მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რევაზ კემულარია: ლურჯი აპრილის წვიმა

* * *

შენ გახსოვს ძაღლი მაწანწალა შიმშილის ფერი,
ქუჩაში მთვარის ნატერფალს რომ ენით ლოკავდა,..
რომელსაც მღვრიე ჟამთა სრბოლის ეფინა მტვერი,
სივრცე კი ცათა წყვდიადებში ქუხდა, - ბორგავდა.

და შეშინებულ თვალთა მზერის ჩუმი კანკალი
სევდის წვიმებით ატირებდა სულის მუსიკას,
და ჭრიალებდა უკაცრიელ ეზოში კარი,..
და ეს ხილვები აღარაფრით არ გავდა სიზმარს.

შენ დაგავიწყდა არსებობა დროში და უცებ,-
უარყავ წამით მოლანდება უფლის ღიმილის,
რადგან სავალი გზა შოლტივით შიგ გულში გტკუცეს,
და მოგისროლეს სამყაროდან ქვიშის ღილივით.

შენ გახსოვს ძაღლი მაწანწალა შიმშილის ფერი,
ქუჩაში მთვარის ნატერფალს რომ ენით ლოკავდა,..
რომელსაც მღვრიე ჟამთა სრბოლის ეფინა მტვერი,
სივრცე კი ცათა წყვდიადებში ქუხდა, - ბორგავდა.

ფიროსმანი

სარდაფში ბნელოდა და
ნიკოს უჭირდა ხატვა,..
სინათლე ინატრა და,
მთვარე შემობრძანდა.

სალამიო,-უთხრა მან,
უპასუხა სალამით,..
მერე ჭიქა გაავსო,
იმერული არაყით.

მთელი ღამე ქეიფში
გაატარა ორივემ,
სანამ ზარს არ ჩამოჰკრა
იმ წყეულმა მორიგემ.

და ამბობენ რომ თითქოს,
მთვარემ სხივი დაკარგა,
როცა ნიკო რუსთველს და
თამარ მეფეს ხატავდა.


ფოტოზე: რევაზ კემულარია

* * *
ჰეი, შენ პოეტო მეოცნებევ,
შეხედე იმ ყვავს, სამასი წელი
მარტოდ მარტო ყრანტალით ცხოვრობს,..
შენ კი სიცოცხლე მიუძღვენი იმ მშვენიერ ქალს
და ამოხეთქილ სიყვარულით ლექსებთან ლოთობ.

ჰეი, შენ პოეტო,
მარტოობას სხვა ფერი არ აქვს,..
ისიც ყვავით შავია და შენც გაგაშავებს,
როცა სიზმრები ნეტარების ტკივილით დაგაქვს
და ღრუბლიანი ამინდები აშინებს ზეცას.

ჰეი, შენ პოეტო,
ხარ ბოძივით დარჭობილი და
ვის ახსოვს შენი შეფოთლილი ხეების ჩრდილი,
გადასცდა საზღვარს სული შენი სადღაც გაფრინდა,
აწ და მარადის შენ იქნები ჩუმი და მშვიდი....

ჰეი, შენ პოეტო,
უსათუთეს გრძნობათა მეფევ, -
მოხეტიალე ხარ შენ მხოლოდ ამ წუთისოფლის,
ვინ უწყის გუშინ რა იყო და იქნება შემდეგ,
ახლა კი,.. ახლა სიკვდილისთვის დუმილიც გყოფნის.

ჰეი, შენ პოეტო,
გადიხარა ისარი მარცხნივ,
მოთიბულია შენი სულის ბალახი, - მორჩა!
შენ სიყვარულთან სიყვარულით ისე დამარცხდი,-
შორს უიმედო ქარები და სამარე მოსჩანს.


* * *
დავბრუნდი.
ნუ მკითხავ საიდან,
მთავარია რომ დავბრუნდი,
და ახლა შენთან,

ა, შენ წინ ვზივარ.

ხომ მელოდი,
მოუთმენლად,
მლაშე წვიმებით სავსე თვალებით,
ჰო და დავბრუნდი…

შენია ლურჯი ვიოლინო,
და მხოლოდ შენი სათუთი ხელის
შეხება უნდა ოქროსფერ სიმებს,
რომ ამოფრინდეს სულიდან ჩიტი და
აგიკენკოს ბაგეზე მარცვალი უფლის, -
სიყვარული ჰქვია რომელსაც…..

ხომ მელოდი,..
მოუთმენლად,
მლაშე წვიმებით სავსე თვალებით,
ჰო და დავბრუნდი

ა, შენ წინ ვზივარ.


მანონს

ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება,
მონავარდე თეთრი ფერიც ზოგჯერ გაფერმკრთალდება.
ვინ რას იტყვის,… ვინ რას ფიქრობს,… ქარებს ქარი მირეკავს,
და საოცარ სიზმარეთში დრო ყველაფერს ირეკლავს.

ბევრი, ბევრი, ბევრი, ბევრი მხოლოდ გვიან მიხვდება;
სიყვარული მარადია… ნება უფლის იქნება,..
მიფარფატებს თოლია და ფრთებით ზეცას ეხება,
შენ რომ შეგხვდი მომღიმარეს - ის დღე გამახსენდება.

მოდიოდი გზაზე ისე,.. თითქოს ცეკვა-თამაშით,
კაბა გეცვა შინდისფერი და იყავი ლამაზი.
უსასრულოდ მომეჩვენა ეს ხილვა და ფერები,
ალბათ მოვალ სიზმარში და ჩუმად მოგეფერები.


* * *
და მდინარესაც დაამძიმებს დარდად ბორანი,
კეთილი მგზავრი ენატრება ფიქრის ნაპირებს,
მაგრამ თვალიდან ამომკორტნის სივრცეს ყორანი,
და ეს ცაც ახლა შემოდგომის წვიმას აპირებს.


* * *

ფერებში შენი ფერი ვიპოვე,
გადმოვიტანე მოლბერტზე ფრთხილად,
და ჩუმად ვხატავ შენს სილამაზეს,…
ჩუმად და მშვიდად…

გარეთ წვიმს ლურჯი აპრილის წვიმა,
საღამოს ჟამი სულიდან გადის,
შენი ღიმილით იწყება დილა
და მზესთან დადის…

და ახლა მინდა მხოლოდ ვილოცო,
ხატივით სუფთა მიყურებს სახე,
ფერებში შენი ფერი ვიპოვე -
სიზმარში გნახე.


* * *
ვესაუბრები შენს მონატრებას,
მინდა უკრავდეს ახლა მუსიკა,
ვერ შევეჩვიე განმარტოებას
დაზამთრულია ყინვებით სული.

ისევ დუმილი,.. აღარ თენდება,
სარკმელთან ფარდას არხევს ნიავი,
შენი ღიმილი გამახსენდება,
და უსასრულოდ ვარ ბედნიერი.

ალბათ ჩამოთოვს თოვლი, და
მერე აყვავდებიან ისევ ვარდები,
გედივით, ლამაზ ყელს აიღერებ,..
და უსათუოდ შეგიყვარდები...

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."