მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ფილიპ კონტამინი: საღვთო მშვიდობა და ზავი შუა საუკუნეების ევროპაში
მივიწყებული ქრისტიანული ეთიკის ისტორიიდან

1932 წელს დაბადებული ფილიპ კონტამინი ფრანგ ისტორიკოსთა უფროს თაობას ეკუთვნის. ისინი ფრანგული ისტორიოგრაფიის იმ მიმდინარეობას აგრძელებენ, რომელსაც ზოგჯერ "ახალ ისტორიულ მეცნიერებას" უწოდებენ. ამ მიმართულების დამფუძნებლები, კარგად ცნობილი ისტორიკოსები მარკ ბლოკი და ლუსიან ფევრი იყვნენ. მათი სულისჩამდგმელი კი ისტორიული სინთეზის სკოლის დამფუძნებელი ანრი ბერრი გახლდათ, რომელიც ავტორია 1911 წელს გამოცემული ფილოსოფიურ-ისტორიული და მეთოდოლოგიური ნაშრომისა "სინთეზი ისტორიაში". ბერი ამოდიოდა პლურალიზმის, ე. ი. ისტორიული განვითარების ფაქტორთა სიმრავლის პრინციპიდან და უარყოფდა ისტორიისადმი მარქსისტულ მონისტურ მიდგომას, რომელიც ერთ გადამწყვეტ ფაქტორს, ეკონომიკას გამოყოფს და თვლიდა, რომ ისტორიულმა გამოკვლევამ საზოგადოების ცხოვრების სრულებით განსხვავებული მხარეები უნდა მოიცვას. მართალია მისი ოცნება ყოვლისმომცველ ისტორიულ სინთეზზე პრაკტიკაში განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისწრაფება ასეთი სინთეზისაკენ, თუნდაც შეზღუდული მასშტაბით, ახალი მიმართულების ისტორიკოსთა დამახასიათებელ ნიშნად იქცა.

ფილიპ კონტამინის წიგნი "ომი შუა საუკუნეებში" უბრალოდ სამხედრო საქმის ისტორია არაა. ესაა ისტორია ომისა, როგორც შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მის სავსებით განსხვავებულ გამოვლინებაში და შედეგებში. შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიას მრავალი იკვლევდა, მაგრამ ომის როგორც სოციალ-პოლიტიკური და სულიერ-რელიგიური ცხოვრების ფენომენის კომპლექსური ანალიზი არავის უცდია. სწორედ ამიტომაა ფრანგი მკვლევარის ეს ნაშრომი უნიკალური, რომელიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. ფილიპ კონტამინმა უამრავი განსხვავებული წყაროს გამოყენებით ევროპულ ქვეყნებში ომების ისტორიის შესახებ მდიდარი მასალა წარმოადგინა და ომთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა გაანალიზა. წიგნში ასევე მოცემულია კლასიკური მასალა იარაღის ისტორიის შესახებ და შუა საუკუნეების ტაქტიკის და სტრატეგიის ორიგინალური ანალიზი, რომელსაც სამხედრო საქმის ისტორიკოსები ადრე უგულვებელყოფდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ ანტიკური ხანისგან განსხვავებით ტაქტიკა და სტრატეგია შუა საუკუნეებში პრაქტიკულად არ არსებობდა. ფილიპ კონტამინი ეხება ისეთ იშვიათ და მნიშვნელოვან თემებსაც, როგორიცაა "სიმამაცის ისტორია" და იკვლევს ომის გამოვლინებას საეკლესიო და რელიგიურ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ის ეხება შუა საუკუნეებში ომის როგორც სამხედრო და სოციალურ-პოლიტიკურ, ისე სულიერ-რელიგიურ ასპექტებს. უპირველეს ყოვლისა, გვიანი შუა საუკუნეების ანუ XIV-XV-ე საუკუნეების მკვლევარი კონტამინი დიდხანს იკვლევდა საფრანგეთისა და ინგლისის ასწლიან ომს და პრობლემების ძალზედ ფართო წრეს ეხებ.

როგორც თვითონ კონტამინი ამბობდა, მის წიგნებში "არ წარმოდგება მხოლოდ გლეხების და სოფლების, კლირიკების და ბერების, ვაჭრების და ბაზრობების, ხელოსნების და ამქრების საფრანგეთი, არამედ მის ნაშრომებში ასევე ძალიან რეალურია ომის და დიპლომატიის, სახელმწიფოსა და მისი მსახურების, წარჩინებულთა და ძალაუფლების მქონეთა საფრანგეთიც." მას განსაკუთრებით "თავისუფლების ფერმენტად" და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ფიგურად დარჩენილი თავადაზნაურობის ისტორია აინტერესებდა. ამასთან დაკავშირებით, ის გვიანდელი შუა საუკუნეების რაინდობის ევოლუციასაც ეხება თვლიდა რა, რომ XIV-XV-ე საუკუნეების საფრანგეთში საუბარი რაინდობის მზის გარდაუვალ ჩასვენებაზე, როგორც ამას ისტორიკოსები ჩვეულებრივ აკეთებენ, ნაადრევია.

ფოტოზე: ფილიპ კონტამინი (*1932) – ფრანგი ისტორიკოსი, შუა საუკუნეებისა და დიდგვაროვანთა ისტორიის მკვლევარი


ღვთაებრივი მშვიდობა და ღვთაებრივი ზავი. რაინდული ეთიკა და ჯვაროსნული ლაშქრობები


ადრეულმა შუასაუკუნეებმა (განსაკუთრებით VIII-X-ე საუკუნეებში) ომის კონცეფციაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა უფრო ნაყოფიერი 1000 წელსა და XII-ე საუკუნის დასაწყისს შორის მოქცეული პერიოდი გახლდათ. ამ პერიოდის სირთულეს ხაზს თანამედროვე ისტორიოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობა უსვამს.

ერთ-ერთი მიმდინარეობა დასავლეთში გაჩენილ მშვიდობის მთლიან პროგრამას გამოჰყოფს: ეს არაა უბრალო ბრძოლა ყოველდღიური ცხოვრების დამადამბლავებელ ძარცვა-ყაჩაღობასთან. ესაა მეტაფიზიკური და კოსმოლოგიური ბრძოლა მოძალადეებთან და ქაოსის შემქმნელებთან, სხეულის, სულის და საზოგადოების დონეზე. სხვა მიმდინარეობამ კი გამოავლინა მშვიდობის მსურველთა მოძრაობის კავშირი რაინდობის გაჩენასა და ჯვაროსნული ლაშქრობების იდეის შემუშავებასთან. მესამე მიმდინარეობა ხაზს უსვამს სოციალურ ურთიერთობათა გარდაქმნას და არა იმდენად ეკლესიისა და საერო ფეოდალების, რამდენადაც მაგნატებისა და ღარიბების დაძაბულ ურთიერთობებს. ის ასახავს ცნებების, იდეალების, ღირებულებათა ევოლუციას. დიდი ანგარიშით, საზოგადოების გარდაქმნა მღელვარებებისა და კრიზისების ატმოსფეროში, სწორედ მსოფლმხედველობის შესაბამისად და მისი წყალობით ხდებოდა.

პირველ რიგში, ფაქტებს დავაკვირდეთ. პირველი პერიოდი - საღვთო მშვიდობის, ანუ თუ იმ ხანის ცნებებს ვიხმართ - მშვიდობაზე შეთანხმების, მშვიდობის დამყარების, მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენის, აღსადგენი მშვიდობის (pactum pacis, constitutio pacis, restauratio pacis et justitial, pax reformanda) დროა (975-1025 წწ..).
975 წელს, პიუის კრებაზე, ეპისკოპოსმა გი ანჟუელმა, თავისი ეპარქიის გლეხები და რაინდები ღია ცის ქვეშ, სენ-ჟერმენის ველზე შეკრიბა რომ მშვიდობის დაცვის შესახებ მათი აზრი გაეგო. საკითხის მნიშვნელობის გასარკვევად ანჟუელმა თავიდანვე განაცხადა: "ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობის გარეშე ვერავინ იხილავს უფალს და უფლის სახელით ვაფრთხილებთ ყველას, რომ ისინი მშვიდობის შვილებად უნდა იქცნენ". შეკრების მთავარი შედეგი ის იყო, რომ რაინდებს ნებით თუ უნებურად უნდა დაედოთ ფიცი, რომ ისინი ეკლესიის და გლეხების, სულ მცირე მათი მამულების გარეთ მცხოვრები გლეხების საკუთრებას პატივს მიაგებენ. ეპისკოპოსი გი წინააღმდეგობას წააწყდა, რომელიც მან თავისი ნათესავების – გრაფების: ბრიუდას და შევოდანას შეიარაღებული დახმარებით დასძლია. ეს ნიშნავს იმას, რომ სამშვიდობო მოძრაობა საზოგადოდ მაგნატების წინააღმდეგ (მაგნატებს სურდათ, რომ მათზე დამოკიდებული ხალხის ქონება დაცული ყოფილიყო) არ ყოფილა მიმართული. იგი მიმართული გახლდათ მხოლოდ მძარცველების და მშვიდობის დამრღვევთა წინააღმდეგ. შემდგომ სამშვიდობო კრებებთან თავადები, წარჩინებულები და ხალხი (საერო საზოგადოების სამი კატეგორია) ითანამშრომლებენ.

989 წლის ივნისის შარრუს კრებამ, რომელზეც ბორდოს ეპისკოპოსი გომბოს თავმჯდომარეობით აკვიტანიის ეპისკოპოსები შეიკრიბნენ, სამმაგი შეჩვენება წარმოსთქვა: მან შეაჩვენა ეკლესიების, გლეხების და სხვა ღატაკების ქონების მძარცველები, მათ შორის ცხვრების, ხარების, ვირების, ძროხების, თხების, ღორების გამტაცებლები, თუ კი ეს "თვითონ მფლობელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო" არ მოხდა ან თუ მოხდებოდა. და ბოლოს, შეაჩვენეს ისინი, ვინც უიარაღო სასულიერო პირების წინააღმდეგ ძალადობდა. ამდენად, გლეხთა დაცვა საკმაოდ შეზღუდული იყო. ის მხოლოდ ქონების მიტაცებას ეხებოდა. ვერდენ სიურ ლე დუს კრება (1016 წ.) უფრო შორს წავიდა და პირობა დადო, რომ ომის დროს თვით გლეხებს დაიცავდა.

პირველ ეტაპზე ეკლესია ანუ კრების მომწვევი ეპისკოპოსები მხოლოდ ფიცს ითხოვდნენ. მეორე ეტაპზე კი მშვიდობის დაცვის ლიგები გაჩნდა. ინიციატორი იყო ბურჟის მთავარეპისკოპოსი ემონი, რომელმაც 1038 წელს განაცხადა, რომ ყოველმა ერთგულმა ქრისტიანმა 15 წლის ასაკიდან თავი მშვიდობის დამრღვევთა მტრად უნდა გამოაცხადოს და პირობა დადოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ იარაღს მოჰკიდებს ხელს. ამგვარად გაჩნდა მშვიდობის დაცვის მოძრაობის საზღვრები, რომელიც ყოველდღიური ძალადობისთვის, უკანონო ჩამორთმევებისათვის და ჯარიმებისათვის, ძარცვა-გლეჯისა და თარეშისთვის (depraedationes et invasiones) ბოლოს მოღებას ცდილობდა. ამიტომ მიწები და თვით ადამიანები (სასულიერო პირები, ვაჭრები, მლოცველები, წარჩინებული მადილოსნები და მათი ამალები მეუღლეების არყოფნისას, ქვრივები, მონაზვნები და სხვ.) განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. აქ საუბარი იყო შურისძიების, სისხლის აღების შეზღუდვაზეც. რაც შეეხება ასე ვთქვათ დიდ ომს, ანუ ომს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება ჯარების და სამხედრო ლაშქრობების მეშვეობით აწარმოებს, მასზე ეს ზომები არ ვრცელდებოდა.

იგივე განწყობებს მისდევს საღვთო ზავი (treuga Dei), თუმცა მას თავისი თავისებურებები აქვს. ის ქალაქი ტულუზის კრებაზე (1027 წ.) "შეთანხმების თუ დაზავების შესაბამისად"(pactum sive treuga) გაჩნდა, იქ გამოცხადდა და ელნის ეპარქიაზე და რუსილიონის საგრაფოზე ვრცელდებოდა. მის თანახმად შაბათს საღამოს 9 საათიდან ორშაბათს დილამდე, პირველი ლოცვის საათამდე. ყოველგვარი ძალადობა უნდა შეწყვეტილიყო. ეს გახლდათ ისეთივე დადგენილება, როგორც იყო კვირა დღეს სასამართლო დავის, ფიზიკური შრომის და ვაჭრობის ამკრძალავი დადგენილება.

1041 წელს, პროვანსის ეპისკოპოსმა, უეჭველად კლიუნის აბატი ოდილონის გავლენით, გალიის (ძველი საფრანგეთის) ეპისკოპოსთა სახელით იტალიის ეპისკოპოსებს წერილით მიმართა, რომელშიც ის მათ "ღვთის მადლით ცის მიერ ბოძებული საღვთო მშვიდობის და ზავის დაცვას სთხოვდა. ამიტომ ხუთშაბათს საღამოს ლოცვიდან ორშაბათს მზის ამოსვლამდე, ქრისტიანებს, მეგობრებს და მტრებს შორის მტკიცე მშვიდობა და ზავი უნდა სუფევდეს".

საღვთო ზავი რამოდენიმე წლის შემდეგ შემოიღეს აკვიტანიაში, ბურგუნდიაში, ნორმანდიაში, ვიენის და ბეზანსონის ეპარქიებში. რომის პაპები, ჯერ ნიკოლოზ II-ე და შემდეგ ურბან II-ე, ხელს უწყობდნენ სამშვიდობო მოძრაობის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში გავრცელებას. ამას დაემატა ომისაგან თავშეკავების ახალი პერიოდები: საშობაო მარხვა, შობა, დიდმარხვა, აღდგომა, დრო ამაღლებასა და სულთმოფენობას შორის ორივე დღესასწაულის ჩათვლით, ქალწული მარიამის სამი დღესასწაული და ზოგიერთი წმინდანის დღეები.


ფოტოზე: კარლოს დიდი და ეპისკოპოსი, შუა საუკუნეების მინიატურა, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

რაინდული ეთიკა

მოძრაობას მშვიდობისთვის მის ორ ნაირსახეობაში სხვადასხვანაირი შედეგი ჰქონდა. ის დასავლეთის ზოგ სახელმწიფოში ხელისუფლების უნიათობის შედეგად წარმოიშვა და მეფეებს და თავადებს ინიციატივის გამოჩენისკენ უბიძგა:

1155 წელს, ლუდოვიკო XVII-ემ ბრძანებით - "მშვიდობის დამრღვევების" წინააღმდეგ "სიავის თარეშის დათრგუნვა და ყაჩაღთა ძალადობის მოთოკვა" მოითხოვა; 1158 წელს, ფრიდრიჰ ბარბაროსამ მთელს იტალიაში მშვიდობა გამოაცხადა; ამავე იდეამ წმინდა რომის ისტორიის მთელ მანძილზე მშვიდობის სხვადასხვა კერები გააჩინა. რის შედეგადაც მართალია ომი არ მოისპო, მაგრამ ის ძალაუფლების მფლობელთა ვიწრო წრის საქმედ დარჩა. მაქს ვებერის თქმით, ამ წრის წევრებს ძალადობაზე მონოპოლია ჰქონდათ. სამშვიდობო მოძრაობის ლოგიკური შედეგი გახლდათ წმინდა ლუდოვიკოს და მისი მემკვიდრეების მიერ კერძო ომების წინააღმდეგ გატარებული ზომები, რამაც სახალხო მილიციების შექმნა გამოიწვია, აშკარა ბიძგი მისცა ფეოდალებთან ხალხის ბრძოლას და ხელი შეუწყო ქალაქების განთავისუფლებას.

სამშვიდობო მილიციებს "ახასიათებდა ანტიიერარქიულობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მძარცველ ფეოდალებს ისინი გლეხებს უპირისპირებდნენ, არამედ და უმთავრესად იმიტომაც, რომ ისინი ხალხს აიძულებდნენ, რომ კანონიერი ხელისუფლების დახმარების დაცდის გარეშე საკუთარი თავი თავად დაეცვათ... მანის მძარცველი ფეოდალების სასახლეების წინააღმდეგ (1070 წ.) გაშლილი საეკლესიო დროშებით ჩატარებული ლაშქრობიდან დაიწყო ფრანგული კომუნალური მოძრაობა".

ლუდოვიკო VI-ემ, სენ-დენის ბერების რჩევით, კაპეტინგების მონარქიის ინტერესების დასაცავად ეს ხალხური ინიციატივა აშკარად მოხერხებულად გამოიყენა. ასეთი გახლდათ თავიდან მისი საქმიანობის აზრი. სიბერემ და ავადმყოფობამ ფილიპე მეფური ღირსების სიმაღლიდან ჩამოიყვანა და ტირანების წინააღმდეგ მართლმსაჯულება მეტისმეტად დასუსტდა. ლუდოვიკომ მძარცველების და აჯანყებულთა ტირანიისთვის ბოლოს მოსაღებად, უპირველეს ყოვლისა, მთელი საფრანგეთის ეპისკოპოსებს მიმართა... და მაშინ პრელატებმა დაადგინეს, რომ მეფესთან ერთად, გარემოცვებში და ბრძოლებში მღვდლები დროშებით და თავისი მრევლით მიიღებენ მონაწილეობას". სამშვიდობო მოძრაობის ერთ-ერთი დასტური ბუვინთან გამოტანილი სენ დენის ორიფლამა, მშვიდობის, კომუნათა მფარველი დროშა გახლდათ.

საღვთო ზავით, წლის ნებისმიერ დროს აკრძალული მხოლოდ საკუთრივ ომთან დაუკავშირებელი ძალადობა იყო. რაც შეეხება სამართლიან ომს, კანონიკური სამართლის მცოდნეთა და თეოლოგთა უმრავლესობა მის რამენაირად დროით შეზღუდვას უსარგებლოდ თვლიდა. წმინდა თომა აქვინელის აზრით, აუცილებლობის შემთხვევაში (და სამართლიანი ომი ყოველთვისაა საჭირო) ომი ყველაზე საზეიმო დღესასწაულების დროს შეიძლებოდა.

თუმცა ზოგიერთი მოაზროვნე უფრო მომთხოვნი იყო; რუფიკი (Summa Decretorum-ში (1157) საეკლესიო დღესასწაულებისთვის პატივის მიგებისკენ მოუწოდებდა. ამ დღეებში არამზადებიც კი არ უნდა დაესაჯათ. მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი აზრი, ალბათ ცრუმორწმუნე შიშით, წლის საკრალურ პერიოდებში ომს არანორმალურად თვლიდა.

საღვთო მშვიდობამ ხელი შეუწყო მშვიდობიან, ომში ჩაუბმელ ადამიანთა და მათი ქონების ბუნებრივი ხელუხლებლობის ცნების ჩამოყალიბებას. უშუალოდ საღვთო მშვიდობის იდეასთანაა დაკავშირებული ჩამონათვალი იმათი, ვისაც "დაცვის სიგელი მოთხოვნის გარეშე" აქვს. ამ ჩამონათვალში არიან ეკლესიის ხალხი პრელატებიდან სალოცავ მოგზაურობაში მყოფებამდე, კაპელანების, მორჩილების, განდეგილების, მწყემსების და ყველანაირი მუშაკების, გლეხების, ვაჭრების, ქალების, მოხუცების და ბავშვების ჩათვლით.

აი რას წერს ონორე ბოვე "ბრძოლათა ხეში" (1386 წლისათვის)": მეომრების ძველი წეს-ჩვეულებების გამორკვევა რთულია და საკამათოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძველი წესისა და ჩვეულებების თანახმად, კარგი მეომრებისთვის ბერიკაცების ტყვედ აყვანა სამარცხვინოა თუ კი ისინი არ ომობენ, სამარცხვინოა ქალების და უდანაშაულო ბავშვების დატყვევება. უეჭველია, რომ მათში გამოსასყიდის მოთხოვნა ძალზედ ცუდია, ვინაიდან ცნობილია, რომ მათ ომი არ შეუძლიათ... ისინი კი, ვინც ამას სჩადიან, ყაჩაღებად, მძარცველებად უნდა იწოდებოდნენ.

1139 წელს, ლატერანის კრებამ ის მეომრები შეაჩვენა, რომლებიც ქრისტიანებს შორის ომებში, საშინელ იარაღს - მშვილდ-ისარს და არბალეტებს ხმარობენ. ეს აკრძალვა არ შედიოდა გრაციანის "დეკრეტში", მაგრამ ის იყო გრიგოლ მეცხრის "დეკრეტალიების" შემადგენელი ნაწილი. ის მხოლოდ დროებით და შეზღუდულად გამოიყენებოდა. პიერლე შანტრი (1200 წლისთვის) უშვებდა ურწმუნოთა, წარმართების, კატარების წინააღმდეგ და სამართლიან ომებში მშვილდ-ისარისა და არბალეტის გამოყენებას. რიჩარდ ინგლისელი, რაიმუნდ დე პენიაფორტი და ჟან დე დიე იზიარებდნენ ლატერანის კრების მიერ დაწესებული აკრძალვის დაცვის აზრს. თუმცა ეკლესიას არ დაუგმია არც სატყორცნი არტილერიის სრულყოფა და არც ცეცხლსასროლი არტილერიის გაჩენა. შეიძლება ლატერანის კრებას მხედველობაში ჰქონდა არა იმდენად იარაღის სახეობა, რამდენადაც მეომრის ტიპი. პიერ ლე შანტრმა განაცხადა, რომ მათი ხელობა სულის უეჭველად დამღუპველ ხელობებს ეკუთვნის.

და ბოლოს, მშვიდობისთვის მოძრაობამ ხელი შეუწყო რაინდული იდეალის ჩამოყალიბებას და გავრცელებას. ეკლესია მართლაც ცდილობდა რაინდების აყოლიებას და მათ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმას. ამით ის რაინდების მეომრულ ხასიათსაც უწევდა წინააღმდეგობას. ჯვაროსნების მსგავსად, ეკლესიამ იმუნიტეტის პრივილეგიით მოსარგებლე "მშვიდობის რაინდობის" შექმნა რამოდენიმეჯერ გამოაცხადა.

კლიუნის აბატი ოდონის მიერ 930 წლისთვის დაწერილ "წმინდა ჰერალდ ორილიაკელის ცხოვრებაში" პირველადაა ნაჩვენები, რომ შეიძლება ძალაუფლების მპყრობელმა დიდებულმა სიწმიდეს მიაღწიოს. იარაღის უარყოფის გარეშე ის შეიძლება (მაგრამ სისხლის დაუღვრელად) "ქრისტეს მეომარი" (miles Christi) გახდეს. როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წოდების განსაკუთრებული ფუნქცია, სამხედრო სამსახური სულიერ მნიშვნელობას იძენდა და მხსნელი ხდებოდა. ამ პერიოდიდან გაჩნდა კანონიერი მხედრობა. 1082 წლისათვის ანსელმ ლუკელმა დაწერა, რომ "სამხედროები შეიძლება მართალი ადამიანები" იყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ, ბონიზონ სუტრიელმა თავისი წიგნის - "წიგნი ქრისტიანულ ცხოვრებაზე " (Liber de vita Christiana) ერთი თავი რაინდების მოვალეობებს მიუძღვნა:

"რაინდები, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც თავის სენიორის ერთგულნი უნდა დარჩნენ, დაიცვან ის. მათ არ უნდა იყაჩაღონ, ისინი უნდა ებრძოდნენ ერეტიკოსებს და სქიზმატიკოსებს, იცავდნენ ღარიბებს, ქვრივებს და ობლებს, არ უნდა არღვევდნენ დადებულ ფიცს." შემდეგ, რაინდობის იდეალის პროპაგანდა და დაზუსტება საერო თუ სწავლულმა ლიტერატურულმა თხზულებებმა დაიწყეს. ამ იდეალის კლასიკური განსაზღვრება XII-ე საუკუნის შუ ხანებში დადგინდა.

მაგრამ ბრძოლა რაინდობის იდეალის განხორციელებისთვის იოლი რომ არ იყო, ამაზე მეტყველებს რაინდების 31 ცოდვის თუ მანკიერების ჩამონათვალი, რომელიც XIV-ე საუკუნის დასაწყისში ალვარეს პელაიომ წიგნში "ეკლესიის გოდების შესახებ"(De planctu Ecclesie) შეადგინა:

1. რაინდები, განსაკუთრებით გალიციაში, ჩვეულებრივ ყაჩაღობით ცხოვრობენ. 2. ისინი ხშირად საკუთარი სამშობლოს და მათი სენიორების წინააღმდეგ ომობენ. 3. მონაწილეობენ უსამართლო ომებში. 4. განსაკუთრებით საფრანგეთში, ტურნირებში მონაწილეობენ. 5. ისინი ყოველ წუთს მზად არიან გამოიწვიონ ორთაბრძოლაში ვიღაც ან უპასუხონ ასეთ გამოწვევას. 6. იღებენ რა ხელფასს, არ მსახურობენ ან მოდიან ცხენების უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე საჭიროა. 7. თავს თვლიან რაინდებად, როდესაც ჯერ რაინდები არ არიან. 8. რაინდებად ნაკურთხნი, ომებში მონაწილეობის შემდეგ, სასულიერო ორდენებში შედიან. 9. ისინი იბრძვიან არა ღმერთისთვის და საზოგადოებრივი საქმისთვის, არამედ ნადავლისა და სიმდიდრის გულისთვის. 10. მრავალს, განსაკუთრებით ლომბარდიაში, ტოსკანაში და წმ. პეტრეს პატრიმონიაში რაინდებად აკურთხებენ ნათესავები და მეგობრები, და არა იმპერატორი, მეფეები თუ თავადები.11. ისინი ხშირად გარბიან ბრძოლის ველიდან სამართლიანი ომების დროს და ბედის ანაბარა სტოვებენ მათ სენიორებს, შეურაცხყოფენ მის უდიდებულესობას.12. იღებენ ადმინისტრატიულ თანამდებობებს და ამით თავს იმცირებენ. 13. არღვევენ ფიცს, არიან ფიცის გამტეხელნი, ამიტომ საზოგადოებრივი საქმის გადასარჩენად თავს არ სწირავენ. 14. უნებართვოდ სტოვებენ სახელმწიფო სამსახურს და ნებართვის მიღებისას ცხოვრობენ სახლში, სურთ როგორც რაინდული პრივილეგიებით სარგებლობა, ისე ხელფასის მიღება.15. ზოგიერთი საზეიმოდ მონანიების შემდეგ, ისევ რაინდი ხდება. 16. ბევრი, მღვდლის მოკვლის შემდეგაც რაინდად რჩება. 17. ისინი სარგებლობენ რაინდული ღირსებით და ივიწყებენ, რომ რაინდობა უსამართლოთა დასასჯელად, უწმინდურთა წინააღმდეგ საბრძოლველად დაწესდა. 18 არ იცავენ რაინდულ წეს-ჩვეულებებს და ნორმებს. 19. ომობენ დაუნდობლად და სასტიკად, შურის საძიებლად, ბატონობისთვის და ზიანის მისაყენებლად. 20. ომობენ საკუთარი და არა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. 21. არ ემორჩილებიან თავის უფროსებს სასარგებლო და კანონიერ საქმეებში. 22. იღებენ ხელფასზე მეტს. 23. ხოცავენ ხალხს და ომობენ უფროსების კანონიერი ნებართვის გარეშე. 24. ხშირად დამნაშავენი არიან სიმონიაში. 25. ზოგიერთი რაინდად საჯაროდ მონანიების შემდეგ ხდება. 26. ზოგიერთი რაინდულ წოდებაში საპატიო თანამდებობისკენ მიიწევს უცბად და არა თანდათანობით. 27. სამართლიან ომებში მონაწილეობენ უგულოდ და როგორც ლაჩრები ანუ დაუმსახურებლად. 28. სტოვებენ ჯარს გამარჯვებამდე ან სამსახურის ვადის გასვლამდე. 29. ხშირად ხოცავენ თავის ტყვეებს. 30. რაინდები ხშირად ყაჩაღობენ, განსაკუთრებით ესპანეთში. 31. მშვიდობის დროსაც კი გამარჯვებებით ტრაბახობენ.

თუ კი გვერდზე გავწევთ რაინდული იდეალის ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა მორჩილება და ერთგულება, გამოდის, რომ ეკლესიამ ჟინიანი და აღვირახსნილი მეომრების მოთოკვის და მათი რაინდებად გადაქცევის შემდეგ, მათ ის მისია მიანდო, რომელიც უმთავრესად მეფეებს ეკისრებოდა. თუმცა კაროლინგური ხანიდან ღარიბების და სუსტების დაცვის მისია არისტოკრატიასაც ჰქონდა დაკისრებული.

როგორც ჩანს, მეფეების უძლურებამ ან გულგრილობამ ეკლესიას უბიძგა მიემართა იმ პროფესიული ფენისთვის, რომელსაც თეორიულად მხოლოდ, ყველა დონის შემსრულებელი უნდა მიეწოდებინა. ეკლესია სამხედრო პროფესიას მეფეთა შუამავლობის გარეშე, უშუალოდ დაუკავშირდა. ამიტომ მეფედ კურთხევა და ცხება, შეიძლება რაინდად კურთხევას დაუახლოვდეს. რაინდობა, სულ უფრო და უფრო, აშკარად ქრისტიანობით იჟღინთებოდა.

ეკლესიის გავლენა, პირველ რიგში იარაღის დალოცვის რიტუალში გამოჩნდა. ეს ჩვეულება იტალიაში ცნობილია ლანგობარდული ხანის დასასრულიდან. X-ე საუკუნის შუა ხანებიდან, რომის პაპთა სხვადასხვა დადგენილებები იწონებდნენ იარაღის კურთხევას (დროშის, მახვილის, ფარის კურთხევა - consecrationes vexilli, ensis, gladii, calcarum, clipei). მებრძოლთა ერთი ლოცვა (oratio super militantes) შემდეგ სიტყვებს შეიცავდა:

"ისმინე უფალო ჩვენი ლოცვები და აკურთხე შენი მეფური მარჯვენით ეს მახვილი, რომელიც წელზე უნდა შეიბას შენმა მსახურმა, რათა დაიცვას ეკლესიები, ქვრივები, ობლები და ყველა ღვთისმსახური წარმართთა სისასტიკისგან და თავზარი დასცეს ყველა ვერაგს".

რაინდად კურთხევის წმინდა საერო ცერემონიებთან ერთად (ისინი ყველაზე გავრცელებული იყო და თან მხოლოდ მღვდლის ან კაპელანის ზოგადი დალოცვა ახლდა), დაახლოვებით XI-ე საუკუნიდან ყველაზე გავრცელებული უმაღლესი პრელატების მიერ ჩვეულებრივ სამების დღეს ჩატარებული საზეიმო ცერემონიები იყო. ვილჰელმ დამპყრობელმა კენტერბერის ეპისკოპოს ლანფრანკს თავისი ერთ-ერთი შვილის რაინდად კურთხევა უბრძანა. რეიმსის ეპარქიის ერთი პონტიფიკალი (XI-ე საუკუნის დასაწყისი) აღწერს მახვილის, დროშის, შუბის, ფარის, თავად რაინდის კურთხევას და ეპისკოპოსის მიერ მისთვის მახვილის გადაცემას. ამავე ხანას ეკუთვნის კიოლნის ეკლესიის რიტუალის აღმწერი ტექსტი, "ეკლესიის მცველისა თუ სხვა მეომრის შეიარაღების წესი"(ordo ad armandum Ecclesiae defensorem vel alium militem).

1295 წლისათვის დიურანმა შეადგინა "პონტიფიკალი"(Pontifical), რომელიც XIV-ე საუკუნეში "რომის პონტიფიკალში" (Pontifical romain) ჩართეს, სადაც ახალი რაინდის კურთხევის სხვადასხვა სტადიაა (benedictio novi militis) ჩამოთვლილი. თავიდან აკურთხებენ "მახვილს და სხვა იარაღს წარმართთა სისასტიკისაგან ეკლესიების, ქვრივ-ობლების და ყველა ღვთისმსახურის დასაცავად". სხვა კურთხევა დამსწრეთ შეახსენებს, რომ უფალმა ადამიანთა სამყაროში ხმლის ხმარება "შეჩვენებულთა ბოროტმოქმედებათა მოსათოკად და სამართლიანობის დასაცავად" დაუშვა, ხალხის დასაცავად რაინდული ორდენის დაარსება მოისურვა და ამიტომ იოანე ნათლისმცემელს უბრძანა, რომ უდაბნოში შემხვედრი რაინდებისთვის გადაეცა, რომ მათ არავინ არ უნდა შეავიწროვონ და საკუთარი ხელფასით დაკმაყოფილდნენ. უფალს შესთხოვდნენ მისი მსახურისათვის გამარჯვება მიენიჭებინა ისე, როგორც მან დავითსა და იუდა მაკაბეის გაამარჯვებინა.

რაინდს უსამართლოდ არ უნდა დაეჭრა ვინმე. მას "სამართლიანი და სწორი საქმეები" მახვილით ყოველთვის უნდა დაეცვა. დაბალი მდგომარეობიდან (minor status) "ახალ რაინდულ ღირსებაში" გადასვლა, შედარებული იყო წერილის გამოთქმასთან ძველი ადამიანისა და მისი საქმეების მოშორების და ახალი და მუდამ განახლებადი ადამიანით შემოსვის შესახებ. შემდეგ პრელატი საკურთხევლიდან გაშიშვლებულ მახვილს იღებდა, მას რაინდის მარჯვენა ხელში სდებდა და ამბობდა: "აიღე ეს მახვილი მამის, ძის და სულიწმინდას სახელით და იხმარე ის შენი საკუთარი თავის, ღმერთის წმინდა ეკლესიის, ქრისტიანობის და საფრანგეთის სამეფოს გვირგვინის დასაცავად, ქრისტეს ჯვარის მტრების დასაღუპად. ამის შემდეგ, ხმალს ქარქაშში სდებდნენ და მომავალი რაინდი მას წელზე ირტყამდა. შემდეგ კი ის ხმალს ქარქაშიდან იღებდა და მას სამჯერ ენერგიულად იქნევდა. ამ დროს პრელატს შეიძლება ხაზი გაესვა მისი "რაინდული ხასიათისთვის" და მშვიდობის ამბორი მიეცა შემდეგი სიტყვებით: "იყავი მშვიდობიანი, ვაჟკაცი, ერთგული და ღმერთის მორჩილი რაინდი". სილის გაწვნას კი თან ახლავს შემდეგი სიტყვები: "გამოფხიზლდი ავი ზრახვების ძილისგან და საქები დიდების გულისთვის იფხიზლე ქრისტეს რწმენაში." ამის შემდეგ რაინდად ახალნაკურთხი კეთილშობილ საჩუქრებს-დეზებს და პრელატის ხელიდან თავის ალამს იღებდა.


ფოტოზე: ჰარტმან ფონ აუე (დაახლ. 1160 -1210 წწ.), გვიანდელი შუა საუკუნეების რაინდის იდეალი, "კოდექს მანეზის" (იგივე "მანეზის სიმღერათა ხელნაწერი კრებულის") 184-ე ილუსტრაცია
თანამედროვე ფრანგი ყმაწვილებისათვის გამოცემული სახელმძღვანელოდან:

რაინდობის წესები:

1. შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს და ღმერთებს.
2. შენ ირწმუნებ ეკლესიის მოძღვრებას და შენ დაიცავ ყველა მცნებას.
3. შენ დაიცავ ეკლესიას.
4. შენ პატივს მიაგებ და დაიცავ ყველა სისუსტეს.
5. შენ გეყვარება ქვეყანა სადაც დაიბადე.
6. შენ არ დაიხევ უკან მტრის წინაშე.
7. შენ შეუჩერებლად და უმოწყალოდ ეომები ურჯულოებს.8. შენ ზუსტად აღასრულებ შენს ფეოდალურ მოვალეობებს, ისინი არ ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს.
9. შენ არ იტყვი ტყუილს და იქნები მიცემული სიტყვის ერთგული.
10. შენ იქნები ლიბერალი და გულუხვი ყველას მიმართ.
11. შენ ყველგან და ყოველთვის დაიცავ სამართალს და სიკეთეს უსამართლობისგან და ბოროტებისგან.


რაინდის ეთიკური მნიშვნელობა:

რაინდი იცავს საკრალურის მნიშვნელობას, ღირებულებებს, რომლებიც ყველგან და ყოველთვის კაცობრიობის ღირსებას შეადგენენ.
რაინდისთვის წმინდაა ფიზიკური არსებობაც და კიდევ უფრო მეტად სულიერი ცხოვრება.
რაინდი აბსოლუტურ პატივს მიაგებს გონიერებას და გულის ფასეულობებს და აქედან გამომდინარე ადგენს ღირებულებათა საკუთარ სისტემას.
რაინდისათვის კეთილშობილია ღარიბი და ძლიერთა მიერ შეზიზღებულიც, თუ კი ის ამ ღირებულებებს ატარებს.
რაინდი ყველაფერ ამას მთელი თავისი ძალით იცავს და თუ საჭიროა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდეც.
რაინდი მორჩილია, მაგრამ იმ პირობით, რომ არაფერმა და არავინ არ უნდა შეჰბღალოს თავისუფალი ადამიანის ღირსება.
რაინდისთვის სამართლიანი და ადამიანური წყობის საფუძველია სინდისის თავისუფლება. ის ამ თავისუფლების დასაცავად ყველა ტანჯვის ატანისა და ყველა მსხვერპლის გასაღებადაა მზად.
რაინდი ყველა ტანჯული ქმნილების მსახური და ყველა ჩაგრულის დამცველია.
რაინდმა ტანჯვისა და ჩაგვრის დასამარცხებლად ყველაფერი უანგაროდ უნდა გაიღოს.
თავისი სამსახურის სანაცვლოდ, რაინდი მატერიალურ ანაზღაურებას თუ სოციალურ დაწინაურებას არ ელის.
რაინდის ღირსებაა მისი ცხოვრების შესაბამისობა მის მიერ თავისუფლად არჩეულ იდეალთან.
რაინდის სიტყვა წმინდაა. ის არ უნდა იყოს საეჭვო.

სრულებით აშკარაა საღვთო ზავის იდეების კავშირი ჯვაროსნულ ლაშქრობებთან. კლერმონის კრების პირველი კანონი საღვთო ზავს ეხება. ამ კრებაზე ურბან მეორემ იერუსალიმზე ლაშქრობა გამოაცხადა. ორივე შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჯვრის სიმბოლიკა და სამართლიანი და მონანიე რაინდის, ქრისტეს მეომრის სამსახური ურჯულოთა დასჯა და ბოროტმოქმედთა და ერეტიკოსთა წინააღმდეგ შურისძიება გახლდათ...

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."