მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მერაბ კოსტავა: თავისუფლება
საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო ჩემსავე თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.

მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდაუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფერად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

სარკმელის დამხანჯლავი სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთ, ჩაუფერფლავ სურვილად. ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობით, მირაჟით დატყვევებულ თვალებს. შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი, უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს, ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი. ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ არათუ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი ,,უმეცარი“ კაცობრიობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.

ფოტოზე: საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა (1939-1989) პატიმრობაში, 1978 წელი


რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგან ყოფნის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობ მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომჭედონ მისი კედლები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებმა გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა, ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინარდება ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენს წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა და ნააზრევს, ადამიანებისადმი მიმართებას, პირუთვნელობის უქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავარდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებულის სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ არსებას თუ მოვლენას და ისეთ და უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით განსხივოსნებულს.

მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცნობიერების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგვტყორცნა კიდობნიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოდ იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცად გარდმოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ეს ახალი განწმენდილი ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერი ცხოვრების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა ხატი განუსაზვრელად უფრო მაღალი ცნოებიერებისა, და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმინდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკანის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნოებიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა.

ვუმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.

1978 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."