მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გრიგოლ რობაქიძე: ქართული შაირი
დრო არის, შენი ენის კიდევ ერთს საიდუმლოს შევეხო, რომელიც საიდუმლოა თანვე ქართული შაირისა. ქართულმა ბგერამ არ იცის "იკტუსი": მკვეთრი მახვილი. გერმანულის თუ რუსული გვარად რომ დავბგეროთ მაგალითად სიტყვა "მდიდარი", პირველ "ინთან" მივიღებთ სოლისებურ მახვილს, რომელიც ჰკვეთს სიტყვას. ეს არ იქნება ქართული გამოთქმა. ქართული ბგერა არც ანტიური "გრძელი მარცვალია": ჩვენ არ ვამბობთ - მაგალითისათვის იგივე სიტყვა -"მდიიდარი". მაშ რა სახისაა ქართული ბგერა? სანამ ეს ბგერა არ იქნება გარკვეული, ქართული შაირის წყობას თუ ზომას ვერ დავადგენთ. 25 წლის განმავლობაში ვცდილობდი ამის გამოცნობას - ამაოდ. ერთხელ Christian Lahusen-მკვლევარი საგალობელ ჰანგებთა და და თვითონ უნაზესი მუსიკოსი-მესაუბრებოდა საკრალურ ენათა შესახებ. მან თქვა: ამ ენებმა არ იცოდნენ "იკტუსიო", მათი გახმიანება "მაღალი" და "დაბალი" ტონით იმართებოდაო. გავშტერდი: უეცრად ქართულმა ენამ მიელვა. მე მივუგე: ასეთი ენა დღესაც ცოცხალია-მეთქი, სახელდობრ, ქართული. მის მიგნებას მტკიცება მიეცა სინამდვილედან - ჩემი ძებნა მისი მიგნებით "ნახვით" დამთავრდა.

მართლაც, ავიღოთ იგივე სიტყვა "მდიდარი". აქ სწორედ ის "მაღალი" ტონია "მა", რომელსაც მოსდევს "დაბალი" "და" დამას: კიდევ უფრო "დაბალი" "ლი". ესაა საიდუმლო ქართული ბგერისა და აქაა საიდუმლოც ქართული შაირისა. ამის თვალნათლივ ანარეკლს "ვეფხვისტყაოსანი" გვამცნევს: იქ ერთი ტაეპი აგებულია "მაღლად", მეორე "დაბლად".

"მაღლად": "ნახეს უცხო მოყმე ვინმე, სჯდა მტირალი წყლისა პირსა."
"დაბლად": "იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი."


პოემა ამ ორმაგ რიგზეა გამართული. ქართული სმენა თანდათან ჰკარგავს "მაღალ"-"დაბალ" ტონალობას თანშობილს. საბედნიეროდ მე კიდევ მიგემნია იგი. დავასახელებ აქ იმ პირთ, რომელთა ქართულით დავმტკბარვარ. ესენი იყვნენ: ვახტანგ და ტელემაკ გურიელი, დავით მიქელაძე, სამწერლო სახელით "მეველე", იონა მეუნარგია, ივანე ჯავახიშვილი (შენი დიდი მეისტორიე, კარდუ), სვიმონ აბაშიძე: გავიცანი სვირში სანდრო აბაშიძესთან, კაცხიდან ჩამოსული 1915 წელს, ზაფხულში, სტუმრად (ნათელმფენი ივერიული პროფილითაც შენი ნამდვილი ნაშიერი იყო, კარდუ, ეს დაუვიწყარი მოხუცი). სვირი დედულია ჩემი, საცა სწორედ მის მიჯნაზე ობჩასთან, ამ სოფლად ავახილე თვალი. "სვირი" ძველს ქართულში "მცველს" ნიშნავს - ეგებ მკითხველი თვით მიხვდეს, თუ რად ვიხსენებ ამას. ცოცხლებში: შალვა დადიანი და იროდიონ სონღულაშვილი. ქალთა შორის: გერონტი ქიქოძის ცოლი ტასო, დაჰ განსვენებული შალვა ამირეჯიბისა აგრეთვე განსვენებული სპირიდონ კედიას მეუღლე სონა ჩიჯავაძის ასული, რომლის ბაგეტკბილი ქართულით პარიზში მყოფნი ქართველნიც ტკბებიან.

ფოტოზე: ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი ლიდერი, „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, 1919 წელს სტამბოლში ქართული ლეგაციის დამაარსებელი, 1931 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი გერმანიასა და შვეიცარიაში, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დამაარსებელი და ლიდერი, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგისა და თეთრი გიორგის კომიტეტის წევრი, 1941 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს კომიტეტის ლიდერი, ემიგრაციული სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალის «ბედი ქართლისას» თანაგამომცემელი, მწერალი გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

კოტე დოდაშვილს, შვილიშვილს სოლომონ დოდაშვილისა, დაკვირვებულ მწიგნობარს, ეგონა: ქართული შაირის წყობა თუ ზომა ტონურ-სილაბურიაო. ასე ეგონა სერგო გორგაძესაც, რომელმაც ქართულ შაირს მთელი წიგნი უძღვნა - იყო მშვიდი, კეთილი, "ამოფურცლული" პირდაპირ "ქართლის ცხოვრებიდან", ნათელგონიერი და ღრმად ჩახედული საქართველოს ისტორიაში. ასე მეგონა მეც, ასე ჰგონიათ დღეს სხვებსაც. მაშ რა უნდა ვიგონოთ? ჩვენ შეგვიძლია ქართულ შაირს ვუწოდოთ "ტონურსილაბური", თუ ვიგულვებთ, რომ იგი "იკტუსითაა" დაბგერილი. ხოლო ეს ასე არაა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ "მაღალი" ტაეპი რუსთაველისა უნდა წარმოგვეთქვა როგორც "დაბალი" და პირუკმო. აბა სცადეთ წარმოთქვათ "ნახეს უცხო მოყმე ვინმე, სჯდა მტირალი წყლისა პირსა" ისე როგორც "იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი", ან და უკანასკნელი ისე როგორც პირველი - წამსვე იგრძნობთ რიტმის დარღვევას. ყველაზე უფრო ნათლად სჩანს ეს აბრუნდი აკაკის ცნობილ ხალხურ შაირში - საკვირველია, როგორ ვერ შეამჩნია მან ეს. აი ეს ადგილი:

"სიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთად დავძახოთ მუშური-
ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური."


მკითხველს ვერ გამოეპარება, აქ პირველი ნახევარი ტაეპისა გამართულია "დაბლად", მეორე კი "მაღლად". იკარგება რიტმიული შეხმიანება. თუ არ ვცდები ასეთი აბრუნდი ვაჟას ერთ მშვენიერ შაირშიაც გვხვდება, იქ საცა მთვარეზეა ნათქვამი: "არ დაუძინავს მკლავზედა." შაირი ზეპირად აღარ მახსოვს და ვამბობ: თუ არ ვცდები.

შესაძლოა ქართულს ერთსა და იმავე შაირში "მაღალი" მუხლიც იყოს და "დაბალიც"-და სწორედ ესაა, რაიც მის ზომას ამრავალნაირებს - მაგრამ მაშინ "მაღალი" და "დაბალი" ერთიმეორესთან შერიტმული უნდა გამოდიოდნენ. მაგალითად: "ქალოშენი/საროტანი/კენარი," აქ პირველი ორი მუხლი "მაღალია", ხოლო მესამე "დაბალი". ხოლო ეს რიტმიული ხაზი მთელს შაირში უნდა იყოს ჰარმონიულად დაცული. არა აქვს ეს დაცული ილიას, მის ცნობილ შაირში "ტყემ მოისხა ფოთოლი", თუმცა აქ შაირი სხვა ზომისაა, ვიდრე ზემოთ მაგალითად მოყვანილი. ეს სხვაობა არ შველის მას მაინც: იქ არაა "მაღალის და "დაბალის" სასურველი შენაცვლება. სხვათა შორის ასეთი ზომის ქართული შაირი "ქალოშენი/საროტანი/კენარი", რასაც "თეჯლისს" უხმობენ, ჩემი სმენისათვის ყველაზე უფრო ტკბილხმოვანია.

სამწუხაროდ დრო არა მაქვს, გამოწვლილვით განვიხილო ქართული შაირი. აქ მხოლოდ რამოდენიმე შენიშვნა გაკვრით:

1. ქართულ შაირში მარცვალთა რაოდენობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ არც ისე კატეგორიულად. ბოლო სტრიქონს რუსთაველის ყოველი ტაეპისა წინ ერთვის "და": მეტი მარცვალი. ეს არა თუ არღვევს რიტმს, პირიქით იგი მორგვავს მას. საჭიროა მხოლოდ: ამ მარცვალზე ოდნავ შეჩერდეს წარმომთქმელი. ასეთი შეჩერება, პირდაპირ შეუდარებელი, მსმენია კოწია გამყრელიძისაგან ფოთში, როცა იგი მომაგონებდა ხოლმე რუსთაველის რომელიმე ტაეპს, თანვე თვალების ცინცხალა აციალებით. ერთს ჩემს შაირში ასეთი სტრიქონია: "ბორგავს ბორკილებით გაკრული ურაგანი." წარმოითქმის: "ბორგავსბორ/კილებით/გაკრული/ურაგანი. ბოლო მუხლში ერთი მარცვალი მეტია. პირველად მქონდა ასე: "ბორგავს ბორკილებით გაკრული გრიგალი." სილაბურ ესაა სწორი, ხოლო არა რიტმიულ: მეტი მარცვალი ბოლო მუხლში იქ მეტ "მრეობას" აძლევს გამოთქმულს. მხილოდ ეს მარცვალი, სახელდობ პირველი "უ" სწორედ იმ "შეჩერებით" უნდა წარმოითქვას, რომელსაც თხოულობს რუსთაველის "და". მე ხშირად მიხმარია ეს "მეტი". თანვე ერთი დეტალი. "ბორგავსბორ/კილებით/გაკრული/ურაგანი"-პირველ მუხლში სიტყვას "ბორგავს" "ბორ" ემატება თანამომდევნო სიტყვიდან. ამ "ბორსაც" იმგვარავე "შეჩერება" ესაჭიროება, თორემ უამისოდ მუხლი "მექანიკური" გამოვა. აი ასე: "ბორგავს" შეჩერება ოდნავ-"ბორ"-შეჩერება ოდნავ უფრო მეტი. ეს დეტალი გვამცნევს, რომ ქართული შაირი მართლაც საგალობელოდანაა წარმოშობილი.

2. თავი და თავი ქართულ შაირში "დამუხლვაა" და არა "დატერფვა". ილიას განდეგილი იწყება: "სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა." ტონურსილაბურ "დატერფვით" ეს ადგილი ასე წარმოითქმის და ასეც წარმოთქვავენ: "სადაცდიდებულს/მთასამყინვარსა." ეს "მაღალი" კილოა, რაც აქ სრულიად დაუშვებელია. უნდა წარმოითქვას "დაბალით": "სადაც/დიდებულს/მთასა/მყინვარსა." ისმენთ, არა ხედავთ როგორ იფინება ამრიგი წარმოთქმით ეპიური კამარა, იშლება თვითონ სივრცეში. "მაღალი" მუხლი მალია, ჩქარი, "დაბალი" კი ნელი, მარა, დაყოვნებული. საერთოდ: "დამუხლვა" ქართულ შაირში წინ უსწრებს მის "დატერფვას": იგი განაგებს უკანასკნელის ნაირობას. "მერანს", ნ. ბარათაშვილისა ჩვენში ასე კითხულობენ: "მირბისმიმაფრენს/უგზოუკვლოდ/ჩემიმერანი." აქ გარდა იმისა, რომ იმგვარვე შელახვას ვისმენთ რიტმისა, როგორც ხსენებულ წარმოთქმაში ილიას "განდეგილისა" "სადაცდიდებულს/მთასამყინვარსა", აქ სხვაგვარ შელახვასაც აქვს ადგილი. "სადაცდიდებულს/მთასამყინვარსა."უგზოუკვლოდ" ყოვლად დაუშვებელია ერთად იქნას წარმოთქმული. მაშ განწევრებით? უთუოდ. ხოლო თანვე ისე: თითქოს ერთიცა და მეორეც "სპონდეურ" იყოს("სპონდეის" ეტყვიან ორმარცვლოვან "ტერფს", საცა ორივე მარცვალია დაბგერილი). "მერანი" ამრიგ უნდა გაიშალოს: "მირბის/მიმაფრენს/უგ-ზო=უკ-ვლოდ/ჩემი/მერანი." მხოლოდ მაშინ დავთვრებით მისი ნამდვილი რიტმით.

3. ქართული შაირი გაურბის სიტყვის გატეხვას "დატერფვისას": "შინდი-შინდი/ფერად-შინდი/გადა=ფრინ-დი/გადმო-ფრინდი." "შინდი-შინდი/ფერად=შინდი" გალობით, სიმღერით მოდის და მას გალობითვე, სიმღერითვე მიჰყვება: "გადა-ფრინ-დი, გადმო-ფრინდი", ეს ისე ხდება, რომ სიტყვის გატეხვას ვეღარც კი გრძნობთ და ასე ყველგან.

4. ქართული შაირის წყობა თუ ზომა ქართული ენის ბუნებისაგან არის წარმოშობილი, რომლის ნიშნეული თვისება საგალობელის "მაღალი" და "დაბალი" კილოა. ეს უნდა ჰქონდეს სახეში ყოველ მკვლევარს. მისი წყობა თუ ზომა შეგვიძლია "მიუახლოვოთ" სხვა ხალხთა წყობებს თუ ზომებს შაირისა, ხოლო არას გზით "გავაიგივევოთ" მათთან. (სერგო გორგაძე ხსენებულ კვლევაში სწორედ "გაიგივებისაკენ იხრება, რაიც შეცდომაა). "სპონდეის" მაგალითი უკვე ვახსენე: იგი ძალიან უხდება ქართულ შაირს, ხაზს ვავლებ: "უხდება.
აგრეთვე ჰეგზამეტრი. ჩვენში გავრცელებული აზრი, ეს ანტიური ზომა ქართულში შეუძლებელიაო, სრულებით უსაბუთოა: სწორედ ჰეგზამეტრში "უახლოვდება" ქართული შაირი ანტიურს. მაგალითისათვის იგივე "დაბალი" ტაეპი რუსთაველისა: იგი ნამდვილი ჰეგზამეტრია, რასაკვირველია, "ქართული" ხოლო ერთი განსაზღვრით: სტრიქონის ბოლო უთუოდ ორმარცვლოვანი უნდა იყოს. აბა დაუგდეთ ყური, თუ როგორი ჰეგზამეტრით იშლებიან ეს სტრიქონები:

"იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიან,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქართ მრავალ ყმიან"

ეს რომ პეტრე მირიანაშვილს სცოდნოდა, მაშინ იგი ჰომერის "ილიონს" არ სთარგმნიდა ამ ზომით, ვთქვათ "ილიონჰომერს/დაუწერია." მომავალმა მთარგმნელმა ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს და სწორედ ზემოაღნიშნული გზით.

ბოლოს ერთი შენიშვნა. ქართული სიტყვარიდან უნდა ამოგდებულ იქმნას სახელდება "რითმა". უკანასკნელი არა ჰქონია ანტიურ შაირს: იქ იყო მხოლოდ "რიტმი". ალბათ ეს სიტყვაც რუსულიდანაა შემომძვრალი ჩვენში. რუსებს არა აქვთ სატყვისი გერმანულისა "Reim" ან ფრანგულისა "Rime". "Reim" ან "Rime" "რიტმისაგან რომ ენსხვავებინათ, მათ იხმარეს "რითმა", რაიც მორფოლოგიურ იგივე "რიტმია". ჩვენ უთუოდ უნდა გვქონოდეს ძველად საამისო სატყვისი. მე იგი ვერ მომინახავს. ხოლო ვიცი, ჩვენში სიტყვების ერთმანეთთან შეხმიანებას შაირში "მაზმას უხმობენ. მოკლედ, შეკვეცით ეს იქნება "ზმნა". "გარითმულის" მაგიერ შეგვიძლია ვთქვათ: "გაზმული".

დიდხანს მომიხდა, კარდუ, შევჩერებულიყავ ქართული შაირის ირგვლივ. ეს იმისთვის, რომ ცხად მეყო, რომ შენი ენა საკრალურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის და - შენი ენა საგალობელია.

"ბედი ქართლისა", Nr. 2
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen