მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვაჟა-ფშაველა: რა არის თავისუფლება?

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?... თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლე“ (ე.ი. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen Counter Besucherzähler Counter Besucherzähler Besucherzähler für die Homepage