მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
«ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი»
1920 წლის 7 მაისს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის, მოსკოვში ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა «დე ფაქტო» და «დე იურე» აღიარა და მის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიებზე უარი განაცხადა. რუსეთში იმხანად ორი წონადი ქართველი ბოლშევიკი იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოსთან ასეთი ხელშეკრულების დადების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ და საქართველოს დაუყოვნებლივ ოკუპაციას მოითხოვდნენ. ერთი მათგანი იოსებ სტალინი იყო, მეორე - სერგო ორჯონიკიძე. საქართველოს დაპყრობა არანაკლებ ეჩქარებოდათ ვლადიმერ ლენინს და სხვა შოვინისტ ბოლშევიკებს, მაგრამ ისინი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების შერჩევას ელოდებოდნენ. ასეთი ხელსაყრელი ვითარებაც დადგა: 1921 წლის იანვრიდან კრემლში საქართველოს დასაპყრობად საგანგებო მზადება იწყება. საბჭოთა რუსეთის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ის გარემოება, რომ ამ დროისათვის როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი გასაბჭოებული იყო და იქ რუსული წითელი არმიის ნაწილები იდგნენ. ამდენად, საქართველო ფაქტიურად რუსული წითელი არმიის ალყაში იმყოფებოდა. კრემლში საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იოსებ სტალინმა ბაქოში მყოფ სერგო ორჯონიკიძეს შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოუგზავნა: «ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი».

ფოტოზე:
1921 წლის 25 თებერვალი, წითელი არმია თბილისში

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთს საქართველოს დაპყრობის შენიღბვა სჭირდებოდა, ამიტომაც ლენინის მიერ შემუშავებული გეგმით, საქართველოში «მშრომელთა აჯანყება» უნდა დაწყებულიყო და რუსული წითელი არმია საქართველოში მშრომელთა ფენის დასახმარებლად უნდა შემოსულიყო. რადგან მშრომელთა ფენა (მუშები და გლეხები) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობით უკმაყოფილო არ იყო, ამიტომ, 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს «მშრომელების აჯანყებად» მონათლული გამოსვლა დაიწყო რუსი კოლონისტებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში (სინამდვილეში ამ შოუში გადაცმული რუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ). «აჯანყებულთა» დასახმარებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოჰკვეთეს აზერბაიჯანსა და სომხეთში დისლოცირებულმა წითელი არმიის XI ნაწილებმა. საქართველოსკენ ასევე დაიძრნენ წითელი არმიის VIII, IX და XIII ნაწილები სოჭის რაიონიდან, დარიალის ხეობიდან და მამისონის უღელტეხილიდან. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოჭრილ მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და «დაუპატიჟებელ სტუმარს» თითქმის ყველა ბრძოლა მოუგეს, თუმცა ძალთა უთანაბრობა სულ აშკარა ხდებოდა. საქართველოს მთავრობას ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე დაემუქრა, ამიტომაც მიღებულ იქნა თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის XI ნაწილი სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში შემოვიდა.

«საქართველოს თავზე ფრიალებს წითელი დროშა! გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!»
- ამ შინაარსის დეპეშა აფრინა სერგო ორჯონიკიძემ კრემლში. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ხანა დაიწყო...

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჯიქია
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen