ქართულ
პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით პირველი ნაბიჯი მხოლოდ 1917
წლის აპრილის დამდეგს გადაიდგა. აპრილში შესაძლებელი გახდა საქართველოს
პირველი და მეორე ინტერპატიული კრებების ჩატარება. ამ კრებებზე
წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები,
სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად
უთანხმოებისა და ზოგიერთი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა
ინტერპარტიულმა კრებებმა შეძლეს სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა.
ეს პროგრამა შემდგომში პერიოდულად იხვეწებოდა. უნდა აღინიშნოს,
რომ 1917 წლის აპრილიდან მომდევნო თვეებში ინტერპარტიული კრების
მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა ორგანიზაციული თვალსაზრისით
გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და 1917 წლის აგვისტოში საქართველოს
ინტერპარტიული საბჭო შექმნეს. არც საქართველოს პირველ და მეორე
ინტერპატიულ კრებებზე და არც საქართველოს ინტერპატიულ საბჭოში,
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი
არ დასმულა. ეს ძირითადად განპირობებული იყო სოციალისტური ორიენტაციის
ძალების (სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, სოციალისტ-რევოლუციონერების)
პრორუსული ორიენტაციით. თუმცა დამკვიდრებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ
უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხანებში არც ეროვნულ-დემოკრატებს წამოუყენებიათ
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა.
ყველაზე რადიკალური მოთხოვნა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში
ფართო უფლებებით აღჭურვილი საქართველოს ავტონომიის შექმნა იყო.
ეროვნულ-დემოკრატებმა რუსეთთან კონფედერაციული კავშირის დამყარების
იდეაც წამოაყენეს, მაგრამ როგორც პოლემიკიდან გაირკვა ეს კონფედერაცია
არსით იგივე ფართო უფლებებით აღჭურვილ ავტონომიურ ერთეულს უტოლდებოდა,
ანუ პრაქტიკულად ეროვნულ-დემოკრატებიც რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში
ფართო უფლებებით აღჭურვილი საქართველოს ავტონომიის იდეას უჭერდნენ
მხარს. სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად განსაკუთრებით თვალშისაცემი
იყო ის, რომ თავდაპირველად ძალზე პოპულარული იყო რუსეთის შემადგენლობაში
არა საქართველოს ავტონომიური, არამედ ამიერკავკასიის ავტონომიური
ერთეულის შექმნის იდეა.
ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ცხარე პოლემიკას დასასრული არ უჩანდა,
როცა უკვე მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება.
1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა პეტროგრადში კონტრრევოლუციური
სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს და რუსეთის კანონიერი
დროებითი მთავრობა დაამხეს. დროებითი მთავრობის სამართალმემკვიდრე
საბჭოთა რუსეთის მთავრობა იმთავითვე შეუდგა რუსეთის ყოფილი იმპერიის
ტერიტორიაზე ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნას. ეს თავისთავად
ნიშნავდა, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა, მისი პოლიტიკური ლიდერები
(ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი, ლევ ტროცკი და სხვ.) სამკვდრო-სასიცოცხლოდ
დაუპირისპირდებოდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ეროვნული
სახელმწიფოებრიობის შექმნისათვის მებრძოლ ძალებს, მათ შორის
ქართულ ეროვნულ მოძრაობას. რუსული ბოლშევიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების
ბუნების კარგად მცოდნე ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების _ ნოე
ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგეჭკორისა
და სხვათა ინიციატივით მოხდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ძალთა
გაერთიანება და 1917 წლის 15 ნოემბრიდან თბილისში ფუნქციონირებას
შეუდგა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო -
ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი).
ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ
პოლიტიკურ მოღვაწეებს სურდათ წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის
მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს
დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის
გავრცელებას. ამიერკავკასიის კომისარიატი არ ცნობდა საბჭოთა
რუსეთის მთავრობას თუმცა შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოთა ხელისუფლების
დამხობის შემდეგ რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოში ამიერკავკასიის
ავტონომიური ერთეულის არსებობა.
ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას
წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს (თავმჯდომარე
აკაკი ჩხენკელი) ინიციატივით მოწვეული საქართველოს პირველი
ეროვნული ყრილობა. ყრილობა 1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა
თბილისში. იმის გამო, რომ ყრილობაზე სოციალისტური ორიენტაციის
ძალები (სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები) სჭარბობდნენ
ეროვნულ ძალებს (ეროვნულ-დემოკრატებს, უპარტიოებს) ყრილობამ
პრორუსულ ორიენტაციას დაუჭირა მხარი. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც
პრორუსულ ორიენტაციაზე იყო საუბარი იგულისხმებოდა არა საბჭოთა,
ბოლშევიკური რუსეთი, არამედ დემოკრატიული რუსეთი. ყრილობაზე
ისიც აღინიშნა, რომ თუ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება არ დაემხობოდა
და დემოკრატიული წყობილება არ გაიმარჯვებდა, მაშინ უნდა მოწვეულიყო
საქართველოს დამფუძნებელი კრება. ყრილობის დოკუმენტებში არ ჩაწერილა,
მაგრამ სავსებით ცხადი იყო, რომ დამფუძნებელ კრებას უნდა დაკისრებოდა
ერთადერთი მისია - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენა. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ამ იდეის რეკლამირება
მაშინ არ ხდებოდა.
საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ პრორუსული ორიენტაციის
დადასტურება შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული. იმ ხანად
ოსმალეთის (თურქეთის) არმიის შემოტევისაგან საქართველოსა და
მთელ ამიერკავკასიას რუსეთის არმია იცავდა. პირველი ეროვნული
ყრილობის დელეგატების ის ნაწილი, რომელნიც პრორუსულ ორიენტაციას
უჭერდა მხარს და საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის იდეის
რეკლამირებას არ ახდენდა ამტკიცებდა, რომ ანტირუსული ლოზუნგებით
შეიძლებოდა რუსეთის კავკასიის არმიაში მღელვარების გამოწვევა.
ამის საბაბი ნამდვილად იყო. ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნა
რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ რუსეთისაგან საქართველოს
გამოყოფად აღიქვა, არმიის სარდლობა იმუქრებოდა, რომ ფრონტის
ხაზს მიატოვებდა და არმიას რუსეთში დააბრუნებდა. თბილისიდან
სპეციალურად გაგზავნილმა პოლიტიკოსებმა შეძლეს რუსი გენერლების
დარწმუნება, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი არ ცნობდა და ემიჯნებოდა
მხოლოდ საბჭოთა რუსეთის მთავრობას და არა მომავალ დემოკრატიულ
რუსეთს. პირველ ეროვნულ ყრილობაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის იდეის ღიად და ფართოდ რეკლამირება ქართველი
პოლიტიკოსების უმრავლესობამ საშიშად მიიჩნია. ისინი თვლიდნენ,
რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის წამოყენების შემთხევაში
რუსეთის არმია ან ფრონტის ხაზს მიატოვებდა და საქართველოს ტერიტორიას
დატოვებდა, რაც გზას გაუხსნიდა ოსმალეთს საქართველოს ოკუპაციისათვის
ან რუსეთის არმია თვითონ მოახდენდა საქართველოს ოკუპაციას. რუსეთის
არმიის კეთილგანწყობის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. მართალია
ამ დროისათვის რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობა არ სცნობდა
საბჭოთა რუსეთის მთავრობას, მაგრამ არავინ არ იცოდა რა პოზიციაზე
დადგებოდა არმია მომავალში. სწორედ ამ რეალურ საფრთხეს გაუწიეს
ეროვნულ-დემოკრატებმა ანგარიში, როცა მათთვის არასასურველ პრორუსულ
ორიენტაციას დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს
ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია
გახდა. გარდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებისა ეროვნულ საბჭოში
არჩეული იქნენ უკვე იმხანად და მომავალში ცნობილი ქართველი მეცნიერები:
დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე წერეთელი, გრიგოლ ნათაძე,
ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა მიქელაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.
საქართველოს მომავალი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე თუ როგორ
განვითარდებოდა მოვლენები რუსეთსა და მსოფლიოში. საბჭოთა რუსეთის
მთავრობა არც მალავდა თავის მტრულ დამოკიდებულებას ქართული ეროვნული
მოძრაობისადმი, ბოლშევიკები რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე უნიტარული
სახელმწიფოს შექმნას ესწრაფოდნენ, მათთვის მიუღებელი იყო რუსეთის
ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე არა მარტო ეროვნული სახელმწიფოების
აღმოცენება, არამედ რუსეთის შემადგენლობაში ეროვნული ავტონომიური
ერთეულებისა და ფედერაციული ოლქების შექმნაც კი. სამწუხაროდ
პირველი მსოფლიო ომის პირობებში ევროპის დიდი სახელმწიფოები
საქართველოს ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ. ეს აშკარად გამოჩნდა
1917 წლის 8 დეკემბერს თბილისში ანტანტის (ინგლისი, საფრანგეთი,
აშშ) დიპლომატთა და სამხედრო სპეციალისტთა ვიზიტის დროს. საქართველოს
ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შეხვედრისას ევროპელმა
დიპლომატებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის
იდეას მხარს ვერ დაუჭერდნენ, ხოლო ოსმალეთის აგრესიის შემთხვევაში
ქართველებს ვერც შეიარაღებით და ვერც ფულით ვერ დაეხმარებოდნენ.
საბჭოთა რუსეთმა მალე გამოაჩინა ნამდვილი სახე. ბოლშევიკური
აგიტაციის შედეგად რუსეთის კავკასიის არმია გაიხრწნა და უმართავ
ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა სწორედ ამ
სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის
იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის
ხაზნი მიატოვეს და თბილისისაკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ, ახლად შექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა
ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის
არმიის შეჩერება. რუსები იძულებული გახდნენ თბილისის ოკუპაციაზე
ხელი აეღოთ და ბაქოსაკენ დაიხიეს. რუსეთის ვერაგული გეგმები
საქართველოს მიმართ მალე სხვა მხრივაც გახდა საცნაური. 1918
წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთმა გერმანიის იმპერიასთან
და მის მოკავშირეებთან (ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი)
დადო სეპარატიული ზავი. ზავის პირობების თანახმად რუსეთის არმიას
უპირობოდ უნდა დაეტოვებინა ოსმალეთის ოკუპირებული ტერიტორია
(ანატოლია). რაც შეეხება საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილს
(იმჟამინდელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფით ბათუმის, ყარსის
და არტაანის ოკრუგებს), რომელიც 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში იყო, რუსეთის არმია ასევე ტოვებდა. ამ ოკრუგების
მოსახლეობას ოსმალეთთან და რუსეთთან შეთანხმებით თავად უნდა
გაერკვია საკითხი თუ რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში სურდა
ცხოვრება. ზავის პირობებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ხსენებული
ოკრუგების თვითგამორკვევის პროცესში უპირატესობა ოსმალეთს ენიჭებოდა.
ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები
არ სცნო. იგი ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოკრუგებზე იურისდიქციის
დათმობას არ აპირებდა. ოსმალეთს ომის გარეშე უნდოდა აღნიშნული
ტერიტორიების ხელში ჩაგდება. 1918 წლის 14 მარტს ტრაპიზონში
დაიწყო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი
მეთაურობდა. პრაქტიკულად ოსმალეთი მოლაპარაკების გამართვას არც
აპირებდა. ოსმალეთის დელეგაციის მეთაურმა პირდაპირ განაცხადა,
რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ის რუსეთის
ნაწილია და რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება უნდა სცნოსო. ტრაპიზონში
ამიერკავკასიის დელეგაციას მოსთხოვეს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების
უპირობოდ ცნობა. ვითარება დაიძაბა. ამ დროისათვის უკვე თბილისში
შეკრებილი იყო ამიერკავკასიის პარლამენტი _ სეიმი, რომლის თავმჯდომარედაც
კარლო ჩხეიძე იქნა არჩეული. ამიერკავკასიის სეიმმა ოსმალეთთან
მოლაპარაკების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის საპასუხოდ
ოსმალეთის არმია შეტევაზე გადმოვიდა და 1918 წლის 1 აპრილს ბათუმი
დაიკავა. ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს ოკუპაციაც მოახდინეს.
1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი
სახელმწიფოს _ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის
შექმნა. ამის შემდეგ ოსმალეთს ვეღარ უნდა წამოეყენებინა ის არგუმენტი,
რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო. ამიერკავკასიის
დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა
ბათუმში, რომელიც იმხანად უკვე ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული.
ბათუმში პრაქტიკულად დელეგაციათა დონეზე ერთადერთი შეხვედრა
გაიმართა 1918 წლის 11 მაისს. შემდგომ დღეებში მიმდინარეობდა
კერძო შეხვედრები. ამიერკავკასიისა და ოსმალეთის დელეგაციის
შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის იმპერიის წარმომადგენელი გენერალი
ოტო ფონ ლოსოვი. ოსმალებმა ამჯერად ახალი პრეტენზია წამოაყენეს:
მართალია ამჟამად ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფოა,
მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების დადების მომენტში იგი
დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო, ამიტომ ამიერკავკასიის დელეგაციას
არა აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების შეცვლა.
უფრო მეტიც, ოსმალებმა მოთხოვნები კიდევ უფრო დაამძიმეს. ოსმალეთის
დელეგაცია ითხოვდა ომის შემთხვევაში ჯარების გადასაყვანად ამიერკავკასიის
რკინიგზის თავისუფლად გამოყენების უფლებას. ვითარება უკიდურესად
დაიძაბა. ოსმალეთის არმია მდინარე ჩოლოქთან იდგა. ოკუპირებული
იყო მთელი სამხრეთ საქართველო ბორჯომამდე. ოსმალეთის არმიის
შემოტევის შეჩერებისათვის აუცილებელი სამხედრო ძალა ქართველებს,
სომხებს და აზერბაიჯანელებს არ გააჩნდათ, უფრო მეტიც აზერბაიჯანი
ოსმალეთს აგრესორად არც განიხილავდა.
ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ
ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრნიდა. სულ
უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები
ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ.
გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ
ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისაგან ამიერკავკასიის
ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა
სურდათ მათ უნდა გამოეცხადებინათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა,
ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო
ფონ ლოსოვი ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა
გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.
აკაკი ჩხენკელმა 1918 წლის 12 მაისით დათარიღებულ ბათუმიდან
გამოგზავნილ ორ წერილში საქართველოს ეროვნულ საბჭოს შექმნილი
ვითარების თაობაზე მოახსენა. იგი ეროვნულ საბჭოს აფრთხილებდა:
საქართველოსათვის ოსმალეთთან ომის წარმოება დამღუპველი იყო.
ამასთან ერთად აკაკი ჩხენკელი ეროვნულ საბჭოს სთავაზობდა გერმანოფილური
საგარეო-პოლიტიკური კურსის აღიარებას. თბილისში თითქმის ყოველ
დღე იმართებოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი სხდომა.
1918 წლის 14 მაისს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი
კომიტეტის სხდომა. სხდომას დაესწრნენ: გიორგი ლასხიშვილი, გიორგი
გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე ხომერიკი,
პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე. მოწვეული
სტუმრის სტატუსით სხდომას ესწრებოდნენ შალვა მესხიშვილი, გერონტი
ქიქოძე და აკაკი პაპავა. სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი,
მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ
გაანალიზა შექმნილი ვითარება და ბათუმში აკაკი ჩხენკელს სახელმძღვანელოდ
გაუგზავნა შემდეგი მითითებები:
1) ეცნობოს ბათუმის საზაო მოლაპარაკებაზე გერმანიის იმპერიის
წარმომადგენელს გენერალ ოტო ფონ ლოსოვს, რომ ეროვნული საბჭოს
თხოვნაა გერმანიამ ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს;
2) ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოვს რათა სათანადო ღონისძიებანი
გაატაროს ჩრდილო კავკასიაში გერმანიის ჯარების წინსვლის დასაჩქარებლად,
რათა შესაძლებელი გახდეს გერმანიის ჯარებთან კავშირის დამყარება;
3) ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოვს ხელი შეუწყოს გერმანიაში
მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეების საქართველოში ორგანიზებულად
დაბრუნებას;
4) ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოვს ვიდრე გერმანიიდან ქართველი
სამხედრო ტყვეების დაბრუნების საქმე მოგვარდებოდეს, მოხდეს საქართველოში
მყოფი გერმანელი ტყვეების სამხედრო რაზმად ორგანიზება გერმანელი
ოფიცრის მეთაურობით, რათა საჭიროების შემთხვევაში გერმანელთა
სამხედრო ძალა გამოყენებული იქნას საქართველოში შინაური წესრიგის
დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად.
მოგვიანებით გერმანელი სამხედრო ტყვეებისაგან შედგენილი რაზმი
გერმანელი ოფიცრის მეთაურობით გადაყვანილი იქნა გურიის ტერიტორიაზე,
სადგურ ნატანებთან, ხოლო შემდეგ მდინარე ჩოლოქის ნაპირას. ჩოლოქის
მარცხენა სანაპიროზე მდგარმა ოსმალეთის არმიის ნაწილებმა ვერ
გაბედეს გერმანიის იმპერიის არმიის ფორმაში გამოწყობილი გერმანელი
სამხედრო ტყვეებისაგან შექმნილი სამხედრო დანაყოფის წინააღმდეგ
საბრძოლო ოპერაციის დაწყება.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გერმანოფილური ორიენტაციის
აღიარება შექმნილ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალი
იყო. ოსმალეთი გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა, ამიტომ მას
ანგარიში უნდა გაეწია გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებისათვის.
გერმანოფილური ორიენტაციის საქართველოს ოსმალეთის მხრიდან აგრესიული
ქმედებების შიში აღარ უნდა ჰქონოდა. სხვა სახელმწიფოების დახმარებით
ოსმალეთის საფრთხის განეიტრალება შეუძლებელი იყო. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ გერმანიის დაინტერესებას საქართველოთი ასევე
გარკვეული საფუძველი გააჩნდა. გერმანიას კავკასიასა და მახლობელ
აღმოსავლეთში პოზიციები არ გააჩნდა. მახლობელ აღმოსავლეთში პოზიციის
მოპოვებისათვის საქართველო გერმანიისათვის წარმოადგენდა პლაცდარმს.
სწორედ აქედან შეიძლებოდა დაეწყო გერმანიას მისი კონკურენტების
შევიწროება მახლობელ აღმოსავლეთში. საქართველო მით უფრო ფასობდა
გერმანიისათვის, რომ სომხეთს ანგლოფილური, ხოლო აზერბაიჯანს
თურქოფილური ორიენტაცია ეკავა. გერმანიის დაინტერესებას საქართველოთი
ზრდიდა ისიც, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში თანდათან ძლიერდებოდა
ანტირუსული განწყობილება.
1918 წლის მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ წერილში აკაკი ჩხენკელი
ეროვნულ საბჭოს არწმუნებდა, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო
სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელი იყო. ამასთან ერთად ქართველი
დიპლომატი აღნიშნავდა, რომ ინგლისის დახმარებით ოსმალეთის შეჩერება
არარეალური იყო. აკაკი ჩხენკელი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ
ხსნის ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
იყო. 1918 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია,
გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი,
ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ გობეჩია, კონსტანტინე
მესხი. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: იასონ
ლორთქიფანიძე და შალვა მესხიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა
ნოე ჟორდანია, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. სხდომამ განიხილა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების
მომზადების საკითხი. დამოუკიდებლობის გამოცხადების მოსამზადებლად
შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნოე რამიშვილი,
დავით ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი.
სამთა კომისია ენერგიულად შეუდგა მუშაობას და მეორე დღისათვის
უკვე მზად ჰქონდა სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის განსახილველად
და დასამტკიცებლად 1918 წლის 17 მაისს კვლავ შეიკრიბა საქართველოს
ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხდომას დაესწრნენ:
გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი
გვაზავა. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: დავით
ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი, პოლკოვნიკი
კარგარეთელი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე. შექმნილ ურთულეს
სამხედრო პოლიტიკურ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დამოუკიდებლობის
გამოცხადების დღისათვის თბილისის დაცვას. სწორედ ამიტომ იყო,
რომ სამთა კომისიამ აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე დააყენა
საკითხი: 1) ვისთვის ჩაებარებინათ თბილისის დაცვა; 2) რომელი
ორგანო უხელმძღვანელებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების
საქმეს. აღმასრულებელმა კომიტეტმა მსჯელობის შემდეგ მიიღო შემდეგი
დადგენილება: 1.თბილისში გამოცხადდეს სამხედრო (ან საალყო) წესები;
2. თბილისის კომენდანტად და გარნიზონის უფროსად დაინიშნოს გენერალი
ვლადიმერ ახმეტელი, ხოლო მის მოადგილედ პოლკოვნიკი ნაქერელიძე.
გენერალმა ვლადიმერ ახმეტელმა და პოლკოვნიკმა ნაქერელიძემ იმუშაონ
ქართული კორპუსის მეთაურის გენერალ ვასილ გაბაშვილის ხელმძღვანელობით.
3. დამოუკიდებლობის გამოცხადებას უხელმძღვანელოს იგივე სამთა
კომისიამ, რომელმაც უნდა იმოქმედოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი
კომიტეტის ხელმღძვანელობით.
ბათუმში ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. ოსმალეთის დელეგაცია კომპრომისზე
არ მიდიოდა, კომპრომისზე არ მიდიოდა არც ამიერკავკასიის დელეგაცია.
აკაკი ჩხენკელს რამდენიმე კერძო შეხვედრა ჰქონდა გენერალ ოტო
ფონ ლოსოვთან. გენერალმა დაადასტურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემთხევაში იგი შუამდგომლობას აღძრავდა გერმანიის
იმპერიის მთავრობის წინაშე, რათა ამ უკანასკნელს ეკისრა საქართველოს
დაცვა. 1918 წლის მაისის შუა ხანებისათვის ასეთი ვითარება იყო
შექმნილი: სომხეთის უდიდესი ნაწილი ოსმალეთის ჯარების მიერ იყო
ოკუპირებული, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ასევე
ოსმალეთის ჯარების ეკავა, აზერბაიჯანი ოსმალეთის წინააღმდეგ
მებრძოლ ძალად არ განიხილებოდა. ოსმალეთის ხელისუფლებამ კარგად
იცოდა, რომ თუ საქართველო გერმანიის გარანტით სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენას გამოაცხადებდა, მაშინ საქართველოს
ოკუპაცია ოსმალეთისათვის გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭებას
ნიშნავდა. ცხადია, მოვლენათა ასეთი განვითარება ოსმალეთს ხელს
არ აძლევდა. ამიტომ არსებობდა საფრთხე, რომ ოსმალეთს საქართველო
მანამდე დაეპყრო სანამ იგი გერმანიის გარანტით დამოუკიდებლობას
გამოაცხადებდა. ამ საფრთხის თაობაზე აკაკი ჩხენკელი მთელი კატეგორიულობით
აფრთხილებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და დამოუკიდებლობის
გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ვითარებაში
ვერ გაერკვა და საკმაოდ გულუბრყვილი კითხვა დასვა: რა მნიშვნელობა
აქვს ოსმალეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაგვიპყრობს,
თუ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ? ამაზე აკაკი ჩხენკელი
თავის წერილში პასუხობდა: თუ ოსმალეთმა საქართველო სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიპყრო საერთაშორისო სამართლის
თვალსაზრისით ის დაიპყრობს რუსეთის სახელმწიფოს ნაწილს; დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ ოსმალეთის მიერ საქართველოს დაპყრობა განიხილება,
როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დაპყრობა და ამდენად საქართველოს
ექნება სამართლებრივი საფუძველი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის
ბრძოლაში.
თბილისში ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც
ფრეილინის ქუჩაზე (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა)
მდებარეობდა დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა. აკაკი ჩხენკელის
მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი ეროვნულ საბჭოში
24 მაისს მიიღეს. შექმნილი ვითარების შეფასების მიზნით დაინიშნა
საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა,
რომელიც 25 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ:
ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე
გვარჯალაძე, ნოე ხომერიკი, ალექსანდრე ლომთათიძე, სილიბრისტრო
ჯიბლაძე, შალვა მესხიშვილი, კონსტანტინე მესხი, ნოე რამიშვილი,
იასონ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ჟურული, ალექსანდრე
ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, დიმიტრი ვაჩნაძე, გიორგი გვაზავა,
ირაკლი წერეთელი, ევგენი გეგეჭკორი, კარლო ჩხეიძე, ვლადიმერ
გობეჩია. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მდივნობდა ნახუცრიშვილი.
ნოე ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ
გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი თხოულობდა საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. შემდეგ ნოე ჟორდანიამ
განმარტა, რომ 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო
ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის
დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას. სომხების და აზერბაიჯანელების
მოთხოვნით სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისათვის. ნოე
ჟორდანიამ შემოიტანა შემდეგი წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა
გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა
ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს. ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი
კომიტეტის რამდენიმე წევრმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყონებლივ - 25 მაისს. ასეთი
გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა ნოე ჟორდანია. თავისი მოსაზრება
მან ასე დაასაბუთა: სანამ არ დაშლილა ამიერკავკასიის ფედერაცია
შეუძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან
მოხდება ისე, რომ ერთი და იგივე ტერიტორიაზე იმოქმედებს ორი
მთავრობა. ბოლოს გაიმართა კენჭისყრა. კენჭი ეყარა საკითხს: საქართველოს
დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ. 25 მაისს დამოუკიდებლობის
დაუყონებლივ გამოცადებას ხმა მისცა 6 წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას
4 წევრმა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25 მაისს გამოცხადება
მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა რომ დამოუკიდებლობის აქტის
ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. ამის
გამო დამოუკიდებლობის გამოცხადება თავისთავად გადაიდო 26 მაისისათვის.
აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება
დაევალა ნოე ჟორდანიას. ეროვნილი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის
სხდომამ განსაზღვრა სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური
შემადგენლობა.
1918 წლის 26 მაისს რუსთაველის (გოლოვინის) გამზირზე მდებარე
კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა ამიერკავკასიის
სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე
დარბაზში, სადაც სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, 26 მაისს,
კვირას, ნაშუადღევის 4 საათზე და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით
გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდა
42 წევრი და 36 კანდიდატი. საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ნოე ჟორდანია. სიტყვის დამთავრების შემდეგ მან წაიკითხა "საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ ერთხმად, ყოველგვარი
შესწორების გარეშე, დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტი". აქტის პირველი მუხლი გვაუწყებდა: "ამიერიდან
საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო
სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა". დამოუკიდებლობის
აქტის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს წარუდგინა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა,
რომელიც უცვლელად დამტკიცდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა
ასეთი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: ნოე რამიშვილი
- მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მონისტრი,
აკაკი ჩხენკელი - საგარეო საქმეთა მინისტრი,
გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო მინისტრი, გიორგი
ჟურული - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი,
გიორგი ლასხიშვილი - სახალხო განათლების მინისტრი,
ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედებისა და შრომის
მინისტრი, შალვა მესხიშვილი - იუსტიციის მინისტრი,
ივანე ლორთქიფანიძე - გზათა მინისტრი.
საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა დასრულდა
ნაშუადღევის 5 საათზე და 55 წუთზე. სხდომის დასრულების შემდეგ
ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ტელეგრამით
ამცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დაბადება.
იხილეთ აი ია.-ს სპეციალური ნომერი:
http://ai-ia.info/pdf/AI-IA-Nr.4.pdf
|