მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნოე ჟორდანია: საქართველოს საგარეო პოლიტიკა
I
საქართველოს მუდამ ქონდა და აქვს თავისი საგარეო პოლიტიკა.
ქონდა ისტორიულ წარსულში — მეფეთა ხანში, მეცხრამეტე საუკუნეში — რუსეთის ბატონობაში, დამოუკიდებელ რესპუბლიკაში და აქვს დღეს, მოსკოვის ოკუპაციის დროს.

რა ახასიათებდა ამ პოლიტიკას თვითეულ ამ ისტორიულ პერიოდში?

საგარეო პოლიტიკის საგანია პირველყოვლისა გადარჩენა ერის ფიზიკურათ უცხოთა შემოსევის და გაჟლეტისაგან, გადარჩენა მისი დამოუკიდებლობის, ნაციონალური ყოფა-ცხოვრების და წყობილების, შენახვა მისი შინაგანი ძალებით განვითარების, მისი მატერიალური და იდეიური საუნჯის გამდიდრების, აღორძინების და აყვავების. აქ წინ დგება ერის საერთო ინტერესები და ამ დროშის ქვეშ ის ეპირდაპირება უცხოეთს. ეს დაპირისპირება ღებულობს ორ ფირმას: თავდაცვის და შეტევის, ბრძოლას დამპყრობელთა წინააღმდეგ და ბრძოლას დასაპყრობელათ. საგარეო პოლიტიკა იძიებს გზებს, საშუალებებს ორივე ამ ფორმის საწარმოებლათ და გასატარებლათ.

მაშასადამე, საგარეო პოლიტიკა არსებობს იმიტომ, რომ არსებობს ქიშპობა და ბრძოლა სხვადასხვა ერთა და სახელმწიფოთა შორის. ამ საერთო შუღლში თვითეული მისი მონაწილე ცდილობს, რასაკვირველია, გადარჩეს და გაიმარჯვოს, ქართველი ერი ერთი ამ მონაწილეთაგანია და იძულებულია თავი დაიცვას და გადარჩეს. როგორ, რა გზით — ეს საკითხი მას მუდამ ედგა წინ და მას სჭირდა თავისებურათ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გადამჭრელ გავლენას ახდენდა ერის მცირე რიცხვიანობა და უხსოვარი დროიდან დღევანდელ მის მიწა-წყალზე დასახლება, პირველი შემთხვევა მას არ ანებებდა ეწარმოებია აგრესიული პილიტიკა, სხვა ხალხების დაპყრობა და დარბევა, ხოლო მეორე შემთხვევა მას არ ანებებდა თავისი მიწა-წყალიდან აყრილიყო, სხვა ხალხებში ათქვეფილიყო ან მათთან თავი შეეფარებია და მათი გავლენის ქვეშ ჩავარდნილიყო. ორივე ამ გარემოებით ის იძულებული იყო ეწარმოებია თავის დაცვა თავის საკუთარ ტერიტორიაზე და ამ დიდი მიზანისათვის სავსებით დაემორჩილებია მთელი თავისი საგარეო მოღვაწეობა.

სანამ საქართველო კულტურულათ წარმოადგენდა ნაწილს ძველი სპარსეთის, ეს მისი საგარეო მუშაობა წარმოებდა გვარიან მწყობრათ სპარსთა გვერდით და მათი დახმარებით. პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი სპარსელი იყო. ჩვენი პატარა ერის დიდი ერის მფარველობით და კეთილმეზობლობით გადარჩენა და მისი თავისუფლების დამაგრება ამ დროს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. მაგრამ ბიზანტიის აღორძინება და ქართველობის გაქრისტიანებით მის გავლენის სფეროში მოქცევა სცვლის მთელ ობიექტიურ მდგომარეობას და ართულებს საგარეო მუშაობას. საქართველო ემწყვდევა ორ დიდ სახელმწიფოს გვერდით, ამათში ერთი კერპთაყვანისცემელია, შემდეგ მუსულმანი, ხოლო მეორე კი ქრისტიანი. მათ შორის შუღლია და ბრძოლა იღებს შეუწყვეტელ ხასიათს. რა პოზიცია დაიჭირა ამათ შორის ქართველ მთავრობამ?

ერთი შეხედვით, აქ ასარჩევიც არაფერია, ქრისტიანი ერი მუდამ გვერდში ყოლოდა მეორე ქრისტიან ერს. ე. ი. რელიგიური მოსაზრება უნდა გამხდარიყო საგარეო პოლიტიკის მთავარ შინაარსათ. აი ეს დებულება, რაიცა დიდი ხნის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკათ გახდა, სრულიად უცნობია ჩვენი ისტორიის კლასიკური, ანგარიშზე აგებული, ავანტიურას და ფანტაზიას მოკლებული. რა მოუხდება ერს, სახელმწიფოს — აი რა საკითხია გადასაჭრელი. რელიგია ცვალებადია, წარმავალია, ერი მუდმივი, უცვლელია. აი ეს მუდმივი, უცვლელი მოვლენა არის საგანი სახელმწიფო პოლიტიკისა და ის დგება პოლიტიკის წინა რიგში. ორი დიდი მოქიშპე სახელმწიფოს შორის საქართველოს შეეძლო თავი გადაერჩინა ორივესაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებით, დარჩენილიყო მესამე ფაქტორათ, არ ჩავარდნილიყო ერთ-ერთის კოალიციაში და მით სამუდამოთ ხიდი არ ჩეტეხა მეორე მეზობელთან. ამ პოლიტიკის საუცხოვო ნიმუშია ვახტანგ გორგასლანის მოქმედება. ის თხოულობს წარმართი შახის ქალიშვილს და მას უმოყვრდება; ბიზანტია სპარსეთის ომში დახმარებას აღუთქვამს უკანასკნელს, ამით აიძულებს პირველს დაუბრუნოს წართმეული ქართული პროვინციები, რომლის შემდეგ მეფე ვახტანგი გამოდის ორივე მეომართა არბიტრათ და მომრიგებლათ. სპარსეთის ახალი მეფე სარწმუნოებრივი მოტივებით მოდის საქართველოზე, საიდანაც ცეცხლის თაყვანისმცემელნი განდევნეს და ფიქრობს ძალით ძველი სარწმუნოება აღადგინოს. მეფე სთხოვს დახმარებას ბიზანტიას; ბერძენთა ჯარის გამოჩენა საკმაო გახდა უომრათ მშვიდობიანობის ჩამოსაგდებათ და სპარსთა ჯარების პატივით უკან გასასტუმრებლათ.

განსაკუთრებით ძნელი შეიქნა საგარეო პოლიტიკის წარმოება მაჰმადიანობის აღორძინებიდან როცა საქართველო მოიქცა მაჰმადიანთა ზღვაში როგორც პატარა კუნძული, თუმცა მარჯვენა მხარეზე ბიზანტია განაგრძობდა არსებობსა. დაკავშირება ამ დიდი ქრისტიანულ სახელმწიფოსან ნიშნავდა გადაკიდებას ყველა სხვა მეზობლების და თავისი ფიზიკური არსებობის ხიფათში ჩაგდებას. სამოქალაქო მომენტი სძლევს რელიგიურ მომენტს და ერი განაგძობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. არაბთა ბატონობის დროს ქართველობა ეწყობა შიგნიდან ამ ბატონობის უღლის ქვეშ, ვითარდება და ძლიერდება და უცდის დროს არაბთა გასადევნათ. ასეთი დრო კიდევაც გაუდგა. მაჰმადიანებთან შეგუება, როცა არა სჯობს გაცლა, როცა სჯობს ომი, და ამ გზით თავისი ფიზიკური, კულტურული და პოლიტიკური არსებობის შერჩენა — აი ამ დროს ის რეალური სახელმწიფო პოლიტიკა. ამ პოლიტიკას მისდევდა ყველა დიდი მეფე მე-16 საუკუნემდე, აქედან გამომდინარეობდა ის საოცარი მოვლენა, რომ ევროპის რელიგიურ აღტყინებაში, ჯვაროსანთა ომებში მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა და სომხებივით თავისი თავი არ მიიტანა სასაკლაოზე. ქართელები კარგათ ხედავდენ, რომ ევროპიელები შინ დაბრუნდებოდენ, ხოლო ისინი კი დარჩებოდენ პირდაპირ მაჰმადიანებთან განმარტოვებულნი. სახელმწიფო სარბიელზე საქართველო სრულიად არ არჩევდა ქრისტიანს და არა ქრისტიანს, ორივე ერთნაირათ ებრძოდა ომით და აძლევდა ზავს, თავის ინტერესების მიხედვით. თამარის ომები ბიზანტიასთან ცნობილია.

ერთი სიტყვით, მთლიანი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნათელია: ის ცდილობდა არ მომხდარიყო იზოლიაციაში, არ დაპირისპირებოდა მუსულმანობას, როგორც ამნაირს, არ ჩამდგარიყო ანტიმუსულმანურ ბლოკში და არ გადაეკიდებია მეზობლები. ეს პოლიტიკა გადვირგვინდა შესამჩნევი ნაყოფით. მაშინ, როდესაც მუსულმანობა ცდილობდა მოესპო მეზობელი საქრისტიანო სახელმწიფოები და კიდევაც მოსპეს, ჯერ სომხეთი, შემდეგ ბიზანტია, საქართველოს მიმართ კმაყოფილდებოდენ მისი თავის გავლენის ქვეშ ჩაყენებით, თავისი ორბიტაში მომწყვდევით. ამ გზით ერი ირჩენდა თავის თავს გაჟლეტის და გადასახლებისაგან. სახელმწიფო თავის პოლიტიკურ წყობილებას, თავის პროვინციებს, ქრისტიანობა თავის სარწმუნოებას და კულტურას.

შერჩა ამ პოლიტიკას საქართველო?

მოხდა ორი დიდი ამბავი: დაეცა ბიზანტიის იმპერია მისი სატახტო ქალაქით (1454 წ.) და ოსმალები გაბატონდნენ ბალკანეთში; განვითარდა ჩვენში ფეოდალიზმი და დაეცა საბოლაოთ საქართელოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

პირველმა გარემოებამ გამოიწვია მოსკოვის პრეტენზია ბიზანტიის სარწმუნოებრივ მემკვიდრეობაზე; ვასილი მესამე ირთავს ბერძენთა ბატონიშვილს, იღებს საბერძნეთის სახელმწიფო გერბს და ტიტულებს და ცხადდება ბიზანტიის იმპერატორთა მემკვიდრეთ. მართლმადიდებლობის პოლიტიკური ცენტრი ხდება მოსკოვი, ისე, როგორც წინეთ იყო კონსტანტინოპოლი. მაგრამ ამით საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა სრულიად არ იცვლება. ახლაც, ისე როგორც წინეთ ბიზანტია, მოსკოვი ეპირდაპირება მუსულმანობას და მართავს მასთან სისტემურ ომს. საქართველოს პოზიცია ამ ბუმბერაზებს შორის უნდა ყოპილიყო ისეთივე, როგორც იყო წინეთ — სამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და მეზობლებთა წინაშე ლოალობა. ნამდვილათ კი მოხდა ამ პოლიტიკის სავსებით უკუგდება და გადაჭრით ანტიმუსულმანური ბლოკის არჩევა მოსკოვის გვერდით.

ეს საოცარი მოვლენა აიხსნება მხოლოდ ფეოდალიზმის გამარჯვებით და სახელმწიფო პოლიტიკის მაგიერ კუთხური და პიროვნული პოლიტიკის ამუშავებით. თვითეული ფეოდალი, თვითეული მეფე ამ ფეოდალების მიერ შეწუხებული, ეძებს საკუთარი გზით და საკუთარი ჭკუით მეგობარს, მფარველს და გამორჩენას. რატომ ამ ხანაში იწყება ასეთი მფარველის რუსეთში ძებნა? ამის მიზეზია განვითარება ფეოდალიზმის თანამგზავრის — კლერიკალიზმის, რელიგიური საკითხების წინა რიგებში წამოყენება და ქვეყნის ინტერების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა. მოსკოვი ხდება ქართველი სამღვდელოების მექა.

პირველ მიწერ-მოწერას და ელჩების გზავნას მოსკოვში იწყებს კახეთის მეფე ალექსანდრე 1492 წელს. მას მიბაძა ქართლის მეფემ გიორგი მეათემ; მათ გზას აგრძელებენ მათი მემკვიდრენი. ესენი სთხოვენ მოსკოვის მეფეს <<მიიღონ ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში>>; მეფე ალექსანდრე მეორე შეფიცავს რუსეთის მეფეს << ერთგულ ქვეშვრდომობას შვილებით და პირდება უხადოს ხარკი წლიურათ ქართული ნაქსოვებით>> ( დუბროვინი). ერთი სიტყვით ქართლ-კახეთის მეფენი უარს ამბობენ თავის სუვერენობაზე, აღიარებენ რუსეთის ქვეშევრდომობას და საფასურათ ითხოვენ მფარველობას და დახმარებას მუსულმანობის წინააღმდეგ.

იბადება საკითხი: იცოდნენ კი ამ ახირებულ პოლიტიკოსებმა არა თუ მოსკოვის მართველობის სისტემა, არამედ მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს როცა კახეთი ითხოვს მისგან ჯარით შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვის და რიაზანის გუბერნიებს შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმის და ასტრახანის სახანო, მერზე კიდევ ჩერქეზები — ერთი სიტყვით, არავითარი საშუალება რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღების. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვინემ მაშნდელი რუსეთი. არც არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მოსულა საქართველოს არც ერთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, ხოლო რუსეთში კი მიდიოდენ ქართველები, შედიოდენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებენ მოსკოვისათვის.
«ქართული გუსართა პოლკი თათრების წინააღმდეგ ომში 1739 წელს შესანიშნავათ იბრძოდა», სწერს ბუტკოვი. ამის გამო 1740 წ. განსაკუთრებითი უქაზით გადაწყდა «ქართველების მოწვევა გაგრძელდეს და მათგან დაარსდეს ათი როტა». დამხმარე რუსის ძალა საქართველოში არ მოდის, ხოლო ქართული ძალა კი იქით მიდის და ეხმარება «საწყალ» რუსეთს თურქების წინააღმდეგ!

აი ამ ფანტასტიურ ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკამ სავსებით შესცვალა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა და დაედვა საფუძვლათ ყველა უბედურობას, რაც შემდეგ მას თავს დაატყდა. რუსეთი აწარმოებს ომებს ჯერ ყაზანის სახანოსან, შემდეგ ასტრახანის, შემდეგ ამათი ძლევისა სპარსეთთან კასპიის ზღვისა და სავაჭრო მიზნებისათვის; ამავე დროს ომები ოსმალეთთან დუნაის მიმართულებით და ყირიმით. ამ ბუმბერაზებს შორის მომწყვდეული პატარა საქართველო გადაჭრით ემხრობა ერთ მხარეს, ისიც უშორეს, რომელსაც მოსავალი გზებიც კი არ აქვს ჩვენამდე. ახლა იბადება სპარს-ოსმალეთში აზრი საქართველოს მოსასპობათ, მსგავსათ სომხებისა, და მით რუსის საფრთხის კავკასიის გზით თავიდან მოშორებისა. მაგრამ პირველათ სცადეს დიპლომატიური საშუალებანი. სპარსეთის შახი, შაჰ-აბაზი უთვლის ქართლ-კახეთის მეფეთ ჩამოშორდით რუსეთს და მიირთვით ყოველივე შეღავათებიო. ამაოთ. არ გასჭრა. იწყება კახეთის აოხრება სპარსელებისაგან და ქართველების მასიური გადასახლება. მეორე მხრით, ოსმალეთმაც სცადა საქართველოს ჩამოშორება რუსეთიდან და როცა ამას ვერ მიაღწია, იწყო ქართული დაპყრობილი პროვინციების ძალით გამაჰმადიანება. სამცხე-საათაბაგო, აჭარა-ქობულეთი ხდება იძულებული მიიღოს ისლამი.

როცა ასეთი საშინელი ამბები ტრიალდებოდა ჩვენში, როგორ გვეპყრობოდა ჩვენი მძლავრი მოკავშირე, რუსეთი? პეტრე დიდს სპარსთან ომში ვახტანგ მეფემ მიაშველა 40.000 მეომარი, რითაც რასაკვირველია მეტათ გაარისხა როგორც შაჰი, ისე სულთანი. მაგრამ ზავის ჩამოგდების დროს მოსკოვმა «დაივიწყა» საქართველო და ჩაუტოვა ის უმწეოთგანრისხებულ მეზობელთ. შაჰმა იჯერა გული ვახტანგზე, გააძევა საქართველოდან და ისიც თავს აფარებს მრავალი საუკეთესო ქართველით მოსკოვს. ხოლო ქვეყანას კი აოხრებს შემოსეული სპარსელები. ერეკლე მეორე გაყვა მამის-თეიმურაზის გზას, გააგრძელა მეგობრობა სპარსეთთან, მონაწილეობაც კი მიიღო მის ომებში ინდოეთის საზღვარზე. მაგრამ ამ ხაზს ბოლომდე ვერ შერჩა, ჩაება რუს-ოსმალეთის ომში (1770წ. ასპინძის ომი) რუსეთის დასახმარებლათ, და მით გადაეჯაჭვა სარუსეთო პოლიტიკას; უკან დასახევი გზა აღარ ქონდა.

ბოლოს, სულ ბოლოს, სამასი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იყო მოვიდა საქართველოში «მოკავშირე» ჯარებით და დახმარების მაგიერ, ის სავსებით მოსპო და თავის გუბერნიათ აქცია. ასე საქვეყნოთ დამარცხდა მეთექვსმეტე საუკუნიდან დაწყებული ჩვენი საგარეო პოლიტიკა: ქვეყანა აოხრებული, ერის მესამედი გამაჰმადიანებული და უცხო უღელში მყოფი, მცხოვრებთა რიცხვი განახევრებული, თავისუფლება დაკარგული, საერთაშორისო ურთიერთობიდან გამოვარდნილი.

ამნაირათ, მეფეთა ხანაში იყო ნაწარმოები ორი მოპირდაპირე საგარეო პოლიტიკა: ერთია პოლიტიკა სახელმწიფოებრივი, რეალურ ინტერესებზე აგებული, ერის სვებედზე მზრუნავი და სინამდვილეზე დაყრდნობილი. მეორეა პოლიტიკა ფეოდალური, კუთხური, ოჯახური, პირადი თუ ჯგუფური სარგებლობის მაძიებელი, ერისთვის ავანტიურისტული და დამღუპველი. რაკი არ იყო ერთი სახელმწიფო, არ იყო ერთი სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს პატრონი არ დაურჩა.
აი ამ ფეოდალური საგარეო პოლიტიკით გადმოვედით მეცხრამეტე საუკუნეში.

II
პირველ წერილში დავინახეთ, რომ საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ იყო აუცილებელი შედეგი საქართველოს მართველი წრეების საგარეო პოლიტიკისა, დაწყებული მეთექვსმეტე საუკუნიდან. წარმოიდგინეთ, მაგალითად დღეს, შვეიცარია უკავშირდება გერმანიას და ხელს იღებს თავის საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. ამის შედეგი იქნება საფრანგეთის მიერ დაპყრობა მისი მოსაზღვრე ნაწილების და რაც გადარჩება გერმანიის ლუკმათ გადაქცევა. აქედან წარმოდგება საგარეო პოლიტიკის ძირითადი დებულება: კავშირი შეიძლება მხოლოდ თანასწორ მეზობელ სახელმწიფოთა შორის; კავშირი პატარა და დიდი სახელმწიფოსი თავდება პირველის დანგრევით. ეს ძველი ამბავია, თიხის და რკინის ქოთანის ერთათ მოგზაურობა მუდამ სახიფათოა.

საქართველო რუსეთის ხელში გადაიქცა სპარს-ოსმალეთის საფრთხობელა იარაღათ, რითაც ის აუძულებდა მათ დათმობებს. ხოლო საქართველომ კი სამაგიეროთ ვერავითარი შეღავათი, ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო რუსეთისაგან. იქიდან მოდიოდენ მხოლოდ ბერები, საჩუქრები და ულევი დაპირებანი. ეს აშკარა მაჩვენებელია იმის, რომ ერთი, უძლიერესი მხარე აწარმოებდა სახელმწიფო პოლიტიკას; ხოლო მეორე, უსუსტესი, არა სახელმწიფო, კერძო ინტერესების პოლიტიკას. ეს უკანასკნელი მოვლენა დამახასიათებელია მთელი ფეოდალური წყობილებისა მთელ ქვეყანაზე. ინგლის-საფრანგეთის ასი წლის ომი იკვებებოდა ფრანგ ფეოდალების მიერ ინგლისის მოწვევით შინაურ საქმეებში ჩამოსარევათ თავის მეფის წინააღმდეგ. აქ მეფე იცავდა თავის საბრძანებლის მთლიანობას, რაიცა ნიშნავდა დაცვას ამავე დროს ნაციონალური ინტერესისა. ფეოდალები კი თავის ოჯახის და ლოკალური ინტერესების მეთაურათ გამოდიოდენ. რაკი საქართველო სავსებით მოექცა ფეოდალურ ურთიერთობაში, რაკი აქ მეფენიც კი არ ცდილობდენ ერის გაერთიანებას (ერეკლე მეორემ უარი თქვა იმერეთის შემოერთებაზე) და მთლიან სახელმწიფოს საფუძველზე დაყრდნობას, ამით აიშვა დამარღვეველი ელემენტების თარეშობა და მათ დარჩათ ბატონობა.

აღარ იყო ნაციონალური საგარეო პოლიტიკა, გამეფდა ფეოდალური პოლიტიკა.

ამით აიხსნება ისიც, თუ რა ხასიათის მოძრაობა გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობამ. მაშინ, როდესაც კახეთში და მთაში მღელვარება დაიწყო, ქართლი სდუმდა, ხოლო იმერეთი შორიდან სეირს უცქეროდა. როცა იმერეთი ადგა, ამერეთი სდუმდა. ე. ი. ანექსიას ერი შეხვდა დაქსაქსულათ, დაბნეულათ, მისი სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა ინტერესებით გარემოცული. გაბატონებულ წრეებმა დიდმა მემამულეებმა დასტოვეს ბაგრატიდების დინასტია და თავისი ბედი გადაასკვნეს რომანოვებს. პენსიები, ჩინები, ორდენები გახდენ მათი მონადირების საშუალებათ. ოჯახურ წოდებრივი ინტერესი დადგა ერის ინტერესების მაღლა, ე. ი. წინანდელი ფეოდალური პოლიტიკა იქნა გაგრძელებული ახალ პოლიტიკურ ურთიერთიბაში. ამ გარემოებამ გარიყა აჯანყებული ტახტის მემკვიდრე და მისი მომხრენი და ისინიც იძულებული გახდენ სპარსეთში სამუდამოთ გადახვეწილიყვენ. ასე დასრულდა გარღვევა ნაციონალური ტახტის და მართველი წოდების ინტერსების. ხოლო ხალხს ხომ არაფერი ეკითხებოდა, გარდა მორჩილებისა თავთავიანთ მებატონეებისადმი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა სავსებით კარგავს ნაციონალურ ელფერს და ხდება თავად-აზნაურობის ინტერესების დაცვათ რუსეთის მთავრობის საშუალებით. ამიტომ საქართველოს ხმა აღარ ისმის არც ერთ საერთაშორისო გართულებაში, რითაც მდიდარია მაშინდელი ეპოქა. ფეოდალიზმი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი ირღვევა, მაგრამ ფეოდალური პოლიტიკა, პოლიტიკა პირადი გამორჩენის, გრძელდება. ეს ხაზი თანდათან ხდება გაბატონებული წოდების კოლექტიურ ხაზათ და ბოლოს ის ყალიბდება თვით ამ კლექტივის ჩამოყალიბებით, მსგავსათ რუსეთის თავად-აზნაურობისა.

რუსეთის ერთათერთ დასაყრდნობ ბაზათ კავკასიაში ხდება საქართველო, საიდანაც ის აწარმოებს შეტევას ყველა ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. რა მიზანი ქონდა რუსეთს?

კარლ მარქსის მაშინდელი ცნობებით რუსეთის მიზანი იყო შავი ზღვის გადაქცევა თავის დახურულ ტბათ და ამით სვლის გახსნა აზიაში საბატონოთ, ხოლო ეს შეიძლებოდა დაპყრობით კავკასიის და დუნაის ნაპირების. მაგრამ ამ პლანებს ებრძვის გარდა ოსმალეთისა, ინგლისი და საფრანგეთი და მით კავკასია-დუნაის საკითხი ხდება ევროპის საკითხათ. ადრიანოპოლის ზავით 1837 წელს დამარცხებულმა ოსმალეთმა აღიარა მთელი კავკასია რუსეთის სამფლობელოთ. ინგლისმა უარი თქვა ამ ხელშეკრულობის ცნობაზე. ლორდთა პალატაში გრეიმ განაცხადა, «რომ ამ ხელშეკრულობის დადასტურება ნიშნავს ოსმალეთის განწირვას და მშვიდობიანობის დარღვევას ევროპაში». დიდი დიპლომატიური ბრძოლის და მიწერ-მოწერის შემდეგ რუსეთს გამოგლიჯა ევროპამ ჩერქეზეთი და ის აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ თავისი შავი ზღვის ნაპირებით. ამ საერთო ევროპიულ დავაში საქართველოს ხმა არ ისმის, ქართველი მოღვაწენი არ სჩანან და არ იცავენ ყოველ შემთხვევაში ერეკლე მეფის მიერ რუსეთთან დადებულ ტქრაქტატის ხელშეკრულობას. იგივე განმეორდა ყირიმის ომის დროს 1854 წელს, როცა კავკასიის ირგვლივ დიდი ომი გაჩაღდა და შავ ზღვაზე გამოვიდა ინგლის-საფრანგეთის შეერთებული ესკადრა რუსეთის წინააღმდეგ. ოსმალეთი იძლევა წინადადებას საქართველოს ოკუპაციისას და ამ გზით ყარსიდან და მით მთელი ამიერ-კავკასიიდან რუსის ჯარის გარეკისას. საფრანგეთი მხარს უჭერს ამ პროექტს, ინგლისის სამხედრო მინისტრი წინააღმდეგია იმ მოსაზრებით, რომ მტრის ტერიტორიაზე ჯარის ექსპედიცია ხაფანგიაო. კ. მარქსი თავის წერილში ებრძვის ამ შეხედულობას და ამბობს, რომ მინისტრს შეიძლება «საქართველო მართლა მიაჩნია მტრათ და არა მეგობრათ, ის საქართველო, რომელიც წარმოადგენს კავკასიაში რუსეთის პოლონეთს. ოსმალეთის პროექტი არის მთელი თავისი შინაარსით გაბედული, კარგათ დამწიფებული და შეიძლება ერთათ-ერთი სტრატეგიული იდეა, რაც ამ ომმა მოგვცა». შემდეგ ავტორი იძლევა თავის პლანს: ჯარის გადასხმა სამეგრელოში, დაჭერა ქუთაისის, წასვლა თბილისზე და რუსის ჯარის განდევნა და სხ. იბადება საკითხი: ვინ იყო მართალი, ინგლისის მინისტრი თუ მარქსი? უეჭველია პირველი, საქართველო ამ დროს იყო «მტრის ქვეყანა», ხოლო მარქსი გამოდიოდა იმ საერთო მოსაზრებიდან, რომ დაპყრობილი ერი არ შეიძლება იყოს დამპყრობელის ერთგული. ინგლისს ქონდა რასაკვირველია, თავის დიპლომატიური აგენტებისაგან ცნობები, რომ ქართველი თავად-აზნაურობა იბრძვის რუსის გვერდით და მაშასადამე მოკავშირეთა დასაყრდნობი ბაზა ამ ქვეყანაში არ მოიპოვება. ამავე დროს მოკავშირეთა აგენტები მუშაობდენ აბხაზეთში და სამეგრელოში, მაგრამ სამეგრელოს დედოფალის ეკატერინეს გული ვერ მოინადირეს. ცნობილია მისი პასუხი მათდამი: «ვერ ვუღალატებ ჩემს ხელმწიფე იმპერატორსო». მას აზრათაც არ მოსვლია მოეთხოვა სამეგრელოს ავტონომიის საერთაშორისო ცნობა მაინც. და ეს იმიტომ, რომ ის უყურებდა თავის ქვეყანას არა სახელმწიფოს, არამედ ფეოდალური თვალსაზრისით. ქვეყანა ეკუთვნოდა მას კერძო საკუთრების საფუძველზე, რომელსაც მართავს, გაყიდის თუ გააქირავებს თანახმათ თავისი ოჯახური ინტერესებისა. ამით აიხსნება ისიც, რომ როგორც სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე ნიკოლოზი გახდა სრულწლოვანი, მან რუსეთის მთავრობას მიყიდა ფულზე ყველა თავისი უფლებები და თვითონ გადადგა. სამეგრელო პოლიტიკური ერთეულიდან უცებ გადაიქცა ადმინისტრატიულ ერთეულათ, მაზრათ, მაზრის უფროსის სამართველოთ. ე. ი. ფეოდალური პოლიტიკა პრაქტიკულათ ხორციელდებოდა მესამოცე წლებშიაც და ეს არავითარ პროტესტსაც კი არ იწვევს საზოგადოებაში!

თავისთავათ ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკის მიმდევარნი ვერ გამოვიდოდენ ვერც ერთ დიდ ისტორიულ გართულებაში საქართველოს უფლების დამცველათ და მისი სახელით მოლაპარაკეთ. ყველაფერს სწყვეტს რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორი, ბაგრატიდების მემკვიდრე, და მას უნდა ემორჩილებოდეს ერი - ეს აზროვნება ხდება ოფიციალურ დოქტრინათ და მასზე შენდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ქართველ თავად-აზნაურობის მიერ გამართული დღესასწაული რუსეთთან შეერთების ასი წლის თავზე, 1901 წ., და მის მიერ ოთხი სტიპენდიის დაარსება იმ რუსის პოლკებისათვის, რომელნიც პირველათ ჩვენში შემოვიდენ და დაგვიპყრეს - იყო ლოღიკური დასკვნა ერთხელ აღებული პოლიტიკური ხაზის.

ამ ფეოდალურ პოლიტიკურ ხაზზე საბოლაოთ დადგენ, მცირე ყოყმანის შემდეგ, ქართველი საზოგადო მოღვაწენიც. ტახტის ერთგულების საჯაროთ გამოფენა, მისი სახალხოთ ქადაგება, უქვეშევრდომილესი მორჩილების აღიარება და ამგზით ქართული საქმისათვის სამსახური - ხდება ჩვენ მოღვაწეთა საზოგადო დოქტრინათ. ეს იყო პოლიტიკა, საშუალება, გზა და ხიდი ჩვენი ნაციონალური აღორძინების წინ წასაწევათ. ამ დოქტრინას ეძლევა ოფიციალურათ ქართული ნაციონალური ხასიათი ი. ჭავჭავაძის ხელის მოწერით გამოქვეყნებული წერილით, დაწერილი ნიკოლოზ მეორის გვირგვინის კურთხევის გამო. აქ ვკითხულობთ: «სასოებით ვეგებებით ჩვენთვის და მთელი რუსეთისათვის დიდებულ დღეს და ერთგული ქვეშევრდომის გრძნობით ღმერთსა ვსთხოვთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენის საყვარელის იმპერატორისას საბედნიეროთ და საოხად ჩვენდა». შემდეგ, როცა ხალხის მოძრაობა დაიწყო და პროგრამებზე ჩამოვარდა კამათი, «ივერია» ისევ უბრუნდება ამავე დოქტრინას და სწერს: «ქართველს უნდა ჰქონდეს გარკვეული პროგრამმა; ასეთი პროგრამმა გვაქვს. პირველი მუხლი: ქართველობა აღიარებს თავის მტკიცე ერთობას და ერთგულებას რუსეთისას და ჩვენი ხელმწიფე იმპერატორისა»).

რაკი ერთხელ მოვხვდით იზოლაციაში, დაუპირდაპირდით ყველა მეზობელ ხალხებს, რომელთა დაპყრობაში აქტიური მონაწილეობაც მივიღეთ, ცხადია რაიმე ძალას უნდა დავყრდნობოდით და მომავალი ხიფათისაგან თავი გადაგვერჩინა. ასეთ ძალათ იქნა აღიარებული ხელმწიფე-იმპერატორი, რუსეთის ტახტი, რომლის წინ საქართველო დააჩოქა ფეოდალურმა პოლიტიკამ. ამნაირათ, მე-16 საუკუნის საგარეო პოლიტიკა პირდაპირ გადაება მე-19 საუკუნისას, ერთი და იგივე გაბატონებული წრეების საშუალებით, თუმცა გარეგანი ჩარჩოები ამ პოლიტიკისა სავსებით შეიცვალა, ბაგრატიონთა ალაგი დაიჭირა რომენოვებმა.

მაგრამ როგორც ეს ხაზი გაკოტრდა ძველათ რუსის მოსვლისთანავე, ისევე გაკოტრდა ის შემდეგ , ახალ გარემოებაში. ტახტზე დაყრდნობამ არა თუ ააღორძინა ჩვენი ნაციონალური ცხოვრება, პირიქით, ეს უკანასკნელი უფრო გვარდებოდა, მახინჯდებოდა, რუსიფიკაცია მთელი თავისი ძლიერებით ტარდებოდა. ჩვენ ვერ მივიღეთ უბრალო რეფორმებიც, რაც რუსებს თავსაყარათ ქონდათ, ვერც ერობა, ვერც ნაფიცთა სამსაჯულო, ვერც უნივერსიტეტი, ვერც ერთი კულტურული კერა. მიუხედავათ ამ აშკარა ფაქტებისა, «უქვეშევრდომილეს გრძნობებს» არ ეყრებოდენ, ფეოდალური პოლიტიკა გრძელდებოდა.

აი ეს პოლიტიკა პირველათ გაარღვია ქართველი ხალხის ამოძრავებამ.

რაკი ხალხი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და დაუპირდაპირდა შინაურ თავის მოპირდაპირეთ, ამით ის დაუპირდაპირდა მათ პოლიტიკასაც, მათ მფარველ «ხელმწიფე იმპერატორს», მათ მთავრობას, მთელ მათ ეკონომიკას და იდეოლოგიას. ქართველი ხალხის პოლიტიკური ამოსაღები დაიწყო ლოზუნგით: ძირს ტახტი, ამბავი სრულიად გაუგონარი საქართველოში. ეს იყო ძირიანათ შებრუნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის. ვისი იმედით? ქართველი ხალხი ხომ ვერ მოერეოდა რუსეთის იმპერატორს. აი აქაც იმავე ხალხმა გაარღვია მეორე რკალი, ჩვენი იზოლიაცია მეზობელ ხალხებისაგან და წამოაყენა ყველა ხალხის, ყველა ტვირთმძიმეთა დარაზმვა და ერთი დროშის ქვეშ თავის მოყრა.

ამ ინტერნაციონალურ დროშას ჩვენ გამოვყავდით განმარტოვებისაგან, გვიშლიდა ფართე ასპარეზს, გვაკავშირებდა იმპერიის ყველა ხალხებთან და ხსნიდა პერსპექტივას დიდი რევოლუციისას, დაბმულ ხალხთა და ერთა განთავისუფლებისას. აქ მთავარი ამოცანა იყო კერპის- ტახტის დამსხვრევა, ამ უახლოესი მიზნის გარშემო მთელი ძალღონის ამოძრავება და გამარჯვება. ასეთი გაბედული ნაბიჯი ქართველი ხალხისა იწვევს შიგნიდანვე, ძველი აღთქმის მოღვაწეებისაგან, მედგარ წინააღმდეგობას, ფართო შემოტევას, პრესის და საზოგადოების აყაყანებას, მაგრამ მთელი ეს ხმაურობა აღმოჩნდა სულთმობრძავის უკანასკნელ გაზმორებათ. ქართველი ხალხი უკან არ იხევს, პირიქით, იმპერიის ყველა ხალხთა შორის ის იყო უეჭველათ ყველაზე უფრო აქტიური, მედგარი, შეუპოვარი. ყველა დიდ საერთო ლეგალურ თუ არალეგალურ გამოსვლებს მან უმეთაურა, პირდაპირ თუ თავის არჩეულთა საშუალებით, როგორც ამიერ-კავკასიაში, ისე მთელ იმპერიაში. ეს მოძრაობა პირველი რევოლუციით სასიკვდილოთ სჭრის ტახტს, ხოლო მეორეთი მას სავსებით ანგრევს და მასთან ერთათ ანგრევს ტახტთან დაკავშირებულ მთელ დრომოჭმულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას.

ფეოდალური საგარეო პოლიტიკა ეცემა, ხალხური პოლიტიკა იწყება.

ამნაირათ, რევოლუცია და დემოკრატია გახდა იმ საშუალებათ, რომელმაც გაარღვია ჩვენს ირგვლივ შემოვლებული საგარეო რკალი, გამოიყვანა ერი ისტორიული ჩიხიდან და დაუბრუნა მთლიან ნაციონალურ და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას.
თუ ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდში ამ პოლიტიკას მეთაურობდნენ დიდი მეფენი, ახლა მის მეთაურათ დადგა ქართველი ხალხი, გამოღვიძებული და შეკავშირებული ქართველი ერი.

იშვა საქართველოს ნაციონალური საგარეო პოლიტიკა.


III
ხალხი თავის მტერი არ არის, მის მიერ წარმოებული პოლიტიკა არ შეიძლება არ მომდინარეობდეს მისი საარსებო მოთხოვნილებებისგან, მისი მიუცილებელი საჭიროების და მდგომარეობისაგან. ხოლო ხალხის პოლიტიკა ნიშნავს ერის პოლიტიკას, ნაციის დიდი უმრავლესობის ინტერესების გამოხატულებას.

ხალხის მტერია არა ხალხი, არამედ მისგან გამდგარი და მის მაღლა მდგომი გაბატონებული კლასი თუ ჯგუფნი, რომელნიც მას ეპირდაპირებიან ცხოვრებაში და, მაშასადამე, მათი საშინაო და საგარეო მუშაობის სხვადასხვა ინტერესებს ემსახურება.

რაკი საქართველოში დაირღვა ძველი გაბატონებული წოდება, ხოლო მისი ალაგი ვერ დაიჭირა ახალმა ბატონებმა, ამით ძალა–უფლება ხელში ჩაუვარდა ხალხს, ერის დიდ უმრავლესობას და შეიქმნა შესაძლებელი მართლა ნაციონალური პოლიტიკის წარმოების. ეს პოლიტიკა არ იყო იმპროვიზაცია, უცებ გამოგონილი მუშაობა, არამედ იყო ლოღიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მისდევდა თავის რევოლუციურ ბრძოლაში ქართველი ხალხი. მისი დამახასიათებელია ორი დებულება: თავიდან აცილება იზოლიაციის და ავანტიურის. ეს ხაზი დიდი სიფრთხილით და გამჭრიახობით ტარდება გარემოებათა ახალ ქსელში, სამოქალაქო ომის და მსოფლიო სისხლის ღვრის საბედისწერო მომენტში. ერის გეგმა ცურაობდა აი ამ ორ აგორებულ ტალღებს შორის. სცილას და ხარიბდას სასიკვდილო ლახვარის მიდამოებში და ბოლოს გაბედულათ, გონიერათ გაექცა ორივეს, გამოვიდა უვნებლათ სანაპიროში. მისი ორგანიზმი ვედ დაასახიჩრა ვერც შინაურ, ვერც საგარეო ომმა. საქართველო გადაიქცა ირგვლივ ანთებულ კოცონის ზღვაში ის მშვიდი და აწყობილი კუნძულად, სადაც პოულობენ უშიშროებას და მყუდროებას ყველა დევნილნი და შეწუხებულნი. ამ ტრაღიკულ ხანაში ქართველმა ხალხმა დიდებულათ ჩააბარა ისტორიის გამოცდა.

ამ ხაზის გამარჯვება შესაძლებელი გახდა ერის დისციპლინით, ყველა მისი სასიცოცხლო ნაწილების დარაზმვით და ერთი მთლიანი ნაციონალური ფრონტის შექმნით. პატარა ერი ვერ გადაურჩება ისტორიულ ქარცეცხლს საშინაო შუღლით და განხეთქილებით. ეს შეგნება გახდა საყოველთაო, სახალხო და ის გადაიქცა ჩვენი პოლიტიკური დოქტრინის მიუცილებელ ელემენტათ. ამ ხაზს დაშორდნენ მხოლოდ მცირე ჯგუფები, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ და თავის სახელმძღვანელოთ გაიხადეს ძველი ფეოდალური პოლიტიკა: თავისი ბატონობა მოიპოვონ არა თავის ხალხის, არამედ უცხო ხალხის საშუალებით, უცხო ძალებზე დაყრდნობით; ასეთ ძალათ ერთმა დასახა ჩვენში მდგომი უცხო ჯარი, ხოლო მეორემ მოსკოვი. პირველი ჩაგვიდგა სისტემატიურ ოპოზიციაში, მეორემ სისტემატიურ მტრობაში. მაგრამ ესენი წარმოადგენდნენ თავისთავათ უმნიშვნელო ძალას და ოდნავადაც ვერ არყევდენ ერის მთლიანობას.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ძარღვი მიიმართებოდა რევოლუციურ ერთა თვითგამორკვევის გატარებისაკენ საერთო თანხმობით და ურთიერთ გარანტიით. ე. ი. ერის და ხალხის თავისუფლების განმტკიცება ყველა ჩაგრულ ერთა და ხალხთა შეერთებით და ამათი ურთიერთობის აწყობით და დაწყობით.

მაშასადამე, აქ გასარჩევია ორი მომენტი: მიზანი და გზა ანუ მეთოდი მის მისაღწევათ. რევოლუციის დროშაზე ეწერა ორი ლოზუნგი: დემოკრატია და ერთა თვითგამორკვევა. ხოლო თვითგამორკვევა ნიშნავდა ერის თავისუფლებას და საკუთარი სახელმწიფოს დაარსების შესაძლებლობას. სხვანაირი თვითგამორკვევა ისტორიამ არ იცის. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა მოითხოვდა შესაფერ მეთოდს, რომ ბოლოს არ მიგვეღო მიზნის საწინააღმდეგო მდგომარეობა და არ დავმარცხებულიყავით. ყველა ჩაგრულ ხალხთა და ერთა ერთობა და საერთო ძალღონით საერთო მიზნის განხორციელება იყო ჩვენი მთავარი საშუალება. ეს იყო ჩვენთვის უძლიერესი ფარ–ხმალი იზოლიაციის და დამარცხების წინააღმდეგ ამართული. მაგრამ ამ ხაზს თანდათან ეცლებიან სხვადასხვა ხალხნი, პირველ ყოვლისა რუსის ხალხი. რევოლუცია და დემოკრატია მარცხდება ცენტრში, ბოლშევიკურ და მონარქიულ რეაქციამ იფეთქა; ყველა დანარჩენი ერი თავის ძალით და პასუხისმგებლობით არკვევს თავის თავს სუვერენულ და დემოკრატიულ ერათ. ჩვენ ვიკეტებით ამიერ–კავკასიის საზღვრებში და აქ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს. და როცა ეს რკალიც სკდება გარეშე ძალის შემოსევით, ვიკეტებით ჩვენს საკუთარ საზღვრებში იმ იმედით, რომ კვლავ გადავებმებით ჩვენს მეზობლებს და შევქმნით მთლიან საერთო საფარს. ამ ეკლიან გზაზე ქართველი ერი ვიდოდა მთლიანათ, შეგნებულათ და დაწყობილთ.

რაკი ჩვენ ვერ მივიღეთ ქართველი ერის დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა შინაგანი, საიმპერიო ძალების აწყობით, ვერც კავკასიის ფრონტის შექმნით, ამით მივიჩეხეთ გარეშე იმპერიალისტული ძალებისკენ და გადავებით მათი ინტერესების ალალბედს. ჩვენ აქ მოვიპოვებდით მფარველობას იმდენათ, რამდენათ თავისუფალი საქართველო შევიდოდა მათი საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში, ე. ი. რამდენათ ეს მათვის სასარგებლო და საინტერესო გახდებოდა. ყველა, ახლათ აღორძინებული ერი გაექანა ევროპისაკენ, ყველამ აქ გაშალა თავის მუშაობა და დაიწყო ძებნა მფარველის და დახმარების. ამათ შორის ვიყავით ჩვენც. ე. ი. მიზანი რჩება ურყევი, ნაციონალური თავისუფლება ჩვენს დროშათ , მხოლოდ იცვლება მეთოდი. ვცდილობთ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობის გარანტია დიდი სახელმწიფოებისგან და საამისოთ ეწყობა მთელი საგარეო მუშაობა.

ყველა არსებული პატარა სახელმწიფოები არსებობენ რომელიმე დიდი სახელმწიფოს თუ სახელმწიფოთა შემწეობით, ე. ი. ყველა ისინი წარმოადგენენ მიუცილებელ ღერძს საერთაშორისო წონასწორობისა. ბელგიას და სკანდინავიას უდარაჯებს ინგლისი, შვეიცარიას მის ირგვლივ მდებარე მოქიშპე დიდი ერები, ბალკანეთს რუსეთი წინათ, დღეს საფრანგეთი, არაბეთს ინგლისი, სამხრეთ ამერიკას (მონორეს დოქტრინა), ერთი სიტყვით არც ერთი პატარა ერი არ არის გაშვებული ეულათ, ბაწარწაძრობილი, გინდ იყავი და გინდ არაო. ერი, რომელის თავისუფლება არავის არ ესაჭიროება სხვის უღელშია.

ვერც ერთი პატარა ერი თავს ვერ გაინთავისუფლებს დიდისაგან მხოლოდ საკუთარი ძალღონით. სუსტის და მძლავრის კანონი მუდამ ძალაშია.

რა გეზით მიიმართა ჩვენი დამოუკიდებლობის დროს მსოფლიო პოლიტიკა და რა გავლენა იქონია ამან ჩვენს სვე–ბედზე?

ახალ აღორძინებულ ნაციონალურ ერთეულებში დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს მხოლოდ იმათ, რომელნიც მდებარეობენ რუსეთის და ევროპის შორის. ამის მთავარი მიზეზია არა მათი განსაკუთრებითი ღირსება და უნარიანობა, არა მათი საკუთარი თვისებები, არამედ მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ამიტომ მათ არსებობაში ევროპის დაინტერესება. მას შემდეგ რაც ევროპის ექსპედიცია რუსეთში თეთრი ძალების დასახმარებლათ დამარცხდა და იძულებილი გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო, აშკარა ხდება ევროპელთათვის, რომ ბოლშევიზმი რჩება რუსეთის განვითარების აუცილებელ საფეხურათ და საჭიროა მხოლოდ ამ ჭირისაგან დასავლეთის დაზღვევა. ამერიკის ელჩის ცნობილი სიტყვა ვერსალის კონგრესზე „ სანიტარული კორდონის“ გავლებაზე რუსეთ ევროპის შორის ხდება ამ მიმდინარეობის ოფიციალურ გამოხატულებათ. ბოლშევიკური რუსეთის და ევროპის შორის ბუფერი – სახელმწიფოთა შექმნა შედის ევროპის მსოფლიო პოლიტიკის სისტემაში; ეს ახალი კარანტინი ხდება ამ სისტემის წონასწორობის მიუცილებელ ელემენტათ. ბოლშევიზმი იკეტება ამით თავის სამშობლოში და ის ცხადდება რუსულ წყობილებათ.

მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა, რომ ასეთი კარანტინის შექმნაში დაინტერესებულია თვით ბოლშევიკური ხელისუფლება. ის, შეშინებული მუდმივი ინტერვენციით, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს ევროპიული ჭირი საზღვრების შეცვლით. ახალი ნეიტრალური სახელმწიფოების აღორძინებით დასავლეთის გასწვრივ და მით უზრუნველყოფა ამ მხრით თავისი არსებობის. ყველაფერში დაპირდაპირებული ორი ბანაკი – ევროპა და მოსკოვი – ერთი–მეორის შიშით შეერთდენ ამ ერთ საკითხში და გაავლეს თავიანთ შორის „ნეიტრალური ზონა“ . მათი უშიშროება ამას მოითხოვდა, მიუხედავად იქ ბინადართა ვინაობისა და მათი წარსულისა.

პოლიტიკაში ის მიიღწევა მკვიდრი და საფუძვლიანი, რომელიც აგებულია ინტერესებზე, რეალურ სარგებლობაზე. ყველაფერი ის, რაც კეთდება ინტერესის გარეშე, ხათრით, პროტექციით, სიმპატიით, წარმავალია, უძირო მცენარეა. დღესაც ბალტიის პატარა სახელმწიფოები წარმოადგენენ მთავარ საფარს მოსკოვისათვის და ამიტომ ლიტვინოვი ყოველნაირი საშუალებით ცდილობს მათი ხელშეუხებლობა უზრუნველყოს.

ახლა გადავხედოთ კავკასიის მდებარეობას და მის მეზობელ სახელმწიფოთ. ერთათერთი მეზობელი, რომლის ინტერესში შედიოდა უეჭველათ ჩვენი დამოუკიდებლობა — ეს იყო ოსმალეთი. ეს ოდესმე დიდი სახელმწიფო დღეს პატარათ ქცეული საკუთარი ძალღონით ვერ დაფარავს თავის თავს დიდი მოსაზღვრე რუსეთისაგან. ის ადრე თუ გვიან უნდა გახდეს მსხვერპლი ამ ვეშაპისა. აქ გაისკვნა ორი მოპირდაპირე ინტერესი: ოსმალეთის, რუსეთის წინააღმდეგ საფარი — კავკასია, რუსეთის ასეთი საფარის მოშლა და ოსმალეთთან საერთო საზღვარი. რომ ამით მას ქონდეს მუდმივი შესაძლებლობა მასზე მოახდინოს პირდაპირი გავლენა. რაკი ოსმალეთის გზით მოსკოვს არ მოელოდა ინტერვენცია, მსგავსათ ევროპის გზისა, ცხადია მის ანგარისში აღარ შედიოდა ჩვენი ქვეყნის გამოუკიდებლობა. არ შედიოდა ეს არც ევროპის «სანიტარული კორდონის» სფეროში. ვინაიდან ჩვენ დიდათ დაშორებული ვართ მისგან გეოგრაფიულათ და ამ მხრით მას არ მოელოდა ბოლშევიზმის საშიშროება. ეს მით უფრო რომ ევროპა იჯდა კონსტანტინოპოლში და სრუტეებს გზას ფხიზლათ იცავდა, იქით არ უშვებდა მოსკოვის სენს, ხოლო აქეთ ვისაც ის მოედებოდა — არ დაგიდევდა. ამნაირათ, ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას ითხოვდა ერთათერთი ოსმალეთის (რამდენიმეთ სპარსეთის) ინტერესი, ძალა ერთობ მცირე და გავლენით სუსტი. მაგრამ ეს მცირე ძალაც, კიდევ უფრო დამცირდა იმ მდგომარეობით, რომელშიაც ის მოემწყვდა. მას გადაეკიდა ევროპა, მის წინააღმდეგ დარაზმეს საბერძნეთი, მის გზებს და დედაქალაქს დაეპატრონენ ევროპელები და ამით აიძულეს ის ჩრდილოეთში მოენახა დამხმარე და მფარველი. განსაკუთრებით ლოიდ ჯორჯის მთავრობამ ითამაშა ამ მხრით გადამჭრელი როლი და ოსმალეთი დააჩოქა მოსკოვის წინაშე: მოსკოვის აგენტი, ლოიდ ჯორჯის პირადი მდივანი, უაზე ერთი მხრით აახლოვებდა თავის მთავრობას მოსკოვთან, ხოლო მეორე მხრით ასისიანებდა მას ოსმალეთის წინააღმდეგ; შუღლი ოსმალეთს და ევროპის შორის შედიოდა მხოლოდ რუსეთის ანგარისში, რომ ამით ის ჩამოეთრია ანტი-ევროპულ ბლოკში და გაბატონებულიყო კავკასიაში მისივე დახმარებით. ამ მიმდინარეობას ხელს უწყობდა ინგლისის ლიბერალიზმის ტრადიციული ანტი-ოსმალური პოლიტიკა, რომლის სადავე ლოიდ ჯორჯს ხელთ ეპყრა და ის ეძლეოდა ძველებურ ილუზიას — რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ დარაზმვას. მისთვის მისაღები იყო თუნდაც კაციჭამია რუსეთი, თუკი მას ამ ხაზზე აამუშავებდა და მაშასადამე ბუფერ-სახელმწიფოს შექმნა ოსმალეთს და რუსეთს შორის მის ანგარისში არ შედიოდა. სწორეთ ამიტომ 1920 წელს შემოდგომაზე ლოიდ ჯორჯი უცხადებს კრასინს, რომ ამიერ-კავკასიაში ინგლისი არ არის დაინტერესებული, როგორც ეს შემდეგ ჩიჩერინმა გამოამჟღავნა. მხოლოდ ამ აშკარა ნებართვის მიღების შემდეგ, რუსეთი შემოგვესია. ასე დაუდგეს მახე ოსმალეთს და ისიც შიგ ხელაღებ ჩავარდა. აზერბაიჯანი დაეცა სწორეთ ოსმალეთა მეოხებით, ძალდატანებით და რჩევით, იგივე ოსმალები დაესხა საქართველოს ზურგიდან რუსეთის შემოსვლის დროს — ერთი სიტყვით მიიღო აქტიური მონაწილეობა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა დაცემაში.

როგორც ხედავთ, საერთაშორისო ურთიერთობა დასავლეთით მიიმართა ბალტიკის სასარგებლოთ, ხოლო აღმოსავალთით ამიერ-კავკასიის წინააღმდეგ. ჩვენი საგარეო პილიტიკა მოემწყვდა აი ამ ობიექტიურ ჩვენს სამტროთ მომართულ პირობებში, რომლის გარღვევა პატარა ერის ძალღონეს აღემატება. მას შემდეგ, რაც რევოლუცია რუსეთში დამარცხდა, მაშასადამე დაიკარგა იმედი შინაგანი ძალთა ურთიერთობით ერთა თავისუფლების და თანამშრომლობის უზრუნველყოფის, ჩვენი ყურადღება მიიმართა, რასაკვირველია საგარეო ძალებისაკენ და აქ თავიდანვე შევეჩეხეთ ჩვენს წინაშე ამ აღმართულ კედელს. ოსმალების შემოსევა შევაჩერეთ გერმანელების შემწეობით, ერთათ ერთი მაგალითი ომის მსვლელობაში მოკავშირეთა ერთი მეორის წინააღმდეგ მიმართვისა; ომის გათავებისას ჩვენ მთელ რუსეთთან ერთათ მოვხვდით გამარჯვებულთა ბლოკადაში, ხოლო ინგლისის პრესაში გაიმართა მთელი კამპანია («მორნინგპოსტ» , «ტაიმსი» და სხვ.) საქართველოს წინააღმდეგ. მათ ისარგებლეს საზღვარგარეთელ ქართველ ავანტიურისტების ოსმალეთთან დადებული ხელშეკრულობით, მიაწერეს ის მთელ საქართველოს, გამოგვაცხადეს მოღალატეთ, ოსმალო-გერმანელთა აგენტებათ, დაგვაყენეს საერთაშორისო მფარველობის გარეშე, მიუხედავათ ჩვენი ცდისა, დიდი ავანსების მიცემისა ინგლისისათვის, რომელის ფაქტიურათ საკითხს სწყვეტდა, მისი პოლიტიკის სისტემაში ვერ შევედით, ჩვენი საკითხით არ დაინტერესდა. ამით აიხსნება იარაღის შესაძენათ დენ. ოდიშელიძის თავმჯდომარეობით გამოგზავნილი კომისიის დამარცხება და ხელცარიელი დაბრუნება. მოკავშირეებმა ხელი დაადვეს ყველა იარაღს, სადაც კი ის ეწყო და აკრძალეს ვისიმესათვის რაიმე იარაღის მიცემა. საქართველო იძულებული იყო იარაღის, განსაკუთრებით თოფის, ნაკლებობის და ბლოკადის გამო, დაკმაყოფილებულიყო მცირე შეიარაღებული ძალებით.

ასეთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ურთიერთობაში ჩვენი რესპუბლიკის სამ წელიწადს გაძლება, მის მიერ შინაური წყობილების ახალ თანამედროვე საფუძველზე აწყობა, ხოლო გარეთ ყველა იურიდიული უფლების და ცნობის მოპოვება ჩაითვლება უდიდეს გამარჯვებათ, რაიცა წინეთ არც ერთ ქართველს აზრშიაც არ მოუვიდოდა. საქართველო მე-15 საუკუნის შემდეგ პირველათ ახლა გაერთიანდა პოლიტიკურათ, სულიერათ, შექმნა ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილება, ერთი მთავრობა და მოიპოვა დამოუკიდებლობის ხარტია მტრის და მოყვარისაგან. მისი ყველა სასიცოცხლო ძალების აღორძინება, შეუჩერებელი დუღილი, მრავალფეროვანი შემოქმედება და ჰარმონიულათ საერთო მიზნისაკენ მიმართვა დარჩება სამუდამო ძეგლათ ქართველი ერის ცხოველმყოფელობის, კულტურის და მომწიფების. აი ეს ძეგლი არის ურყევი თავდები მომავალში ჩვენი გამარჯვების და ადგომის.

ამგვარათ, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის მთავარი მიზეზია ჩვენი იზოლიაცია კავკასიაში, აზიაში, ევრობაში. დავრჩით მარტო, ჩვენ წინააღმდეგ მოიმართა ყველა საგარეო ძალები. მაგრამ ეს იზოლიაცია არაფრით არ გავს გასულ საუკუნეთა იზოლიაციას. მაშინ ამას აწარმოებდნენ ჩვენი მეთაურები შეგნებულათ, გაზომილათ, ეს იყო მათი პილიტიკა. ახლა კი ის გახდა შედეგი არა ჩვენი მუშაობის და პოლიტიკისა, არამედ გარეშე ობიექტიურ პირობებისა. ქართველობამ კი პირიქით აწარმოვა პილიტიკა ერთა სოლიდარობის, საგარეო კავშიერების და მეგობრობის, მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში შესვლის. ეს ხაზი დაამარცხა გარეშე უძლეველ გარემოებამ, მაგრამ ამას არ შევხვდით პანიკურათ არ დაუჩოქეთ მოსკოვს, არ მივეცით ახალი თამასუქები და არ ჩაუვარდით ძველებურათ კალთაში. ქართველი ერი კარგავს თავისუფლებას ბრძოლით და არა ჩოქვით, ის განაგძობს ბრძოლას, იარაღს არ ყრის არც შინ და არც გარეთ, ის არ ურიგდება შექმნილ მდგომარეობას და ცდილობს მის გარღვევას. მან შეინახა ნაციონალური მორალი, გაუტეხელი ნებისყოფა, წმინდა იდეალი. როგორც კი ობიექტური პირობები ჩვენს სასარგებლოთ მობრუნდება, ეს იდეალი ხორცს შეისხამს და გამარჯვებული მოგვევლინება...

საფრანგეთი
ემიგრაცია
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."