მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ

სპარსეთში

ჩემს წინა წერილებში შევეხე საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს, მოკლედ მოვიგონე მათი წარსული და აწმყო ბედი; მაგრამ მაჰმადის რჯულის ქართველები საქართველოს გარედაც სცხოვრობენ, ყველანი სამშობლოდან არიან გარდახვეწილნი ნებით და უნებურად სხვა და სხვა დროს და მათი მდგომარეობა უფრო სატირალი და უნუგეშოა, ვიდრე საქართველოში მყოფ მაჰმადიან ქართველებისა, რომელთაც ასე თუ ისე მაინც მიწვდებათ მოძმეების იმედიანი სიტყვა. სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა რიცხვი არც ისე მცირეა, რომ მათი ცხოვრება, ეროვნული შეგნება არ იყოს ჩვენთვის ყურადსაღები და დასაფიქრებელი.

მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სცხოვრობენ შორეულ სპარსეთში და შავისა და მარმარილოს ზღვების პირად ოსმალეთში...

სპარსეთის ქართველების ბედმა დიდად დააინტერესა ჩვენი საზოგადოება ამ რამდენისამე წლის წინად. ბევრს კიდევ ალბად ცხოვლად ახსოვს ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი, რომლებიც სპარსეთის პროვინციიდან, ფერეიდანიდან ჩამოვიდნენ 1907წელს. ბევრს ექნება გულში ჩაბეჭდილი მათი ჭკვიანური მომხიბლავი სახე, ნამეტურ ონიკაშვილისა, მათი ტკბილი საუბარი, მათი გონივრული თვალების გამომეტყველება, მათი საოცარი ცნობისმოყვარეობა. ყველა ხედავდა, როგორ გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს ახლად ნაპოვნ სამშობლოს ცხოვრებას, როგორის ბავშურის აღფრთოვანებით ისმენდნენ ყველაფერს, რაც შეეხებოდა ჩვენს წინანდელსა და ეხლანდელს მდგომარეობის. თვითონაც დიდის ხალისით გვიამბობდნენ ფერეიდანელ ქართველების ყოველ მხრივ ტანჯულს ცხოვრებას, მათ მწარე და ცრემლიანს თავგადასავალს და არა ერთს და ორს უტირია ონიკაშვილის და ხუციშვილის მოთხრობილ გულსაწვავ ამბების გაგონების დროს.

ყოლამ-ჰუსეინმა და ყოლამ-რეზამ ისწავლეს ქართული წერა-კითხვა, თითქმის მთელი საქართველო შემოიარეს და ყველგან მათი ერთად-ერთი სურვილი ის იყო, რომ აქაურ ქართველობას როგორმე მუდმივი კავშირი ჰქონოდა სპარსეთის ქართველებთან, რომ იქ ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნილიყო და იქიდან ჩამოეყვანათ რამდენიმე ყმაწვილი აქ საქართველოში აღსაზრდელად და მოსამზადებლად... რამდენიმე თვის უკან ისევ გაბრუნდნენ სპარსეთში და თან წაიღეს ქართული წიგნები და სასწავლო ნივთები. ყ. რ. ხუციშვილი სამწუხაროდ თეირანში გარდაიცვალა გულის ავადმყოფობისაგან. ხოლო ერთი ყ. ჰ. ონიკაშვილი ჩავიდა ფერეიდანში და იქ საკუთარის მეცადინეობით დაასწავლა ქართული წერა-კითხვა რამდენსამე მეზობელს. ამათ შემდეგ ჩამოვიდნენ ნასრულა ხატიაშვილი, მისი მამა და ბიძა მაყაშვილი. ამათაც მალე ისწავლეს წერა-კითხვა და რომ გაბრუნდნენ, თან წაიღეს მრავალი «დედა-ენა» და სხვა წიგნი. განზრახული იყო, რომ მათ გაჰყოლოდა აქედან მასწავლებელი და დაუყოვნებლივ გახსნილიყო ფერეიდანში ქართული სკოლა. მაგრამ გამოწყობილი საქმე ჩაიშალა.

ონიკაშვილი დიდხანს ელოდა აქედან კაცის ჩასვლას და სკოლის გამართვას და რაკი ვერაფერს ეღირსა, მეორედ ჩამოვიდა. ხოლო მეორედ ჩამოსულს გატაცებულს მამულიშვილს ციხეში უკრეს თავი, სადაც შვიდს თვეს დაჰყო და მერე სამუდამოდ გაძევებულ იქნა სამშობლოდან. სპარსეთში კიდევ უარესი ბედი ეწვია და უდროოდ დაიღუპა ეს ძვიფასი ადამიანი... დაიღუპა, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი აქაური ნაცნობები და მეგობრები არ დაივიწყებენ იმ საქმეს, რომლისთვისაც ისე მხურვალედ უცემდა გული განსვენებულს, და დღევანდელი ქარიშხლის გავლის შემდეგ აუცილებლად გამართავენ ფერეიდანში ქართულს სკოლას...

ჩვენმა საზოგადოებამ სპარსეთის ქართველობას პირველად მიაქცია ყურადღება გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, როცა ფერეიდანიდან ჩამოვიდა ათამა ონიკაშვილი. ამის მეოხებით გამოქვეყნდა ცნობები იქაური ქართველების შესახებ გაზეთ «დროებაში». ხოლო დაწვრილებით აწერა სპარსეთის ქართველების მდგომარეობა ლადო აღნიაშვილმა 1896 წელს, რომელიც პირადად გაემგზავრა ფერეიდანში და საკუთარის თვალითა და ყურით შეისწავლა იქაურობა. იგი ასე აგვიწერს ფერეიდანის ქართველებს. ფერეიდანი მდებარეობს სპარსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. გაყოფილია ოთხ ნაჰიად (საბოქაულოდ), ერთს ნაჰიას ეწოდება გურჯი (ქართველების) ნაჰია. აქ დღეს სულ 26 სოფელია და მათში თოთხმეტი დასახლებულია მარტო ქართველებით. აი ამ ქართულ სოფლების სახელები: შანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა, შაიურდი, ჯაღჯაღი, სიაბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, დეესური და ნინოწმინდა. საერთო რიცხვი ქართველებისა აქ 2 460 კომლია ან 12-15 ათასი სული.


ფოტოზე: ლინგვოდიდაქტიკოსი, ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი, პედაგოგი და პუბლიცისტი ლადო აღნიაშვილი (1960-1904)

ყველა ამ სოფელში ერთნაირად ვერ არის დაცული ქართული ენა, ასე მაგალითად, ახჩასა და აფუსში უხეიროდ ლაპარაკობენ ქართულს და ნახევარმა აღარც კი იცის თითქმის. შანაათში სპარსული ენაა, ქვემო მარტყოფში სპარსული და ლორული, შაიურდში თათრული და დეესურსა და ნინო წმინდაში ქურთული. დანარჩენ სოფლებში კარგა იციან დედა ენა და ზოგიერთში ხომ ჩინებულად ლაპარაკობენ. ზოგი სოფელი მოზრდილია და ძალიან ლამაზი სანახავი. სცხოვრობენ საერთოდ მეტად ღარიბად. ხალხი მისდევს იმას, რასაც ჩვენი სოფლის გლეხობა: ხვნასა, ბაღების შენებას, საქონლის მოვლას. ხელობა და ვაჭრობა ისე იშვიათია აქაც, როგორც კახეთში, საიდანაც გადმოსახლებულნი არიან აქაური ქართველები შაჰ-აბაზის მიერ მეჩვიდმეტე საუკუნეში. აქვთ ვენახები, ხოლო ღვინოს არ აყენებენ და ყურძნად სჭამენ.

ხალხს ტიპი და იერი ქართველისა საკმაოდ აქვს შერჩენილი. ბევრი ისეთი წმინდა ქართული სახის პატრონია, რომ გასაშტერებელია. ჩვეულება ქართული ცოტაღა შერჩენიათ. სახლებს იშენებენ ისე, როგორც ქართლში იციან, ხშირად შეგხვდებათ ძველებური ჩვენი დარბაზები რამდენიმე სვეტით. აქვთ აგრეთვე ქართული ურემი. წინად ფერეიდანელი ქართველები თავის ქალებს სხვა ტომის ხალხს არ აძლევდნენ და არც თვითონ მოჰყავდათ ცოლებად სხვა ქალები. დღეს სამწუხაროდ ამას მხოლოდ ზოგიერთი სოფელიღა მისდევს, დანარჩენებს დაურღვევიათ ეს ჩვეულება და ესაა უმთავრესი მიზეზი ენის გარყვნისა და დავიწყებისა იქა-აქ.

სპარსეთში გვარებს არ ხმარობენ, ქართველებს კი წმინდად შეუნახავთ თავისი ძველი გვარები: აღიაშვილი, ბასილაშვილი, ვარდიაშვილი, სამადაშვილი, ფოცხვერაშვილი, დარისპანაშვილი, ხუციშვილი, ონიკაშვილი, შოშიაშვილი, მამუკაშვილი, მარტიაშვილი და სხვა. გვარებს ამბობენ, როგორც ჩვენმა გლეხებმა იციან ქართლ-კახეთში ხოდარამ ხან ონიკაანთ, ასადულა ქურდაანთ, მაჰმუდ სულიკაანთ და სხვა. სჯული ყველას მაჰმადისა აქვთ, შიიტები არიან და დიდს სიმტკიცეს იჩენენ სარწმუნოებრივს, სპარსელებსაც კი გადააჭარბებენ ხოლმე ფანატიკოსობით. ჰყავთ თავისი მოლები და ახუნდები, რომლებიც სულითა და გულით ქართველები არიან და ძალიან კარგადაც ლაპარაკობენ ქართულად...

განსვენებული ლადო აღნიაშვილის სიტყვით, სამი რამ ახასიათებს სპარსეთის ქართველებს, და ეს ცხადად ამტკიცებს, რომ მათში ქართველური სული ჯერ მთლად არ გამქრალა და მიუხედავად ათასი უბედურებისა და განსაცდელისა, სამასი წლის განმავლობაში მთლად არ დაუკარგავთ ეროვნული სახე. პირველია ქართული ენა, რომელსაც ჩინებულად ლაპარაკობენ ნამეტურ რამდენიმე სოფელში; ამ ენის დამახასიათებელია, რომ ბევრი ძველებური სიტყვა და ფორმა შეუნახავს. მეორე თვისება ფერეიდანელ ქართველებისა ისაა, რომ ყველა მათგანი დიდი და პატარა, ქალი და კაცი აღიარებს თავის თავს წმინდა ქართველად; ვერავინ ვერ გაბედავს მათ სხვაფრივ მოხსენებას, თუ არა გურჯად. მას ესმის, რომ გურჯია და ესმის სრულის შეგნებით. ესმის და თავიც მოსწონს, ამაყობს კიდეც. მესამეა ზნე და ხასიათი: კეთილი და სათნოიანი, სტუმართ მოყვარე, პატიოსანი, თავმოყვარე, მამაცი, გამბედავი, ლმობიერი და პირში მთქმელი. «გასაკვირველია, რომ ამ სპარსეთის ქვეყანაში, სადაც ამოდენა ჭირი და მწუხარება გამოუვლიათ, სადაც უძლურნი და უღონონი ესე უპატრონოდ ღვთის ანაბარობაზე იყვნენ მიტოვებულნი ამ სამასი წლის განმავლობაში, მათ სპარსული ფლიდობა და პირფერობა არ შეუთვისებიათ. აქ, სადაც ეს საზიზღარი თვისებანი ესე გადამდებ სენსავით არის მოდებული, როგორც სპარსთა, აგრედვე სხვა ერთა შორის, აქ ქართველი იგივე გულახდილია, პირში მთქმელი და გულუბრყვილო. ის არ ადგას აქ გამორჩომის გზას და ისრეთივე უანგაროა, როგორც მისი მოძმე გლეხი, მის ძველ სამშობლოში, მის საქართველოში მცხოვრები».

სწორედ გასაოცარია ის ეროვნული სიმტკიცე, რომელიც გამოიჩინა ერთ მუჭა ქართველობამ შორეულ სპარსეთში, სადაც მტრის მეტი გარშემო არავინ ჰყავდა. აუწერელია ის ჯოჯოხეთური ცეცხლი და წამება, რომელიც შეხვდა სპარსეთის ქართველობას. მაგრამ ვერავითარმა ტანჯვამ ვერ გასტეხა წელში და წმინდად მოიტანა ჩვენამდის თავისი ეროვნული სახე. სპარსელი ქართველები, სწერს ბ-ნი აღნიაშვილი: აღიჭურვენ სამასი წლის მოთმინებითა და უყვედრულად იტანდნენ ყოველსავე ჭირსა და სიბოროტეს, დაბრიყვებას და თავგასულობას მოძალეთაგან, რომ ეგების როდისმე კვლავ ეღირსოთ საყვარელი სამშობლოს მშობლიური, საშველად გაწვდილი ხელი და მოძმეთა ტკბილი ალერსიანი სიტყვა. «ამისთვის როდესაც მე იქ მიველ და მნახეს, საზღვარი არა ჰქონდა იმათ სიამოვნებას. დაფეთდნენ მეტის სიხარულით. მთელი იმ სოფლის კაცი და ქალი ზედ მეხვევოდა, ყველას უნდოდა დავენახე და გავესინჯე, ყველას უნდოდა, გაეგო ჩემი ხმა, ჩემი ლაპარაკი; ყველას უნდოდა, დაეთვალიერებინა ჩემი ხელის აღება, ფეხის გადადგმა, პირის გაღება; ყველას უნდოდა, დამლაპარაკებოდა, ეკითხნა რამე. დღესაც ყურებში მიბჟუის იმათი კითხვები: იქაც მოდის ტყემალი? რა გვქვიან შენ სახელი? გაქვთ იქაც ჩვენისთანა წყლები? რა სახელები ჰქვიან თქვენს ქალებს? მოგყავთ კაკალი? იციან იქაც ვენახები? ცივა იქ თუ ცხელა? გვარებიცა გაქვთ თუ არა? ჰხმარობთ თუ არა ურმებს? იქაც იცის თოვლი თუ არა? აძლევთ ქალებს რუსსა და სომხებს? და სხვა... ერთის სიტყვით, იმათ ყოველისფერი ეინტერესებოდათ, ყველაფრის გაგება უნდოდათ უმოწყალოდ წართმეული სამშობლოს შესახებ.

ასე შეუნახავთ შორს ფერეიდანში გარდახვეწილს ქართველებს სიყვარული მამულისა და ერისა! ასე დანატრებულნი არიან ჩვენთან დაახლოვებას და ძმობის აღდგენას. ჩვენ კი აქაურებს აღარც კი გვაგონდებიან ისინი, რომელთა განაწამებმა სიცოცხლემ გვიხსნა უარესის ბედისაგან!.. სწორედ ქვა უნდა ედვას ადამიანს გულის ალაგას, რომ დამშვიდებით მოისმინოს ფერეიდანის ქართველების ამბავი და მკვდარი უნდა იყოს ერი, რომელიც არ მიეშველება ასეთს განსაცდელში მყოფ შვილებს, არ მიეშველება მათ უკიდურეს გასაჭირში! და რომ გასაჭირი უკიდურესია, ეს ნათელი უნდა იყოს ჩვენთვის: მართალია, დღეს კიდევ უდგიათ სული ჩვენს შორეულს მოძმეებს, მაგრამ მათი რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს, ნელნელა ითესლება მათ შორის სხვა ტომი და თუ დროზე არ მივაწოდეთ დახმარება, საეჭვო არის მათი გადარჩენა: ყველაფრის ამტანი და გამძლე დედამიწაზე არა არის რა!.


iran.ge-ს ფოტო: ფერეიდანი

ოსმალეთში

აქ მოგახსენებთ არა იმ მაჰმადიან ქართველების შესახებ, რომლებიც თუმცა ოსმალეთის სახელმწიფოს საზღვრებში სცხოვრობენ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან (ჭანეთი, ბაიბურდი, ისპირი, ტაო). ოსმალეთის მიწა-წყალზე ბრუსიდან დაწყებული ტრაპიზონამდე, მარმარილოსა და შავი ზღვების ნაპირებზე გაფანტულია ორასი ათასზე მეტი ქართველი (გურჯი და ჭანი); ყველანი საქართველოდან არიან გადასახლებულნი, ბათუმის ოლქიდან, უმთავრესად 1877-78 წლების ომის შემდეგ.

სამწუხაროდ, ამ ქართველების შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, არც რიცხვი ვიცით დანამდვილებით, არც მათი ყოფა-ცხოვრება შეუსწავლია ვისმე. ჩვენს გვერდში მცხოვრებ მოძმეების ამბავი არ ვიცით ხეირიანად და უცხო მხარეს გარდახვეწილებისას აბა როგორ გავიგებდით! კანტიკუნტად მოგვეპოვება თითო-ოროლა ცნობა. 1909 წელს ბ-ნ უსახლკაროს (მ. წ.) სტამბოლზე რომ გაევლო, ადგილობრივ მცოდნე ქართველების შემწეობით გამოეკვლია დაახლოებით რიცხვი ჩვენი გადაკარგული ძმებისა. მისის გამოანგარიშებით: ტრაპიზონის ვილაიეთში გარდა ლაზისა კიდევ გურჯია 84 500, კერასუნდასა და ახლობელ სოფლებში 10 ათასი ქართველია, ორდუში 25 ათასი, ფატსაში 30 ათასი, ჩარშამბაში 500, უწივში 2 ათასი, ბაფრაში 3 ათასი, სამსონში 7 ათასი, ნიკსარში 7 ათასი, კასტამუნის ვილაიეთში 85 ათასი, სინოპში 10 ათასი, ისმითის სანჯაყში (მარმარილოს ზღვასთან) სტამბულის ვილაიეთში 25 ათასი, და ბრუსაში 50 ათასი. სულ ლაზებიანად მათი რიცხვი იქნება 249 ათასი.

პატივცემულ მაჰმედ აბაშიძეს პირადად მოუვლია ზოგიერთი ზემოდ დასახელებული ადგილი და მისი გადმოცემით ორდუსა, ფატსასა და უნიეს რაიონებში 100-150 ათასამდე ქართველი იქნება. ყველანი ერთად ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობენ, მათ შორის ოსმალო ცოტაა ჩასახლებული; ქართულად ლაპარაკობენ, მისდევენ უმეტესად სოფლის მეურნეობას. გამოერევიან ვაჭრებიც. ხოლო ბრუსაში და მახლობელ სოფლებში ქართველები (გურჯები) გაფანტულნი არიან და გარეულნი ოსმალოებში. ყველანი ესენი თითქმის ქობულეთიდან არიან გადასახლებულნი და ბევრს ნათესავობა ჰყავს აქ დატოვებულიო...


ნ. გაიდაბურას 1903 წელს ბათუმში გადაღებული ფოტო: პუბლიცისტი, გაზეთ «სამუსლიმანო საქართველოს» რედაქტორი, მთარგმნელი, მწერალი, მაჰმადიანი ქართველების ქომაგი, «ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების» და «სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის» ხელმძღვანელი, საბჭოთა საოლქო რევკომის წევრი მემედ აბაშიძე იგივე მემედ-ბეგი (1873-1937)

დაწვრილებით აგვიწერს ისმითის სანჯაყის ქართველობის მდგომარეობას დ. ჩიქოვანი, რომელმაც მიმოიარა იქაურობა ამ სამი წლის წინად. იგი ამბობს, ბათუმის ოლქიდან რომ მაჰმადიანი ქართველობა აიყარა და ოსმალეთში გადასახლდა, იქ მათ სახაზინო მიწები მისცეს, განსაკუთრებით მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში, როგორც, მაგალითად, ისმითის სანჯაყში (სტამბოლის ვილაიეთი) და ბრუსის ვილაიეთში. ქართველები არიან სხვაგანაც, ხოლო აღნიშნულ ადგილებში უფრო თვალსაჩინოა მათი რიცხვიო.

ბ. ჩიქოვანი ასე აგვიწერს თავის მოგზაურობას ისმითის რაიონში: «დავათვალიერეთ დაბა საბანჯა და მის გარშემო მრავალი სოფელი. სოფლებს მდებარეობა აქვთ ვაკე-ფერდოებზე, ლამაზი შესახედავია და მოგაგონებთ იმერეთის სოფლებს, განიერის გზით და დიდის, ერთმანეთზე დაშორებულის ეზოებით. სუფთა და რიგიანი სახლები უმეტესად აგურისაა და დახურულია კრამიტით. ხშირია ორ სართულიანი სახლები. საბანჯა სავაჭრო ადგილია, იქნება 100 წვრილი ვაჭარი, სულ ქართველობა, ქართული ყველამ იცის...

ისმითში იქნება 25 ათასი მცხოვრები; ქართველები ბლომად არიან, მაგრამ სომხები და ბერძნები დიდად სჭარბობენ. აქედან გავემგზავრეთ ზღვაზე და რასაკვირველია გემზე ქართულად ვლაპარაკობდით. თურმე სავსე იყო ქართველებით. მოხუცებულებიც იყვნენ და მათ უფრო ეტყობოდათ ქართული კილო. იქვე ქალთა განყოფილება იყო, აქაც სულ ქართველობაა. ყურს უგდებდნენ ჩვენს ლაპარაკს და ეტყობოდათ გაოცება და სიამოვნება... ორი საათის მგზავრობის შემდეგ გავედით გაღმა კიზიკლიში, იქიდან ფეხით სოფელ თათარ-ქეიმში და კიდევ ორი საათის სიარულის შემდეგ ჩავედით სოფელ ბორჩხაში (ჰამიდიე). ბორჩხა უმთავრესი სოფელია ამ მიდამოში და ირგვლივ მრავალი სოფელი აკრავს, არის 130 კომლი, სულ ქართველობა... დავიარეთ მახლობელი სოფლები. მათი სახელები მეტ წილად თათრულია, თუმცა მცხოვრებლები სულ ქართველებია. ვიკითხეთ მიზეზი და აგვიხსნეს: ჩვენის დაბინავებისას აქ თურქებიც მოსახლეობდნენ, მაგრამ ჩვენის მხნეობით და მათის სიზარმაცით ყველას მამული ჩვენ დაგვრჩა და ისინი იძულებული გახდნენ, სხვაგან გადასახლებულიყვნენო... ისმითის სანჯაყში სოფლების მხოლოდ სამ ჯგუფში ვიყავით საბანჯის, ბარჩხის და ბალაბაისაში: პირველს ახლავს 22, მეორეს 20 და მესამეს 12 სოფელი. მთელს ისმითის სანჯაყში უმეტესად არა თურქები მოსახლეობენ: ქართველები, გურჯები და ჭანები, ჩერქეზები, აფხაზები, ალბანელები და სხვა.»

ავტორის ანგარიშით, ისმითის 34 სოფელში გურჯი და ჭანი ცხოვრობს 2 524 კომლი ან 20 192 სული. ოჯახში ყველა მხოლოდ ქართულად ან ჭანურად ლაპარაკობს, რადგან ქალებმა თითქმის არ იციან თურქული. იშვიათია მრავალცოლიანობა. გვარები ქართული შერჩენიათ ქერაბაძე, მინაძე, მისლაძე, დარაბაიძე, ნავინაძე და სხვა. «ნივთიერი მდგომარეობა გვარიანი აქვთ, რაიც ყოველ მხრივ ეტყობათ. მოჰყავთ ბევრი თუთუნი, პური და მისდევენ მეაბრეშუმეობასაც. ხეხილის გაშენებას ეს რამდენიმე წელიწადია შესდგომიან, მაგრამ გასაყიდი ჯერ არ არის. ჭამა-სმა იმერული აქვთ მჭადი და მსგავსი შეჭამანდები; ღვინოზედაც არ არიან მწყრალად, თუმცა «ყურანი» უკრძალავს. მეზობლობენ ხშირად აფხაზები და ჩერქეზები და ერთმანეთთან უფრო დაახლოვებული განწყობილება აქვთ, როგორც ერთის ქვეყნიდან, კავკასიიდან გადმოსახლებულთ...

როგორც მოგახსენეთ, აქ ქართველობა საქმიანობას მისდევს და შეძლებულადაც არის. მეურნეობის გარდა ვაჭრობასაც ეწევიან, განსაკუთრებით ჭანები. დიდის სიამოვნებით აგვიწერენ თავიანთ მხნეობას, პირდაპირობას, ვაჟკაცობას და შრომის მოყვარეობას. დღევანდელი ქონება შეძენილი აქვთ სულ 20-30 წლის განმავლობაში. საქართველოდან რომ ჩამოსულან, მათთვის მიუციათ მიწა და ექვსი წლით გაუთავისუფლებიათ ყოველგვარ გადასახადისაგან. დღეს გადასახადებსაც ისტუმრებენ და კარგადაც ცხოვრობენ. სოფლებში უმეტეს წილად გურჯებთან ლაზებიც ცხოვრობენ, რომელთაც ქართულიც უსწავლიათ...»

ასეთია ის მცირეოდენი ცნობა, რომელიც მოგვეპოვება შორს ოსმალეთში გადასახლებულ და სამშობლოს მოწყვეტილ მაჰმადიან ქართველების ვითარების შესახებ. ოსმალების საბინადროზე სხვა და სხვა ალაგას ორასი ათასი თუ მეტი ქართველი ცხოვრობს. მათ ჯერჯერობით ქართული ენა და ეროვნული ელფერი შერჩენილი აქვთ და როგორც სჩანს დიდს უნარს იჩენენ ცხოვრების ბრძოლაში და სჯობნიან კიდევ ადგილობრივ მკვიდრთ თავის მეურნეობით, ოჯახობით, გამრჯელობით და მოქმედებით. თავის თავს ქართველებად აღიარებენ და არ ითქვიფებიან უცხო ელემენტებში.

ასეა დღეს. მაგრამ ასე იქნება ხვალ? შესძლებს ეს გადახვეწილი მაჰმადიანი ქართველობა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ეროვნული სახე, განსაკუთრებით როცა იგი სრულიად მოკლებულია ქართულს წერა-კითხვას, ქართულს წიგნს, სკოლას, დაშორებულია ქართული კულტურის წყაროს, არავითარი მისვლა-მოსვლა და სულიერი დამოკიდებულება არა აქვს თავის სამშობლოსთან? ძალიან საეჭვოა, რომ გადაურჩეს გადაგვარებას და სრულს ეროვნულს მოსპობას. ოსმალეთის ტალღამ ერთიან შთანთქა 1828-30 წლებში ახალციხის და ახალქალაქის მაზრებიდან გადასახლებული მაჰმადიანი ქართველები. გაჰქრა და წაიშალა მათი გვარი და ნატამალი და აღარსადაა სახსენებელი. აღარც ის ვიცით, სად იყვნენ და სად დაიმარხნენ. ასეთივე ბედი ეწვევა უეჭველია ბათუმის ოლქიდან გახიზნულ ქართველობასაც, თუ დროზე მაშველი არავინ გამოუჩნდა, მცირეოდენი დახმარება მაინც არ აღმოუჩინა, არ გაამხნევა, არ მიაწოდა სულიერი, ეროვნული საზრდო.


* * *

ეხლანდელი მსოფლიო ომი ყველაფერს ამსხვრევს და ყველაფრის ახლად აშენებას ლამობს. შეიძლება მისი იმედი და მოლოდინი გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ყოველს ეჭვს გარეეა, რომ ჩვენი ქვეყანა ომის შემდეგ არ იქნება ის, რაც იყო ომის დაწყებამდის. ის ურიცხვი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა და კიდევ უნდა შეიწიროს დღევანდელმა ომმა, ის ენერგია და ძალა, რომელიც იხარჯება ომისთვის, ის სულიერი ამოძრავება, რომელსაც განიცდიან დღეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფნი, არაფედ ყველანი ეს ღრმად დააჩნდება ჩვენს ურთიერთობას, აზრსა და ფიქრს, გრძნობას, მსოფლმხედველობას. ჩვენ წინ უდიდესი ტრაგედიაა კაცობრიობისა და ამ ტრაგედიის გარეშე მაყურებელნი კი არა ვართ, ყველანი აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და მისი გათავების შემდეგ სხვა გულით და შეხედულობით დავუბრუნდებით ჩვეულებრივ სინამდვილეს...

კერძოდ საქართველო და ქართველობაც ამ საყოველთაო ცვლილებას დაემორჩილება. ძლიერ დაშორებულნიც რომ ვიყოთ ომს, მაშინაც ვერ ავცდებოდით მის დიადს შედეგებს. მით უფრო ვერ ავცდებით დღეს, როცა მისი გუგუნი და ზარბაზნების ცეცხლის გრიალი ასე ახლოა. ახალი პოლიტიკური, ეკონომიური, ნაციონალური ძალების განაწილება თავის რკალში მოგვამწყვდევს ჩვენც. მაგრამ ეს ჩვენი მომავალი ბედი მარტო გარეშე ძალების შეკავშირებასა და დაპირისიპირებაზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენი მერმისი არ უნდა განისაზღვროს იმით, რომ ვისიმე «ლუკმა» ვიქნებით თუ იარაღი; ჩვენ წინ უნდა მივეგებოთ ბედს, შევუთანხმოთ სხვის ინტერესებს ჩვენი ინტერესი, «ძლიერთა» და გამარჯვებულთა მისწრაფებას და მიდრეკილებას ჩვენი ბედიც ავატანიოთ, ჩვენი სუსტი, პატარა ხმაც შევუერთოთ სხვათა ხმას და ნუ იქნება ჩვენი მომავალი ჩვენთვის ნაძალადევი, ძალით თავს მოხვეული. დეე, სანახევროდ მაინც იყოს ჩვენის ნებისყოფის, გარკვეულის და ცხადის სურვილის წარმოშობილი!..

წინ გახედვა ძალიან ძნელია, შორს გაჭვრეტილი საეგებიოა, სხვა და სხვანაირია გზა ჩვენის აღორძინებისა და აღდგენის. მაგრამ როგორი კომბინაციაც უნდა წარმოგვიდგეს წინ, რა მიდრეკილებასაც უნდა დავუჭიროთ მხარი, არასოდეს, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ მწარე ბედი ჩვენი მაჰმადიანი ძმებისა, არ დავივიწყოთ ჩვენი და მათი ერთობის ინტერესები! სამაჰმადიანოს საქართველოს ბედი მთელი საქართველოს მესამედის ბედია!.. თანამედროვე ომმა მთელი სიდიადით წამოაყენა სიმწვავე ეროვნული ჩაგვრისა და ჩვენ დღეს უფრო, ვიდრე როდისმე, უნდა შევიგნოთ საჭიროება მაჰმადიან ქართველების ეროვნული განახლებისა და მათი და ქრისტიან ქართველობის სრული შეერთებისა... რაც ახლა არ გაკეთდება, შეიძლება არ გაკეთდეს არასოდეს. ჩვენ დღევანდელ ეროვნულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა აშუქებდეს მაჰმადიან მოძმეთა საკითხის გადაწყვეტა, უამისოდ გზა ჩვენი იქნება აბნეული და ვერ მიგვიყვანს მტკიცე ნავთსადგურში. რასაკვირველია, ჩვენს პოლიტიკურს მიმართულებას და მოღვაწეობას მარტო ეს ინტერესი ვერ უწინამძღვრებს. მაგრამ ამ ინტერესის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს ეროვნული პოლიტიკა!..

1915 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 

Ferienhaus Nordsee buchen