მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ანტონი ტაპიესი

2012 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა ანტონი ტაპიესი - მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვნების თეორეტიკოსი, ზოგჯერ მეორადი მასალით გაკეთებული საოცარი ტილოებით და კომპოზიციებით ცნობილი ავტორი, ერუდიტი, ჰუმანისტი ამ სიტყვის კეთილშობილი გაგებით, პირველი მარკიზ დე ტაპიესი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი. ხელოვნების სამყარომ დაჰკარგა თავისი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი მსახური, მისმა თაყვანისმცემელმა კატალონელმა ხალხმა კი, თანამედროვეობის განსახიერება და ფრანკისტული დიქტატურისათვის წინააღმდეგობის გამწევი ინტელექტუალი.


ფოტოზე: ანტონი ტაპიესი (1923-2012) საკუთარ გამოფენაზე

მხატვარს ათასობით წიგნი უნდა ჰქონდეს წაკითხული

"ჩემი ემოციის გადმოცემა, მუდამ ფუნჯის ერთი მონასმით მინდა. ესაა გიჟური სურვილი, შეიძლება შეუძლებელიც. ამის მისაღწევად, მკვლევარის მსგავსად ექსპერიმენტებს ვატარებ, ვცდი ახალ მასალებს იმ იმედით, რომ ისინი ჩემს ემოციებს უკეთესად გადმოსცემენ. ჩემი ფუნჯის მონასმი, შეიძლება ფიგურატიულიც იყოს და აბსტრაქტულიც. მე ამ კრიტერიუმების შესაბამისად არ ვმსჯელობ..." ვმუშაობ აბსოლუტურად არასისტემატურად. ხანდახან სახელოსნოში შევდივარ იდეის გარეშე, ხანდახან რაღაც იდეით, სულ პატარა ჩანახატით - დასახმარებლად. სახელოსნოში ყველა მიმართულებით დიდხანს დავდივარ. დავდივარ და ვფიქრობ. გონებაში მომდის რაღაც ხატი, მაშინ მე ძალიან სწრაფად ვიწყებ... ძნელია იმის თქმა, თუ როგორ ყალიბდება ეს ხატი. ხანდახან მას ნაწილობრივ სახელოსნო განსაზღვრავს. თუ კი შესვლისას მხოლოდ შავ ნამუშევრებს ვხედავ, მჭირდება თეთრი ან ფერი, სინამდვილეში ძალიან ცოტა ფერი. კარგად ვიცი ჩემი მასალები, ვიცი, თუ რის საშუალებას მაძლევენ ისინი, როგორ შევქმნა. მისი აზრით, ქანდაკება მხატვრობისგან არაფრით განსხვავდება. "მე ვერ ვხედავ საზღვარს. არ ვიცი ეს საზღვარი ზუსტად სად გადის... მსურს ბოლო მოვუღო სურათი-ფანჯრის კონცეფციას და მინდა სურათი-ობიექტების კეთება. აქედანაა ობიექტების შეტანა ზედაპირზე, შეკრება, დისტანცია მალეა დაძლეული. მე არა მაქვს ქანდაკებაზე "გადასვლის" შეგრძნება, როგორც ამას ამბობენ".

"საუკუნის დასაწყისში, კუბიზმი და აბსტრაქცია გადამწყვეტი მოძრაობები იყო იმიტომ, რომ ისინი აკადემიურ მხატვრობას დაუპირისპირდნენ." "მისი მიდგომით, მითითებებისა და ლოზუნგების მოშორებით, ყოფნის მისეული მანერით, ჩემთვის მხატვარი პაულ კლეეც იყო".

"საზოგადოებისთვის უფრო დაუყოვნებლად მისაწვდომი სურათის შექმნა, ზოგჯერ მისაღებია. მაგრამ ახლა, მასობრივი კულტურის, მასებით და მასებისათვის კულტურის ხანაში, თავს ისევ მარტოსულად ვგრძნობ. საზოგადოებას ჩემი შრომისგან რაღაც ბარიერი გამოჰყოფს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომუნიკაციის საშუალებათა ხელმძღვანელებს სურთ. რა წონა აქვს ხელოვნებას სპორტის გვერდით? ვინ არიან მხატვრები მომღერლების და ფეხბურთელების პირისპირ? არარაობა. ასეა ესპანეთში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეა სხვა ქვეყნებშიც. თანამედროვე კულტურული ინდუსტრიის მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა ყველა საშუალებით, და არა ადამიანების აღზრდა... ვიცი, მე პესიმისტი ვარ..."

"მე მთვლიან მისტიკოსად და ფიქრობენ, რომ მისტიციზმი იძლევა ყველაფრის, სულერთია რის, ნებისმიერი სიგიჟის ნებას. ეს ტყუილია. ეს მე ვისწავლე ნამდვილი მისტიკოსებისგან, შორეული აღმოსავლეთის მისტიკოსებისგან, ბუდისტებისგან. ისინი გიჟები არიან? მაშინ ეს ძალიან გაკონტროლებული სიგიჟეა, სიგიჟე, რომელიც ცოდნის ძალიან სოლიდურ კორპუსს ეყრდნობა. ესაა თანამედროვე ცოდნა, მარტო მხატვრული ცოდნა კი არა, სიბრძნე. ასაკთან ერთად, ეს სულ უფრო და უფრო უკეთესად დავინახე: მხატვარმა ბევრი უნდა იცოდეს, მას ათასობით წიგნი უნდა ჰქონდეს წაკითხული."

"რელიგიურ ხელოვნებაზე მეტად ესაა მეტაფიზიკური ხელოვნება... იმდენად, რამდენადაც ხელოვნება შეიძლება შემეცნების საშუალებად იქცეს და მან ყოველი ადამიანის ცნობიერება შეიძლება სულ უფრო და უფრო შორს დანახვისკენ, სინამდვილეში უფრო ღრმად ჩახედვისკენ წაიყვანოს".

«ყველა შეუმჩნეველი, უმანკო, ყოველდღიური, მეტიც, მონოტონური ნივთის პოეზია. გაღების, საკუთარი თავის მუდამ ანულაციამდე გაღების - აი გაკვეთილი, რომელიც ბევრმა თანამედროვე ადამიანმა უნდა ისწავლოს. ესაა ადამიანობის დიდი პარადოქსი: მეტს მიიღებენ ისინი, ვინც გაიღებენ, ვინც მოსწყდებიან მე-ს, ცოდნას, სიუხვეს... ესაა სრულიად მიწიერი ფასი: სიყვარულის მიერ გაჩენილი სიყვარული. ინდუიზმის, და განსაკუთრებით განდის მოღვაწეობის სწავლისას, მე ვპოულობდი დადასტურებას მრავალი მიდგომისა, რომელთა დიდ ღირებულებას ყოველ დღე ვხედავდი: სამსახური, სრულყოფილი უანგარობა, ძალადობის უარყოფა და ამდენი სხვა რამ!»...


ფოტოზე: ანტონი ტაპიესი, ოკრას კვადრატი, 2007, შერეული ტექნიკა ხეზე, 160 x 160

ფოტოზე: ანტონი ტაპიესი
, რუხი რელიეფი შავზე, 1959, ლატექსი და მარმარილოს ფხვნილი ტილოზე, 194.6 x 170, MoMa-ს კოლექცია
ანტონი ტაპიესი - მატერიის სული

დაიბადა 1923 წლის 13 დეკემბერს ბარსელონაში, ქალაქის განათლებული ბურჟუას ოჯახში. მამამის ათეისტი ადვოკატია და ბოდლერს თარგმნის. დედამისი გამომცემელის ქალიშვილია და გამოირჩევა ღვთისმოსაობით. ბარსელონა ესპანეთის ყველაზე გახსნილი და ყველაზე თანამედროვე ქალაქია. 25 წლის წინ, ის პიკასოს ქალაქი იყო. 1923 წელს საუბარი დაიწყეს მიროზე, შემდეგ გამოჩნდა დალიც. მაგრამ ამავე დროს, ესპანეთში ძალაუფლება ხელში პრიმო დე რივერამ აიღო. ასე რომ, ტაპიესი ამქვეყნად დაპირისპირებულთა დაპირისპირების ნიშნის ქვეშ მოვიდა. ის ხან თავისუფლად მოაზროვნე მამამისის მიერ შერჩეულ სკოლებში დადის და ხან ქრისტიანულ სკოლათა ძმებში. 1936 წელს, ოჯახთან ერთად პრადოს მუზეუმს ნახავს და დეიდები მას საღებავების ყუთს აჩუქებენ. ფრანკოს სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი, მის სწავლას ბარსელონას დაცემამდე, ფრანკოს ჯარების მიერ 1939 წლის იანვარში მის აღებამდე წყვეტენ... 

1942 წელს, ტახიკარდიის კრიზისმა და მისმა შედეგებმა, საავადმყოფოების და სანატორიუმების პერიოდი დაიწყო. ესაა გადამწყვეტი პერიოდი, ვინაიდან ის კითხულობს, სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება ფილოსოფიით და ხატავს. განკურნებული, 1945 წელს ბარსელონას უნივერსიტეტში ეწერება. მისი ერთ-ერთი და, მას თავის ბინას აძლევს, რომ იქ სახელოსნო მოაწყოს. ის თავს ხელოვნებას უძღვნის და პოეტების და მწერლების წრეებს უერთდება.  1946 წლიდან, საუკუნის პირველი მესამედის ავანგარდებთან, განსაკუთრებით მისი მიროსთან
სიახლოვის ნიშნები ჩნდება... ტაპიესი და პოეტი ჟოან ბროსაეტი აარსებენ ხელოვნების და პოეზიის ჟურნალს «Dau al Set»... შემდეგ ეზოტერული ნიშნებით მოფენილი ავტოპორტრეტები ჩნდება. ტაპიესის აზრით, ნაწარმოები უნდა ატარებდეს ნიშნებს, შესაძლებელ სიმბოლოებს, ფსიქიურ და ინტელექტუალურ ელემენტებს, რასაც ის სიტყვებით შემდეგნაირად გამოხატავს:

"სურათი უნდა იყოს მხატვრის მიერ მენტალური ენერგიით, ერთგვარი ელექტრული მუხტით დატვირთული ობიექტი, რომელიც შესაფერისი გრძნობიერების მნახველთან კონტაქტისას, გარკვეულ ემოციებს აძლევს
ბიძგს."

მისი პირველი ქმნილებებია დაჭიმული ძაფების თუ ნამტვრევების კომპოზიციები... მერე მოდის რაღაცის გადახაზვები, წარწერების კვალი ან მონახაზი.


1951 წელს, პარიზში პირველად ყოფნისას, მთავარი მოპოვებულია. ის ხმარობს ყრუ, მარმარილოს ფხვნილით, შემდეგ ხით, ფურცლოვანი რკინით, ქსოვილებით, სიმებით, ბათქაშით, რეზინებით, წებოთი გამდიდრებულ ფერებს. ყველა ქიმიური და ტექნიკური ავანტურა არის განვითარება რწმენისა, რომლის თანახმადაც ქმნილება იბადება მატერიიდან, მისი დაზიანებებიდანაც კი. ის იბადება ბუნებიდან და საგნებიდან, რომლებსაც შემოქმედი უპირისპირდება, ის თვითონ კი არის გრძნობებითა და მოძრაობებით ნასულდგმულევი სხეული.


ფოტოზე: ანტონი ტაპიესი, წითელი ფიგურები, 2009, ფერი ხეზე, 81 x 100


ფოტოზე: ანტონი ტაპიესი, მატერიის სხეული და ფორთოხლისფერი ნიშნები, 1968, შერეული ტექნიკა ტილოზე, 162 130, კერძო კოლექცია

1950-1960-ან წლებში, ტაპიესი არის გუტაის, ბურის, მონტერველის და რაუშენბერგის, არმანის და ტინგელის, ბეისის თანამედროვე. მთელი განსხვავებების მიუხედავად, მათ აერთიანებთ დაინტერესება ყველაფრით, რაც ქუჩაში თუ სახელოსნოში უვარგისად და უმნიშვნელოდ ჩანს. ღარიბი ხელოვნება, და ეს მანამდე, ვიდრე კრიტიკა კუნელისს და პენონს როგორც 
arte povera-ს განსაზღვრავდეს.

მაგრამ ყველაფერ ამას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის აჩენს სიმბოლურ ფორმებს, უნივერსალურ ნიშნებს, რომლებიც მათი მორალური, პოლიტიკური და ფსიქიური ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა... 

ქრონოლოგიურ რიგს მის შემოქმედებაში მნიშვნელობა აღარ აქვს. კავშირი შესაფუთი მუყაოსაგან გაკეთებულ 1960-ანი წლების ნაწარმოებებსა და საწოლის ჩარჩოს ირგვლივ აკრეფილ ქმნილებას შორის, ცხადია. დაკვირვებული მაყურებელი ამჩნევს, რომ ფორმატები იზრდება. ყველაზე პატარა ქმნილებების წინაშე გვიჩნდება გრძნობა, რომ გადამწყვეტი შემთხვევითობა იყო. ფანჯრის ჩარჩოს თუ სიმების გორგალის სრულებით შემთხვევითი აღმოჩენა, მათ სიმბოლურ ობიექტად გარდაქმნის.


რჩება კარიერის და საჯარო ცხოვრების ქრონოლოგია

პოლიტიკური ცხოვრება გამოიხატება ფრანკისტულ რეჟიმთან დაპირისპირებით (ის ხელს უშლიდა პრადოში ქალის ქვედასაცვალის ხელოვნების ნაწარმოების სახით გამოფენას და ამიტომ მოიშორეს). 1966 წელს მონაწილეობდა ბარსელონაში, «სარიას სელესტინთა მონასტერში» გამართულ სამდღიან საპროტესტო კონფერენციაში, რომელიც განიხილავდა ესპანეთის სამოქალაქო ომის დამთავრების შემდგომ პირველი დემოკრატიული საუნივერსიტეტო კავშირის დაფუძნების აუცილებლობის საკითხს. იგი სხვა ინტელექტუალებთან და სტუდენტებთან ერთად დააპატიმრეს და მრავალდღიანი პატიმრობის შემდეგ, ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ ტაპიესი თავისი ნამუშევრების მოტივად ხშირად კატალანური დროშის ოთხ წითელ ზოლს იყენებდა, რითაც თავის პოლიტიკურ შეხედულებას გამუდმებით აფიქსირებდა. ის ასევე აპროტესტებდა ფრანკოს საჩვენებელ სასამართლო პროცესებს, რისთვისაც რეჟიმის მიერ მცირე ხნით იქნა დაპატიმრებული. მისი ნამუშევრების გამოფენები მსოფლიოს მასშტაბით ეწყობოდა და ეწყობა.

«მე მჯერა, რომ მხატვრის ენა, წინაისტორიიდან დღემდე, შეიძლება სიტყვების ენასავით ან უფრო მეტად მომქმედი იყოს. მისი ზემოქმედება შეიძლება გონებამ არ გაანალიზოს, მაგრამ ის მაინც მოქმედებს ჩვენზე. სამწუხაროდ ყოველთვის არაა ასე, მაგრამ გამოფენა შეიძლება იყოს სურათების გაყიდვის ადგილისაგან დიდად განსხვავებული რამ. გამოფენამ შეიძლება ისევე იმოქმედოს საზოგადოებაზე, როგორც მოქმედებს თეატრალური პიესა ან პოლიტიკური მიტინგი.» (ანტონი ტაპიესი «გახსენება, ავტობიოგრაფია», გამომცემლობა გალილეი, 1981 წ.)

გიორგი მარჯანიშვილი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen