მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: აკაკი

როდის და სად გავიცანი აკაკი? ვფიქრობ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც 1902 წ. არჩეული ვიყავი გამგეობის მდივნად და საქმისმწარმოებლად. ნანახი კი აკაკი ჩემი გიმნაზიელობის დროიდან მყავდა. ქუთაისში მოწაფეები შორიდან სიყვარულით შევცქეროდით მის ოლიმპიურ სახეს და თუ როგორმე ახლო გავუვლიდით, ვცდილობდით, ყური მოგვეკრა რაიმე მისი ნათქვამისათვის. ამხანაგები ერთმანეთის შეხვედრისას ერთიმეორეს ვახარებდით, აქა და აქ აკაკი დავინახეთ-თქვა. ის ქუთაისში ხშირად ჩამოდიოდა, რამდენიმე დღეს დარჩებოდა, შევხვდებოდით მეტწილად ან ქალაქის ბაღში (ბულვარში), ან ჭილაძეების (მერე ბეჟანეიშვილის) წიგნის მაღაზიის წინ. მასთან იყვნენ ქუთაისელი ინტელიგენტები: კ. ლორთქიფანიძე, სილ. ხუნდაძე, ხელთუფლიშვილები, ქართული გიმნაზიის მასწავლებლები; ვნახავდით მაღალი წოდების წრეში - წერეთლებთან, გურიელებთან, ფაღავებთან, რადგან მასთან შეხვედრა და გამოსაუბრება ყველას სასიამოვნოდ მიაჩნდა.

მე რომ მწერლობა დავიწყე, შესაძლებელია, ყურადღება მიაქცია ზოგ ჩემს ნაწერს. ერთი სააღდგომო წერილის გამო ლექსიც კი მიძღვნა. მერე ხომ წ. კ. საზოგადოება ქართველთა კულტურული ცენტრი იყო, აქ მუდამ თავს იყრიდნენ ჩვენი მწერლები, არტისტები, საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, აკაკიც ხშირი სტუმარი იყო, და ალბათ აქ მომეცა შემთხვევა გავცნობოდი სახელოვან პოეტს.

როდესაც თბილისში იყო აკაკი, ხშირ-ხშირად გვინახულებდა რამე საქმისათვის ან ამბების გასაგებად. უფრო კი თვითონ იყო მოამბე და მთხრობელი. მისი დანახვა ყველას გაგვახარებდა. წიგნებზე და ხელნაწერებზე მუშაობდა ვინმე, ან ახალ გაზეთს ათვალიერებდა, ან რამე საქმისათვის იყო მოსული, ან მაღაზიაში წიგნის ყიდვა უნდოდა, ყველა მაშინვე აკაკის შემოეხვეოდა გარშემო.


ფოტოზე: აკაკი

მისი სახე უნებურად იქცევდა ყურადღებას. ის არ იყო ჩვეულებრივი მომაკვდავის სახე. აკაკი რაც ხანში შედიოდა, უფრო და უფრო მოგვაგონებდა ძველი ბერძნების ღმერთების და პოეტების ქანდაკებს. მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო მისი უბნობა და ენა. არ იცოდა ლაპარაკის დროს წაბორძიკება, სიტყვების ძებნა, უხერხული გამოთქმა, უცხო სახელების ჩართვა და ენის აჭრელება. მისი ლაპარაკი იყო სადა, მარტივი, მოჩხრიალებდა წყაროსავით, ბუნებრივი დენით და ტკბილი მოსასმენი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის იყო. რაც უნდა მაღალ საგანზე ესაუბრა, მისი ნათქვამი ადვილად გასაგები იყო. ისეთი ტკბილი მოყოლა იცოდა ამბების, რომ მისგან უკვე გაგონილს სიამოვნებით მოვისმენდით მეორედ და მესამეჯერაც.

აკაკი რომ რასმე გადმოგვცემდა, ეს არ იყო ფაქტების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ეს იყო აკაკის მხატვრულ ქურაში გადამუშავებული ამბები, რომლებიც პოეზიის სამეფოს უფრო ეკუთვნოდნენ, ვიდრე მშრალ, ობიექტურ სინამდვილეს. იგი მუდამ პოეტი იყო, მხატვარი, შემოქმედი. ნახულს თუ გაგონილს თავისებურად მოკაზმავდა და მორთავდა. რისიმე დასამტკიცებლად მისი მთავარი არგუმენტი იყო სათანადო არაკის თხრობა, როგორც «სიბრძნე სიცრუის წიგნშია» ან «ქილილა და დამანაში».

მისი საუბრის საგანი უმთავრესად ის იყო, რაც არის მთელი მისი პოეზია - საქართველოს ბედი, მისი სიკეთე, თავისუფლება. მაგრამ უყვარდა ოხუნჯობაც, მეგობრული შარჟები, ცოტა კბილის გაკვრა. არავის მოერიდებოდა: არც თავისიანს, არც მეგობარს. გავიხსენებ ზოგიერთს მის ნაამბობს, ანეკდოტს თუ მართალ ამბავს. ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავიო, გვიამბო აკაკიმ, თბილისში ჩამოვედი, მინდოდა ცოლის სიამოვნება და ბაზარში ღლავის (ლოქოს) ბოლო ვიყიდე, რაც, მოგეხსენებათ, საუკეთესო ნაჭრად ითვლებოდა და სახლში მოვიტანე გასაკეთებლად. ჩემმა ცოლმა რომ დაინახა, აიღო და თავში მესროლა, თევზის კუდი რა საჭმელიაო. სახტად დავრჩი, რას ვეტყოდი, რა იცოდა რუსმა, რომ ღლავის თავი უვარგისია!

ერთი გორელი თავადის შვილი ციმბირში იყო გადასახლებული. იქ ზამთარში ნახა, რომ გაყინულ რძეს ნაჭრობით და წონით ყიდდენ ბაზარში. იფიქრა: მოდი, ჩვენებს გავუგზავნი, გაუკვირდებათ და გაეხარდებათო. იყიდა მოზრდილი ყუთი, გაავსო გაყინული რძით და რკინიგზით გამოუგზავნა თავისიანებს გორში, რასაკვირველია, გზაში დადნა რძე და დაიღვარა. გორში ცარიელი ყუთი მიიღეს. «ვაი ჩვენი ცოდვა, ის ვაჟი სწორედ გაგიჟებულა, რომ ცარიელი ყუთი გამოგვიგზავნა ციმბირიდანო», თქვეს იმ თავადის შვილის ნათესავებმა.

ერთმა ახალგაზრდამ თავის მოკვლა განიზრახა და აკაკის გაანდო თავისი გადაწყვეტილება. აკაკიმ მოუწონა, თავის მოკვლა დიდი გმირობაა, ყველას არ შეუძლია, მაგრამ თავი ისე უნდა მოიკლა, რომ სასახელო გამოვიდესო. წადი და ზღვაში დაიხრჩვე თავი, ზღვა ნაპირზე გამოგაგდებს, ქვეყანა გაიგებს, შენზე დაიწყებს ლაპარაკს და გაზეთშიც კი დაბეჭდავენ შენს ამბავს. ახალგაზრდას ეამა აკაკის რჩევა და ფოთში გაემგზავრა თავის დასახრჩობად. იქ ამხანაგები შეხვდნენ, გაეხარდათ მისი ნახვა, დაპატიჟეს და კარგად აქეიფეს. იქეიფეს მეორე დღესაც. აქეთ გაატარეს, იქეთ გაატარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ასე გაართეს და ახალგაზრდას სულ გადაავიწყდა თავის მოკვლა. დაბრუნდა ისევ თბილისში, ნახა აკაკი და დიდი მადლობა გადაუხადა, სიკვდილს გადამარჩინეო.

ერთხელ, გვიამბო კიდევ აკაკიმ, ცხელოდა. გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე მოვდიოდი. დავითის (ბესიკის) ქუჩის კუთხეში რომ ვიყავი, დავინახე, ზევიდან იაკობ გოგებაშვილი მოდის, მაგრამ რაღაც ახირებულად: ხან მარჯვნივ გადახტება, ხან მარცხნივ, თითქოს ცეკვავსო. ელდა მეცა, ვაითუ გაგიჟდა იაკობი-თქო. ავყევი ზევით ქუჩას, შევეგებე და ვკითხე, თუ რა მოუვიდა. იაკობმა მიპასუხა: ტროტუარი მოურწყავთ და დასველებულ ადგილს ვერიდებიო, მეშინია არ გავცივდეო.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ი. გოგებაშვილს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული და ყოველთვის ერიდებოდა ნოტიოს, სიცივეს, ქარს. ისიც გასახსენებელია, რომ აკაკი და იაკობი დიდი მეგობრები იყვნენ ერთმანეთის.

წ. კ. საზოგადოებასთან აკაკის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მისი ნაწერების, დახმარების, პენსიის და სხვათა გამო. ყველამ უწყის, რომ ეკონომიურად აკაკი არ იყო ჯეროვნად უზრუნველყოფილი. მართალია, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკიც დაეხმარა, ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრებაც, იუბილეს შემდეგ მისი სახელობის ფონდიდან პენსია ეძლეოდა, მისი ნაწერებიც იყიდებოდა, მაგრამ აკაკი მეტწილად მაინც გაჭირვებაში იყო.

მაგონდება, ერთხელ აკაკიმ ასი მანეთის დახმარება სთხოვა წ. კ. საზოგადოებას. გამგეობამ უარი უთხრა, მე ეს ძლიერ საწყენად დამირჩა და მალე მოვახერხე, რომ აკაკის მაინც მისცეს ასი მანეთი ერთი მისი ნაწარმოების ანგარიშში. აკაკის ფონდი რომ შედგა, აქედან ყოველთვიური პენსია დაენიშნა მას. ამას ხშირად რამდენიმე თვისას ერთად აიღებდა წინდაწინ, ძალიან მესაჭიროებაო. წ. კ. საზოგადოებამ აკაკის ზოგიერთი ნაწარმოები გამოსცა, სხვათა შორის კრილოვის არაკების თარგმანი. ამ ფინანსურ საკითხების გამო აკაკის უსიამოვნება მოუვიდა წ. კ. საზოგადოებასთან. ერთხელ საზოგადოების გამგეობა სამედიატორო სასამართლოში გაიწვია («ჩვენს შორის არსებულ უთანხმოების გასარკვევადაო». გამგეობამ უპასუხა: ჩვენ თქვენთან არაფერი სადავო არა გვაქვსო. რასაკვირველია, ისეთი დაწესებულება, როგორიც წ. კ. საზოგადოება იყო, როგორ იკადრებდა რაიმე უწესობას ანგარიშებში, ნამეტურ როგორ აკადრებდა ამას აკაკის. მაგრამ უსიამოვნება არ უნდა მივაწეროთ აკაკის სიავეს. აკაკი ფულის უანგარო მხარჯველი იყო, ბავშვი ნამდვილი. იმას რომ ყოველთვიურად ათასი, ხუთი, ათი ათასი შემოსავალი ჰქონოდა, მისი ჯიბე ძალიან ხშირად მაინც ცარიელი იქნებოდა.

ჩემთან აკაკის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩემი სალიტერატურო-სამხატვრო ჟურნალი «მზე» (მერე «ფასკუნჯი») რომ გამოდიოდა, ხალისით მომაწოდა «თავგადასავალის» გაგრძელება და ლექსებსაც მაძლევდა.

გავიხსენებ ამ შემთხვევასაც: ერთ დილას ადრე აკაკი შემოვიდა წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში და საიდუმლოდ მითხრა: ძალიან მესაჭიროება და ასი მანეთი უნდა მასესხოო. პირადად მე ეს ფული არ მქონდა, მაგრამ უარის თქმა როგორ შემეძლო. გავაღე ყუთი და საზოგადოების ფულიდან მაშინვე გადავუთვალე. თუ დამიბრუნებდა, ხომ კარგი, თუ ვერა, ჩემი ჯამაგირიდან დავფარავდი ნაწილ-ნაწილად. საბედნიეროდ, მეორე დღეს ადრე შემოვიდა აკაკი მხიარულ გუნებაზე და სესხი დამიბრუნა. თურმე იმ ღამეს კარტში კარგად მოეგო. საერთოდ კი უფრო აგებდა, ვიდრე იგებდა.

1908 წ. შემოდგომა იწყებოდა. დილის 10-11 საათი იყო. ჩვენთან, საზოგადოების კანცელარიაში რამდენიმე კაცი იყო, საქმისათვის თუ ისე შემოსული, შემოვიდა აკაკი. ყველანი წამოვდექით და მივესალმეთ. აკაკი ჯერ კიდევ არ დამჯდარიყო, რომ ერთნაირი საყვედურით მომმართა: თუ მართლა აპირებთ იუბილეს გამართვას, მითხარით, თორემ მე უცხოეთში ვაპირებ წასვლას სამკურნალოდ. ყველამ ყურები გამოვცქვიტეთ, გაკვირვებით შევაცქერდით აკაკის. მან გაგვახსენა, რომ 50 წლის წინათ დაიბეჭდა «ცისკრის» მე-11 ნომერში მისი პირველი ნაწარმოები, თარგმანი ლერმონტოვის ლექსის «რტო პალესტინისა». ყველას შეგვრცხვა და თან გაგვეხარდა. შეგვრცხვა რომ არ გვახსოვდა ასეთი ღირსშესანიშნავი ფაქტი (თუმცა შესაძლებელია სხვა წრეებში ჰქონდათ ამაზე ლაპარაკი), გვიხაროდა, რომ ილიას სამგლოვიარო დღეების შემდეგ ქართველ ხალხს საშუალება მიეცემოდა, სამხიარულო დღესასწაული მოეწყო თავის საყვარელ მგოსნის პატივსაცემად და შემოკრებილიყვნენ მის გარშემო ერთ მთლიან ერად. ეს იქნებოდა ერთნაირი პოლიტიკურ-ნაციონალური დემონსტრაცია.

მაშინვე შევადგინეთ ქაღალდი, რამდენიმე კაცის ხელმოწერილი და ვთხოვეთ წ. კ. საზოგადოების გამგეობას, რომ ხელში აეღო აკაკის იუბილეს მოწყობა. გამგეობამ ეს ვერ იკისრა, ჩემი წესდება ამის ნებას არ მაძლევსო, ხოლო მოიწვია ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლების თათბირი, რომელმაც აირჩია საგანგებო საიუბილეო კომიტეტი (თავმჯდომარე იყო წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარე გ. ყაზბეგი, მისი ამხანაგი ი. გოგებაშვილი, მდივნები: ს. მგალობლიშვილი და ს. ფირცხალავა).

კომიტეტი დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. მისი მთავარი ბინა, აგრეთვე ვსთქვათ, «შტაბკვარტირა» იყო წ. კ. საზოგადოების კანცელარია, რომელსაც დააწვა მთავარი სამუშაო. ორი თვის განმავლობაში მთელი საქართველო იუბილეს სამზადისში იყო. სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში შედგა მცირე კომიტეტები, რომელთაც დახმარება უნდა აღმოეჩინათ თბილისის კომიტეტისათვის და ეზრუნათ ამასთანავე ადგილობრივ იუბილეების გასამართავად. იწერებოდა ადრესები, მზადდებოდა საჩუქრები, იკრიბებოდა საფონდო ფული და ითხზვებოდა ლექსები, ურომლისოდაც ქართულ ლხინს თუ ტირილს ვერავინ წარმოიდგენს. ემზადებოდნენ არა მარტო ქართველები, ჩვენი მეზობლები - სომხები, მუსლიმანები, ებრაელები, უკრაინელები, რუსები დიდი ინტერესით უყურებდნენ დღესასწაულს, იცოდნენ, რომ აკაკი საუკეთესო გამომსახველი იყო ქართველი ერის ზრახვათა.

და აი გაიხსნა ეს იუბილე 7 დეკემბერს. მშვენიერი დღე გამოვიდა. თბილისი მოირთო და მოიკაზმა. ქალაქი აივსო ქართველებით. წინათაც გამოჩნდა აქ ქართველი ხალხი დ. ყიფიანის და განსაკუთრებით ილიას დასაფლავების დროს. ხოლო მაშინ იყო გლოვა და მწუხარებამ მოუყარა ერს თავი, დღეს კი ლხინია, სიხარული და ნადიმზე ჩამოვიდნენ ქვეყნის შვილები ყოველი კუთხიდან. ნამდვილი ხალხური დღესასწაულია, გლეხები და მუშები აქტიურ და ფართო მონაწილეობას იღებენ დღეობაში. ყველა მთვრალია სიხარულით, იმედით და სრულს ნებას აძლევს თავის გრძნობებს.

თუ ილიას დატირებამ ერთ არსებად აქცია ქართველი ერი, გააფართოვა და გააღრმავა მისი ნაციონალური შეგნება, ამ მხრივ აკაკის დღეობამ კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშა ილიას შეფასებაში. ზოგიერთები კიდევ ორჭოფობდნენ, აკაკის გარშემო კი გაერთიანდნენ ყველა პარტიები და ჯგუფები. ითქვა თამამად, დაურცხვენლად ქართველი ხალხის მთლიანობა, როგორც ერის, და აკაკი გამოცხადდა მთელი ერის საუნჯედ, სასიცოცხლო სულის ჩამდგმელად. ეს იმ დროს დიდი პოლიტიკური მოვლენა იყო, რადგან პარტიების გამწვავებულმა ურთიერთობამ თითქმის მთლად წაშალა ქართველობის სახე.

საიუბილეო დღესასწაული იშვიათი სიდიადით და ბრწყინვალებით ჩატარდა. დაუვიწყარი იყო ზოგიერთი მომენტები. აიხადა ფარდა. სცენა კოხტადაა გამართული. ამაღლებულ ადგილზე სავარძელია აკაკისთვის. მახლობლად დგანან საიუბილეო კომიტეტის წევრები, მწერლები, არტისტები, მხატვრები, კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენელი დელეგაციები, ხორები, ორკესტრი. ხალხით გაჭედილი თეატრი სულგანაბული მოუთმენლად ელოდება. აი, გამოჩნდა აკაკი და ფეხზე წამომდგარ საზოგადოების ენთუზიაზმს საზღვარი არა აქვს. გრგვინავს ტაში და «გაუმარჯოს აკაკის!»

პირველად მიესალმება ი. გოგებაშვილი კომიტეტის სახელით... აი, სავანელები, ამაყად უკავიათ თავი, თითქოს ამბობენ, აკაკი ყოვლის უწინარეს ჩვენია, ჩვენ გამოვზარდეთო. გამდელის ქალიშვილმა რომ აკვანი მოართვა, აკაკიმ ცრემლი ვერ შეიკავა. ვინ იცის, ეგებ იმ წუთს მის თვალწინ ელვასავით გადაირბინა მისი ტკბილი ბავშვობის დრომ და მერმინდელი ცხოვრების სიმწარემ. აი, მაჰმადიანი ქართველები, მესხები, ქართველი ებრაელები, გულითადი მოლოცვებით. სიტყვები საერთოდ ერთნაირია, მხოლოდ ზოგიერთი მიიქცევს ყურადღებას. მე განსაკუთრებით ჩამრჩა გულში სენაკის წარმომადგენლის ლოლუას სიტყვა, მეტად დახვეწილი, სუფთა ქართული ენით და საუცხოოდ წარმოთქმული.

აკაკი ყოველ მილოცვას უბრალო მადლობის თქმით ან ხელის ჩამორთმევით უპასუხებდა, მაგრამ სომეხ ლალაიანცს სიტყვით მიმართა: სომხებს და ქართველებს ეკონომიურ საკითხებში მცირეოდენი უთანხმოება გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში ერთად, ძმურად უნდა ვიმუშაოთო. ასევე შინაარსიანი სიტყვა უთხრა სპარსელს და მუსლიმანების წარმომადგენელს.

საიუბილეო გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ მილოცვები და ადრესები უნდა გათავებულიყო დღით და საღამოს იქნებოდა წარმოდგენა და სალიტერატურო განყოფილება აპოთეოზით. მაგრამ მოლოცვები ვერ ამოიწურა დღით, ამიტომ საღამოს წარმოდგენა და სალიტერატურო ნაწილი მოიხსნა და ისევ ადრესები გაგრძელდა. მაინც კიდევ ბევრი ადრესი წაუკითხავი დარჩა, დრო აღარ იყო. რაც შეეხება ფოსტით მოსულ წერილებს და დეპეშებს, მათ უბრალო ჩამოთვლას რამდენიმე საათი მოუნდებოდა.

ნაშუაღამევი იყო უკვე, რომ აკაკიმ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: ჩემი შრომა ერთიათად დაფასდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში ეროვნული გრძნობა გაზრდილია და იგი ეძებს გმირს, მხსნელს, რომლის მე მხოლოდ მოჩვენება ვარ. გაათავა ლექსით:
არა, არ ვკარგავ იმედსა,
ვერ შემაშინებს ჭაღარა,
გმირებს მოელის თქვენგანაც
ჩემი დაფი და ნაღარა!

იუბილე დასრულდა აპოთეოზით, აკაკის «სიზმრის» ცოცხალი სურათით - «ენახათ ქვეყნად ჩამოსულიყვნენ თამარ, ქეთევან და ნინო». აპოთეოზმა ცხოვლად დაგვიხატა აკაკის პოეზიის მთავარი იდეა.

მიუხედავად იმისა, რომ იუბილე ასე გაგრძელდა, რამდენიმე საათი დღითი და საღამოთი თითქმის ერთფეროვან სიტყვებს და ადრესებს მოუნდა, ეს არვის მოსწყენია, ყურადღება და ინტერესი ერთ წუთსაც არ შენელებულა, პირიქით, ყველას უკმაყოფილება დაეტყო იმის გამო, რომ ძალაუნებურად იუბილეს დღესასწაული უნდა დასრულებულიყო.

იუბილესთან დაკავშირებით აკაკის ოხუნჯობა უნდა გავიხსენოთ კიდევ. დღესასწაულის წინა დღეებში ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ქალმა მთხოვა, გადაეცით აკაკის, რომ მას ახლა მოსვენება და მშვიდობა ესაჭიროება, რომ იუბილეს მხნედ და მაგრად შეხვდეს. დაბინავდეს ჩემთან, ცალკე ოთახს მივცემ, კარგად ვაჭმევ და ვასმევ, და ისე გავასუქებ, როგორც ყვერულსო. აკაკის რომ ეს გადავეცი, ასე შემომძახა: ჰოო, როგორც ყვერულს, როგორც ყვერულს!.. აბა მამლად რომ არ ვარგივარ, მეც კარგად ვიციო!

იმ დღეებში ჟურნალ-გაზეთები გავსებული იყო წერილებით სულ აკაკის შესახებ. ცალკე ალმანახებიც გამოიცა. სხვა ერების გაზეთებიც ბევრს წერდნენ იუბილეს გამო. მაშინ ჩემი «ფასკუნჯიც» გამოდიოდა და, რასაკვირველია, 7 დეკემბრის ნომერი აკაკის მიეძღვნა, ლექსები თუ წერილები. ერთ ჩემს წერილში ვთქვი, რომ აკაკი ქართველი ხალხის სულიერი მეფეა. ამის გამო აკაკიმ ხუმრობით საყვედური მითხრა: რატომ დამღუპე, ჩემი მევალე ურიები დამესიენ, მეფე ყოფილხარ თურმე, ფული ბევრი გექნება და ვალი გადაგვიხადეო.

აკაკის იუბილეზე ჩამოსულები მეორე დღესაც თბილისში იყვნენ. ზოგნი მესამე დღესაც დარჩნენ. იყო ერთმანეთთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაზიარება. იუბილე თბილისის დღესასწაულით არ დამთავრებულა. აკაკის პოეტობის 50 წლისთავი იდღესასწაულეს საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ბაქოში, პეტერბურგში და მოსკოვში.

ამ დღესასწაულების გათავების შემდეგ აკაკი უცხოეთში გაემგზავრა რამდენიმე თვით სამკურნალოდ. რომ დაბრუნდა, თავისებურად უკბინა და იოხუნჯა პარიზზე. რასაკვირველია, დედამიწის ეს ერთი უმთავრესი ცენტრთაგანი მრავალ სიმშვენიერესა და სიკეთესთან საოხუნჯო მასალასაც მისცემდა ჩვენს ენამახვილ პოეტს.

1910 წ. გაზაფხულზე მე დამაპატიმრეს, რამდენიმე თვეს მეტეხში ვიჯექი და მერე სამი წლით საქართველოდან გადამასახლეს. როდესაც დავბრუნდი, აკაკის ქუჩაში, თეატრში ან სადმე კრებაზე თუ შევხვდებოდი. ის ხანდახან ჩვენს რედაქციაში შემოივლიდა, ლექსებსაც მოგვაწოდებდა. პირველი ომის დაწყებას დიდი ინტერესით შეეგება. ფიქრობდა, ომი უთუოდ გატეხს რუსეთის თვითმპყრობელობას, რევოლუცია მოხდება და საქართველოსაც ეშველებაო.

1914 წლის მიწურულში ხმები გავრცელდა აკაკის ავადმყოფობის, რომელიც თავის სოფელში, სხვიტორში იმყოფებოდა. ამისათვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ვფიქრობდით, რომ უბრალო რამეა. მაგრამ 1915 წ. იანვრის დამდეგს ცნობები უკვე მდგომარეობის საშიშროებას იტყობინებოდნენ, აკაკის სისხლი ჩაექცა და სხეულის ზოგიერთი ნაწილი გაუკავაო. ქართველი საზოგადოება ძალიან შეფიქრიანდა. ჩვენი გაზეთის («სახალხო ფურცელი») რედაქციას თითქმის ყოველდღე მოსდიოდა ექიმებისაგან აკაკის ავადმყოფობის ამბები. ყოველი მხრიდან გვეკითხებოდნენ, თუ როგორაა ძვირფასი ავადმყოფი, ზოგნი პირდაპირ საჩხერეში მიმართავდნენ ნაცნობებს და სთხოვდნენ ცნობებს. ექიმთა კონსილიუმით მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ არა უიმედო. ავადმყოფობა ცვალებადობით მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ხან უკეთესობა ჩანს, ხან უარესობა. მთელი საქართველოს ყურადღება საჩხერე-სხვიტორისკენაა მიქცეული. წ. კ. საზოგადოების გამგეობა თავის წევრს ნ. ნაკაშიძეს აგზავნის სხვიტორში. სხვებიც მიდიან აკაკის სანახავად. აკაკის შვილს, რომელიც თავს დასტრიალებს მამას, დეპეშებს უგზავნიან და უსურვებენ ავადმყოფს მალე მორჩენას. ზოგან პარაკლისებს იხდიან აკაკის განკურნებისათვის.

23-24 იანვარს ავადმყოფი შესამჩნევად მოუმჯობესდა. მაგრამ თურმე, როგორც ხშირად ხდება, ეს იყო სასიცოცხლო ძალების უკანასკნელი შემოკრება, რომ ჩვენი საყვარელი აკაკი სამუდამოდ გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

25 იანვრიდან 26 იანვარზე გადასულ ღამეს აკაკი გარდაიცვალა. ჩვენმა გაზეთმა ორშაბათს, 26 იანვარს, შუადღეზე საჩხერიდან შემდეგი დეპეშა მიიღო: ჩვენმა მრავალტანჯულმა სამშობლომ დაკარგა თავისი სიამაყე, 26 იანვარს ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა აკაკი.


დავით აბაშიძის ფოტოზე: აკაკი სასიკვდილო სარეცელზე, საჩხერე. 1915 წ.

სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა თბილისში და მოედო მთელს საქართველოს. ყველას გონება და გრძნობა მოიცვა ერთმა ფიქრმა: აღარაა აკაკი, ის აკაკი, რომელსაც ერთი ღმერთი სწამდა - ქართველი ერი, ერთი სამლოცველო ჰქონდა - საქართველო, ერთს ეტრფოდა - სამშობლოს თავისუფლებას, ერთი სძაგდა - მისი ქვეყნის მტერი.

რედაქციამ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა აკაკის შვილს ალექსის და დამავალა მე, რომ იმ საღამოსვე გავმგზავრებულიყავი სხვიტორში, რედაქციის სახელით მუხლის მოსადრეკად ახლად მიცვალებულის ცხედრის წინაშე და მონაწილეობის მისაღებად მისი გასვენების თადარიგში.

ჩემთან ერთად წამოვიდნენ სანდრო შანშიაშვილი, ქართველ მწერალთა საზოგადოების წარმომადგენელი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, აკაკის სახის ნიღაბი უნდა გადმოეღო და სხვ. სხვიტორში მივედით ნაშუადღევს, სამშაბათს, ასე ორი-სამი საათი იქნებოდა.

აკაკის ეზოში მგლოვიარე ხალხი იყო თავმოყრილი. ჩვენ პირდაპირ შევედით სახლში. მიცვალებული ასვენია ოთახში, სადაც შეიძლება პირველად იხილა მზე მომავალმა მგოსანმა, სამშობლოს აღდგენის ქურუმმა. ახლა სამუდამოდ დახუჭულია მისი საამქვეყნიო თვალები, ხოლო სახე მისი, მარადისობის შუქით გაბრწყინებული, მოგვაგონებს დიდი იტალიელების დახატულ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სახეს. თეთრი თმა და წვერულვაში ვერცხლისფერს ნათელსა ფენს სახეს, რომელზედაც აღბეჭდილია საუკუნო სიმშვიდე და მდუმარება. აღარ ამეტყველდება მისი ენა, არც სიტკბოსა და სიმწარისათვის, არც ქებისა თუ მრისხანებისთვის. ვუცქერი სახეს და მინდა, რომ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩეს ყოველი მისი მოხაზულობა, ყოველი წერტილი, ნათელი თუ მიჩრდილული. ცხედრის გარშემო ჭირისუფლები დგანან. ჩვენსავით მწარე ფიქრებში არიან ისინიც. ასე ვართ რამდენიმე წუთს. მერე მივუსამძიმრეთ ალექსის. გარეთ გამოვედით. ეზოში დავჯექით და ალექსიმ გვიამბო მამის უკანასკნელი საათები. ძალიან მხნედ და იმედიანად იყო თურმე სიკვდილის წინ, მალე მორჩენას ელოდა, თბილისში წავალთო, ოხუნჯობდა კიდეც.

იმ ღამეს და შემდეგაც ელისაბედ წერეთელმა მიგვიწვია საჩხერეში, მის ორ ვაჟს პირადად კარგად ვიცნობდი, უფროსი ვაჟი წინა ხანებში ომში დაიღუპა. ელისაბედის ოჯახი, ნაშთი ძველი ფეოდალებისა, მდიდარ და განთქმულ წერეთლების, კარგად შეძლებული იყო. ჩვენ ყურადღებით მიგვიღეს და დიდი პატივი გვცეს.

მეორე დღეს სავანეში წავედით. დაგვპატიჟა ერთმა ჩემი გიმნაზიელობის დროის ამხანაგმა აბაშიძემ. ვინახულეთ ის ეზო, სადაც ცელქობდა და თამაშობდა პატარა აკაკი, ის ხეები, რომელთა ჩრდილში იწვრთნებოდა მისი ოცნება. სახლი კი დამწვარიყო რამდენიმე წლის წინათ. სავანელები, სხვიტორელები, საჩხერელები სულ იმას გვეკითხებიან, თუ სად დაასაფლავებენ აკაკის. გვეუბნებიან: იგი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, უყვარდა აქაურობა, იგი ჩვენია და აქ უნდა დაიმარხოს უთუოდო. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ აკაკი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ის უნდა დაიკრძალოს დედაქალაქში, მეორე დიდი ქართველის - ილია ჭავჭავაძის გვერდით, მთაწმინდაზე. ვიდავეთ და ბოლოს დაგვეთანხმნენ.

ვვარაუდობდით, რომ აკაკის დასაფლავება მოხდებოდა ახლობელ კვირას, 1 თებერვალს და, რასაკვირველია, ჩვენ მანამდის საჩხერეში დავრჩებოდით და გამოვყვებოდით პროცესიას. მაგრამ თბილისიდან შეგვატყობინეს, რომ აკაკის დასაფლავება მოხდება მხოლოდ 8 თებერვალს, რადგან გასვენების მოწყობა მანამდე ყოვლად შეუძლებელი არისო. ამის გამო თბილისიდან ჩამოსულები ისევ უკან გამოვბრუნდით, რომ მერე სხვებთან ერთად ისევ წამოვსულიყავით გასვენებაში მონაწილეობის მისაღებად.

დამკრძალავი კომიტეტის დადგენილებით, მიცვალებული გამოსვენებული იქნებოდა სხვიტორიდან ოთხშაბათს, 4 თებერვალს, იმ ღამეს საჩხერეში დარჩებოდა. ხუთშაბათს ღამესაც შორაპანში შევჩერდებოდით და პარასკევს დილით წამოვიდოდით თბილისისაკენ. თანახმად ამ წესისა, კომიტეტის წევრები, მწერლები, პრესის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი ოთხშაბათს დილით ჩავედით სხვიტორში. იქ უკვე უთვალავ ხალხს მოეყარა თავი. უმეტესობა სულ უბრალო გლეხობაა. დაახლოებით მესამე საათზე აკაკის კუბო გამოვასვენეთ მისი სახლიდან. ცოტა შევჩერდით, თითქოს იმისათვის, რომ აკაკი სამუდამოდ გამოთხოვებოდა მამაპაპეულ სახლ-კარს. პროცესია ნელ-ნელა დაიძრა საჩხერისაკენ. გზაში ხალხი გვემატებოდა და საჩხერეშიც ბევრი დაგვხვდა.

ეს დიდებული პროცესია საჩხერიდან შორაპნამდე, შორაპნიდან თბილისამდე, პროცესია თბილისში დაწვრილებით იყო აწერილი მაშინდელ გაზეთებში და მე ამ აწერას არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ: აკაკის კუბოს რომ ყოველ სადგურზე ასე გულწრფელად დამწუხრებული ხალხი ხვდებოდა და დასტიროდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი დასაფლავება, ტირილი, დიდი პოეტის პატივისცემა; ეს თვალცრემლიანი ხალხი ასე მოკრძალებით და სიყვარულით რომ შესცქეროდა აკაკის კუბოს, ცდილობდა ახლოს მისვლას, სიტყვით თუ სხვაფერ უკანასკნელად გამოთხოვებოდა, თაყვანი ეცა მისთვის, ამას ჰქონდა რაღაც ზეადამიანური, რელიგიური ხასიათი. ეს ამოდენა მოდენილი ხალხი მე მომაგონებდა პილიგრიმების შემოკრებას რომელიმე წმინდანის ან ხატის მოსალოცავად. ეს იყო ღვდელმოქმედება და წარმოთქმული სიტყვები მორწმუნეთა ლოცვები.

ჩვენს ხალხს გულით უყვარდა აკაკი. ილიას დიდ პატივს სცემდა და ამ პატივისცემას მისი განსვენებისას ზედ დაერთო ერთნაირი დანაშაულის გრძნობა, ხოლო აკაკის რომ ასაფლავებდნენ, ხალხი გრძნობდა, რომ მის მხრებზე ერის გული იყო შესვენებული. ილიას, გარდა ეროვნულისა, სხვა მოტივებიც აქვს, აკაკის კი მხოლოდ ერთი მოტივი აქვს - პატრიოტიკა. და აქ ვერც ერთი ქართველი პოეტი ვერ ჩაწვდა ხალხის სიღრმეს, როგორც აკაკი. მისი პატრიოტული ლექსები ხალხურ სიმღერებად გადაიქცა. ამ ლექსში ერმა იგრძნო თავის ბედის სიმწარე და მას გაუნათდა გზაც თავისუფლებისა და აღდგენისაკენ...

აქ უნდა მოვიტანო ერთი კურიოზული დამახასიათებელი შემთხვევა. შორაპანში რომ ჩამოვედით, ვინმე ბათუმელმა ჩიქოვანმა ითხოვა, სიტყვა მაქვს დაწერილი და უნდა მათქმევინოთო. კომიტეტის წევრებმა უარი უთხრეს, მაგისთანა მსურველი ძალიან ბევრიაო. ჩიქოვანს ეს ძლიერ საწყენად დაურჩა. მეორე დღეს დილით ადრე შესულიყო სამგლოვიარო ვაგონში, იდგა მარტო აკაკის კუბოს წინაშე და ღაღადებდა თავის სიტყვას იმგვარ კილოთი, როგორც მღვდლები კითხულობდნენ ეკლესიაში...

შორაპანში ახლად ჩამოსულები მოგვემატენ, ზოგნი თბილისიდან იყვნენ, ზოგნი დასავლეთ საქართველოდან. რკინიგზის სამმართველოდან საგანგებო მატარებელი იყო მოცემული თბილისამდე. მთელ ჩვენს ინტელიგენციას მოეყარა თავი ვაგონებში. იყვნენ ყველა მიმართულების და პარტიების წარმომადგენლები, ძველი და ახალი მოღვაწეები. გზაში დიდი პოლიტიკური დისპუტი გაიმართა, იმის გარშემო, თუ როგორ გათავდება ომი და რას მოუტანს საქართველოს. მოკამათენი დანაწილდნენ არა პარტიულ მიმართულების მიხედვით. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ გაიმარჯვებს გერმანიის კოალიცია, მეორენი - საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთიო. პირველების შეხედულებით, გერმანია რომ გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, ეს გამოიწვევს რუსეთში რეჟიმის დაცემას და საქართველოსაც მოუტანს თავისუფლებასო. ინგლის-საფრანგეთის გამარჯვების მომხრენი კი ამბობდნენ, რომ ინგლისი და საფრანგეთი ომის მოგების შემდეგ აიძულებენ რუსეთს, რომ თავისუფლება გამოაცხადოს. იყო ისეთი აზრიც (გ. ლასხიშვილი), რომ გერმანია დამარცხდება, მაგრამ დამარცხდება რუსეთიც და მოხდება რევოლუციაო...

თბილისში ჩამოვედით მეოთხე საათზე. ცხედარი მივასვენეთ ქაშვეთის ეკლესიაში. დასაფლავება მოხდა მესამე დღეს, 8 თებერვალს. სამგლოვიარო პროცესია ძალიან მოგვაგონებდა ილიას დასაფლავებას. ისევე მოზღვავებული იყო ხალხი, როგორც მაშინ. მთავარი სიტყვები წარმოითქვა ერევნის მოედანზე. პირველად ილაპარაკა ნ. ნიკოლაძემ, აკაკის თანატოლმა. მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქობულეთელმა მაჰმადიანმა ქართველმა კაიკაციშვილმა: მოიგონა თავის მოძმეთა მწარე ბედი და მიმართა აკაკის, დაუბარე შენებს, რომ ცოტა სინათლე შემოიტანონ ჩვენს მხარეშიო. იშვიათის მჭერმეტყველობით იყო წარმოთქმული კიტა აბაშიძის სიტყვა. უკეთესი მე არასოდეს გამიგონია. ვერცხლის ზარის ხმასავით გაისმა მისი წარმოთქმული: «აჰა, დაიმსხვრა ჭურჭელი ძვირფასი!» ერთბაშად დაატყვევა ყველა და სულგანაბულნი აღტაცებით უსმენდნენ დასასრულამდე.

მე სამი წერილი ვუძღვენი დიდებული პოეტის ხსოვნას: «აკაკი აღარაა», «მოვედინ და თაყვანი ვცეთ» და «აკაკი». ჩემი განცდები იყო მაშინდელი საზოგადო განცდები.

საუკუნო განსვენების ადგილამდე მივაცილე საქართველოს ორი უდიდესი შვილი, ილია და აკაკი, ეს ორი მთავარი ბურჯი ჩვენი XIX ს. ლიტერატურის, კულტურის, აღორძინების და იმედის, რა ძვირფასი იყო ეს იმედი იმ დროს, როცა მტრები უკვე სამარეს თხრიდნენ ქართველი ერისთვის. მათ გადაიტანეს უმთავრესად თავისი ზურგით გასული საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხის ნაციონალური რაობა და გადმოსცეს მეოცე საუკუნეს მკვიდრი და განმტკიცებული.

ილია და აკაკი, ამ სახელების ერთიმეორის დაშორება არ უდგება გონებას. ერთს რომ ახსენებ, მეორე მოსდევს თან, რომელი უფრო უყვარდა ქართველ ხალხს? მე ამის პასუხი არა მაქვს. ილია და აკაკი ძნელი გასარჩევია. ორივე ერთნაირად საყვარელია და არ არის დღეს ქართველი მოღვაწე, უდიდესი და უმცირესი, რომლის გული არ ატოკებულიყოს მათი ქნარის ხმით, რომლის სისხლ-ხორცში არ იყოს გამჯდარი მათი მოწოდება მაღალი ადამიანობისა და მამულიშვილობის.

მადლიერმა ქართველმა ერმა ერთი ძეგლი უნდა აუგოს მათ, ორივეს ერთად, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."