მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გამქრალი კიდობნის ძიებაში: არარატის მთები

წარღვნის სხვადასხვა ტრადიცია მიუთითებს იმაზე, რომ კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა. თუმცა, ამ მთას სხვადასხვა სახელით იხსენიებენ და სხვადასხვა წყარო მის ადგილმდებარეობასაც სხვადასხვანაირად მიუთითებს. განსხვავებული ჰიპოთეზებია გამოთქმული. მთის ადგილმდებარეობად, ზოგი სომხეთისა და თურქეთის მთებს ასახელებს, ზოგი კი, არარატის მთას საუდის არაბეთის კლდოვან მასივებში ხედავს. გემის ნაშთების მოძიება მრავალჯერ სცადეს, თუმცა ამაოდ.

«150 დღის შემდეგ, წყალმა იკლო და მე-7 თვის მე-17 დღეს, კიდობანი არარატის მთებზე შეჩერდა», ამას ბიბლია შესაქმეში VIII. 4 გადმოგვცემს. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან, ნოეს კიდობანი, ებრაულ და ქრისტიანულ იკონოგრაფიას კვებავს. აღწერილია როგორც კოლოსალური გემი, რომლის ზომებიც წარღვნაზე მითის შესწავლის კვალდაკვალ იზრდებოდა. პირველ რიგში, ის წარმოდგენილია როგორც წყალზე მცურავი კიდობანი, სახლი; ასეა ის გამოსახული ფრიგიული აპამეის მონეტებზე, მეორე საუკუნის რომის კატაკომბების ფრესკებზე თუ უძველეს ქრისტიანულ სარკოფაგებზე. მისი გამოსახვა ნამდვილი გემის სახით, მხოლოდ IV-ე საუკუნეში დაიწყეს. V-ე საუკუნის ასეთი საკმაოდ დაზიანებული გამოსახულება ჩანს ჟერაშის სინაგოგაში (იორდანია), შემდეგ შუა საუკუნეების დასავლეთში - სანსავანის მოხატულ კამარაზე (XI-XII სს.), ბონის (საფრანგეთი, კოლეგიალის თუ ოტანის კათედრალის კაპიტელებზე (XII ს.). სხვადასხვა თემის წყალობით კიდობნის მშენებლობამ, ცხოველთა აყვანამ და წყლის კლებამ, ადგილი დიდ მხატვართა რეპერტუარში მოიპოვა (რაფაელი - ვატიკანის ლოჟებში, მიქელანჯელო - სიქსტინის კაპელაში, ტიციანი - კარაში, პუსენი - «ოთხ სეზონში», გუსტავ დორე - ბიბლიის მისეულ ილუსტრაციებში...). ამ სახეთა წყალობით, კოლექტიურ წარმოსახვაში ღრმად ფესვგადგმული ნოეს კიდობანი, ხშირად იჩენს თავს ხელოვნების ნაწარმოებებში და დაინტერესებულ პირთ არქეოლოგიურ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ექსპედიციების მოსაწყობად უბიძგებს.

ძველ აღთქმაში, არარატი სახელია ქვეყნისა, რომელიც ალბათ სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ სახელმწიფოს შეესაბამება. იგი უპირისპირდებოდა ასურეთს , სამეფო ანალები მას მოიხსენებდნენ ნაირის, ურუატრის და ურარტუს სახელებით. საკმარისია წავიკითხოთ II მეფეთა, 37 და ისაია, XXXVII,38: ასურეთის მეფე სინაჰერიბმა უკან დაიხია. იგი დაბრუნდა ნინევიაში, სადაც დარჩა კიდეც. თავისი ღმერთი ნისროკის სახლში ლოცვისას, იგი ხმლით მოკლეს მისმა შვილებმა ადრამელექმა და სარესერმა და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში. იგივეა იერემიაში, LI, 27: მის (ბაბილონის) წინააღმდეგ მოუხმეთ სამეფოებს არარატს, მინის, აშკენაზს...»


ფოტოზე: არარატი

ბიბლია, რომელიმე განსაკუთრებულ მთას არ ახსენებს. ამ როლის მინიჭება 5 156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისათვის, რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, დღევანდელ თურქეთში მდებარეობს, მხოლოდ ა. წ. მე-5 საუკუნეში დაწყეს. ეს ტრადიცია, სომხურმა ლიტერატურამ XI-ე თუ XII-ე საუკუნეში განამტკიცა. მთას უწოდებენ მასისს («სიმაღლე»). თურქები მას იცნობენ სახელით «აღრი დაღ» («ციცაბო მწვერვალი»), ან არღი დაღ («კიდობნის მთა»). ირანელები მას იცნობენ სახელით - კუბ ნუ («ნოეს მთა»). სახელი - «არარატის მთა», ქრისტიანულ ხანაში დამკვიდრდა. ის, ამ სიმაღლეზე ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ განამტკიცა. ათანასიუს კირხერის (1601-1680) ნაშრომიდან ამოღებული რუკა, არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს ასახავს. მოგვიანებით, გერმანელი გეოგრაფი კარლ რითერი (1779-1859) აზუსტებდა, რომ არარატის მთა, კასპიის ზღვის მოგზაურებისათვის ორიენტირს წარმოადგენდა.

წარღვნის სხვადასხვა ტრადიციის თანახმად, ნოეს კიდობანი თუ კი ერთ მთაზე გაჩერდა, სხვადასხვა წყარო, მას სხვადასხვა სახელით ცნობილ სხვადასხვა მთაზე მიუთითებს. ებრაული, ქრისტიანული და მაჰმადიანური ლიტერატურა, მრავალ ადგილზე მიუთითებს. ძველი ხის ნაშთი ბევრგანაა ნაპოვნი. გილგამეშის ეპოპეა ჰყვება, რომ ასურნაზირპალის ანალებში მოხსენიებული და ქვემო ზაბის (პირ ომარ გუდრუმ ქურთისტანში) მახლობლად ლოკალიზებული მთა ნისირი, კიდობანის გაჩერების ადგილს წარმოადგენდა; მელოუენი მას ბასრას სამხრეთ-დასავლეთით აიგივებდა, ქვემო შუამდინარეთში მდებარე ჯებელ სანამთან. 

ქალდეური და მაჰმადიანური ტრადიცია, კიდობანის გაჩერების ადგილად მთა «ჯუჯის» მუთითებს. ეს მთა ორნაირად იყო ლოკალიზებული: მუჰამედი მას არაბეთში ათავსებდა, ჰეჯაზის ქედზე. მეორე თვალსაზრისით, იგი მდებარეობდა ტიგროსის სათავეებთან არსებულ დაბალ ბორცვებზე, შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის გამოძახილია ყურანის სურა 11,46: «და მან თქვა: ო, მიწავ, შეიწოვე შენი წყლები, ო ცაო, გაჩერდი»; და წყალმა იკლო; ყველაფერი შეწყდა. გემი ალ-ჯუდის მთაზე გაჩერდა და მან თქვა: «ბოროტნო შორს აქედან!». ამ მთას თურქულად უწოდებენ «კუდი დაღს», ნესტორიან თუ ნესტორიანელი ქრისტიანების მიერ აგებული მონასტრების გამო. ამ მონასტრებიდან ერთ-ერთს, კიდობნის მონასტრებს უწოდებდნენ. შემდეგ მაჰმადიანებმაც ააგეს იქ მიზგითი. ტრადიციის თანახმად, ამ მთაზე იმდენი ხე იდგა, რომ მათგან მეორე კიდობნის აგება იყო შესაძლებელი.

მითითებული იყო სხვა ადგილებიც: «კუბ-ი-ალვანდი» და მთა «დემავენდი» ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, და ბოლოს, ერთი ანონიმური ადგილი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, აპამეას დასახლების მახლობლად, მდინარე მარსიასზე. ცხადია, რომ ყოველმა ტრადიციამ, საკუთარ გარემოსთან წინაპართა მითის ელემენტების ადაპტაცია მოახდინა. უეჭველად სწორედ ამას მოწმობს სემიტური წარმოშობის ინდური ვერსია, რომელიც შატაპათა ბრაჰმანაში (I,VIII,I) თუ მაჰაბჰარატაში არის დამოწმებული: «მანუ წარღვნის თაობაზე გააფრთხილა გიგანტურმა თევზმა, რომელმაც ნავი მიიყვანა და გააჩერა მთა ჰიმავატ-ის (ჰიმალაიას) ძირას!...».

ბიბლიის შემდგომი ტრადიციები, კიდობნის გაჩერების ადგილად, საზოგადოდ სომხეთს ასახელებენ. მის სამხრეთ საზღვარს, ადგილს, სადაც შუამდინარეთის დაბლობზე პირველი მთები გამოირჩევა, უწოდებდნენ ქარდუ-ს
*. ბიბლიის არამეული და სირიული ვერსიები, შესაქმის VIII-ე ტაეპის თარგმნისას ხმარობდნენ გამოთქმას - «ქარდუს მთები». ბერძენი და რომაელი ავტორები, ამ ზონას კარდუხთა არეს უწოდებენ, რომელსაც აგრეთვე გორდიაეა ეწოდებოდა. ასე, ბაბილონის მარდუკის ქურუმი ძვ. წ. III-ე საუკუნეში ამბობს, რომ ნოეს კიდობანი კორდ-თა მთებში გაჩერდა...

ქსავიერ ფერი
ფრანგული ჟურნალი «Les Dossiers d'Archéoligie», N° 204, 1995 წლის ივნისი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

*«კარდუხთა ეთნიკური სახელი (სომხურად კორდუხ), იდენტური უნდა იყოს ქართველთა ეთნიკური სახელისა», წერდა სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენათა და ლიტერატურათა პროფესორი კარსტი, 1934 წელს პარიზში გამოცემულ ნაშრომში «ქართული ქრისტიანული ლიტერატურა» (გვ. 9).  ანუ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ტრადიციის თანახმად, ნოეს კიდობანი გაჩერდა და განახლებული კაცობრიობის ცხოვრება სწორედ კარდუხ-ქართველთა ქვეყნიდან, საქართველოდან დაიწყო.

დავუგდოთ ყური ძველი სახელების მუსიკას - მასისი (არარატის ძველსომხური სახელი) -ფაზისი-დმანისი-მანგლისი - იქნებ ამ მუსიკამ გაამხნევოს თანამედროვე ქართველობა და აგრძნობინოს, რომ მას გაჭირვებული კაცობრიობისთვის შვების მოტანის ძალა ღვთისაგან აქვს ბოძებული.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage