მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ჩერქეზების მიმართვა ევროპის და აზიის სუვერენ მმართველებს
კავკასიის მკვიდრნი არც რუსეთის ქვეშევრდომები გახლავან და მასთან არც მშვიდობიანი ურთიერთობები აქვთ, მეტიც, ისინი უკვე დიდი ხანია რუსეთს განუწყვეტლად ეომებიან. ამ ომში კავკასიელები მარტო, საკუთარი თავის ანაბარა არიან მიტოვებულნი. არც ერთ სახელმწიფოს მათთვის მხარი არ დაუჭერია, მათ არავინ დახმარებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის სულთანი მაჰმადიანთა სულიერი მეთაური იყო და ამ პროვინციებში დიდი გავლენით სარგებლობდა, იგი შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ მაჰმადიანებს არაფრით ეხმარებოდა და ისინიც იძულებულნი იყვნენ თავი მხოლოდ საკუთარი ძალებით დაეცვათ. მეტიც, მოგვიანებით პორტამ საბოლოოდ უღალატა მათ და მიატოვა ისინი. ერთმა ფაშამ მოსკოველების ფულს ანაპას კარიბჭე გაუღო და ჩერქეზებს განუცხადა, რომ რუსები სამეგობროდ - არმენისტანის აჯანყებულებთან ბრძოლაში სულთანისთვის დახმარების გასაწევად მოვიდნენ. მეორე ფაშამ, ბატალ ფაშამ ისევ უღალატა მათ და ქვეყანიდან ღამით გაიქცა.

მას შემდეგ, ჩერქეზებს ერთგულების დასამტკიცებლად და დახმარების დაპირების მისაღებად სულთანისთვის არაერთხელ გაუგზავნიათ თავისი წარმომადგენლები, რომელთაც მუდამ ცივად იღებდნენ. ჩერქეზები ასევე წარუმატებლად მიმართავდნენ სპარსეთს და, ბოლოს და ბოლოს, ეგვიპტის მმართველ მეჰმეტ-ალის, რომელმაც მათ მიმართ სრული მადლიერება კი გამოხატა, მაგრამ რეალური დახმარება არ გაუწია. ჩერქეზთა წარმომადგენლებს საუბარი ყოველთვის იმათთან უხდებოდათ, ვინც შორს იმყოფებოდა და ძნელად ჰქონდა წარმოდგენილი რუსეთი რა აუტანლად ჩაგრავდა, რამდენად მტრულად ეკიდებოდა რუსეთი ჩერქეზების წეს-ჩვეულებებს, სარწმუნოებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას, რა მოღალატურად მოქმედებდნენ რუსეთის გენერლები და რა დაუნდობლები იყვნენ რუსეთის ჯარისკაცები (საქმე სხვანაირად რომ ყოფილიყო, ჩერქეზებს რუსეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლა ხომ არ დასჭირდებოდათ?).


ფოტოზე: ალბერტ ფონ ვაგნერი (1838-1919), ჩერქეზები თავდასხმის შემდეგ, ზეთი ტილოზე, 57 x 44

დასკვნა ცხადია - როგორც ჩანს, არც ჩერქეზების მოსპობითაა ვინმე დაინტერესებული და არც მათთვის რეალური დახმარების გაწევით. უდაბურ ციცაბო ფერდობებზე გაფანტული ის ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც ჩვენს ჯიუტ მთიელებს ეომებიან, ხვალ თქვენს ნაყოფიერ ველებს მოედებიან, დაგიპყრობენ და დაგატყვევებენ. ჩვენი მთები სპარსეთის და თურქეთის მცველ ბასტიონებად იქცნენ, მაგრამ თუ კი დახმარებას არ აღმოგვიჩენენ, ეს მთებივე იქცევა ამ ქვეყნების კარიბჭედ – მთები ახლა მათთვის ერთადერთი საფარია. ესაა კარი სახლისა, რომლის დახურვით სახლში სითბოს შენარჩუნებაა შესაძლებელი. ამას გარდა, ჩვენი სისხლი, ჩერქეზული სისხლი, თავად სულთანის ძარღვებში დის. დედამისი, მისი ჰარემის ქალები, მისი მინისტრები და გენერალები ჩერქეზები არიან. ისაა ჩვენი რწმენის და ერის ნაწილი, ის ჩვენს გულებს ფლობს და ჩვენ მას ჩვენს ერთგულებას ვთავაზობთ. იმ ყველაფრის სახელით, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ჩვენ სულთანს მოვუწოდებთ გვითანაგრძნოს და დაგვეხმაროს. და თუ კი მას არ სურს ან არ ძალუძს თავისი შვილების, თავისი ქვეშევრდომების დაცვა, შეახსენეთ მას ყირიმის ხანების შესახებ, რომელთა შთამომავლები ჩვენს შორის არიან. სწორედ ამაზე უნდა ელაპარაკათ ჩვენს წარგზავნილებს იქ, სადაც მიდიოდნენ, მაგრამ მათ სერიოზულად არავინ უყურებდა. თუმცა, ეს ხალხი ამგვარად არ მოიქცეოდა, სულთანს რომ კარგად წარმოედგინა მისი მბრძანელობის ქვეშ რამდენ ერთგულ გულსა და ხმალს მიიმხრობდა, თუ კი ის მოსკოვთან მეგობრობას შესწყვეტდა.

ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო არაა. ვიცით, რომ არსებობენ რუსეთზე უფრო ძლიერი სხვა სახელმწიფოები, რომელნიც თუმცა უფრო მძლავრნი არიან, მაგრამ უფრო გულმოწყალენი; ისინი არიგებენ უმეცრებს, იცავენ სუსტებს, რუსეთთან არ მეგობრობენ, მისი მტრები არიან, სულთანს არ მტრობენ, პირიქით, მეგობრული ურთიერთობა აქვთ მასთან. ჩვენ ვიცით, რომ ინგლისი და საფრანგეთი დედამიწის ყველაზე დიადი სახელმწიფოები გახლდნენ. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანნი და ძლიერნი იყვნენ მაშინ, როდესაც რუსები აქ უბადრუკი ნავებით მოცურავდნენ და აზოვის ზღვაში თევზის დაჭერის ნებართვას გვთხოვდნენ. ჩვენ ვუშვებდით იმას, რომ ინგლისი და საფრანგეთი სულ არ დაინტერესდებოდნენ ჩვენგვარი უბრალო და ღატაკი ხალხით, თუმცა არასოდეს არ შეგვპარვია ეჭვი იმაში, რომ ეს განათლებული ერები რუსებად არ გვთვლიდნენ. და თუმცა ჩვენ სწავლული ხალხი არა ვართ, არ გვაქვს არტილერია, გემები თუ განძი, არ გვყავს გენერლები, მაინც ვიმედოვნებდით, რომ ჩვენ პატიოსან და თუ არ გვერჩოდნენ, საკმაოდ მშვიდობიან ხალხად გვთვლიდნენ. ვიმედოვნებდით, რომ ამ განათლებულმა ერებმა უწყოდნენ როგორ გვძულს რუსები (საამისოდ გაგვაჩნია რა ყველა მიზეზი), რომლებსაც ბრძოლაში თითქმის ყოველთვის ვამარცხებდით.

ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით შეურაცხყოფილი დავრჩით იმის გაგებით, რომ ევროპაში გამოშვებულ ყველა გეოგრაფიულ რუკაზე ჩვენი მიწა აღნიშნულია როგორც რუსეთის ნაწილი; რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ყოფილა ისეთი ჩვენთვის სრულებით უცნობი შეთანხმებები ხელმოწერილი, რომელთა თანახმადაც რუსეთი ვითომ მშვიდობიანად საკუთრებაში იღებს იმ მეომრებს, რომლებიც მას თავზარს სცემდნენ და ამ მთებს, სადაც რუსს ფეხი არ დაუდგამს; რომ რუსეთის წარმომადგენლები ევროპას უცხადებენ, რომ ჩერქეზები ან მათი მონები, ან კი გარეწარი, კანონის არმცნობი არამზადები და ბანდიტები არიან, რომელთაც კეთილი დამოკიდებულება ვერ დააშოშმინებს და რომელთაც არანაირი კანონის დამორჩილება არ სურთ.

მოწმედ ვიხმობთ ცას და მრისხანედ ვაპროტესტებთ ამგვარ ტყუილს და ქალური ჭორების მსგავს ამაო მონაჩმახებს. ორმოცი წლის მანძილზე იარაღით გააფთრებულ წინააღმდეგობას ვუწევდით დამონებას. ეს მელანი, ისევე როგორც ჩვენს მიერ დაღვრილი სისხლი, ჩვენს დამოუკიდებლობას მოწმობს. ეს სიტყვები - დასტურია ადამიანებისა, რომლებმაც არ იციან ბატონობა და არ ითმენენ ბატონს, რომლებსაც თავისი მიწის დაცვა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი; ადამიანებისა, რომლებიც დიპლომატიის ნიუანსებში არ არიან გათვითცნობიერებულნი, მაგრამ კარგად იციან როგორ გამოიყენონ იარაღი როდესაც რუსები ახლოვდებიან.

ვისა აქვს ჩვენი ვინმესთვის გადაცემის უფლება? ჩვენ სულთანს ჩვენი ქვეშევრდომობა, ჩვენი ერთგულება შევთავაზეთ, მაგრამ თუ ის რუსეთთან მეგობრობს, ის ჩვენს ამ შეთავაზებას ვერ მიიღებს, ჩერქეზეთი რუსეთთან ომობს. ჩვენი შეთავაზება ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულებაა და არა საქონელი, რომლის გაყიდვა შეუძლია იმას, ვისაც არც კი უყიდია. დაე ნუ მოგვაქცევს ყურადღებას ისეთი დიადი სახელმწიფო როგორც ინგლისია, ვისაც შევცქერით და ვისკენაც ხელებს ვიწვდით, სრულებით ნუ ჩაერევა ის ჩვენს ბედისწერაში თუ კი ეს მხოლოდ ახალ უსამართლობას მოგვიტანს. დაე ინგლისმაც უდაოდ არ შეამჩნიოს რუსეთის ხრიკები, თუ კი ის კავკასიელ ხალხთა ხვეწნა-მუდარის გასაგებად ყურებს იხშობს. დაე მან ცილისმწამებლების სიტყვებს დაუჯეროს და მათი სიტყვებით შეაფასოს ბარბაროსებად და ველურებად გამოცხადებული ხალხები.

ჩვენ ოთხი მილიონი ვართ, მაგრამ საუბედუროდ მრავალ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და სხვადასხვა სარწმუნოების ტომებად ვართ დაყოფილი. ჩვენ სხვადასხვა წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ნათესაური კავშირები და ომის დროს არჩეული წინამძღოლის უსიტყვოდ დამორჩილების კანონები, სისხლის აღების წესები გვაქვს. ამიტომ ჩვენ არასოდეს გვქონია ერთი მიზანი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მმართველობის ჩამოყალიბებული ფორმები, რომლებიც გულისხმობენ ერთთა მორჩილებას და სხვათა ხელმძღვანელობას. ჩვენი უხუცესები ამა თუ იმ ადგილის წეს-ჩვეულებათა შესატყვისად მართავენ და უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ჩვენს ირგვლივ არსებული დიდი სახელმწიფოების მმართველნი. თუმცა აქ, აღმოსავლეთში მბრძანებელნი, ყოველთვის ჩვენს საერთო საგარეო ხელმძღვანელს ვირჩევდით. ამდენად ჩვენ ერთსულოვნად გამოვხატავდით ყირიმის ხანების მორჩილების სურვილს, შემდეგ კი კონსტანტინეპოლის სულთნებისას, ვუცქერდით რა მათ როგორც რწმენის სიმბოლოს განსახიერებას. ყოველთვის, როდესაც ამის ძალა ჰყოფნიდა, რუსეთი ხელიდან არ უშვებდა ჩვენი ტერიტორიის ნაწილის დაპყრობის შესაძლებლობას, რაშიც მან ბევრს მიაღწია: რუსებმა მათი ყმა გლეხების მდგომარეობაში ჩაგვყარეს, ჩაგვწერეს საკუთარ ჯარში, რათა მათთვის ახალ-ახალი ხალხები, მათ შორის ჩვენი თვისტომები და ერთმორწმუნენი დაგვეპყრო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სიძულვილმა ღრმად გაიდგა ჩვენს გულებში ფესვი და სისხლისღვრას ბოლო არ უჩანს. ჩვენ რომ სხვანაირად ვუცქერდეთ ამას, უკვე დიდი ხნის წინ დავემორჩილებოდით მოსკოვის მეფეს.

რამდენად გრძელი და ნაღვლიანია მოთხრობა იმისა, როგორ უთხრიდა რუსეთი ძირს ჩვენს ნდობას, არ ასრულებდა დაპირებულს, ყოველი მხრიდან როგორ ერტყმოდა ჩვენს მიწას გარს, გვართმევდა ყველაზე აუცილებელს, როგორ სწყვეტდა ჩვენს სავაჭრო კავშირებს, დაქირავებულ მკვლელებს ხანჯლით როგორ ახოცვინებდა ჩვენი წარჩინებული და ძველი გვარების უკანასკნელ წარმომადგენლებს და გვტოვებდა წინამძღოლთა გარეშე, რომელთაც ჩვენ შეიძლება ვემართეთ, როგორ სპობდა მთელს ტომებს და დასახლებებს, ისყიდდა მოღალატეებს - პორტას აგენტებს, როგორ გაგვაღატაკა და აქ ჩადენილი საშინელებებით დაამკვიდრა ჩვენს გულებში ლამის მთელი მსოფლიოს სიძულვილი და იმავე დროს თავისი სიცრუით მან ევროპის ქრისტიანი ხალხის თვალში საშინლად დაგვამდაბლა.ჩვენ ჩვენი საუკეთესო ბელადები დავკარგეთ, რომელთაც ადრე თავის დროშების ქვეშ ასობით ათასი ადამიანის გაერთიანება შეეძლოთ, თუმცაღა ჩვენ ყველას ახლა, როგორც ერთს, რუსეთის სიძულვილი გვაერთიანებს. ამ ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის დროს მან დაიმორჩილა 2 000 000 ჩვენიანი, მაგრამ დარჩენილთაგან იმპერიას საკუთარი ნებით არც ერთი არ ემსახურა. მრავალი ბავშვი იქნა გატაცებული, წარჩინებულ ოჯახთა შვილებს იპყრობდნენ და მძევლებად მიჰყავდათ. ვისაც შეეძლო, სხვაგან გარბოდა.

ჩვენს შორის არიან იმპერატორის მიერ ნაფერებნიც, ყველგვარი პატივის და ჯილდოს მქონენი, ვინც ეს კეთილდღეობა მშობლიურ მიწაზე არსებულ საშიშროებებს ამჯობინა. ჩვენს შორის ცხოვრობს ათასობით რუსი, რომელთათვისაც ჩვენი "ბარბაროსობა" უფრო ძვირფასია, ვიდრე მათი ცივილიზებული ქვეყნის ყველა ხიბლი. რუსებმა ჩვენი ქვეყნის მაღლობებზე ციხე-სიმაგრეები ააშენეს, თუმცა იმაზე შორს შეჭრას ვერ ბედავენ, ვიდრე მათი არტილერია ისვრის: სამხედრო თავდასხმაში მონაწილე 50 000 რუსი ჯარისკაცი ამას წინათ მთიელებმა დაამარცხეს. ჩვეულებრივ, ქვეყანას იპყრობენ იარაღით, და არა სიტყვებით. მაგრამ თუკი რუსები ჩვენს დაპყრობას მოახერხებენ, ისინი ამას გააკეთებენ არა იარაღით, არამედ ჩვენი კომუნიკაციების გადაჭრით და თურქეთისა და სპარსეთის იმგვარად გამოყენებით, თითქოს ისინი უკვე რუსეთის საკუთრებანი არიან. ისინი ჩაკეტავენ საზღვაო გზებს, თითქმოს ისინი უკვე მას ეკუთვნის. ისინი ბლოკირებას გაუკეთებენ სანაპიროებს და ჩასძირავენ არა მარტო ჩვენს გემებს, არამედ სხვა ქვეყნების გემებსაც, რომლებიც ჩვენს მოახლოვებას გაბედავენ. ჩვენი პროდუქციისათვის წაგვართმევენ გასაღების ბაზარს. ყველანაირად შეგვიშლიან ხელს მარილის, დენთის და ომისთვის თუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო საგნების შეძენაში. ისინი იმედის წართმევით დაგვამარცხებენ.

მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ! ჩვენ ვომობთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!

რუსეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც ევროპაში მონებად გვაცხადებენ და რუკაზე ჩვენს მიწას თავისი იმპერიის ნაწილად აღნიშნავენ, ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები დაიწყეს ჩერქეზებთან არა ჩადენილის გამო ბოდიშის მოსახდელად, არამედ იმ მიზნით, რომ ჩვენი მებრძოლების მიერ ალყაში მოქცეული 20 000 კაცი გამოიხსნან და ტყვეების გაცვლის შესახებ მოილაპარაკონ.

ედმუნდ სპენსერი, «მოგზაურობა ჩერქეზეთში», 1837 წ.
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen