ იცით, რომ 6 თვის წინად ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოს შენება თითქმის ცარიელ ადგილიდან.

წინად იყო ბრძოლა თავისუფლებისათვის, ბრძოლა რევოლუციისათვის, არ იყო დრო, რომ ჩვენ არ გვემუშავნა აღმშენებლობის საქმეზე.

ამ უკანასკნელ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევუდექით მოპოვებულ თავისუფლების კონსტიტუციურ კალაპოტში ჩამოყალიბებას. ჩვენ ამ 6 თვის განმავლობაში მოვაწყვეთ აპარატი ადმინისტრაციული, შემოვიღეთ ერობა, მოვახდინეთ აგრარული რეფორმა და რაც უფრო საყურადღებოა, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ჩვენს ნორჩ სახელმწიფოს ჰქონოდა საკმარისი ქონება, რომ შეძლოს ფართე სახელმწიფოებრივი მეურნეობა დაიწყოს. და უნდა ვსთქვათ, ამ მხრივ ჩვენი პატარა რესპუბლიკა შეადგენს დიდ გამონაკლისს. არა მგონია, რომ რომელიმე არამც თუ პატარა, არამედ დიდ რესპუბლიკას ჰქონდეს იმდენი უძრავი ქონება რამდენიც დღეს ჩვენს რესპუბლიკას აქვს. ჩვენ მოვაწყვეთ ამ ექვსი თვის განმავლობაში ჯარი, ტამოჟნები, შევიმუშავეთ ახალი გადასახადების სისტემა, საუკეთესო მიმოსვლა, გავამრავლეთ ფოსტა-ტელეგრაფი თითქმის ორჯელ და მრავალ მაზრებსა და სოფლებში გავიყვანეთ ტელეფონები. გარდა ამისა ჩვენ მივაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება იმას, რომ ხალხი დაგვეკავშირებინა სწავლა-განათლებასთან მის სამშობლო ენით. გავამრავლეთ სახალხო სკოლები იქ, სადაც არ იყო, შევქმენით პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ერთი სიტყვით, ჩვენ მივიღეთ ყოველნაირი ზომები, რომ ჩვენი სახელმწიფო მართლა დამსგავსებოდა სახელმწიფოს და არავის არ ეთქვა ჩვენთვის, თქვენ ერთ ადგილას იდექითო.

ჩვენ მივაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება სამართლის შექმნას გასაგებ ენაზე. მოვახდინეთ სასამართლოს სრული რეორგანიზაცია.

აი მოკლედ ის, რასაც ვაკეთებდით ამ ექვსი თვის განმავლობაში, რის უკანასკნელი სიტყვაც ეკუთვნის დამფუძნებელ კრებას, რომელიც იქნება საქართველოში ამ ახლო ხანაში მოწვეული.

მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო აგრეთვე ერთ გარემოებას. ჩვენ აქ მოგვიხდა მუშაობა არა მარტო საქართველოს მაგიერ, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თვით რუსეთის მაგიერ, ჩვენ მოგვიხდა მუშაობა რუსეთისათვის.

ჩვენი მტრები ავრცელებენ ხმებს, ეს იბეჭდება არა აქ, არამედ იქ, სადაც მაინცა და მაინც ჩვენს ოჯახზე არა იციან რა, რომ ჩვენ აღვმართეთ ერთნაირი დევნა რუსების, განსაკუთრებით რუსების ოფიცრების წინააღმდეგ. ეს საბუთი არის მთავარი საბუთი ჩვენი მტრების ხელში. ჩვენ შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველოდან დიდად ღირსეულად გავაცილეთ რუსეთი და მისი აქ მყოფი წარმომადგენლები.

აქ გვაქვს ციფრები, რომლის წინაშეც უნდა დადუმდნენ ყველა ორგულნი და ცილის მწამებელნი.

26 მაისიდან 20 ნოემბრამდის ჩვენ დავხარჯეთ რუსეთის მაგივრად შემდეგი თანხები: ჩვენ მოვახდინეთ ფრონტის და ფრონტთან დაკავშირებული დეწესებულებების ლიკვიდაცია. თბილისის ხაზინიდან ამისათვის გავიღეთ 21 მილიონ 22 ათასი მანეთი, საველე ხაზინიდან 9 მილიონ 791 ათასი, სენაკის ხაზინიდან გავიდა 1 მილიონი, ფოთის ხაზინიდან გავიდა 736 ათასი მანეთი, ფოსტა ტელეგრაფის ოლქიდან 512 ათასი მანეთი. გარდა ამისა, იმ მიმდინარე ანგარიშებიდან, რომელიც აქ ჰქონდათ წინანდელ ხაზინის წარმომადგენლებს, ამ მიმდინარე ანგარიშებიდან გავიდა 1 მილიონ 436 ათასი მანეთი; რკინის გზიდან გავიდა 1 მილიონ 20 ათასი. სულ ამნაირად ჩვენ ამ ფრონტის და ფრონტთან დაკავშირებულ სხვა და სხვა დაწესებულებების ლიკვიდაციას მოვახმარეთ 26 მაისიდან 20 ნოემბრამდის 35 მილიონ 517 ათასი მანეთი. ამის გარდა, ჩვენ მივეცით ოჯახებს სამხედრო პირთა 1 მილიონ 32 ათასი.

ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე საქმეზე და უნდა ვთქვათ, რომ რაც ჩვენ აქ ვქენით, არც ერთ კუთხეს რუსეთისას არ უქნია ასე. თქვენ კარგად იცით აუარებელი ფული იყო დაგროვილი შემნახველ კასებში და ბანკებში. უნდა ვთქვათ, რომ ეს სულყველა წაღებული იყო პეტროგრადში, იქ დაიხარჯა ომის საჭიროებისათვის. აგრეთვე ბანკებში შენახული ფული იყო წაღებული მოიჯარადეთათვის სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ეს ფულიც დაიხარჯა. და აი ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ ეს შემნახველი კასები, ეს ბანკები. ჩვენ ვიკისრეთ და მივეცით ამ შემნახველ კასებს 10 მილიონი მან., კერძო ბანკებს 28 მილიონი. აგრეთვე ჩვენ მივეცით სახელდახელო ანგარიშების გასასწორებლად ბანკს და სახელმწიფო ხაზინას 23 მილიონი. ერთი სიტყვით, რუსეთის მაგიერ დავხარჯეთ 6 თვეში 98 მილიონ 244 ათასი.

აი ბატონებო, ამის შემდეგ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ აქ ვინმე გავდევნეთ, ვისმეს უდიერად მოვექეცით და აქედან ჩვენი დამოუკიდებლობა ვიხმარეთ სხვის სამტროდ.

აი ბატონებო, ეს ციფრები აშკარად ღაღადებენ იმას, რომ ჩვენ თვითონ ღარიბმა ერმა და ასე ვთქვათ მჭლე ხაზინამ მიუხედავად თავის სიღარიბისა 98 მილიონი მანეთი გადავდეთ სხვის საჭიროებისათვის. და თუ მაინც ჩვენ ცილს გვწამებენ, და თუ მაინც სწერენ და ამბობენ რომ ჩვენ აქიდან ვერეკებით, გავრეკეთ ძალით ვინმე, ამის მიზეზი სულ სხვაა. ეს გამომდინარეობს მტრობით ჩვენი დამოუკიდებლობისადმი, მათ ალაპარაკებთ შოვინისტური და სხვ. რეაქციონური სულისკვეთება. მაგრამ აქ ვიტყვით: ხელი შორს, ნურას უკაცრავად. მხოლოდ აქ, ჩვენ, საქართველოში შევძელით შეგვექმნა ერთნაირი პოლიტიკური თავისუფალი და წესიერი მართვა-გამგეობა. მხოლოდ დაუძინებელ მტერს თავისუფლებისას და დამოუკიდებლობისას შეუძლიან გვითხრას: აიღეთ ხელი და გადაეშვით შორს, იქ გამოუცნობ ქაოსში და იქ რაღაც რეაქციის მხარეში, ჩვენ ამას არ ვიზამთ და ჩვენ ამას ვერ ვიზამთ.

ჩვენ გვსურს უეჭველად ჩვენებური წესწყობილება იყოს, როგორც რუსეთში, ისე მოსაზღვრე მეზობელ ერებში. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით რუსეთის, ნამდვილ რუსეთის აღდგენისა. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი მოძმე რესპუბლიკები და ერები იყვნენ უკეთ პირობებში და შექმნან ისეთი წესწყობილება, რომელიც არის აქ ჩვენში. მერე ეს განა მოითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მოვკლათ. არა, დემოკრატიული წესწყობილება არსად არ მოითხოვს, რომ მეორე სახელმწიფოს დემოკრატია დაიჩაგროს. ვინც ასე ფიქრობს ისინი არ არიან დემოკრატები. იმათ არაფერი არა აქვთ საერთო დემოკრატიასთან. ისინი, უეჭველია, სხვა მიზნებით, სხვა სურვილებით არიან გატაცებულნი. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ სურვილების წინააღმდეგ მივიღებთ ყოველნაირ საშუალებას, რომ სურვილები დარჩნენ მათში მხოლოდ და მხოლოდ სურვილებად. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ყოველთვის გვექნება მჭიდრო ეკონომიური და პოლიტიკური კავშირი. მხოლოდ მათგან ჩვენ მოვითხოვთ ერთ პირობას: როგორც ჩვენ ვცნობთ მათ სახელმწიფოდ, ისე მათ სახელმწიფო ჩვენი უნდა იცნონ სახელმწიფოდ და უნდა გამართონ მოლაპარაკება ჩვენთან და ჩვენ მათთან, როგორც თანასწორმა თანასწორთან.

რაც გვსურს ჩვენ ჩვენთვის - ის გვსურს სხვებისათვის. აი ამ მოკლე მცნებით არის გამსჭვალული ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ვერავის შეუძლიან და ვერც დაგვწამებს, რომ ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ამოძრავდა რომელიმე დამოუკიდებლ რესპუბლიკის ან რომელიმე ერის წინააღმდეგ.

მხოლოდ ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში. საქართველოს რესპუბლიკა იარსებებს, თუ ჩვენ შიგნით და გარეთ ამ ნიადაგზე მტკიცედ ვიქნებით.

გისურვებთ თქვენ და ჩვენ შეგვიძლიან უსურვოთ ჩვენს შთამომავლობას, რომ 26 მაისის აქტი გადაიქცეს მუდმივ დღესასწაულად.

ეს აქტი არის აქტი გამარჯვებისა საქართველოს დემოკრატიისა და მისი თავისუფლებისა.

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, საქმე 72, ფურცლები 1-4, მანქანაზე ნაბეჭდი ასლი.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."