მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
კონსტანტინე გამსახურდია: ღია წერილი ლენინისადმი

ფოტოზე: კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)

უპირველესი ჩემი სურვილია ამ წერილმა თქვენამდის მოაღწიოს. ჩემში ლაპარაკობს ქართველი მწერალი. ჩემში ლაპარაკობენ ტკივილები ქართველი ხალხისა. რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულება არასოდეს ისე გამწვავებული არ ყოფილა, როგორც დღეს, თუმცა თქვენი წითელი არმია განმანთავისუფლებელის ლოზუნგებით მოვიდა ამ წელს საქართველოში. დღევანდელი რუსეთი უფრო დიდ მასშტაბით აწარმოებს მსოფლიო პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიზანთა რკალში საქართველოს აკისრებენ საკმაოდ რთულ მოვალეობას. საქართველო და ტფილისი უნდათ იმ ოპერაციების ბაზად გაჰხადონ, რომელსაც აღმოსავლეთის გაკომუნისტების პოლიტიკა მოითხოვს.

ვინ არ იცის, რომ საქართველოში უფრო მეტი კომუნისტია, ვიდრე ტფილისური კომპარტიის რეგისტრაციაში ირიცხებიან, მაგრამ ისინი, როგორც ქართველი პატრიოტები ვერ თანამშრომლობენ წითელ რუსეთთან, ვიდრე საქართველოს სუვერენობა მხოლოდ დეკლარაციებში იქნება აღნუსხული.

ნუთუ დღეს ყველასათვის ცხადი არ გახდა, რომ ნაციონალური „ნიუანსების და შტრიხების“ წაშლა აწი აღარ შეიძლება?
რამდენადაც რუსეთის კომუნიზმი ანტანტის მოპირდაპირე იდეოლოგიაა, მემარცხენე რუსეთმა მაინც უნდა დაინახოს, რომ ამ ნაციონალური „შტრიხებისა და ნიუანსების“ მიფუჩეჩება მეოცე საუკუნეში აღარ შეიძლება. ამის მსხვერპლი გახდა ნაპოლეონი. იგივე შეცდომები გაიმეორეს ვერსალში...

ყველამ წაიკითხოს ნაპოლეონის სანტ ჰელენის მარტვილობის დროს დაწერილი სტრიქონები:
„მომავალი თაობანი განგვიკითხავენ ჩვენ!“

საქართველოში ორიოდე თაობა შეიწირა ძველი რუსეთის ტლანქი ხელით შელახული ეროვნული პიროვნების რესტავრაციის იდეამ და ნაციონალურ სახელმწიფოსათვის ბრძოლამ. ვერავინ უარყოფს, რომ დღეს ტფილისში ძველი შეცდომების გამეორებას ლამობენ. თქვენი ტერმინოლოგიით „რუსული შაბლონის“ განმეორებას! თუ მემარცხენე რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ორბიტაში მოექცეს, იგი ამ გზით მიზანს ვერ მიაღწევს.
მე პირადად, როგორც ქართველ პატრიოტს, სრულიად არ მაშინებს ყველაფერი ის, რაც დღეს ტფილისში ხდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიად არასოდეს ჩამითვლია ის იმპრესიონისტულად შეთხზული ნოტები, რომელიც დემოკრატიული მთავრობის დროს პარიზიდან და ლონდონიდან მოდიოდნენ ტფილისში, საქართველოს „ფაქტიურ“ და „დე იურე“ ცნობის ჟამს. არც ის პათეტიკური სიტყვები, რომლითაც ანტანტის დიპლომატები გვიმასპინძლდებოდნენ ტფილისურ ბანკეტებზე.

ერთად ერთი გარანტია ჩვენი დამოუკიდებლობისა იყო, არის და იქნება თვით ქართველი ხალხის შეგნებაში, რადგან ყოველივე განთავისუფლების დედაბოძი თვით თავისუფლების შეგნებაა. ეს შეგნება არ აკლია ქართველ ხალხს, უთხარით და მოსწერეთ იმ პოლიტიკოსებს, რომელნიც ტფილისში ცუდ მეგობრობას უწევენ კომუნისტურ რუსეთს.
ყველაფერი შეიძლება წაართვან პიროვნებასა და ეროვნებას, მხოლოდ თავისუფლების შეგნებას ვერავინ წაართმევს მას.
მერწმუნე: ეგებ საქართველოს ისეთი პოლიტიკური და კულტურული განვითარების სიმაღლეზე არ მიეღწიოს ჯერ, როგორც ირლანდიას, მაგრამ კეზმენტები და მაკ სვეინეები საქართველოს არასოდეს არ გამოელევა, ვიდრე სავსებით უზრუნველყოფილი არ იქნება მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

კონსტანტინე გამსახურდია

1921 წელი

დოკუმენტი მოგვაწოდა ისტორიკოსმა ლევან ჯიქიამ

მთავარ არქივში დაბრუნება
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage