მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ესაც ევროპაა: კლოდ ლევი-სტროსი იაპონიის შესახებ
…ევროპელების და ამერიკელების დღევანდელი აღფრთოვანება იაპონიით, მხოლოდ მისი ტექნიკური პროგრესით და ეკონომიკური წარმატებებით არაა გამოწვეული. ის მნიშვნელოვანწილად აიხსნება იმ ბუნდოვანი გრძნობით, რომ ყველა თანამედროვე ერისგან განსხვავებით ამ (თქვენს) ერს ორ დაბრკოლებას შორის საუკეთესოდ მოძრაობა შეუძლია. მხოლოდ მათ ძალუძთ სიცოცხლის და აზრის ფორმულების შემუშავება, რომელთაც XX საუკუნის კაცობრიობის გამტანჯველ წინააღმდეგობათა დაძლევა ძალუძთ.

იაპონია გაბედულად და მტკიცედ შევიდა თანამედროვე ცივილიზაციაში და ამის გაკეთება დღემდე ინდივიდუალობის, საკუთარი თავისებურებების დაკარგვის გარეშე შესძლო. მეიჯის რესტავრაციის ხანაში, როდესაც იაპონიამ გადაწყვიტა გახსნილიყო, ის დარწმუნებული გახლდათ, რომ თუ კი მას თავისი საკუთარი ღირებულებების გადარჩენა სურდა, დასავლეთს ტექნიკურ პლანში უნდა დასწეოდა. ...იგი უცხოურ მოდელს ხელფეხშეკრული ტყვედ არ ჩაჰბარებია. თავისი სულიერი ცენტრიდან განზე დროებით მხოლოდ იმიტომ გადგა, რომ თავისი გარემოს უკეთესად დაცვით, უკეთესად დაეცვა საკუთარი სულიერი ცენტრი.

ფოტოზე: ფრანგი ეთნოგრაფი, ეთნოლოგი, ანტროპოლოგი, სოციოლოგი, კულტუროლოგი და ეთნოლოგიაში სტრუქტურალიზმის სკოლის შემქმნელი კლოდ ლევი-სტროსი (1908-2009)
იაპონიამ საუკუნეთა მანძილზე წონასწორობა შეინარჩუნა ორ მიდგომას შორის. ის ხან გახსნილი იყო გარეშე გავლენებისადმი და მზად გახლდათ მათ მისაღებად, და ხან ჩაკეტილი გახლდათ თითქოს იმისათვის, რომ უცხოური წვლილის და იმპულსის ასიმილაციისა და და მათზე თავისი ნიშნის დასმის დრო ჰქონოდა. ორნაირ ქცევას შორის, მოძრაობის, როგორც ეროვნული ღმერთებისადმი ერთგულების, ისევე როგორც «მოწვეული ღვთაებებისათვის ანგარიშის გაწევის» ეს გასაოცარი იაპონური თვისება, ეს იდეები, (თქვენთვის) უეჭველად ცნობილია. მე არ მაქვს თქვენთვის რაიმეს სწავლების პრეტენზია. უბრალოდ მსურს რამოდენიმე მაგალითით უფრო ხილული გავხადო, რით ხიბლავენ დასავლელ დამკვირვებელს თქვენი ეს თავისებურებები.

...მე ხაზს ვუსვამდი ტრადიციული ცოდნისა და ხელობათა გადარჩენის, დაცვის აუცილებლობას და საჩქაროობას. თქვენ მონახეთ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი და «ცოცხალ ეროვნულ საგანძურად» (ნინგენ კოკუჰო) წოდებული სისტემა შეჰქმნით. სახელმწიფო საიდუმლოს არ გავთქვამ იმის თქმით, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ახლა, საფრანგეთში თქვენი სისტემის მიერ უშუალოდ შთაგონებული სისტემის შემოღების საკითხს ამზადებს. თქვენი ისტორიის მეორე ასპექტი განსაკუთრებით ბევრისმთქმელია ფრანგებისათვის. ესაა ინდუსტრიულ ხანაში შესვლის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მეტიც, მე ვიტყოდი ერთმანეთთან დაპირისპირებული ხერხი. საფრანგეთში რევოლუცია მცირე საკუთრების მოსურნე გლეხობასთან დაკავშირებულმა ადვოკატების და ბიუროკრატების ბურჟუაზიამ მოახდინა. ამ რევოლუციამ, ამავე დროს, მოძველებული პრივილეგიები გააუქმა და ახალშობილი კაპიტალიზმი მოგუდა. იაპონიამ კი მოახდინა რესტავრაცია, რომლის მიზანი ეროვნულ თემში ხალხის ჩართვა იყო. მას არ მოუსპია თავისი წარსული, მან გამოიყენა ის და ასე შესძლო ადამიანური რესურსების ჩაყენება ახალი წყობის სამსახურში იმიტომ, რომ კრიტიკულ სულს არ აუოხრებია ქვეყანა და ძველი სიმბოლური წარმოდგენების მთელმა საკმაოდ სოლიდურმა აპარატმა იმპერიულ ხელისუფლებას და შემდეგ ინდუსტრიულ საზოგადოებას იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა...

საერთო ჯამში, დასავლელთა მიერ დანახული იაპონია ადასტურებს, რომ კაცობრიობის შემადგენელი ყოველი კულტურა თუ კულტურათა ერთობლიობა რომ გადარჩეს და განვითარდეს, აუცილებელია გახსნისა და დახურვის ორმაგი რიტმის შესაბამისად არსებობა. ორიგინალობის, თავისებურების შესანარჩუნებლად და ურთიერთგამდიდრების საშუალების მომცემი დისტანციის შესანარჩუნებლად, ყოველი კულტურა საკუთარი თავის ერთგული უნდა იყოს; ამის საფასური კი ერთგვარი სიყრუეა მათი ღირებულებებისაგან განსხვავებული ღირებულებების მიმართ, მთლიანი თუ ნაწილობრივი უგრძნობლობა მათთან მიმართებაში.»

კლოდ ლევი-სტროსი
«ანტროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ», პარიზი, 2011


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen