მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციისადმი
კულტურულ კაცობრიობას, გენიუს კონფერენციაზე წარმოდგენილს, მონა ღვთისა ამროსი, სულიერი მწყემსი და პატრიარქი სრულიად საქართველოისა, ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს. ჯერ კიდევ არაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში შავისა და კასპიის ზღვებს შორის, ქართული მოდგმის ტომებმა შეჰქმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და მდიდარი აქტუალური ნიჭით სახელმწიფო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.

მე-18 საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი, ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველყოფდა თავის პოლიტიკასა ეროვნული ერსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წ. საქართველოს მეფის ერეკლე მე-2-ეს და რუსეთის იმპერატრიცა მე-2-ეს შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში. მაგრამ სამწუხაროდ, გაცრუებული იმედების ამარად დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროებას. ამიტომ 1917 წელს, დაირღვა თუ არა რუსეთის იმპერიის ხელოვნური მთლიანობა, ქართველმა ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკურისა და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ 8 წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულთა შორის.

ფოტოზე: სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს-ძე ხელაია (1861- 1927)
რასაკვირველია, ამას ვერც შეურიგდებოდა მისი ბატონი მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წ. 25 თებერვალს, პატარა უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დასცალა საქართველო, ხელმეორედ დაადგა კისრად ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშიაც არის ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, ის იყო ყოვლად შეუფერებელი ექსპერომენტები, რომლებსაც ამ უკანასკნელ წლებში ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენებისა და სულიერად გაველურებისა და გახრწნის კარამდე. ერს ართმევენ მამაპაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა–წყალს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ: მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მონაგარ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავე უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურს ენას, მას უბილწავენ მამაპაპეულ ეროვნულ კულტურას, დასასრულ, მას უბღალავენ წმიდათაწმინდას – სარწმუნოებრივ გრძნობასა და, სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია – ეს ძველის ძველადვე ფაქტორი საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს უფლება აყრილია იმდენად, რომ ნებაც არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს, მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი კვნესის, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამაღლებისა.

ამ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა რეგლამენტაციაში, მაგრამ არ შემიძლიან არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებასა და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ გთხოვთ:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა–წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მოტაცებისაგან.

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა. შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებისაგან.

კურთხევა უფლის იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებებსა და მუშაობაზე.

მდაბალი ამბროსი
პატრიარქი სრულიად საქართველოისა

1922 წლის 7 თებერვალი, ტფილისი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."