მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სერჟ ლიფარი და ბალეტი «შოთა რუსთაველი»
სერჟ ლიფარი გახლდათ სერგეი დიაგილევის საყვარელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პარიზის ოპერის დირექტორი, დამდგმელი ბალეტისა «შოთა რუსთაველი», რომელიც მან დიდ ქართველ პოეტს მიუძღვნა. ლიფარი ბალეტის საბჭოთა კავშირში ჩვენებაზე ოცნებობდა. საბჭოთა კავშირში გასტროლების უფლების სანაცვლოდ, სტალინმა მას საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვა. რაზეც ლიფარმა უარი თქვა და ამდენად საბჭოთა კავშირიში მცხოვრებმა ადამიანებმა ეს ბალეტი ვერ ნახეს.

წლების შემდეგ, სერჟ ლიფარმა ისევ სცადა მოსკოვში ჩასვლა, სურდა პუშკინის ხელნაწერების საჩუქრად ჩატანა, რომელსაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა. მაგრამ ქორეოგრაფს საბჭოთა ვიზის მიღებაზე ბოლო წუთს უარი უთხრეს. მხოლოდ 1960-ანი წლების დასაწყისში შესძლო ლიფარმა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის და თბილისის მონახულება. საქართველოს დედაქალაქში მან «საპატიო ქართველის» წოდებაც კი მიიღო, რაზეც ის თავის მემუარებში სიამაყით სწერს.

ფოტოზე: უკრაინული წარმოშობის ფრანგი ბალეტის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ცეკვის თეორეტიკოსი და კოლექციონერი, პარიზის ქორეოგრაფიის უნივერსიტეტისა და ცეკვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი სერჟ (სერგეი) ლიფარი (1904-1986)

ფოტოზე: ნატალია გონჩაროვა, ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს პირველი აქტის სცენა, 1943-46 (?), ფანქარი და აკვარელი ქაღალდზე, 54 x 72,3 სმ, სან-ფრანცისკოს/აშშ სახვითი ხელოვნები მუზეუმი
საქართველოს მუზეუმს მან საჩუქრად გადასცა ნატალია გონჩაროვას მიერ ამ ბალეტისათვის შესრულებული ესკიზები. ლიფარის მთელი დანარჩენი უძვირფასესი არქივი თითქოს არავის სჭირდება. ის დღემდე ინახება ქალაქ ლოზანას არქივის სარდაფში, ამ ქალაქში გარდაიცვალა 82 წლის ლიფარი.

ფოტოზე: ნატალია გონჩაროვა, ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს სურათი (მაკეტი ექვს ნაწილად), 1943, შერეული ტექნიკა დაფაზე, 50 x 64 სმ.

ფოტოზე: ნატალია გონჩაროვა, ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს სცენის ფარდა, 1943, აკვარელი, ნახშირი და ტუში ქაღალდზე, 54 x 75 სმ.
როცა 2012 წლის გაზაფხულზე პარიზში კოკო შანელისადმი და რუსეთის იმპერიიდან ემიგრანტებთან მისი მეგობრობისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით, ლიფარი ამ მოთხრობის ერთ-ერთ გმირად იქცა.

ის იცნობდა არა მარტო კოკო შანელს, არამედ საოცარ რუსუდან მდივანსაც, მოქანდაკე ხოსე მარია სერტის მეუღლეს, მისი სერტის და 1920-30-ანი წლების მთელი პარიზის მეგობარს. საათნახევრიან ფილმში ყველაფრის მოყოლა რა თქმა უნდა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ საოცარ ადამიანებზე და მათ ისტორიებზე მე დავწერე წიგნში «სიყვარულის გამოცანები. რასპუტინი, შანელი, ჰოლივუდი».

იგორ ობოლენსკი
2012 წლის სექტემბერი

ფოტოზე: ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს აფიშა*

ფოტოზე: ბალეტი «შოთა რუსთაველი»

ფოტოზე: ფრანგი პრიმა ბალერინა ივეტ შოვირე (დაიბადა 1917 წელს) ნესტან-დარეჯანის როლში

ფოტოზე: ფრანგი მოდის ილუსტრატორი რენე გრუო (1909-2004), ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს სასცენო კოსტუმები, 1946, კოსტუმების მოდის დიზაინერი ალექსი
სერჟ, უფრო ზუსტად სერგეი მიხეილის ძე ლიფარი, დაიბადა 1905 წელს, კიევში, ტარასოვსკის ქუჩაზე, წყლისა და ტყის მეურნეობის დეპარტამენტის მოკრძალებული თანამშრომელის, მიხეილ ლიფარისა და მისი მეუღლის, სოფიო მარჩენკოს ოჯახში.

მას ბედმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუღიმა, ცეკვას დიდი ვაცლავ ნიჟინსკის დამ, ბრონისლავამ აზიარა. 1922 წელს ნიჟინსკაია გადასახლდა პარიზში, სადაც სერგეი დიაგილევის სახელგანთქმულ «რუსულ ბალეტთან» თანამშრომლობდა. ერთი წლის შემდეგ, მან თავის დასში თავისი საუკეთესო მოწაფეები მიიწვია, რომელთა შორის ლიფარიც იყო. პარიზში მისი მასწავლებლები გახდნენ ვირტუოზი იტალიელი ენრიკო ჩეკეტი და ვაცლავ ნიჟინსკის ყოფილი დამრიგებელი ნიკოლაი ლეგატი.

ლიფარი «რუსული ბალეტის» დასში ძალიან მალე მიიღეს. 1929 წლამდე ის ყველა წარმოდგენაში მონაწილეობდა. 1929 წლის აგვისტოში სერგეი დიაგილევი გარდაიცვალა და დასმა არსებობა შეწყვიტა. სერჟ ლიფარი გრძნობდა, რომ ის ჯერ კიდევ მეტისმეტად ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ დასს სათავეში ჩასდგომოდა და ცეკვა გაეგრძელებინა. პარიზის ოპერის დირექტორის, ჟაკ რუშეს თხოვნით, ლიფარი ამ პრესტიჟულ ფრანგულ საწესებულებას შეუერთდა, რათა ლუდვიგ ვან ბეთქოვენის მუსიკაზე დადგმული ბალეტის «პრომეთეს ქმნილებანი»-ს ქორეოგრაფია შეექმნა.

ეს იყო ტრიუმფი. ლიფარი როგორც ბალეტმეისტერი და მოცეკვავე განადიდეს. იმავე საღამოს, რუშემ ლიფარი «გრანდ ოპერას» მთავარ ბალეტმეისტერად და პრემიერად დანიშნა, რაც 25 წლის ახალგაზრდა მოცეკვავესათვის თავბრუდამხვევი კარიერის საწყისად იქცა. სპეციალისტების აზრით, სერჟ ლიფარი ფრანგული ბალეტის განვითარებისათვის იგივე იყო რაც ფრანგი მარიუს პეტიპა რუსული ბალეტისათვის.

ლიფარის და საფრანგეთის კულტურის მრავალი მოღვაწის ცხოვრების უსიამოვნო ფურცელი დაკავშირებულია ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდთან. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1939 წელს ომი დაიწყო, ლიფარი პარიზში დარჩა და თეატრის ხელმძღვანელობა განაგრძო, დადგა თავისი საუკეთესო წარმოდგენები და ობიექტურად ფრანგული ბალეტი სიკვდილისაგან იხსნა. 1943 წელს შესდგა ლიფარის ერთ-ერთი შედევრის, «სიუიტა თეთრში» პრემიერა.

ფოტოზე: თამარა თუმანოვა (თამარ თუმანიშვილი (1919-1996)) და სერჟ ლიფარი

ფოტოზე: ესპანელი მხატვარ-მონუმენტალისტის ხოსე მარია სერტის (1876-1945) მეუღლე იზაბელ რუსუდან (რუსი) მდივანი (1906-1938) სერჟ ლიფართან და მის ქანდაკებასთან
საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ ლონდონში, მას კოლაბორაციონიზმი დასწამა და სიკვდილი მიუსაჯა. ამის გამო ლიფარმა პარიზი დატოვა და 1944-47 წლებში სათავეში ჩაუდგა «მონტე-კარლოს ახალი ბალეტი»-ს დასს. ომის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულმა კომიტეტმა «წმენდის» საკითხებზე მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და ლიფარი ტრიუმფალურად დაბრუნდა მშობლიურ თეატრში, რომლის უცვლელი ხელმძღვანელიც იყო 1958 წლამდე, იქამდე, სანამ ის საბოლოოდ გაანთავისუფლეს.

შემორჩენილ სამი ათას ფოტოზე ლიფარი აღბეჭდილია იმ დროის ყველა დიდი ვარსკვლავის - ინგრიდ ბერგმანის, მარკ შაგალის, კოკო შანელის, ჩარლი ჩაპლინის, ჟან კოქტოს, ჯორჯიო დე კირიკოს, არისტიდ მემოლის, ფრენსიზ პულენკის, მარკიზ ჯორჯ დე კუევასის, ჟაკ პრევერის, პიკასოს, პოლ ვალერის, გრაფ დე ბომონის, მარკის, მარი-ლოდ დე ნოელის და სხვათა გვერდით.

თავისი ბალეტის დეკორაციების შესაქმნელად, სერგეი დიაგილევი მიმართავდა მხატვარ-ავანგარდისტებს, მრავალმა მხატვარმა ასე გაითქვა სახელი. მისთვის ხატავდნენ მაქს ერნსტი, ხოან მირო, ბაკსტი, ალექსანდრ ბენუა, შაგალი, კოქტო, გონჩაროვა, გრისი, ლეჟე, მაიოლი, პიკაბია, პიკასო.

ბალეტისათვის «შოთა რუსთაველი» რამოდენიმე სურათი ალექსანდრე შერვაშიძის და კონსტანტინ ნეპოს გარდა, დახატა ნატალია გონჩაროვამაც. ეს ნამუშევრები 1943 წლითაა დათარიღებული.

პარიზის ოპერის მიერ მიცემულ მოკრძალებულ პენსიაზე მცხოვრებმა და მეცენატთაგან უყურადღებოდ დატოვებულმა სერჟ ლიფარიმა ვერ მოახერხა თავისი უმდიდრესი და უძვირფასესი კოლექციის მთლიანად შენარჩუნება. ის იძულებული გახდა თავისი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაეყიდა მონაკოს, პარიზისა და ლონდონის აუქციონებზე. სერჟ ლიფარის ბიბლიოთეკის ნაწილი, 817 ტომი ინახება კიევის საჯარო ბიბლიოთეკის ხელოვნებათა განყოფილებაში. უკრაინას ის საჩუქრად დიდი ქორეოგრაფის მეგობარმა, გრაფინია ლილან ალეფელდმა გადასცა.

სერჟ ლიფარის ბიოგრაფია ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

* ბალეტ «შოთა რუსთაველი»-ს პრემიერა შესდგა მონტე კარლოს ეროვნულ თეატრში 1946 წლის 5 მაისს.
მუსიკა პირველი და მეოთზე აქტებისათვის დაწერა შვეიცარიელმა ფრანგმა კომპოზიტორმა არტურ ონეგერმა (1892-1955), მეორე აქტისათვის რუსმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პედაგოგმა ნიკოლაი ჩერეპნინმა (1873-1945), მესამე აქტისათვის უნგრული წარმოშობის ფრანგმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პიანისტმა ტიბორ არსანიმ (1898-1954). ბალეტში მთავარ როლებს ასრულებდნენ ბალეტის ვარსკვლავები: ოლგა ადაბაში, ჟანინ შარა, ივეტ შოვირე, იული არგაროვი, ალექსანდრე ალიუჟნი, სერჟ ლიფარი, ვლადიმირ სკურატოვი, ბორის ტრეილაინი.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."