მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
იბერიულ-კავკასიური ეთიკა: უერკ ხაბზე - ჩერქეზ თავად-აზნაურთა ღირსების კოდექსი
ლამაზი კავკასია

I ნაწილი

ცნება „ხაბზე“ როგორც მის ვიწრო სოციალურ, წოდებრივ ასპექტში - „უერკ ხაბზე“ , ისე უფრო ფართო საერთო სახალხო ასპექტში - "ადიღე ხაბზე" წარმოადგენს ძალზედ დატვირთულ და ყოვლისმომცველ ცნებას. მასში იგულისხმება არა მხოლოდ ეტიკეტი, არამედ რიტუალებიც, ტრადიციებიც, საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც, ჩვეულებრივი სამართლის ნორმებიც, ადიღთა სულიერი, ეთიკური და მორალური ღირებულებებიც. ამ თემის სხვადასხვა აპექტი გაშუქებულია ბ.ხ. ბგაჟნოკოვის, ს.ხ. მაფედზევის, ა.ი.მუსიკაევის, ა.მ. გუტოვის და სხვა ავტორთა ნაშრომებში. აქ მასზე ვისაუბრებთ მისი სოციალური, წოდებრივ-კლასობრივი შინაარსის კუთხით.

ჩერქეზულმა არისტოკრატიამ, რომლის დევიზიც "ღირსება და ომი" გახლდათ, გამოიმუშავა საკუთარი რაინდული მორალური კოდექსი, ე.წ. უერკ ხაბზე (უერკ - რაინდი, წარჩინებული. ხაბზე - ჩვეულებრივ-სამართლებრივი მორალური ნორმების კოდექსი). მისი მრავალი დებულება უეჭველად ცხოვრების სამხედრო წესისგან და მასთან დაკავშირებული ქცევის ნორმებიდან გამომდინარეობს.

ომთან დაკავშირებული ასეთი კულტურული მოდელის ანალოგიად შეიძლება შუა საუკუნეების იაპონიის სამურაითა ღირსების კოდექსი "ბუსიდო" ("მეომრის გზა") მოვიყვანოთ. უერკ ხაბზე მას რამდენადმე ჰგავს.


ჩერქეზი რაინდის (არისტოკრატის) ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე დაუწერელი უერკ ხაბზეს კოდექსით იყო მოწესრიგებული. ამ კოდექსს "უერკ ნაპეს" რაინდული ღირსების ცნება ედო საფუძვლად. ამ ცნებაზე უფრო აღმატებული მორალური თუ მატერიალური ფასეულობა არ არსებობდა. თავად სიცოცხლესაც მხოლოდ მაშინ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ის უერკ ნაპეს პრინციპებს იცავდა. ჩერქეზებს მასთან დაკავშირებული მრავალი ანდაზა ჰქონდათ, მაგალითად: "გაყიდე სიცოცხლე, იყიდე ღირსება". სიყვარულის თუ სიძულვილის ნაირბუნებრივ გრძნობებსაც კი უკან უნდა დაეხიათ ღირსების კანონის დაცვის აუცილებლობის წინაშე, როგორც ეს ჩერქეზ დიდებულებს ესმოდათ.

ფოტოზე: ა. ორლოვსკის ნახატი, ჩერქეზი მხედარი, 1830 წ.

მორალური კოდექსის დაცვის თვალსაზრისით ჩერქეზი წარჩინებულები, არისტოკრატები სამაგალითონი, ეტალონნი უნდა ყოფილიყვნენ. მორალური ნორმების დარღვევა ეპატიებოდა მდაბიოს და არ ეპატიებოდა თავადსა და აზნაურს. თავად თავად-აზნაურული წოდება ჩაკეტილი არ ყოფილა. ომის დროს პირადი სიმამაცის გამომვლენელი და მორალური კოდექსის სრულყოფილად მცოდნე და დამცველი გლეხი, აზნაური ხდებოდა, მას გზა თავადობისკენაც ეხსნებოდა. ამავე დროს, თავადის ან აზნაურის წოდება შეიძლებოდა ჩამოერთვათ ჩერქეზული ეთიკური კოდექსის დამრღვევი ნებისმიერი არისტოკრატისთვის. ამდენად, წარჩინებულობა ადამიანს მრავალ მოვალეობას აკისრებდა და თავისთავად რაიმე პრივილეგიის წყარო არ ყოფილა. წარჩინებული, არისტოკრატი შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანი გამხდარიყო, ვინც ცხოვრების შესაბამის წესს და წოდებისთვის შესაბამის ნორმებს იცავდა. არისტოკრატი თავის მაღალ წოდებას ჰკარგავდა მას შემდეგ, როცა ის საზოგადოებაში მის მიერ დაკავებულ მდგომარეობას უკვე აღარ შეეფერებოდა და მის სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს არღვევდა. ჩერქეზთა ისტორიაში უღირსი თავადებისთვის წოდების ჩამორთმევის მრავალი შემთხვევა არსებობს.

ჩერქეზული არისტოკრატიის მეთაური თავადები, ჩერქეზული წეს-ჩვეულებების მცველებად და დაცვის გარანტებად ითვლებოდნენ. ამიტომ მათი აღზრდისას, სამხედრო მომზადებასთან ერთად ბავშვობიდანვე ყურადღება ექცეოდა მათ მიერ ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსის, ადიღე ხაბზეს სწავლა-შეთვისებას.

თავადებს ღირსების შელახვის გამო, ნებისმიერი ქვეშევრდომის, მათ შორის წარჩინებულის დაჯარიმების განსაკუთრებული უფლება ჰქონდათ. ამასთან თავადის თანდასწრებით ვინმეს მიერ ეტიკეტის მოთხოვნათა ნებისმიერი დარღვევა, თავადური ღირსების დარღვევას ნიშნავდა.

ასე მაგალითად, ი.მ. შარდანოვის მიერ ჩაწერილი ყაბარდოელთა ჩვეულებითი სამართლის მე-16 მუხლის თანახმად, "თავადის თანდასწრებით ნებისმიერ ადამიანთა წაჩხუბების შემთხვევაში, ჩხუბის დამწყებ-გამომწვევი კეთილგონიერების დაუცველობის გამო, იმის გამო, რომ თავადის წინაშე ჩხუბი გაბედა, თავადს ერთ მოახლეს მისცემს." ადამიანი შეიძლებოდა ჩერქეზული ეტიკეტის ნებისმიერი დარღვევის, მისი ნებისმიერი უპატივცემლობის გამო დაეჯარიმებინათ. მაგალითად, ისჯებოდნენ ქალთა თანდასწრებით ლანძღვა-გინებისა და უწესო სიტყვებისა და გამოთქმების ხმარების გამო. ქალთა, მათ შორის წარჩინებულ ქალთა დასჯის უფლება თავადის ასულსაც ჰქონდა. როგორც წესი, დამნაშავეს ხარების გარკვეული რაოდენობა უნდა გადაეხადა. დამნაშავეს ხარებს დაუყოვნებლივ ართმევდნენ და თავადს გადასცემდნენ. ამ პოლიციური ფუნქციებს თავადებთან ყოველთვის ე.წ. ბეიგოლები აღასრულებდნენ. ბეიგოლები ხდებოდნენ ყმა გლეხები, ვინაიდან ასეთი ფუნქციების შესრულებას სათაკილოდ თვლიდნენ როგორც აზნაურები, ისე თავისუფალი გლეხები.

ადიღური ეტიკეტი, ადიღე ხაბზე საფუძვლად ედო ე.წ. უერკ ხაბზეს, თავადაზნაურულ მორალურ-ეთიკურ კოდექსს. უერკ ხაბზე უფრო მკაცრი ორგანიზაციით, მეტი მომთხოვნელობით და სიმკაცრით გამოირჩეოდა. ამას გარდა, მასში არისტოკრატიის შიდა ნორმებია ასახული.

XVIII-XIX საუკუნეებში, ჩერქეზები პოლიტიკური მოწყობის პრინციპის შესაბამისად ორ კატეგორიად გაიყვნენ. ესენი გახლდათ არისტოკრატიული და დემოკრატიული კატეგორიები. არისტოკრატიულ კატეგორიას ეკუთვნოდნენ ყაბარდოელები, ბესლენეელები, თემირგოელები, ბჟედუღები და ზოგი სხვა ეთნიკური ჯგუფი, რომელთა ფეოდალური იერარქიის სათავეშიც თავადები იდგნენ.

შაფსუღებს და აბაძეხებს თავადები არ ჰყავდათ, ჰყავდათ მხოლოდ აზნაურები, რომლებმაც ერთგვარი დემოკრატიული გადატრიალების გამო საკუთარი პრივილეგიები დაკარგეს. მიუხედავად ამისა, ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსის დამახასიათებელი მრავალი და რთული ურთიერთობის თვალსაზრისით, შაფსუღები და აბაძეხები ისეთივე "არისტოკრატები" იყვნენ, როგორც ყაბარდოელები, ბესლენეელები, თემირგოელები და სხვ.

ჩერქეზების წეს-ჩვეულებები, მანერები, სამოსი, იარაღი და ცხენის აღჭურვილობა სამაგალითო და მისაბაძი გახდა ჩერქეზების მრავალი უახლოესი მეზობლისათვისაც. მათზე ჩერქეზების გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელი ხალხების გაბატონებული წოდების ზოგი წარმომადგენელი მათ აღსაზრდელად თავის შვილებს აბარებდა, რათა ამ უკანასკნელთ ჩერქეზული მანერები და ცხოვრების წესი შეესწავლათ.

უერკ ხაბზეს სრულყოფაში და გულმოდგინედ შესრულებაში განსაკუთრებით ყაბარდოელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც ზოგი მკვლევარი "კავკასიის ფრანგებს" უწოდებდა. "დიდად შთამბეჭდავია ყაბარდოელის კეთილშობილი ტიპი, მისი დახვეწილი მანერები, იარაღის ტარების ხელოვნება, საზოგადოებაში ქცევის თავისებური მანერა. ყაბარდოელის გამორჩევა მათი გარეგნობით იყო შესაძლებელი", წერდა ვ. პოტო. ფ. სტალი კი თავის ნაშრომში აღნიშნავს: "დიდი ყაბარდო გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ყველა ჩერქეზ ხალხზე, არამედ მეზობელ ოსებზეც და ჩეჩნებზეც. ყაბარდოელი თავად-აზნაურობა სახელგანთქმული იყო ცხენოსნობით, სიმამაცით, ჩაცმულობის სილამაზით, თავაზიანი ქცევით. ყაბარდოელები სხვა ჩერქეზი ხალხებისთვის მისაბაძენი გახლდნენ".


ფოტოზე: გ. გაგარინის ნახატი, ჩერქეზ თავადთა თავშეყრა

ჩერქეზული ეთიკური კოდექსი

ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადამიანის პატივისცემაა. ქვემდგომმა პატივი უნდა სცეს ზემდგომს. აზნაურები თავის თავადს ემსახურებოდნენ, მოწიწებით ექცეოდნენ მას. აზნაურობის უმდაბლესი კატეგორიები, ე.წ. ფშიჩეუ, თავადის მცველები და იარაღის მტვირთველები, მას ყოველ დღე ემსახურებოდნენ საშინაო ყოფაშიც. მაგრამ ეს საკმარისი არ გახლდათ, პატივი ზემდგომსაც უნდა ეცა ქვემდგომისთვის. დუბროვინის თქმით, "უმრავლეს შემთხვევაში, ორივე მხარე დახვეწილ თავაზიანობას და ურთიერთპატივისცემას" ავლენდა.

ასაკით უფროსების პატივისცემა

უმცროსებს ყურადღება უნდა გამოეჩინათ ყველა უფროსის მიმართ. ჩერქეზული ეტიკეტის თანახმად, ფეხზე უნდა ამდგარიყვნენ უფროსის გამოჩენისას და მისი ნებართვის გარეშე არ უნდა დამსხდარიყვნენ. უფროსის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა ლაპარაკი. ახალგაზრდას მხოლოდ პასუხი უნდა გაეცა უფროსის შეკითხვებზე და მისი თხოვნები შეესრულებინა, მომსახურებოდა მას სუფრაზე და ა.შ. ამასთან, უფროსისადმი ამგვარი ყურადღება უნდა გამოეჩინათ სოციალური წარმოშობის, სოციალურ განსხვავებათა მიუხედავად.

ფტორნაუ წერს: "მთიელები წოდებაზე მეტად ასაკს აფასებენ. უმაღლესი წარმოშობის ახალგაზრდა კაცი ფეხზე უნდა ადგეს ყოველი მოხუცის წინაშე მისთვის სახელის უკითხავად და ადგილს უნდა უთმობდეს მას. ის არ უნდა ლაპარაკობდეს მოხუცის ნებართვის გარეშე, მოკლედ და მოწიწებით უნდა პასუხობდეს მის შეკითხვებს. ჭაღარისთვის გაწეული ყოველი სამსახური პატივია ახალგაზრდა კაცისთვის. მოხუცი ყმაც, არათავისუფალიც კი, ამ წესისგან მთლიანად არაა გამოთიშული. როგორც წესი, ჩერქეზი არისტოკრატი და ყველა თავისუფალი ჩერქეზი ფეხზე არ უდგებოდნენ მონას, მაგრამ მე მინახავს სუფრასთან ერთად მსხდომი არისტოკრატი, თავისუფალი და მონა ჩერქეზები."


ქალის პატივისცემა


ეს ნიშნავდა პირველ რიგში დედის და შემდეგ საერთოდ ქალთა სქესის პატივისცემას. ყოველ რაინდს პატივად მიაჩნდა ქალწულის თუ ქალის თხოვნის შესრულება. მამაკაცი ქალის თხოვნის შესრულებაზე უარს ვერ იტყოდა. დიდად სამარცხვინოდ ითვლებოდა ქალის თანდასწრებით იარაღის გაშიშვლება, ან პირიქით, ქალის გამოჩენისას იარაღის ქარქაშში ჩაუგებლობა. თუ კი თავადი ან აზნაური ქალის თანდასწრებით უნებურადაც კი უწესო სიტყვას იტყოდა, მას თავისი დანაშაული ქალისთვის ძვირფასი საჩუქრის ჩუქებით უნდა გამოესყიდა. ქალი ჩერქეზეთში არ უნდა ყოფილიყო შურისძიების, სისხლის აღების ობიექტი თუ შემსრულებელი. ქალის სიცოცხლის ხელყოფა ჩერქეზებში უცნობი იყო. მამაკაცისთვის, მათ შორის ქმრისათვის, ქალზე ხელის აღმართვა დიდად სამარცხვინო გახლდათ.

"ჩერქეზებში, წერს ხან-გირეი, ცოლ-ქმრის ურთიერთობაც წესიერების მკაცრ მოთხოვნებს ეფუძნება. მასხრად იგდებენ იმ მამაკაცს, რომელიც სცემს ან ლანძღავს თავის ცოლს". დედის, ცოლის ან დის ღირსების შელახვა უდიდესი შეურაცხყოფაა ჩერქეზი მამაკაცისთვის. მკვლელობის საქმის მოგვარება შესაძლებელი იყო სისხლის საფასურის გადახდით, მაგრამ დედის, ცოლის, დის შეურაცხყოფა სისხლისღვრით მთავრდებოდა.

ცნება "თავაზიანობა" ნებისმიერი, მათ შორის უცნობი ადამიანის პატივისცემას გულისხმოდა. ეტიკეტის შემქმნელ ყველა ერში ამ პატივისცემას როგორც ჩანს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებდა: პატივის მიმგებს და ყურადღების გამომჩენს მის მიმართ ასეთივე დამოკიდებულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა. ამას გარდა, ყოველი ადამიანი ყოველთვის შეიარაღებული იყო და ყველას შეეძლო საკუთარი ღირსების დასაცავად იარაღის გამოყენება.

კავკასიაში ნამყოფი მრავალი ავტორი და მოგზაური სამართლიანად თვლიდა, რომ ჩერქეზების ყოველდღიური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი თავაზიანობა და პატივისცემა გარკვეულწილად ხალხის საყოველთაო შეიარაღების მიერ შესრულებულმა "დამამშვიდებელმა" როლმა განაპირობა. ს. ბრონევსკი წერდა: "ჩერქეზები ვერ იტანენ უხეშ და სალანძღავ სიტყვებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავადები თანასწორებს ორთაბრძოლაში იწვევენ და უფრო დაბალ საფეხურზე მდგომს ან მდაბიოს ადგილზე კლავენ. ყაბარდოელები ურთიერთობისას მუდამ თავაზიანები არიან და რა ფიცხებიც არ უნდა იყვნენ, საუბრისას თავისი ვნებების მოთოკვას ცდილობენ..."

რაინდული კოდექსი უერკ ხაბზე პირობითად შეიძლება რამოდენიმე საკვანძო დებულებად დაიყოს.


ერთგულება


ეს ცნება, პირველ რიგში სიუზერენისადმი და აგრეთვე საკუთარი წოდებისადმი ერთგულებას გულისხმობდა. აზნაურები თავადს თაობიდან თაობამდე ემსახურებოდნენ. სიუზერენის შეცვლა ჩრდილს აყენებდა როგორც სიუზერენს, ისე აზნაურს და დიდად სამარცხვინოდ ითვლებოდა. აზნაურები თავისი თავადის ერთგულნი რჩებოდნენ შინაომში, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ისინი თან ახლდნენ მას და სამშობლოსაც მასთან ერთად სტოვებდნენ. ეს გარემოება კი ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა, ისინი აზნაურების დატოვებას ცდილობდნენ. ბრძოლის დროს, ყოველი აზნაური იბრძოდა თავისი თავადის გვერდით და თუ თავადი დაიღუპებოდა, აზნაურებს უნდა გამოეტანათ მისი სხეული ბრძოლის ველიდან ან მასთან ერთად დაღუპულიყვნენ.

ერთგულების ცნება ასევე ნათესავებისადმი ერთგულებასა და მშობლების პატივისცემას გულისხმობდა. მამის სიტყვა კანონი იყო ოჯახის ყველა წევრისთვის, უმცროსი ძმა უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა უფროსს. აზნაურს საგვარეულოს ღირსებაც უნდა დაეცვა და შური უნდა ეძია მისი გვარის წევრის სიცოცხლისა და ღირსების ხელყოფის გამო. უნდა ითქვას, რომ ჩერქეზებისთვის და მათ მიერ შექმნილი ეტიკეტისთვის, სოციალური სერვილიზმი სრულიად უცხო გახლდათ. მთელი მათი ეტიკეტი პირადი ღირსების განვითარებულ გრძნობას ეფუძნებოდა. ეს გარემოება ჯ. ლონგვორტმაც აღნიშნა, რომელიც წერდა: "მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ეს მოკრძალება მათში ხასიათის სრულ დამოუკიდებლობას ეხამებოდა და როგორც ცერემონიებისადმი მიდრეკილ ყველა ერში, საკუთარი თავის პატივისცემას ეფუძნებოდა, მაშინ, როდესაც სხვებს ზუსტად ისეთ პატივს სცემენ, როგორ პატივისცემასაც საკუთარი თავისთვის მოითხოვენ".

ქვეშევრდომებს საკუთარი თავის დამცირებას და თავადის ღირსების მეტისმეტ თაყვანისცემას ფედალური იერარქიის სათავეში მდგომი თავადებიც ვერ მოსთხოვდნენ. ჩერქეზების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცალკეული თავადების ქედმაღლობას და პატივმოყვარეობა-ამაოებას მათ წინააღმდედ როგორც სხვა თავადები, ისე მთელი ხალხი აუმხედრებია. ჩვეულებრივ, ასეთ ქედმაღალ თავადებს აძევებდნენ, ართმევდნენ თავადის ხარისხს ან სპობდნენ. ასე დაემართათ მაგალითად ყაბარდოელ თავად ტოხტამიშევებს, რომელთაც საერთო სახალხო კრებაზე თავადური წოდება ჩამოართვეს და პირველი ხარისხის აზნაურთა წოდებაში გადაიყვანეს.

ყაბარდოელებს ასეთი წეს-ჩვეულება ჰქონდათ: გზაზე მიმავალ თავადს თუ კი ვინმე შეხვდებოდა, ის უნდა მობრუნებულიყო და თავადს ხლებოდა მანამდე, სანამ ის მას არ გაანთავისუფლებდა. ქედმაღალი და ყოყოჩი თავადი ტოხტამიშევები კი იქამდე მივიდნენ, რომ გლეხთა მძიმედ დატვირთულ ურმებს აბრუნებდნენ უკან და გლეხებს რამოდენიმე ვერსზე იყოლიებდნენ. თუმცა, ყაბარდოელებს ეს წესი ასაკით უფროსი ყოველი ადამიანის მიმართ უნდა შეესრულებინათ, თავადების შემთხვევაში, ის ასაკისგან დამოუკიდებლად სრულდებოდა.

ი. პოტოცკის თქმით, XVII-ე საუკუნის ბოლოს თუ XVIII საუკუნის დასაწყისში, ჩეგენუკხოს თავადური საგვარეულო მოსპეს. "გენეოლოგია მხოლოდ იმას ამბობს, რომ საგვარეულო თვადთა სიამაყის გამო მოისპო. მაგრამ აი რა დარჩა ამის შესახებ თქმულებებში. ამ ოჯახის უფროსები სხვებს არ აძლევდნენ მათზე ადრე დაჯდომის უფლებას და სხვა თავადების ცხენებს წყალს არ ასმევდნენ იმ მდინარეებიდან და წყაროებიდან, ან სულ მცირე იმ ადგილის ზევით, საიდანაც წყალს მათი საკუთარი ცხენები სვამდნენ. როდესაც მათ ხელების დაბანა მოუნდებოდათ, ისინი ახალგაზრდა თავადს მათ წინაშე ტაშტის დაჭერას უბრძანებდნენ. თავადების შეკრებებზე დასწრებასაც კი არ კადრულობდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე თავადებმა მათ მოსპობა მიუსაჯეს და მოსამართლეებმა განაჩენის აღსრულება თვითონ იკისრეს. 1784 წელს დაწერილ ნაშრომში "ყაბარდოელი ხალხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული აღწერილობა" ამავე ამბის შესახებ ეწერა:" ყაბარდოში ამ გვარს განსაკუთრებით სცემდნენ პატივს. მისი უფროსი ერთგვარი თვითმპყრობელი მფლობელი გახლდათ. მაგრამ სხვა თავადებმა მისი ქედმაღლობა ვერ აიტანეს და ის შეიძულეს. მათ შეთქმულება მოაწყვეს და მთელი გვარი ბავშვების ჩათვლით გაწყვიტეს."

ჩერქეზების მეტალიტეტის თავისებურება პირადი ღირსების და თავისუფლების პატივისცემა და მათთან დაკავშირებული ნათლად გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი გახლდათ. ჩერქეზების პოლიტიკურ წყობას ამიტომ დემოკრატიზმი ახასიათებდა და მასში ტირანიის თუ დიქტატურის დამყარებისათვის აუცილებელი წინაპირობა ცოტა იყო. ეს დემოკრატიზმი ვლინდებოდა სამხედრო სფეროშიც. ფ.ფ. ტორნაუ ამის თაობაზე წერდა: "ჩერქეზული წარმოდგენებით, მამაკაცმა საფუძვლიანად უნდა გაიაზროს ყოველი წამოწყება და თუ კი მას ამხანაგები ჰყავს, დაიმორჩილოს დარწმუნებით და არა იძულებით, ვინაიდან თავისუფალი ნება ყველას გააჩნია".

განვითარებული წოდებრივი იერარქიის არსებობის მიუხედავად, წოდებათა თაყვანისცემა ჩერქეზთა თავისუფალ სულს სრულებით ეწინააღმდეგებოდა. ა.გ. კეშევის მოთხრობის ერთმა პერსონაჟმა ეს "ფადიშაჰობა" შემდეგნაირად უარყო: "ღირსებას და კარგ გვარიშვილობას ყველგან სცემენ პატივს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მათ არ უნდა ვცეთ თაყვანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიტანოთ ყველანაირი წყენა და დამცირება. არისტოკრატიული წესი ყოველ ჩერქეზს მიუთითებს მის ადგილზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას და რისი არა. ჩვენს შორის ადგილი არა აქვს იმას, ვისაც ყველაზე მაღლა დადგომა მოუნდება, ვისაც თავისი საკუთარი ნების სხვებისთვის კანონად გადაქცევა მოესურვება. ასეთ ადამიანს ყველა შეამჩნევს, ყველა შეეცდება მისთვის ფრთების მომტვრევას თუნდაც ის იყოს ჭექა-ქუხილივით ძლიერი და მხრებზე 100 თავი ჰქონდეს, ადრე თუ გვიან კისერს მოიტეხავს".

ცნება თავაზიანობა, აგრეთვე ლანძღვა-გინების, ცემა-ტყეპის და უორკების აზრით სიძულვილის მხოლოდ პლებეებისთვის საკადრისი სხვა ფორმების აკრძალვას გულისხმობდა. ეს წესი გამოიხატა ჩერქეზულ ანდაზაში "მწევარი არ ჰყეფს, აზნაური არ ილანძღება".

ს. ბრონევსკი ამბობს: "ჩერქეზები ვერ იტანენ უხეშ და სალანძღავ სიტყვებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თავადები და აზნაურები თავის სწორს ორთაბრძოლაში იწვევენ და მათზე დაბლა მდგომს ადგილზევე კლავენ. ყობარდოელები განსაკუთრებით თავაზიანები არიან ერთმანეთთან და ანგარიშს უწევენ თანამოსაუბრის საზოგადოებრივ მდგომარეობას... რა ფიცხებიც არ უნდა იყვნენ, საუბრისას თავისი ვნებების მოთოკვას ცდილობენ..." ხან-გირეის მოწმობით", ამ წესებს იცავენ მაშინაც, როდესაც თავადები და აზნაურები ერთმანეთს ვერ იტანენ და მეტიც, აშკარა მტრები არიან.

ყველაზე მძვინვარე მტრებიც კი ზრდილობიანები და თავაზიანები რჩებიან, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან იქ, სადაც წესიერების კანონები მათ იარაღის გაშიშვლებას უკრძალავს; მაგალითად, თავადის ან აზნაურის სახლში ან ქალების თანდასწრებით, თავადაზნაურობის კრებებზე ან მსგავს ადგილებში. ასეთ ადგილებში მათ იარაღის გაშიშვლება ეკრძალებათ და ამიტომ ერთმანეთის მტრად თავაზიანობის ფარგლებში რჩებიან. ისინი ურთიერთს სხვადასხვა სამსახურს უწევენ. ამას კეთილშობილური უსიამოვნება თუ მტრობა ეწოდება. მაგრამ სხვაგან შეხვედრისას იგივე ადამიანები ერთმანეთს გააფთრებით ეძგერებიან ხოლმე. ამიტომ თავაზიანობა მით უფრო პატივს სდებს მათ და ხალხი მათ დიდ პატივს მიაგებს..."

უმაღლესი წოდების ჩერქეზებში ხმამაღალი და ემოციური ლაპარაკიც უწესობად ითვლებოდა, არა მარტო ლანძღვა-გინება. ერთიც და მეორეც დაუშვებელი იყო უმაღლესი წოდებების წარმომადგენლებისთვის. ნ. დუბროვინის თქმით, "ჩერქეზ არისტოკრატს თავი თავისი თავაზიანობით მოჰქონდა და წყობიდან გამოსულ, თავაზიანობის და ზრდილობის დამვიწყებელ უზრდელს ეკითხებოდა: შენ აზნაური ხარ თუ მონა? ეს კითხვა საკმარისი იყო და თავდავიწყებული ჯეელი უფრო რბილი და დელიკატური ხდებოდა".

უწესობად, განსაკუთრებით თავადისთვის, ტლიკინი-ყბედობაც ითვლებოდა. სტუმრების მიღებისას, მოსულნი საუბრით ერთ-ერთ აზნაურს უნდა გაერთო, იმიტომ, რომ დეკორუმი თავად თავადს ბევრი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. თემირგოელი თავადების მიერ შემოღებული ჩვეულებით, მეზობელ ხალხებთან თუ შინაომების დროს, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე მათ მაგივრად მათი თანდასწრებით მათი ნდობით აღჭურვილ აზნაურებს უნდა ელაპარაკათ. ხან-გირეის აზრით, ესაა შესანიშნავი ჩვეულება, იმიტომ, რომ ის მოდავე მხარეებს ცხარე კამათისათვის ჩვეულებრივ ისტერიკაში ჩავარდნის საშუალებას არ აძლევს და მისი დაცვით, ყრილობებზე სიჩუმის შენარჩუნებაა შესაძლებელი.


ცნებები - ზრდილობა და თავაზიანობა თავმდაბლობასაც გულისხმობენ. ნ.დუბროვინი წერდა: "ბუნებით მამაცი, ბავშვობიდანვე საფრთხესთან ჭიდილს მიჩვეული ჩერქეზები, საკუთარი თავის ქებას ყველანაირად ერიდებოდნენ. ჩერქეზი არასოდეს საუბრობდა თავის სამხედრო სიქველეზე, არასოდეს განადიდებდა პირად სამხედრო გმირობებს, ვინაიდან ასეთ საქციელს შეუფერებელ უწესობად თვლიდა. უმამაცესი ჯიგიტები (რაინდები) არაჩვეულებრივი მოკრძალებით გამოირჩეოდნენ, საუბრობდნენ ჩუმად, არ ტრაბახობდნენ, ყოველთვის მზად იყვნენ სხვისთვის ადგილის დასათმობად და კამათის დროს დასადუმებლად. მაგრამ სამაგიეროდ ელვის სისწრაფით პასუხობდნენ ნამდვილ შეურაცხყოფას, მაგრამ მუქარის, ყვირილის და ლანძღვა-გინების გარეშე". ჩერქეზებს თავმდაბლობის განმადიდებელი და ტრაბახის განმაკრიტიკებელი ანდაზაც აქვთ: "ტრაბახა და ლაჩარი ნათესავები არიან. ვაჟკაცი ხალხში თავმდაბალია, ლაჩარი ხალხში ყვირის. აზნაური თავისი ვაჟკაცობით არასოდეს ტრაბახობს."

ჩერქეზთა ეტიკეტით, განსაკუთრებულ უწესობად მანდილოსანთა თანდასწრებით ტრაბახი ითვლებოდა. "კაცი ქალების საზოგადოებაში მის მიერ ჩადენილზე არ ლაპარაკობს ". ჩერქეზების აზრით, კაცის ვაჟკაცობაზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ და არა თავად მან. "თუ კაცი ხარ, ნუ ტრაბახობ რომ კარგი ხარ, თუ კარგი ხარ, სხვები შეგაქებენ".

გმირის ვაჟკაცობის და გმირობის განდიდების უფლება მხოლოდ სახალხო მგალობლებს, მთქმელებს – ჯეგუაკოებს ჰქონდათ. მაგრამ ეს კეთდებოდა გმირის სიკვდილის შემდეგ, მის პატივსაცემად განმადიდებელი სიმღერის შეთხზვით.

როდესაც აზნაურს რაღაცა ამბის მოყოლას სთხოვდნენ, ის როგორც წესი, მოყოლისას იმ ადგილების გამოტოვებას ცდილობდა, რომლებიც პირადად მას შეეხებოდა ან თავის თავზე მესამე პირში საუბრობდა, რათა არ ეფიქრათ, რომ ის თავმდაბალი არაა...


სიმამაცე


ჩერქეზული რაინდული კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ცნება სიმამაცე გახლდათ. აზნაური აუცილებლად მამაცი უნდა ყოფილიყო. ლაჩრობა შეუთავსებელია თავისუფალი ადამიანის, მითუმეტეს არისტოკრატის მდგომარეობისათვის. ლაჩარ გლეხს დაგმობდნენ, მაგრამ სოციალურად ვერ დააქვეითებდნენ. ლაჩარი აზნაური კი აზნაურის წოდებას ჰკარგავდა. ლაჩრობაში მხილებულ რაინდს სამოქალაქო სიკვდილი ელოდა. მასთან სახლში არ შედიოდნენ, მის დაკრძალვაში არ მონაწილეობდნენ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას მეგობრები წყვეტდნენ. არც ერთი ქალი მას ცოლად არ გაჰყვებოდა. ის მონაწილეობას ვერ მიიღებდა სახალხო კრებებში და თავისი ხალხის, თემის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შ.ბ. ნოგმოვის მოწმობით, ძველად, ლაჩრობაში მხილებულები შესარცხვენად და სახალხო ზიზღის საჩვენებლად, კრების წინაშე თავზე თექის მახინჯი ჩაჩით გამოჰყავდათ და ორიოდე ხარით აჯარიმებდნენ. სხვა ცნობებით, ეს ჩაჩი დამნაშავის დედას მანამდე უნდა ეტარებინა, ვიდრე დამნაშავე თავის უსაქციელობას რაიმე გმირობით არ გამოისყიდიდა. ფოლკლორში ჩაჩის როლის შემსრულებელი საგანგებო კაბაცაა ნახსენები.

შიშს აყოლილ მეომარს, საზოგადოების წინაშე თავისი დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გმირობით ან სიკვდილით შეეძლო. მთელი მისი ოჯახი მანამდე თითქოს გლოვობდა, შერცხვენილი მეომრის მეუღლეს კი შემდეგი სიტყვებით უთანაგრძნობდნენ: "დაე, აღადგინოს ღმერთმა შენი მეუღლის ღირსება".

სიმტკიცე და თავდაჭერილობა

აზნაური ყველანაირ გარემოებებში თავდაჭერილი, აუღელევებელი უნდა დარჩენილიყო, არ უნდა აჰყოლოდა შიშს და პანიკას. შემორჩენილია ფოლკლორული მოწმობა იმის შესახებ, რომ პირველი ხარისხის აზნაურები კარმოვები მეორე ხარისხის აზნაურებად დააქვეითეს იმიტომ, რომ "კარმოვი ბუმ შეაშინა". ეს ფოლკლორული ვერსია უფრო ანეგდოტური ხასიათისაა და არაა ისტორიულად სარწმუნო, მაგრამ საკითხის ასე დაყენება თავისთავად საინტერესოა. ისტორიული მოწმობების და ზოგი ფოლკლორული მონაცემის თანახმად, კარმოვები პირველი ხარისხის აზნაურები იყვნენ და ისინი მართლაც მეორე ხარისხის აზნაურებად გადაიყვანეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კარმოვებმა მათთან მყოფი ყირიმელი მეომრების დახოცვაზე უარი თქვეს და ისინი მათი საყოველთაო ჟლეტის დროს გააქციეს. კარმოვებმა ეს ყირიმის ხანებთან ნათესაობის და არა ლაჩრობის გამო გააკეთეს. გადმოცემების თანახმად, კარმოვების ერთ-ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ყირიმის სახანოში. ეს გადაწყვეტილება ყაბარდოელებს სახლახო კრებაზე ყირიმულ-თათრული ლაშქრის დამარცხებისა და მოსპობის შემდეგ უნდა მიეღოთ.

ჩერქეზ აზნაურში ბავშვობიდანვე ზრდიდნენ მოთმინების და ამტანობის თვისებებს. რაინდი - უორკი თავის ადამიანურ სისუსტეებზე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. სამარცხვინოდ და დასაგმობად ითვლებოდა ჩივილი და წუწუნი დაღლილობაზე, უქეიფობაზე, სიცივეზე, სიცხეზე და გემრიელი და ჯანმრთელი საჭმლის ყოველი ხსენება.

ჩერქეზებში ბევრია სიმტკიცის და მოთმინების აღმწერი და განმადიდებელი თქმულება. ამბობენ, რომ 15 წლიდან ცხენოსან ანდემირკანს ყარაულში ყოფნისას ან ცხენების დარაჯობისას, ჩვეულებად სასტიკ ყინვაშიც კი მთელი ღამის განმავლობაში ერთ ადგილზე თვალის დაუხუჭავად დგომა ჰქონდა. ამის გამო მას ჩეშანე-ბურჯი შეაარქვეს.

ა.ს. მირზოევი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."