მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მიხეილ წერეთელი: ქართველი ერი
ქართველი ერი მარტო ჩვენთვის კი არ არის საინტერესო, არამედ იგი ერთი იმ უძველეს და უორიგინალეს ერთგანია, რომლის ძირიც უძველეს ისტორიაშია ჩამარხული. დღეს მისი ნათესაობაც ვერ დაუდგენიათ საბოლოოდ წარსულ და აწ არსებულ, ცოცხლად დარჩენილ ერებთან. ქართველი ერი ისტორიული ერია, უძველეს დროიდან მას მონაწილეობა მიუღია საერთო კულტურულ და ისტორიულ ცხოვრებაში, ხანგრძლივი დამოკიდებულება ჰქონია უძველეს ხალხებთან; იგი ისტორიული და კულტურული ერია განსაკუთრებით იმიტომ, რომ კავკასიის განსაზღვრულ ტერრიტორიაზედ მან შექმნა უკვე საუკუნოდ დამკვიდრებული თავისებური სოციალური ორგანიზმი, შექმნა განსაზღვრული სამშობლო, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ვეტრფოდით და დღესაც გვიყვარს იგი. ქართველმა ხალხმა შექმნა თვით სახელი “საქართველო”, შექმნა პოლიტიკური ცხოვრება, საერთო კულტურული ენა, მდიდარი და განვითარებული და შედარებით სხვებთან წმინდად დაიცვა იგი. საკუთარი ანბანით სწერდა იგი უძველეს დროიდან საუცხოვო საღმრთოთა და საერო თხზულებათა; ჰქონდა საკუთარი, მშვენიერი მუსიკა, მრავალი სხვა დარგი ხელოვნებისა. ქართველი ერი, “საქართველო” დღესაც არსებობს, იგი მოკლებულია ზოგიერთ უპირველეს სოციალურ ორგანოებს, მაგრამ მაინც ცოცხალი სოციალური ორგანიზმია, მოიმედე შორეულ წარსულის განგრძობისა, ძველ დამოუკიდებელ ცხოვრების აღდგენისა. მას დღესაც აქვს ზნეობრივნი და კანონიერნი უფლებანი თავისუფალი არსებობისა, და თუ ნიჭი თავის დაცვისა განუვითარდა, თუ აგრეთვე საერთაშორისო სამართალი ოდნავ მაინც დაიცავს ერის კანონიერ უფლებას, იგი არ მოკვდება, კიდევ მიიჩნევენ კაცობრიობის შემადგენელ ერთა შორის. მრავალ თვალთა-ხედვით არის საინტერესო ქართველი ერი, საზოგადოდ ისტორიისათვის და ერთობ მეცნიერებისათვის, საერთაშორისო სამართლისათვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, მაგრამ ამ პატარა თავში ჩვენ ვერ განვიხილავთ საქართველოს ყოველ-მხრივად. საქართველოს ისტორიას ხომ არა ვსწერთ, არც შეგვიძლია, იგი სპეციალისტების საქმეა.

ფოტოზე: მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965)
ჩვენ მხოლოდ გვინდა მოვაგონოთ მკითხველს, რომ ზემოხსენებულ თეორიის თვალთახედით ქართველი ერიც ერია, და ღირსეული ისტორიული ერიცა, ღირსი სიცოცხლისა და უსამართლოდ მოკლებული ამ ელემენტარულ უფლებასა.

საუბედუროდ ჯერ-ჯერობით ორიოდე მეცნიერი გვყავს ქართველთა შორის, რომელიც იკვლევს ქართველი ერის ნამდვილს ვინაობასა. ბევრი უცხო მეცნიერიც იკვლევს ამავე საგანსა, მაგრამ იგინი, მიუხედავად იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც მათ მიუძღვით საქართველოს ისტორიის კვლევა-ძიებაში, გადაჭრილსა და მტკიცე მეცნიერულ ცნობებს ვერ გვაძლევენ. უმთავრესი მიზეზი ამისა ის არის, რომ მათ ქართული და მისი დიალექტები ან სულ არ იციან , ან ძლიერ სუსტად იციან. არ იციან, აგრეთვე ძველი ქართული მწერლობა, როგორც ამას შენიშნავს სამართლიანად ჩვენი ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი.

ხალხის წარმოშობა რომელიმე რასისაგან ან მისი ნათესაობა სხვა ხალხებთან ორი რამით შეიძლება იყოს გამორკვეული, ენის ნათესაობითა და ანთროპოლოგიური ნიშნებითა, ხშირად ენის ნათესაობა არაფერს არ ამტკიცებს, რადგანაც შეიძლება ენა წამბაძველობის კანონის ძალით ერთმა ეთნიკურმა ჯგუფმა მეორეს გადასცეს, სრულიად სხვა ანთროპოლოგიურ ტიპსა. აგრეთვე შეიძლება ერთისა და იგივე ანთროპოლოგიურის ტიპის ხალხი სხვა და სხვა ენაზედ ლაპარაკობდეს, ამავე წამბაძველობის კანონის ძალით: შეიძლება შემოსევა მომხდარიყოს რომელიმე ქვეყნის ნაწილებში და მოსულ ტიპს თავისი ანთროპოლოგიური ნიშნები შედარებით წმინდად დაეცვას, ენა კი მასპინძლის შეეთვისებინოს, ან შეიძლება აღრევა მომხდარიყოს ენისაც და ტიპისაც, ბევრი ამგვარი შემთხვევაა შესაძლებელი. წმინდად დარჩენილ ტიპთა და ენათა შემწეობით კი შესაძლებელია გარკვევა ნარევ ენისა და ტიპისა, აგრეთვე შესაძლებელია სხვა და სხვა საბუთით დაახლოებით იმის გამორკვევა, თუ სად უცხოვრიათ ამა თუ იმ ხალხებს უძველეს დროსა.

ქართველი ერი რასაკვირველია, როგორც ყოველი ერი ქვეყანაზედ, სხვა და სხვა დროის ნარევია, სხვა და სხვა ხალხთა, აგრეთვე მის ენაში ბევრი უცხო სიტყვაა, მაგრამ ამ მხრით შეიძლება შედარებით სხვებთან ქართველები ძლიერ წმინდად ვიყოთ დაცულნი. ამას თუ გინდ ისიც ამტკიცებს, რომ მრავალმა მეცნიერმა, ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, მხოლოდ ის აღიარა, რომ ქართველთა ენა და ჯგუფი განსაკუთრებულიაო. ყოველ შემთხვევაში, ნარევია იგი თუ არა ქართველ ხალხს ერი შეუქმნია და დღესაც არსებობს ეს ერი, როგორც განსაკუთრებული სოციალური ორგანიზმი, თავისი ისტორიის მქონე და თვითარსებობის შემგნები.

ვინა ვართ ჩვენ ენის მხრითა?- რომელ საერთო ენათა ჯგუფს ვეკუთვნით?

წინად ქართულ ენას ინდო-გერმანულ ენათა ჯგუფს აკუთვნებდნენ; თვით ბროსსეც ამ აზრის იყო, მაგრამ ფრანგმა მეცნიერმა ბიუნრუფმა დაარღვია ეს აზრი,- ზოგი ჰფიქრობდა,- ქართული თურანულ ენათა ჯგუფს ეკუთვნისო. მაქს მიულლერი და დე-მორგანი იყვნენ ამ აზრისა. არც ეს აზრი გამოდგა სწორი.- არიან ისეთნი მეცნიერნიც, რომელნიც “კავკასიურ" ენებს აღრევენ ერთმანეთში და სთვლიან მათ განსაკუთრებულ ჯგუფად. ეს აზრი გამოსთქვა კლაპრონმა, ფრ.მიულლერმა, შპიგელმა და სხვებმა. მას ემხრობა აგრეთვე ალ.ცაგარელიც, აგრეთვე უსლარი და ერკერტი. ფრიც ჰომმელმა უფრო ჭეშმარიტი აზრი გამოსთქვა, ქართულს ძველ ელამიურ, კათბადუკიურ, ხეთურ, თანამედროვე ბასკურ და სხვა ენებთან აქვს ნათესაობაო. იგი ფრ. ლენორმანსავით ამ ენებს განსაკუთრებულ “ალაროდიულ” ენათა ჯგუფად სთვლის. მისი აზრით უძველეს დროს მთელი მცირე აზიის, მიდიის, სომხეთის და ჩრდილო ასსურეთის მიწები ამ ალაროდიელებს ეჭირათ. ლენორმანი, სეისი და სხვანი უძველეს ქართულ ენად სთვლიდნენ იმ ალაროდიელთა ენას, რომლითაც არის დაწერილი ვანის ლურსმული. პროფესორმა შუხარდტმა, რომელმაც იცის ქართული ენა, ის აზრი გამოსთქვა, რომ ქართული ქიმიურ ენათა ჯგუფს ეკუთვნისო. მას მხარი დაუჭირა იტალიელმა პროფ. ა. ტრომპეტტიმ. მისი აზრით კავკასიურ ენებს კავშირი და ნათესობა აქვთ ქამიურ-სემიურ ენებთან, განსაკუთრებით აფრიკის ენებთა, და ბასკური ენაც ამ კავკასიურ ენათა ჯგუფს ეკუთვნისო. საუბედუროდ არც ტრომპეტტიმ იცის ქართული ენა, იგი აგრეთვე “კავკასიურ” ენებს აღრევს ერთმანეთში; ამას გარდა არც “ქიმიური” ენებია კარგად შესწავლილი. ჩვენი მეცნიერი ნ.მარრის ამას სამართლიანად შენიშნავს ტრომპეტტის. თვით ნ.მარრის აზრი უფრო საინტერესოა. მისი აზრით ქართული სემიურ ენათა მონათესავეა, მაგრამ არა სემიურის, არამედ იაფეტურის შტოისა: ქართულ ენის ზოგიერთი კანონები, ბოლოსართებისა და თავსართების ერთად ხმარება, ერთის და იმავე ნაცვალსახელების ხმარება ზმნებში, ორგვარი მიმღეობა, ერთობ აგებულება ზმნისა და სიტყვათა წარმოება, აი რა აქვთ საერთო ქართულ და სემიურ ენებსა. მაგრამ თუ ქართულს ეს ერთობა აქვს სემიურ ენებთან, ამასთანავე მას განსაკუთრებულნი თვისებანი აქვს, რომელნიც სრულიად ანსხვავებენ მას სემიურ ენათგან და ამიტომაც მარრის აზრით ქართული სემირი ენა კი არ არის, არამედ სემიურ ენათა მონათესავე ენა. ქართული (ქართლური, მეგრული, სვანური), სუზის ენა, ვანის ლურსმულ წარწერის ენა, ანუ ურარტუს ენა, პირველ-ყოფილი სომხური - ესენი ერთ დროს ერთ ენათა ჯგუფს შეადგენდნენო.

ქართული ენა სამი შტოსაგნ შედგება: ქართლურისაგან, რომლითაც ლაპარაკობენ ქართლ-კახელები, იმერლები, გურულები, მესხები, მთიულნი და სხვანი, მეგრულისაგან, რომლითაც ლაპარაკობენ მეგრელები და ჭანები, სვანურისაგან, რომლითაც სვანები ლაპარაკობენ. მიუხედავად ამისა, ქართული ენა ერთია, ერთისა და იმავე აგებულებისა, ერთისა და იმავე ძირისა. უძველეს დროს, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ალბათ მწერლობაც იქმნებოდა ქართული ენის რომელიმე შტოზედ, მაგრამ ჩვენ დრომდე მხოლოდ ქართულ ენაზედ განვითარებულ მწერლობას მოუღწევია და დღესაც ეს ენა არის ჩვენი საერთო სამწერლო, კულტურული ენა. ყოველ შემთხვევაში უკვე ქრიეტეს წინად არსებობდა ჩვენი ენის ან-ბანი და მთელი საქრისტიანო ეპოქის განმავლობაში ეს ენა იყო ეროვნული საუნჯე, ერთად-ერთი ლიტერატურული ენა.

ქართველი ერი ერთია ლინგვისტურად, მას აქვს ერთისა და იმავე ენიდან წარმომდგარი დიალექტი, ხოლო სამწერლო ენად შეიძლება უძველეს დროიდან მეგრული ან სვანურიც ყიფილიყოს, ოც საუკუნეზედ მეტი და ეხლა კი ქართლური იყო და არის ჩვენი საერთო, ეროვნული, კულტურული და სალიტერატურო ენა. ამ ენით ვლოცულობდით, ამ ენით ვსთარგმნეთ საეკლესიო წიგნები, ამ ენით სწერდნენ და მღეროდნენ ჩვენი მგოსნები, მითი ვმსჯელობდით დიდ საქვეყნო საქმეებზედ, ვსწერდით ისტორიასა;- ეს იყო და არის ჩვენი სამშობლო ენა, უძვირფასესი განძი, დამცველი ჩვენი ეროვნული სულისა.

ქართველებს საერთოდ ყველას “ქართველები” არ ერქვათ თავდაპირველად. როგორც ყოველი სხვა ერი, რომლის სოციალური ცხოვრება თავდაპირველად არ არის ძლიერის კოჰეზიისა, იგი დაყოფილი იყო სხვა და სხვა ჯგუფებად, რომელთაც სხვა და სხვა სახელები ჰქონდათ მიუხედავად ერთის ენისა და ერთის სისხლისა.

მაგრამ ეს სახელ-წოდებანი მხოლოდ რამოდენიმე ქართულ ძირისაგან არიან წარმომდგარნი. მაგალითად, სიტყვა “ტაბალისაგან” და “თუბალისაგან”, რომელიც მოხსენებულია ასსურეთის მეფის სალმანასსარ მეორის წარწერაში (860-825 წ. ქრ. წ.), როგორც ქართველი ტომი, მტკიცე ენათ-მეცნიერების კანონთა ძალით წარმომდგარან: ჰიბერი, ივერი, “იბერეს” (ლათინურად), ვირქ (სომხურად), იბერი, იმერეთი, იმერელი, ეგერი, ეგრისი, მეგრელი, გურია.- როგორც მკითხველი ჰხედავს, ეს მთელი ნახევარი საქართველოს ტომების სახელებია. აგრეთვე ასსურულ წყაროებში ტაბალი და მუსკი, ანუ მესხი, ყოველთვის ერთად არიან მოხსენებულნი. მათ ერთად იხსენიებს აგრეთვე ჰეროდოტე. მესხის სახელი კი ეხლაც არის დარჩენილი და ქართველთა ერთ საუკეთესო ტომს აღნისნავს. თაბალისა და თუბალისაგან წარმომდგარი ხალხი მეგრულ ჭანურ-ქართული შტოის ხალხი იყო. აგრეთვე ბერძნულ მწერლობაში მოხსენებული მოსსინიკები იმავე ჭანებსა ნიშნავდნენ და ეკუთვნოდნენ ამავე შტოს.

ქართლურ შტოს ეკუთვნოდნენ მუსკები, ანუ მესხნი, ტაოხნი, ჯავახნი, კახნი და სხვანი. დაბოლოვება “ხი” ლინგვისტურად ქართველობისადმი კუთვნილების აღმნიშვნელია. და სწორედ ეს გარომოება გვაძლევს შეძლებას დავამტკიცოთ, რომ ზემოხსენებული დიდი შტოც ქართველობის ნაწილი იყო: იყო ერთი ტომი, მეგრულ-ლაზური, რომელსაც ერქვა “კარდუხი”, რაც “ქართუ-ხი”-ს უდრის. ამ “ქართუ”-დან (მეგრულად-ქორთუ) წარმოსდგა სიტყვა ქართველი, რომელიც შემდეგ სახელწოდება შეიქმნა ყველა ქართველთა. ამგვარად მტკიცდება ერთობა ჭან-მეგრელთა და ქართლელთა შორის.

სვანური შტოის წარმომადგენელი ეხლაც არის საქართველოში.- თვით სვანეთის ხალხი.-“ზან” და “ლაზან” სვანური სიტყვებია, რომლებიც ნიშნავენ ჭანს ანუ მეგრელს და სამეგრელოს, ეხლაც სვანები მეგრელებს “ზან”-ებს ეძახიან.

უძველეს დროს საქართველოში მოსახლეობა და ენა ამ სამი შტოისა ისე არ ყოფილა განაწილებული, როგორც დღეს არის. ბ-ნი ივ.ჯავახიშვილის გამოკვლევიდანა სჩანს, რომ იქ, სადაც დღეს იმერლები და გურულები არიან, წინად მეგრელები ყოფილან. ამას ამტკიცებს გეოგრაფიული სახელები და თვით სახელი “იმერეთი”, “გურია”, იბერეთი, ეგერი - გვერ, რაიცა ნიშნავდა მეგრელს. იქ, სადაც ეხლა სცხოვრობენ მეგრელები, ალბათ წინად სვანებს უნდა ეცხოვრათ, რაიცა აგრეთვე მტკიცდება დარჩენილ გეოგრაფიულ სახელებითა. ალბათ თვით საქართველოს შიგნით ყოფილა ხშირი შეტაკება ტომთა შორის. ურთი-ერთისაგან ადგილის წართმევა და დღეს ამიტომაც იმერლები და გურულები ნარევნი არიან ქართლელთა და მეგრელთა, ანუ გაქართლელებული მეგრელები, ხოლო მეგრელები - სვან-მეგრელნი.

თუ სად იყო უძველესი ჩვენი სამშობლო, ამის გამორკვევა შეიძლება რამოდენიმე საბუთით.

თვით სიტყვა ქართველი, “ქართუ”-ელი ნიშნავს სადაურობას. “ქართუ” კი ნიშნავს ქალდეას. დღესაც არის შენახული სვანეთში, სახელი - ქალდე, - სახელწოდება ერთის სოფლის საზოგადოებისა. ჩვენი წინანდელი სამშობლო ალბათ ქალდეა ყოფილა. ასსურეთის მეფე ტუგლატ-პილესსარ II 1275 წლის (ქრ. წ.) წარწერაში ამ ქვეყანას პირდაპირ “კარდუ”-ს უწოდებს. თუ როდის აიყარნენ იქიდან ქართველები,- ამის გამორკვევა ძნელია, მაგრამ ზოგიერთი ძვირფასი ცნობა მაინც მოიპოვება ასსურულ წყაროებში ქართველ სხვა და სხვა ტომთა ბინადრობაზედ. ამ ცნობათა მიხედვით ტაბალები უძველეს დროს, მეცხრე საუკუნეში ქრისტეს წინად, სცხოვრობდნენ სწორედ იმ ადგილას სადაც შემდეგ დიდი კათბადუკია იყო, კილიკიელების მეზობლად. მესხების ქვეყანაც მეტერთმეტე საუკუნეში ტაბალის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ფრიგიის აღმოსავლეთით. კოლხების ქვეყანა (ესეც ერთი მეგრულ-ჭანური ტომი იყო)მერვე საუკუნეში ქრ. წ მდებარეობდა მესხების აღმოსავლეთისაკენ, რომლის აღმოსავლეთითაც იქმნებოდა ურარტუს ქვეყანა, სამხრეთით კი ნაირის ქვეყანა (ეს სულ ასურულ წყაროებით). ჰეროდოტეს დროს კოლხებს უკვე შავი ზღვის ნაპირას უცხოვრიათ, იქ, სადაც შავ ზღვას მდინარე ფაზისი შეერთვის. იქვე უცხოვრიათ მაკრონებს, ანუ მეგრელებს, მათ მეზობლად მესხებს, ტიბარენებსა და მოსსინიკებს. მაშასადამე ჩრდილოეთით და შავის ღვის პირას ამოუწევიათ ქართველებს. ამ XI-V საუკ. განმავლობაში. ქსენოფონტეს ცნობით (მეხუთე საუკუნის ბოლო) ყველაზედ სამხრეთით კარდუხები სცხოვრობდნენ, სხვანი კი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირზედ სცხოვრობდნენ, ყველაზედ დასავლეთით, სცხოვრობდნენ ტიბარენები, შემდეგ აღმოსავლეთით ხალიბები, შემდეგ მოსსინიკები, შემდეგ კოლხები. კოლხეთის სამხრეთით იყვნენ დრილები, სამხრეთ-აღმოსავლეთით მაკრონები, მაკრონების აღმოსავლეთით სკვითინები. ამგვარად მეოთხე საუკუნეში ქართველებს ისევ უცვლიათ ბინა და ჩდილოეთისაკენ ამოუწევიათ. მიზეზი ამ გადასახლებისა იყო კიმმერიელების შემოსევა მცირე აზიაში მეშვიდე საუკუნიდან ქრ. წინ. ამ კიმმერიელებმა აიძულეს ქართველები დაეტოვებინათ ძველი სამშობლო და ამოწეულიყვნენ ჩრდილოეთისაკენ. მათაც შეამცირეს ქართველთა ძლიერება და რაოდენობა. ძლიერნი მესხნი, რომელთაც ერთ დროს პონტოს ადგილები ეჭირათ, მეოთხე საუკუნეში უკვე იქ იყვნენ, სადაც შემდეგ სამცხე-საათაბაგო იყო და პატარა უმნიშვნელო ტომად ითვლებოდნენ. რომ წინად ქართველების ბინადრობა მცირე აზიაში ყოფილა და მათი ძლიერებაცა და ენაც გავრცელებული ყოფილა, ამას ისიც ამტკიცებს, რომ დღესაც კი არის დარჩენილი ქართული ენის კვალი მცირე აზიაში: სახელწოდებანი გეოგრაფიულნი, აგრეთვე საკუთარნი სახელნი. ქსენოფონტეს შემდეგ სამი საუკუნის განმავლობაში აღარავის აუწერია საქართველო. მხოლოდ სტრაბონმა აღწერა იგი პირველ საუკუნეში ქრისტეს შემდეგ. ბინადრობა ქართველთა თითქმის აღარ შეცვლილა, მაგრამ პოლიტიკური და ეროვნული მდგომარეობა კი შეცვლილა საქართველოს შინაგან ცხოვრებაში. კოლხებისა და მოსსინიკების ადგილები უკვე ხალდებს დაეჭირათ. კოლხები აღმოსავლეთისაკენ გაერეკათ, მოსსინიკები სამხრეთისაკენ.

ბინადრობა ქართველთა ძლიერ შემცირებულა სომეხთა და ბიზანტიელთა შემოსევითა და ბატონობით. მაგრამ ამ მოვლენაზედ უფრო საინტერესო კიდევ შინაგანი ცვლილებაა ქართველ ტომთა ბინადრობისა და ენისა. იქ სადაც ეხლა იმერეთი და გურია არის, როგორც არა ვსთქვათ, წინად მეგრელები ყოფილან; ეს კი პლინიუსისა, პლოტემესა და სტრაბონის ცნობებით, ე.ი პირველ ორ საუკუნეში ქრისტეს შემდეგ. სწორედ არ შეიძლება დროის განსაზღვრა, თუ როდის შეიჭრა ქართლურად მოლაპარაკე ტომი სამეგრელოს შუა-გულში და გააქართლელა თანამედროვე იმერეთი და გურია, შუაზედ გასჭრა მათი მოსახლეობა და ენაც მათი შავი ზღვის აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის დაპირებზედ დასტოვა, შუაში კი ქართული გაამეფა.

ქართველები, როგორც ვხედავთ, უკვე უძველეს დროიდან შემოსულან ამიერ კავკასიაში და დასახლებულან, ხოლო ის ტერრიტორია, რომელიც ცნობილია ჩვენ ისტორიულ ტერრიტორიად, თან და თან დაუჭერიათ, ჩრდილოეთისაკენ თან და თან ამოწევით. თუ როდის მოხდა ქართველთა შემოსევა კავკასიაში, ძლიერ ძნელია ამის ნამდვილი და სწორი გამორკვევა ყოველ შემთხვევაში უძველესი კვალი ქართველთა კავკასიაში არ უნდა ვეძიოთ. ქართველებზე წინად აქ სხვა რასაც სცხოვრობდა,- გრძელ-თავიანთა, რომელსაც განვლილი ჰქონია ქვის ორივე ხანა და ბრინჯაოსიც.

ქართველებს ბევრი ამსგავსებს ურარტუელებსა და ხეთელებს, ურარტუელები სცხოვრობდნენ კოლხების აღმოსავლეთით, ეფრატისა და ტიგრის სათავეებში, ვანის ტბისა, მდ. არაქსისა და არარატის მთის მიდამოებში. აქ იყო ნაირისა და ურარტუს სამეფოები; ისინი ერთად მოქმედებდნენ ხოლმე საერთო მტრის წინააღმდეგ და დიდ მეტოქეობას უწევდნენ ასსურეთსა. როლი მათი დიდი იყო ისტორიაში. ბევრი ანათესავებს მათ ქართველებსა განსაკუთრებით მათ წარწერათა ქართულთან შედარებით,- მაგ. ლენორმანი, სეისი, ნიკოლსკი, და სხვანი,- მაგრამ ივ.ჯავახიშვილის აზრით ჯერ არ შეიძლება დანამდვილებით ამ აზრის გამოთქმა, რადგანაც არც ვანის წარწერებია კარგად წაკითხული და შესწავლილი, არც თანამედროვე ქართული ენის შედარება შეიძლება ურარტუს ენასთან, რადგანაც ქართულ ენას მრავალი საუკუნის ისტორია ჰქონია და განვითარებულა, ხანგრძლივი ცვალებადობის პროცესსი განუცდია. აგრეთვე ქართული ენა სამი შტოისაგან შესდგება და ყველანი უნდა შევადაროთ ურარტუს ენასა და არა მარტო ქართული. საჭიროა ჯერ ვანის წარწერათა საფუძვლიანი შესწავლა, შემდეგ ძველის ქართულისა, აგრეთვე მეგრულისა და სვანურის ცოდნა, რომ შედარებას გადაჭრილი ნაყოფი მოჰყვეს და საბოლოოდ დამტკიცდეს ქართულისა და ურარტუს იგივეობა.

ხეთელთა მსგავსება ქართველებთან შესაძლებელია ანთროპოლოგიურად, რადგანაც ანთროპოლოგიურ ნიშნების მიხედვით იგინი ერთმანეთსა ჰგვანან. ერთნიც მოკლე-თავიანები არიან და მეორენიც. ლინგვისტიურად მათი მსგავსება ჯერ არ შეიძლება: მეცნიერულს, გადაჭრილ აზრს ვერც გამოვსთქვამთ, რადგანაც არც ხეთელთა იეროგლიფები არიან წაკითხულნი და შესწავლილნი. (იხ. ყოველივე ამაზედ ივ.ჯავახიშვილი: “ქართველ ერის ისტორია”, თავი I; ქართულ გრამატიკის ტაბულათა წინასიტყვაობა ნ. მარრისა).

ვინა ვართ ჩვენ ანთროპოლოგიურად? - ჯერ ანტროპოლოგიურად სავსებით არ არის შესწავლილი საქართველო. გარდა უცხოელთა, ჩვენი მეცნიერებიც მუშაობენ ამ საგნის გამოსარკვევად,- სხვათა შორის ორი ჯავახიშვილი: გიორგი ჯავახიშვილი და ალექსანდრე ჯავახიშვილი. პირველი ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერია და მისგან უსათუოდ ფრიად საინტერესო შრომებს მოველით ჩვენი ქვეყნის ანთროპოლოგიის შესახებ. მას უკვე დაუწერია შრომა ”К вопросу об этнологии Малой Азии и Закавказья”. რომელიც ჩვენ საუბედუროდ არ გვინახავს. იგი ამტკიცებს, რომ თავ-მოკლე რასა ქართველი მოდგმისა და ნათესავისა დიდი რასა იყო და ეჭირა 2000 წლის წინად მთელი შუა მდინარე. ირანი და მთელი მცირე აზია. შემდეგ სემიელთა და არიელთა შემოსევამ გამოდევნა იგი ამ ადგილებიდან და შემოხიზნა კავკასიაში (იხ. ივ.ჯავახიშვილი ib. p. 61). - მეორემ, ალექსანდრე ჯავახიშვილმა უკვე გამოსცა თავისი წიგნი: აღმოსავლეთ საქართველოს ანთროპოლოგია - Антропология Грузии, I. ამ წიგნში, გარდა იმისა, რომ იგი ამტკიცებს ჩვენს თავ-მოკლიანობას, -სხვა ხალხებთან შედარებით, სხვა და სხვა მეცნიერთა ცნობებით, ჩვენ ანთროპოლოგიურ თავისებურებასაც აღნიშნავს. ეს ჩვენი ანთროპოლოგიური თავისებურება შემდეგნაირად გამოიხატება: ქართველებს ტვერის გუბერნიის რუსებთან შედარებით (200 კაცის გაზომვის მიხედვით) 27 შესადარებელი ანთროპოლოგიური ნიშანი აქვსთ: საერთო-17, განსხვავებული-10. პოლონელებთან (226 კაცის გაზომვით)-20: საერთო-11, განსხვავებული-9. ყუბანის ყაზახებთან 41-61 კაცის გაზომვით)-22: საერთო-10, განსხვ-12. აღმოსავლეთელ ქართველ სომხებთან (105 კაც.გაზომვ.)-28: საერთო-15, განსხვ.-7. პოლონელ ებრაელებთან (100-200 კაც. გაზომვ.)-28: საერთო-17, განსხვ-11. თერგის ოლქის ოსებთან (36-200 კაც.გაზომვ.)-18: საერთო-9, განსხვ-9. სპარსელებთან (46 კაც. გაზომვ.)-25: საერთო-10, განსხვ.-15. თორღოუთის მონღოლებთან (43-138 კაც. გაზომვ.)-26: საერთო-17. განსხვ.-9. ყუმიყებთან (107 კაც.გაზომვ.)-18: საერთო-15, განსხვ.-3. ყაბარდოელებთან (40 კაც.გაზომვ)-20: საერთო11. განსხვ.-9. ყარაყირღიზებთან (46-66 კაც. გაზომვ.)-12: საერთო-6, განსხვ.-6. სართებთან (8 კაც. გაზომვ.)-12: საერთო-8, განსხვ.-4. ადერბეიჯანელ თათრებთან-13: საერთო-4, განსხვ.-9. (იხ. Антропология Грузии, I, გვ. 237-240) საერთოდ ვინ იცის რამდენ რასას შევვრევივართ დროთა ვითარებაში, რამდენად შერეულა ჩვენი ენა, ჩვენი სისხლი და ანთროპოლოგიური ტიპი. შერევა ჩვენი სისხლისა და ენისა ჭეშმარიტებაა მიუხედავად იმისა, ხეთელებისა და ურარტელების შთამომავალნი ვართ თუ არა. ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენ რომელიმე უძველესი დიდი ხალხის ნაშთნი ვართ. ამ ხალხს ნ. მარრი სემიელთა ნათესავ იაფეტელებს უწოდებს. ათასი ბრძოლა, შემოსევა და აღრევა განუცდია მასა, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა ჩვენ, მისი შტამომავალნი, მაინც თავისებურ ხალხად დავრჩენილვართ ლინგვისტურად და ანთროპოლოგიურად, და ეს პირველი მაჩვენებელია ჩვენი რასიული სიძლიერისა. თუ მართალია ის ჰიპოთეზა, რომ ხეთელთა შთამომავალნი ვართ,- მაშასადამე ჩვენი სოციალური სიცოცხლის ერთ პერიოდთაგანი ხეთელთა ცხოვრება ყოფილა. თუ ურარტელები ვყოფილვართ,- მაშინ ურარტუს ცხოვრება ყოფილა ჩვენი ცხოვრების ერთი უძველესი პერიოდი. შეიძლება თვით ხეთელთა და ურარტუს ტომის ნათესაობა დამტკიცდეს და ჩვენიც ორივესთან,- მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა ხანგრძლივი და კიდევ უფრო სწორი ყოფილა. მაგრამ თვით საკუთრივ ქართველ ტომთა ცხოვრების უძველესი პერიოდი გვიჩვენებს ჩვენს მთლიანს ეროვნულ ცხოვრებასა. შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჩვენი ტომები საერთო მტერთა წინააღმდეგ. ალბათ მაშინ მწერლობაც ექმნებოდათ ამ ქართველ ტომებს ან სვანურად, ან მეგრულად. მრავალი ბრძოლისა და შემოსევის წყალობით კიდეც დაქვეითებულა მაშინდელი “საქართველო” და მეოთხე საუკუნეში ქრისტეს წინად მდიდარი და ძლიერი ქვეყანა კი აღარ იყო, როგორც ასსურთა დროს, არამედ სუსტ, ურთიერთის მოქიშპე, პატარა და ღარიბ, თითქმის გაველურებულ ტომებად გადაქცეულა. მაგრამ.- მიუხედავად ყოველივე ამისა ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ ძველ წინაპართა ისტორია მივითვისოთ, არავითარი ნასხოვრობა არ არსებობს, გარდმოცემული იმ სოციალურ ორგანიზმის მიერ ახალ საქართველოს სოციალურ ორგანიზმისადმი. ეს ახალი ორგანიზმი დაახლოვებით საცა ეხლა ვართ- იქ იწყებს ახალ ცხოვრებასა, საქრისტიანო კულტურასა, ქართლურ ენაზედ მდიდარ ლიტერატურას ჰქმნის, აღწევს ერთობასა კოჰეზიას ჩვენს სხვა და სხვა ტომთა შორის; აქ იბადება საქართველოს სამშობლო და მას შემდეგ ძველსა და ახალს შორის არ გაწყვეტილა კავშირი და ხსოვნა. ეს საქართველო გვახსოვს და გვიყვარს ეხლა, მისი წარსულნი გმირნი და მოღვაწენი სცოცხლობენ დღეს ჩვენს შორის და ამიტომაც ჩვენ ამ საქართველოს ერის ორგანიზმს ვეკუთვნით და არა უძველესსა - ძველი მხოლოდ ჩვენი ვინაობის მხრით არის საინტერესო, აგრეთვე ობიექტიურ მეცნიერების მხრით, ხოლო ჩვენს ეროვნულ პსიხიკასა და იდეალს იგი არაფერს ეუბნება.

შავ ბნელი და უბედური იყო უმეტეს ნაწილად საქართველოს პოლიტიკური ისტორია. ერთხელ გვქონდა მხოლოდ ბრწყინვალე ხანა, ხანა სიძლიერისა და აღყვავებისა, შემდეგ მხოლოდ დრო გამოშვებით. უმეტეს ნაწილად კი “შავ დროთაგან” შესდგება ჩვენი ისტორია. მას შემდეგ რაც ჩვენი საქრისტიანო ისტორია იწყება, ერთობა ეროვნულ-სოციალური ყოველთვის იყო ჩვენში, მაგრამ პოლიტიკური ერთობა ყოველთვის არა გვქონია. ეს იყო უმთავრესი მიზეზი რომ მტერი ადვილად გვძლევდა და გვანადგურებდა ხოლმე. ხოლო დიდი დავითისა და თამარის დროს მტერს ირგვლივ უძლეველად ლეწდა გალაღებული საქართველო.

ჩვენი კულტურა საქრისტიანო ისტორიულ ხანამდისაც ცნობილი იყო. განსაკუთრებით მადნეულობის ხელობით ვიყავით განთქმულნი. როგორც ბნ. ივ. ჯავახიშვილი ამტკიცებს, “კალის” მეტი არც ერთი მადნის სახელი არ გვისესხებია უცხო ენათაგან, პირიქით ყველა ენაზედ ქართული სახელწოდება აქვს ბევრ. ლითონს, ან სახელწოდება ქართველ ტომთა. მაგალითად “ბრინჯაო” (bronze) და “ხალიბდიკოს” რომელთაგან ერთი წმინდა ქართული სიტყვაა და მეორე ქართველ ტომის, ხალიბთა სახელწოდებისა (ნიშნავს ხალიბურს) და სხვ. ჩვენ თვით ბერძნებსა და სხვა უფრო დაწინაურებულ ხალხთა მასწავლებელნიც ვიყავით ამ მხრითა.

საქრისტიანო ეპოქაში ჩვენ განვავითარეთ ქართლური ენა, შევქმენით საკუთარი ორი ანბანი, ხუცური და მხედრული, შევქმენით საკუთარი საერო და საეკლესიო მდიდარი ლიტერატურა, ვეწაფებოდით უცხო - ბერძნულ, სომხურ, სპარსულ და არაბულ კულტურასაც, მეცნიერებასა და ფილოსოფიას განსაკუთრებით ბერძნულსა, ვრგავდით მათ სამშობლო დიადაგზედ ეროვნულ ენითა. გვქონდა ჩვენი ხელოვნება, მხატვრობა, არქიტექტურა, მუსიკა და სხვ. რომელიც განირჩეოდა სხვა ერთა ხელოვნებისაგან, თუმცა, შეიძლება მუსიკის გარდა, უცხო გავლენა განეცადა, როგორც ეს საზოგადოდ ხდება ერთა ურთიერთ დამოკიდებულებათა მიზეზით. გვქონდა ჩვენი დამოუკიდებელი ეკლესია, ჩვენი მონასტრები და პრესტიჟიც წმინდა ადგილებში, ჩვენი უფლებანი, რომელნიც ჩვენის ძლიერების დროს ბევრ სხვა ერების უფლებას აღემატებოდა. გვქონდა ჩვენი სამეფო, გვყავდა ჩვენი დინასტიები.

მაგრამ სწორედ აქ არის ჩვენი ისტორიის უკუღმართი მხარე, ჩვენ ერი ვიყავით, ერთი კონკრეტული სოციალური ორგანიზმი, ყველა ეროვნული ორგანოებით, მაგრამ არასოდეს არ დაგვცლია ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რომ დაგვეცვას საკუთარი სოციალური ორგანიზმი, არასოდეს არა გვქონდა მოსვენება ბერძენთაგან, რომელთაც ბოლოს და ბოლოს ლაზისტანი მოგვწყვიტეს, სპარსთაგან, რომელთაც მუდამ თვალში ეჩხირებოდათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თურქთაგან, მონღოლთაგან, რომელთაც ქვეყანა წალეკეს და ჩვენი ძლიერებაც დაამხვეს, შემდეგ ისევ სპარსთაგან და განსაკუთრებით ოსმალთაგან, რომლებიც მუდამ სცემდნენ ჩვენს სამხრეთსა და სამხრეთ დასავლეთ ნაწილებსა და ბოლოს წაგვართვეს და გაამაჰმადიანეს, სრულიადაც გააველურეს მესამედზედ უდიდესი ნაწილი საქართველოსი.

მთელი მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე საუკუნეთა განმავლობაში არ დაგვკლებია შემოსევა ბერძენთა, სპარსთა, თურქთა, არაბთა. მიუხედავად ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებათა, მაინც ვითარდებოდა ჩვენი კულტურა, ჩვენი ეროვნული თვით-შეგნება, და როდესაც დავით აღმაშენებელი ტახტზედ ავიდა მეთერთმეტე საუკუნეში,- უმცირესი დამოუკიდებელი ნაჭერი რამ ეპყრა საქართველოსი. ამ პატარა ნაჭრიდან შექმნა გენიოსმა მეფემ ძლიერი სამეფო, გააფართოვა მისი საზღვრები, ააყვავა იგი და ისე გადასცა თავის მემკვიდრეებს. თამარ მეფის დროს და შემდეგ, მონღოლების შემოსევამდის საქართველოს ოქროს ხანა დაუდგა, ქვეყანას აჩვენა მაშინ საქართველომ, თუ როგორი ნიჭის პატრონი იყო მისი ერი და რა შეეძლო კულტურულად, როცა ბატონი არა ჰყავდა და თავისუფალ განვითარებას ეძლეოდა. მაშინ განვითარდა კოჰეზია ქართველ ერისა. საქართველო პოლიტიკურად შეერთებული იყო, აგრეთვე კულტურულად იგი კიდევ უფრო ერთდებოდა, თუმცა მთელი მისი კულტურული განვითარება წინადაც ეროვნული იყო, და ყოველი მიმართულება მრავალ-მხრივი კულტურისა, წამბაძველობითი იყო იგი თუ ორიგინალური, ერთ ეროვნულ კალაპოტში მიდიოდა და საერთი ქართულ ეროვნულ საუნჯედ ჩამოისხმოდა. მონღოლთა შემოსევამაც მეცამეტე საუკუნეში და მათმა ბატონობამაც დასცა საუკუნოდ საქართველოს ძლიერება, დავნაწილდით პოლიტიკურად, დაქვეითდა ჩვენი კულტურა, შეირყვნა ენა, დაქვეითდა ჩვენი ზნეობა და სამართალი. თუმცა მეთოთხმეტე საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ ისევ შეაერთა და ეცადა მისის ძველის დიდების აღდგენასა. მაგრამ შემდეგ იგი ისევ დაიყო. დაქსაქსული ერი მტრებმა დაგვიჯაბნეს. ირგვლივ გვეხვია მტერი და გაქრობას გვიქადდა. შიგნით ყოველ-მხრივ დაქვეითება დაგვეტყო. მეთექვსმეტე და განსაკუთრებით მეჩვიდმეტე საუკუნეში ისევ გახრწნილება და დაცემა იყო ჩვენში, რომ ისტორიკოსებს გული უკვდებათ როცა ამ ეპოქას აღწევენ. აგრეთვე მუდმივი ომები ოსმალებთან, წელში სტეხდა და ანადგურებდა სამცხე-საათაბაგოსა და დასავლეთ-სამხრეთ საქართველოს, სადაც ისლამი ძლიერად იკიდებდა ფეხსა.

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში პირდაპირ მსხვერპლნი შევიქენით სპარსთა და ოსმალთა. შაჰ აბაზის შემოსევა აღმოსვლეთ საქართველოში და ოსმალთა თარეში სამცხე-საათაბაგოში და დასავლეთ საქართველოში მთელი საუკუნის განმავლობაში, რისხვად დაგვატყდა თავზედ. მან გასტეხა წელში კახეთი და ქართლი: კახეთის ნაწილი, ძველი მდიდარი ჰერეთი განადგურდა, 60 000 ქართველი სპარსეთში წაასხეს. უპატრონოდ დაგდებული განადგურებული ქვეყანა ლეკთა ბატონობის მსხვერპლიც კი გახდა და გამაჰმადიანდა. სამცხე-საათაბაგომ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველომ ვერარ გაუძლო ოსმალთა ბატონობასა, მუდმივ წამებასა და მთლად ჩაიფლო ისლამის მორევში, უარ-ჰყო მამა-პაპათა რჯული და კულტურა, გაველურდა და მოსწყდა სრუალიად საქართველოს ეროვნულ ორგანიზმსა. რამდენიმე ადგილებში ენა თუ შერჩათ კიდევ, სხვა ყოველისფერი ცეცხლსა და მახვილს, განადგურებასა და დავიწყებას მიეცა.

მეთვრამეტე საუკუნეში ისევ სდგება გამოღვიძებისა და განახლების ხანა. მეფეები ვახტანგ მეექვსე და ირაკლი ბრწყინვალე პიროვნებანი არიან ამ ხანისა. პირველი სცდილობს საქართველოს კულტურულად აყვავებას, ხოლო მეორე პოლიტიკურად მის გამაგრებასა. ამ დროს იწერება და სწორდება სამართლის წიგნები, სწორდება ისტორია, სწორდება ენა და სხვ. ერეკლე მეფე სცდილობს ალაგმოს ლეკები, დამოუკიდებელ ჰყოს საქართველო სპარსთაგან და ოსმალთაგან, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მეფეები და მთავრები სცდილობენ დამოუკიდებლობას და საერთო მიმდინარეობაც-კი არსებობს საქართველოს პოლიტიკურ ერთობის აღდგენისა. სოლომონ ლიონიძე და სხვა მაშინდელი პოლიტიკური მოღვაწენი სცდილობენ განახორციელონ ეს მისწრაფება.
* მაგრამ დიდი ხნიდან იყო საქართველოში ბევრ მორვაწეთა სურვილი საქართველო რუსეთთან შეეერთებინათ. სპარსეთი და ოსმალეთი რასაკვირველია ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მათმა მატყუარა დიპლომატიამ, მუდმივმა დაპირებამ საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინად და მუდმივმა პირის გატეხამ,- ყოველივე ამან ძალა გამოულია საქართველოს და პირი აბრუნებინა რუსეთისაკენ. თუმცა მეორე მიმდინარეობაც იყო მთელს საქართველოში,- მიმდინარეობა საქართველოს პოლიტიკური შეერთებისა, რომლის საუკეთესო წარმომადგენელიც იყო სოლომონ ლიონიძე, მაგრამ ბატონიშვილების ქიშპობამ, სამეფო ტახტის ძებნამ ათას პრეტენდენტის მიერ, შინაურმა გახრწნილებამ და ურთი-ერთის მტრობამ დაამარცხა ეს მიმდინარეობა და გადასწყვიტა საბოლოოდ საქართველოს რუსეთთან შეერთება. ამიტომაც წამოვიდა აღა-მაჰმად ხანი რისხვითა და აიკლო საქართველო. ირაკლის შემდეგ კი კიდევ უფრო უხეიროდ წაიყვანეს საქმე საქართველოს მმართველებმა და საუკუნოდ “შეუერთეს” საქართველო რუსეთსა...

მოხდა ეს “შეერთება”, მაგრამ კიდევ დიდება საქართველოს, რომ მეცხრამეტე საუკუნის კარამდის მოიტანა დამოუკიდებლობის დროშა, როგორც ქართლმა და კახეთმა, ისე იმერეთმა, გურიამ, სამეგრელომ და სხვა.

საქართველო შეუერთდა რუსეთს, მაგრამ შეუერთდა როგორც სამეფო, განსაზღვრული პოლიტიკური და იურიდიული პირი საერთაშორისო თვალსაზრისით. ასეთი ხელ-შეკრულება პირველად დაიდვა 1783 წელს ქართლ-კახეთის მეფის ირაკლი მეორისა და რუსეთის დედოფლის ეკატერინე მეორის შორის. იქ იყვნენ განმტკიცებულნი ჩვენი უფლებანი, როგორც საპროტექტატორო სახელმწიფოისა და აგრეთვე ნაწილად იმპერატორ პავლე პირველისა და იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტებში 18 იანვარს 1801 წელს (პავლე 1-ისა) და 12 სექტემბერს იმავე 1801 წელსა (ალექსანდრე I-ისა).

მას შემდეგ ასზედ მეტი წელი გავიდა. ძლიერ შეგვბერტყა უცხოთა ბატონობამ. მაგრამ ერთი მაინც ვართ, ერი ისტორიული, აგრეთვე უფლებათა მქონე ზემოდ მოხსენებულ ტრაქტატისა და მანიფესტის ძალით.

ჩვენ ერი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მესამედი საქართველო მოწყვეტილია ჩვენ კულტურულ სფეროსა. შეგვრჩა ენა, თუმცა მას რუსთაველის ენის მშვენება აღარა აქვს; ამ ენაზედ გვქონდა ჩვენი მწერლობა მთელი ამ უკანასკნელი ასის წლის განმავლობაშიაც. შეგვრჩა ტერრიტორია თუმცა თან და თან მას სხვა ელემენტები იჭერდნენ და ეხლაც იჭერენ. მალე გამოგვეცლება ხელიდან, თუ ყოველი ღონე არ ვიღონეთ მისი დაცვისათვის. შეგვრჩა ორი მილიონამდის ქართველი ხალხი, განსაზღვრული ანთროპოლოგიური ტიპისა, განსაზრვრული ეროვნული სახისა, თუმცა მრავალი შემოსევისა და უცხო ელემენტთა გადმოსახლების წყალობით ჩვენი ისტორიის ვითარებაში წმინდა ქართულ ტიპს მრავალი უცხო ტიპი შეურევია და გაუქართველებია. შეგვრჩა ოჯახი ქართული ტრადიციებით, თუმცა მას უცხო ზნე და უცხო ელფერი დაეტყო განსაკუთრებით დრო-მოჭმულ წოდების შორის. შეგვრჩა ჩვენი მიწა-წყალი და სიმდიდერე, ჩვენი მეურნეობაც არსებობს, თუმცა ჩვენსავე ქვაყანაში სხვები გვჯობნიან. სხვები სარგებლობენ ჩვენზე მეტად ჩვენი სიმდიდრითა, და თუ სამეურნეო შემოქმედება არ გამოვიჩინეთ, სხვების მონები შევიქმნებით. შეგვრჩა ჩვენი ხელოვნება,- ლიტერატურა, რომელსაც შეძლებისადა გვარად ვანვითარებთ, არქიტექტურა, რომელიც ეკლესიების სტილმა მაინც დაიცვა, მუსიკა, საუკეთესო მთელს აღმოსავლეთში, წმინა ქართული, ორიგინალური და მდიდარი, რომლის მზგავსიც არ მოიპოვება მთელს აზიაში და რომლის განვითარებასაც ნელ-ნელა ვეწევით. შეგვრჩა ჩვენი სარწმუნოება, თუმცა ეკლესია უცხოთაგან არის წარტყვენილი და მრავალი ქართველი ისლამის მმოსავად გადიქცა ჩვენ შავ-ბნელ ისტორიის ვითარებაში. შეგვრჩა ზნე-ჩვეულება, თუმცა გარუსების ფერმა ძლიერ გადაგვკრა განსაკუთრებით მაღალ სფეროებში. შეგვრჩა სურვილი მეცნიერებისა და სწავლისა. ვსცდილობთ კიდეც ვიქონიოთ ქართულად ჩვენი ისტორია და სხვა მეცნიერებანი, თუმცა ბავშვობიდანვე სცდილობენ სკოლებში ჩვენს გადაგვარებასა და ნება არა გვაქვს ვიქონიოთ ჩვენი სკოლები, ჩვენი აკადემიები. შეგვრჩა ჩვენი სამართლის ნაშთები, რომელიც ხალხის იურიდიულ შეგნებაში სცოცხლობს, თუმცა მისი ადგილი უცხო სამართალმა დაიჭირა; უცხო ენაზედ სწარმოებს იგი უცხო დაწესებულებებში. როცა კი ჩვენი ხალხი თავისუფლად იგრძნობს ხოლმე თავს, იგი მყისვე აცოცხლებს თავის სამართალსა. შეგვრჩა შეგნება ჩვენი ეროვნებისა, თავმოყვარეობა, თუმცა იგი სუსტია და ძლიერი კულტურული კოჰეზიაა საჭირო, ძლიერი სულიერი ერთობა, რომ საქართველომ მძლავრად იგრძნოს საკუთარი არსებობა და თავმოყვარეობის შელახვა, კიდით-კიდემდე. დასასრულ, შეგვრჩა ნაცვლად პოლიტიკური არსებობისა, რომელიც ძალით წაგვართვეს, უფლება ავტონომიისა განმტკიცებული ზემოხსენებულ ტრაქტატითა და მანიფესტებითა...

ჩვენ ვიცით, თუ როგორ აღასრულეს არა მარტო 1783 წლის ხელ-შეკრულება, არამედ ისიც კი, რაც აღთქმული იყო ორი იმპერატორის ფიცით განმტკიცებულ მანიფესტში, ვიცით თუ როგორ გადააქციეს საქართველო რუსეთის გუბერნიად და ამით შელახეს თანამდროვე საერთაშორისო სამართალი, რომლის წინაშეც ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ჩვენ კანონიერ უფლებათა დაცვა. ისიც ვიცით თუ რა ბრძოლა გასწია მთელმა საქართველომ,- მთიულეთმა, კახეთმა, იმერეთმა, ქიზიყმა და სხვა კუთხეებმა თითქმის მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში (იხ. ა.ფრონელი:მთიულეთი 1804 წ, ამბოხება კახეთისა 1812 წ და სხვ.) დარღვეულ უფლებათა დასაცველად. მაგრამ სამართალი მაინც სამართალია, იგი განირჩევა ძალისაგან, და როგორი ცეცხლი და მახვილიც უნდა დაატრიალონ სამართლის დამრღვევებმა საერთაშორისო სამართლის წინაშე ჩვენ მაინც შერყეული საბუთები გვიჭირავს მისი უარმყოფელი ძალის წინააღმდეგ.

აგრეთვე ყოველ ერს თავისი თავის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ საერთაშორისო სამართლის განხორციელებას მტკიცე საფუძველი მისცეს: სურვილი თავის უფლებათა დაცვისა, სიცოცხლე, სოციალური გაუმჯობესების სურვილი, თვითმოქმედება. ამ ნიჭსაც ვიჩენდით მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში და უზენაესად გამოვიჩინეთ იგი 1904-5 წლებში, არა ნაკლებ თვით დიდი რუსის ხალხისა, ყოველ შემთხვევაში უფრო კულტურულად. (იხ. ივ. ჯავახიშვილი: Социальное и политическое движение в Грузии в IXI веке ).

სამართალი და კულტურული ძალა კი არის სწორედ ის ცხოველ-მყოფელი, რომელმაც უნდა გაანედლოს და განაძლიეროს ჩვენი ერის დაავებული ორგანიზმი, თუ მართლაც არსებობს საკაცობრიო სინიდისი და ჩვენც მისი სამართლის გადაჭრამდე შევინარჩუნეთ თვითარსებობა და სიცოცხლე, გამოვიჩინეთ ნიჭი კულტურული შემოქმედებისა.

განვიმეორებთ, ჩვენ ერი ვყოფილვართ და ვართ დღესაც, განსაზღვრული, კონკრეტული სოციალური ორგანიზმი, რომელსაც ისეთივე უფლება აქვს სიცოცხლისა, როგორც ყველას, დიდსა თუ პატარას, ბრწყინვალესა თუ დაქვეითებულსა. თუ საბუთია საჭირო “კაცობრიობის” წინაშე თავისუფალ არსებობის უფლების მოსახვეჭად, აი ეს საბუთებიც: განსაზღვრული ეთნიური და ლინგვისტური ტიპი, განსაზღვრული კოჰეზიის მქონე სოციალური ორგანიზმი, ისტორია, კულტურა ხანგრძლივი და თავისებური, ხან შავ-ბნელი და შფოთიანი, უფრო იშვიათად კი მშვიდობიანი, განსაზღვრული უფლება, ნამდვილი და მართალი მოქმედ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

«ერი და კაცობრიობა», 1910 წელი

* იხ. ყოველივე ზემოთხსენებულზედ: ივ. ჯავახიშვილი: ქართველ ერის ისტორია; ქართულ სამართლის ისტორია – ლექციები 1909 წ.; ქართული საისტორიო მწერლობა – 1910 წ.; ქართველ ერის ეკონომიკური ისტორია და სხვ. - ნ. მარრი История Грузии - და სხვ.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."