მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
თეა კანდელაკი: ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები


ფოტოზე: თეა კანდელაკი

I

თითქოს საუკუნეებს ფერგადასული, გახუნებული რუხი ლეჩაქი ჩამოუფხატავს, მიცვალებულის დარად, უმოძრაოდ მიგდებულ ქართლის სხეულზე.

არანაირი ნიშანწყალი მის ნატანჯ სახეს არ ეტყობოდა და გარეგნული სიმშვიდის ფონზე, ვარამისგან დამდუღრული გულმუცელი ისე უხურდა, რომ ამ ხურვებას სხეულიდან განედევნა სულთა მეუფე.

მის, გარდიგარდმო მიმოგლეჯილ ტანთა ნაწილებს, გზააბნეული დაჰფარფატებდა ეული სული. ასე უსახოს, მხოლოდ მზის სხივთა ელვარება უჩენდა კონტურს და ოქროსფერში ლანდის დარად მიწას გართხმული, ირეკლებოდა ნატანჯი სახე.

გადახსნილ ძარღვებს გზა მისცემოდათ თავისუფალი და მათთან ერთად, სისხლის უკანასკნელი, ძოწისფერი წვეთებიც კი, უგზო-უკვლოდ მიგორავდნენ უსაზღვრობის ოთხივე მხარეს.

მიტოვებულ უფლის საყდარს დამსგავსებულ ნაჯიჯგნ სხეულს კი, სასოებით ნამავდა, მისი, გიშრისფერ თვალთაგან მომდინარე, სინანულის ცისფერი ცრემლი. წმენდდა იარებს და თვითონაც სწრაფი სრბოლვით შორდებოდა მტარვალთ ნასახლარს.

შეუსვენებლივ მიფრინავდნენ დროის ისრებიც... სწრაფ ბორჯღალივით მოტრიალე მკაცრი საწუთრო, უფსკრულისაკენ მიაქანებდა გზაზე შემომხვდურთ, ითრევდა მათ, ვისაც, საკუთარ თავის არა ესმოდათ და სხვის ცხოვრებას განაგებდნენ ვით ბრძენთა სწორნი. თავისი ძველის ერცხვინებოდათ და ახლის ძებნით ილაღებდნენ უგნურ გულისთქმას.

... ო, ამ საბრალოთ, არ ესმოდათ ბრძენთა კარნახი, საუბედუროდ, არც ახლის სწორად შეთვისების ჰქონდათ უნარი, რადგან, მათ, სულის საარსებო სხვა ჰქონდათ წყარო, მათი სხეული განებანა ვაჟთა ნაჟურებს... და უფლის მრწამსზე მოზეიმე ცისფერი სისხლი, შეერთვებოდა სამეუფო ცათა ტალანებს.

... ახლა, კი, თავად დრო ემსგავსა ლამაზ ციანიდს. თავისუფლება ვერ აღიქვა სადღაც ვიღაცამ და სიმართლის სხივს გამოქცეული თავისუფლებით, მთლად დაეჩრდილა წყვდიადისფერ მძიმე სუდარას.

ეს უგუნურნი, საკუთარის უარმყოფელნი, დამსგავსებოდნენ უნიათო ფარისევლებს და უნიჭო მხატვრის მიერ შეთითხნილ, მთლად არაფრისმთქმელ უხამს სურათებს.

დრო კი მიჰქროდა ცის ელვათა გაელვარებით...

II

... შორეთს ყვავ-ყორნის ჩხავილიღა აკრთობდა არეს და გამეფებულ წყვდიადს თითქოს, დროგამოშვებით წამით ფანტავდა, ჯერ კიდევ ღვთიურ სხივით აღვსილი, გიშრისფერ თვალთაგან გამომკრთალი სიცოცხლის სხივი.

ამ წამიერი გაელვარების წყალობით სადღაც, კვლავ ელვარებდა ეგრეთ წოდებულ, მტარვალთ ნასახლარს გამოქცეული სისხლის წვეთები, რომელთა განვლილ ბილიკებიდან, დროთა დინებას წაეშალა ნაკვალევი და ახლა მათ ნავალს, უღიმღამოდ აყრიდა სილას მქროლავი ქარი. აღარსად სჩანდა ძოწისფერი ნაფეხურები და აღარც ცისფერ ცრემლთა მხრიდან ისმოდა რამე.

III

მათ წინაშე კი, მხოლოდ ცივი, სიპ კლდესავით აღმართულიყო ცის ლაბირინთი. გამჭვირვალე და შეუვალი, უკიდეგანო. რომლის დიდებას ბევრი ვერც კი ეკარებოდა, რომლის ბილიკიც გაუვალი იყო ბევრისთვის, რადგან უგვანოთ, ვით დამპალ ნაყოფს იფერთხავდა სუფთა ტანიდან და ნათელ გონის იარაღით ასრესდა მიწას.

მის შუა წელზე, ფორიზონტის სარტყელის დარად, ოქროს სირმებით ცისარტყელას ამოექარგა მისი სახელი. და მის ისედაც ნათელ არსებას ათინათივით დასთამაშებდა დიდების სხივი, რომელიც ცის თაღს გუმბათივით დასდგმოდა თავზე და ამ საოცარ სხივთა ციალში, უფრო მკაფიოდ ისახებოდა ჭეშმარიტება. მის სიდიადის წინაშე თითქოს თვით სამყაროც კი მოსჩანდა ციდა. ო, ისე ციდა, რომ აქამომდე, ჯერ არ განცდილი, დაესაკუთრა ეულ წვეთებს საზარი ფიქრი.

სასოწარმკვეთი იყო ეს წამი და ეს მყობადი სიკვდილზე მძიმე. შორი ძახილი ღონემიხდილთ უფრო და უფრო უმწვავებდა სულში ტკივილებს... რაც უფრო შორით გამოსცემდა კივილი ექოს, მით უფრო მწვავედ აღიქვავდნენ უსასოობას. მათ სახეზე კი ტანჯვის კვალი დაემჩნია წუთისოფლის ბრუნვა-მუქარას.

დრო კი, ფლეთდა მის ისედაც ნაწამებ სხეულს და ქარს ატანდა სულის ძახილს, დარდსა და სევდას...


IV

ახლა რიჟრაჟი შეპარვოდა ყინვისაგან დამზრალ ჩეროებს და მზის თაკარა სხივების ქვეშ ციალებდა დილის დაისი. გასაოცარი სურნელებით გაჟღენთილი შემოგარენი იუწყებოდა კვირტობის თვეს, ნანატრ გაზაფხულს, მაგრამ ისეთი საოცარი იდგა სიჩუმე, რომ ამ სიჩუმეს, მხოლოდ გულის არღვევდა ფეთქვა. მოლოდინისგან ღიად დარჩენილ გიშრისფერ თვალთაგან გამოკრთოდა იმედის სხივი. მხოლოდ ეს სხივი მიანიშნებდა უმოწყალოდ დარჩენილ სხეულში სიცოცხლის ნიშანწყალის არსებობას. მაინც რაღაცის მოლოდინით უძგერდა გული და ბაგა-ბუგით ხეთქავდა სულში ჩაკირულ სევდას. ნაპერწკალივით ინთებოდა იმედი ციდა და ცისფერ ცრემლად ეღვრებოდა მის დამშვრალ სხეულს.

... და მხოლოდ ახლა, თითქოს მათ სულს გადაარტყესო ელვის მათრახი, ციდა წვეთებშიც გაიღვიძა მყის მონატრებამ და ცხოველური ჟინით შეპყრობილთ მოსწყურდათ ისევ, რომ ენახათ დიდების ზვირთი, იქ, ორ ზღვას შუა, თავმომწონედ რომ ადგაფუნებდა ძოწისფერ ტალღებს და რომ შეეგრძნოთ იმ მწყაზარი სხეულის სილბო, ვაზთა ნაჟურს რომ მოენათლა მირონად დამდენს...

... თითქოს სხეულში დაუმდუღრესო გულ-ღვიძლი შანთით, თითქოს ჟამთასვლამ შეაჩერა ისართა სრბოლვა... და გონს მოსული, კვლავ განგმირა ყვირილმა სისხლის, საღათას ძილით მიძინებული დამთვრალი მოდგმა...

... და მხოლოდ ახლა ჩაესმათ ყურში სისხლის ყივილი, სადღაც ტიტრებმაც გადურბინეს ბარს და ჩეროებს, ანდამატივით მიიზიდა მიწის სურნელმა, ოჰ, იმ სურნელმა, ნაწვიმარზე რომ უდიოდა ხოლმე მდელოებს... და მონატრებამ სინანულის იდინა წვიმად, ცვარად დაედო განთიადზე გაშლილ ლელოებს და კვლავ გაჟონა ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები, ყაყაჩოსდარად რომ შეფენოდა მთათა ფერდობებს...

სასოწარმკვეთი იყო ეს წამი, ორ ზღვას შუა კი გული ფეთქავდა..
.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."