მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
84 წლის მონაზონი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ
პროტესტი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ: ატომურ საწყობში შეჭრისთვის 84 წლის მონაზონს 3 წელი მიესაჯა

ნეშვილი: მისი წლოვანების სხვა ადამიანები საპენსიო ასაკით ტკბებიან. 84 წლის მონაზონმა მეგან რაისმა კი, ორ სხვა თანამოაზრესთან ერთად 2012 წლის ივლისში ოკ რიჯში მდებარე აშშ-ს ბირთვული საწყობის ღობე გადაჭრა, ტერიტორიაზე შეიჭრა, საწყობის კედლებს ბიბლიური ციტატები წააწერა და ბოთლებიდან ადამიანის სისხლი დააქცია; დასასრულს, თავი წინააღმდეგობის გაუწევლად დააპატიმრებინა.

მეგან რაისისთვის ეს იყო პროტესტი ომისა და ატომური იარაღის წინააღმდეგ. აშშ-ს შტატ ტენესში მდებარე განსაკუთრებით დაცული მაღალი უსაფრთხოების დაწესებულების დარაჯებისათვის ეს გახლდათ სირცხვილი. იუსტიციისათვის კი, ეს იყო საბოტაჟი და სახელმწიფო ქონების დაზიანება. რაისს ჯერ კიდევ წინა წელს მიესაჯა. სასჯელის ზომა ახლა გახდა ცნობილი: მხცოვანმა ქალბატონმა ციხეში 2 წელი და 11 თვე უნდა დაჰყოს.

მის თანამოაზრეებს, გრეგ ბოჩე-ობიდს და მაიკლ ვოლას თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 2 თვით მიესაჯათ. ორივე ვიეტნამის ვეტერანია, ორივე მეგან რაისზე 20 წლით უმცროსია. ამასთან, როგორც ეს იანვრის ბოლოს სასამართლომ გადაწყვიტა, ორივემ კომპენსაციის სახით 53.000 დოლარი უნდა გადაიხადოს.

Spiegel-Online-ის ფოტო: მშვიდობისათვის მებრძოლი მონაზონი მეგაინ რაისი

Spiegel-Online-ის ფოტო: პატიმრობაში მყოფი მეგან რაისი
«ნიუ იორკ თაიმსის» ინფორმაციით, მეგან რაისი დიდი ხანია რაც მშვიდობის აქტივისტია. იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო 40-ჯერ ან 50-ჯერაა დაკავებული. მაგრამ Y-12 ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსის აქციასთან არცერთი აქციის შედარება არ შეიძლება. ბოლოსდაბოლოს, როგორც «ნიუ იორკ თაიმსი» წერდა, Y-12 ხომ «ურანის კოქს-ნოქსად» - დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ შენობად, რომელიც პირველი ბირთვული ბომბის შესაქმნელად მანჰეტენის პროექტის ფარგლებში აშენდა, იყო მიჩნეული.

როგორც მონაზონმა მეგანმა ერთხელ თქვა, საკუთარ საქციელში მხოლოდ ერთს ნანობს: «რომ ამ აქციის ჩატარებას 70 წელი მოანდომა.» ადვოკატთა ინფორმაციით, სამივე აქტივისტი მთელი მსოფლიოდან ათასობით ბარათს იღებს. ბრალდებულებს შეწყალების იმედი ჰქონდათ, მათი აქცია ხომ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მოწყობილ იქნა იმისათვის, რომ შეერთებული შტატებში ბირთვული იარაღის ამორალური და უკანონო შენახვისათვის ყურადღება მიეპყროთ. თუმცა მოსამართლე მათ ქმედებას გაგებით არ მოეკიდა. მას შემდეგ, რაც დამნაშავედ იქნენ ცნობილნი, რაისი და მისი თანამზრახველები ციხეში სხედან.

შპიგელ-ონლაინი hut/AP/dpa-ს მიხედვით
2014 წლის თებერვალი

თარგმანი ხატია ღუდუშაურისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen