მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი

«აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა».
ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა

«უკეთუ ჰკითხო ქართლელსა ანუ იმერსა, მესხსა, ჰერ-კახსა, რა რჯული ხარ? წამს მოგიგებს: ქართველი, არს ამას ყოველთა წიგნი და ენა იგივ ფარნაოზ მეფისაგან ქმნული და ჰკითხო მათ: რა ენა და წიგნი უწყი? მოგიგებს მყის: ქართული».
ვახუშტი

იშვიათად შეხვდებით დღეს ქართველს, რომ აჭარის სახელი არ გაეგონოს. სოფლელს თუ ქალაქელს პირზე აკერია სიტყვა აჭარელი; ყველანი ლაპარაკობენ გამაჰმადიანებულ მოძმეების შესახებ, გაფაციცებით ყურს უგდებენ აჭარიდან მოსულს ამბებს, გაზეთები განსაკუთრებულს წერილებს უძღვნიან საქართველოს ამ კუთხეს; იმართება თათბირი, კრება აოხრებულის და გადაბუგულის აჭარის დახმარებისათვის. აჭარა - ჩვენი ქვეყნის ერთი უმშვენიერესი ნაწილი უკიდურეს განსაცდელშია, გაპარტახებულია, უპატრონოდაა მიგდებული და ჩვენგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შველას - ვამბობთ და ვაგროვებთ თითო-ოროლა გროშს, რომ მივაწოდოთ მცირე წვლილი უსახლკაროებს, ტყეში გახიზნულებს, ულუკმოდ დარჩენილებს, ბედისაგან უმოწყალოდ დევნილებს...

დიდმა უბედურებამ და ჭირმა თითქოს გამოგვაფხიზლა და ვიგრძენით ტკივილი დაკარგულის ძმებისა, განვიცადეთ სიმწვავე ერთმანეთის დაშორებისა და განცალკევებისა და დავინახეთ, რომ ჩვენი მოძმე აჭარა, ჩვენს გვერდში მყოფი, ჩვენი ერთ სისხლ-ხორცი სრულიად მოწყვეტილს და განშორებულს ქვეყანას წარმოადგენდა, რომლის სიხარულს და მწუხარებას ჩვენ დღემდის არ ვიზიარებდით, რომელსაც სიტყვით ვენათესავებოდით და არა საქმით, რომელსაც მხოლოდ გაშლილ მხიარულს სუფრაზე მოვიგონებდით და შეფერადებულს სადღეგრძელოს მივუძღვნიდით. სინდისმა თითქოს გვამხილა, ნაღველით აგვივსო გული და მწარე სევდა გადაეკრა ჩვენს სახეს.

«აჭარა... აჭარა», წარმოვსთქვამთ მოკვეთით. თვალებზე ცრემლი მოგვადგება და მტანჯავი ფიქრები წარგვიტაცებენ შორს, სადაც უდაბნოა ჩვენი უმოქმედობის, სადაც სამარეა ჩვენი გულცივობისა, სადაც უმოქმდობით მოუცავს ყველაფერი ჩვენს გაუტანლობას. იქ აღმართულია მთა ჩვენის შეუწყნარებელის დანაშაულისა, რომელიც თავობიდან თავობამდე გადასცემს ისტორიას ჩვენს უპირობას, მუხთალობას, რომ არ შევასრულეთ უწმინდესი მოვალეობა, არ გავაკეთეთ უდიდესი საქმე, არ დავუბრუნეთ სამშობლოს მოკვეთილი, მაგრამ ისევ საუკეთესო შვილები.

აჭარა აკლებულია, აჭარა მშიერია და შიშველი, მაგრამ ამ უბედურებაში მხოლოდ დღეს იმყოფება იგი? და აჭარა ერთად ერთი კუთხეა ჩვენი ქვეყნის, კუთხე მოწყვეტილი საერთო ეროვნულს ცხოვრებას, მოგლეჯილი დედის გულს, გადაგვარების გზაზე დამდგარი, დამშეული კულტურულად, სულიერად, ზნეობრივად? ჩვენ გვინდა დღეს მივაწოდოთ აჭარლებს სიმინდი, თოხი, სახნისი, თავშესაფარი, მაგრამ ათწილ უფრო საჭირო არაა მათთვის ის პური, რომელიც საფუძვლად დაედება მათ ეროვნულს აღორძინებას? განა უფრო საშური არ არის მათთვის ის დიდი თავშესაფარი, რომელიც სამუდამო მტკიცე ბინას მოუპოვებს მათ ერთგულ სამშობლოს თბილსა და ტკბილს კერასთან?

საამოა და სანუგეშო დღევანდელი ჩვენი გულის ტკივილი. არ არის ცოდვა, რომლის გამოსყიდვა არ შეიძლებოდეს და თუ გატიალებული აჭარას ბედი დღეს ყველას თვალწინ გვიდგა, თუ მისი სიმწარე ჩვენს გულს მოსწვდა და გვესმა ტირილი ძმისა, დეე ეს გაზიარება მწუხარებისა ნუ იქნება ცალმხრივი და ვიწროდ შემოფარგლული. ნუ დავკმაყოფილდებით მარტო იმას, რომ გაჭირვებულს ძმებს, აგრე ვსთქვათ, წამიერს მწუხარებას შევუმსუბუქებთ, მალამოდ დავედებით მათ ჭრილობას, ომისაგან მიყენებულს. ესეთი ჩვენი დახმარება ვერ განკურნებს მათ იმ სენისაგან, რომელიც საუკუნოების წარმოშობილია, ეს ვერ გადასწყვეტს იმ დიადს საკითხს, რომლის მცირე ნაწილია მარტოოდენ აჭარის დღევანდელი უმწეო მდგომარეობა. ფართოდ გავშალოთ ჩვენი მხედველობა და გადავცილდეთ აჭარის საზღვრებს და ამ დღის ჟამს. აწმყოს ვითარებით აღძრული სულიერი მოძრაობა იქნეს უფრო ღრმა და ძალუმი, ვიდრე ეს საჭიროა აჭარლების ქონებრივი დახმარებისათვის. ეხლა მაინც ნათლად გავითვალისწინოთ და სავსებით შევიგნოთ მთელი ის საქმე, რომელსაც წარმოადგენს ჩვენთვის სამაჰმადიანო საქართველოს ბედი. ეხლა მაინც შევუდგეთ მხნედ და მტკიცედ საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველოს გაერთიანებას, ურომლისოდ წარმოუდგენელია ჩვენი უკეთესი მომავალი.

დავეხმარნეთ აჭარლებს და მივაწოდოთ პური დღევანდელი არსობისა, მაგრამ ეს იყოს პირველი ნაბიჯი, დასაწყისი ჩვენის ფართო მუშაობისა, იმ მუშაობის, რომელიც შეიტანს ქართველ მაჰმადიანებში ეროვნულს თვითშეგნებას, ჩააბამს მათ საერთო ეროვნულს ცხოვრებაში, რომელიც დაუბრუნებს სამშობლოს იმ ნაწილს, რომელსაც ეწოდება სამაჰმადიანო საქართველო.


ფოტოზე: პუბლიცისტი, გაზეთების - «ივერიის» და «ცნობის ფურცელის» აქტიური თანამშრომელი, გაზეთების - «გლეხი» და «მიწი»-ს გამომცემელი, პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალების «მზე» და «ფასკუნჯი»-ს დამაარსებელი, მრავალი ისტორიული თხზულების ავტორი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და საქმეთა მმართველი, აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის მდივანი, საქართველოს ეროვნული საბჭოს (1917–1919) და საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919–1921) წევრი, 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, პოლიტიკური ემიგრანტი (1922–1946 და 1951-1952 წლებში) სამსონ ფირცხალავა (1872-1952)

II
მაგრამ რა არის სამაჰმადიანო საქართველო? ბევრი აჭარის სახელს მთელს ბათომის ოლქს ეძახის და ზოგს ისიც ჰგონია, რომ ვითომც მარტო აჭარლები იყვნენ ქართველი მაჰმადიანები და აჭარელი და მაჰმადიანი ქართველი ერთ და იმავე მცნებად მიაჩნიათ. ეს რასაკვირველია, დიდი გაუგებრობაა. აჭარა მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმ დიდებული მესხეთისა, რომელიც ოსმალეთმა დაიპყრო მე-17 საუკ. და თან და თან თითქმის ერთიან გაამაჰმადიანა, და რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილებია: ახალციხე, ჯავახეთი, ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, ერუშეთი, ლივანა, ჭანეთი, ტაო, კლარჯეთი და კოლა. მეტი წილი მესხეთისა დღეს რუსეთის სამფლობელოშია, ხოლო თითქმის მთელი ჭანეთი და ნაწილი კლარჯეთისა და ტაოსი ოსმალოებს ეკუთვნის. მესხეთი საქართველოს საუკეთესო მხარეა და მესხეთის სახელი შუქურ ვარსკვლავად ბრწყინავს ჩვენი სამშობლოს ისტორიაში და როდესაც აჭარას მოვიგონებთ და აჭარელთა გაჭირვებას განვიცდით, შეუძლებელია არ გაგვიცხოველდეს მოგონება მესხეთის დანარჩენ ნაწილებისა, რომელთა ბედი უკანასკნელ სამი საუკუნის განმავლობაში გაცილებით უფრო სატირალი იყო, ვიდრე კერძოდ აჭარისა. არც ერთს პროვინციას არ მიუძღვის სამშობლოს წინაშე იმდენი სამსახური, რამდენიც მესხეთს, მაგრამ ისტორიამ თითქოს სწორედ ამისთვის არგუნა მესხეთს უმეტესი სატანჯველი. რომაელების, სპარსელების, ბიზანტიელების, არაბების და ოსმალების ბატონობის ტვირთი ყველაზე მეტად მესხებს დააწვათ კისერზე. გალაღებულ მტრის ამოწვდილ ხმალს ყველაზე უწინ მესხი მიეგებებოდა. ქართველ ჯარს წინამებრძოლებად მესხები უდგნენ თავში. ხოლო გაცილებით უფრო შესანიშნავია მესხეთის კულტურული მნიშვნელობა. საქართველოს რომ მესხეთი ჩამოვაშოროთ, საქართველოს ისტორიიდან რომ მესხთა სახელი ამოვშალოთ, ამ ისტორიას მოაკლდებოდა საუკეთესო ფურცლები. საქართველო უმესხეთოდ თითქმის არაფერი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში განახევრდებოდა მისი პოლიტიკური და კულტურული ძალა და შემოქმედება. საკმარისია თვალი გადავავლოთ მოკლედ ჩვენს წარსულს, დავასახელოთ რამდენიმე ადგილი მესხეთისა და ნაშთი, რომელიც დღესაც დიდებულად ბრწყინავს, მოვიგონოთ ზოგიერთი გარდასული მოღვაწე, რომელთა ციური სახე დღემდის შუქსა ფენს ჩვენს ცხოვრებას, რომ ცხად იყოს მესხეთის და მისი შვილების დაუფასებელი ღვაწლი.

ოპიზა, ტბეთი, ხანძთა, მიჯნაძორა, კუმურდო, ზარზმა, საფარა, შატბერდი, ვარძია, ეოშხი (იგივე ოშკი), პარხალი, ხახული, იშხანი, ბანა - აი, სახელები იმ მონასტრებისა და ტაძრებისა მესხეთში, რომლებიც ბევრს გაგვიგონია, მაგრამ ნაკლებად თუ ვინმემ ვიცით, რომ ეს ნაშთები წარუშლელი ძეგლებია ქართველი ერის უდიდესი სამხატვრო გენიისა, უმაღლესი შემომქმედი ნიჭისა, სილამაზის უმწვერვალესამდე განვითარებულის გემოვნებისა, რომ ამ ტაძართა ქვები დღესაც ხმამაღლა ღაღადებენ საქართველოს ჭეშმარიტად საკაცობრიო კულტურის ძლიერებას, რომ ქართველი ერი მხოლოდ შეუპოვარი სამაგალითო მეომარი არ იყო, მედგრად და თავგანწირულად დამცველი თავის მამულისა, არამედ ბრწყინვალე ნიჭი გამოიჩინა ხელოვნებისა და საზოგადოდ სულიერი შემოქმედებისა, რომელიც ერთი ამშვენიერებს და აზრს აძლევს ადამიანთა არსებობას...

«ასე ტურფა, ლამაზი და კოხტა საყდარი, სწერს ზარზმის შესახებ ჩვენი ქვეყნის მცოდნე ალექსანდრე ფრონელი: ორი არ მეგულება მთელს საქართველოში. ზარზმა აშენებულია ამაღლებულ ადგილზე და თავს დაჰყურებს ქვაბლიანის ხეობას. გარემო მთები ტყითაა შემოსილი, ძირს ხეობა სავსეა ხეხილის ბაღებით და საამურად მიიკლაკნება მათ შორის მდინარე ქვაბლიანი. სილამაზე ბუნებისა და სიტურფე ტაძრისა უნებურად ჰხიბლავს და ათრობს მაცქერალს და არ იცი, რას უყურო ტურფა შენობას, თუ თვალწარმტაც ბუნებას». იმავე ა. ფრონელის სიტყვით, საფარის მონასტერში თორმეტი თლილი ქვის ნაგები ეკლესია ყოფილა; თერთმეტი დღესაც კარგადაა შენახული, მეთორმეტე კი დაქცეულია; ამ ეკლესიათა შორის შესანიშნავია წმ. საბას საყდარი, ქვა ეკლესიისა მოწითალოა, კარი და ფანჯრები დიდებულადაა შემკობილი ჩუქურთმებით. ვარძია კლდეში გამოქვაბული მონასტერია, მონასტერში მრავალი (რამდენიმე ასი) სენაკია, ბევრი ეკლესია, ერთში აქამდის დაცულია მხატვრობა თამარ მეფის სურათით. ვარძიას დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი, თუმცა ორჯელ იყო აოხრებული ჯერ მონგოლების მიერ (14 ს.) და მერე სპარსელების მიერ (16 ს.).

«ტბეთის ეკლესიას, ამბობს გ. ყაზბეგი, რომელმაც აღწერა ბათუმის მხარე ჯერ კიდევ ოსმალოების ბატონობის დროს: შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, რომელიც განთქმულია ძველის ეკლესიებით. ტბეთის ეკლესია თავის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის გულში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა». «პარხალის ტაძარი, ამბობს იგივე ავტორი: ღირსია სრული ყურადღებისა და შესწავლისა, იგი უფრო დიდია, ვიდრე სხვა რომელიმე ჩემ მიერ ნახული ტაძარი ოსმალეთის საქართველოში და მისი არქიტექტურა არ ჩამოუვარდებოდა ტბეთისას».

ბანას ტაძარს ასე ახასიათებს ჩვენი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი: «სხვაც რომ არაფერი შენახულიყო, ბანის განმაცვიფრებელი ტაძარი სრულებით საკმარისია, რომ იმ დროინდელი (X ს.) ცხოვრების მაღალხარისხოვანი განვითარება ჩვენთვის ცხადი იყოს».

აკადემიკოს ნიკო მარის გადმოცემით, იშხანის ტაძარი ისეთი მშვენიერი რამ იყო, რომ მე-17 ს. ერთს სომხის მოგზაურს მის მოქიშპედ მხოლოდ კონსტანტინეპოლის აია სოფია მიაჩნდა. იშხანის, ოშკის (ეოშხის) და ხახულის შესახებ ოსმალოთა შორის აქამდის შემდეგი შეხედულობა არსებობს: «განთქმულია სილამაზე ოშკის ტაძრისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მხატვრობა იშხანისა...»


ასე მომხიბლავი და დიდებული იყო სხვა ტაძრები, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ ეს ტაძრები და მონასტრები მარტო გარეგნულის სილამაზით არ იყვნენ განთქმულნი, არამედ აქ დუღდა მაღალი კულტურული მუშაობა და აქედან სწავლა-განათლება ეფინებოდა მთელს არეს, მთელს საქართველოს, რასაც ცხადად დავინახავთ ქვემოდ.

III
დღეს დაბეჩავებული და თითქმის გავერანებუული მესხეთი, ოდესღაც ყვავოდა და ბრწყინავდა თავის სულიერის სიძლიერით. მესხეთი მდიდარი იყო ნიჭით, ცოდნით, საქმით და სამშობლოს წარმოუშვა მრავალი მაღალი ხარისხის მოღვაწე ცხოვრების ყოველ დარგში. მესხეთის ნაწილის, სახელდობრ კლარჯეთის შვილი იყო გამოჩენილი გრიგოლ ხანძთელი, რომლის დიდად ნაყოფიერი ცხოვრება და მოქალაქეობა ამ რამდენიმე წლის წინად გააცნო საზოგადოებას ჩვენმა სახელოვანმა თანამემამულემ ნიკოლ. მარმა. ამ მეცნიერის სიტყვით, კლარჯეთში არსებობდა საქართველოს ყმეთ, სადაც ბერებს ჰქონდათ საკუთარი რესპუბლიკა. სივრცე ამ ადგილისა აღმოსავლეთით დასავლეთისკენ 15 ვერსია, ხოლო სამხრეთით ჩრდილოეთისკენ 10 ვერსი; ორი მხრით სამხრეთ-დასავლეთით იმერხევის მდინარე ჩამოუდის, აღმოსავლეთით კარჩხალის წყალი და ჩრდილოეთით სდარაჯობს კარჩხალის მთა. აქ იყო კულტურული მოღვაწეობა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მერვე საუკუნის დასასრულს და მეცხრეს დასაწყისში. გრიგოლის აღზრდილი მოციქულები მოღვაწეობდნენ აფხაზეთში, ქართლში, საქართველოს სხვა მხარეებში და წმინდა ადგილებშიაც.

მესხეთიდან იყო ჩამომავლობით გრიგოლ ბაკურისძე (ბაკურიანი), კაცი ფრიად სახელგანთქმული როგორც საქართველოს ისე ბიზანტიის ისტორიაში, რომელმაც დააარსა მაკედონიაში პეტრიწონის მონასტერი ქართველებისათვის და მონასტერთან სემინარია, სადაც საგნებს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ. ამ სემინარიის შესახებ ფრანგი მწერალი ლუი პტი ამბობს: «ეს მეტად იშვიათი მაგალითია და შეიძლება ეს სემინარია ერთად-ერთი სემინარია იყო, სიტყვის ეხლანდელის მნიშვნელობით, მთელს ბიზანტიაში» და თან მთელს მაშინდელ ევროპაში).

სახელოვანმა მესხებმა იოანემ და მისმა შვილმა ექვთიმემ დააარსეს ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, რომლის სამსახური საქართველოს წინაშე დაუფასებელია და განუსაზღვრელი. ათონი შეიქნა მკვიდრ სამწერლო-სამეცნიერო დაწესებულებად, უმაღლეს სასწავლებლად, ერთგვარ აკადემიად, რომელიც ჩვენს სამშობლოს მაშინდელ განათლებულ ქვეყნებთან აერთებდა. ათონის მონასტერი ქართველი ერის გონებრივი სალარო იყო, რომელიც განამტკიცებდა ეროვნულს თვითშეგნებას და მოუპოვებდა ქართველს ერს ღირსეულ პატივისცემას საერთაშორისო ასპარეზზე. არა ერთი და ორი წარჩინებული ქართველი დაეწაფა აქ უმაღლეს საკაცობრიო განათლებას, მეცნიერებას და ფილოსოფიას. განათლებულ საბერძნეთის კერასთან მყოფნი იოანე და ექვთიმე კარგად ხედავდნენ ქართული მწერლობის სიღარიბეს, ამიტომ თავის ცხოვრების საგნად დაისახეს, რომ ქართული მწერლობა ბერძნულსა და რომაულზე ჩამორჩენილი არ ყოფილიყო, მხნედ შეუდგნენ სამწერლო მოღვაწეობას და მრავალი წიგნი მიუძღვნეს სამშობლოს, თარგმნილი თუ საკუთრად დაწერილი.

ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი და ნაყოფიერი იყო წმ. ექვთიმეს მოწაფის გიორგი მთაწმინდელის მუშაობა, რომელმაც ორმოცზე მეტი წიგნი გადმოსთარგმნა, ბევრი განმარტა ღრმა ნიჭიერის შენიშვნებით, ბევრი შეასწორა და განამშვენიერა წინად გადმოთარგმნილი, და მოჰფინა მთელს საქართველოს. განსაკუთრებით ღირსია ყურადღებისა ის გარემოება, რომ გიორგი მთაწმინდელი მედგარი დარაჯი იყო ქართულ ეკლესიის თავისუფლებისა და განამტკიცა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო ეკლესიის წინაშე. გარდა ამისა გიორგი მთაწმინდელს დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოს საეკლესიო წეს-წყობილებაზე, მის მეოხებით დაირღვა წოდებრივობა ეკლესიაში, მოისპო წოდებრივი უპირატესობა და საძირკველი დაედვა დემოკრატიულს მიმართულებას ეკლესიაში.

მესხეთის ღვიძლი შვილია ის თორნიკე ერისთავი, რომელმაც 12 ათასი ქართველი ჯარისკაცით დაამარცხა (970) აჯანყებული სკლეროსი და მით გადაარჩინა დაღუპვას ბიზანტიის იმპერია. როგორც ვიცით, თორნიკე ერისთავი ბერად იყო აღკვეთილი ათონის მონასტერში, სანამ სარდლობას იკისრებდა და სკლეროსის დამარცხების შემდეგ ისევ დაუბრუნდა მონასტერს, სადაც სიკვდილამდის მოღვაწეობდა იოანესთან ერთად.

თუმცა პირდაპირი ცნობა არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მესხეთიდან იყვნენ (XI საუკ.) ეფრემ მცირე «შესანიშნავი მეცნიერი ფილოლოგოსი და ისტორიკოსი» (ივანე ჯავახიშვილი) და იოანე პეტრიწი, განთქმული ფილოსოფოსი ნეოპლატონიკი. ეფრემ მცირის ღრმა და გასაოცარი სწავლულობა, ი. ჯავახიშვილის სიტყვით თანასწორად სჩანს ყოველ დარგში; ეფრემ მცირე მუშაობდა ისე, როგორც დახელოვნებულს, მკაცრ და მკვეთრ სამეცნიერო მეთოდებით აღჭურვილს მკვლევარს შეჰშვენის. ეფრემს ეკუთვნის, სხვათა შორის, საისტორიო გამოკვლევა ბერძნულ წყაროების მიხედვით «უწყება მიზეზისა ქართველთა მოქცევისა თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების». იოანე პეტრიწი ნეოპლატონიური ფილოსოფიის აღმსარებელი იყო, მხურვალე მონაწილეობას იღებდა ბიზანტიის ფილოსოფიურ მოძრაობაში, ქართულად სთარგმნა პროკლე დიადოხოსის, არისტოტელის, ნემე იოს ემესელის და სხვათ თხზულებანი და დაურთო თარგმანებს მრავალი ფრიად საინტერესო და ძვირფასი განმარტება.

ჩვენის მატიანეს გადმოცემით თამარის დროს ცხოვრობდნენ მესხნი ბექა და ბეშქენ ოპიზარნი (ოპიზელნი), ტბეთისა და გელათის სახარებათა შესანიშნავ ყდების და ანჩის გათქმულ კარედი ხატის სამოსელის შემქნელნი (ივანე ჯავახიშვილი).

მესხეთიდან იყვნენ თმოგველი სარგის «მეცნიერი, რიტორი და ფილოსოფოსი», რომლის კალამს მიაკუთვნებენ ვისრამიანის გადმოღებას ქართულ ენაზე; ბექა და აღბუღა, შემდგენელნი კანონების «ძეგლის წერისა» და «ძეგლის დებისა» და დასასრულ საქართველოს დიდება შოთა რუსთაველი, რომელიც სამართლიანად ითვლება ქართული სამხატვრო გენიის საუკეთესო გამომხატველად.

ფოტოზე: გრიგოლ ბაკურისძეს მიერ 1083 წელს დაარსებული პეტრიწონის იგივე ბაჩკოვოს მონასტერი მაკედონიაში/ახლანდელი ბულგარეთი

ფოტოზე: ტიმოთე გაბაშვილის 18-ე საუკუნის ჩანახატი, ათონის ივერთა მონასტერი, იოანესა და ექვთიმე მესხების მიერ 980-983 წლებში დაარსებული

IV
მე დავასახელე მხოლოდ რამდენიმე დიდებული მესხი, მაგრამ ბევრს იცნობს ჩვენი წარსული და კიდევ უფრო ბევრია ისეთი, რომელიც ისტორიას არ აღუნიშნავს თავის ფურცლებზე, მაგრამ რომელთა მაღალი ნიჭი და მადლიანი ხელი აშკარად ემჩნევა მესხეთის აქამდის წარუშლელ დიადს კულტურას. ის ბრწყინვალე პირები, რომლებიც ზევით ჩამოვთვალე, განმარტოებულნი და განცალკევებულნი არ იყვნენ. თუ მესხეთმა ამდენი სასახელო შვილი წარმოშვა, იმიტომ, რომ ამისთვის მდიდარი ნიადაგი იყო მთელს მესხეთში. მთელი მესხეთი გაჟღენთილი იყო კულტურით, მთელი მხარე გატაცებლი იყო მაღალის სულიერის მოთხოვნილებით, მისწრაფებით. მრავალი იყო განმანათლებელი დაწესებულება, ხალხი მხნე და ენერგიული სისწრაფით დაეწაფა ცოდნას და სულ მოკლე დროში მესხეთი შეიქმნა საქართველოს განვითარების ცენტრად...

ისტორია გვეუბნება, რომ მერვე საუკუნეში მესხეთი აოხრებული და თითქმის უკაცური იყო, ხოლო მეცხრე საუკუნეში აქ დაიწყეს დასახლება ბერებმა, მათ მოჰყვა ხალხი და მცირე ხნის განმავლობაში მესხეთი აყვავდა, გამდიდრდა გონებრივად და ქონებრივად და დაუდგა სათავეში საქართველოს პოლიტიკურს და კულტურულ აღორძინებას. ხანძთას, შატბერდის, ბიჯხაძორას, ოპიზას და სხვა კულტურულ ადგილების შემწეობით ქართველებმა შეითვისეს ბიზანტიის, დასავლეთის კულტურა და ამავე დროს განამტკიცეს ძველი ერთობა აღმოსავლეთის, კერძოდ სომხეთის, აზროვნებასთან. ისეთი ავტორიტეტიული მეცნიერი, როგორიცაა ნ. მარი, სწერს: «რაც ანისის ქალაქს მნიშვნელობა აქვს სომხების ისტორიისათვის, ამაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ტაო-კლარჯეთის ნაშთებს საქართველოს პოლიტიკურ და განსაკუთრებით კულტურულ ისტორიისათვის». მეორე ალაგას ეგვე ავტორი აგვიწერს რა არტანუჯის მიდამოებს, გვეუბნება: «ამ მხარეში ახლაც მრავალი შეგხვდებათ საუცხოვო ქართული ეკლესიების ნანგრევები, ნაშთები მშვენიერი გზებისა, ძველი ხიდები, რომლებიც ეხლაც გამოსადეგარია, ტერასებზე გაკეთებული ვენახები და ბაღები, დიდის ცოდნით გაყვანილი არხები, საწნახელები და სხვადასხვა სამეურნეო საწყობები, ყველაფერი ეს ნათლად მოწმობს, რომ იყო დრო, როცა ეს მხარე ჰყვავოდა ქონებრივად და სულიერად».

მესხეთმა მოამზადა IX-X საუკუნეების ის ყოველმხრივი სიძლიერე, რომელიც ფართოდ გაიშალა შემდეგ მთელს საქართველოში დავით აღმაშენებელისა და თამარის დროს. მესხეთში ჩაედვა საფუძველი იმ გონებრივ სიდიადეს, რომელიც გამოიჩინა საქართველომ მეთორმეტე საუკუნეში. აქ იყო აკვანი ქართული ღვთისმეტყველების, მეცნიერების, ფილოსოფიის, ხელოვნების და მწერლობის. აქ შემუშავდა ქართული პოლიტიკური ნიჭი და აქედან მოხდა მეათე საუკუნეში საქართველოს სამეფოების და სამთავროების გაერთიანება, რომელიც იყო საძირკველი ქართველი ერის ბრწყინვალებისა და დიადი პოლიტიკური გავლენისა მთელს ახლობელ აზიაში.

ქრისტეს შობის შემდეგ პირველ საუკუნეებში ქართველები დიდს შევიწროვებას განიცდიდნენ თავის ძლიერ მეზობლებისაგან - რომაელებისა, ბიზანტიელებისა, სპარსელებისა, ხაზარებისა, არაბებისაგან, რომელთაგან ზოგიერთებმა ბევრჯელ ააოხრეს საქართველო. მერვე საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ, ხოლო დასავლეთი ბიზანტიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველო გამოცოცხლებას იწყებს. აღორძინება ემჩნევა ყველაზე უწინარეს აფხაზეთს, რომლის მთავარმა ლეონმა ისარგებლა ბიზანტიის სისუსტით, გადუდგა კეისარს, დაიპყრო აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე და იქმნა მეფედ აფხაზთა (746-791). ამ დროს ქართლში ბატონობდნენ არაბები, რომლებიც სასტიკად სდევნიდნენ ერისთავებს. მერვე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქართლის ერისთავად იყო აშოტ დიდი. არაბებმა მასაც დაუწყეს დევნა, იგი საბერძნეთისკენ გაიქცა და დაესახლა არტანუჯსა და «მისცა ღმერთმა გამარჯვება და ახელმწიფა შავშეთსა და კლარჯეთს. ხოლო აქ განემტკიცა ხელმწიფობა მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა და მიუბოძა კურაპალატობა. ამ გვარად დამყარდა შავშეთ-კლარჯეთის საერისთავო აშოტ კურაპალატის დროს (787-826). აშოტს დიდი მემკვიდრეობა დარჩა, მემკვიდრენი ცალ-ცალკე განაგებდნენ საერისთავოებს, ყველანი სცნობდნენ გვარის უფროსის პირველობას და ცოტათი ემორჩილებოდნენ კიდეც. უფროს შტოდ შეიქნენ «მეფენი ტაოსანი», ამ შტოის წევრებმა მიიღეს მეფობის უფლება. პირველ «ქართუელთა მეფედ» იყო ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა (888 წ. დასვეს მეფედ). კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით, პირველ ქართველთ მეფეს ოთხი ხელქვეითი ერისთავი ჰყოლია: ერთი იყო ჯავახეთის მთავარი, მეორე აჭარისა, დანარჩენი ორის სახელები გარკვევით არაა აღნიშნული, მაგრამ უნდა ვიგულისხმიეროთ, რომ მესხეთის ნაწილებს შეეხება. მეფის უფლება თანდათან გაფართოვდა და მას დაემორჩილნენ მესხეთის ერისთავთ ერისთავები.

მეათე საუკუნეში მთელს საქართველოში სახელი გაითქვა ტაოს მფლობელმა ადარნასე კურაპალატის შვილმა, დავით კურაპალატმა, რომლის მაღალ ღირსებას დიდს პატივს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ ბერძნები, არაბები და სომხებიც. დავითი მეტად ჭკვიანი კაცი იყო, გამჭრიახი, სწავლა-განათლების მფარველი, ვაჟკაცი, ენერგიული და მტკიცე ხაიათის პატრონი. ეს ის დავითია, რომელმაც მიაშველა ჯარი ბიზანტიას სკლეროსის წინააღმდეგ.

ამ დროს საქართველო რამდენიმე სამფლობელოდ იყო დაყოფილი: დასავლეთ საქართველოს მეტი წილი აფხაზთა სამეფოს შეადგენდა, ტფილისი და მისი მიდამოები, არაბთა ამირას (მართველს) ეჭირა, დანარჩენი ქართლი ქართლის მეფის ხელში იყო, აღმოსავლეთი კახთა მთავარს ჰქონდა, ხოლო დასავლეთ-სამხრეთით ტაო-კლარჯეთი (მესხეთი) იყო. ქართლის მეფედ მაშინ ბაგრატ რეგვენი ითვლებოდა, კაცი სუსტი და უნიჭო, რომელიც სრულიად ემორჩილებოდა დავით კურაპალატს და არავითარი გავლენა არა ჰქონდა სახელმწიფო ცხოვრებაში.

ეს ის დრო იყო, როცა ქართველებში უკვე მომწიფებული იყო გაერთიანების აზრი და ამის განხორციელებას ყველაზე მეტად ესწრაფოდა დავითი. მას შვილი არა ჰყავდა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ახლობელი ნათესავი ბაგრატ, ძე გურგენისა, შვილისშვილი ბაგრატ რეგვენისა. ამით უნდოდა ქართლისა და ტაო-კლარჯეთის გაერთიანება. მაგრამ ეს არ კმაროდა საქართველოს გაერთიანებისთვის. უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზეთის შემოერთებას. გარემოება ხელს უწყობდა დავითს: აფხაზეთის მეფეს ბრმა თევდოსეს შვილი არ ჰყავდა და მის შემდეგ მისი გვარი სრულიად ისპობოდა. ამით მშვენიერად ისარგებლა დავით კურაპალატმა და მაშინდელის გამოჩენილი მამულიშვილის იოანე მარუშიძის და სხვების დახმარებით 985 წელს აფხაზეთში გაამეფა თავისი შვილობილი ბაგრატი, დისწული მეფის თევდოსესი. ეს ბაგრატი ჩვენს ისტორიაში ცნობილია ბაგრატ მესამედ. იგი ღირსეული მემკვიდრე იყო თავის მამობილის დავით კურაპალატისა და მხნედ შეუდგა მისი ანდერძის საქართველოს გაერთიანების შესრულებას, რომელიც სავსებით დაამთავრეს ბაგრატის სახელოვანმა მემკვიდრეებმა...

ამ გვარად ერთის თვალის გადავლებით ნათლად ვხედავთ მესხეთის დაუფასებელს ღვაწლსა და სამსახურს. მესხეთი იყო აკვანი VIII-IX-X საუკუნოებში ქართველი ერის კულტურისა. მესხეთიდან მოეფინა განათლება საქართველოს, მესხეთმა დაუდგა საძირკველი ჩვენი ხალხის სულიერს სიდიადეს; მესხეთმა მისცა სამშობლოს მრავალი შესანიშნავი ხელოვანი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე; დასასრულ მესხეთს ჰხვდა წილად უდიდესი მისია ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს გაერთიანება და ამ გაერთიანებიდან იწყება ხომ ის ხანა ჩვენის ისტორიისა, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ოქროს ეპოქას!

V
სად არის დღეს ეს მესხეთი? რა საზღვრებშია მოქცეული ისტორიული მესხეთი? ეხლანდელი გეოგრაფიული სახელები რომ ვიხმაროთ, მესხეთს შეადგენენ რუსეთის: 1) ბათუმის ოლქი, რომელიც გაყოფილია ორ მაზრად (ბათუმის და ართვინის) და შვიდ საბოქაულოდ (კინტრიშის, ზედა-აჭარის, ქვედა-აჭარის, გონიის, ართვინის, არტანუჯის და შავშეთ-იმერხევის), 2) ტფილისის გუბერნიის ახალციხის და ახალქალაქის მაზრები. 3) ყარსის ოლქის არტაანის (არდაგანის) და ოლთისის მაზრები; ხოლო ოსმალეთის: 1) ტრაპიზონის ვილაიეთის სან-ჯაყი ლაზისტანი და 2) არზრუმის ვილაიეთის ნაწილი დაახლოვებით ბაიბურთიდან ჰასანკალა მეჯინკერტამდის. ბათუმის ოლქის სივრცე უდრის 6 129 ოთხკუთხ ვერსს, ახალქალაქის მაზრა 2 407, ახალციხის 2 331, არტაანის 4 917 და ოლთისის 2 621, სულ რუსეთის მესხეთის სივრცე უდრის 18 407 ოთხკ. ვერსს, ე.ი. იმდენივეა, რამდენიცაა ქუთაისის გურბერნიის სივრცე (18 535). ლაზისტანის სანჯაყში 3 500 ოთხ. ვერსია, არზრუმის ვილაიეთის მესხეთის სივრცე უნდა ვიანგარიშოთ დაახლოვებით 4000-5000 ოთხ. ვერსი. ამგვარად მესხეთის სივრცე საერთოდ იქნება 26 407 ვერსი (რუსეთში 18 407 და ოსმალეთში 7500-8500 ოთხ. ვ.). ოსმალეთის მესხეთი მცირედად არის ნაანგარიშევი, რადგან მაგალითად ჭანეთი და ლაზეთი ტრაპიზონს სცილდებოდა, და ქართველების მოსახლეობა ეხლანდელ ოსმალეთის საზღვრებში უფრო ფართო იყო. გავიხსენოთ გაკვრით, რომ ძველად ვალაშკერტში ალაშკერტში, რომელიც ხშირად შეგვხვდება ეხლანდელი ომის ამბებში, ქართველი ეპისკოპოზი იჯდა, მაშასადამე იქ ქართველები ცხოვრობდნენ.

მე თავში დავასახელე უკვე მესხეთის ისტორიული ნაწილები: სამცხე (ახალციხე), ჯავახეთი, აჭარა, შავშეთი, ერუშეთი, ლივანა, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაო და კოლა. ჩვენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიაში, რომელიც შეადგინა მეთვრამეტე საუკუნის ნახევარში (1745 წ.), ასე აღნიშნავს მესხეთისა და მისი ნაწილების საზღვრებს: «შემდგომად ქართლოსის სიკვდილისა ცოლმან მისმან განყო რა ძენი თვისნი და მისცა უხუცესსა ძესა თვისსა მცხეთოსს ტფილისისა და არაგვის დასავლეთი, ფანავრის ტბის დასავლეთის ქვეყანა, წილი ქართლოსისა, ზღვამდე სპერისა (შავისა) და ტაოს და კლარჯეთს შორისას მთამდე, და დაიპყრა მცხეთოს ქვეყანა ესენი; ამან მცხეთოს უწოდა ტფილისისა და არაგვის დასავლეთს, ლიხის მთამდე და ტაშისკარამდე შიდა ქართლი, და ტაშისკარსა და ფანავრის დასავლეთს ზღვამდე უწოდა ზემო ქართლი, ხოლო შემდგომად მცხეთოს განუყო სამთა ძეთა და მისცა უფლოსს ტფილის-არაგვის დასავლეთი ტაშისკარ ლიხის მთამდე და ფანავრამდე თრიალეთი, ოძრახოსს ტაშისკარ ზეითი და მტკვრის დასავლეთი ვიდრე ზღვამდე, რომელი არიან აწ: სამცხე, გურია, ლიგანა, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკერტი, ოლთისი და ტაო. ხოლო ფანავრის დასავლეთი და მტკვრის აღმოსავლეთი, ვიდრე თავამდე მტკვრისა, მისცა ჯავახოსს და ამის მიერ ეწოდა ამ ადგილებთა ჯავახეთი, და არიან ამა ადგილთა შინა ჯავახეთი, არტანი, ერუშეთი, კოლა. ხოლო კლარჯეთი არაა წილი ამათი, არამედ ფარნაოზ დაიპყრა და არიან კლარჯეთ შინა: თორთომი, ხახული, ისპირი, ფორჩხა, ბაიაბურდი და ჭანეთი».

სიტყვა მესხეთი წარმომდგარია ქართველთა ტომის ერთ-ერთ შტოს მესხთა სახელიდან. ქართველთა ტომის ხალხები უძველეს დროში ბინადრობდნენ შორს სამხრეთში, მერმინდელ კაბადოკიის საზღვრებში და იქიდან კავკასიისკენ წამოვიდნენ პირველად მუსკები აბასხების (აფხაზების) და მესხების სახელით და დასახლდნენ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში მტკვრისა და არაგვის შესართავამდე. ხოლო კახეთი და კუხეთი და დასავლეთ საქართველოს უკიდურესი სამხრეთი დაიჭირეს კასკებმა და კოლხებმა. ამათ მოჰყვნენ შემდეგ ტაბალები ლაზების, ჭანების და იბერების სახელით, აბასხები და მესხები ჩრდილოეთისკენ მირეკეს უმთავრესად და თვითონ დაიპყრეს სამხრეთი, ბოლოს და ბოლოს მთლად დაეპატრონენ აღმოსავლეთ საქართველოს. დასასრულ მოვიდნენ ურარტუდან ქართები, ქართუელები, დაიჭირეს აღმოსავლეთი და აქედან თან და თან გააძლიერეს თავისი ძალა და გავლენა. მართალია, ტაბალებმა მუსკები ჩრდილოეთისკენ გარეკეს, მაგრამ ნაწილი მაინც დარჩა თავის წინანდელი ბინადრობის ადგილზე და პირველ საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდის ჩვენ იბერიის და კოლხეთის გარდა ვხედავთ მესხეთსაც ან სამცხეს (სამესხოს), რომელიც სტრაბონის სიტყვით, რამდენიმე ნაწილად იყო დაქუცმაცებული და ერთი იბერებს ჰქონდათ დაპყრობილი, მეორე კოლხებს და მესამე კიდევ სომხებს. უეჭველია, რომ პირვანდელი წმინდა მესხის მოდგმა ხალხი ქართველების სხვა ტომებს შეერია.

მერვე საუკუნის დასასრულიდან მესხეთში დიდი კულტურული მუშაობა იწყება და როგორც უკვე მოვიხსენიეთ ზევით, მეათე საუკუნის ბოლოში მესხეთი გამოდის როგორც მეთაური მთელი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისა.

განცალკევებული კუთხე ჩვენის ქვეყნისა შეუერთდა დანარჩენ საქართველოს, ჩაება საერთო ფერხულში და მისი ცხოვრება მჭიდროდ გადაესკვნა სამშობლოს ისტორიას. ხოლო საუბედუროდ საქართველოს გაერთიანება ჯერ მთლად განმტკიცებული არ იყო, ჯერ მთლად არ იყვნენ ქედმოხრილნი და შემუსვრილნი ძლიერი ფეოდალები, რომლებიც დაუძინებელნი მტერნი იყვნენ გაერთიანებისა, რომ საქართველოს შემოესივნენ მეცამეტე საუკუნეში მონგოლები და ძირს დასცეს მისი პოლიტიკური და კულტურული ძლიერება. ამით ისარგებლეს ცალკე კუთხეების მართველებმა და დაიწყეს განდგომა. ასე ისარგებლა საქართველოს უძლურებით სამცხის ერისთავმაც. თამარ მეფის დროს ვინმე ივანე ახალციხელი, ე.ი. ახალციხის მფლობელი, 1207 წ. ყარსის აღების შემდეგ წოდებულ იქმნა ათაბაგად და ემირთ ემირად. ჩვენი მემატიანენი ამის მემკვიდრეებს უწოდებენ მთავრების, ახალციხის მფლობელების, სპასალარების, მეფის მცველების უფროსების სახელებს. როცა გიორგი ბრწყინვალემ სამცხის გამგეს სარგის მეორეს უბოძა ათაბაგის ხარისხი, ამ დროიდან დაერქვა ამ მხარეს ზედმეტ სახელად საათაბაგო, რომელიც შემდეგშიაც შერჩა. მონგოლების შემოსევის დროს მატიანეში შეგვხვდება ვინმე სარგის ჯაყელი, მფლობელი ახალციხისა და იმ ქვეყნის, რომელიც ახალციხის სამხრეთ-დასავლეთისკენ მდებარეობს. შემდეგ თამარისა მისი მემკვიდრეების მეფობაში სარგისი ირიცხება სამცხის პირველ დამოუკიდებელ მფლობელად, რომელმაც მთელი მხარე შემოიკრიბა თავის უფლების ქვეშ. მისმა შვილმა ბექა პირველმა დაიპყრა სამცხე კლარჯეთი ტაშის კარამდე, ეხლანდელ ბორჯომის ხეობამდე და ფრიად გაძლიერდა. თავისი ქალი მიათხოვა ტრაპიზონის იმპერატორს და საჩუქრად მიიღო ჭანეთი. გარდაიცვალა 1306 წელს.

შემდეგ საქართველოს მეფემ გიორგი ბრწყინვალემ (1318-1346) შეაერთა მთელი საქართველო და მრავალი წლის განმავლობაში სამცხის ერისთავნი საქართველოს მეფეების ვასალები იყვნენ და ათაბაგის უფლება მემკვიდრეზე მეფის ნებართვით გადადიოდა. მაგრამ ათაბაგები სრული დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან და ნელნელა ახორციელებენ თავის განზრახვას. გიორგი VII (1395-1407) დროს ათაბაგი ყვარყვარე მეორე იმერეთის მფლობელს ბაგრატს მეორეს განდგომისათვის წააქეზებს და როცა გიორგი დახმარებას მოსთხოვს, უღალატებს. მეფე გაილაშქრებს ურჩ ერისთავის წინააღმდეგ, ხოლო ათაბაგს იმერეთის მართველი ბაგრატი და გურიელი კახაბერი მოეშველებიან, გიორგის დაამარცხებენ და დაატყვევებენ კიდეც. ამას მოჰყვა საათაბაგოს გაძლიერება. ყვარყვარეს გარდაცვალების შემდეგ (1466) გაათაბაგდა მისი შვილი ბაადურ. მის დროს ოსმალებმა ტრაპეზონი და აზრუმი დაიპყრეს და დაიწყეს სამხრეთ მესხეთის ჭანეთის და კლარჯეთის აოხრება. ბაადურ ცდილობდა როგორმე კეთილგანწყობილებით და მეგობრობით მოეგო ოსმალოების გული, გიორგი მეფე კი გაანთავისუფლა და დახმარებასაც დაჰპირდა ამბოხებულ კახეთის წინააღმდეგ. ბაადურის მემკვიდრე მანუჩარი სრულებით აღარ ემორჩილება ქართლის მეფეს და როცა სპარსელები გამოილაშქრებენ საქართველოს დასაპყრობად, მათ მიემხრობა.

იწყება საშინელი ხანა ქართველი ერის ისტორიაში. მეთუთხმეტე საუკუნიდან ორი უძლიერესი მტერი გამოუჩნდება საქართველოს. ერთის მხრით აწვებიან სპარსელები და განუწყვეტლივ ცდილობენ მის განადგურებას და მოსპობას, მეორეს მხრით ოსმალოები. იწყება უმაგალითო ბრძოლა პატარა საქართველოსი იმ დროინდელ ორი უდიდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გრძელდება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე და მოჰყვება საქართველოს მთელი ერთი მესამედის, საუკეთესო ნაწილის დაკარგვა ოსმალთა ხელში გადასვლა.

დანაწილებული საქართველოს მეფეებსა და მთავრებს არ ჰქონდათ იმის შეგნება, რომ შეერთებულიყვნენ და საერთო ძალით გამკლავებოდნენ შემოსეულს მტრებს. პირიქით უმთავრეს ენერგიას, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრძოლაში ხარჯავდნენ და როცა მტერი საქართველოს ერთს რომელსამე კუთხეს დაეცემოდა თავს, ისინი ხშირად მტრის ბანაკში იყვნენ.

ასე იქცეოდნენ მესხეთის მთავრები ათაბაგებიც. მანუჩარის შემდეგ ათაბაგობდნენ ყვარყვარე მესამე, ქაიხოსრო და მზეჭაბუკ (1502-1515). ეს უკანასკნელი მიემხრო ოსმალოებს, გურიელს წაართვა აჭარა და ჭანეთი, ოსმალოს ჯარი შემოიყვანა სამცხეს, საზრდო მისცა, გადაიყვანა იმერეთს და მიუსია იმერთ მეფეს. ამის მემკვიდრეს ყვარყვარე მეოთხეს (1516-1535) შეებრძოლა იმერეთის მეფე ბაგრატი, დაამარცხა, შეიპყრო და ტყვეობაში ამოხადა სული. თვითონ დაიჭირა სამცხე, ხოლო აჭარა და ჭანეთი მიუბოძა ქაიხოსრო გურიელს. ათაბაგის შვილი ქაიხოსრო სტამბოლში გაიქცა, მას გაჰყვა ოთარ შალიკაშვილი, რომელმაც დაარწმუნა ხვანთქარი, ბაგრატი იმიტომ მოეპყრა ასე სასტიკად სამცხეს, რომ ყვარყვარემ იმერეთში ოსმალოები შეიყვანაო. განრისხებულმა სულთანმა სოლეიმანმა დიდძალი ჯარი გამოგზავნა ბაგრატის წინააღმდეგ და თუმცა უკანასკნელს მოეშველნენ გურულები და ქართლელები, ქართველები დამარცხდნენ 1545 წელს. ოსმალოებმა დაიჭირეს სამცხე და გააათაბაგეს ქაიხოსრო მეორე. მაგრამ ქაიხოსრო მაინც არ იყო მადლიერი ოსმალეთისა და ჰფიქრობდა სპარსელებთან დაახლოვებას. როცა 1548 წელს შაჰ-თამაზი შემოესია ქართლს და მოინდომა ათაბაგთან დამოყვრება, ქაიხოსრომ რადგან თვითონ ქალი არ ჰყავდა, მიათხოვა ყეენს თავის ნათესავი ოთარის ასული. ეს ეწყინა მეფე ლუარსაბს და წაართვა ათაბაგს ჯავახეთი და სხვა ადგილები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. მალე ხვანთქარიც აუმხედრდა ქაიხოსროს და დაიპყრო ტაო, არტანუჯი, არტაანი და ფარავანის მიდამო. ათაბაგს მოეშველა შაჰ თამაზი, გასწმინდა სრულიად სამცხე და დაუბრუნა ქაიხოსროს. მაგრამ როგორც ეტყობა ნაწილი მესხეთისა ისევ ოსმალოების ხელში დარჩა და ქაიხოსროს მემკვიდრის ყვარყვარე მეხუთის დროს (1573-1582) მესხეთში დიდს არეულობას ვხედავთ: მთელი მხარე ორ ბანაკადაა დაყოფილი, ნაწილი ოსმალეთს ემხრობა და ნაწილი სპარსეთს და ორ ბანაკს შორის განუწყვეტელი შუღლი და ბრძოლაა. ბოლოს და ბოლოს ოსმალოები იმარჯვებენ, მათი გავლენა ძლიერდება და თუმცა ყვარყვარე ათაბაგად რჩება, მაგრამ უფლება შეზღუდულია. ყვარყვარეს ერთი ძმა მანუჩარი გამაჰმადიანდება და მიიღებს ოლთისის და აწყვერის სანჯახებს. გამაჰმადიანდება მისი მეორე ძმაც ბექა და იწოდებს საფარ ფაშის სახელს.

ყვარყვარეს მემკვიდრე მანუჩარ მეორეც (1582-1614) მაჰმადიანია, თუმცა ორი წლის შემდეგ დღიდან გაათაბაგებისა ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდება. ამის მემკვიდრის დროს ოსმალებმა კიდევ უფრო მაგრად მოიკიდეს ფეხი მესხეთში. ორასი წლის განუწყვეტელმა ბრძოლამ და მუდმივმა ძალადობამ ერის სული მოსტეხა. მაჰმადიანობამ იწყო ხალხში გავრცელება; ათაბაგს დაეკარგა ძალა, მის უფლებას არც ოსმალოები აქცევენ ყურადღებას, აღარც მკვიდრნი. ყველაფრის გამე-ბატონები ხვანთქრის გამოგზავნილი კაცები არიან. განსაკუთრებულის სისწრაფით წავიდა ოსმალოების დამკვიდრების საქმე ბექა მესამის დროს, რომელმაც მოსწამლა თავისი ძმისწული ათაბაგი მანუჩარ მესამე და თვითონ გაბატონდა მესხეთში 1625 წელს საფარ-ფაშის სახელით. ამ დღიდან მოისპო ათაბაგობა და საათაბაგოს მართველნი ფაშებად იწოდებიან. საფარ-ფაშამ ყველგან ოსმალური წესები შემოიღო, ხალხს გადასახადები გააწერა კომლზე შვიდ აბაზ ნახევარი, ცხვარზე ორი შაური, ხარზე აბაზი, ცხენსა და კამეჩზე ექვსი შაური. დააწესა აგრედვე თავის სასარგებლოდ ორ აბაზ ნახევარი და მეშვიდედი მიწის ყოველგვარ შემოსავლისა. ქრისტიანობა დღითიდღე ისპობა, სამღვდელოება ჰქრება, ეკლესიების ალაგას ჯამეები ჩნდება. ასევე მიმდინარეობდა საქმე საფარ-ფაშის მემკვიდრეების უსუფისა და როსტომის ფაშობის დროს (1635-1659). მატიანეს სიტყვით, როსტომი «ფრიად მაჰმადიანი იყო». ხალხს ამაჰმადიანებდნენ ძალით, საჩუქრებით თუ სხვა საშუალებით. ყველაზე უწინარეს გადაგვარდა მაღალი წოდება, რომელსაც წინანდელის ხარისხების ნაცვლად ახალი დაურიგეს: ფაშობა, ბეგობა, აღობა. ხალხი მოწყდა მშობლიურ კულტურას და სიბნელეში ჩავარდა. უფრო მალე დაჰკარგეს ეროვნება იმ ადგილებმა, რომლებიც ოსმალოთა მოსახლეობას საზღვრავდნენ. ქვეყნის გადაგვარების და დამორჩილების გასაადვილებლად სტამბოლის მთავრობამ მესხეთი რამდენსამე ნაწილად დაჰყო. ათაბაგი ფაშის სახელით ჰმართავდა ახალციხეს და ოლთისს, მეორე ფაშა იჯდა კოლას, შავშეთს და აჭარას ბეგები განაგებდნენ, უფრო მცირე მაზრებს ალი-ბეგები და აღები. გარდა ამისა, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს დაწესდა ჯავახეთის საფაშო. პირველობა ეკუთვნოდა ახალციხის ფაშას, რომელსაც ხვანთქრისაგან მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა იმერეთზე და შავი ზღვის ნაპირებზე, სადაც კი ქართველობა სახლობდა...

ჩვენ აღარ გამოვუდგებით ფაშების ისტორიას. აქ თუ რამ საინტერესოა, ეს მხოლოდ პროცესი თანადათანობითი გამაჰმადიანებისა, რომელიც, რასაკვირველია, ერთბაშად და მალე არ მომხდარა. ხალხი ადვილად ვერ ივიწყებდა წინაპრების სამლოცველოებს, ზნე-ჩვეულებას, წესებს. მთელ საუკუნე ნახევარს გაგრძელდა გადარჯულების პროცესი და ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ხალხი ბევრ ალაგას ქრისტიანობას აღიარებდა.

VI
მეტად საინტერესო ცნობებს იძლევა ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიაში. იგი ასე ახასიათებს მესხეთის მცხოვრებლებს საზოგადოდ: «კაცნი და ქალნი არიან მზგავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, შვენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყვარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტესა 1626 სრულიად ქრისტიანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი; ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მაჰმადიანნი და გლეხნი ქრისტიანენი, არამედ კლარჯეთის გლეხნიცა უმეტესნი მაჰმადიანნი; გარნა ვინანიცა არიან ქრისტიანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან, ვინათგან არღარა რაისა მორჩილებენ ქართლის კათალიკოზსა, და ბერძენთა არა სცალს მათთვის. ენა საკუთრად აქვთ იგივე ქართული. განა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა და თვისთა სახლებთა ანუ ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყვიან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მაჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი და ქრისტეანენი, ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა ვითარცა თრიალელნი და გულისხმაჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი». კერძოდ ჯავახელების (დღევანდელი ახალ ქალაქი) შესახებ ვახუშტი სწერს: «კაცნი და ქალნი მსგავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შვენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი, ბრიყვნი. სარწმუნოებით გლეხნი ჯერედ ქრისტიანენი სულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, განა ჰყავთ მღვდელნი ქართველნი; ენა აქვსთ ქართული და უწყიან მოთავეთა თათრული, დამჭირნეობისათვის ოსმალთა». ყარსის ოლქის დღევანდელი არტაანის (არდაგანის) მაზრა ისტორიული მესხეთის ერუშეთს, არტანს და კოლას შეიცავს. ვახუშტი გვეუბნება: კოლაში «კაცნი ჰგონე ეგრეთვე, არამედ აწ უმეტესნი მაჰმადიანნი. და აწ ზის ჯავახეთს ნიჯგორს მჯდომი ფაშა და კოლას ფაშავე, განა მორჩილებასა შინა ახალციხის ფაშისა», რომელსაც «უპყრავს სულიად სამცხე საათაბაგო». დღევანდელი არზრუმის ვილაიეთის ნაწილს შეადგენდა ჩვენი ძველი ისპირის (ისპირი ჭოროხს ერთვის) ხეობა, თორთომის ხეობა (თორთომი ისპირს ერთვის) და ბაიბურდი. ვახუშტის სიტყვით, ისპირის და თორთომის ხეობაში თუმცა ქრისტიანობა მოსპობილა, ენა ქართული კიდევ შენახულია: ისპირში, კაცნი იუწყე მზგავსნი სამცხისანი და აწ მაჰმადიანნი სრულიად ენითა ქართულითა და ზნითა ოსმალთათა», თორთომშიაც კაცნი «სრულიად მაჰმადიანნი, ენითა ქართულითავე, არამედ უბნობენ თურქულსა». ხოლო ბაიბურდში, რომელიც განაპირას იყო და აქ უეჭველია უფრო ძლიერი იქნებოდა ოსმალების გავლენა, არიან მოსახლენი სრულიად მაჰმადიანნიო, სწერს ვახუშტი: და ზნითაცა მათითაო. დასასრულ ჭანეთს, ლაზისტანს ასე ახასიათებს ჩვენი გეოგრაფი: «კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მაჰმადიანნი. განა მცირედი ვინმე მოიპოვებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კვალად ქართული ენა ვიეთთამე»...

აქ მოყვანილი ცნობები ცხადყოფენ, თუ რა წინააღმდეგობას უწევდა მესხეთის ქართველობა ოსმალეთს და როგორ მედგრად, გასაოცარის სიმტკიცით იცავდა თავის ვინაობას. პროცესი გადაგვარებისა იყო პროცესი უდიდესი ტანჯვის და წამების, პროცესი მეტად ძნელი და მძიმე. კუთხე, რომელიც მთელი საქართველოს კულტურული აყვავების და პოლიტიკური დიდების ბუდე იყო, კუთხე, სადაც ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით, «არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარანი, რომელსაც შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილისა ქვით ნაშენნი, ორი ან სამი, დიდნი და მცირენი», შორდებოდა თავის სამშობლოს, ჰკარგავდა მასთან კავშირს, დამოკიდებულებას, ურთიერთობას, ჰკარგავდა სარწმუნოებას, რომლისთვის იღვწოდნენ გრიგოლ ხანძთელი, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ენას, რომელიც გაამშვენიერეს პეტრიწმა, ეფრემ მცირემ, რუსთაველმა, კულტურას, რომელიც ბრწყინავდა თამარის სახელის გარშემო, და ყველაფერი ეს უმწარეს ტანჯვის განცდა იყო. ჩვენთვის დღეს ყოველივე ეს მარტოოდენ შორეული მოგონებაა, მშრალი ისტორიის გადაფურცვლა, მაგრამ იმათთვის, ვინც ყველაფერი პირადად გამოსცადეს და გამოიარეს, ეს იყო საშინელი წამება ოთხი საუკუნის განმავლობაში, აურიცხველი სისხლის ღვრა, შეუწყვეტელი ცრემლი, ათასი სასოწარკვეთილება და დაცემა, და კვლავ აღდგენა ისევ დაცემისათვის...

იმის გასათვალისწინებლად, თუ რა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მესხებმა ოსმალთა ბატონობას, უნდა გავიხსენოთ, რომ ოსმალეთი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეში უძლიერესი სახელმწიფო იყო აზიასა და ევროპაში, მის ხელში იყო სამხრეთი რუსეთი, ბალკანეთი, უნგრეთი და მისი სამფლობელო თითქმის ვენას მიახწევდა. აშკარაა, თუ საქართველომ მხოლოდ ერთი მესამედი დაჰკარგა თავის სამფლობელოსი, ეს მოხდა ქართველების იშვიათის გმირობისა, თავგანწირულობისა და სიმამაცის წყალობით, განსაკუთრებით კი ამათვის უნდა ვუმადლოდეთ თვითონ მესხეთის მკვიდრთ, ამ მოწინავე რაზმებს, საქართველოს გმირთ-დარაჯებს. საუკუნე ნახევარს ებრძოდნენ მესხები ოსმალოებს, ვიდრე უკანასკნელნი მოახერხებდნენ თავის მართველობის დამყარებას საათაბაგოში. ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორასი წელიწადი მოუნდათ ოსმალოებს, სანამ წინაპართა სარწმუნოებას შეუცვლიდნენ ხალხს. მაგრამ მესხებმა იმდენი კულტურული სიძლიერე გამოიჩინეს, რომ ბევრ ალაგას დღემდის დაიცვეს მშობლიური ენა ეს დედაბოძი ქართული ეროვნებისა, დღემდის შეინარჩუნეს ძველთაგან ნაანდერძევი სულიერი სიმდიდრე, რომელიც ცხადად შეუმჩნევია ყველას, ვისაც უმოგზაურია ქობულეთს, აჭარას, შავშეთ-კლარჯეთში... ეს ხმამაღლა ღაღადებს იმას, რომ დიდებული მესხეთი მთლად დაკარგული არ არის საქართველოსთვის, რომ ჯერ კიდევ შეიძლება მისი დაბრუნება, მისი სრული შესისხლხორცება, და ამის განხორციელება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ეროვნულ შეგნებასა, ბრძოლასა და ენერგიაზე, ჩვენს მამულიშვილობაზე!..

ფოტოზე: მეფე ქართლისა, კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსი, მთავარი შამშადალისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა ერეკლე II
VII
მესხეთის ჩამოშორება და მისი გადაგვარება ყოველთვის ლახვრად ესობოდა გულზე შეგნებულ ქართველობას. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნეს ქართველებმა მესხეთის უბედურება მეთვრამეტე საუკუნეში, როცა საქართველომ კულტურული აღორძინება დაიწყო, გაჩაღდა ყოველმხრივი მუშაობა და აღიძრა საკითხი მთელი საქართველოს გაერთიანების შესახებ და ამისთვის მოლაპარაკებაც კი გაიმართა ქართველ მეფეებსა და მთავრებს შორის.

ორჯელ თეიმურაზ მეფე და ორჯელ მისი შვილი ერეკლე შეიჭრნენ ჯავახეთში და თუმცა მტერზე გაიმარჯვეს, მაგრამ ოსმალეთს ვერა ჩამოართვეს რა. ერეკლეს თავისი თავი მესხეთის კანონიერ მემკვიდრედ მიაჩნია და თავის ტიტულს ასე განსაზღვრავს: «მეფე ქართლისა, კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსი, მთავარი შამშადალისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა». მეფე ერეკლემ თავის მოხელეებს ააწერინა ის ადგილები, რომლებიც ქართლ-კახეთს აკრავს; ამ აღწერილობაში მესხეთი (ახალციხის ქვეყანა) აღნიშნულია, როგორც ერთი ნაწილი ქართლისა, «რომელიც უჭირავს ახლა ხვანთქარსა ძალითა და არიან გამაჰმადიანებულნი და ადგილ-ადგილ მცირედნი ქრისტიანენიც იპოვებიან».

რაკი ერეკლე თავის ძალღონით ვერას გახდა ოსმალეთის წინააღმდეგ, რუსეთს მიჰმართა დახმარებისათვის, და როცა 1771 წელს მფარველობის მიღების შესახებ დაიწყო მოლაპარაკება იმპერატრიცა კატერინე მეორესთან, ითხოვდა: «კვალად ვედრებით მოვახსენებ თქვენს ყოვლად მოწყალებასა, რათა ამავე გაზაფხულსა არ უტევონ დაუპყრობლად ქვეყანა ახალციხისა და უკეთუ შერიგება მოხდეს სულთანისა, მაშინაც გარედ არ დარჩეს ქვეყანა ახალციხისა, ვინაიდან საქართველოსა შინა არის და ქართული ენა აქვსთ და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში და სხვანიც ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზედ». ამასვე იმეორებს მეფე 1773 წელს, როცა საგანგებო ელჩები გაუგზავნა რუსის მთავრობას ხელშეკრულობის დასადებად: «არ დაშთეს ამას უფრო გრძლად დაუპყრობელად ქვეყანაი ახალციხისა, რომელიც ჩვენი ადგილი იყო და თუ შერიგება იქნება (ამ დროს ოსმალეთს რუსეთთან ომი ჰქონდა), მაშინაც თურქის სახელმწიფოდ არ დაშთეს, არამედ გამოერთვას, რადგან საქართველოს მიწა არის და მრავალი ქრისტიანენი არიან მას შინა და ყოველს წელიწადს მძლავრებით მაჰმადიანად მრავალს გარდააქცევენ».

1783 წლის 24 ივლისს ერეკლემ და რუსეთის მთავრობამ ხელშეკრულობა დასდეს ერთმანეთთან, რომლის ძალით ქართლ-კახეთი გადავიდა რუსის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ. ამ ხელშეკრულობას ტრაქტატს აქვს ერთი მუხლი «არტიკული მეოთხე სეპარატისა», რომელშიაც რუსეთის იმპერატორი აღთქმასა სდებს, რომ ბრძოლის დროს ყოველ ღონესა და მეცადინეობას იხმარს იარაღის შემწეობით დაუბრუნოს საქართველოს მისი სამკვიდრონი, ე.ი. სამცხე-საათაბაგო და სხვანი; მშვიდობისა და ზავის შეკვრის დროს კიდევ მოვალეა დიდად ეცადოს და დაუბრუნოს საქართველოს მტრისაგან მოტაცებული ქვეყნები. ასეთია ერთი მუხლი რუსეთის და ქართლ-კახეთის შეერთების ხელშეკრულობისა...

1828 წელს თითქოს განხორციელდა ერეკლეს ოცნება. რუსის ჯარმა 23 ივლისს აიღო ახალქალაქი, 15 აგვისტოს ახალციხე და 2 სექტემბრის ადრიანოპოლის ხელშეკრულობით ჩამოართვა ოსმალეთს ორი უმთავრესი ნაწილი ძველი მესხეთისა ახალციხე და ჯავახეთი. მაგრამ, საუბედუროდ, სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს არავინ მიეგება დედის გულით. ავი იყო თუ კაი, ახალციხე და ჯავახეთი შეჩვეული იყო სხვა წეს-წყობილებას, ორასი წლის განმავლობაში სცხოვრობდა სხვა კანონების ქვეშ, სხვა რჯული ჰქონდა, სხვა ხალხთან სცხოვრობდა და კავშირი წინანდელი მჭიდრო ერთობისა დანარჩენ საქართველოსთან უკვე დარღვეული იყო. ამიტომ საჭირო იყო დიდი სინაზე, დიდი გულმტკივნეულობა, დიდი თანაგრძნობა და სიყვარული ახალციხელებისა და ჯავახელების ტკივილების დასაამებლად, მათი გულის მოსაგებად და დასაახლოვებლად. ქართველი საზოგადოება მაშინ ძლიერ განუვითარებელი იყო, სუსტი ეროვნული შეგნება ჰქონდა და ვერ დააფასა სიდიადე ორი დაკარგული კუთხის დაბრუნებისა. იგი ვერ მივიდა ძმებთან გაშლილის გულით, ძმურად, მეგობრულად, ვერ გაუადვილა მათ სამშობლოში დაბრუნება, რომელიც თუმცა სამშობლო იყო, მაგრამ დროთა ვითარებისა გამო ეუცხოვებოდათ, შეცვლილი იყო იმათთვის.

კიდევ უფრო ნაკლები მზრუნველობა გამოიჩინა, რასაკვირველია, მთავრობამ, რომელმაც ახლად დაპყრობილი ქართველი მაჰმადიანები თათრებად მონათლა, უნდობლად შეხედა და უპატივცემულოდ მოეპყრა ქართულ ენას, რომელიც აქა იქ კიდევ დაშთენილიყო. ხალხის სულიერის მდგომარეობით მშვენიერად ისარგებლეს გაფანატიკოსებულმა მოლებმა და დაიწყეს ქადაგება: ვისაც სულიან ხორციანად დაღუპვა არ გინდათ, ოსმალეთში გადასახლდითო. ხალხი დაიძრა და დიდძალი გადასახლდა მცირე აზიაში; განსაკუთრებით ბევრი აიყარა ჯავახეთიდან, რომელიც თითქმის დაცალიერდა. გადასახლების მსურველებმა ოხრად მიჰყიდ-მოჰყიდეს ოჯახის ნივთეულობა, საქონელი, მამულ-დედული, სახლკარი, შეაბეს ურმები და გაუდგნენ ოსმალეთის გზას. ბევრი გაწყდა გზაში სიმშილ-სიცივისაგან. ვინც გადარჩა, იმანაც ვერ იხეირა ახალ ადგილებში და ბევრმა მწარედ მოიგონა სამუდამოდ დაკარგული სამშობლო...

ახალციხის და ჯავახეთის მკვიდრთა გადასახლებას თითქოს სიხარულით შეეგებნენ და მათ ნასახლარებზე საჩქაროდ დააბინავეს არზრუმელი სომხობა. 1828-30 წლებში ახალქალაქის და ახალციხის მაზრებში 90 ათასი სომეხი დასახლდა. მთავრობა მათ ყოველგვარს შეღავათს აძლევდა და ფულითაც დაეხმარა, სამეურნეო იარაღებიც დაურიგა.

ასე შეუსრულდა ერეკლე მეფეს სურვილი დაუბრუნდა საქართველოს ახალციხე და ჯავახეთი, მაგრამ გატიალებული და დაცარიელებული, და იქ, სადაც ოდესღაც მჭიდროდ სახლობდნენ ქართველები, სადაც ჰყვაოდა ქართული კულტურა, სადაც დაიბადნენ სარგის თმოგველი, შოთა რუსთაველი და სხვა დიდებული ქართველები, დღეს ქართველობის რიცხვი ძალზე შემცირებულია: ახალქალაქის მაზრაში ქართველები მხოლოდ 8-9 პროცენტს შეადგენენ, ხოლო ახალციხის მაზრაში 60-62 პროცენტს და აქედან სამი მეოთხედი გადარჯულებული ქართველია, რომელსაც თითქმის მთლად დავიწყებია თავისი ეროვნული ვინაობა. და ყველაზე უფრო საგულისხმიერო აქ ის არის, რომ ამ ადგილების დაცარიელება ქართველობისაგან და აქაური მესხების სრული გადაგვარება მოხდა მეცხრამეტე საუკუნეში!...

VIII
თუ საქრისტიანო საქართველოს ქართველობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა 1828 წლის ამბებს, მოსალოდნელი იყო, რომ იგი მეტს სიფხიზლეს გამოიჩენდა 1878 წელს, როცა რუსეთმა შემოიერთა ბათუმის, ართვინის, ოლთისის და არდაგანის მაზრები ანუ, ძველებური სახელები რომ ვიხმაროთ, შემდეგი ნაწილები მესხეთისა: ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, ლიგანა, ნაწილი ჭანეთისა, კლარჯეთისა, ტაოსი, კოლა, არტანი და ერუშეთი...

1877-1878 წლის რუსეთისა და ოსმალეთის ომს დიდი ხანია მოელოდა ევროპა. თვითონ რუსეთიც კარგად ხედავდა, რომ მისი დავა ოსმალეთთან უომრად არ გათავდებოდა. მაგრამ ამასთანავე ცხადი იყო ყველასათვის, რომ მარტო რუსეთი და ოსმალეთი არ იყვნენ დარაზმულნი ბრძოლისათვის. ერთის მხრით ოსმალეთის ზურგს უკან იდგა ინგლისი, რომელიც ოსმალეთის გამარჯვებით არა ნაკლებ იყო დაინტერესებული, ვიდრე თვითონ ოსმალეთი, ხოლო ინგლისს მხარს უჭერდნენ ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი. მეორე მხრით რუსეთს ექომაგებოდნენ და თანაუგრძნობდნენ იტალია და გერმანია. ამიტომ ყველა შიშობდა, ვაი თუ რუს-ოსმალოს შეტაკებამ საყოველთაო ცეცხლი გამოიწვიოსო. ლოდინი გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს ომი მაინც აუცილებელი შეიქმნა.

დიდის ინტერესით ადევნებდა თვალყურს ომის მოახლოვებას ქართველი მოწინავე საზოგადოება და ფართოდ უყურებდა მის მომავალ შედეგებს. ჯერ კიდევ 1876 წელს, როცა ტფილისში მთავრობამ მოლაპარაკება გამართა ქართველ თავად-აზნაურობის მარშლებთან მილიციის დაარსების შესახებ, სერგი მესხი სწერდა «დროებაში»: «მილიციას, უეჭველია, თოფებს დაურიგებენ და სამხედრო ხელობის სწავლებას დაუწყებენ... შემდეგ როგორ მოიქცევიან ისინი, რა კაცობას და ვაჟკაცობას გამოიჩენენ, ეს იმათ ქართველობაზე, იმათ გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. ამ თავითვე ჩვენ მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია: რომ ქართველი ქართველობას, თავის სამშობლოს სიკეთესა და სარგებლობას არ დაივიწყებს ამ საზოგადო შეტაკებისა და გაჭირვების დროს»...

დადგა 1877 წელი. უკვე თებერვალსა და მარტში ჰაერში ომის სუნი ტრიალებს. თოფი არ გავარდნილა, მაგრამ მომიზნებულია. აპრილის დამდეგს კი ომის გამოცხადებას დღე-დღეზე მოელიან. ამის გამო ნიკო ნიკოლაძე ვრცელს წერილებს სტამბავს «დროებაში» და ურჩევს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ომი რომ დაიწყება. ავტორი ითვალისწინებს ომის გართულებას და ამბობს: «ჩვენ გვგონია, რომ ეს ომი, რომელიც ჯერ მარტო ორ სახელმწიფოს შუა ატყდება, ნელ-ნელა წყვილ-წყვილა ჩამოითრევს ბევრს სხვა სახელმწიფოსაც. რადგანაც ომი აუცილებელი შეიქნა, სასურველია, რომ ის მაინც საბოლოო, გადამწყვეტი გამოდგეს, რომ მან სანიადაგოდ აავსოს ის საშინელი ორმო, რომელსაც ამდენი საუკუნის განმავლობაში ქვეყანა კაცის ძვლებითა და სისხლით ავსებს. სასურველია ისიც, რომ ამ ომმა აღვირი აუხსნას ევროპაში კეთილშობილურ ლტოლვილებას და გამარჯვება მიანიჭოს ძმობის საქმეს, იმ საქმეს, რომლისთვისაც ამოდენა სისხლი დაღვრილა». შემდეგ ნიკო ნიკოლაძე განაგრძობს: «ჩვენ ქვეყანას დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მოელის აღმოსავლეთის ომში. საქართველოთი რუსეთი პირდაპირ შედის ოსმალეთში, მაშინ როდესაც დუნაიზე ამ ორ სახელმწიფოს შუა მდებარეობს მესამე თავისუფალი სახელმწიფო რუმინია, რომლის გადაჯირგალება (გადალახვა) ყოველთვის ადვილი როდია. შავი ზღვის სიახლოვე საქართველოსთან, რუსეთის მოპირდაპირეს რუსეთის საზღვარშივე ომის შემოტანის ნებას აძლევს. ინგლისი მაგალითად პოლონეთს ვერ მიადგება, ვერც მოსკოვს, ვერც ყაზანს; ოდესის, რიგის ან ყირიმის აღება მას ვერავითარ სარგებლობას მოუტანს. საქართველოს კი ეხლა მაინც დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ინგლისის თვალში. დღეს რომ ინგლისს ყველაზე უფრო იმისი ეშინიან, რუსეთმა ინდოეთისკენ, საშუალო აზიაში გზა არ გაიკაფოსო, ინგლისი ვერც ერთი მხრივ ვერ მიუდგება ამ ახალ გზას და ვერ გადაუჭრის რუსეთს, იმიტომ რომ ამ გზის წინ ევროპის მხრით რუსეთს ფარივით აფარებული აქვს საქართველო და კასპიის ზღვა; ინგლისს რომ საშუალება ჰქონდეს, საქართველო გადმოიაროს და კასპიის ზღვის გაღმა როცა მოინდომებს, მაშინ ჯარი გარდაისროლოს, როდიღა მოერიდება რუსეთის გაძლიერებას საშუალო აზიაში: ინგლისს მაშინ ყოველთვის შეეძლება მოუჭრას რუსეთს მისგან გაკაფული ახალი გზა ინდოეთისკენ. ამის გარდა ინგლისს კარგად ესმის, რომ აღმოსავლეთის საკითხის დასაცხრომლად, რუსეთსა და ოსმალეთს შუა ომის გასაძნელებლად სასარგებლოა, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს არსად არ ეკარებოდნენ თავიანთ საზღვრებით». ესაა შინაარსი ნიკო ნიკოლაძის პირველის წერილისა. მეორეში მოჰყავს ბრიუსელის დეკლარაციის წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ომის დროს არაშეიარაღებული, მშვიდობიანი ხალხი.

12 აპრილს რუსეთ-ოსმალეთის ომი გამოცხადდა. მაშინდელმა «დროებამ» და «ივერიამ», რასაკვირველია, წერილები უძღვნეს ამ ამბავს. «ივერია» სწერდა, ეს ომი სლავიანთა გასანთავისუფლებლად არისო (1877 წ. 14 აპრილი), ხოლო შემდეგ მაინც ცდილობს, უფრო ფართო იდეალი დაინახოს ომში და ასეთი მაღალის სიტყვებით ინუგეშებს თავს: «დღეს საომრად გამოსულს მხედრობას ეს უწერია დროშაზე: «ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალი ხელმწიფე იმპერატორმა». ამაზე უმშვენიერესი, ამაზე უპატიოსნესი, ამაზე უწმინდესი საგანი ბევრჯელ არა ჰქონია ომსა. ადამიანის სულგრძელობას უკეთესი საზრდო აღარ უნდა, ადამიანის თავგამომეტებულს მხნეობას უკეთესი ჯილდო» (1877 წ. 21 აპრილი).

გაზეთი «დროება» კი უმთავრეს ყურადღებას იმას აქცევს, რომ ჩვენმა ერმა სიფრთხილე, სიდინჯე გამოიჩინოს და არ ჩაიდინოს მოუფიქრებელი საქციელი. იმასვე იმეორებს ხაზგასმით, რაც უკვე სთქვა: «დაუიარაღებელს ხალხს უფლება არა აქვს ხელი გაანძრიოს მტრის წინააღმდეგ. ის რჩება შორიდან ან ახლოდან მაყურებელად მოწინააღმდეგეთ ბრძოლისა და სისხლის ღვრისა. ჩვენი ხალხიც ამ საფუძველზე უნდა დადგეს, ამ კანონს უნდა დაემორჩილოს. ამის გადაცდენა ხეირს არ დაგვაყრის. ჩვენი სამხედრო მდგომარეობა ამას მოითხოვს, ამას მოითხოვს აგრედვე ჩვენის მხრით კეთილგონივრული პოლიტიკური მოსაზრება. რასაც გვთხოვენ, ის მივსცეთ; მომეტებული ერთგულება ხშირად მომეტებულ მტრობაზე უარესია. წინდაუხედავად წაჩრა იქ, საცა ჩვენ საჭირონი არა ვართ, იქ, საცა არ გვთხოვენ, მოუფიქრებლად თავის აღება და კუდაბზიკური გალაშქრება ამისთანა მძიმე საქმეში, რაც ვნებას არ მოგვიტანს, ხეირს არ დაგვაყრის. ერთის სიტყვით, უნდა ვსთქვათ, რაც ვსთქვით წინად: ჩვენი მხნეობით გამოჩენილი თავად-აზნაურობა და საზოგადოდ ხალხი ახლა მარტო თავის მხნეობით არ გამოიჩენს თავს». შემდეგ ნომერში გაზეთი არკვევს ომის მიზანს, ამბობს, რომ ომი გაფართოვდება თუ არა, სლავიანებს უთუოდ მოუტანს განთავისუფლებას, და ბოლოს დასძენს: «სხვა რა შედეგები ექნება კიდევ ამ ორთა შუა ბრძოლას, რა სივრცეს მიიღებს, როგორ გაძლიერდება და თუ ევროპა გაერია, მაშინ რა ბოლო ექნება, ვის თავისუფლებას დაეხმარება, ან ვის დაღუპავს, ყველა ამის თქმა ახლა რასაკვირველია ძნელია...»

1878 წლის თებერვალში ომი შეწყდა და სან-სტეფანოს ხელშეკრულობით 19 თებერვალს დროებით ზავი ჩამოვარდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. ომის შედეგი ბევრს არ აკმაყოფილებს. მოელიან, რომ ომი ხელახლა დაიწყება მალე და ეხლა მონაწილეობას მიიღებენ სხვა სახელმწიფონიც, განსაკუთრებით ინგლისი.

ინგლისის საზოგადოება მეტად აღშფოთებული იყო რუსის იარაღის გამარჯვებით. გაზეთები შიშობდნენ, ოსმალეთი მარტო ვერ შესძლებს წინააღმდეგობის გაწევას, რუსები სტამბოლს მიადგებიან და ინგლისი უთუოდ უნდა ჩაერიოს ომში, რომ შეაჩეროს რუსეთის გაძლიერებაო: ინგლისმა უნდა მიაშველოს ოსმალეთს ჯარი სტამბოლის დასაცავად, გადასხას დესანტი ბათომსა და სოხუმში და შეუტიოს რუსეთს ინდოეთის ჯარით გერატიდან. სან-სტეფანოს ხელშეკრულობა რომ გამოცხადდა, ინგლისის მთავრობა გაცხარებით შეუდგა საომარ მზადებას. გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა ომის გეგმა: ინგლისელები და ოსმალოები არ შეებრძოლებოდნენ რუსეთს ევროპის ასპარეზზე, მთელის ძალით შეესეოდნენ ამიერ-კავკასიას და ამავე დროს ძლიერს დესანტს გადასხამდნენ შავის ზღვით სამხრეთ-რუსეთში. მაჰმადიანების გულის მოსაგებად ინგლისმა მოინდომა სახალიფოს აღდგენა და იმედი ჰქონდა, რომ მთელი სამაჰმადიანო აღსდგებოდა რუსეთის წინააღმდეგ...

ომის შეწყვეტა და სანსტეფანოს წინასწარი ზავი არ აკმაყოფილებს ჩვენს გაზეთს «დროებასაც», რომელიც სწერს: «კარგ ომს ცუდი მშვიდობიანობა სჯობიანო, ამბობენ რუსები. მაგრამ ჩვენთვის რომ ეკითხნათ, ამ სიტყვას შევაბრუნებდით და ასე ვიტყოდით: ცუდს მშვიდობიანობას კარგი ომი სჯობიან.» (1878 წ. 2 ივლისი)

მაგრამ მშვიდობიანობის სურვილმა გაიმარჯვა, ევროპის სახელმწიფონი მორიგდნენ ბერლინის კონგრესზე (1878 წ. 13 ივნისი 13 ივლისი) და რუსეთსა და ოსმალეთს შორისაც სრული მშვიდობიანობა ჩამოვარდა. ევროპა აცდა მსოფლიო ომს, რომელსაც დღე-დღეზე მოელოდნენ.

ომის გათავებას მაშინდელმა ქართულმა პრესამ მეტად ცოტა წერილი უძღვნა. «დროების» 11 აგვისტოს ნომერში შემდეგს ვკითხულობთ მხოლოდ: «გათავდა ომი. ავად თუ კარგად მშვიდობიანობა დამყარდა. ბერლინის კონგრესმა გაარიგა ევროპის დახლართული საქმეები და იმედი მოგვცა, რომ ამ რამდენისამე წლის განმავლობაში მაინც ომის ნუ გეშინიათო...» გაზეთის აზრით, ომის დროს აშკარავდება ყოველი ხალხის ღირსება და ნაკლულოვანება, ომმა ბევრი რამ ასწავლა რუსეთს და იგი უეჭველია დაადგება რეფორმების გზას და ახალ წესებს შემოიღებსო...

უფრო დინჯად და ვრცლად შეეხო ომის შედეგებს თვიური ჟურნალი «ივერია» 1879 წლის პირველი ნომრის მიმოხილვაში, სადაც სხვათა შორის, სწერდა: «ბალკანეთის ნახევარ კუნძულზე აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელშეკრულობით წვერი შემოერღვა, როგორც პაჭიჭს და რაკი წვერი შემოერღვა, ბოლომდის რღვევით უნდა წავიდეს. ჩვენ აქ რა შუაში ვართო? იტყვის მკითხველი. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერ-კავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველის მხრით ქართველობას უპყრია, დღეს იმ ქვეყნად შეიქნა, რომელშიაც ბერლინის ხელშეკრულობის შემდეგ გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა. ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქედ აზიაში გამოიწია და რუსეთი და ინგლისი, ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის, აქ აზიაში დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინადვე... ჩვენ აქ საპოლიტიკო სიგელს არა ვწერთ და ამიტომაც ესე გაკვრით ვლაპარაკობთ ამ საგანზედა და ჩვენს მკითხველს ჩვენს ამონაფიქრებს ვაუწყებთ სმენისა და გაგონებისათვის. ჩვენ აქ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ საკუთრივ, ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისთვის მხოლოდ, არამედ სხვისთვისაც. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერებაზედ ამ 5-6 წელიწადში, მაგრამ ეს მიწის ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა წინად და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვა და სხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარგად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც».

ამ საზოგადო მოსაზრების შემდეგ ავტორი წერილისა განაგრძობს: «ბერლინის ხელშეკრულობამ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირსსახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად «მებრძოლი შავი ბედისა», ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და თუ კარგად მოიქცევიან, ვის ხელთაც აწ მათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ. წარსულმა ომმა ბევრი სისხლი დანსთქა ქართველობისა, ბევრმა ჩვენმა აფიცრობამ თავის ყმაწვილკაცობის დღენი დალია ამ ომში, ბევრი წარვიდა მეთქი ამ წუთისოფლიდან თვისტომთაგან დაუტირებელი, ბევრი დაიხოცა სახელოვანის სიკვდილით და მათი სახელი არც კი არავინ ახსენა და აღიარა. საწყალნო, ეგრე გულგმირად თავდადებულნო ყმაწვილ კაცნო! თქვენ, საცა ჭირი იყო, პირველნი იყავით ნებით თუ უნებლიედ, და საცა ლხინი იყო, უკანასკნელნი!» ავტორი თავს ინუგეშებს, რომ დაკარგული ძმები მაინც დავიბრუნეთ, რომ «ამ დიდ საქმეს ძმათა შეერთებისას ჩვენი საკუთარი სისხლი ზედ გადაესხა»...

ასე იყო თუ ისე, ომი გათავდა. რუსეთმა შემოიერთა ბათუმისა და ყარსის ოლქები და საქართველოს დაუბრუნდა დიდი წილი მოწყვეტილი შვილებისა. მაშინდელს ქართულს პრესას ნათლად ჰქონდა გათვალისწინებული ის მძიმე მოვალეობა, რომელიც დააწვა ქრისტიანს, განათლებულს ქართველობას გამაჰმადიანებული მოძმეების შემოერთებით. ახლად დაპყრობილ კუთხის მკვიდრნი უცხონი იყვნენ რუსეთისათვის და საჭირო იყო დიდი სიფრთხილე და კეთილი მოპყრობა მცხოვრებთა ნდობის მოსაპოვებლად, წესიერების და მშვიდობიანობის დასამკვიდრებლად მათ შორის. ჯერ კიდევ ბერლინის კონგრესი დამთავრებული არ იყო, რომ «დროება» სწერდა 5 ივლისის თარიღით: «მთავრობა უეჭველია მიიღებს მხედველობაში ამ ახლად შემოერთებულ ხალხის ხასიათს, ჩვეულებას, სარწმუნოებას, და ამისდაგვარად მოიქცევა. ამ თავითვე აქ დიდი სიფრთხილე, ერთობ წინდახედული, და გამჭრიახობა გვმართებს. საჭიროა ისეთი კაცების დანიშვნა გამგებლებად, რომლებიც კარგად უნდა იცნობდნენ ადგილობრივ მდგომარეობას, ხალხის ზნეს, ენას, ხასიათს, ჩვეულებას...» ბათუმის მხარე ომისაგან მთლად აოხრებული, აწიოკებული იყო, ხალხში დიდი სიმშილობა და გაჭირვება ჩამოვარდა, და ჩვენი პრესა დაბეჯითებით წინადადებას აძლევს მთავრობას, დაეხმაროს გაჭირვებულთ, და თან მოუწოდებს შეგნებულ ქართველ საზოგადოებას, მიეშველოს ძმებს.

მაგრამ ქართული პრესის განსაკუთრებული საზრუნავი ისაა, რომ ქრისტიანი ქართველობა დაუახლოვდეს მაჰმადიან ქართველობას, მივიდეს მასთან ძმურად, მიუტანოს განათლება, დაიჭიროს მტკიცე და მჭიდრო ერთობა. ამისთვის კი პირველი საქმეა ახლად შეძენილ ძმების გაცნობა. ამის გამო სერგი მესხი სწერს; «ჩვენ, რუსის ქართველები, თითქმის სრულებით არ ვიცნობთ ამ ახლად ჩვენს უბეში დაბრუნებულ მოძმეებს. ვიცით მხოლოდ, რომ ყველა ესენი გამაჰმადიანებულები არიან, რომ მომეტებულს ნაწილს ამათგანს ძველი საქართველოს ხასიათი და ჩვეულება ჯერაც არ დავიწყნია, ვიცით, რომ ზოგან იმათ თავიანთი სამშობლო ქართული ენა ჯერაც არ დაჰკარგვიათ, და სხვა არაფერი». «ამიტომაცო, განაგრძობს «დროების» პუბლიცისტი: ჩვენი სამღვთო მოვალეობა არის, რომ კარგად გავიცნოთ ეს ახლად შემოერთებული ჩვენი თანამოძმეები და იმათაც გავაცნოთ ჩვენი თავი. უამისოთ ჩვენ შორის ერთობა და ნამდვილი ძმობა, ერთი ხალხის შვილობა თავის დღეში არ ჩამოვარდება. როგორი ერთი საქართველოს შვილნი, როგორი თანამოძმენი ვიქნებით, თუ ერთმანეთისა ვერას გავიგებთ, თუ ერთმანეთის ჭირი და ლხინი, ბედი და უბედობა, ავი და კარგი არ გვეცოდინება».

ხოლო როგორ უნდა მოხდეს ეს გაცნობა? ავტორი ასახელებს ამის საშუალებას ესაა ერთმანეთში მისვლა-მოსვლა, ქართული სკოლების გახსნა, სადაც სწავლება უთუოდ ქართულად უნდა იყოს, და ქართული წიგნების გავრცელება. ამასვე იმეორებს სერგი მესხი თავის მეორე წერილში, ხოლო დასძენს: «აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად შეძენილ ქართველების სარწმუნოებას... სარწმუნოების განსხვავება არ დააბრკოლებს, არ დაუშლის ჩვენსა და იმათ ერთობას...

1878 წლის ნოემბერში ქართველი მაჰმადიანების დეპუტაცია ჩამოვიდა ტფილისში 16 კაცი. ქართველმა საზოგადოებამ სადილი გაუმართა დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით. სადილს დაესწრნენ გარდა დიმიტრი ყიფიანისა, გრიგოლ ორბელიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი, იასე ანდრონიკაშვილი, დიმიტრი ფურცელაძე, აკაკი წერეთელი (ილია ჭავჭავაძე ტფილისში არ იყო), გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, ივანე კერესელიძე, პეტრე უმიკაშვილი და სხვა. სადილზე დიდი სიხარული იყო და ბევრი სიტყვა ითქვა. სხვათა შორის, სადღეგრძელო წარმოსთქვა აკაკიმ. მოიგონა წინაპრების ანდერძი ენისა და ეროვნების დაცვა და აღნიშნა, რომ ერთიცა და მეორეც ორივე ძმას დაუცავს. «ახლა ვხედავთ, სთქვა პოეტმა: რომ ჩვენის წინაპრების დანაპირები აქეთაც და იქითაც შენახულა და ამით სჩანს, რომ ჩვენს შორის ძმური კავშირი თურმე არაოდეს არ ყოფილა მოშლილი! დიაღ, დღემდი თუ ცალ-ცალკე შეგვინახავს ის ანდერძი, დღეს უფრო ადვილად და ძლიერად ავასრულებთ, თუ კი ძმურად მივცემთ ერთმანეთს ხელს, დავადგებით ერთ გზას და მივმართავთ ერთ მიზანს». აკაკიმ ასე დაათავა სადღეგრძელო; «თუ ჩვენი წინაპრები ადევნებდნენ თვალს ქვეყნის მოძრაობას, ნურც ჩვენ ვიქნებით თვალდახუჭული... მზად ვიყოთ, რომ ბედს, საიდანაც უნდა მოდიოდეს, კარი გავუღოთ, და უბედობას ვეწინააღმდეგოთ... მაგრამ რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ, ვიცნოთ ჩვენი თავი, დავაფასოთ ჩვენი წინაპრები და თვალყური ვადევნოთ დროთა ვითარებას, საჭირო არის, რომ ვეცადოთ ჩვენი შვილების გამოზრდას... მივცეთ გზა განათლებას»...

ასე შეეგება მოწინავე ქართველი საზოგადოება 1877-1878 წლის ომს და სამაჰმადიანო საქართველოს ნაწილების შემოერთებას, ასე ჰქონდა შეგნებული თავისი მოვალეობა მოძმეების წინაშე. ვრცლად გაგაცანით ჩვენი მამების აზრები. მათთვის საჭირო არაა განმარტება, თავის-თავად მეტყველობენ და ბევრს რასმეს გვეუბნებიან. თითქოს დღეს დაიწერა ის, რაც 37 წლის წინად დაწერილა. თითქოს ჩვენი მამები ჩვენის ენით ლაპარაკობენო. მაშინდელი ფიქრი ეხლანდელი ფიქრია, მაშინდელი წუხილი ეხლანდელი წუხილი, მაშინდელი ზრახვა ეხლანდელი ზრახვა! ფრიად საგულისხმიეროა, რომ ისე ვწუხდით მაჰმადიან მოძმეების გაჭირვებისათვის, როგორც დღეს, მაშინაც ასე ვხედავდით, რომ ჩვენი ეროვნული განვითარება დაჟინებით, გარდაუვალად მოითხოვს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველების სრულს კულტურულს-ეროვნულს გაერთიანებას, და ისე ხმამაღლა მოვუწოდებდით ერთმანეთს ამ მიზნის განსახორციელებლად, როგორც დღეს. ხოლო ვგოდებდით, ვწუწუნებდით, ვლაპარაკობდით და საქმეს კი არ ვაკეთებდით. იყო სიტყვა, საქმე კი არა! იყო ბევრი მომწოდებელი და გამკეთებელი კი თითქმის არავინ და ეხლაც მძიმე მოვალეობის დიდი ეროვნული მიზნის წინაშე ვდგევართ, როგორც ვიდექით ამ 37-38 წლის წინად.

IX
მაგრამ თვალი გადავავლოთ იმას, თუ როგორ შეხვდა ბათუმის მხარის მაჰმადიანი ქართველობა ისეთს დიდს მოვლენას, როგორიც იყო ახალ სახელმწიფოში გადმოსვლა. ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოურკვეველია და აქ მოვიყვან მოკლე ცნობას, რომელიც მოთავსებული იყო 1879 წ. «ივერიაში»: ომის გათავების შემდეგ «ბათუმის ოლქის ქართველები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოსმალნი დასუსტებულნი არიან და რუსები ევროპის თანაგრძნობას მოკლებულნი, და რადგან ისინი ერთის ხელიდან მეორესთან უნდა გადასულიყვნენ, მოინდომეს სრული თავისუფლების შოვნა. გაცხარებით შეუდგნენ სამზადისს. ხელად მოაგროვეს ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი, ახალი სისტემის თოფებით შეიარაღებული; ცოლშვილი გახიზნეს; ინგლისის მთავრობას ადრესი გაუგზავნეს, ვითომდა «შენი ქვეშევრდომობა გვინდა და დაგვეხმარე ოსმალ-რუსებისაგან თავი დავიხსნათო», და დაიწყეს ორი ინგლისის გაზეთის კორესპონდენტებთან მოლაპარაკება, რომლებიც დესპანებად მიიღეს... ინგლისის მთავრობა ჯერხანად ყუჩობდა; კორესპონდენტებმა კი ურჩიეს, რომ რადგან ინგლისის მართებულობა აშკარად ვერ დაეხმარება მათ წადილის ასრულებაში, სჯობს ისევ ევროპის საზოგადოებას მიმართონ ნივთიერ დახმარების თხოვნითო. ამ დროს ბათუმელი კორესპონდენტი სწერდა გაზეთ «ტიან»-ში: «რადგანაც აქაურ ქართველებს სძულთ რუსები და ეჯავრებათ ოსმალნი, ვგონებ ევროპა ძალიან კარგად მოიქცევოდა, რომ ბათომის ოლქიდამ, რომელიც როგორც ვიცით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილობის წყალობით, ერგო რუსეთს, შეადგენდეს დამოუკიდებელს სამთავროს ევროპის მფარველობის ქვეშ იმ სისხლის ღვრის ასაშორებლად, რომელიც აუცილებლად მოხდება თუ ეს ოლქი კონგრესის განაჩენს მიანებეს.» თუმცა ევროპამ ეს აზრი მოიწონა, მაგრამ მის ასასრულებლად ხელი არ მიუყვია და საქმე ინგლისის ანაბარად მიაგდო... ინგლისმაც რაღაც მოსაზრების გამო დახმარების უარი უთხრა ბათუმის ოლქის ქართველებს და ურჩია კონგრესის განაჩენს დამორჩილებოდნენ... ბათუმის ოლქის ქართველებმა რა დაინახეს, რომ მათი სურვილის შესრულება შეუძლებელი იყო, თავი მოიხარეს»...


მაგრამ მარტო ამით არ განისაზღვრებოდა მაჰმადიან ქართველების სულიერი განწყობილება. ბერლინის კონგრესის გათავების შემდეგ, რუსის მთავრობამ გამოუცხადა ბათუმის მხარის მცხოვრებლებს: ვისაც არა გსურთ აქ დარჩენა და ოსმალეთში გირჩევნიათ გადასახლება, სამი წლის ვადა გეძლევათ: ვინც ამ ხნის განმავლობაში გადასულხართ, გადასულხართ, მერე კი ნება არ გაქვთო. სამი წლის განმავლობაში მთელი ბათუმის ოლქი ღელავდა. ოსმალეთიდან აგენტები გადმოდიოდნენ და უქადაგებდნენ ხალხს რუსეთში არ დარჩეთ, რჯულს გამოგიცვლიან, ოსმალეთში გადმოდით, იქ თავისუფლად და ბედნიერად იცხოვრებთო. ამ ქადაგებას ძლიერ უწყობდა ხელს ოლქის მეტად გაჭირვებული მდგომარეობა. ომის გათავების შემდეგ მთელს მხარეში დიდი სიმშილობა ჩამოვარდა, რადგან ხალხი ომში იყო გართული, იარაღი ეჭირა ხელში და ხვნა-თესვისთვის არავის ეცალა. მკვიდრთ გული აუცრუვდათ მამაპაპეულ მიწა-წყალზე და მთელი მესამედი გადასახლდა ოსმალეთში, სადაც ათასგვარ გაჭირვების მეტი არა დახვდათ-რა. ხოლო ვინც სახლში დარჩა, არც ის იყო დამშვიდებული. ნამეტურ შეწუხებულნი იყვნენ მცხოვრებლები ახალი მოხელეებისაგან და საქმე იქამდის მივიდა, რომ ხალხი აჯანყდა და მთავრობა იძულებული გახდა ჯარი გაეგზავნა მის დასაწყნარებლად... მთავრობამ ბათუმის ოლქს ცალკე სამხედრო გუბერნატორი დაუნიშნა, გაჰყო ნაწილებად და თან-დათან დაამკვიდრა თავისი წესები.

X
აღსანიშნავია, რომ რუსის მთავრობამ ბათუმის მხარეშიაც განიმეორა ის შეცდომა, რაც ჩაიდინა ახალციხის და ახალქალაქის მაზრების ქართველ მაჰმადიანების შემოერთების დროს. იმის მაგიერ, რომ დამყარებოდა ქართულ ენას, როგორც საუკეთესო საშუალებას ქართველ მაჰმადიანების გულის მოსაგებად, დასაახლოვებლად, მთავრობამ ქართულს დაუწყო დევნა და თვითონ მკვიდრნი გამოაცხადა ოსმალოებად და თათრებად. ტყვილად სწერდა გონიერი ვეიდენბაუმი: «იქ, სადაც არ ესმით ოსმალური, რასაკვირველია, ხმარებაში იქნება ქართული. მაგრამ იქაც, სადაც ხალხმა ოსმალური იცის, ოფიციალურ ენად უნდა იყვეს, ჩემის აზრით, ქართული. ამ უკანასკნელი ენის დავიწყება მცხოვრებლებმა უმთავრესად იმიტომ დაიწყეს, რომ ოსმალოს მთავრობის დროს ყველა მოხელე ოსმალურად ელაპარაკებოდა, ხოლო ქართულს ზიზღით უცქეროდა, როგორც არა მაჰმადიანურ ენას და თვით ქართველის სახელი სამარცხვინო იყო. მაგრამ ეხლა თუ მთავრობა ხალხს ქართულად გამოელაპარაკება, იგი უნებურად მოიგონებს თავის ძველს ენას და ილაპარაკებს ქართულად. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ენის აღდგენა აღადგენს ხალხში ჯერ მთლად არ გამქრალს გრძნობას ერთობისას საქართველოსთან და ხალხი ზნეობრივად გადმოიხრება საქართველოსკენ ისე, როგორც ეხლა მიისწრაფვის ოსმალეთისკენ...» საუბედუროდ, რუსის მოხელეებმა ყურად არ იღეს ასეთი გონიერი პოლიტიკა და თითქოს ოსმალეთიდან გადმოსული ფანატიკოსი აგენტები ყოფილიყვნენ, აგონებდნენ მცხოვრებლებს: თქვენ ოსმალოები ხართ და არა ქართველები, ქართველებთან საერთო არა გაქვთ რა, ქართული დაივიწყეთო. სკოლებიდან ქართული ენა გამოდევნეს, ხალხს სასამართლოსა, ადმინისტრაციულ დაწესებულებაში და სხვაგან ყოველთვის ოსმალურის მცოდნე თარჯიმნებით ელაპარაკებოდნენ, უწყებას და განცხადებას ოსმალურად უგზავნიდნენ. ერთი სიტყვით ქართული და ქართველობა ისე აიგდეს აბუჩად, როგორც არ ყოფილა ოსმალეთის დროსაც. ამ მდგომარეობას საუცხოვოდ ახასიათებს ერთი მაჰმადიანი ქართველი, რომელმაც შემდეგი უამბო ზაქარია ჭიჭინაძეს: «ბათუმის სუდში მკითხეს: ვინა ხარო? უთხარი: ქართველი ვარ. ძალა დამატანეს, რომ თათარი ხარო. მე უთხარი: ქართველი! იმათ, თათარიო! ბოლოს თარჯიმანი მოიყვანეს და იმან მკითხა, მასაც ასე უთხარი. არაო, მაინც მითხრა: შენ თათარი ხარ და რჯულიც თათრული გაქვსო. მე მაინც ჩემი უთხარი: მე ქართველი ვარ და ქართული ზნე-ჩვეულება მაქვს, ჩემ რჯულთან რა ხელი გაქვთ...»


ასეთი ბრმა პოლიტიკა დღემდის შეუცვლელია. მოგაგონებთ ორს მაგალითს: 1908 წ. წერა-კითხვის საზოგადოებამ ქართული სკოლის გახსნა ითხოვა ართვინის მაზრაში, ჭინკათხევში. ამაზე მაზრის უფროსმა მოიწერა: აქაური მკვიდრნი თუმცა ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ თავიანთ თავს მაჰმადიანებად სთვლიან და წერა-კითხვის სწავლა არ უნდათ, მხოლოდ ოსმალურისა და რუსულისაო. ამას ამბობდა მაზრის უფროსი, მაშინ როცა თვითონ მცხოვრებლები თხოვნაში დაჟინებით სწერდნენ: ჩვენ ქართველები ვართ და ქართული წიგნი გვინდა ვისწავლოთო...

ამ სამი თვის წინათ აჭარაში, სოფელ ხულოში მივიდა საგანგებო მინდობილობით გენერალი პ., რომელმაც ხალხს სიტყვით მიმართა რუსულად და მერე ეს სიტყვა თარჯიმანს ქართულ ენაზე კი არ გადაათარგმნინა, იმ ენაზე, რომელიც ხალხის დედაენაა და რომელზედაც ხალხი ლაპარაკობს, არამედ მისი სიტყვა ოსმალურად გადაუთარგმნეს მცხოვრებლებს. ასეთი მაგალითი ერთი, ორი და სამი არაა...


XI
როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა, ქართველობის შეგნება, ქართული ეროვნული ელფერი ძველებური მესხეთის ან ეხლანდელი სამაჰმადიანო საქართველოს საზღვრებში? სად შერჩენია ხალხს ქართული სული და იერი, სად ქართველობა გამქრალა და წაშლილა სამუდამოდ?

ამის შესახებ გასული საუკუნის დასასრულის და ამ მდგომარეს დასაწყისის მოგზაურები და მკვლევარები გადმოგვცემენ შემდეგს ცნობებს.

როგორც ვიცით, ნაწილი მესხეთისა ჯერ კიდევ ოსმალეთის ხელშია ესაა ლაზისტანის სანჯაყი (ჭანეთი) და ნაწილი არზუმის ვილაიეთისა (კლარჯეთის და ტაოს სამხრეთ-დასავლეთი მხარე). ჭანები ან ლაზები თავის ლაზურ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ცოტათი განსხვავდება მეგრულის კილოსაგან (ლაზი და მეგრელი თითქმის ერთი და იგივე მცნებაა: სვანები მეგრელს ზანს ეძახიან და სამეგრელოს ლაზან), ხოლო დღეს მეტად სუსტი ეროვნული შეგნება აქვთ და ძლიერ მკრთალი წარმოდგენა თავის ქართველურ ნათესავობის შესახებ. აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელიც ამ რამდენისამე წლის წინად იყო ოსმალეთის ლაზისტანში, ამბობს: ლაზისტანის მხოლოდ ორს კაზაში - ხოფისა და ათინისაში ლაპარაკობენ ეხლა ლაზურადო.

თავის მშობლიურ ენას ლაზები მეტ წილად ზიზღით იხსენიებენ; რცხვენიათ ილაპარაკონ დედაენაზე. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ლაზები ოსმალეთში დამოუკიდებელ ძალას წარმოადგენდნენ, ოსმალოებს მტრობდნენ. ეხლა კი ამის ნასახიღა თუ მოიპოვება ზოგს ალაგას, საერთოდ კი ლაზები გამსჭვალულნი არიან ოსმალურის მამულიშვილობით და მტკიცედ ერთგულობენ ოსმალეთს. ეროვნული ტრადიციები აღმოფხვრილია; ძველი ნაშთების შესახებ ხალხი ამბობს, რომ ეს მეგრელების აშენებულია, და ჩვენ მხოლოდ სამასი წელიწადია, რაც გავჩნდით ქვეყანაზე. «ლაზები, როგორც ერი, სრულ გადაგვარების გზას ადგიან, ასეთია დასკვნა მეცნიერი მოგზაურისა.

რაც შეეხება არზრუმის ვილაიეთის მკვიდრთ, მათ სრულებით დაივიწყეს ქართული, გადაგვარდნენ და ამათი გადმორჯულებ-გადმოქართველება ეხლა ფრიად საძნელო საქმეა. პატივცემული გიორგი ყაზბეგი მოგვითხრობს, რომ ლაზისტანის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, ისპირის ტოტზე პარხალზე არის სოფელი (და ერთი უდიდებულესი ქართული მონასტერთაგანი), და ამ სოფელში 1874 წ. რამდენიმე მეკომური ცხოვრობდა, რომლებიც ქრისტიანობას აღიარებდნენ. ალბათ დღეს ესეც აღარ არის (პარხალი 10-12 ვერსითაა დაშორებული რუსეთის საზღვარს).

ეხლა თუ გადმოვალთ რუსეთის მესხეთში, დავინახავთ, რომ თითქმის ამგვარსავე მდგომარეობაშია ქართული ეროვნება და ენა არტაანის (არდაგანისა) და ოლთისის ოლქებში. ალექსანდრე ფრონელი სწერდა 1909 წელს: «ფოცხოვისა და ჯაყის წყალის ხეობაში, კოლასა, არტანსა და ერუშეთს სრულებით აღარ იციან ქართული; დაბა სოფლების სახელები, მთისა და გორაკებისა, ველმინდვრებისა, მდინარეებისა და რუვებისა ისევ ქართულია, მაგრამ გადარჯულებულს აქაურ ქართველს აღარ ეყურება მათი მნიშვნელობა. სახელწოდება სოფლებისა: საიხვე, ზეგანი, ნაქალაქევი, ცხრაწყარო, სამღერეთი, წურწყაბი, ალი, ყველი, არსიანი, ჯაყის-წყალი და სხვანი უცხო და გაუგებარი სიტყვებია აქაური ქართველებისათვის. იგი ვერ მიხვდება, რომ ეს სახელები და სიტყვანი ქართულია და შექმნილი ქართველი კაცის გენიოსებით, ჭკუა-გონებით. ბუნდოვნად ახსოვს მარტო, რომ ოდესღაც იყო ქართველი, მაგრამ დღეს თავის თავს უწოდებს თათარს, იცის თათრული ენა და ქართული და ქართველობა აღარაფრად ეპრიანება».

იგივე ავტორი, რომელიც კარგა ხანს სცხოვრობდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში, გვეუბნება ახალციხელ მესხების შესახებ: «ყველაზე ადრე შეითვისა ოსმალური ენა მაღალმა წოდებამ, ე.ი. თავად-აზნაურობამ, შემდეგ ბეგები რომ დაერქვათ. რაც ხანი გადიოდა, ქართული ენის ცოდნა თანდათან სუსტდებოდა და დღეს თითქმის აღარავინ იცის. თითით დაითვლება იმათი სახელი და გვარი, ვინც ამ ხანად ლაპარაკობს სუფთა ქართულს... გლეხობა უფრო მძიმედ ითვისებდა ოსმალურ ენას; დედაკაცობა ხომ, რადგან კერას არ სცილდებოდა და სულ შინ იჯდა, სრულებით არ ეტანებოდა ოსმალურს. დღესაც ბევრია იმისთანა მიყრუებული სოფელი, სადაც თუმცა მაჰმადის რჯულია გამეფებული, მაგრამ ოსმალურმა ფეხი ვერ მოიკიდა მკვიდრად დედაკაცობაში. საოცარი ამბავია, მაგრამ შეურყეველი და ჭეშმარიტი ისაა, რომ ქართული ენა დაიჩაგრა რუსების მისვლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს. არის ისეთი სოფლები, სადაც მოხუცებულები კიდევ ლაპარაკობენ ქართულს. ხოლო ყმაწვილკაცობა სრულებით აღარ ეტანება ქართულს. მიზეზი ისაა, რომ ქართულმა დაჰკარგა ფასი ხალხის თვალში რუსების მართვა-გამგეობის დროს, აღარაა ხმარებაში სკოლაში, სასამართლოში, ადმინისტრაციაში. ამიტომ ქართული ენა აღარავის ეპიტნავება, ვითარცა პატივაყრილი და გამოუსადეგარი. მესხი მაჰმადიანი სუფთად ლაპარაკობს ქართულად აწყურისა, იდუმალისა და კლდის სამამასახლისოში. ნარევ-ნარევად სხვა დანარჩენ სამამასახლისოებშიც მოიპოვება ქართულად მოლაპარაკე სოფელი, მაგრამ საერთოდ რომა ვსთქვათ, თუ დროზე რიგიანი სკოლა არ მივაშველეთ ამგვარ სოფლებს, ქართული ენა ძირიან-ფესვიანად ამოვარდება».

კიდევ უფრო გადაგვარებულია ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველობა, რომელიც ან სრულიად აღარ ლაპარაკობს ქართულად ან თუ ლაპარაკობს, ისე ცუდად, რომ ძლივს მიხვდებით მის ლაპარაკის აზრსა. ქართველი მაჰმადიანი ჯავახეთში ძალიან ცოტაღა დარჩა. იქა-აქ შერჩენიათ ქართული გვარები: ვაჩნაძე, გეგიძე, აბაშიძე, ფალავანდიშვილი. გარდა მაჰმადიანი ქართველებისა რამდენსამე სოფელში ბინადრობენ მართლმადიდებელი ქართველები და ხიზაბავრასა, ხულგუმოს, ბავრას, კართიკამს და კურცხის ცხოვრობენ სომხის ტიბიკონის ქართველი კათოლიკენი.

ახლა თუ გადმოვალთ ბათუმის მხარეში, დავინახავთ, რომ აქ ქართული ენა და ქართული ეროვნული ელფერი უფროა დაცული და განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც ზედ ეკვრიან საქრისტიანო საქართველოს. ბათუმის ოლქში უახლობელესი ნაწილი კინტრიშის ხეობა ან ქობულეთია. აქ ქართული ენა სუფთადაა დაცული და ოსმალური ოცში ერთმა არ იცის, ქალები კი მარტო ქართულ ენაზე ლაპარაკობენ. დაცულია ქართული სიმღერები. არიან ქართული წერა-კითხვის მცოდნენიც. ქობულეთში ქართულს ლაპარაკობენ გადმოსახლებული ბერძნები და თურქებიც. ხალხს ქართველებისაკენ აქვს გული, ხოლო საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევიან ოსმალეთიდან გადმოსული მოლები, რომლებიც დიდს სიძულვილს უქადაგებენ მკვიდრთ ქრისტიანობისას და მაშასადამე ქართველ ქრისტიანებისაც.

გასული საუკუნის ბოლოს აჭარა მიმოიარა თედო სახოკიამ, რომელიც ასე აგვიწერს ქართული ენის მდგომარეობას: «მიუხედავად საშინელის ბრძოლისა, რომელიც სარწმუნოების გავლენით მაჰმადიანობამ გამართა, თითქმის ხელშეუხებლად და პირვანდელის სიწმინდით დაცულია ქართული ენა შიდა აჭარაში და იმ ადგილებში, რომელიც ზედ აკრავს გურიას. მაგალითად სოფელ ჭვანის ქართული განთქმულია და შიგ მრავალს საუნჯესა ვპოულობთ ჩვენის ძველის ენისას. ზემო აჭარას აღმოსავლეთ-სამხრეთ სოფლებში, შავშეთ-იმერხევის საზღვრებზე კი მეტად დასტყობია ოსმალურის ენის გავლენა. მართალია, ხალხი ოსმალურად არ ლაპარაკობს, მაგრამ ქართული ლაპარაკი მეტად არის აჭრელებული ოსმალურის სიტყვებით. ახალმა მოსულმა კარგად უნდა შეაჩვიოს ყური, რომ აქაურების ნათქვამი გაიგოს, ოსმალური ბევრმა იცის, განსაკუთრებით ხანში შესულებმა. ოჯახში კი ყველა ქართულად ლაპარაკობს. მეტადრე ქალები არიან წმინდად დამცველნი ჩვენის ენისა. რადგან ნაბეჭდი წიგნები აქეთკენ ამ უკანასკნელ ხანამდე არ მოიპოვებოდა, თუ წერა და ნაწერის კითხვა იცოდნენ, ისევ ქალებმა: აქაურის ბეგების დედებმა, უფრო ხანშიშესულებმა. მდაბიოთა შორის ძველებურის წერის მცოდნე იშვიათია დღესაც. წერის დროს, თუ ქალი სწერდა, სიტყვებსაც ქართულს ხმარობდა, რადგან ოსმალური ნაკლებად იცოდა, ხოლო მამაკაცი კი ქართულის ანბანით ოსმალურ სიტყვებს გამოსთქვამდა...

«სახალხო სიტყვიერება, განაგრძობს ავტორი: სულსა ჰლევს. მთელის ერთის თვის განმავლობაში ორად-ორი ანდაზა გავიგონეთ. ლექსი თუ კიდევ სადმე დარჩენილა, ისიც მეტად დამახინჯებული და ლექსის ღირსების მოკლებული რამ არის... სახალხო ლექსთან ერთად აქ მისი განუყრელი დაი სიმღერაც ჰქრება. მთელი თვის მოგზაურობის განმავლობაში განგებ თვალყური გვეჭირა და წამლად ერთი სიმღერა არ გაგვიგონია... ვეღარც საკრავებს იპოვით აქეთკენ. ერთად-ერთი საკრავი ჭიმონია (რაჭულ საზანდრის მზგავსი), მეტად მარტივი და პირველყოფილი მუსიკალური იარაღია, რომლითაც აჭარელი ათასში ერთხელ თავის სევდასა და დარდ-ვარამს გამოსთქვამს ხოლმე. ძველებური ქართულის ნიშანი განსაკუთრებით შენახულია აქაურის სიტყვა-პასუხში. მათი ზრდილობიანი ლაპარაკი, თავაზიანობა, სურვილი სტუმრის ამბებისა, უმაღლეს განვითარებამდეა მიღწეული. აქ ადამიანის ყური იშვიათად გაიგონებს უწმაწურს სიტყვებს»...


გასული საუკუნის სამოც და ათიან წლებში მაშინდელი ოსმალეთის საქართველო შემოიარა გიორგი ყაზბეგმა, რომელიც ბევრს საინტერესო ცნობას გვაძლევს. მისი აწერილობით იმერხევის (12 სოფელი) და შავშეთს (36 ს.) მკვიდრნი, გარდა მცირე გამონაკლისისა 145 სომხის ოჯახისა, სულ ქართველები არიან და სახლობაში ქართულად უბნობენ. კერძოდ შავშეთში უფრო შელახულია ქართული და აქ ნაკლებად ლაპარაკობენ ქართულად. რაც უფრო უახლოვდებით არტანუჯს, მით უფრო ნაკლებად გესმით ქართული სიტყვა-პასუხი მისივე სიტყვით, ჭოროხის ნაპირებზე ართვინიდან დაწყებული ზღვამდე სულ წმინდა ქართულს ლაპარაკობენ და მცხოვრებნი მეტად ლამაზნი არიან და მაღალი ნიჭის პატრონნი. ეს კუთხე წმინდა ქართველი რასის აკვანი იყო და მიუხედავად ბედის ტრიალისა, დღემდის შერჩენია ძველი ღირსება.

ამასვე ამბობს ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც ოთხმოც და ათიან წლებში იყო შავშეთ-იმერხევში: «ისტორიულ ნაშთებთან ერთად შავშეთში ქართული ენაც მოსპობილა. როგორც გადმოგვცეს აქაურმა მოხუცებულებმა, ქართული ენა 60 წლის განმავლობაში გამქრალა». შავშეთის მეზობლად მდებარე იმერხევში კი ქართული დაცულია; აქ მთელი ხალხი ქართულად ლაპარაკობს, ან როგორც თვითონ ამბობენ «ქართულად იტყვიან». «იმერხევში ოსმალური ენა უფრო გზის პირა სოფლებში შესულა და გავრცელებულა, თორემ სადაც მიყრუებული და მიუვალი სოფლებია, იქ ხალხი ქართულად ლაპარაკობს». ნიკო მარიც მოწმობს, რომ შავშეთში გამქრალია ქართული, ხანძთის, შატბერდის და ოპიზას მიდამოებში ოსმალურად ლაპარაკობენ დღეს. ხოლო იმერხევში შინაური ენა ქართულია, თუმც შიგ ბევრია ჩარეული ოსმალური სიტყვები.

XII
ასეთია ვითარება ქართული ენისა და ეროვნებისა ძველს მესხეთში ან ეხლანდელი სამაჰმადიანო საქართველოში, როგორც ამას აგვიწერენ გასული საუკუნის დამლევის და მდგომარეს დასაწყისის მოგზაურები და მკვლევარები. ლაზურად უკვე აღარ ლაპარაკობს ყველა ლაზი. ქართული მთლად მოსპობილია ოსმალეთის საზღვრების ფარგალში დარჩენილ ადგილებში, მთლად მოსპობილია ან თითქმის მოსპობილია ოსმალეთის მოსაზღვრე ნაწილებში არტაანის (არდაგანის) და ოლთისის მაზრებში და ჯავახეთში (ახალქალაქის მაზრაში), აგრედვე ახალციხის მაზრის უმეტეს ნაწილში. ზოგან სუსტადაა გავრცელებული, ზოგან გამქრალია ქართული სიტყვა ართვინის მაზრაში, ხოლო წმინდადაა შენახული ბათუმის მაზრაში. ეს ცნობები ნათლად გვიხატავენ იმ საშინელ მდგომარეობას, რომელსაც განიცდის დღეს ქართული ენა სამაჰმადიანო საქართველოში. საყურადღებო ისაა, რომ ესეთი განადგურება ქართული ენისა და ეროვნული შეგნებისა მოხდა უმთავრესად უკანასკნელ 80-100 წლის განმავლობაში. ჩვენს თვალწინ მოისპო და ისპობა ქართული ენა საქართველოს საუკეთესო ნაწილში. 87 წელიწადია, რაც შემოგვიერთდა ახალციხე და ჯავახეთი, 37 წელიწადია, რაც ჩვენთან არიან არტაანის და ოლთისის მაზრის და ბათუმის ოლქის ქართველები და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ თითქმის არავითარი საზოგადოებრივი ინიციატივა, არავითარი საზოგადოებრივი მუშაობა არ გამოგვიჩენია მათ დასაახლოვებლად, შესასისხლ-ხორცებლად, ჩვენის ძველის ძმობის და ერთობის ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად. ჩვენ არა თუ ვერ გავაფართოვეთ ის ეროვნული საგანძური, რომელიც თან მოიტანეს დაკარგულმა მოძმეებმა, ვერ გავაძლიერეთ, არამედ დავკარგეთ, ხელიდან გავუშვით ისიც კი, რაც მაშინ გვქონდა. ჩვენ ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ უცვლელად, ხელუხლებლად გადაგვეცა მომავალი თაობისათვის, რაც მივიღეთ; დავკარგეთ მიღებული, ჩაბარებული და ჩვენს ხელში, ჩვენთან ყოფნის დროს მაჰმადიანი ქართველები კიდევ უფრო დაშორებულნი შეიქნენ, ვიდრე იყვნენ ჩვენთან მოსვლამდის...

გამოვიჩინეთ უდიდესი უმადურობა და არ მიუძღვენით სამაგიერო იმ მესხეთს, რომელსაც დაუფასებელი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რომელიც თავგანწირულად, გმირულად სდარაჯობდა ჩვენს ქვეყანას, რომლის აღურიცხველი მსხვერპლის, ათასი ვაების, წამების და მწარე დღეების მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, რომ მთელი სამშობლო არ წაგვლიჯა მტერმა და გელათის, მცხეთის მიდამოებშიაც არ გაისმის ოსმალური ისე, როგორც ეს არის დადებული ხანძთის, შატბერდის, ოპიზას არე-მარეში. ჩვენ შორიდან ვერ წარმოგვიდგენია ნათლად სიმძიმე იმ ტვირთისა, რომელიც წილად ჰხვდათ ჩვენს ძმებს მესხებს; ვერ შეგვიგნია სიმრავლე მათ მიერ გავლილ ტანჯვისა. ვხედავთ მხოლოდ მკვდარს, უსიტყვო ნანგრევებს, მაგრამ კი არა ვგრძნობთ იმ სულიერს და ხორციელს წამებას, რომელიც გამოიარა მესხეთმა, ვიდრე გაანადგურებდნენ მის სახელოვანი შვილების შემოქმედების ნაშთებს. გვესმის მხოლოდ გადაგვარებული ქართველის ოსმალური ან ოსმალურ-ნარევი ქართული და ოდნავადაც არ ვიზიარებთ კი იმ ათას სასოწარკვეთილებას, უმოწყალო დევნას, უსაზღვრო გამწარებას და გაჩენის დღის წყევლას, რომელიც განიცადა ხალხმა, ვიდრე დასტოვებდა ევთიმეს, გრიგოლის, გიორგის, შოთას ენას. ჩვენთვის ეს მწარე დღეები მხოლოდ და მხოლოდ მშრალი ფურცლებია ქაღალდზე დაწერილ ისტორიისა და არა ნამდვილი ცხოვრება ჩვენი ღვიძლი ძმებისა, მთელი ჩვენი ერისა, არა ის წარსული, რომელიც განუკვეთელია ჩვენი ეხლანდელ ცხოვრებისაგან, რომელიც ღრმად და ფართოდ არის ჩაქსოვილი მთელი საქართველოს არსებობაში...

ჯერ ვერ გაგვითვალისწინებია, რომ სამაჰმადიანო საქართველოს საკითხი, მის ერთობის აღდგენა დანარჩენ საქართველოსთან ეს მთელი საქართველოს ეროვნული საკითხია, რომ ჩვენი ბედი და მომავალი არასოდეს არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ მოხდა ეროვნული გაერთიანება სამაჰმადიანო და საქრისტიანო საქართველოსი, თუ ორივე ნაწილი ჩვენი ერისა არ ჩაება საერთო ეროვნულ ცხოვრების ფერხულში და შეერთებულის ძალღონით არ შეებრძოლეს ყოველს მტერს და დაბრკოლებას. ჩვენი აღდგენის მზე მხოლოდ მაშინ ამოვა, როცა ქართველ მაჰმადიანსა და ქართველ ქრისტიანს შორის არავითარი განსხვავება არ იქნება გარდა სარწმუნოებისა, რომელიც სინდისის საქმეა და ყოველს ქართველს ისე შეუძლია ადიდოს ღმერთი, როგორც საუკეთესოდ მიაჩნია. ჩვენი არსებობა მხოლოდ მაშინ იქნება მტკიცე და ბეჯითი როცა ეხლანდელი მესხები, გამაჰმადიანებული ქართველები ისევე ერთგულნი იქნებიან საქართველოსი, ისევე თავგამოდებით, სულითა და გულით იმუშავებენ ქართველი ერის პოლიტიკურ და კულტურულ ძლიერებისათვის, როგორც მათი სახელგანთქმული წინაპრები...

ყველაფერს ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, არაფერს ვაკეთებთ და გვინდა ჩვენი უმოქმედობა «ჩვენგან დამოუკიდებელ» გარეშე მიზეზებს გადავაბრალოთ, ჩვენი უგულობა ხელშემშლელი პირობებით გავამართლოთ, ჩვენი სიზანტე და უძლურება სხვას მოვახვიოთ თავზე. თამამად შეიძლება ვსთქვათ, რომ ქართველობას, როგორც საზოგადოებას არა გაუკეთებია-რა მაჰმადიან მოძმეებისათვის: არც სკოლები და სამკითხველოები გაგვიხსნია, არც წიგნები მიგვიწოდებია, არც სიტყვიერი პროპაგანდა გაგვიწევია, არც ნუგეში გვიცია, როგორც შეჰფერის გულშემატკივარს ძმას. ისიც კი ვერ შევსძელით, რომ პირადად გვენახა და დაგვეთვალიერებია სამაჰმადიანო საქართველოს კუთხეები, შეგვესწავლა, გამოვლაპარაკებოდით იქაურს მკვიდრთ, თაყვანი გვეცა ჩვენი დიდების ნაშთებისათვის... ნადიმი გავუმართეთ და სადღეგრძელოები მივუძღვენით ომის გათავების შემდეგ იქაურ დეპუტაციას, სამიოდე ათასი მანეთი შევაგროვეთ რუს-ოსმალოსაგან დაზარალებულ ბათომის ოლქისათვის და ერთი პირველ-დაწყებითი სკოლა გავხსენით ბათომში, სადაც სამწუხაროდ ქართველ მაჰმადიანობის შვილი ძლიერ ცოტა სწავლობს. ეს არის სულ ის, რაც გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მესხეთის ქართველობისათვის. ისევ თუ გაკეთდა რამ, უფრო კერძო პირების მიერ. გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ნ. მარმა, ე. თაყაიშვილმა ძვირფასი ცნობები გამოაქვეყნეს მესხეთის ნაშთებისა და ცხოვრების შესახებ. განსვენებულმა პეტრე უმიკაშვილმა იმოგზაურა აჭარა-ქობულეთში და ეცადა იქ ქართული წიგნის გავრცელებას. ამ მხრივ მეტად ძვირფასია ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობა, რომელმაც რამდენჯერმე შემოიარა ბათომის მხარე და მრავალი ქართული წიგნი უფასოდ გაავრცელა ქართველ მაჰმადიანებს შორის, მანვე შეადგინა და დაჰბეჭდა ბევრი წიგნი საქართველოს გამაჰმადიანებულ ადგილების შესახებ. ზაქარია ჭიჭინაძემ ბევრი გააკეთა მაჰმადიან და ქრისტიან ძმების დასაახლოვებლად და მის სახელს აქამდის პატივისცემით იხსენიებენ ბათუმის ოლქის მცხოვრებნი. არა ერთმა და ორმა ისწავლა მისი წიგნაკების საშუალებით ქართული წერა-კითხვა. «ზაქარია ეფენდი კაი კაცია, იტყვიან ჩვენი მოძმეები გურჯული ქითაბები (წიგნები) დაგვირიგა და ჩვენთან ერთად ჩვენს ჯამეში ლოცულობდაო»...


ფოტოზე: ზაქარია ჭიჭინაძე (1854-1931) და აკაკი წერეთელი (1840-1915)
ოსმალეთმა თითქმის მთელი მაკედონია გააოსმალა. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში, განსაკუთრებით მეორე ნახევარში ისე გაბედულად და მხნედ მუშაობდნენ აქ ბერძნები, სერბები და ბულგარები, რომ ისევ გადაიბირეს თავისი ძმები და დაუბრუნეს მშობელს ერს. გამიგონია ერთის ბულგარელისაგან: მაკედონიაში რომ შევდიოდით, თოფით მოგვეგებებოდნენ ჩვენი გადაგვარებული ძმები, თანაც ოსმალეთის მთავრობისაგან სიკვდილი გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დაუღალავის მეცადინეობით, სკოლებით, წიგნებით და სიტყვიერის ქადაგებით მაინც მიზანს მივახწიეთ და დაკარგული ძმები დავიბრუნეთო.

ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს სამაჰმადიანო საქართველოში ამაზე უარესი იყო საქმის ვითარება. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ჩვენს ძმებთან მისვლა და თუმცა ბევრგან მთლად ან თითქმის გაჰქრა ქართული ენა და წაიშალა ქართული ეროვნული იერი, მაგრამ არსად არ ჩამქრალა სრულიად ცეცხლი ქართული ეროვნებისა, ყველას ახსოვს, რომ ქართველი იყო, თუ არ არის დღეს; რომ ქრისტიანი ქართველის ძმაა, თუმცა რჯული სხვა აქვს; რომ მასთან იბრძოდა ერთად სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ასე წარმოიდგინეთ, გადაგვარებულ ლაზებშიც კი არ ჩამკვდარა მთლად ეროვნული სული, ეროვნული თავმოყვარეობა და აკადემიკოსი მარი ასეთს ფრიად საგულისხმიერო შემთხვევას გვიამბობს: როცა ვიწეს, არქავეს და ხოფში ვუჩვენე ლაზებს როზენის გამოკვლევა ლაზური ენის შესახებს და ოსმალურის ანბანით დაწერილი ლაზური სიტყვები, ჩემმა მოსაუბრებმა თითქმის ძალით გამომტაცეს წიგნი და დემონსტრატიულად უჩვენებდნენ გამვლელ-გამომვლელ ხალხს ქუჩაში. ზოგიერთმა ლაზმა ისიც მთხოვა, როცა ლაზურ გრამატიკას დაჰბეჭდავ რუსულად, გამოგვიგზავნე და სტამბოლში გადმოვათარგმნინებთ ვისმე ლაზურ ენაზედო.

ბევრჯელ მოუმართავთ ჩვენთვის შეგნებულს მაჰმადიან ქართველებს გაზეთებში წერილების დაბეჭდვით: მოდით გვიძმეთ, და გვეძმეთ, გვასწავლეთ ქართული წიგნი, მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვემსახუროთ სამშობლოს. იმის მაგიერ, რომ იქით მივსულიყავით, აქეთ მოდიოდნენ თვითონ და გვეფიცებოდნენ: ღვიძლი ძმები ვართ თქვენი, თუმცა სხვა სარწმუნოება გვაქვსო. მოგვიწოდებდნენ მხურვალედ და ჩვენც თითქოს გვესმოდა მათი ძახილი, გავეხმაურებოდით, ვიტყოდით, რომ მართლა უნდა მივეშველნეთ ძმებს და მივაწოდოთ დამშეულებს ჩვენი სწავლა-განათლება, კულტურა. ხოლო ვიტყოდით და ნათქვამი მალე გვავიწყდებოდა, საქმით არაფერს ვაკეთებდით და ჩვენი მაჰმადიანი ძმები სადღაც ჩვენის ხსოვნის კუნჭულში იყვნენ მიმალულნი, ვითა აჩრდილნი, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ემხილებინათ ჩვენი მიჩლუნგებული სინიდისი, კვლავ გადაეშალათ ჩვენს წინ მივიწყებული მოვალეობა, შეუწყნარებელი დანაშაული...

ასეთი იყო ჩვენი უგულობა, ჩვენი გაუტანლობა, ჩვენი სიბეჩავე. მაგრამ რაც უნდა მწარე იყოს ჩვენი დღე, არ შეგვიძლია სასოწარკვეთილებას მივეცეთ, არ შეგვიძლია წარვიხოცოთ რწმენა იმის, რომ ბოლოს და ბოლოს გალხვება ყინული, რომელიც ჩვენს გულს გადაკვრია, გაიფანტება ბნელი, რომელიც ჩვენს გონებას ჰბურავს, დაიმსხვრევა ბორკილი, რომელიც არის დასაბამი ჩვენის უმოქმედობისა. ჩვენს სულს მაინც ცისარტყელასავით ანუგეშებს იმის იმედი, რომ თუ მოწამლულია ზედაპირი ჩვენის გრძნობისა, ერის სიღრმეში დაცულია დიდი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ამოხეთქავს, წაჰლეკავს შერყვნილს და წაბილწულს გრძნობა-ფიქრს, და განახორციელებს საქართველოს ორის ნაწილის გაერთიანებას, რომელსაც დიდი ხანია ოცნებობს ქართველი ხალხის გული, რომელსაც ეტრფის ქართველი ხალხის სული. ეს ის შემოქმედებითი ძალაა, რომელმაც ცოცხალი გამოიყვანა ჩვენი ერი ათასი ცეცხლისა და წარღვნისაგან, რომელმაც არა ერთხელ დაუბრუნა ბედნიერება აოხრებულს და აწიოკებულს სამშობლოს. ეს ეროვნული შემოქმედებითი ძალა თითქოს ფრთაშესხმულ გენიად მოგვევლინა და ახალი სისხლი აამოძრავა ჩვენს მიდუნებულ სხეულში შარშან, როცა ბათუმის ოლქის აოხრების ამბავი გულის სიღრმემდის ჩაგვწვდა, როცა ჩვენი გაუბედურებული ძმების უმწეობამ დაგვწვა და აგვატირა, როცა ჩვენს წინ გადაიშალა სახე გადაბუგულ სახლებისა, გატიტვლებულ ბავშვებისა, თოვლიან მთებში გახიზნულ ძალებისა. ვეზიარეთ ძმების ტანჯვას, მათთან ერთად ვიგრძენით მთელი ჩვენის ქვეყნის ბედშავობა, ობლობა, უპატრონობა, და ვსთქვით: აწ ნუღარ იქნება ასე!

დეე, ნუღარ იქნება! და ნურასოდეს წაიშლება ჩვენის გულის ფიცრიდან ის ვედრება, რომლითაც მიმართა 8 თებერვალს დიდებული აკაკის კუბოს, მიმართა აკანკალებულის ხმით და ცრემლებით ქობულეთელმა მოხუცმა, მაჰმადიანმა ქართველმა გულო აღა კაიკაციშვილმა: «გევედრები, დაუბარე ამ შენებს, რომ ცალი თვალი და ერთი ხელით სანთელი ჩვენსკენ დაიჭირონ, გვინათონ და გვიპატრონონ, აღვადგენიონ ჩვენი ენა, გვიხსნან იმ გაჭირვებიდან, რომელშიაც ნამეტურ ეხლა ვიმყოფებით!».

გვახსოვდეს მტკიცედ ეს და აეკვრას ენა ჩვენი სასას, თუ დავივიწყოთ. დეე, ამიერიდგან გამოვიჩინოთ სიფხიზლე ეროვნულ საქმეებში და მხნედ გულმაგრად გავკაფოთ გზა უკეთესი მერმისისაკენ. ნუღარ ვიქნებით გულუბრყვილონი, ნუ დავენდობით გარეშეს ნურც ვისმე, ნურც რასმე დავემყარნეთ მხოლოდ საკუთარს ძალღონეს, საკუთარს შეგნებას და მოქმედებას. ყოველ ერს თავისი მიზანი და მისწრაფება აქვს, რომელსაც ახორციელებს საკუთარის საშუალებით, საკუთარის ნიჭითა და შემოქმედებით. ვაი იმ ერს, რომელიც სხვის მიზანს ემსახურება, სხვისი იარაღი გამხდარა, ვინც თავის გაბედნიერებას სხვისგან გამოელის იგი არარაა და მკვდარი როგორც საკუთარი არსებობისათვის, ისე მთელი კაცობრიობისთვის. ყოველმა ერმა თვით უნდა გამოსჭედოს თავისი ბედი, თვით უნდა დაწნას თავისი გვირგვინი თავის გულის წვეთებით, თავის ნერვების გამონაწურით, თავის ძვლების ტვინით. ისტორია ოდნავად არ არის რაღაც ფატალისტური პროცესი, სადაც ყველაფერი თავისთავად კეთდება და აუცილებელი უკეთესობისაკენ მიდის. არა, ცხოვრება განუწყვეტელი შემოქმედებაა და ისტორია მუდმივი მძიმე შრომა, მუდმივი ძლევა და გამარჯვება, და თვით «განგებამ», რომელმაც წარმოშვა ქვეყნიერება, ერთს წუთს არ იცის მოსვენება და დაუღალავად ეწევა შრომას მსოფლიოს გასაუკეთესებლად. არც ერთს ადამიანს და არც ერთს ერს შუბლზე არ აწერია უთუო ხსნა და ცხოვრება ყველაში ორგვარი შესაძლებლობაა სიცოცხლეც და დაღუპვაც და შესრულდება ერთი თუ მეორე, ეს დამოკიდებულია ჩვენს უნარსა და მოქმედებაზე. დავიღუპებით და გავქრებით ჩვენი ბრალია, მოვიპოვებთ სიცოცხლეს და შევიტანთ ჩვენს წვლილს მსოფლიოს გამშვენიერებაში ესეც ჩვენის მიზეზით იქნება...

როდესაც აკადემიკოსი ნიკო მარი მოგზაურობდა შავშეთ-კლარჯეთში, თან ახლდა ერთი დარაჯი სომეხი-კათოლიკე ამბარცუმ, რომლის წინაპრები ქართველი კათოლიკენი იყვნენ. ეს ამბარცუმ მეტად გააოცა ძველის ნაშთების სიდიადემ, სიმშვენიერემ და სიმტკიცემ და ასეთი კითხვით მიმართა მეცნიერს: ერთი მითხარით, წინად უფრო ჭკვიანები იყვნენ ადამიანები, თუ ეხლა?.. უბრალო ამბარცუმ ხედავდა ეხლანდელ ქართველობის დაცემისა და ძველი შენობების სიდიადის შეუსაბამობას და ვერ დაიჯერა, რომ ყველაფერი ქართველის შექმნილი იყო, ამიტომ გულუბრყვილოდ იკითხა: ნუ თუ ეს ქართველების გაკეთებულია? ან შეიძლება ის ქართველი კათოლიკენი იყვნენო?!

ჩვენ არ შეგვიძლია ვიოცნებოთ წარსულის დაბრუნებისთვის, ეს ხომ შეუძლებელიცაა. მაგრამ წარსულში იყო ბევრი რამ ჭეშმარიტად ბრწყინვალე და სასიქადულო: იქ ჰყვავის ძლიერი სული, მაღალი ნიჭი, მდიდარი შემოქმედება; ჩვენს წინაპრებს თამამად შეუძლიათ საპატიო ადგილი დაიკავონ კაცობრიობის ისტორიაში, ეს ჩვენი სიამაყეა. მაგრამ ჩვენი წარსული სასაფლაოზე აგებული ძეგლი კი არ უნდა იყოს ჩვენთვის, რომლის იქით სიკვდილია; არა, წარსული ჩვენი ის კანდელი უნდა იყოს, რომელიც გზას გვინათებს მშვენიერ მომავლისაკენ, მოგვიწოდებს მხნე მოქმედებისათვის, ყოველმხრივ მდიდარ სიცოცხლისათვის, სადაც წინაპართა სასახელო ნაანდერძევს შევუერთებთ, რასაც თვით შევიძენთ დღევანდელ საკაცობრიო კულტურისაგან!.. ეს ძველი სულიერი სიძლიერე და შემოქმედება უნდა გამოვიჩინოთ სამაჰმადიანო საქართველოს ბედის გადასაწყვეტად: საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველო უნდა შეიქნეს ერთ საქართველოდ სულით, გულით, კულტურით, ეროვნულის შეგნებით.

* * *
სამაჰმადიანო საქართველოს მოგონებაზე არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ გამაჰმადიანებული საინგილო, რომელიც მდებარეობს ჩვენი ქვეყნის მეორე მხარეს, ეხლანდელ ზაქათლის ოლქში. საინგილო მოსწყდა დანარჩენ საქართველოს შაჰ-აბაზის დროიდან (მეთექვსმეტე საუკუნის დასასრული და მეჩვიდმეტის დასაწყისი), რომელმაც აიკლო და ააფორიაქა მთელი კახეთი და მასთან საინგილო, მრავალი ქართველი გადაასახლა სპარსეთში და მათ ალაგას ბევრგან თათრები ჩაასახლა. საინგილოს მოაწვნენ ლეკები, მათისა და თათრების გავლენით თანდათან გავრცელდა მაჰმადიანობა ინგილოთა შორის. დღეს «ქრისტიანობა დარჩა მხოლოდ კაკს, ყორაღანს, ალიბეგლას, ქოთუქლოს, მეშაბაშს და თითო-ოროლა ზოგიერთ სხვა სოფლებშიც. მაჰმადიანად დარჩენილები თითქმის უარჰყოფენ თავიანთ ქართველობას, ირთავენ თათრის და ლეკის ქალებს, რომ რა არის, ენაც მალე დაივიწყონ» (მ. ჯანაშვილი).

ინგილოთა რიცხვი ხეირიანი სტატისტიკური ცნობების უქონლობისა გამო კარგად გამოკვლეული არაა. ზაქათალის მაზრაში 1 886 წ. იყო სულ 74 449 მცხოვრები, აქედან ლეკი 40 225, თათარი 21 090, ქართველი 12 430 ,სომეხი 521, რუსი 167, ხოლო 1897 წლის აღწერილობით ზაქათალის მაზრაში თავის დედა ენად ქართული გამოაცხადა 12 394 სულმა. ბ. მ. ჯანაშვილი საინგილოს ოც სოფელში მაჰმადიან ინგილოს ანგარიშობს 18 ათასამდე და ქრისტიანს 3 000-მდე, სამწუხაროდ ქართული ეროვნება მეტად უნუგეშო მდგომარეობაშია ამჟამად საინგილოში. ბ. ედილი, რომელიც დაახლოვებით იცნობს ინგილოთა ყოფა-ვითარებას, სწერს: მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საინგილო საქართველოსკენ გაიცქირებოდა და თავის თავს ქართველადა სთვლიდა, «ეხლა კი საშინელი სურათი გადაგეშლებათ თვალწინ, გულსაკლავი, გულის ამღვრევი. მრავალი სოფელია, რომელნიც ძვალით ხორცამდე გამუსულმანდნენ კი არა მარტო, არამედ გათათრდნენ და ეს გათათრება საშინელს მოლიპულს გზაზე მიექანება, ისეთს მოლიპულს გზაზედ, რომ ჩქარა, ჩქარა უნდა ვუშველოთ»!

1915 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen