მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ქართული მხედრობის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ხსოვნა
ფოტოზე: გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 

ფოტოზე: გენერალი ვარდენ წულუკიძე

ფოტოზე: გენერალი კონსტანტინე აფხაზი

ფოტოზე: გენერალი როსტომ მუსხელიშვილი 

ფოტოზე: პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი

ფოტოზე: პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი 

ფოტოზე: ოფიცერი სიმონ მუხრან-ბატონი

ფოტოზე: ოფიცერი ლევან კლიმიაშვილი

ფოტოზე: იასონ კერესელიძე

2011 წლის 20 მაისს, 16:00 საათზე, ვაკის პარკში, ჩატარდა სამგლოვიარო პანაშვიდი, რომელიც 1923 წლის 20 მაისს ქართული მხედრობის თვალსაჩინო წარმომადგენლების ხსოვნას ეძღვნებოდა. ყოველთა ქართველთა თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა და მათმა შთამომავლებმა გაიხსენეს ის 15 გმირი, რომელებიც ე.წ. „ჩეკამ“ვაკის პარკში უმოწყალოდ დახვრიტა.

1923 წლის 20 მაისს, ჩეკას დადგენილებით „სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა დაიხვრიტა: 1. გენერალი ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე; 2. გენერალი წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე; 3. გენერალი აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე; 4. გენერალი მუსხელიშვილი როსტომ ილიას ძე; 5. პოლკოვნილი ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე; 6. პოლკოვნიკი მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის ძე; 7. პოლკოვნიკი გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას ძე; 8. პოლკოვნიკი ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე; 9. ოფიცერი ყარალაშვილი ფარნაოზ რევაზის ძე; 10. ოფიცერი მუხრან-ბატონი სიმონ ლევანის ძე; 11. ოფიცერი კლიმიაშვილი ლევან ირაკლის ძე; 12. სამ. მოხელე ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის ძე; 13. კერესელიძე იასონ მათეს ძე; 14. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის ძე; 15. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის ძე.

ერთ-ერთი მათგანი როსტომ მუსხელიშვილი, ქართული დივიზიის უფროსი იყო 1921 წლიდან მაზნიაშვილის დაჭერის შემდეგ. 1922 წელს დივიზია დაშალეს, როსტომ მუსხელიშვილი დააწინაურეს და სახალხო, სამხედრო-საზღვაო საქმეთა კომისარიატის შტაბის უფროსად დანიშნეს. ამავე წელს დაიწყო აჯანყების მზადება, რომელიც მუსხელიშვილის სახლში იგეგმებოდა, იქვე იმართებოდა შეკრებები. 1923 წლის მარტში როსტომი დააპატიმრეს. მისი შვილიშვილი გოგი მუსხელიშვილი გვიამბობს: „ ჩეკისტები ღამის 3 საათზე შეუვარდნენ ბაბუას სახლში, დააბეს და ისე წაათრიეს. დაპატიმრებული როსტომი როგორ ახერხებდა არ ვიცი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იქიდან სწერდა წერილებს ბებიაჩემს და ლექსებსაც კი უძღვნიდა. 20 მაისს , როდესაც ბებია „პერედაჩის“ შესაგზავნად მივიდა, ჩეკისტებს უთქვამთ როსტომი სამარეში გაგზავნესო. ბებიას რუსეთის ქალაქი ჰგონებია და გაკვირვებული ეკითხებოდა იქ რა უნდაო. მათ კი მკაცრი და შეუბრალებელი ხმით უპასუხიათ, სამარეში ქალო, სამარეშიო. შემდეგ როგორც გაირკვა, სერგო ორჯონიკიძეს სტალინის დავალებით პირველ რიგში როსტომ მუსხელიშვილი და კოტე აფხაზი დაუხვრიტავს. როდესაც კოტე აფხაზზე უთქვამთ ილია ჭავჭავაძის დისშვილიაო, სერგო ორჯონიკიძეს უპასუხია მერე რა, ილიაც რომ ყოფილიყო, იმასაც დავხვრეტდითო“.
ქართველებმა საქართველოს საამაყო გმირი როსტომ მუსხელიშვილი XX საუკუნის გიორგი სააკაძეს შეადარეს. მას რეაბილიტაცია 1992 წელს გაუკეთდა, დანარჩენ დახვრეტილებს კი, 1956 წელს.

ქეთი გოგილაშვილი


პატრიოტების დახოცვა


მ ო ქ ა ლ ა ქ ე ნ ო:
ქართველი ერის ჯალათებმა, მისმა სისხლის მსმელმა, საქართველოს ოკუპანტებმა ერთხელ კიდევ შეიღებეს ხელები ქართველი ერის სისხლით.
მესამე წელიწადია მოღალატეების ლახვარით სისხლიდან იცლება ქართველი ეროვნული სხეული, მაგრამ 20 მაისს დახვრიტეს ქართველი მხედრების ბელადები, საქართველოს შეიარაღებული ძალის სულის ჩამდგმელნი, ქართველი მხედრობის თავი და ტვინი. გაუსამართლებლათ, განუკითხავათ, ბარბაროსულათ მოჰგლიჯეს ერს სამშობლოსათვის თავდადებულნი დიდი პატრიოტები. პატრიოტნი ვერ შეურიგდნენ დამყრობელთ, მათ ვერ უღალატეს მშობელ ერს, ვერ გაჰყიდეს ის. საქართველოს თავისუფლება მათთვის ხატი იყო, რომლის წინაშე ისინი ყოველ ჟამს ლოცულობდნენ და რომელსაც ყოველივე შენატრის. და ამისთვის დახვრიტეს ისინი. რუსეთის შოვინისტების სატრაპებმა მოგილევსკი-პანკრატოვმა და საქართველოს გამყიდველმა ორჯონიკიძ-ორახელაშვილ-ელიავამ რუსეთის სადიდებლათ და საქართველოს შესამუსრავათ თავიანთი ბინძური ხელით მოსპეს ქართველი მხედრობის სიამაყენი და ქართველი ერის საუკეთესო შვილები.
ჯალათები მამულიშვილთა დახვრეტის შემდეგ აქვეყნებენ, რომ „დოკუმენტალური ცნობებიდან და თვით დატუსაღებულთა მიერ მიცემულ ჩვენებიდან“ სჩანსო. არამზადები წამებულთა ცხედრებსაც თავიანთი სისხლიანი და განწირული დიქტატურის შესანარჩუნებლათ იყენებენ, რომ თვალი აუხვიონ ქართველ ერს!

ვინ გინდათ უნამუსოთ მოატყუოთ?

„დაკუმენტალური ცნობები“ და „დატუსაღებულთა ჩვენებები“ ჰქონდათ ჯალათებს და დემაგოგებს. მაშ რათ არ გადაეცა საქმე საჯარო სასამართლოს, რატომ სინათლეს არჩიეს სიბნელე, წყვდიადი დ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი ჩეკის ოთხ კედელ შუა ქურდულათ გაარჩიეს, გადასწყვიტეს და სისრულეში მოიყვანეს. ვინ დაიჯერებს რომ რუსეთის ოკუპანტებს ხელში ქონდათ „დოკუმენტალური ცნობები“ და მათ საჭიროთ არ ისარგებლეს.
ქურდი სიბნელეს ეძებს, ავაზაკი კარჩაკეტილობას, რომ მოიპაროს და წაართვას.
ოკუპანტებმაც მოპარეს ერს სამართალი და პატრიოტებს ავაზაკურათ წაგლიჯეს სიცოცხლე.
ვერაგებმა იციან, რომ მათი მსხვერპლნი საფლავებიდან ვერ გასცემენ მათ პასუხს, მაგრამ მათ მაგიერ აი ცვენი პასუხი:
არც დამოუკიდებელი კომიტეტი და არც თქვენი მსხვერპლნი დღეს აჯანყებას არ ამზადებდა და მისათვის ხალხს არ მოუწოდებდა. ეს გამოაშკარავდებოდა სასამართლოში და თქვენ, მოღალატენო, ამის გეშინოდათ.
თქვენ სისხლი გწყუროდათ და კიდევ დალიეთ, თქვენ სიმართლე არ გაინტერესებდათ.
მაგრამ, ერის მოღალატენო, კარგად უნდა იცოდეთ, რომ რა ბარბაროსულ ზომებსაც უნდა მიმართოთ, ქართველი ერი დღე და ღამ ფიქრობს წართმეული თავისუფლების დაბრუნებაზე და უთვალთვალებს იმ დროს, როდესაც თქვენი აღსასრულის ზარი დაჰკრავს. დაჰკრავს-კი, რადგან ასეთია ყოველგან და ყოველთვის დესპოტიზმის ბედი. დადგება დრო, როდესაც ქართველი ერის სისხლი, რომელსაც თქვენ ეხლა სვამთ, დაგათრობთ და დაგახრჩობთ...
ასე იყო, ასე იქნება.

ქართველმა ერმა და განათლებულმა კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რუსეთის აგენტებმა ვინ წაართვა ქართველობას:

კოტე აფხაზი
, ვინ არ იცნობს ამ დიდ სპეტაკ პიროვნებას. მცოდნე, ჭკვიანი, დინჯი, სამშობლოსათვის თავდადებული, დიდი პოლიტიკური მოღვაწე. ეს ის კოტე აფხაზია, რომლის პირით საქართველოს თავად-აზნაურობამ ქართველი ერს გადასცა მთელი თავისი ავლა-დიდება, რომელსაც დღეს მოსკოვი დაპატრონებია. უკანასკნელად ის მესვეურობდა საქართველოს დემოკრატიულ პარტიას.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, უმაღლესი სამხედრო სწავლით აღჭურვილი, დიდი ნიჭით და მამცობით დაჯილდოებული, უანგარო და პატიოსნებით აღსავსე პიროვნება. ეს ის ანდრონიკაშვილია, რომელიც ჩვენ მამაც „იუნკერებით“ ებრძოდა რუსებს კოჯორის მიდამოებში. იქ დაღუპულმა ახალგაზრდობამ უანდერძა მას საქართველოსათვის ბრძოლა და ეს ანდერძი მან შეასრულა.
ვარდენ წულუკიძე, ეს მამაცობის, მხნეობის, სიდინჯის, ჭკვიანობის, პატიოსნობის და ნამდვილი ქართველობის განხორციელება. უნდა პირადათ იცნობდეთ ამ ბრწყინვალე პიროვნებას, რომ გაოცდეთ. რომელი ჯალათი არ შედრკა, როდესაც მახვილი აღიმართა მისი ღვთაებრივი სახის და თეთრი წვერების მოსაკვეთათ.
როსტომ მუსხელიშვილი, ქართველი მხედრობის ერთი ბელადთაგანი, საქართველოს თავისუფლებისათვის უმაგალითო მუშაკი, ნამდვილი ქართველი სულის მატარებელი, სამშობლოსთვის უსაზღვრო თავგანწირული, შეურყეველი ამხანაგი, მცოდნე, დიდი ენერგიის და ბუნების პატრონი, მხნე ვაჟკაცი.
გიორგი ხიმშიაშვილი, ქართველი მხედრობის ერთი გმირთაგანი, ახალგაზრდა, მამაცი მებრძოლი, სამშობლოსთვის თავდადებული დამპყრობლების შეურიგებელი მტერი.
სიმონიკა მუხრანსკი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ქართველი მხედრობის ნაღები, შეუპოვარნი, თავდადებული ქართველნი. ნიკოლოზ ზანდუკელი, ჩუმი, მუყაითი, საქართველოს თავისუფლებისათვის ერთგული მუშაკი. ჯალათებმა არც ავადმყოფი ივანე ქუთათელაძე ბეიდალი დაინდვეს მიტომ, რომ ის ქართველი იყო და ქართულ საქმეს ემსახურებოდა და სხვა უდანაშაულოებთან იგიც მოჰკლეს.
აი, ამ თავდადებულთ ეძახის რუსული ჩეკა „ბანდიტებს“.

თქვენ, ორჯონიკიძე-ორახელაშვილებო, პანკრატოვების მოყიდული აგენტებო, პოლიტიკური ბანდიტებო, თქვენ წაართვით ქართველ ერს კეთილშობილნი ადამიანნი! თქვენ, დაცემულნო, საქართველოს წაართვით ეროვნული სინდისის მატარებელნი! თქვენ, ავაზაკნო, მოჰკალით სამშობლოს მოამაგენი! მოსპეთ ერის ღირსების დამცველნი, საჯიჯგნელად მიეცით ისინი ნაძირალებს. მოსპეთ, მაგრამ ნუთუ გგონიათ, მიზანს მიაღწევთ, ერს გასტეხთ, წელში მოხრით და რუსის ხიშტების წინაშე დააჩოქებთ?
თქვენი ჯალათობა მრავალ უბედურების მნახველ ქართველ ხალხში იწვევს არა შიშს, არამედ ზიზღს, არა გატეხვას, არამედ მეტ ენერგიას. არა დაბნევას, არამედ გარკვეულ გეზის აღებას, არა იარაღის დაყრას, არამედ ახალი ძალების მოკრეფას.
დღეს მთელი ქართველი ერი, ერთი მუჭა მოღალატე სინდისგარეცხილ კომუნისტების გამოკლებით, მთელი ქართველი მხედრობა წყევლითა და კრულვით იხსენიებს საქართველოს ოკუპანტებს და მათ აგენტებს. და მუხლს იდრეკს დიდებული პატრიოტების საფლავების წინაშე...

დიდება დახვრეტილ ქართველ პატრიოტებს!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

ქართველ პატრიოტ ქალთა საზოგადოება
1923 წელი

მთავარ არქივში დაბრუნება
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage