მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვოლტერის კატერინიადა!

ეკატერინე მეორემ 1770-ანი წლების ბოლოს და 1780-ანი წლების დასაწყისში ე.წ. ბერძნული პროექტი ჩამოაყალიბა. ამ პროექტის ჩამოყალიბებაში უაქტიურეს როლს ასრულებდა ვოლტერი, რომელიც ეკატერინე მეორეს «ჩრდილოეთის მინერვას» და «აპოლონის დას» უწოდებდა.

«თურქეთის სრული მოსპობა და ძველი ბერძნული იმპერიის აღდგენა... დიდი მთავარის სასარგებლოდ...» ანუ თურქეთის მოსპობის შემდეგ, საბერძნეთი რუსეთის ქვეშევრდომად ან ოლქადაც კი უნდა გადაქცეულიყო და ბერძენთა მეფედ უნდა გამხდარიყო აგი მინერვა - ეკატერინეს უმცროსი შვილიშვილი! მის პატივსაცემად, უკვე მოჭრილი იყო ფული ცარგრადის სოფიას გამოსახულებით. მისი სახელი კონსტანტინე, თვით «აპოლონის და» ეკატერინე მეორემ მინიშნებით შეარჩია...


ფოტოზე: ნიკოლა დე ლარჟილერი, ფრანსუა მარი არუე, იგივე ვოლტერი (1694-1778), 1718, ზეთი ტილოზე, 64×52

ფოტოზე:
უცნობი მხატვარი, ეკატერინე II რუსულ ეროვნულ სამოსში, დაახლ. 1780 წ.

1779 წელს გაჩენილი ეკატერინეს შვილიშვილისთვის ბიზანტიის იმპერატორთა სახელის - კონსტანტინეს დარქმევას, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი შეიძლება ეწოდოს. ეკატერინე მეორე იმედოვნებდა, რომ რუსეთის იმპერიას, ბერძნული მონარქიის აღდგენაში, დახმარებას წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი იოსებ მეორე გაუწევდა, რომელსაც ის ჰპირდებოდა, რომ აღდგენილი მონარქიის დამოუკიდებლობას თავისი საკუთარი იმპერიისგან დაიცავდა. ეს, რა თქმა უნდა სასაცილოდ გამოიყურებოდა, შვილიშვილი არ გაუწევდა წინააღმდეგობას ბებიას, მით უმეტეს, რომ იმ დროს, რუსული საზოგადოება კონსტანტინეპოლის აღებაზე ოცნებობდა...

რუსეთის მაღალი წრეები კოსტანტინეპოლის აღებაზე კი ოცნებობდნენ, მაგრამ ბერძნები სულ ფეხებზე ეკიდათ, მათ ანგარიშს სულ არ უწევდნენ და კონსტანტინეპოლის ბერძნებისთვის მიცემას არც ფიქრობდნენ. ეს გახლდათ ბერძნების თავზე რუსი მეფის დასმის პროექტი. «მესამე რომი» ხომ უკვე დიდი ხანია არც რუსეთი იყო და არა ბიზანტია! მარტო ეკატერინეს კი არა, ალექსანდრე პირველის ბალკანური პოლიტიკა ამ პროქტზე შენდებოდა... ალექსანდრე პირველი ატარებდა «აღმოსავლეთის ეკლესიის უავგუსტესი მფარველის» საკმაოდ გაუგებარ წოდებას. მათ არც წმინდა მთა დაჰვიწყებიათ. ამ პროექტებში ათონი რუსული იყო... 


ფოტოზე: სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1777-1825)
რუსეთის იმპერატორს და «აღმოსავლეთის ეკლესიის უავგუსტეს მფარველს»
ზრდიდა შვეიცარელი იაკობინელი ფრედერიკ სეზარ ლაგარპი, რომელმაც მას რუსოს ჰუმანურობის პრინციპები შეასწავლა. სამხედრო მასწავლებელმა ნიკოლაი სალტიკოვმა, მას რუსული არისტოკრატიის პრინციპები გააცნო. მამამისმა კი სამხედრო აღლუმის სიყვარული და კაცობრიობის სულიერი სიყვარულის მოყვასზე პრაქტიკულ ზრუნვასთან შეთავსება ასწავლა.


ფოტოზე: 1923 წელს გამოცემული კ. ვ. კუდრიაშოვის წიგნი «ალექსანდრე პირველი და ფიოდორ კუზმიჩის საიდუმლო», რომელიც ეძღვნება მე-19 საუკუნის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს.
1864 წელს ტომსკის გუბერნიაში გარდაიცვალა ღვთისმოსავი მოხუცი ფიოდორ კუზმიჩი. ხალხური ლეგენდის თანახმად, ამ სახელით თავისი სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაატარა.
თურქებს ეს პოლიტიკა თავზარს სცემდა. 1820-ანი წლებისთვის, მათ იმდენად ეშინოდათ რუსებისა, რომ ათონზე ბერძენ ბერებს იჭერდნენ და დაკითხვებს უწყობდნენ. მათ ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ... თურქთა შიში ძლიერდებოდა. დაჭერა, ცემა-ტყეპა და წამებაც კი დაიწყეს, მაგრამ ათონის რუს ბერებს ხელს ვერ ჰკიდებდნენ, რადგან რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომებისთვის ხელის ხლებისა ეშინოდათ...

გასაგებია, რომ ეკატერინე მეორის ამ ჰიპერბოლური ჩანაფიქრების საუკეთესო აღმსრულებელი გახლდათ ვიზიონერი და უტოპისტი, ადმინისტრატიული გენიალურობის ნიშნების მქონე, ეგზალტირებული მორწმუნე, ერუდირებული ღვთისმეტყველი და კლასიკური ანტიკური ხანის, საბერძნეთის და ბერძნების თაყვანისმცემელი პოტიომკინი. სწორედ მას შთააგონებდა რუსეთის გიგანტური გეოპოლიტიკური შებრუნება სამხრეთისკენ. პეტრე პირველმა იმპერია ბალტიის არეალისა და პროტესტანტულ-გერმანული სამყაროსკენ მიმართა. ახლა კი საჭირო იყო ამ მახინის მობრუნება შავი და ხმელთაშუა ზღვებისაკენ, ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთისა და ერთმორწმუნე ბერძნებით, სამხრეთის სლავებით, მოლდაველებით და ვალახებით დასახლებული ბალკანეთისაკენ, ადრე ბიზანტიის, და კიდევ უფრო ადრე, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის კუთვნილი ტერიტორიებისაკენ.

საინტერესოა, რომ ამ ბრუნის ძირითადი კონცეპტუალური ელემენტები დამუშავდა წინა ხუთწლეულში, 1769-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობის დროს, უბრწყინვალესი თავადის აღზევებამდე. ჯერ კიდევ ვ. ო. კლიუჩევსკი ამბობდა, რომ ეკატერინეს ბერძნული პროექტი, მნიშვნელოვანწილად ვოლტერის წერილებით იყო შთაგონებული, მაგრამ მას შემდეგ, ეს საკითხი საგანგებო განხილვის საგანი არ გამხდარა.

მართლაც, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკატერინესადმი მიწერილ წერილებში, ვოლტერი გამუდმებით უბრუნდება ბერძნულ თემას და ეკატერინეს კონსტანტინეპოლის დაპყრობისა და ბერძნული სახელმწიფოს და განათლების აღორძინებისაკენ უბიძგებს... 1768 წლის 15 ნოემბერს, როცა ომის დაწყების ამბავს ჯერ პარიზამდე არ მიეღწია, ვოლტერი წერდა: «თუ კი ისინი გაბედავენ და დაიწყებენ თქვენთან ომს, ქალბატონო, მათ ეწევათ ის ბედი, რაც მათ პეტრე დიდმა დაუგეგმა, რომელსაც კონსტანტინეპოლის რუსეთის იმპერიის დედაქალაქად გადაქცევა სურდა. ეს ბარბაროსები, რომლებიც ქალბატონებს პატივს არ სცემენ, არაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და ქალებს კეტავენ, გმირი ქალბატონის მიერ დასჯას იმსახურებენ, გასაგებია, რომ ადამიანები, ვინც არაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და ქალებს კეტავენ, მოსპობას იმსახურებენ. მომეცით უფლება, რომ გეახლოთ და ვემთხვიო თქვენს ტერფებს და რამოდენიმე დღე გავატარო თქვენს კარზე, როდესაც ეს კონსტანტინეპოლში იქნება, ვინაიდან ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თურქებს ევროპიდან სწორედ რუსები გააძევებენ.»

საპასუხო წერილში იმპერატრიცა თავის კორესპონდენტს ატყობინებდა, რომ «მის ჩასვლამდე კონსტანტინეპოლში», მას ბერძნულ ყაიდაზე შეკერილ და ციმბირის საუკეთესო ბეწვებით დათბუნულ ქურქს უგზავნიდა. ბერძნული ყაიდის ციმბირული ბეწვებით დათბუნული ქურქი არის სიმბოლო იმ ბერძნულ-რუსული სინთეზისა, რომელიც შემდეგ პროექტში განხორციელდება.

მოგვიანებით, ალექსეი ორლოვის ექსპედიციის პირველ წარმატებებზე საუბრისას, ეკატერინემ ეს თემა განავითარა: «ეხლა მხოლოდ ბერძნებზეა დამოკიდებული აღორძინდება თუ არა საბერძნეთი. მე ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთე გეოგრაფიული რუკის კორინთოს და მოსკოვის პირდაპირი კავშირით შესამკობად».

მაგრამ ეკატერინეს სიფრთხილე არ აკმაყოფილებდა ვოლტერს, რომელიც რუსული იარაღის გამარჯვებებს ხოტბას ასხამდა და ამბობდა, რომ ეკატერინე ნაწილობრივი დათმობებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ მან ბოლომდე უნდა იბრძოლოს ვოლტერისთვის ბარბაროსობის, უმეცრების და სულიერი მონობის განხორციელება ოსმალეთის იმპერიის მოსასპობად. «თუ თქვენ თქვენი დაპყრობების გაგრძელებას მოისურვებთ, თქვენ მათ განავრცობთ საითაც მოისურვებთ, და თუ კი მოისურვებთ მშვიდობას, თქვენ მას თვითონ უკარნახებთ. მე კი მსურს, რომ თქვენმა უდიდებულესობამ გვირგვინი კონსტანტინეპოლში დაიდგას», წერდა ვოლტერი ეკატერინეს 1770 წლის 28 აგვისტოს მიწერილ წერილში. ევროპული კლასიციზმის აღიარებული ლიდერი, ევროპიდან თურქების გაძევებაში ევროპის კულტურული აღორძინების წინაპირობას ხედავდა. და მისი კეთილისმყოფელი და მოწაფე «ჩრდილოეთის მინერვა» განგების იარაღი უნდა ყოფილიყო, რომელსაც თავისი ჯარისკაცების ხიშტებით განათლება უნდა გაევრცელებინა.

«ო, ჩრდილოეთის მინერვავ, ო შენ აპოლონის დავ, შენ შურს იძიებ საბერძნეთის გამო და გარეკავ ხელოვნებათა უღირს მტრებს, ქალების მჩაგვრელებს, მე გშორდები და მარათონის ველებზე დაგელოდები», წერდა ვოლტერი ნაწარმოებში - «სტანსები რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს რუსების მიერ 1769 წელს ხოტინის აღების გამო».

რუსულ-თურქული ომი ამით ბერძნულ-სპარსულ ომებს უთანაბრდება, რომლებსაც ვოლტერი ბარბაროსობის წინააღმდეგ კულტურის ომად თვლიდა. 1770 წლის სექტემბერში, ის ეკატერინეს თვალწინ ანტიკურობის მის ისტორიულ აკვანში აღორძინების პროგრამას შლიდა: «თავს ლაფი დაესხმებათ იმათ, ვისაც თქვენი წარმატება არ სურთ - წერდა ის ევროპის მონარქებზე, რომლებიც ასე თუ ისე, თურქეთს ეხმარებოდნენ. და რატომ უნდა ისურვონ თქვენი მარცხი, როდესაც თქვენ ევროპის გამო შურს იძიებთ. ცხადია, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, რომ ვინმე ბერძნულად ლაპარაკობდეს. ვინაიდან, როდესაც თქვენ კონსტანტინეპოლის სუვერენი გახდებით, მაშინვე აღადგენთ დახვეწილ ხელოვნებათა ბერძნულ აკადემიას. თქვენზე დაწერენ «კატერინიადებს», ზევკსისები და ფიდიასები დედამიწას თქვენი გამოსახულებებით დაფარავენ, ოსმალეთის დაცემას ბერძნულად განადიდებენ და ათენი თქვენს ერთ-ერთ დედაქალაქად იქცევა, ბერძნული ენა საყოველთაო გახდება და თქვენს დიდებულებას ეგეოსის ზღვის ყველა ნეგოციანტი პორტებს შეეხვეწება».

ორნახევარი წლის შემდეგ, 1773 წლის თებერვალში, როდესაც ცხადი გახდა, რომ ომის შედეგები ბევრად უფრო მოკრძალებული იქნებოდა იმაზე, რისი იმედიც ვოლტერს და ეკატერინეს ჰქონდათ, ვოლტერი ამ ამპარტავან ჩანაფიქრებს მაინც უბრუნდება. მანამდე ცოტა ხნით, ეკატერინემ მას 1772 წელს დაწერილი თავისი ორი კომედიის ფრანგული თარგმანი გაუგზავნა, რომელთა ავტორად ანონიმი ავტორი ცხადდებოდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ისინი ეკატერინე მეორის დაწერილი იყო. ვოლტერმა ამით ისარგებლა და თავის გეოპოლიტიკურ მსჯელობათა სურათი გაშალა: «უდიდესი ღირსებაა დახვეწილ ხელოვნებათა წახალისება მაშინ, როდესაც მთელი ერი ომითაა გატაცებული. მე ვხედავ, რომ რუსები დიდად მაღალნიჭიერი ხალხია. თქვენი საიმპერატორო უდიდებულესობა იდიოტების სამართავად არაა შექმნილი. სწორედ ეს მაფიქრებინებდა, რომ საბერძნეთის მართვა თქვენი დანიშნულებაა. მე ისევ ვუბრუნდები ჩემს ძველ ფანტაზიებს - 10 წლის შემდეგ, თურქეთის იმპერია დაშლილ-დაქუცმაცებული იქნება და თქვენ სოფოკლეს «ოიდიპოსის ათენში დადგმას» ბრძანებთ.

ვოლტერის გადამეტებული პირფერობა წარმოდგენას გვიქმნის მის კულტურულ-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. მას, პირველ რიგში, მხოლოდ საბერძნეთის თურქთა უღლისაგან განთავისუფლება და ანტიკური კულტურის დიადი ტრადიციების აღდგენა აინტერესებს. მოუზომავი კომპლიმენტების მიუხედავად,ამ პოლიტიკურ ანგარიშში, რუსეთსაც და ეკატერინესაც მხოლოდ ფუნქციონალური როლი ეძლეოდათ. ეკატერინეს საბერძნეთის ბატონად წარმომდგენი ვოლტერი, ეკატერინეს თუნდაც კულტურულად გაბერძნებას გულისხმობდა. ასეთი ფანტაზიის საფუძველს, გერმანელი პრინცესა ეკატერინეს რუსეთის იმპერატორად გადაქცევა იძლეოდა.
«თუ კი თქვენი უდიდებულესობა თავისი ტახტის კონსტანტინეპოლში დადგმას აპირებს, რისი იმედიც მაქვს, წერდა ვოლტერი ომის დასაწყისში, თქვენ ძალიან სწრაფად ისწავლით ბერძნულ ენას, ვინაიდან ევროპიდან თურქული ენის გაძევება და თურქულად მოლაპარაკეთა გარეკვა სრულებით აუცილებელია»...

«ო, ჩრდილოეთის მინერვავ, ო, შენ, აპოლონის დაო, შენ შურს იძიებ საბერძნეთის გამო და გარეკავ ხელოვნებათა უღირს მტრებს, ქალთა მჩაგვრელებს» - ბულბულივით სტვენდა ვოლტერი.

ამ სურვილს ეკატერინემ ფრთხილად უპასუხა. 1769 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ ის ბერძნული ენის სწავლას მხოლოდ იმდენად აპირებს, რამდენიც ვოლტერისათვის ქათინაურის ბერძნულად სათქმელადაა საჭირო, ისე, როგორც ორი წლის წინ, ყაზანში რამოდენიმე თათრული და არაბული წინადადება ისწავლა, რითაც ამ ქალაქის მცხოვრებლებს ძალზედ ესიამოვნა. მაგრამ შემდეგ, ეკატერინემ გადაწყვიტა ვოლტერისთვის არ ეწყენინებინა და ეს პასაჟი შავად ნაწერში დარჩა.

შემდგომში იმპერატრიცამ თქვა, რომ სასურველია ბერძნულის სწავლა, მაგრამ მნიშვნელოვანია ჰომეროსის რუსულად თარგმნაც. ბოლოს და ბოლოს, ვოლტერი «აპოლონის დას» აჰყვა და მას უთხრა, რომ «ბერძნები რომ ღირსები იყვნენ ყველაფერი იმისა, რასაც ის მათთვის აკეთებს, ბერძნული მართლაც საყოველთაო ენად იქცეოდა, მაგრამ რუსულ ენას სავსებით შეუძლია ბერძნული ენის შეცვლა.»

«ბერძნული პროექტის» განხილვისას, თანამედროვეებიც და შთამომავლებიც, ჩვეულებრივ, ყურადღებას აქცევდნენ ცენტრალურ, ყველაზე პასუხსაგებ და ალბათ ყველაზე ძნელად განსახორციელებელ ელემენტს, კონსტანტინეპოლის აღებას. მაგრამ სწორედ კონსტანტინეპოლის აღების იდეაში არ ყოფილა არაფერი ორიგინალური. კონსტანტინეპოლის აღების იდეა რუსეთის მეფეებს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ხიბლავდა. ეს იდეა ხიბლავდა აზოვის და პრუტის ლაშქრობების დროს პეტრე პირველს. ამ იდეას დაუბრუნდნენ ანა იოანოვნას დროს, 1736-1739 წლების თურქეთის კამპანიის პერიოდში. 1762 წელს, ამ ომის გმირმა ფელდმარშალმა მინიხმა, ეკატერინეს წარუდგინა წერილი, რომლითაც პეტრე პირველის ანდერძის შესრულებისა და კონსტანტინეპოლის აღებისკენ მოუწოდებდა. 

რუსულ პუბლიცისტიკაში და საზოგადოებრივ აზრში კონსტანტინეპოლის მოტივები ჟღერდა შემდეგაც, 1917 წლამდეც, როდესაც დროებითი მთავრობა წმინდა სოფიოს ტაძარზე ჯვრის აღმართვის და სრუტეებზე კონტროლის დაწესების სურვილს გამოთქვამდა (მისი კრახის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს იქცა).

ეკატერინეს პროექტი, ყოველ შემთხვევაში იოსებ მეორისთვის წარდგენილი და იმ დროის რუსული საზოგადოების მიერ აღქმული სახით, ისტორიულად უნიკალური სხვა რამით იყო. იმპერატრიცას კონსტანტინეპოლის რუსეთის იმპერიისთვის შეერთება არ სურდა, მას იქ არც დედაქალაქის გადატანა უნდოდა. ეკატერინე მეორეს სურვილი კონსტანტინეპოლის ახალი ბერძნული იმპერიის ცენტრად გადაქცევა იყო. იმპერიის ტახტი უნდა რგებოდა მის შვილიშვილს - კონსტანტინს, რომელსაც პირობა უნდა დაედო, რომ არც მას და არც მის შთამომავლებს, რუსეთის იმპერიის გვირგვინზე პრეტენზია არ ექნებოდათ. ძმურ კავშირს ასე მტკიცედ და ურღვევად უნდა შეეკავშირებინა ორი მეზობელი იმპერია «ჩრდილოეთის ვარსკვლავის» და «აღმოსავლეთის ვარსკვლავის» კვერთხებს ქვეშ. ამ ძმურ კავშირში, უფროსი ძმა, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერია უნდა ყოფილიყო.


ფოტოზე: კიევის რუსეთის დიდი მთავარი წმ. ვლადიმირი I (დაახლ. 960-1015), რომლის მმართველობის დროსაც რუსეთმა მართმადიდებლობა მიიღო

1760-1770-ანი წლების რუსული ოდა. ვოლტერისა და ეკატერინე II-ის ბერძნული პროექტი

ანდრეი ზორინი
ეკატერინე მეორის სახელგანთქმული «ბერძნული პროექტი» უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, დაწვრილებით დამუშავებული და ამბიციური საგარეოპოლიტიკური იდეაა რუსეთის ხელისუფალთა მიერ წამოყენებულ იდეებს შორის.

რუსეთმა რწმენა კიევის მთავრის და ბიზანტიელი პრინცესას ქორწინების შედეგად, ბერძნებისგან მიიღო და ამიტომ, ახლა სწორედ რუსეთი გახლდათ ურჯულოთა უღლისგან ბერძენთა ბუნებრივი განმანთავისუფლებელი. ამას ბერძნებისა და რუსების ურთიერთობაში ახალი ელფერი შეჰქონდა, იმიტომ, რომ რუსეთი გამოდიოდა როგორც საბერძნეთის მფარველი, ისე მისი მემკვიდრე, ან ასული, რომელმაც უფროსს ძველი ვალი უნდა დაუბრუნოს.

მაგრამ ამის გამოუთქმელად, ბერძნული პროექტის კოორდინატთა სისტემაში რელიგიური მემკვიდრეობითობა კულტურულ მემკვიდრეობითობას უტოლდებოდა. ამდენად, კონსტანტინეპოლსა და ათენს შორის ტოლობის ნიშანი ისმებოდა და ბიზანტიის ერთადერთი მემკვიდრის როლი, რუსეთს ანტიკური საბერძნეთის ლეგიტიმურ მემკვიდრედაც აქცევდა.

ბიზანტიური და ანტიკური ატრიბუტების შერევა ყველგან ჩანს... ეს რუსეთის ისტორიული როლისა და დანიშნულების შესახებ წარმოდგენას რადიკალურად ცვლიდა. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ განათლების ჩირაღდანი საბერძნეთიდან რომში გადავიდა, საიდანაც ის დასავლეთმა ევროპამ აიტაცა და რუსეთს გადასცა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთი უშუალოდაა დაკავშირებული საბერძნეთთან და მას შუამავლები არ სჭირდება.

1787 წელს ეკატერინეს მიერ დაწერილ «ისტორიულ წარმოდგენაში» თავადი ოლეგი და მისი მხლებლები კონსტანტინეპოლში ევრიპიდეს «ალკესტას» და ოლიმპიური თამაშების მსგავს ათლეტთა შეჯიბრს უყურებენ.

1790 წელს, წინასიტყვაობაში კრებულისთვის «რუსული ხალხური სიმღერები», ბერძნული პროექტის ერთ-ერთი უაქტიურესი მონაწილე ა. ა. ბეზბოროდკოს უახლოესი თანამშრომელი ნ. ა. ლვოვი წერდა იმაზე, რომ რუსული სასიმღერო ფოლკლორის წყარო ბერძნული სასიმღერო ფოლკლორია...


«აქ ბატონობს და ყველაფერს ჩრდილავს აღმოსავლეთში, ათენში ან კონსტანტინეპოლში ახალი დინასტიის დადგენის იდეა. იმპერატრიცა დიდხანს მელაპარაკა ძველ ბერძნებზე, მათ ნიჭზე, მათი გენიის უპირატესობაზე და იმაზე, რომ ეს თვისებები თანამედროვე ბერძნებმაც შეინარჩუნეს, რომლებიც შეიძლება ისევ იქცნენ პირველ ხალხად ხალხთა შორის, თუ კი მათ სათანადოდ დაუჭერენ მხარს და მიმართავენ» - ეს მისწერა სახლში ინგლისის ელჩმა ჰარრისმა, ამქვეყნად კონსტანტინ პავლოვიჩის გაჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს ტირადა აჩვენებს და უსვამს ხაზს რუსეთის იმპერიის მისიას - მან ბერძნებს უნდა დაუბრუნოს მათი ჭეშმარიტი ბუნება და დააბრუნოს ისინი მათ საკუთარ საწყისებთან. ეს ევალება და ამის გაკეთება ძალუძს ბიზანტიის მეშვეობით ანტიკური საბერძნეთის კანონიერ მემკვიდრეს - რუსეთს. სწორედ რუსეთია ანტიკური საბერძნეთის ერთგვარი ახალი განხორციელება... ამდენად, რუსეთი ევროპაში კულტურულად პირველობს და ამიტომ ის პოლიტიკურადაც უნდა პირველობდეს. 

ვოლტერიც მისი განათლებული აბსოლუტიზმის იდეალით უგალობდა ეკატერინეს. ის თვლიდა, რომ ბარბაროსი ხალხებისთვის ცივილიზაციის სინათლის მიცემა, მონარქის დანიშნულებაა. საბერძნეთის განთავისუფლება და განათლება, ჩრდილოეთის სემირამიდა ეკატერინეს მეფობის მწვერვალად და გვირგვინად უნდა ქცეულიყო.

«თქვენ, რა თქმა უნდა ააღორძინებთ ოლიმპიურ თამაშებს, რომლის დროსაც, რომაელებმა ბერძნებს სახელმწიფო დეკრეტით თავისუფლება მიანიჭეს». ეს იქნება თქვენი მეფობის ყველაზე ბრწყინვალე ქმედება. ვოლტერს აინტერესებდა განათლება-განმანათლებლობა და პეტრე და ეკატერინე როგორც განმანათლებელი მონარქები, და არა რუსეთი და მისი ისტორიული დანიშნულება.

მაგრამ, 1768 წელს, თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. სამხედრო მოქმედებების დაწყება ეკატერინესთვის და მისი უახლოესი წრისთვის მოულოდნელი და უეჭველად არასასურველი იყო. ამან კარტები არია და ჩრდილში მოაქცია კლასიკური საბერძნეთის თემა. «აპოლონის და» ეკატერინე გამოცდილ რელიგიურ თემას მოეჭიდა.
1768 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილ მანიფესტში «ომის დაწყებაზე ოსმალეთის პორტასთან», საუბარია თურქეთის პოლონეთის საქმეებში ჩარევაზე, კონსტანტინეპოლში რუსი ელჩის - ობრესკოვის დაპატიმრებაზე, მაჰმადიანთა ვერაგობაზე. იმპერატრიცა ქვეშევრდომებს ვერაგი მოწინააღმდეგისა და ქრისტიანთა მტრის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებდა. მანიფესტი მიმართავდა იმპერიის ყველა ფენას. კლასიკური ბერძნული მინიშნებების გაგება ბევრს არ შეეძლო...

ქვემოთ, რუსულად მოყვანილ სტროფში, დიდი ხერასკოვი მაინც ახსენებს ოქროს საწმისს და ანდრომედას, რაც მომავალში ამ საკითხის რეანიმაციის შესაძლებლობას აჩვენებდა...

Не для златого вам руна,
Не для прекрасной Андромеды,
О Россы! предлежит война
И представляются победы.
Пусть древность суеты поет,
Не гордость вас на брань зовет.

გიორგი მარჯანიშვილი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen