მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

ხვალ ათი წელიწადი შესრულდება, რაც ვერაგულად იქნა მოკლული შიო ჩიტაძე, ერთი საუკეთესო წარმომადგენლეთაგანი ჩვენი თაობისა, ერთი ძვირფასი ჩვენი ამხანაგი და თანამებრძოლი. განსვენებულმა რუსეთში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო გული სულ სამშობლოსკენ იზიდავდა, იქ უნდოდა ფართოდ გაეშალა თავისი ნიჭი თუ საქმიანობა და 1904 წელს კიდევ მოახერხა ტფილისში გადმოსახლება. დიდხანს არ დასცალდა, მაგრამ ეს მცირე დრო სრულიად საკმარისი იყო, რომ კეთილშობილური სახის გამომეტყველება, მისი მტკიცე, ბეჯითი სიტყვა და შრომის უნარი ღრმად ჩაბეჭდოდა ყველას გულში. შიოს ერთბაშად მიაქცია ყველამ ყურადღება და ყველა ნათლად ჰხედავდა, რომ ჩვენს საზოგადოებას შეემატა ახალი მრავალმხრივ მდიდარი ძალა, რომლისთვის სამოღვაწეო ასპარეზი ჯერ წინ იყო გადაშლილი.

უბრალო ქართლელი გლეხის შვილი, ჩვენი ქვეყნის წიაღში და მშობელი ხალხის კალთაში გამოზრდილი შიო ნათელი გამომსახველი იყო ამ ხალხის უდიდეს თვისების და სულიერ მისწრაფების. მას განცდილი ჰქონდა პირადად მთელი ვაება ჩვენის აწინდელის ცხოვრების, პირადად ჰქონდა განვლილი სიმწარე შელახული უფლებისა, ადამიანის ღირსების გათელვისა და ისე ეწაფებოდა თავისუფლებას, როგორც ჰაერს. გაბედულად და თავდაუზოგველად მიემხრო რევოლუციის მებრძოლთ და სიტყვით თუ საქმით პირველთა შორის იდგა. მისთვის თავისუფლება და სამართლიანობა არ იყო განყენებული მცნება, არამედ განარსებული და ხორცშესხმული განსაზღვრულ წრესა და ხალხში. ამიტომ თავისუფლება დასახული ჰქონდა ყოვლის უწინარეს, როგორც თავისუფალი ქართველი ერი და სოციალური სამართლიანობა, როგორც ბორკილების დამმსხვრევი ქართველი მშრომელი ხალხის მიერ.

ეს ხალხის შვილობა აშკარად სჩანდა შიოს გარეგნულობაში, მის ლაპარაკსა და მსჯელობაში. მისი სიტყვა ყოველთვის მარტივი იყო, უბრალო, სადა, მაგრამ ყოველთვის მკვეთრი, ძლიერი, მაგარი, რომლის შერყევა ისე ძნელია, როგორც მიწაზე ფეხმოდგმულ ჩვენებურ გლეხისა. ასეთი იყო მისი მოქმედება, რომელიც ყოველთვის საქმიანი იყო, მტკიცე პრაქტიკული, სინამდვილის ნიადაგს ემყარებოდა, მაგრამ ამავე დროს ასულდგმულებდა იდეალისტური მისწრაფება, მაღალი სული, რწმენა და აღფრთოვანება. მისი საქმიანობა არასოდეს ყოფილა წვრილმანური, გაჟღენთილი ვიწრო პრაქტიციზმით, არამედ მარად აშუქებდა დიდებული სხივი მომავლის. მისი მახვილი და შორს ღრმად გამსჭვრეტი თვალები დღეის იქით ნათლად ჰხედავდნენ ხვალეს და ეს თვისება ყველაზე უფრო ძვირფასი იყო და ამით განსვენებული ჩიტაძე არსებითად განსხვავდებოდა ჩვენი დროის მოღვაწეებისაგან, რომელნიც ერთიან ჩამხრჩვალნი არიან ვიწრო პრაქტიკულობაში.

შიო რომ ქართულ გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს გაძლიერებული განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, თავიდანვე გამოიჩინა თავისი არაჩვეულებრივი საქმიანობა. საყოველთაო არევ-დარევის ჟამს, როცა უკიდურესი თავისუფლების ქადაგება ადვილად ჰპოულობდა ნიადაგს, შიომ მოკლე ხნის განმავლობაში შემოქმედების სული შთაბერა სასწავლებელს და მასთან სრული წესიერება და დისციპლინა დაამყარა სასწავლებელში. იგი ნამდვილი მეგობარი, ამხანაგი შეიქნა მასწავლებლებისათვის, რომელთაც უყვარდათ, გულწრფელად პატივს სცემდნენ და ერთგულად მხარში უდგნენ ყოველს საქმეში. ამასთანავე ერთად მეგობარი მასწავლებელი, ჭეშმარიტი აღმზრდელი იყო მოწაფეების, რომელთაც მამობრივის სიყვარულით ეპყრობოდა, ყოველთვის ალერსით და ხალისით ესაუბრებოდა, მაგრამ შეურყევლად მოსთხოვდა ცოდნას. იგი უყურებდა სასწავლებელს, როგორც ტაძარს, საიდანაც ყოველი გამოდის უფრო ამაღლებული და გაკეთილშობილებული, ვიდრე შევიდა. სკოლა უდიდესი აღმზრდელი დაწესებულება იყო, რომლის სისტემა ემყარება არა ძალადობას და შიშს, არამედ სიყვარულს, შეგნებას და ზნეობრივ გავლენას.

საამოა, მანუგეშებელი და გამამხნევებელი ისეთი ადამიანების მოგონება, როგორიც იყო განსვენებული შ. ჩიტაძე. მისი სახე გზას გვინათებს, მისი გონიერი სიტყვა ყურში ჩაგვძახის და გვახალისებს, წინ მიგვიწვევს, იმედით გვავსებს.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."