მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

ნიკო ცხვედაძე და გიორგი ყაზბეგი

ნიკო ცხვედაძე - მე-60 წლების საზოგადო მოღვაწე, წ. კ. საზოგადოების ერთი მთავარ დამაარსებელთაგანი. ნ. ცხვედაძე ამ საზოგადოების გამგეობაში დიდი ხანია იღებდა მონაწილეობას და ჩემსობას და ადრეც თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

ნ. ცხვედაძე ი. ჭავჭავაძის ახლო მეგობარი იყო და შინაურ კაცად ითვლებოდა კონიაკის მწარმოებლის, მდიდარ დ. სარაჯიშვილის ოჯახში და ეს სარაჯიშვილი მისი რჩევით ნიშნავდა სტიპენდიებს და ეწეოდა ქველმოქმედებას. ნ. ცხვედაძე ძალიან მუყაითი მუშაკი იყო, მუდამ რასმე აკეთებდა, ცუდად ყოფნა არ შეეძლო. მის დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა ნების სიმტკიცე, დაჟინება. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ადვილად არ მოეშვებოდა. ნამდვილი ქართლელი ტიპი იყო გამძლე, ძარღვიანი. ამ თავის დაუღალავი ენერგიით, სიმტკიცით და შრომისმოყვარეობით გაჰქონდა საქმე და ამას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან მომავალ ქართულ უნივერსიტეტს წინასწარ დაუმზადა მშვენიერი შენობა. ამ სახლის შენება რომ დაიწყო, ეს ყველას ფანტაზიად, ოცნებად მიაჩნდა და არავის სჯეროდა შენობის დამთავრება.

წ. კ. საზოგადოების სხდომებს თითქმის არასოდეს აკლდებოდა. უბრალო ადამიანი იყო და გამგეობის ახალგაზრდა წევრებს ისე გვეპყრობოდა, როგორც მამა შვილებს, ცოტა მეგობრის, ცოტა უფროსის კილოთი. გამგეობის სხდომების ჟურნალში დადგენილებების ჩაწერა თავის ხელით უყვარდა, თუმცა სწორი ხელი არ ჰქონდა და მისი გამოთქმა ზუსტი და ადვილად გასაგები არ იყო ყოველთვის. ეს ჩვეულებაც ჰქონდა: როგორც კი გასარჩევი საკითხი დაისმოდა, აიღებდა კალამს ხელში, იტყოდა თავის აზრს და შეუდგებოდა ამის ჩაწერას, როგორც საერთო აზრის და დადგენილების. ბ. ნიკოლოზ (ნიკოლაი ზებედეევიჩ)! შესძახებდნენ გამგეობის წევრები, მოითმინეთ, ჯერ არაფერი დაგვიდგენია, ვიმსჯელოთ, ნება მოგვეცით, ჩვენი აზრი მოგახსენოთ. ისიც დინჯად დასდებდა კალამს და მოგვმართავდა: აბა, ბრძანეთო.

საერთოდ სიმპათიური ადამიანი იყო, ერთგული პატრიოტი და ყველა პატივს ვცემდით. ი. ჭავჭავაძე რომ გარდაიცვალა, დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა აგვერჩია წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარედ. იმ დროს რეაქცია თანდათან ძლიერდებოდა და გვეშინოდა, წ. კ. საზოგადოებას რამე არ შემთხვეოდა. ამიტომ საერთო აზრი იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარედ აგვერჩია ვინმე მთავრობის წინაშე დამსახურებული კაცი, რომლის სიტყვას ანგარიშს გაუწევდნენ მმართველი წრეები.გავჩერდით გენერალ გიორგი ყაზბეგზე, რომელსაც ერთ დროს დიდი თანამდებობა ეკავა ჯერ ვარშავაში და შემდეგ ვლადივოსტოკში. გასული საუკუნის 70-იან წლებში მან ოსმალეთის მესხეთში იმოგზაურა და საინტერესო წიგნი გამოაქვეყნა «Три месяца в Турецкой Грузий», რომელიც ძვირფას ცნობებს შეიცავს და დღესაც მოწონებაშია. გ. ყაზბეგს ყველა ისე იცნობდა, როგორც კარგ ქართველს და განათლებულ, ჭკვიან კაცს. ნ. ცხვედაძეს ეს ეწყინა, ფიქრობდა, რომ მისი კანდიდატურა იქნებოდა წამოყენებული.

1908 წ. გაზაფხულზე მოხდა წერა-კითხვის საზოგადოების საერთო კრება და თითქმის ერთხმად საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. ყაზბეგი. ნ. ცხვედაძე კრებას არ დაესწრო და გამგეობის წევრობაზედაც კენჭი არ იყარა. საზოგადოებამ ის საპატიო წევრად აირჩია. გამგეობამ პერგამენტზე დაწერილი სამადლობელი ადრესი მიართვა, მთელი შემადგენლობით სახლში ეახლა და სიტყვიერადაც დიდი მადლობა მიუძღვნა. ნ. ცხვედაძემ თავაზიანად მიგვიღო სტუმრები. მაგრამ მის სახეს ნაღველი და სევდა ემჩნეოდა.


ფოტოზე: ნიკო ცხვედაძე (1845 – 1911)

ფოტოზე: გიორგი ყაზბეგი

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა ჩემთან რომ შემოვიდოდა, წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში, თუ ზამთარი იყო, მე მაშინვე თითქოს სიცივეს, სუსხს ვიგრძნობდი, გამაჟრჟოლებდა, ასე მეგონა ფშავ-ხევსურეთის თოვლიან-ყინულიან მთებში ვიყავი, ხოლო თუ ეს ცხელ მაისში გაზაფხულში იყო, რაღაც საამო გრილი ნიავი დამიბერავდა და ლაღად ვიწყებდი სუნთქვას.ვაჟა სადაც მივიდოდა, თან მიჰქონდა თვისი ფშავეთი. ის მიჯაჭვული იყო მშობლიურ მთებსა და კლდეებზე. ის მუდამ იქ არ იყო, სხვაგან სწავლობდა, სხვაგან მსახურობდა, საქართველოს გარეთაც უცხოვრია, პეტერბურგში, თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, სხვაგანაც დადიოდა, ხოლო ყველგან მუდამ თან ახლდა მისი მხრის ჯურღმულები, ნაპრალები, ხევები, მაღალი მწვერვალები, ჩანჩქერები, მიყრუებული ზამთარი და გაზაფხულის ქუხილი.

ერთიან გამდნარი იყო ბუნებაში და მისი საკუთარი პიროვნება აღარა ჩანდა. მისი ნუკრი, ჩხიკვი, ია, ხე, კლდე, მართლა თავის საკუთარის გონებით მსჯელობდნენ, საკუთარის ენით ლაპარაკობდნენ და არა ვაჟა-ფშაველას ნაკარნახევს იმეორებდნენ.

ვაჟა ადამიანი, შემოქმედი აღარსად იყო. მის სრულს ანტიპოდს წარმოადგენდა ნ. ბარათაშვილი. ვაჟა ბუნებაში თუ ჰქრება, ეს ბუნება თვით ჰქრება ბარათაშვილში. მთაწმინდა, მტკვარი, არაგვი, სუმბული - ეს სულ ბარათაშვილია, ისე ღრმად შეაქვს პოეტს ყველაფერში თავისი პიროვნება, თავისი მე, თავისი ფიქრები და გრძნობები. გინდათ ჩაეხუტოთ კლდეს, იმიტომ რომ იგი ბარათაშვილის სულითაა გაჟღენთილი და იქ პოეტის გულის ფეთქვა გესმით. ვაჟა-ფშაველა მეტად შებორკილია ბუნებით, თავი ვერ დაუღწევია მისი სიძლიერისაგან. ესაა მისი სისუსტე, ესაა მისი სიდიადე, ტყუილად არ იტყოდა ი. ჭავჭავაძე, ვაჟა სოფელს და მთას არ უნდა მოშორდესო. ბარათაშვილი ბუნებას იმორჩილებს, იპყრობს, თავის მე-დ გარდაქმნის, ვაჟა-ფშაველას კი ბუნება იმორჩილებს და პიროვნებას უკარგავს. ასეთი ფიქრები მომდიოდა, როცა ჩემ წინ ვაჟა-ფშაველა იყო და მეგობრულად ვესაუბრებოდი. ის წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვიდოდა თბილისში და თითქმის ყოველდღე შემოივლიდა წ. კ. საზოგადოებაში. «ცნობის ფურცლის» რედაქციაშიც შევხვდებოდით ერთმანეთს. თბილისში რომ ჩამოვიდოდა, ამბების დამშეული იყო, და უნდოდა ყველაფრის გაგება, მთელი ქვეყნის, ნამეტან კი საქართველოსი. გვეშველება რამეო? ეს იყო მისი საწუხარი და მარტო მისი?

მე ვიყავი მისი ინფორმატორი. თუ საერთო მსჯელობა იყო, მონაწილეობას მიიღებდა. ცოდნა-განათლება არ აკლდა. ენა უჭრიდა, მაგრამ ჩანდა მისი პრიმიტივობა, ზევით რომ ვთქვი. ღარიბად იყო, ოცნებობდა, თვეში ერთი თუმანი მაინც მქონდეს უტყუარი შემოსავალიო. თბილისში ჩამოსვლისას რედაქციებს დაუვლიდა, ხუთ-ათ მანეთობით შეაგროვებდა თავისი ნაწერების ჰონორარს. წ. კ. საზოგადოების კრებასაც მიადგებოდა და ითხოვდა ოთხ-ხუთ თუმანს ან სესხად, ან დახმარებად, ან ავანსად რომელიმე მისი დასაბეჭდი თხზულების ანგარიშში. უარს თუ მიიღებდა, მაინც არ მოგვეშვებოდა, თხოვნას გაიმეორებდა, აბა რა ექნა! გაჭირვებულ ქართველ მწერალს შემწყალებელი და გამკითხველი არავინ ჰყავდა, გარდა წ. კ. საზოგადოებისა, რომლის სალაროში ყოველთვის მცირე თანხა იყო.

ვაჟა-ფშაველას მძიმე მდგომარეობას რომ ვხედავდი, მინდოდა რითიმე დავხმარებოდი. ერთხელ ვურჩიე, შილერის ტრაგედია «ორლეანელი ქალი» გადმოეთარგმნა და წარმოედგინა გამგეობაში, ეგებ გამოეცათ და სასყიდელს მისცემდნენ. ვაჟამ მოკლე დროში შეასრულა თარგმანი და მიუტანა გამგეობას, რომელმაც ი. ჭავჭავაძეს გადასცა გასასინჯად. ილიამ არავითარი დასკვნა არ წარმოადგინა და წიგნი გამოუცემელი დარჩა.

მე შილერის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მის პიესებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. «ორლეანელი ქალის» ქართულ სცენაზე დადგმა ფრიად სასარგებლოდ მიმაჩნდა და ვურჩიე დრამატულ საზოგადოების გამგეობას, 1904 წელს სეზონი «ორლეანელი ქალის» წარმოდგენით დაეწყო. გამგეობა დამეთანხმა და მაშინვე მივწერე ვაჟას:

«ძმაო ვაჟა, როგორც კი მიიღო ეს წერილი, დაუყოვნებლივ აფრინე შენი «ორლეანელი ქალი». მაგ პიესით გაიხსნება სეზონი 23 სექტემბერს. ამიტომ ახლავე უნდა შევუდგეთ მზადებას. მერე «საზოგადოებასაც» გამოვაცემინებთ».
ვაჟასგან პასუხი ვერ მივიღე. წერილი გავუმეორე, სხვამაც მისწერა, ხოლო შედეგი არ მოყვა რატომღაც, და შილერის პიესის ქართულ სცენაზე წარმოდგენა არ მოხერხდა.
დრამატულ საზოგადოებას საბოლოოდ არ აუღია ხელი «ორლეანელ ქალზე». რამდენიმე ხნის შემდეგ განიზრახა მისი გამოცემა სურათებით და მთარგმნელს მოგების ნახევარს ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, ესეც განუხორციელებლი დარჩა.

1908-1909 წწ. ჩემს ჟურნალს «ფასკუნჯს» ვბეჭდავდი «სორაპანის» სტამბაში. ამ სტამბის პატრონი მ. გაჩეჩილაძე წიგნების გამომცემლობასაც ეწეოდა. განიზრახა ქართულ და უცხო ნაწარმოებების გამოცემა პოპულარული სახით. მე ვურჩიე, ერთ-ერთ წიგნად გამოეცა ვაჟა-ფშაველას ლექსების პატარა კრებული. ვიკისრე მოლაპარაკება პოეტთან და გავარიგე. ვაჟას უნდა მიეცა მ. გაჩეჩილაძისთვის რამდენიმე ახალი ლექსი. ვაჟამ რატომღაც ყველა დაპირებული ლექსი ვერ ჩააბარა მესტამბეს და მათი დავა სამედიატორო სასამართლომ გაარჩია. მე ვფიქრობდი, რომ ვაჟამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო ცოტა უკმაყოფილო იყო ჩემი. მაგრამ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა არ შეცვლილა.
1909 წ. აგვისტოს 30, ილიას მოკვლის დღეს, მისი პატივისმცემელნი წიწამურში წავედით. მე და ვაჟამ მთელი გზა მცხეთიდან ერთად ვიარეთ და ტკბილად, მეგობრულად ვბაასობდით ჩვენი ცხოვრების საკითხებზე. უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა მოხდა 1915 წ. ივლისში. ვაჟა-ფშაველა ავადმყოფი იწვა ლაზარეთში, რომელიც მოთავსებული იყო ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში.

არ მომეწონა ოთახის მორთულობა, რაღაც ყაზარმული, სამხედრო სახე ჰქონდა, ვერსად ვხედავდი მზრუნველის ხელს და ყურადღებას, ვაჟა მარტოდ იყო, რაღაც მიტოვებული. ესეც არ მიამა. ავადმყოფი ძალიან გაახარა ჩემმა მისვლამ, თითქოს ძვირფასი რამ საჩუქარი მიმეტანოს. გამოცოცხლდა, მის სახეს ღიმილი დაეტყო. ვისაუბრეთ ნელ-ნელა. გულნატკენი იყო, ნაცნობები და მეგობრები არ მოდიან, არ მნახულობენო, მითხრა. ქართველებმა მკვდრის დამარხვა კარგად ვიცით, ცოცხალს ყურადღებას არ ვაქცევთო. დიდხანს არ დავრჩენილვარ. ძალზე მისუსტებული იყო და შემეშინდა, არ დაიღალოს სხვადასხვა ამბების გახსენებით-მეთქი. რომ გამოვეთხოვე, მთხოვა და მეც დავპირდი, მალე გინახულებ-თქვა, მე ეს ვერ შევასრულე.

როგორც აკაკი გარდაცვალების წინ თავს კარგად გრძნობდა, ასე თურმე ვაჟა 27 ივლისს დღისით მხიარულად იყო, ოხუნჯობდა, საღამოს კი გათავდა.

ვაჟას სურათი მქონდა, ფანქრით დახატული (ვისი?). პოეტმა მოკლე ლექსი მიძღვნა და საკუთარის ხელით დააწერა ამ სურათს. სად არის ეხლა ეს სურათი, არსებობს კიდევ თუ არა, არაფერი ვიცი.


ფოტოზე: იროდიონ ევდოშვილი, (1873 – 1916)
იროდიონ ევდოშვილი

ირ. ევდოშვილი თავისებური პოეტია. მას საკუთარი, განსხვავებული ადგილი ეკუთვნის ქართულ ლიტერატურაში. მისი ლირა სევდიანია, ნაღველს და მწუხარებას, გაჭირვებულთა მწარე ბედს გვიხატავს.

ირ. ევდოშვილი რევოლუციური ეპოქის შვილია, ბრძოლისათვის მოგვიწოდებს, ბრძოლას უგალობს და ამ ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირებს. იგი გულწრფელი პოეტია, მისი სიხარული და კვნესა გულიდანაა გამოსული და გულს სწვდება. ესაა მისი პოეზიის დამახასიათებელი თვისება. ამიტომ უყვარს ხალხს ირ. ევდოშვილი. ის მასის, ქუჩის პოეტია.

მის შემოქმედებაში შეიძლება ორი პერიოდი იყო: ჯერ მხოლოდ სოციალური მოტივები აინტერესებდა უფრო, მერე კი სამშობლოს სიყვარული და მშობელი ერის თავისუფლება მიიპყრობს დიდ ყურადღებას. ხოლო მისი განცდები ყოველთვის წრფელია, მისი ლექსი გულითადია, სავსე გრძნობით და გრძნობის ამძვრელი.

ი. ევდოშვილი მე ადრე გავიცანი, თბილისში ჩამოსვლისთანავე. «კვალის» რედაქციაში ნაცნობები მყავდა. იქ ის ხშირი სტუმარი იყო, თანამშრომელი, დროგამოშვებით წ. კ. საზოგადოებაშიც შემოივლიდა, შ. მღვიმელს, ი. ეკალაძეს, ვაჟას და მის ძმებს მეგობრობდა, უყვარდა მათთან პურის ჭამა. ესწრებოდა წ. კ. საზოგადოების საერთო კრებებს, კამათში ცხარე მონაწილეობას იღებდა.

მე რომ «გლეხის» და «მიწის» გამოცემა დავიწყე, ი. ევდოშვილი ძალიან დამიახლოვდა. მოსწონდა ჩემი გამოცემა. თითქმის ყოველი ნომრისათვის მაძლევდა ლექსს, ბარე ორჯერ სატირული ფელეტონიც მომაწოდა. ასევე ერთგული თანამშრომელი იყო «მზის» - «ფასკუნჯის», რომელსაც საკუთარ ჟურნალად სთვლიდა.

მეტად აწუხებდა რეაქციის წამოდგომა, თითქოს გრძნობდა, რომ ის პირადად მას მისწვდებოდა. მართლაც, 1909 წ. დაატუსაღეს, რამდენიმე თვეს იჯდა ციხეში და, როცა 1910 წ. მეც მეტეხში მიმიყვანეს, იქ ვნახე, სხვადასხვა განყოფილებაში ვიყავით და ხანდახან შემთხვევით თუ მოვკრავდი თვალს.

ახალი შემოდგომა იყო. ერთ დღეს მეტეხის ეზო ერთბაშად ახმაურდა. გამოვიდნენ ზედამხედველები და ჯარისკაცები, შეიქმნა რაღაც ფაცაფუცი. სალდათებმა თოფები მოიმარჯვეს. გამოვიდა ციხის უფროსი, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს დიდი დღესასწაულისათვის ემზადებოდა. ტუსაღები, რომელთა სარკმლები ეზოში გადიოდა, დიდი გაკვირვებით ვუყურებდით ამ ამბავს. ახმაურდა საკნების ურდულები და გამოიყვანეს ციმბირში გასაგზავნი ხალხი - კატორღელები და გადასახლებულები. ზოგს ბორკილი ედო ხელ-ფეხზე. ყველა შეაქუჩეს და გარშემო ჯარისკაცები დაუდგნენ. მათში დავინახე ირ. ევდოშვილი, სახე გამხდარი, დალეული. მხარზე ჩანთა ეკიდა და ხელში მსუბუქი ბარგი ეჭირა.

«იროდიონ!» მივაძახე ჩემი ოთახიდან. შემომხედა, თავი დამიქნია, მწუხარება ამოვიკითხე მის სახეზე. თვალები მაინც უბრწყინავდა.

წაიყვანეს განწირულები, გაუმაძღარი იმპერიალიზმის და თვითმპყრობელობის მსხვერპლნი. ვინ იცის, ვის ეღირსება მათში სამშობლოში დაბრუნება. ირ. ევდოშვილი ორი თუ სამი წლის შემდეგ დაბრუნდა უკურნებელი სენით დაავადებული, ჭლექიანი.

1913 წ. წაღვერში იყო ავადმყოფი. ზაფხულში რამდენიმე კვირა მეც იქ გავატარე და ვნახულობდი იროდიონს მის ბინაზე. იწვა ლოგინში მილეული, მაგრამ ცოცხალი თვალებით. ვიგონებდით გარდასულს, იმედით შევყურებდით ჩვენი ქვეყნის მომავალს. თავის საკუთარ ბედს გრძნობდა. სწყუროდა კი სიცოცხლე და ყოველს, სულ მცირე სიტკბოს გადამეტებულად აფასებდა. მეც მიმადლოდა ფრიად, მთხოვდა, მალ-მალე მინახულეო.

შემდეგ მსოფლიო ომი დაიწყო და ომის ამბებმა გაგვიტაცა ყველა.


ფოტოზე: პეტრე უმიკაშვილი (1838-1904)

ფოტოზე:
ალექსანდრე სარაჯიშვილი, (1851 – 1914)


პეტრე უმიკაშვილი
და ალექსანდრე სარაჯიშვილი


ბევრი შემხვედრია ჩემს სამწერლო გზაზე, თითქმის ყველა ქართველ მწერალს, ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს ვიცნობდი თბილისში, ბევრთან მქონია სხვადასხვა სახის დამოკიდებულება, და ახლა წარსულისაკენ რომ მივიხედავ, ყველა მათი სახის გამომეტყველება ნათლად დამეხატება თვალწინ. მათში არიან ადამიანები, რომელთა პიროვნება ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩემს გულში და რომელთა გახსენება დღესაც მახარებს, ცხოვრებას მაგებინებს და ხალისს და რწმენას მიმატებს. ზოგი მათგანი უკვე ვახსენე, ახლა მინდა კიდევ ორი ძვირფასი ქართველი მოვიგონო.

ხშირად არა, მაგრამ მაინც გვეწვეოდა პეტრე უმიკაშვილი, ძველი თაობის მოღვაწე, მწიგნობარი. მისი ეს იშვიათი მოსვლა მეტად გასახარი იყო. შემოდის დინჯად, ნელი ნაბიჯით. მის სახეზე ტკბილი ღიმილია, რომელიც თავიდანვე კეთილგანწყობილებას გვამცნობს. მისალმების შემდეგ მკითხავს, როგორა ვარ, მეც მის ჯანმრთელობას ვიკითხავ. შევლაპარაკდებით, ყველაფერს მიმოვავლებთ თვალს.

ჩემს უკანასკნელ ფელეტონს გაიხსენებს, კმაყოფილია, მოსწონს. თუ რამ ნაკლი ნახა, მეტყვის, არ მომერიდება. მისი დაძრახვა მეგობრული კილოსია, სიტყვაში გესლს არ გაურევს. ქართველი ხალხის გამოფხიზლებას ხედავს, უხარია. იგონებს განვლილ მწარე დროს. განსაკუთრებით შეხარის ახალგაზრდობის მუშაობას, ყველა პარტიას და დაჯგუფებას ერთნაირად არ უყურებს, მაგრამ მტრობა არავისი არა აქვს. მთელი ახალგაზრდობის მამაა, ყველა უყვარს. დარიგებაც იცოდა, მორიდებით, ფრთხილად, საწყენად არ დაურჩესო. მისი გულწრფელი სიტყვა გულს სწვდება, შეიძლება მთლად არ დაიჯერო, მაგრამ გვერდზე ვერ ჩაუვლი, ანგარიშს გაუწევ.

სულ საქართველოს საქმეების გარშემო ტრიალებს. ხოლო განსაკუთრებული სიყვარული აქვს წიგნის, წიგნით სუნთქავს. წასვლისას ისე გამომეთხოვება, თითქოს უკანასკნელად მხედავდეს. რა ტკბილია მანუგეშებელი ასეთი ადამიანის მოგონება!

ალექსანდრე სარაჯიშვილმა 25-30 წელიწადი სახელმწიფო სამსახურში გაატარა, მაგრამ ლიტერატორად იყო დაბადებული, იშვიათი მოყვარე მწერლობის, მწიგნობრობის. იცოდა, ნაბეჭდში თუ ნაწერში, ძველსა და ახალში, კარგად ჩახედავდა. იქ ისეთ რასმე აღმოაჩენდა, რასაც ყველა ვერ ხედავდა.

ქართული ენა მშვვენივრად იცოდა და კარგი სტილისტი იყო. ლამაზად თარგმნიდა დასავლეთის და აღმოსავლეთის პოეტურ ნაწარმოებებს. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი და მისმა «ვეფხისტყაოსნის ყალბმა ადგილებმა» დიდად შეუწყო ხელი რუსთაველის შესწავლას. პატარ-პატარა ორიგინალურს არაკებსაც წერდა, მარილიანს, იუმორისტულს და სატირულს. დიდი თანაგრძნობით მოეგება «ფასკუნჯის» დაარსებას. ძალიან აინტერესებდა მისი ბედი, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა ამნაირი ლიტერატურულ-მხატვრული ორგანოს არსებობა. მეხმარებოდა მეგობრულად, რჩევით, სხვადასხვა მასალების მოწოდებით.

ალ. სარაჯიშვილი მარჯვენა ხელი იყო ექ. თაყაიშვილის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებასა და მოწყობილობაში. მას ახასიათებდა თავმდაბლობა. უყვარდა საქმის გაკეთება და ნაკლები ლაპარაკი, ერიდებოდა თავის გამოჩენას.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."